კორონავირუსის ეპიდემია საქართველოში

ქართველი ეპიდემიოლოგები კორონავირუსის ახალ აფეთქებას ელოდებიან

184
(განახლებულია 18:45 30.12.2020)
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, კორონავირუსის შემთხვევების მატება 10-დან 20 იანვრამდეა შესაძლებელი.

თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში იანვრის მეორე ნახევარში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა შესაძლოა მოიმატოს, ვინაიდან  საახალწლო პერიოდში ქვეყანაში მობილობა იზრდება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

ეპიდემიოლოგები საზოგადოებას მოუწოდებენ, ახალი წლის დღეებში თავი შეიკავონ ახლობლების მონახულებისა და ხალხმრავლობისგან, ამასთან მცირედი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაშიც ჩაიტარონ ტესტირება.

„ნებისმიერი აქტივობა, რაც იქნება საახალწლო პერიოდში, გარკვეულწილად რისკის მატარებელია. ამიტომ შესაძლოა, იანვრის მეორე ნახევარში გარკვეულ მატებას ველოდოთ. წესების დაცვის პირობებში დაცული ვიქნებით იმისგან, რომ ეს მატება არ მოხდეს, მაგრამ მზაობა მაინც გვაქვს“, - განაცხადა გაბუნიამ.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, შეზღუდვების შედეგად  ბოლო დღეებში ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში შედარებით დასტაბილურდა და შესაძლებელია, უახლოეს დღეებში კლების ტენდენციაც კი დაფიქსირდეს.

გაბუნიას კორონავურუსით სიკვდილიანობის შესახებაც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ორი-სამი კვირა დასჭირდება იმას, რომ შემცირდეს მძიმე  და შემდეგ ლეტალური შემთხვევები.

„ამას კიდევ გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა კარგია ის, რომ სიკვდილიანობის მატების ტენდენცია არ აღინიშნება. აქაც გვაქვს გარკვეული სტაბილიზაციის მაჩვენებელი“, – განაცხადა გაბუნიამ.

გაბუნიას განცხადებით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დასტაბილურება ჰოსპიტალური სექტორისთვის დიდი შეღავათი იყო.

„ქვეყნის მასშტაბით არსებული საწოლების რაოდენობის დაახლოებით 35 პროცენტი თავისუფალია. აქედან უფრო მეტი თავისუფლება არის აჭარის რეგიონში, სადაც რეალურად უკვე გვაქვს ეპიდემიის მაჩვენებლების ჭეშმარიტი კლება“, - ამბობს გაბუნია.

ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს: სავალდებულოა პირბადის ტარება, 21:00 საათის შემდეგ გარეთ გასვლა იკრძალება, არ მუშაობს მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, დაკეტილია სპორტული დარბაზები, სკოლები, საბავშვო ბაღები და ა.შ. გადაადგილებაზე შეზღუდვები მოიხსნება ახალი წლისა და შობის ღამეს. ამ დროისათვის სავაჭრო ცენტრები, შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქების გამო, დილის 7 საათიდან 19:00 საათამდე ღიაა.

შეზღუდვები 2021 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და მის შემსუბუქებაზე საკოორდინაციო საბჭო მხოლოდ თებერვლის დასაწყისში იმსჯელებს.

ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.738-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 225.893-ს მიაღწია.

184
საერთაშორისო კოსმოსური სადგური

„ელფები“ დედამიწაზე: ISS-ის ჩქაროსნულმა ტელესკოპმა უიშვიათესი კადრები გადაიღო - ვიდეო

18
(განახლებულია 11:56 25.01.2021)
საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე არსებულმა ჩქაროსნულმა ტელესკოპმა უიშვიათესი კადრები გადაიღო დედამიწის იონოსფეროში

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. საერთაშორისო კოსმოსური სადგურის რუსულ სეგმენტზე არსებულმა მოწყობილობამ იშვიათი ბუნებრივი მოვლენა — ორმაგი და სამმაგი „ელფები“ დააფიქსირა, იუწყება РИА Новости.

მანამდე ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ (ESA ) გაავრცელა ინფორმაცია, რომ ექსპერიმენტ ASIM–ის ფარგლებში იშვიათი მოვლენა დაფიქსირდა, რომელიც დედამიწის ზედაპირიდან არ ჩანს. ESA–მ წარმოადგინა ანიმაცია, რომელზეც ასახულია, როგორ ადის 50 კმ სიმაღლეზე მანათობელი ნაკადები, „ელფები“ — იონოსფეროში ოპტიკური და ულტრაიისფერი გამოსხივების დიდ მანძილზე სწრაფად გავრცელებადი ნაკადები.

ამასთან აღინიშნება, რომ ESA–მ კამერებზე ვერ დააფიქსირა უშუალოდ „ელფების“ წარმოქმნა, ვინაიდან მათ არ აქვთ დროის მაღალი გაფართოების მოწყობილობები.

„მათ უბრალოდ გამოსხივების სპექტრით ივარაუდეს, რომ ეს „ელფები“ იყო“, — აცხადებს ბირთვული ფიზიკის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი პაველ კლიმოვი.

მისი თქმით, ეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე არსებულმა რუსულმა მოწყობილობამ შეძლო, რომელიც ამ დროისათვის ევროპულის პარალელურად მუშაობს.

კლიმოვი განმარტავს, რომ რუსული ჩქაროსნული ტელესკოპის მგრძნობიარობა ევროპულისას აღემატება, ამიტომაც შეუძლია „დაინახოს“ მოვლენები, რომლებსაც ASIM–ი ვერ ამჩნევს.

მეცნიერის განმარტებით, ამ დროისათვის დაახლოებით 15–20 ელფია დარეგისტრირებული.

 

18
თემები:
საერთაშორისო პანორამა
აქცია ბათუმში

ბათუმში აქტივისტ ირაკლი ფანგანის მხარდამჭერი აქცია განახლდება

17
(განახლებულია 11:41 25.01.2021)
აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილთან დაკავშირებით ბათუმში მომხდარ ინციდენტის ფაქტზე  პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. ბათუმში საზოგადოებრივი მოძრაობა „ალტერნატივის“ აქტივისტის ირაკლი ფანგანის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია  აჭარის პოლიციის სამმართველოსთან დღესაც გაიმართება.

პოლიციამ ფანგანი კვირას დააკავა –  ფანგანმა ბულვარის ტერიტორიაზე 16-სართულიანი შენობის მშენებლობის წინააღმდეგ  23 იანვარს გამართულ აქციაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა.

აქციაზე დეპუტატის გამოჩენამ აქტივისტების გაღიზიანება გამოიწვია, რადგანაც ჩავლეიშვილი ერთადერთი ოპოზიციონერია, რომელმაც სადეპუტატო მანდატზე უარი არ განაცხადა. 

ფანგანი ორგანიზაციის ოფისში დააკავეს. გამოძიება მიმდინარეოს სსკ–ის  156–ე („დევნა“) და 239–ე („ხულიგნობა“) მუხლებით.

აქციის მონაწილეები, რომელთა შორისაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იყვნენ, აცხადებენ, რომ ხელისუფლება ფანგანთან მიმართებით შერჩევით სამართალს იყენებს.

 „არავის სჯერა, რომ პოლიციის ეს ქმედება სამართლიანობის აღდგენას ემსახურება, ერთმნიშვნელოვნად ადგილი აქვს შერჩევით სამართალს... პროტესტი გაგრძელდება“, – განაცხადა ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მირდატ ქამადაძემ.

„მომხდარ ფაქტი, რა თქმა უნდა, არ ჯდება თავისუფლების გამოხატვის ფარგლებში, თუმცა, ჩვენ ვთვლით, რომ ამ ადამიანის დასჯა – პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ვაჟა დარჩიამ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ინფორმაციით, ორშაბათს პოლიცია ინციდენტში მონაწილე სხვა პირების გამოკითხვას გეგმავს.

17