დოქტორი ევგენი კომაროვსკი თავის სკოლაში პატარა პაციენტებთან ერთად

დოქტორი კომაროვსკი: ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვს წყალი კატეგორიულად არ სჭირდება!

579
(განახლებულია 17:52 17.02.2017)
ეს ის საკითხია, რომელზეც დაუღალავად და გამუდმებით კამათობენ დედები, ბებიები და პედიატრები. კამათობენ იმიტომ, რომ ყველას თავისი მოსაზრება აქვს და ყველას საკუთარი ვერსია მიაჩნია უცილობელ ჭეშმარიტებად.

გთავაზობთ უმაღლესი კატეგორიის პედიატრ დოქტორ კომაროვსკის პასუხს შეკითხვაზე, რატომ არ სჭირდება დედის რძეზე მყოფ ბავშვს სასმელი წყლის დამატება. ექიმი აქ იმასაც განმარტავს, რატომ უჭერს ამ მოსაზრებას მხარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.

ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვს სასმელი წყლის დამატება კატეგორიულად არ სჭირდება, თუ პათოლოგიურ გაუწყლოებასთან არ გვაქვს საქმე.

რამ შეიძლება გამოიწვიოს პათოლოგიური გაუწყლოება?

•    ფაღარათმა და პირღებინებამ — ამ დროს ბავშვი დიდი რაოდენობით სითხეს კარგავს;

•    ოთახში ჰაერის სიმშრალემ და ზედმეტმა სიცხემ — ამ დროს ბავშვი ჩასუნთქული მშრალი ჰაერის დასატენიანებლად სხეულიდან ბევრ სითხეს ხარჯავს;

•    გადახურებამ — ამ დროს ბავშვი ოფლიანობს და ამ სახით გამუდმებით კარგავს სითხეს სხეულიდან;

•    სხეულის მაღალმა ტემპერატურამ.

ეს სწორედ ის შემთხვევებია, როდესაც თვით ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვსაც კი აუცილებლად სჭირდება სასმელი წყლის დამატება. სხვა შემთხვევაში დედის რძესთან ერთად წყლის მიცემა არ შეიძლება – არც გადადუღებულისა, არც გაზიანისა და არც მინერალურის.

დაიმახსოვრეთ: ბავშვი, რომელსაც პათოლოგიური გაუწყლოება არ სჭირს, თავადვე არ დალევს წყალს — თქვენ შესთავაზებთ, ის გადმოაფურთხებს.

ასე რომ, დედებს ერთი რამ ევალებათ: შესთავაზონ ბავშვს წყალი და თუ ის მასზე უარს იტყვის, ესე იგი, ყველაფერი ნორმაშია, დაძალება საჭირო არაა. ხოლო თუ, როგორც იტყვიან, ეცა წყალს, ესე იგი, საქმე პათოლოგიურ გაუწყლოებასთან გვაქვს და აუცილებლად გამოიკვლიეთ მიზეზი – ზედმეტად ხომ არ ცხელა ოთახში, ზედმეტად თბილად ხომ არ აცვია ბავშვს ან სიცხე ხომ არ აქვს? 

ახლა, რაც შეეხება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პოზიციას, რომ ბავშვმა მხოლოდ დედის რძე უნდა მიირთვას:

საქმე ისაა, რომ პლანეტაზე არა მილიონობით, არამედ მილიარდობით დედა ცხოვრობს უსაშინლეს პირობებში და ხელი არ მიუწვდება სუფთა სასმელ წყალზე. უხარისხო წყალი კი ერთ-ერთი უპირველესია, რაც ნაწლავურ ინფექციებს იწვევს. ამ დაავადებისადმი ყველაზე მეტად მოწყვლადი კი სწორედ ერთ წლამდე ასაკის ბავშვები არიან. თუ დედები ამ პერიოდში შვილებს წყალს დაალევინებენ, მაშინ მკვეთრად გაიზრდება ნაწლავური ინფექციით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

თუ, საბედნიეროდ, ისეთ ქვეყანაში ცხოვრობთ, სადაც ნორმალური, სუფთა და ხარისხიანი წყლის ყიდვა შეიძლება, მაინც ნუ დაალევინებთ ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებს წყალს, თუ, როგორც ზემოთ გითხარით, მას პათოლოგიური გაუწყლოება არ სჭირს.

579
თემები:
სასარგებლო რჩევები (32)