ილია ელოშვილი: ყველაზე მთავარი თავისუფალი ბაზრის შექმნაა

© Sputnik / Alexander Imedashviliენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი
ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი „Sputnik-საქართველოს“ ენერგეტიკის სექტორში არსებულ პერსპექტივებზე და გეგმებზე ესაუბრა.

ნატა პატარაია

– რა პერსპექტივები არსებობს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში?

— ენერგეტიკის დარგი საქართველოში ძალიან მიმზიდველი და პერსპექტიულია. თუნდაც ის, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ერთი მესამედი ენერგეტიკის სექტორზე მოდის, თავისთავად მიუთითებს მის მნიშვნელობაზე. ამავე დროს ჩვენ ვართ საერთაშორისო მოთამაშე ტრანზიტის კუთხით, რაც სერიოზულ როლს ასრულებს როგორც ევროპის, ასევე ჩვენი რეგიონის ენერგოუსაფრთხოებაში. აქ ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს და ვართ ძალიან საიმედო და კარგი პარტნიორები. მიუხედავად ძალიან ბევრი სირთულისა, რომელიც ჩვენ განვიცადეთ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ მეზობელ ქვეყნებში ეკონომიკის კუთხით და ლარის კურსთან დაკავშირებით, ენერგეტიკა  საქართველოში მაინც აღმავლობის ეტაპზეა. ამის მაჩვენებელი კი ის მშენებლობები და ცვლილებებია, რომლებიც დღეს ხორციელდება ამ დარგში.

ენგურ ჰესი - Sputnik საქართველო
თბილისში ჰიდროენერგეტიკის საერთაშორისო კონგრესი დაიწყო

– საქართველოსა რუსეთს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებს როგორ შეაფასებდით?

– გარდა იმისა, რომ რუსეთი, ტრადიციულად, ჩვენი ელექტროენერგიის მომწოდებელია, ასევე ფლობს ძალიან სერიოზულ აქტივებს ენერგეტიკის სექტორში. რუსეთთან ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ გაზის მოწოდების კუთხითაც. რა თქმა უნდა, როცა შენი მეზობელია ისეთი ძლიერი ენერგეტიკის მქონე ქვეყანა, როგორიც  რუსეთია, ის ამავე დროს უმნიშვნელოვანესი პარტნიორიცაა.

– შეუძლია საქართველოს გახდეს არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ მიმწოდებელი ქვეყანაც?

— ჩვენ ვართ უკვე მიმწოდებელი ქვეყანა. როცა ჩვენ ჭარბი ენერგია გვაქვს, გაგვაქვს ის როგორც რუსეთში, ისე თურქეთში, თუმცა ამას სეზონური ხასიათი აქვს. ჩვენ ზამთრის და შემოდგომის პერიოდში ჯერჯერობით ელექტროენერგიის დეფიციტი გაგვაჩნია და მაშინ ჩვენ, პირიქით, შემოგვაქვს ის ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან. რაც შეეხება ბაზრების დივერსიფიცირებას, შეგიძლიათ ნახოთ, თუ რა ტიპის ინფრასტრუქტურა შენდება ჩვენთან. ჩვენ მაქსიმალურად ვაძლიერებთ კავშირებს ოთხივე მეზობელ ქვეყანასთან, ვიხედებით ევროპისკენ და ვცდილობთ, რომ არა მხოლოდ გაზის, არამედ ელექტროენერგიის მიწოდების კუთხითაც გადავდგათ ის ნაბიჯები, რომლებიც ჩვენ მიმწოდებელს ევროპაშიც კი გაგვხდის. ამ კუთხით ძალიან დიდი ძალისხმევა იქნება ჩვენი მხრიდან გაწეული.

– თქვენი აზრით, რომელი იყო 2016 წლის ყველაზე პერსპექტიული პროექტი?

ელექტროგადამცემი ხაზები - Sputnik საქართველო
საქართველო-სომხეთის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის სურვილი შვიდ კომპანიას აქვს

– გასულ წელს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ან წამოვიწყეთ. მათგან ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის გარდაბნის თბოსადგური, „შუახევჰესი“, რომელიც თითქმის დასრულებულია. 37 კილომეტრი გვირაბი, რომელიც აქ  გავიყვანეთ, მსოფლიოში მეორეა სიგრძით და პირველი მისი შესრულების სისწრაფით და ხარისხით. ასევე გამოვყოფდი „ნამახვანის“ ტენდერს და ენერგეტიკულ დერეფანს „ჩრდილოეთი-სამხრეთი“, რომლის ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლას ხელი საქართველომ, სომხეთმა, რუსეთმა და ირანმა მოაწერეს.

– უახლოეს მომავალში რა გეგმები გაქვთ?
– ვგეგმავთ მაქსიმალურად განვავითაროთ განახლებადი ენერგიის წყაროები. ასევე გვჭირდება მიწისქვეშა გაზსაცავის და გადამცემი ხაზების მშენებლობა. გარდა ამისა,  კანონმდებლობას სჭირდება დახვეწა და იმ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც გააჩნიათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. ყველაზე მთავარი კი, თავისუფალი ბაზრის შექმნაა. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ შეიქმნას თავისუფალი ბაზარი და მოთხოვნა–მიწოდების საფუძველზე მოხდეს უკვე ოპერირებაც, მშენებლობაც და ახალი ინვესტიციების მოზიდვაც.

ყველა ახალი ამბავი
0