რა უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ ქვეყნის მოსახლეობაზე ფარული თვალთვალისას

გამოწერა
სპეციალური სამუშაო ჯგუფი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ქვეყნის მოსახლეობაზე ფარული თვალთვალის ნაწილში განსახორციელებელ ცვლილებებზე მუშაობას შეუდგა.

ნატა პატარაია

ამ ეტაპზე მთავარია ჯგუფმა ზუსტად განსაზღვროს, თუ რა პრინციპით უნდა ხდებოდეს მოსმენა, ვის უნდა მოუსმინონ და, ასევე, სად და როდემდე შეინახება მოპოვებული ინფორმაცია, მიაჩნია ეკონომიკისა და სამართლის საერთაშორისო საბჭოს თავჯდომარეს ირაკლი თედორაძეს.

„მოქალაქეების ფარული მოსმენა ძალიან ბევრ ქვეყანაში ხორციელდება, მაგრამ იქ არსებობს გარკვეული კოდური სიტყვები, რომლებიც საფრთხის შემცველად მიიჩნევა და მხოლოდ მათი წარმოთქმის შემდეგ იწყებს კომპიუტერული პროგრამა მოქალაქის ტელეფონის მოსმენას“, — აღნიშნა ირაკლი თედორაძემ.

მისი თქმით, საქართველომ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილება და ქვეყნისთვის, შეძლებისდაგვარად, ოპტიმალური ვარიანტი შეიმუშაოს, რადგან ზოგადად ტერორიზმის საფრთხის არსებობა მოქალაქეთა მობილურ და ინტერნეტკომუნიკაციების ფარულად მოსმენის გასამართლებელი მიზეზი ყოველთვის არ არის.

ექსპერტი ვახტანგ მაისაია - Sputnik საქართველო
ვახტანგ მაისია: ფარულ მოსმენებს სპეციალური უწყება უნდა ახორციელებდეს

ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა აცხადებს, რომ მოქალაქეთა მობილური და ინტერნეტკომუნიკაციების ფარულად მოსმენისას ყველაზე მნიშვნელოვანი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გარანტიაა.

„მე ნაკლებად მაშფოთებს, როცა უსმენენ ჩემს საუბრებს პოლიტიკოსებთან და რაღაც გარკვეულ ლოგიკასაც ვხედავ ამაში, რადგან სახელმწიფოს შეიძლება  პოლიტიკოსის საჯარო ცხოვრება აინტერესებდეს, მაგრამ მისი სექსუალური ცხოვრების თვალთვალი არ უნდა ხდებოდეს“, — აღნიშნა კუკავამ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის აზრით, თუ ადამიანის პირადი ცხოვრების საიდუმლოება დაცული იქნება, ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვინ უნდა გასცეს მოსმენის სანქცია და რომელმა უწყებამ უნდა განახორციელოს ის.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის აპრილში არაკონსტიტუციურად სცნო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოქალაქეთა მობილური და ინტერნეტკომუნიკაციების ფარულად მოსმენის უფლება.

სასამართლომ ასევე არაკონსტიტუციურად სცნო ნორმა, რომელიც სუს-ს უფლებას აძლევს, შეინახოს მოპოვებული ინფორმაცია. სასამართლომ კანონში ცვლილებების შესატანად პარლამენტს 2017 წლის 31 მარტამდე განუსაზღვრა ვადა.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფში სხვადასხვა სტრუქტურები არიან წარმოდგენილი. კერძოდ,  პარლამენტის იურიდიული, თავდაცვისა და უსაფრთხოების და ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტები, მთავრობის საპარლამენტო მდივანი, სახალხო დამცველი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, იუსტიციის, თავდაცვის, სასჯელაღსრულებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები, მთავარი პროკურატურა, უზენაესი სასამართლო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და არასამთავრობო ორგანიზაციები.

ყველა ახალი ამბავი
0