აქცია პარლამენტთან

აშშ აკვირდება საქართველოში მიმდინარე სიტუაციას სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი

53
(განახლებულია 17:18 14.07.2021)
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, დაიცვას ქვეყნის მოქალაქეები და ჟურნალისტები – სიტყვის თავისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე.

თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. ჩვენ ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე სიტუაციას, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ძალადობის ორგანიზატორებმა პასუხი აგონ, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა (Ned Price), იუწყება РИА Новости.

კონსერვატიული ჯგუფები 5 ივლისს ლგბტ თემის უფლებების დასაცავად გამართულ აქციაზე მთელი დღის განმავლობაში თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს. შსს-ს ინფორმაციით, დაშავდა მასმედიის 53 წარმომადგენელი. სასტიკად ნაცემ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. კვირას, კლინიკიდან გაწერიდან სამი დღის შემდეგ ის საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლაშქარავას გარდაცვალებამ ქვეყანაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ამავე დღეს პარლამენტის შენობასთან გაიმართა მასობრივი მიტინგი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. კიდევ ერთი აქცია ორშაბათს გაიმართა.

როგორც პრაისმა სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.

მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას ქვეყნის მოქალაქეები და ჟურნალისტები – სიტყვის თავისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე. „ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენებთ მათ ამის შესახებ“, – თქვა პრაისმა.

კითხვაზე პრემიერ-მინისტრის მომავლის შესახებ, არსებული სიტუაციის ფონზე, პრაისმა განაცხადა, რომ ეს ხალხის გადასაწყვეტია. მან ასევე არ გასცა პასუხი კითხვას სანქციების შესახებ იმ პირთა მიმართ, ვინც მომხდარზე პასუხისმგებელია.

„ჩვენ გაგვაჩნია ბევრი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ მივაღწიოთ იმ პირთა პასუხისმგებლობას, ვინც უკავშირდება ადამიანთა უფლებების დარღვევას, ძალადობას მსოფლიოში. სანქციები – ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტია, მაგრამ ჩვენ არ ვაანონსებთ სანქციებს მათ შემოღებამდე“, – განაცხადა მან.

საპროტესტო აქციების მონაწილეები ამტკიცებენ, რომ სწორედ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 5 ივლისს გაკეთებულმა განცხადებამ იმის შესახებ, რომ ლგბტ-თემის მონაწილეობით „ღირსების მარშის“ ჩატარება მიზანშეუწონელია, სექს-უმცირესობების მისამართით აგრესიის პროვოცირება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მომიტინგეები მიიჩნევენ, რომ როგორიც არ უნდა იყოს ექსპერტიზის შედეგი, ლაშქარავა გარდაიცვალა იმის გამო, რომ სახელმწიფომ ის ვერ დაიცვა.

შსს-მ 12 ივლისს განაცხადა, რომ ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკების ზედოზირება შეიძლება გამხდარიყო. ოპოზიცია აცხადებს, რომ ის „სისტემის მსხვერპლია“.

53
დავით ზალკალიანი

როგორ პასუხს გასცემს ქართული ხელისუფლება დასავლეთის კრიტიკაზე: ზალკალიანის ხედვა

8
საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ შარლ მიშელის შეთანხმების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია და ამას ადასტურებს საქართველოს საარჩევნო კოდექსი

თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. დასავლეთისთვის ცნობილია საქართველოს მმართველი პარტიის არგუმენტები შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით და ახლა ჩვენ ვაწარმოებთ დამატებით კონსულტაციებს, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

გუშინ მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ანულირებულად  გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით 19 აპრილს ხელმოწერილი კომპრომისული შეთანხმება. ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია მკვეთრი კრიტიკა დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომლებმაც ხელისუფლების პროდასავლურ კურსში ეჭვი შეიტანეს.

„მინდა, გითხრათ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში როგორც ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები, საპარლამენტო ხელისუფლების წარმომადგენლები „ქართული ოცნებიდან“, ისე პირადად მე ვარ მუდმივ კონტაქტზე ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, იგივე შარლ მიშელის კაბინეტთან, რათა მათ ჰქონდეთ მკაფიო წარმოდგენა, თუ რასთან გვაქვს საქმე და რატომ მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ ეს გადაწყვეტილება. ჩვენი არგუმენტები მათთვის ამ დღეების განმავლობაში უკვე ცნობილია და დამატებითი კომუნიკაციაც იქნება, რომ კიდევ უფრო საფუძვლიანად გავაანალიზოთ, თუ რა სიტუაციაში ვართ“, - განაცხადა ზალკალიანმა „პირველი არხის“ ეთერში.

მან აღნიშნა, რომ ქვეყნის კურსი რჩება პროდასავლური და ამ არჩევანს განსაზღვრავს ქართველი ხალხი და მათ შორის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი.

ამავე დროს მინისტრმა აღნიშნა, რომ შარლ მიშელის შეთანხმების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია და ამას ადასტურებს საქართველოს საარჩევნო კოდექსი, რომლის საფუძველზე 2 ოქტომბერს ჩატარდება ადგილობრივი არჩევნები.

„ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას უკვე აქვს ოფიციალური მოწვევა ადგილობრივ არჩევნებზე და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვიდეს საქართველოში, იქნება ეს OSCE/ODIHR (ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი - რედ.), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეგიონალური ბიურო, თუ სხვა დიდი საერთაშორისო ორგანიზაცია. ასევე ორმხრივად ყველა ჩვენს პარტნიორ ქვეყანას ექნება შესაძლებლობა, დააკვირდეს ამ არჩევნებს. უფრო მეტიც, არჩევნები რომ დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარდება, ამის გარანტია არის ის ახალი საარჩევნო კანონმდებლობა, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი იყო“, – განაცხადა ზალკალიანმა.

სიტუაციის შეფასების მიზნით საქართველოში უკვე იმყოფება ევროპარლამენტარების ჯგუფი. გარდა ამისა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ემზადება კონსულტაციების მორიგი რაუნდისთვის საქართველოს პოლიტიკურ სუბიექტებთან.

 

8
ელექტროგადამცემი ხაზი

„თელასი" ნაძალადევის რაიონს ხვალ ელექტროენერგიას გაუთიშავს

63
(განახლებულია 18:01 29.07.2021)
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 30 ივლისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

63
თემები:
თბილისი დღეს