საი სვარუპი: საქართველოში მაკლია კერძებში სიმწარე და ამინდში სიცხე

© Sputnik / Levan Avlabreliსაი სვარუპი
საი სვარუპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik–საქართველოს პროექტი „უცხოელის თვალით დანახული საქართველო“ ინდოელ სტუდენტ საი სვარუპს გაგაცნობთ, რომელიც გიამბობთ, როგორც იქცა საქართველო მის სახლად.

ოცნებისკენ მიმავალი გზა

ჩემი „ქართული ისტორია“ უცნაურად დაიწყო. იყო დრო, როდესაც საერთოდ არ ვიცოდი, რომ ასეთი ქვეყანა არსებობდა. მაშინ სკოლაში ვსწავლობდი და იმაზე ვფიქრობდი, რომელ სასწავლებელში და რა სპეციალობაზე ჩამებარებინა.

პირდაპირ გეტყვით, ყოველთვის მიყვარდა ადამიანების დახმარება. ალბათ, ამიტომაც გადავწყვიტე, მედიკოსი გავმხდარიყავი — ეს ჩემი ოცნებაა, რომელიც ჯერ არ განმიხორციელებია ბოლომდე, მაგრამ მიზნისკენ ჯიუტად მივიწევ. პროფესიის არჩევის შემდეგ უნივერსიტეტის შერჩევა დავიწყე. ჩვენს ქალაქში ასეთი სასწავლო დაწესებულება არ იყო, ამიტომაც სხვაგან გადასვლაზე დავიწყე ფიქრი.

© Sputnik / Levan Avlabreliსაი სვარუპი სახლად ქცეული თბილისის ქუჩაში
საი სვარუპი სახლად ქცეული თბილისის ქუჩაში  - Sputnik საქართველო
საი სვარუპი სახლად ქცეული თბილისის ქუჩაში

როგორ მოვხვდი საქართველოში

სად ეძებს დღეს ხალხი ინფორმაციას? სწორია, ინტერნეტში. ჰოდა, მეც ასე მოვიქეცი. დავიწყე სტატიების, ბლოგების კითხვა, ვუყურებდი ვიდეოებს… ერთი სიტყვით, ვეძებდი, სად ჩამებარებინა.

სამი ქვეყანა მომეწონა: მოლდოვა, სომხეთი და საქართველო. მაგრამ უფრო მეტად მაინც საქართველოსკენ ვიხრებოდი, იმიტომ რომ ბევრი წერდა, საქართველო განთქმულია თავისი მედიცინითო.

რაღაც მომენტში გადავწყვიტე, ამ ქვეყნებში ვირტუალური მეგობრები გამეჩინა. საღამოობით კომპიუტერთან ვიჯექი,  ფოტოებს ვათვალიერებდი და ვოცნებობდი იმ დროზე, როდესაც რომელიმე ამ ქვეყანაში ვისწავლიდი.
ერთ დღესაც „ფეისბუქში“ ვიპოვე ჯგუფი, რომელშიც საქართველოში მცხოვრები უცხოელები იყვნენ გაერთიანებული. ეს სწორედ ის იყო, რაც მჭირდებოდა. ავდექი და მივწერე მათ, ასე და ასეა საქმე, საქართველოში მინდა სწავლა-მეთქი.

ინდოელი ქაშმირიდან, დავუდ თოღუ თბილისში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობს - Sputnik საქართველო
დავუდ ტოგუ: საქართველო თითქოს პატარაა, მაგრამ სინამდვილეში ძალიან დიდია

ისინიც გამომეხმაურნენ. თანამემამულე დავუდ ტოგუს  ვეკონტაქტებოდი ხშირად, რომელიც თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია. უპირველესად ის მაინტერესებდა, როგორ უნდა გამეფორმებინა ინსტიტუტისთვის საბუთები.  

დავუდმა დამაკვალიანა, თბილისში ცხოვრების გამოცდილება გამიზიარა, ქვეყნის ზოგიერთ თავისებურებაზე, მის კულტურასა და ყოფაზე  მიამბო… და რაც ყველაზე მთავარია, დამიდასტურა, რომ თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში სამედიცინო დისციპლინები კარგად ისწავლება და პრაქტიკის მხრივაც ყველაფერი რიგზეა. ამ ყველაფერმა მიბიძგა იმისკენ, რომ საქართველოში ჩამოვსულიყავი.

მიხარია, რომ არჩევანი საქართველოზე შევაჩერე.

ერთი ჩვეულებრივი დღე

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი დღეს უკვე ჩემი სახლია. სასიამოვნო პედაგოგები, ახალი მეგობრები, საინტერესო ამოცანები — ესაა ჩემი უნივერსიტეტი! სასწავლო პროცესი ისეთივეა, როგორიც სხვა ქვეყნების უნივერსიტეტებში: სტუდენტები, მეგობრები, სესიების შიში… ასეა, მგონი,  მთელ მსოფლიოში.

© Sputnik / Levan Avlabreliსაი სვარუპი: მიხარია, რომ არჩევანი საქართველოზე შევაჩერე
საი სვარუპი: მიხარია, რომ არჩევანი საქართველოზე შევაჩერე - Sputnik საქართველო
საი სვარუპი: მიხარია, რომ არჩევანი საქართველოზე შევაჩერე

თუმცა არსებობს განსხვავებებიც. აი, მაგალითად, ინდოეთში არ არის მიღებული, სტუდენტს ყოველდღე ზეპირად გამოჰკითხო წინა ლექციის მასალა. სემესტრის ბოლოს ერთი წერითი გამოცდა ტარდება და სულ ესაა.
საქართველოში კი ყოველ ლექციაზე მიდის სტუდენტების გამოკითხვა. ამის გამო სწავლა რთულია, მაგრამ სამაგიეროდ მასალა ბევრად უკეთესად გვამახსოვრდება.

როგორც ყველგან, აქაცაა მინუსები სწავლაში. მთავარი — ეს ისაა, რომ არ გვაქვს ცხედრის გაკვეთის საშუალება, რაც მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა. არადა, ეს ძალიან დაეხმარებოდა სტუდენტებს ადამიანის აგებულების შესწავლაში.

საქართველო, ინდოეთი…

ერთ–ერთი ყველაზე პირველი და უმთავრესი შთაბეჭდილება: საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა. ეს ჯერ კიდევ თვითმფრინავიდან შევნიშნე.

თბილისი ძალიან მიმზიდველად გამოიყურებოდა. ქალაქში ღამის სინათლეები ენთო, მოჩანდა ორიგინალური არქიტექტურის შენობები, დავინახე შუქებით განათებული რაღაც ციხე–სიმაგრე… მოგვიანებით გავიგე, რომ ეს ნარიყალა ყოფილა.

რაც თავიდანვე მომხვდა თვალში, ის იყო, რომ, რაოდენ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, ინგლისური ბევრმა არ იცის. კი, ადგილობრივებთან ყოფით დონეზე გამოლაპარაკება შეიძლება, მაგრამ თუ საუბარი გაგიგრძელდა, უკვე პრობლემები ჩნდება.

უცხოელები საქართველოში - Sputnik საქართველო
უცხოელის თვალით დანახული თბილისი: აქ ყველაფერი განსხვავებულია

მალე თავად შევუდექი ქართული ენის შესწავლას. რთული ენაა, მაგრამ არც ისე. მე საშუალო სირთულის ენას ვუწოდებდი.

აქაური კლიმატიც განსხვავდება ინდურისგან. ჩემ მშობლიურ ქალაქში ხშირად მოდის ტროპიკული წვიმები, აქ ასეთი წვიმა არ მინახავს. ზაფხული ჩვენთან ძალიან ცხელი იცის — ტემპერატურა +50 გრადუსს აღწევს, ზამთარში ძირითადად +25 გრადუსია. ცხელ კლიმატს ვარ შეჩვეული, მაგრამ რას ვიზამ, აქაურს ვეჩვევი.

გასტრონომიული თავგადასავლები

მოულოდნელი პრობლემები შემექმნა კვებასთან დაკავშირებით. მე ვეგეტარიანელი ვარ — ხორცს საერთოდ არ ვჭამ. ქართული კერძები კი ძირითადად ხორცისგან მზადდება. ამიტომ ისეთი ადგილების ძებნა მიწევს, სადაც ვეგეტარიანული კერძების დაგემოვნება შემეძლება. და ეს საკმაოდ რთულია ჩემთვის.

ინდური სამზარეულო ქართულისგან სანელებლების რაოდენობით განსხვავდება. საჭმელში სიმწარე მაკლია. ისეც მომხდარა, რომ რესტორნის მენიუში საინტერესო კერძი შემხვედრია და ოფიციანტისთვის მიკითხავს, მწარეა-მეთქი? კი, კი ძალიანო, უთქვამს. მაგრამ როცა გამისინჯავს, საერთოდ არ ყოფილა ჩემთვის მწარე. ის კი არა, ზოგჯერ უმარილოც კი მეჩვენება. ჰო, ინდოეთში და საქართველოში კერძების სიმწარე სხვადასხვანაირად ესმით.

კიდევ იმასაც ვიტყვი, რომ ქართული საკვები ძალიან კალორიულია, ბევრ ცხიმს იყენებენ. ინდოეთში პურს თითქმის არ ჭამენ, მის მაგივრობას ბრინჯი ასრულებს. ბრინჯის კულტურა აქაც არსებობს, მაგრამ განსხვავებული. გასაგები რომ იყოს, ასე ვიტყოდი: ინდოეთში ბრინჯი ისე გამოიყენება, როგორც საქართველოში პური.

და მაინც, როგორც უნდა განსხვავდებოდეს საქართველო ინდოეთისგან, მე მაინც ძალიან მომწონს და მიყვარს ეს ქვეყანა — მისი ბუნება, სწრაფად ცვალებადი ლანდშაფტები: უდაბური ადგილები, ზღვა, მთები… უსაყვარლესი ადგილი კი ბათუმია.

მთავარი მაინც ისაა, რომ ამ ქვეყანაში პროფესიას ვეუფლები — ექიმი გავხდები. ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცი, რომელ პროფილს ავირჩევ, გადაწყვეტილების მისაღებად კიდევ რამდენიმე წელი მაქვს. მაგრამ ეს დეტალებია.

მთავარია, რომ საქართველოში ჩემი ცხოვრების მთავარი ოცნება სრულდება!

ყველა ახალი ამბავი
0