ჩვენ არა თუ გვისმენენ, გვითვალთვალებენ კიდეც და ჩვენზე ინფორმაციას აგროვებენ

© პირადი არქივიბესიკ ალადაშვილი
ბესიკ ალადაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა

პარლამენტმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტთა პაკეტი პირველი მოსმენით მიიღო. სად გადის ზღვარი ფარულ საგამოძიებო მოქმედებასა და პირად თავისუფლებას შორის და რომელ უწყებას უნდა ჰქონდეს მოქალაქეების ფარულად მოსმენის უფლება, „Sputnik–საქართველოს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის საქართველოს ცენტრის“ ხელმძღვანელი ბესიკ ალადაშვილი ესაუბრა.

 – არ არსებობს დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც დღეს არ იდგეს პრობლემის წინაშე, თუ სად გადის წითელი ხაზი კანონსა და მოსმენებს შორის. აქ არ იგულისხმება მარტო სატელეფონო მოსმენა, აქ საუბარია ფარული საგამოძიებო მოქმედებების მთელ სისტემაზე, რომელიც ოპერატიული სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონით რეგულირდება. დღეს საქართველოში 14-მდე სახელმწიფო უწყება არსებობს, რომელიც ამ კანონს ექვემდებარება და რომელსაც აქვს უფლება, აწარმოოს  ყველა საქმიანობა, დაწყებული ფარული თვალთვალით და დამთავრებული  ფარული მოსმენებით. ექცევიან თუ არა ეს უწყებები შემოთავაზებულ სისტემაში?  ვერც ერთი ის  არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფარულ მოსმენებზე მოსაზრებებს გამოთქვამს, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, იმიტომ რომ თვითონ არ იციან. რუსეთში თუ ორი პრობლემაა – дороги и дураки, საქართველოში ეს არის არაპროფესიონალიზმი და ამბიცია. ჩვენს ქვეყანას ღუპავს ამბიცია, რომ ყველაფერი იცი. მოსმენების საკითხში არასამთავრობოები აბსოლუტურად არაკომპეტენტურები არიან!

მობილური ტელეფონი - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტმა „ფარული მოსმენების“ წესები პირველი მოსმენით დაამტკიცა

– პრობლემა რაში მდგომარეობს?

– პრობლემის საწყისი არ არის მხოლოდ ის, ჩვენ გვისმენენ თუ არა. ჩვენ გვითვალთვალებენ კიდეც და ჩვენზე ინფორმაციასაც აგროვებენ. ამაზე რატომ არავინ საუბრობს? ხელისუფლების მხრიდან ერთ-ერთი ინტერვიუ მოვისმინე, რომ ეს სააგენტო არის აბსოლუტური გარანტია. არ არსებობს აბსოლუტური გარანტია, თვით უმაღლესი დემოკრატიის ქვეყნებშიც კი, რომ არ დაირღვევა კანონი და არ მოხდება გადახვევა ამ კანონიდან. გვჭირდება თუ არა ფარული საგამოძიებო მოქმედებები? ოპერატიული სამძებრო საქმე? რა თქმა უნდა, გვჭირდება. რატომღაც აქ მხედველობაში არ იღებენ კრიმინალურ სფეროს, რომელიც შსს-ს დაქვემდებარებაშია, ფინასურ პოლიციას, რომელიც ფინანსურ დარღვევებს იძებს, სამთავრობო დაცვის სპეციალური სამსახურის, საგარეო დაზვერვის, პენიტენციალური სისტემის ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებებს და ა.შ. ეს არის ერთიანი კომპლექსი, ხოლო მიდგომა არის ძალიან დილეტანტური და მე ხანდახან ვფიქრობ, რომ ეს ხდება იმიტომ, რომ ზოგიერთმა არასამთავრობომ გაამართლოს საკუთარი არსებობა.

ეს შენ გეხება - Sputnik საქართველო
რა უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ ქვეყნის მოსახლეობაზე ფარული თვალთვალისას

– როგორი უნდა იყოს ეს ახალი უწყება, რომლის შექმნაც იგეგმება?

– ყველაზე დიდი პრობლემაა სწორედ ეს, თუ როგორი უნდა იყოს ეს ახალი უწყება. ევროსაბჭოს მიერ არის გამოცემული საინტერესო კრებული, სადაც გაანალიზებულია  ფარული ოპერატიული სამძებრო საქმიანობა ევროპის ქვეყნებში. არ არსებობს ერთიანი ნიშნები, ერთიანი მიდგომა და, სამწუხაროდ, არ არსებობს იდეალური მოდელი, ყველგან ვხვდებით ჩვენ გარკვეულ გადაცდომებს. რასაც ჩვენ დღეს  გვთავაზობენ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ბიუჯეტის ხარჯების გაზრდა. წარმოიდგინეთ, არსებობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური – სუს-ი და მის ქვემდებარედ იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სსიპ, რომელსაც ასევე ექნება ყველა ის სამსახური, რაც აქვს სუს-ს, დაწყებული საფინანსოდან, დამთავრებული ლოჯისტიკით. რას შეცვლის ეს? რა თქმა უნდა, არაფერს. თუ იქნება ეს სუს-ის დაქვემდებარებაში, არანაირ კონტროლს არ გაზრდის, უფრო არის დამატებითი ხარჯი ბიუჯეტში. მე ვთვლი, რომ მთლიანად არის შესაცვლელი ქვეყანაში მიდგომა სპეცსამსახურებისადმი. როგორი უნდა იყოს? არ არსებობს ასეთი   ერთიანი მოდელი. თუმცა ასეთი საშინელი მოდელიც არსად არაა, როგორიც ჩვენია. რაც შეეხება ე.წ. ორგასაღებიან სისტემას, აქ გასარკვევია, რამდენად კომპეტენტურია პირად მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და ეს უწყება. როდესაც ფარული მოსმენის აუცილებლობა დგება, კიდევ ერთხელ ვამბობ, სუს-ის პრეროგატივა და სპეციფიკა არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მომზადებული ან ჩადენილი დანაშაული. შსს იგივე ფუნქციებს ასრულებს, ოღონდ კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ. ანალოგიურ მოქმედებებს ატარებს სახელმწიფო დაცვის სამსახურიც, როცა ღონისძიებას ამზადებს. მათ ვინ მოემსახურება? ეს ახალი უწყება? ასე რომ, მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული, თუ ვის რა ფუნქციები უნდა ჰქონდეს და ვისი მომსახურება უნდა შეეძლოს. ეს არ არის „პროფილაქტიკა“, რომ ყველამ მიიყვანოს თავისი მანქანა, ეს სხვა თემაა, ეროვნული უსაფრთხოების დონეზეა აქ საუბარი. ამავე დროს სად გადის ის წითელი ხაზი, რასაც თითოეული ჩვენი მოქალაქის პიროვნების თავისუფლება ჰქვია? ეს არის ურთულესი საკითხი, ხოლო ეს მოდელი, რაც იქმნება, არის აბსოლუტურად ნონსენსი, რომელიც არაფერს  შეცვლის, უბრალოდ, გაზრდის საბიუჯეტო ხარჯებს.

ნატა პატარაია

ყველა ახალი ამბავი
0