თუშეთი

თუშეთის მიმართულებით ყოველკვირეული რეისები განახლდა

42
(განახლებულია 14:44 17.11.2020)
შსს-ს ცნობით, ვერტმფრენი ომალოსა და მიმდებარე სოფლებში კვირაში ერთხელ იფრენს და მესაზღვრეებსა და ადგილობრივ მოსახლეობას მოემსახურება.

თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა ალვანიდან თუშეთის მიმართულებით ყოველკვირეული რეისები განაახლა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თოვის გამო თუშეთის გზა ჩაიკეტა>>

შსს-ს ცნობით, სასაზღვრო ავიაციამ განახლებული რეისით სოფელ ომალოში პირველი მგზავრები უკვე გადაიყვანა. გზის ჩაკეტვის გამო თუშეთში დარჩენილი მოსახლეობა კი ბარში ჩამოიყვანა.

„სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი საავტომობილო გზის ამოქმედებამდე, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველსაყოფად, ომალოსა და მიმდებარე სოფლებში რეგულარულად, კვირაში ერთხელ იფრენს და მესაზღვრეებთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობასაც მოემსახურება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, რეგულარული რეისების დანიშვნის შემდეგ თუშეთში ზამთრის პერიოდში ორჯერ მეტი მოსახლე რჩება.

თუშეთში, რომელიც ზღვის დონიდან 1900-2400 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, 52 სოფელია. რთული გეოგრაფიული და მეტეოროლოგიური პირობების გამო ზამთრის სეზონზე, ოქტომბრიდან მაისამდე, ფშავი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე მოძრაობა იზღუდება. ამ პერიოდში მაღალმთიანეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალმთიან სოფლებში მუდმივად მცხოვრებ თუშებს ვერტმფრენი 2017 წლიდან ემსახურება.

42
აქცია პარლამენტთან

პარლამენტთან ორი საპროტესტო აქცია იმართება

12
(განახლებულია 17:51 30.11.2020)
საკანონმდებლო შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილთა მოთხოვნებია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების გამართვა და ამნისტიის შესახებ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ერთბაშად ორი საპროტესტო აქცია იმართება, იუწყება „Sputnik საქართველოს“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან. 

ერთ აქციაზე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ, მეორეზე კი პატიმრების ამნისტიას.

პირველი აქციის ორგანიზატორები მოძრაობა „დაიცავი არჩევნები“ და „მოძრაობა საქართველოსთვის“ აქტივისტები არიან. ერთ–ერთი ორგანიზატორის დავით ნებიერიძის განმარტებით, ვიდრე საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება, მომიტინგეები აქციებს მანამდე გააგრძელებენ. 

ამასთან, ნებიერიძემ აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეებისთვის საჭიროა გათბობის საშუალება, რამდენადაც ცივი ამინდის გამო ისინი საფრთხეს უქმნიან საკუთარ ჯანმრთელობას.

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ამტკიცებენ, რომ კენჭისყრის შედეგები გაყალბდა. პარლამენტში შესული რვა პარტია სადეპუტატო მანდატებზე უარს აცხადებს. მმართველ პარტიაში ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ჯერ კიდევ არჩევნების წინ ოპოზიცია ქვეყანაში რევოლუციურ სცენარს ამზადებდა.

მეორე აქციის მონაწილეები ამნისტიის შესახებ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღებას მოითხოვენ. მსგავსი მოთხოვნით აქციები საკანონმდებლო ორგანოს წინ შემოდგომის დასაწყისშიც გაიმართა – მსჯავრდებულთა დედებმა საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადეს.

აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორის, ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის თქმით, 7 დეკემბერს  აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის ირგვლივ „ცოცხალ ჯაჭვს“  შეკრავენ. 

2020 წლის მაისის ბოლოს არსებული მონაცემებით, საქართველოს ციხეებში 341 ქალი და დაახლოებით 9 ათასი მამაკაცია.

პატიმართა უმრავლესობის ასაკი 26-დან 49 წლამდეა. საპატიმროებში ორი არასრულწლოვანი გოგონა და 45 მოზარდია. დანარჩენები 18 წელს ზემოთ ასაკის არიან.

პატიმართა ნახევარზე მეტი სასჯელს ნახევრად დახურული ტიპის დაწესებულებებში იხდის. მათთვის ნებადართულია კამერის დატოვება, მუშაობა, ეზოში გასვლა. კიდევ დაახლოებით 1,7 ათასი ვადას დახურული ტიპის დაწესებულებებში იხდის. 176 პატიმარი კი მაღალი რისკის დაწესებულებაშია, სადაც მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს.

12
უდაბნო იუთას შტატში

უდაბნოში ნაპოვნი „უცხოპლანეტური“ მონოლითი სადღაც გაუჩინარდა: ვიდეო

10
(განახლებულია 17:52 30.11.2020)
იუტას უდაბნოში ორიოდე დღის წინ შემთხვევით ნაპოვნი იდუმალი ობელისკი უკვალოდ გაქრა და ახალი თავსატეხი გაუჩინა მსოფლიოს

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. მბრწყინავი ლითონისგან დამზადებული იდუმალი მონოლითი, რომელიც იუტის (აშშ) უდაბნოში ორიოდე დღის წინ აღმოაჩინეს, უკვალოდ გაქრა, იუწყება მედია.

​გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 3 მ სიმაღლის მონოლითი, რომელიც უცხოპლანეტურ ნაგებობას ჰგავს, იუტის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა შენიშნეს ვერტმფრენიდან, როდესაც უდაბნოს თავზე შემოფრენას ახორციელებდნენ.

აღსანიშნავია, რომ ინფორმაციამ უცნაური აღმოჩენის შესახებ მსოფლიოს ყველა ქვეყნის მედიასაშუალებები შემოიარა.

შტატის ხელისუფლებამ დაადასტურა იდუმალი მონოლითის პოვნის ფაქტი, მაგრამ მისი ზუსტი კოორდინატების გამჟღავნებაზე იარი თქვეს. გადაწყვეტილების მიზეზად ადამიანების სიცოცხლეზე ზრუნვა დაასახელეს, ვინაიდან უდაბნოს ცენტრში მდებარე ობელისკამდე მისვლა კარგად მომზადებული ადამიანებისთვისაც კი სახიფათო იყო.

მიუხედავად ამისა, ზოგმა დაინეტერსებულმა პირმა მაინც შეძლო მიეგნო ობელისკისთვის.

​თვითმხილველების თქმით, უდაბნოში ნაპოვნი მონოლითი ძალიან ჰგავდა ფორმით ობელისკს სტენლი კუბრიკის ფილმ „2011 წლის კოსმოსური ოდისეიდან“ — ოღონდ იმ განსხვავებით, რომ შავი კი არ იყო, არამედ მბრწყინავი ვერცხლისფერი.  

შტატის ხელისუფლებამ ობიექტის შესწავლა დაიწყო, ხოლო მიწათმოწყობის ბიურომ განაცხადა, რომ საზოგადოებრივ ტერიტორიებზე ნებისმიერ კონსტრუქციის, მათ შორის, უცხოპლანეტურისაც , უკანონოდ მიიჩნოვა. თუმცა ისინი კატეგორიულად უარყოფენ მონოლითის იდუმალ გაუჩინარებასთან რაიმე კავშირს.

როგორც მედია წერს, „უცხოპლანეტური“ ობელისკისგან ახლა ადგილზე მხოლოდ ნათხარი და ლითონის სამკუთხედია დარჩენილი, რომელიც მანამდე კონსტრუქციის თავზე იყო დამაგრებული.

როგორც კოლორადოს მკვიდრი რიკარდო მარინო ამბობს გამოცემასთან, მან მონოლითთან მისასვლელ გზაზე ღამით, დაახლოებით 22:40 საათზე სატვირთო ავტომობილი შენიშა. რომელსაც დიდი სწორკუთხა საგანი გადაჰქონდა. მან ვერ შენიშნა, ზუსტად რა მიჰქონდა ავტომობილს, მაგრამ ადგილზე მისულს ობელისკი აღარ დახვდა.

 

10
თემები:
მსოფლიო დღეს
შორენა მონდაძე

11 შვილის დედა მოლბერტთან, მისი საოცარი ნახატები და ცხრა წლის გოგო, რომელიც ას თხას უვლის

0
(განახლებულია 17:27 30.11.2020)
ლილოსთან ახლოს მდებარე სოფელ ნასაგურში ცხოვრობს ქართული ოჯახი, რომლის დიასახლისი, 47 წლის შორენა მონდაძე 11 შვილის დედაა...

თუმცა მას სხვა ღირსებაც აქვს - საოცრად ხატავს. თვლის, რომ მოყვარული მხატვარია, თუმცა მის ნახატებში სიცოცხლე ჩქეფს და ისინი პოზიტიური გზავნილებია სამყაროში. ძირითადად საბავშვო თემატიკა უყვარს და ეს ბუნებრივიცაა. დედის შემოქმედების პირველი შემფასებლები ბავშვები არიან. გარდა ამისა, ამ თბილ ოჯახში, სადაც სიკეთე მთავარი ღირებულებაა, შრომას თავიდავე ეჩვევიან.

შორენა მონდაძე ოჯახთან ერთად
შორენა მონდაძე ოჯახთან ერთად

- ქალბატონო შორენა, საბავშვო თემატიკაზე რომ ხატავთ, ამის მიზეზი ის არის, რომ მრავალშვილიანი დედა ხართ თუ ეს თქვენში შემორჩენილი ბავშვობის გამოძახილიცაა?

- ხატვა ბავშვობიდან მოყოლებული მიყვარს. ალბათ ბავშვობის სიკეთე ჩემშიცაა შემორჩენილი. განსაკუთრებით მიყვარს საბავშვო თემატიკაზე ხატვა. თოიძის სამხატრო სასწავლებელი დავამთავრე, მაგრამ ვთვლი, რომ მოყვარული მხატვარი ვარ. ყველაზე ნათლად ბავშვობის ემოცია მახსენდება, როდესაც ჩემი ნახატების გამოფენაზე ერთ-ერთი ესკიზი ძალიან მოეწონა სახელგანთქმულ მხატვარსა და მოქანდაკეს, გივი მიზანდარს, მისგან ქებაც დავიმსახურე. ის სიტყვები ჩემთვის დიდ მოტივაციად იქცა.

შორენა მონდაძის შემოქმედება
შორენა მონდაძის შემოქმედება

- საერთოდ ასლების სამყარო გხიბლავთ და პორტრეტებს ფოტოებიდანაც ქმნით...

- დიახ, ძირითადად ცნობილი ნახატების ასლებს ვქმნი. მომწონს სოციალური თემატიკის ნამუშევრები. ფოტოებს რაც შეეხება, პირველად ფოტოდან ჩემი შვილის პორტრეტი დავხატე. დღეს შეკვეთებზეც ვმუშაობ.

შორენა მონდაძის შემოქმედება
შორენა მონდაძის შემოქმედება

- როგორ უყურებენ ოჯახში მოლბერტთან  მდგარ დედას?

- ოჯახის წევრები მიჩვეული არიან ჩემს საქმიანობას. პატარებს თუ არ ჩავთვლით, ყველა ცდილობს, რომ ხელი შემიწყოს. უფროსებს ხატვის ყველა ეტაპზე ვეკითხები აზრს: აქ როგორ გავაკეთო, როგორ აჯობებს და მათ რჩევებს ვითვალისწინებ. შვილებს ყველაფერი მოსწონთ რასაც ვხატავ და ჩემი პირველი შემფასებლებიც ისინი არიან, ზოგჯერ თემებსაც მიკვეთავენ.

შორენა მონდაძის შემოქმედება
შორენა მონდაძის შემოქმედება

- ხატვის ნიჭი თუ გამოჰყვა რომელიმეს?

- დიახ, ბავშვებს გამოჰყვათ ხატვის ნიჭი, გატაცებული არ არიან, მაგრამ თუკი მოუნდებათ დახატავენ. ერთი მათგანი ძალიან კარგად ძერწავს პლასტელინით.

შორენა მონდაძის შემოქმედება
შორენა მონდაძის შემოქმედება

- თქვენი მეუღლე სასულიერო პირია, როგორ აფასებს თქვენს ნამუშევრებს და მისი თხოვნით თუ დაგიხატავთ?

- მასაც მოსწონს ჩემი ნამუშევრები. მეუღლის თხოვნით მაქვს რამდენიმე ნამუშევარი დახატული, რომლებიც ძირითადად ბიბლიური თემატიკის შემცველია.

შორენა მონდაძის შემოქმედება
შორენა მონდაძის შემოქმედება

- გმირი დედა ხართ, რომელმაც ამბობენ, ყველაზე მეტი ჟღენტი გააჩინა, შვილების აღზრდის დროს რა არის მთავარი?

- აღზრდის დროს, პირველ რიგში, ალბათ, მაგალითის ძალაა მთავარი, რადგან ბავშვები გვიყურებენ როგორ ვცხოვრობთ, მერე გვბაძავენ და იმასვე იმეორებენ. ამის გარდა, სულ ვეუბნები, რომ კარგი ადამიანები იყვნენ და სიკეთე აკეთონ-სხვა რა უნდა ვასწავლო?

შორენა მონდაძის შემოქმედება
შორენა მონდაძის შემოქმედება

- პატარა მეურნეობა გაქვთ და ბავშვებს შრომას აჩვევთ...

- დიახ, თხების მეურნეობა გვაქვს, ასი თხა გვყავს. ჩემი ერთ-ერთი გოგო, რომელიც ცხრა წლისაა, თვითონ  წველის თხებს, მათ არავის აკარებს ახლოს. მოკლედ, ერთ ამბავშია და ამ თხებს მარტო თვითონ უვლის...

შორენა მონდაძის შემოქმედება
შორენა მონდაძის შემოქმედება

- მისი პორტრეტი თუ გაქვთ დახატული?

- სხვათაშორის, ერთხელ მთხოვა თხებთან ერთად დამხატეო და დავხატე, ძალიან მოსწონს ის ნახატი.

შორენა მონდაძის შემოქმედება
შორენა მონდაძის შემოქმედება

- დღის რომელ მონაკვეთში ხატავთ ხოლმე?

- ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, ცოტა დრო მაქვს საყვარელი საქმიანობისთვის, თუმცა ხატვას მაინც ვახერხებ. ვხატავ ყოველთვის, როცა თავისუფალი დრო მაქვს, ძირითადად საღამოს. ღამე როცა არ მეძინება და მუზა მომივლის სიამოვნებით დავხატავდი, მაგრამ შუქს ვერ ვუნთებ ბავშვებს...

შორენა მონდაძის შემოქმედება
შორენა მონდაძის შემოქმედება

- უფლის ყველაზე დიდ წყალობად რას თვლით?

- ღვთის ყველაზე დიდი წყალობა ჩემთვის ოჯახია. სხვათა შორის, ჩემს ერთ-ერთ შვილს წყალობა ჰქვია...

 

0