ევროპოლის შტაბ–ბინა

ევროპოლისა და საქართველოს თანამშრომლობით დაკავებულია მასშტაბური კრიმინალური ქსელის წევრები

72
(განახლებულია 20:31 04.11.2020)
შსს-ს ცნობით, კრიმინალური ქსელი QQAAZZ-ის დაკავებული წევრები მსოფლიოს წამყვანი კიბერდამნაშავეების დავალებით ათობით მილიონი ევროს გათეთრებას ცდილობდნენ.

თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. ევროპოლის და ქართველი სამართალდამცველების თანამშრომლობის შედეგად კრიმინალური ქსელი QQAAZZ-ის 20 წევრია დაკავებული, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

უწყების ცნობით, უპრეცედენტო საერთაშორისო საპოლიციო ოპერაცია – 2BaGoldMule ევროპოლის მიერ კოორდინირებული საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად ჩატარდა და ოპერაციაში ჩართული იყო 16 ქვეყნის სამართალდამცველი უწყება.

„დაკავებულ იქნა კრიმინალური ქსელი QQAAZZ-ის 20 წევრი, რომლებიც მსოფლიოს წამყვანი კიბერდამნაშავეების დავალებით ათობით მილიონი ევროს გათეთრებას ცდილობდნენ“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ოპერაციას წინ უძღოდა კომპლექსური გამოძიება პორტუგალიის, აშშ-ისა და ესპანეთის პოლიციის, ასევე გაერთიანებული სამეფოს, საქართველოს, ლატვიის, ბულგარეთის, იტალიის, გერმანიის, შვეიცარიის, პოლონეთის, ჩეხეთის, ავსტრალიის, შვედეთის, ავსტრიისა და ბელგიის სამართალდამცველი უწყებების მიერ, ევროპოლის კოორდინაციით.

„დადგინდა, რომ QQAAZZ-ის ქსელს, რომლის წევრები იყვნენ ლატვიიდან, საქართველოდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან და ბელგიიდან, ასობით კორპორატიული და პირადი საბანკო ანგარიში ჰქონდა გახსნილი მსოფლიოს მასშტაბით, სადაც ირიცხებოდა კიბერკრიმინალების მიერ მსხვერპლების ანგარიშებიდან მოპარული თანხა. შემდეგ აღნიშნული თანხები ირიცხებოდა QQAAZZ-ის მიერ კონტროლირებად ანგარიშებზე და ხშირად თანხების კონვერტაცია ხდებოდა კრიპტოვალუტაში“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ქართული მხრიდან გამოძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრი და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო.

საქართველოს ევროპის საპოლიციო გაერთიანებაში მეკავშირე ოფიცერი ჰყავს>>

საქართველოს შსს-სთვის საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა ერთ–ერთი პრიორიტეტული საკითხია. 2017 წლის აპრილში სამინისტრომ ევროპის პოლიციის სამსახურთან (ევროპოლთან) ხელი მოაწერა შეთანხმებას თანამშრომლობის შესახებ, ხოლო 2018 წლის სექტემბერში ევროპოლის შტაბ-ბინაში საქართველოს ოფისი გაიხსნა. გარდა ამისა, ევროპის ქვეყნებში საქართველოდან პოლიციის ატაშეები გაგზავნეს.

72
ვაშლი

ქართული ვაშლის ექსპორტიდან მოგებამ 2 მლნ დოლარს გადააჭარბა

4
(განახლებულია 22:41 24.11.2020)
საქართველოში წელს ვაშლის უხვი მოსავალი იყო, რომლის დიდი ნაწილი ექსპორტზე რუსეთის ფედერაციაში გავიდა.

 

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. ბოლო მონაცემებით საქართველოდან 5045  ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებაც 2,2 მლნ აშშ დოლარია, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 

უწყების ცნობით, 1 აგვისტოდან 23 ნოემბრამდე პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა 12-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 1,9 მლნ აშშ დოლარითაა გაზრდილი.

ქართული ვაშლის ძირითადი ექსპორტიორი რუსეთია, სადაც 4 884 ტონა გავიდა. შემდეგ მოდის ყაზახეთი, სომხეთი, სინგაპური და ჰონკონგი.

წელს საქართველოში ვაშლის უხვი მოსავალი იყო – 120 ათას ტონაზე მეტი. მისი ძირითადი ნაწილი შიდა ქართლის რეგიონზე მოდის.

სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფოს მხარდაჭერით ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები საქართველოს მასშტაბით 1 128 ჰექტარზე გაშენდა.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში სახელმწიფოს თანადაფინანსებამ 9 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

პროგრამას „დანერგე მომავალი“ სოფლის განვითარების სააგენტო 2015 წლიდან ახორციელებს. სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მათი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

4
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა
მართლმსაჯულება

ეუთო/ოდირი საქართველოში მოსამართლეთა შერჩევის პროცესს მონიტორინგს გაუწევს

16
(განახლებულია 21:14 24.11.2020)
საქართველოსთვის მნიშვნელოვან პროცესზე დაკვირვების თხოვნით საერთაშორისო ორგანიზაციას ომბუდსმენის აპარატმა მიმართა

 

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. ეუთო/ოდირის მისია მზადაა თვალი მიადევნოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს, ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა საქართველოსთვის ერთ-ერთი რთული თემაა, რომელმაც 2019 წლის დასაწყისში ხმაურიანი სკანდალი გამოიწვია. ვითარების დასამშვიდებლად მოსამართლეების შერჩევის ახალი წესები შემუშავდა. მათი ნაწილი უკვე შერჩეულია, თუმცა ყველა ადგილი არ შევსებულა, რადგან გადაწყდა, რომ წესები გადაიხედოს და მოსამართლეების დამტკიცების საშუალება 2020 წლის მოწვევის პარლამენტს მიეცეს.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა თხოვნით მიმართა ეუთო/ოდირს, მონიტორინგი გაუწიოს საქართველოში უზენაესი სასამართლოს 10 მოსამართლის ვაკანსიაზე მიმდინარე შერჩევის პროცესს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, იმის გამო, რომ 2019 წელს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი მწვავედ იყო გაკრიტიკებული, პარლამენტმა 2020 წლის სექტემბერში მიიღო ახალი საკანონმდებლო ნორმები, რომელთა საფუძველზეც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ვაკანტურ ადგილებზე შერჩევის პროცესი დაიწყო. ცხრა ვაკანსიაზე დოკუმენტების მიღება უკვე დასრულდა.

 „ვინაიდან ეუთო/ოდირს უკვე შეფასებული აქვს წინა შერჩევის პროცესის მიმდინარეობა, ბუნებრივია უაღრესად მნიშვნელოვანია მათი დაკვირვების ქვეშ მოექცეს მიმდინარე პროცესიც, რათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეფასდეს ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი. ამ ეტაპისთვის ზუსტდება ეუთო/ოდირის მონიტორინგის განხორციელების უშუალო ფორმა და მეთოდები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პროცესს თავისი კომპეტენციის  ფარგლებში ზედამხედველობას გაუწევს ასევე საქართველოს სახალხო დამცველი.

მოსამართლეთა შერჩევის წესი

შერჩევა ოთხ ეტაპად მიმდინარეობს, რის შემდეგაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანდიდატებს წარუდგენს პარლამენტს, რომელიც თითოეულ კანდიდატურას ცალკე უყრის კენჭს. 

პირველ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჩაატარებს ფარულ კენჭისყრას კანდიდატების შესარჩევად. მათი რაოდენობა ვაკანსიების რაოდენობას სამჯერ უნდა აღემატებოდეს.

შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭო თითოეულ კანდიდატს გაესაუბრება საჯაროდ და შეამოწმებს ინფორმაციას მათ შესახებ.

შემდგომ ეტაპზე, გასაუბრების შედეგად, მცირდება კანდიდატების რაოდენობა უზენაეს სასამართლოში ვაკანტური ადგილების შესაბამისად.

ბოლო ეტაპია კენჭისყა, რათა საბოლოოდ შერჩეული კანდიდატები პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინონ. სიაში ხვდება ის, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა 2/3 მისცემს ხმას.

16