VL MICA–ს ტიპის საზენიტო–საჰაერო კომპლექსი და მობილური რადიოლოკაციური სადგური

მასმედია: საფრანგეთი საქართველოს საზენიტო–სარაკეტო კომპლექსებს გადმოსცემს

39
(განახლებულია 16:46 17.01.2017)
სამხედრო ექსპერტმა ირაკლი ალადაშვილმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის შესახებ შეთანხმების დეტალები გაახმაურა.

თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. საფრანგეთი, საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, უახლოეს მომავალში საქართველოს VL MICA–ს ტიპის საზენიტო–სარაკეტო კომპლექსებსა და მობილურ რადიოლოკაციურ სადგურებს გადმოსცემს, წერს გაზეთი „რეზონანსი“ სამხედრო ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორის ირაკლი ალადაშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ახალი რადიოლოკაციური სადგურების უპირატესობა ისაა, რომ ისინი სატვირთო ავტომობილებზეა დამაგრებული და მისი გადატანა სხვა ადგილზე ადვილია. ეს მოწინააღმდეგის მხრიდან მისი განადგურების შანსს მნიშვნელოვნად ამცირებს, განმარტა სამხედრო ექსპერტმა.

VL MICA–ს თითოეულ დანადგარზე ოთხი საზენიტო რაკეტაა დამონტაჟებული, ხოლო ერთ ბატარეაში ოთხი გასაშვები დანადგარი შედის, ანუ თითქმის ერთდროულად 16 საზენიტო რაკეტის გაშვება იქნება შესაძლებელი. ეს ნიშნავს, რომ ის კონკრეტულ ობიექტებს კარგად დაიცავს და ფრთოსანი რაკეტის ჩამოგდებაც შეუძლია, თუმცა მცირე დაფარვა აქვს და ქვეყნის ტერიტორიის მხოლოდ პატარა ნაწილს გააკონტროლებს, აღნიშნა ალადაშვილმა.

პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ვახტანგ მაისაიამ საქართველოს ხელისუფლების მცდელობას, დამალოს საქართველოსა და საფრანგეთს შორის ხელშეკრულების დეტალები, პარადოქსი უწოდა.

გასულ უქმეებზე საქართველოს ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ჟან–ივ ლე დრიანი ეწვია. მან რიგი შეხვედრები გამართა უმაღლეს დონეზე, მათ შორის თავის კოლეგა ლევან იზორიასთან.

ჟან–ივ ლე დრიანმა საფრანგეთის სამხედრო–საჰაერო ძალების ოფიცრის ვიზიტის თაობაზე განაცხადა, რომელიც საჰაერო თავდაცვის სისტემების განთავსებას გაუწევს კურირებას. მან ასევე დასძინა, რომ შეთანხმებაში საიდუმლო არაფერია და ის გათვალისწინებულია იმ ზომების პაკეტით, რომელიც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას უწყობს ხელს.

ახლო მოქმედების საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი VL MICA (Vertical Launch MICA) საფრანგეთმა 2007 წელს შეიმუშავა. რაკეტის წონაა 112 კილოგრამია, სიგრძე – 3,1 მეტრი, დიამეტრი – 160 მილიმეტრი, ხოლო ფრენის სიშორე – 10–დან 20 კილომეტრამდეა.


39