დავით მესხიშვილი: საკუთარ შვილებს არ ვუფრთხილდებით

© FB/David Meskhishviliდავით მესხიშვილი
დავით მესხიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია“ იმ მიზეზებს სწავლობს, რომლებიც გზებზე ბავშვების ტრავმატიზმსა და სიკვდილიანობას იწვევს. ამ თემაზე „Sputnik-საქართველოს“ ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი ესაუბრა.

ნატა პატარაია

ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს გზებზე ბავშვთა ტრამვატიზმის 2 500 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 70-ზე მეტი ბავშვი გარდაიცვალა.

„ეს სტატისტიკა, რაც ჩვენ გვაქვს, არის საგანგაშო და ბევრად აღემატება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს. იმისათვის, რომ სიტუაცია გამოვასწოროთ, პრობლემის გამომწვევი მიზეზები უნდა ვიცოდეთ“, – აცხადებს დავით მესხიშვილი.

ექსპერტმა აღნიშნა, რომ არსებობს პრობლემის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი, პირველ რიგში კი ის, რომ საკუთარ შვილებს თავადვე არ ვუფრთხილდებით.

„ხშირად ბავშვის უფლებებს თავად მშობელი არღვევს და საფრთხეს უქმნის მას, როცა გადატვირთული მოძრაობის დროს გზაზე გადაჰყავს. გარდა ამისა, ბავშვების ტრანსპორტირება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევით ხდება, კერძოდ, ხშირ შემთხვევაში არ იყენებენ ბავშვისთვის სპეციალურ სამგზავრო სავარძელს, რაც, თავისთავად, ძალიან ცუდია. ეს ხომ უამრავ ბავშვს გადაარჩენდა“, — განაცხადა მესხიშვილმა.

„ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელის ინფორმაციით, ბავშვის სამგზავრო სავარძელს მოსახლეობის მხოლოდ 30% იყენებს. ამ დროს სავარძელი ისევე ეფექტურია ბავშვის უსაფრთხოებისთვის, როგორც ღვედი ზრდასრული ადამიანისთვის — ეფექტურობის მაჩვენებელი დაახლოებით 70%-ს შეადგენს. გარდა ამისა საზოგადოების ნახევარზე მეტმა, მათ შორის მძღოლებმა, არ იცის, რომ 12 წლამდე ბავშვი ავტომანქანის წინა სავარძელში არ უნდა იჯდეს.

დავით მესხიშვილი - Sputnik საქართველო
დავით მესხიშვილი: სამ წელიწადში ავტოავარიაში 70-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა

„ბევრმა არც ის იცის, რომ კანონით იკრძალება 6 წლამდე ბავშვის მანქანაში მარტო დატოვება. ასეთი შემთხვევები საქართველოში ხშირად ხდება და ზოგჯერ კომიკურადაც დასრულებულა. „სი-თი პარკმა“ ბავშვიანი ავტომობილი არაერთხელ გადაიყვანა საჯარიმო სადგურზე“, — აღნიშნა მესხიშვილმა.

მისი აზრით, არსებულ კანონმდებლობაში უნდა შეიცვალოს მუხლი, რომელიც სრულწლოვანს ავტომანქანის უკანა სავარძელზე სამ წლამდე ბავშვის კალთაში ჩასმის უფლებას აძლევს, ეს მაშინ, როცა ღვედის შეკვრა ამ სავარძლებზე სავალდებულო არაა.

„დამუხრუჭების შემთხვევაში ბავშვიანად შეეჯახებით წინა სავარძელს, რაც მის დაშავებას გამოიწვევს. ცუდია, რომ საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის შედგენისას ასეთი მდგომარეობის სახიფათოობაზე არავის უფიქრია“, — განაცხადა დავით მესხიშვილმა.

„ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი ბავშვების უსაფრთხოებისთვის ასევე საჭიროდ თვლის სკოლებთან და საბავშვო ბაღებთან არსებული ინფრასტრუქტურის საგზაო მოძრაობის წესების შესაბამისად მოწესრიგებას. მნიშვნელოვანია ისიც, თუ რას ასწავლიან სკოლებსა და ბაღებში აღსაზრდელებს ამ თემაზე.

„ბაღებსა და სკოლებში, პრაქტიკულად, არაფერი ისწავლება საგზაო მოძრაობის მიმართულებით, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე ზრდასრული ადამიანის შეგნება ამ კუთხით ძალიან დაბალი იქნება“, — მიაჩნია არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს.

შუქნიშანი - Sputnik საქართველო
საქართველოში საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია შემუშავდა

დავით მესხიშვილის თქმით, კარგია, რომ ამ საკითხით დაინტერესდა თბილისის მერია და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის, „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციას“ მერიამ უკვე დაუკვეთა შესაბამისი ანალიზის მომზადება.

თბილისის მერია „საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების“ პროგრამის ფარგლებში ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტს აფინანსებს. დედაქალაქის მთავრობამ მხარი იმ პროქტებს დაუჭირა, რომლებიც კვლევების, ტრენინგების, ვიდეორგოლებისა და სხვა მეთოდების გამოყენებით მოძრაობის წესების დაცვის კუთხით საზოგადოების ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებას უწყობენ ხელს. პროგრამის საერთო ბიუჯეტი 50 ათასი ლარია. არასამთავრობო ორგანიზაციებმა მერიის მიერ მოწონებული პროექტები წლის ბოლომდე უნდა განახორციელონ.

ყველა ახალი ამბავი
0