ნარჩენების აღება

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ნარჩენების მართვის ახალი ეროვნული გეგმა განიხილეს

37
(განახლებულია 19:25 22.02.2021)
პროექტს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა ახორციელებს, ხოლო აღმასრულებელი ორგანიზაცია კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრია (REC Caucasus).

თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ნარჩენების მართვის ახალი ეროვნული გეგმის (2021-2025) შემუშავების პროგრამა განიხილეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დავითაშვილი: კიდევ არაერთ მნიშვნელოვან რეფორმას განვახორციელებთ>>

ნარჩენების მართვის ახალი ეროვნული გეგმა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა ონლაინ-შეხვედრაზე განიხილა. შეხვედრას ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სექტორის კოორდინატორი ალექსანდრე დარასი ესწრებოდა.

მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე პროექტის პრიორიტეტებსა და საჭიროებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის მოთხოვნების განხორციელებას სახელმწიფო უწყებებთან, მუნიციპალიტეტებთან, კერძო სექტორთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების გზით.

პროექტი დაფინანსებული და ორგანიზებულია რეგიონული ინიციატივის „ევროკავშირი გარემოსთვის“ (EU4Environment) ფარგლებში. პარტნიორები არიან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD), გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია (UNECE), გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მსოფლიო ბანკი.

37
საპატრულო პოლიცია

ვანში მამაკაცმა პოლიციელს ცეცხლი გაუხსნა

31
გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული სანადირო თოფიდან თავის მოკვლას აპირებდა, შემდეგ კი ადგილზე მისული პოლიციის მისამართით სროლა დაიწყო

თბილისი, 6 მარტი - Sputnik. ვანში დააკავეს მამაკაცი, რომელიც პოლიციელს თავს დაესხა, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 5 მარტს ვანის რაიონის სამმართველოში შეტყობინება შევიდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი თავის მოკვლას აპირებდა. პოლიციამ მიღებული შეტყობინების შემდეგ შემთხვევის ადგილას გამოცხადდა. ადგილზე მყოფმა მამაკაცმა, რომელიც თავის მოკვლას სანადირო თოფით აპირებდა, ცეცხლი სამართალდამცველების მიმართულებით გახსნა, რა დროსაც ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი დაიჭრა.

დაჭრილი პოლიციელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ექიმებმა მას შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს. უწყების ინფორმაციით, დაჭრილი პოლიციელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება ბრალდებულს, ის სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს. ასევე ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი.

სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. 1980 წელს დაბადებულ ბრალდებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

 

31
მსვიდობის ხიდი

საქართველოში ცნობილი ფიგურანტების მონაწილეობით ფარული აუდიოჩანაწერების სკანდალი აგორდა

20
საქართველოს სახალხო დამცველმა უკვე დაგმო აუდიოჩანაწერების გამოქვეყნება და უკანონო მოპოვება და აღნიშნა, რომ საზოგადოება დიდი ხანია ითხოვს მსგავსი ფაქტების დროულ და ობიექტურ გამოძიებას, მაგრამ უშედეგოდ.

თბილისი, 6 მარტი – Sputnik. საქართველოში ცნობილ პირთა მონაწილეობით ფარული აუდიოჩანაწერების გამო აგორდა ახალი სკანდალი, რომელმაც პოლიტიკოსების აღშფოთება გამოიწვია.

ოპოზიციურმა ტელეარხმა ТV Pirveli-მ შაბათს დილით გამოუშვა შემაჯამებელი გადაცემის ანონსი, სადაც საუბარია სკანდალური აუდიოჩანაწერების გამოქვეყნებაზე. ჩანაწერში ფიგურირებენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე. ტელეკომპანიის მონაცემებით, აუდიოჩანაწერებში საუბარია იმ პირთა მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, რომლებიც ბერა ივანიშვილის სოციალურ ქსელებში არასასურველი „კომენტატორები“ არიან.

აუდიოჩანაწერში ხმების ავთენტურობა უკვე დაადასტურა მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ, მაგრამ, მისი თქმით, ჩანაწერი ჯერ კიდევ 2011 წელს არის გაკეთებული.

„აუდიოჩანაწერი 2011 წელს არის გაკეთებული, რაღაც ფრაგმენტებია ამოღებული და შეკოწიწებული“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ამავე დროს მან აღნიშნა, რომ ტელეკომპანია მიზანმიმართულად ავრცელებს ტყუილებს.

„სამწუხაროა, რომ ამ „ფეიკ“ ინფორმაციას საზოგადოებაში ავრცელებენ, რათა ახალგაზრდები დაარწმუნონ, თითქოს მათ პერიოდში არც ქუჩაში ხოცავდნენ ხალხს, არც აწამებდნენ, რომ იქნება მეტი ახალგაზრდა მოიზიდონ იმ უაზრო აქციებზე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მმართველი პარტიის სხვა ლიდერი, სოზარ სუბარი ტელეარხის მიერ სიუჟეტის გამოქვეყნების აკრძალვის წინადადებით გამოვიდა.

„სასამართლოს პირდაპირ შეუძლია, გამოსცეს ამკრძალავი ნორმა, რომელიც აკრძალავს ამ სიუჟეტის ეთერში გასვლას, მაგრამ ვიდრე საქმე სასამართლომდე მივა, კარგი იქნება, სახალხო დამცველმა გამოთქვას თავისი პოზიცია და შეაფასოს, რა ჰქვია ასეთი უკანონო ჩანაწერების გამოქვეყნებას“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დაგმო აუდიოჩანაწერების გამოქვეყნება და მოპოვება და აღნიშნა, რომ საზოგადოება დიდი ხანია ითხოვს მსგავსი ფაქტების დროულ და ობიექტურ გამოძიებას, მაგრამ უშედეგოდ.

ამასთან სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ მხოლოდ საგამოძიებო ორგანოების მიერ ჩატარებული გამოძიებისა და ჩანაწერების ავთენტურობის დადასტურების შემდეგ შესაძლებელია საუბარი იმაზე, შეიცავს თუ არა ეს ჩანაწერები დანაშაულის ნიშნებს.

აუდიოჩანაწერების გამოქვეყნება ოპოზიციაშიც დაგმეს.

„ფარული ჩანაწერების ფორმით პოლიტიკის წარმოება ვერ იქნება წინგადადგმული ნაბიჯი ამ ფაზაში, რომელშიც ჩვენ ყველანი ვიმყოფებით. ჩვენ გვჭირდება ახალი მორალური სტანდარტი პოლიტიკაში და „ლელო“ ყოველთვის, რაც დავფუძნდით, ვემხრობით და ვნერგავთ ახალ ეთიკურ სტანდარტს ქართულ პოლიტიკაში“, – განაცხადა „ლელოს“ წარმომადგენელმა გრიგოლ გეგელიამ.

აუდიოჩანაწერების გამოქვეყნებას მავნებელს უწოდებს ასევე „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია.

„პირადად მე და „ევროპულ საქართველოს“ გვაქვს იგივე პოზიცია და ძალიან საზიანოდ მიგვაჩნია ზოგადად იმ ტიპის ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება, რომელთა კანონიერების წყაროც ცნობილი არ არის“, - განაცხადა ბოკერიამ.

პოლიტიკური სპექტრის მხრიდან უარყოფითი შეფასებების მიუხედავად, ტელეკომპანია სიუჟეტის მოხსნას ჯერ არ აპირებს, ის ეთერში შაბათს საღამოს გავა.

 

20

ანტი-კომენდანტი: აქცია კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ თბილისში

0
შაბათს თბილისის საკრებულოს შენობასთან კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ რამდენიმე საათიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. დაწვრილებით - Sputnit-საქართველოს ვიდეოში იხილავთ

კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ აქციაში 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მომიტინგეებს შორის ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც გასართობი დაწესებულებეის გახსნასა და საკომენდანტო საათის გაუქმებას მოითხოვდნენ. ზოგიერთი მათგანის ბანერზე ეწერა „ანტი-კომენდანტი“.

აქციაში ასევე მონაწილეობდნენ მომღერლები, მუსიკოსები, ტურისტული სფერს წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები, მათ შორის პარტია „გირჩისა“ და ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო სექტორის აქტივისტები.

აქცია თავდაპირველად უშუალოდ საკრებულოს შენობასთან დაიწყო, მოგვიანებით დემონსტრანტებმა ბანერებიანად წრიულ კუნძულზე წმინდა გიორგის ქანდაკების ძირში გადაინაცვლეს. მიტინგის დროს სატრანსპორტო მიმოსვლა შეიზღუდა, თუმცა არ გადაკეტილა. საავტომობილო მოძრაობას ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებდნენ.

 

0