ირაკლი ჩიქავა

უნდა ვაწარმოოთ ის პროდუქტი, რომელიც მომგებიანია და არა ის, რაც გვიყვარს

437
(განახლებულია 13:17 28.03.2017)
2017 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან ექსპორტზე 94 მლნ აშშ დოლარის ღირებულების სასოფლო–სამეურნეო პროდუქცია გავიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 12%-ით მეტია.

რომელი პროდუქტი შეიძლება იყოს კონკუტრენტუნარიანი უცხოეთის ბაზრებზე და უნდა შეუწყოს თუ არა ხელი მათ წარმოებას და ექსპორტზე გატანას სახელმწიფომ, ამ და სხვა თემებზე "Sputnik–საქართველო" აგრარული საკონსულტაციო კომპანიის კომერციულ დირექტორს ირაკლი ჩიქავას ესაუბრა.

— ჩვენ საექსპორტო კალათაში ძირითადი ადგილი თხილს, ღვინოს, მინერალურ წყლებს და ალკოჰოლურ სასმელებს უჭირავს. თუმცა, რა თქმა უნდა, ნებისმიერ სხვა ქართულ პროდუქტს აქვს პერსპექტივა ექსპორტში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს. ჩვენ ქვეყანაში მთავარი პრობლემა ნედლეულის და საექსპორტო პროდუქციის სიმცირეა. სანედლეულო ბაზრის ზრდისთვის სახელმწიფომ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას. თუმცა ბიუჯეტიდან გლეხებისთვის თუ ფერმერებისთვის თანხების დარიგება მისასალმებელი არ არის. სახელმწიფოს მხრიდან სოფლის ხელშეწყობა სხვაგვარად და სხვა მიმართულებებით უნდა ხდებოდეს. პირველ რიგში კონცენტრირება კი ცოდნის ამაღლებაზეა სასურველი.

– ქართული სასოფლო–სამეურნეო პროდუქტის მიზნობრივ ბაზრებზე რეკლამა სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე, თუ ამაზე ექსპორტიორმა კომპანიებმა უნდა იზრუნონ?

— სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი აქტივობა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით მისასალმებელია და საჭიროცაა. ამჟამად ჩვენი მთავრობის მიერ აქტიურად ხდება ღვინისა და მინერალური წყლების რეკლამირება უცხოურ ბაზრებზე. ამ ტიპის აქტივობა ნებისმიერ პროდუქტზე შეიძლება განხორციელდეს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქციის გარდა სხვა მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი, სამწუხაროდ, ჩვენ არ გაგვაჩნია. გვაქვს თხილი, რომელსაც არ სჭირდება უცხოურ ბაზრებზე პოპულარიზაცია, რადგან იგი ნედლეულია და მასზე მოთხოვნა მსოფლიოში ისედაც საკმაოდ დიდი და მზარდია. ზოგადად, სახელმწიფოს მხრიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეკლამირებას რამდენიმე შედეგი მოაქვს: კონკრეტული პროდუქტის პოპულარიზაცია, ქვეყნის პოპულარიზაცია, ინვესტორების დაინტერესება და ა.შ. და ეს აუცილებელია.

– რამდენად პერსპექტიულია კოოპერატივები საქართველოში და აქვს თუ არა ამ გაერთიანებებს მომავალი?

— კოოპერატივის იდეას აქვს ძალიან კონკრეტული ეკონომიკური მნიშვნელობა. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში კოოპერატივს ამ ეკონომიკური მნიშვნელობის გამო არავინ აყალიბებს. აქაც ბევრი აქვს სამუშაო სახელმწიფოს, რათა გლეხებს თუ ფერმერებს კონკრეტული ეკონომიკური გრძელვადიანი სარგებელი დაანახოს. ამ მიმართულებითაც მთავარი – ინფორმაციის სწორად მიწოდება, სწავლა და გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბებაა.

– რა უნდა გააკეთონ გლეხებმა იმისთვის, რომ მათი პროდუქტი არა მხოლოდ გამოკვების საშუალება, არამედ შემოსავლის წყაროც გახდეს?

— უნდა ვაწარმოოთ ის პროდუქტი, რომელიც მომგებიანია და არა ის, რაც გვიყვარს. უნდა ვისწავლოთ საქმიანი აზროვნება და არა ემოციური.

– რომელი ბაზრებია უფრო პერსეპექტიული ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის გასაღების თვალსაზრისით და რა სპეციფიკით ხასიათდებიან, მაგალითად, იგივე დსთ ან ევროკავშირი ქართულ პროდუქტთან მიმართებაში?

— ნებისმიერი, პოლიტიკურად სტაბილური ბაზარი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ყველა მათგანი თავისი სპეციფიკით ხასიათდება. მაგალითად, დსთ-ის ქვეყნები ისტორიულად იცნობენ ჩვენი ქვეყნის პროდუქციას და აქ ემოციებიც და ნოსტალგიაც თავის წილ როლს თამაშობს. ამ შემთხვევაში დსთ-ის ქვეყნებისთვის პროდუქციის ერთჯერადად, მცირე რაოდენობით მიწოდება ხშირად ხდება და ეს ბაზარი ამას იტანს. მაშინ, როცა ევროპის ბაზარს სჭირდება სტაბილური მიწოდება, სტაბილური ხარისხი და ფასი. ევროპის ბაზარი ჩვენთვის დიდი, საინტერესო და სტაბილური ბაზარია. მის ასათვისებლად, პირველ რიგში, საჭიროა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხარისხის პროდუქციის წარმოება და შემდეგ მისი სტაბილურად მიწოდება.

437
საერთაშორისო გადახდების საბანკო ბარათები

„დაისაჯოს მოსკოვი“: რა მოხდება, თუ რუსეთს SWIFT-დან გათიშავენ

62
(განახლებულია 22:04 13.04.2021)
რუსეთს ბანკთაშორისი კავშირის გლობალური სისტემიდან, SWIFT-დან გათიშვით უკვე მარტო აშშ-ში კი არა, ევროპაშიც ემუქრებიან. ამჯერად ხისტი კოორდინირებული ზომების გატარებისკენ მოწოდება ევროპარლამენტში გაისმა.

ნატალია დემბინსკაია

რით ემუქრება ეს რუსეთს და არის თუ არა მზად მისი ფინანსური სისტემა ამგვარი სცენარისთვის?

ძველი მეთოდები

საერთაშორისო ბანკთაშორის სისტემა SWIFT–ში ორასამდე ქვეყნის 11 ათასი ორგანიზაციაა ჩართული. რუსეთს, რომელიც SWIFT–ის ყველაზე მსხვილი ექსპლუატანტების სამეულში შედის, სისტემიდან გათიშვით 2014 წლიდან ემუქრებიან. საბაბები სხვადასხვაგვარია: ყირიმი, დონბასი, სკრიპალების საქმე, ალექსეი ნავალნის საქმე. აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც პოსტზე მოსვლისთანავე დადო რუსეთის SWIFT–დან გათიშვის პირობა.

დეკემბერში სააგენტო Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ჯო ბაიდენი მოსკოვის „დასჯას“ აპირებდა აშშ–ის სახელმწიფო დაწესებულებებზე ჰაკერული შეტევებისთვის, რასაც „სერიოზული ეკონომიკური, ფინანსური და ტექნოლოგიური დანაკარგები უნდა მოჰყვეს რუსეთისთვის“. როგორც კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ჯეიმს ენდრიუ ლუისი აცხადებს, SWIFT–დან გათიშვა — ეს დასჯის ერთ–ერთი ვარიანტია.

აპრილში უკრაინის აღმოსავლეთში მდგომარეობა გამწვავდა — ეს ახალი საბაბია. თემა ევროპაში აიტაცეს. როგორც ევროპარლამენტის წამყვანი ფრაქციის ხელმძღვანელმა მანფრედ ვებერმა თქვა, მოსკოვი „სასიში პროვოკაციების კურს განაგრძობს“.

მისი აზრით, უკრაინასთან საზღვართან „სამხედრო ყოფნის გაძლიერებით“ მოსკოვი დასავლეთის მოთმინებას ცდის. ამიტომ შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა კოორდინირებული პასუხი უნდა გასცენ მას. დეპუტატის თქმით, ვითარების ესკალაციის შემთხვევაში „დოზირებული სანქციების დრო“ აღარ არის. ერთ–ერთ რეალურ ვარიანტად ვებერმა „ოლიგარქების ანგარიშების მასშტაბური გაყინვა“ და ასევე SWIFT–დან გათიშვა დაასახელა.

პრობლემები იქნება

რუსეთს აქვს ფინანსური შეტყობინებების გადაცემის საკუთარი სისტემა (SPFS), რომელიც 2014 წელს აამუშავა. მასში ჩართულია ყველა რუსული ბანკი და ასევე ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შემავალი ქვეყნების ათამდე ბანკი. SWIFT–დან გათიშვის შემდეგ ბანკები მის რუსულ ანალოგზე გადავლენ, მაგრამ საერთაშორისო ანგარიშსწორებებისთვის SPFS ჯერჯერობით არ არის სრულფასოვანი ალტერნატივა, ამიტომ დარტყმა სერიოზული იქნება.

„SWIFT–დან გათიშვა რუსეთის ბანკების ტრანზაქციების პარალიზებას გამოიწვევს. ყველაზე მეტად მსხვილი ექსპორტიორები დაზარალდებიან. მათ მხოლოდ უცხოურ ბანკებთან თანამშრომლობა მოუწევთ თავიანთი ოპერაციული საქმიანობის მომსახურებისთვის. გაჩნდება ბევრი შუამავალი, რომლებიც შეზღუდვებს გვერდს აუვლიან. ამით განსაკუთრებით მოიგებენ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნების ფინანსური ინსტიტუტები“, — მიაჩნია საინდექსაციო კომპანია „ბეტა ტექნოლოგიების“ მთავარ სტრატეგს არარატ მკრტიჩიანს.

ყველაფერი მოგვარებადია

მაგრამ კატასტროფა არ მოხდება.

„რუსული ბანკების SWIFT–დან გათიშვა თავისთავად ნიშნავს კონტრაგენტებს შორის ფინანსური ტრანზაქციების გაძვირებასა და შენელებას. აშკარაა, რომ ტრადიციული ჯაჭვი დაირღვევა, საჭირო იქნება გარკვეული დრო მათი აღდგენისთვის. მაგრამ ამის გაკეთება ერთ ან ორ კვირაში იქნება შესაძლებელი“, — ამბობს ოლეგ ბოგდანოვი, QBF–ის წამყვანი ანალიტიკოსი.

სხვა საქმეა, თუ ამას რუსეთის რეზიდენტების დოლარში არსებული სახსრების გაყინვა მოჰყვება, აზუსტებს ექსპერტი. მაშინ შესაძლოა ბაზრებზე პანიკური რეაქცია დაიწყოს. იმისათვის, რომ ყველაფერი დამშვიდდეს, ერთი ან ორი კვარტალი იქნება საჭირო და საბოლოოდ ფინანსური კავშირები მაინც აღდგება.

ამასთან გარდაუვალია სავალუტო რყევები. მაგრამ ტურბულენტობის მოკლე პერიოდის შემდეგ რუბლი ნორმას დაუბრუნდება.

წამგებიანი

მეორე მხრივ, არსებობს მოსაზრება, რომ რუსეთის SWIFT–დან გათიშვა მუქარას არ გასცდება. ჯერ ერთი: SWIFT კერძო კომპანიაა, რომელიც რუსული ბანკებიდან ფულს შოულობს. ამასთან სისტემას ისინი მარტო საერთაშორისო ტრანზაქციებისთვის კი არ იყენებენ, არამედ შიდა ბანკთაშორისი გადარიცხვებისთვისაც. იმისათვის, რომ SWIFT–მა ვინმე გათიშოს, აუცილებელია ევროკავშირის გადაწყვეტილება ან აშშ–ის სანქციები თავად SWIFT–ის წინააღმდეგ. მაგრამ ამ შემთხვევაში რუსეთის სავაჭრო პარტნიორებიც — ამერიკული და ევროპული ბიზესიც ჩამოშორდება საქმეს.

„ეს ვითარება შეიძლება ფორსმაჟორად ჩაითვალოს, რომელიც რუსულ კომპანიებსა და სახელმწიფოს უფლებას არ მისცემს, დაფაროს არსებული ვალდებულებები. ქვეყნის შიდა ვალი დაახლოებით 450 მილიარდი დოლარია. შესაბამისად, კრედიტორებს ფინანსური პრობლემები შეექმნებათ. გარდა ამისა, გართულდება ოპერაციები ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან, რომელთაგან უმსხვილესი ევროკავშირია. ევროპარლამენტის მოწოდებები სხვა არაფერია, თუ არა ბაზრის პოპულიზმი“, — დარწმუნებულია ექსპერტი ანდრეი კოჩეტოვი.

სიმწარეს იწვნევს აშშ–ც. ჯერ ერთი, ვაშინგტონს მხოლოდ ჰიპოთეტური გავლენა აქვს SWIFT–ზე, რომლის შტაბ-ბინაც ბელგიაშია. და მეორეც: რუსეთს ასევე შეუძლია მკაცრი სანქციები დაუწესოს ამერიკულ ბანკებსა და პოლიტიკოსებს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

62
საქართველოს პარლამენტი

შესვლა?.. არშესვლა?.. საკითხავი, აი, ეს არის...

137
(განახლებულია 15:39 13.04.2021)
ქართული მედია ოპოზიციის მიერ გარკვეულ დათმობებსა და შეთანხმების ალბათობაზე დანიელსონის მიერ გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შემდეგ ისევ ალაპარაკდა.

ამის ინსპირაცია კი კვირას ევროკავშირის ოფისში ჯერ პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის, ხოლო შემდეგ „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის ვიზიტი გახდა. როგორც თალაკვაძე, ასევე ხაზარაძე აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან, დანიელსონის ტექსტს ხელი მოაწერონ, მაგრამ მცირედი შესწორებებით. წითელი ხაზი კი როგორც ერთი, ისევე მეორე მხრიდან ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და მელია-რურუას გათავისუფლებაზე გადის.

სხვათა შორის, 9 აპრილს პარლამენტში გამოსვლისას სწორედ ამიტომ აკრიტიკებდა პრეზიდენტი როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, რომ ვერ იქნა და საერთო ენა ვერ გამონახეს და ქვეყნის ინტერესები საკუთარ ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა ვერ დააყენეს.

ორივე მხარე საუბრების გაგრძელების პარალელურად დიდი ინტერესით ელოდება, რა მოხდება ირაკლი კობახიძის აშშ-ში და ბრიუსელში ვიზიტების შემდეგ. ძნელი დასაჯერებელია, რომ კობახიძემ შეძლოს მთავარი პარტნიორების იმაში დარწმუნება, რომ მელიას პატიმრობა აუცილებელი იყო მაშინ, როცა ამისი მის პრემიერ-მინისტრ გახარიასაც კი არ სჯეროდა.

მეორეს მხრივ, დასავლეთს არ ესმის, რას ნიშნავს ოპოზიციის გაჯიუტება და პარლამენტში არშესვლა, რომელსაც პაატა ზაქარეიშვილმა სამართლიანად უწოდა ყველა დროის ყველაზე სულელური პოლიტიკური გადაწყვეტილება. თანაც, ამ არჩევნების შედეგებს ყველა მთავარი საერთაშორისო მოთამაშე აღიარებს და დღესაც რომ ჩატარდეს არჩევნები, სოციოლოგიური კვლევების შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, დღევანდელ ოპოზიციას ნამდვილად არ აქვს იმის შანსი, უკეთესი შედეგები დადოს.

პარლამენტის ბოიკოტირების გადაწყვეტილების ავტორი და მოკარნახე რომ უკრაინაში მცხოვრები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, ნათლად ჩანს. მას ამ პოზიციით წვრილ-წვრილი პარტიების გაფანტვა და „ნაციონალური მოძრაობის“ დომინანტობის შენარჩუნება სურს, მაგრამ რატომ აყვნენ სხვა, ბარიერგადალახული პარტიები მას ამ ავანტიურაში, ეს უკვე სხვა საკითხია.

როგორც ჩანს, ბოლოს და ბოლოს, პარლამენტში ვიხილავთ „გირჩს“, რომელთაც ძალიან უნდათ საქართველოს პარლამენტის ხილვა და მისი ტრიბუნის გამოყენება, თუმცა საკუთარი სამეფო უკვე შეუქმნიათ, და ასევე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ოთხ დეპუტატს თაკო ჩარკვიანის გამოკლებით, რომელიც სიის მეორე ნომერი იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, სწორედ პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხის გამო დატოვებს პარტიას.

რაც შეეხება „ლელოს“, ის საკუთარ პირობებს აყენებს. არადა, როგორც ჩანს, სწორედ „ლელოს“ გადაწყვეტილება იქნება მთავარი იმისათვის, შეძლებს თუ არა პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას 113 ხმით. ამის გარეშე ბარიერის 3 პროცენტამდე ჩამოწევა არ მოხერხდება. სხვათა შორის, ხელისუფლებას ძალიანაც აძლევს ხელს, ამტკიცოს, რომ მას სურს საარჩევნო კოდექსის შეცვლა, მაგრამ ოპოზიცია ამის საშუალებას არ აძლევს. ამით ხელისუფლება მასზე მორგებულ კანონსაც შეინარჩუნებს და კონსტრუქციულ სახესაც.

„უახლოეს დღეებში" გახდება ცნობილი, თუ როდის შედგება მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი. ვითარება არის ჩიხური, თუმცა მე გამოსავალს ვხედავ... ვფიქრობ, რომ არსებული შეთანხმების დოკუმენტში უნდა დავამატოთ პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი, ასევე რიგგარეშე არჩევნებამდე მისასვლელი გზა და ამით შეთანხმება მოხდეს. ეს გზა არსებობს", – იმედიანადაა განწყობილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.

მოლაპარაკების განახლებასა და შეთანხმების პერსპექტივაზე მინიშნებები მმართველ პარტიაშიც კეთდება. პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი იმედოვნებს, რომ მალე მხარეები შეძლებენ საერთო ნიშნულამდე მისვლას. „ხუთი თუ ექვსი საკითხია, ყველასთან დაკავშირებით გვაქვს აწონილ-დაწონილი, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე პოზიცია. ეს არის იმ სტანდარტის შესაბამისი, რასაც ჩვენგან პარტნიორები ითხოვენ და, რაც მთავარია, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის ინტერესებს უკავშირდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

რა პირობებს აყენებს „ქართული ოცნება“? რა თქმა უნდა, მმართველი პარტია არავითარ შემთხვევაში არ აპირებს აღიაროს, თითქოს პოლიტპატიმრები ჰყავს. როგორც ირკვევა, გარდა გირაოსი, ასევე მათი მხრიდან არსებობს შეთავაზება, რომ პარლამენტმა მიიღოს დაჩქარებული წესით ამნისტიის კანონი, რომელიც 2019 წლის ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ყველანაირ პასუხისმგებლობას მოხსნიდა. მეორეს მხრივ კი, შესაძლოა, მმართველი გუნდი დათანხმდეს შემოდგომაზე ადგილობრივ არჩევნებთან ერთად ჩატარდეს პლებისციტი, რათა გაირკვეს, სურს თუ არა ხალხს ვადამდელი არჩევნები. აი, რა სურს ხალხს და როგორია მათი განწყობები, ამაზე მომავალ სტატიაში გიამბობთ.

 

137
გიორგი გახარია

გახარიას პარტია - ივანიშვილის გეგმა „ბ“ თუ რეალური ოპოზიცია 

0
(განახლებულია 11:37 15.04.2021)
დღეს უკვე ნათელია, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელსაც, ბოლო სოციოლოგიური კვლევებით, საკმაოდ კარგი რეიტინგი ჰქონდა, ნამდვილად და სერიოზულად აპირებს პარტიის შექმნას და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას.

პარლამენტში უკვე გაჩნდა 6 კაციანი ჯგუფი, რომელთაც არა მხოლოდ „ქართული ოცნება“, არამედ ის საპარლამენტო თანამდებობობიც დატოვეს, რომელიც უმრავლესობის ქვოტით ჰქონდათ მიღებული და ეს კომიტეტის თავმჯდომარეების პირველი მოადგილის ავტომობილითა და სხვა ამქვეყნიური სიკეთეებით სავსე პოსტებია. სავარაუდოდ, გახარიას ქვოტით პარლამენტში გაცილებით მეტი ადამიანი უნდა იყოს და თუ რომელიმეს კიდევ გაუჩნდა რაიმის მიმართ პროტესტის გრძნობა, ეს შემადგენლობა ერთ კარგ 7 კაციან ფრაქციასაც შექმნის, თუმცა ეს მაინც არ წყვეტს პარლამენტის ლეგიტიმურობის პრობლემას, სადაც მინიმუმ 113 დეპუტატის ყოფნა მაინცაა სასურველი.

და მაინც, რა მიზნები აქვს და როდის განაცხადებს ამის შესახებ გახარია? სავარაუდოდ, მაისის ბოლოს უკვე ცნობილი უნდა გახდეს მისი პარტიის სახელწოდება, მიზნები, ამოცანები და მიზნისაკენ სვლის გზები. რადგან ახლადშექმნილი პარტიისათვის 5-6 თვე ნამდვილად საჭიროა, რათა არჩევნებისთვის კარგად მოემზადოს.

როგორც ამბობენ, გახარიამ შესაძლოა, ზუგდიდში ან თბილისში გამოსცადოს საკუთარი რეიტინგი. როგორც ირკვევა, ზუგდიდში მას უეჭველ გამარჯვებას ჰპირდებიან, თბილისში კი შესაძლოა, უფრო გაუჭირდეს მაკო გომურისა და 20 ივნისის მოვლენების გამო. თავის მხრივ, ბევრი ხმა დადის იმის თაობაზე, რომ თბილისის მერის არჩევნებზე სერიოზული კონკურენციაა მოსალოდნელი და დიდი გრეჩიხიდან დაწყებული, პატარა პარტიებით დასრულებული, ყველა აპირებს ძალების მოსინჯვას.

ოპოზიციაში ჯერ კიდევ ფიქრობენ, დაუჯერონ თუ არა ყოფილ პრემიერს ოპოზიციური ზრახვები. თუმცა ამ შემთხვევაშიც კი სურთ, გახარიას პარტიამ ხმები მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ გაუყონ. ბევრს სჯერა, რომ გახარიას პარტია ივანიშვილის გეგმაა „ქართული ოცნების“ იმედგაცრუებული ნაწილისათვის და სწორედ მისი მეშვეობით გეგმავს ჯერ მესამე ძალის, შემდეგ კი კოალიციის შექმნას 2024 წელს.

„ჯერჯერობით ჩვენ გახარიასგან და მისი გარემოცვიდან რაიმე პოლიტიკური პოზიცია არაფერზე არ მოგვისმენია. ამიტომ, მე არ ვარ შეთქმულების თეორიების მომხრე, მაგრამ რა თქმა უნდა, იმ ვერსიას, რომ ეს ყველაფერი არის მცდელობა “ბ“ გუნდის გაკეთების ივანიშვილის გარშემო, საფუძველი აქვს. თუ ეს ასე არ არის გვაჩვენონ თავისი მოქმედებებით. თუ მთავრობის უნდობლობას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს უჭერენ მხარს, ძალიან კარგი. ამასთან, გიორგი გახარიამ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს. ჩრდილში ყოფნა და მოლოდინის რეჟიმის შექმნა არასერიოზულად გამოიყურება“,-  აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია.

ხელისუფლებაში კი დარწმუნებულები არიან, რომ გახარიას რეალური შედეგის მიღწევა გაუჭირდება და მისი მაღალი რეიტინგი „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრობით იყო გამოწვეული. ასეა თუ ისე, ქართულ პოლიტიკაში მალე საინტერესო სიახლეების მომსწრე გავხდებით. რა ნიშას აირჩევს გახარია, სულ მალე გამოჩნდება. ჯერჯერობით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ის რადიკალიზაციის წინააღმდეგია და გუნდიც საკმაოდ მოძლიერებული ჰყავს სხვადასხვა პოზიციებზე.

0