ყოფნა–არყოფნა — პოლიტიკური ექსპერტები თურქეთის ნატოდან სავარაუდო გარიცხვის თაობაზე

გამოწერა
შესაძლებელია თუ არა, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა და ქვეყანაში დღეს არსებული ვითარება იქცეს იმის საფუძვლად, რომ ნატომ თურქეთთან ურთიერთობებს გადახედოს? პოლიტოლოგ სერგეი მარკედონოვის აზრით, ამაზე საუბარი ნაადრევია.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. თურქეთი უკვე კარგა ხანია, რაც ნატოს პრობლემურ ელემენტად იქცა, ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ქვეყანაში რამდენჯერმე მოხდა სამხედრო გადატრიალება, აცხადებს პოლიტოლოგი სერგეი მარკედონოვი.

„გავიხსენოთ 1961 წელი — სამხედრო გადატრიალება, 1971 წელი — სამხედრო გადატრიალება, არეულობები 80–იან წლებში. ყველაფერი ეს აბსოლუტურად ეწინააღმდეგებოდა  დემოკრატიის იმ რიტორიკას, რომელსაც აშშ და მისი მოკავშირეები ატარებდნენ. 1974 წელს ოპერაცია „ატილა“ — შეჭრა კვიპროსში, თურქეთმა, ფაქტობრივად, დაიპყრო კვიპროსის 48%. საბერძნეთი და თურქეთი — ამ კონფლიქტში ჩართული ორივე ქვეყანა  ნატოს წევრია, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება კონცეფციას ალიანსის წევრებს შორის კონფლიქტის დაუშვებლობის შესახებ“.

ნატო - Sputnik საქართველო
კერი: თურქეთი, შესაძლოა, ნატოდან გარიცხონ

მიუხედავად ამისა, არცერთი ამ ინციდენტის გამო არასდროს დამდგარა თურქეთის ნატოდან გარიცხვის საკითხი.  ექსპერტის აზრით, ცივი ომი და თურქეთის ხელმძღვანელობის ანტიკომუნისტური კურსი საკმაოდ წონადი არგუმენტი გამოდგა და ანკარა ალიანსში დატოვეს.

„ახლა არსებობს სხვა ფაქტორები. თურქეთს ვაშინგტონში აშშ–ის ისლამურ მოკავშირედ მოიხსენიებენ. ამერიკა უფრთხის თურქეთისა და ირანის გარშემო ანტიდასავლურ საფუძვლებზე კონსოლიდაციას. სამი ევრაზიული გიგანტის — თურქეთის, რუსეთისა და ირანის დაახლოება შეერთებულ შტატებს ძალიან არ სურთ. ამასთან დაკავშირებით იქნება გარკვეული ბალანსი, ასე რომ, არა მგონია, თურქეთი ნატოდან გააგდონ“, — ასკვნის ექსპერტი.

გამოცემა The Telegraph–ის ანალიტიკოსების თქმით, ის ფაქტი, რომ ვაშინგტონი ღიად საუბრობს თურქეთისთვის ნატოს წევრის სტატუსის შეჩერების თაობაზე, აჩვენებს, რაოდენ ძლიერ გაფუჭდა ურთიერთობები ანკარასა და მის დასავლელ მოკავშირეებს შორის ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ.

მსოფლიო მედია წერს, რომ უკმაყოფილო სამხედროების ჯგუფის გადატრიალება კრახით დასრულდა, მაგრამ მას სხვა გადატრიალება მოჰყვა, რომელსაც პირადად პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი ჩაუდგა სათავეში და რომელიც პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგაა მიმართული.

თურქეთში წმენდა უკვე შეეხო ათასობით სამხედრო მოსამსახურეს, პოლიციელს, იურისტს, საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლებს.

სხვათა შორის, აშშ–საც მოხვდა: ვაშინგტონი მეამბოხეების მხარდაჭერაში დაადანაშაულეს. უფრო მეტიც, ანკარამ ელექტრომომარაგებაც კი შეუწყვიტა ინჯირლიკის ავიაბაზას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალები იყენებს.

ყველა ახალი ამბავი
0