Глава Минздрава Грузии Екатерина Тикарадзе

ტიკარაძე ცირეკიძის ოჯახს შეხვდა: მზად ვართ საექსპერტო ჯგუფის მობილიზებისთვის

407
(განახლებულია 17:41 11.08.2020)
დაკავებულ ექიმებს, რომელთაც ბრალად ედებათ უკანონო საექიმო საქმიანობა, კოლეგებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს.

თბილისი, 11 აგვისტო - Sputnik. მზად ვართ, საექსპერტო ჯგუფის მობილიზაცია მოვახდინოთ და ექსპერტიზის შედეგად ზუსტად დადგინდება, რის გამო მიადგა პაციენტს ზიანი, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი 25 წლის ნათია ცირეკიძის საქმეზე საუბრისას.

ნათია ცირეკიძე ორი ოპერაციის გადატანის შემდეგ, უკვე მეორე წელია, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს პროკურატურამ ბრალი სამ ექიმს წარუდგინა.

ეკატერინე ტიკარაძე ნათია ცირეკიძის ოჯახის წევრებსა და მათ ადვოკატს ჯანდაცვის სამინისტროში შეხვდა, სადაც პაციენტის მდგომარეობასა და მკურნალობის პროცესში სხვა კლინიკების ჩართულობაზე ისაუბრეს.

ტიკარიძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო პაციენტის ამჟამინდელ მდგომარეობას განიხილავს და შემდეგ გადაწყდება, სად გაგრძელდება მისი მკურნალობა.

„ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკიდან პაციენტის ამჟამინდელ მდგომარეობას გამოვითხოვთ და განვიხილავთ ყველა შესაძლებლობას, სად შეიძლება მისი მკურნალობა გაგრძელდეს”, – განაცხადა მინისტრმა.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, გამოძიების გამჭირვალედ ჩასატარებლად,  ძალიან მნიშვნელოვანია ექსპერტიზის ჩატარება.

„პაციენტის ოჯახის წევრების მხრიდან აღინიშნა, რომ დღემდე არ არის ექსპერტიზა ჩატარებული მათთვის მიყენებულ იმ ზიანზე, რომლის გამოც პაციენტი ამ მდგომარეობაში იმყოფება. იმის მიღმა, თუ რა დოკუმენტაციაც შეისწავლა რეგულირების სააგენტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩატარდეს ექპერტიზა, რათა გამოძიება უფრო გამჭვირვალედ და საგნობრივად ჩატარდეს“, – განაცხადა მინისტრმა.

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი გიორგი ლობჟანიძე და ამავე კლინიკის ექიმი ვახტანგ ყიფიანი 4 აგვისტოს დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მაგდა ხოჭოლავას მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

აქცია „ექიმები თეთრი ხალათებით“ მთელ საქართველოში გაიმართა>>

5 აგვისტოს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს გიორგი ლობჟანიძეს აღკვეთის ღონისძიებად გირაო – 100 ათასი ლარი შეეფარდა, ხოლო ამავე კლინიკის ექიმს ვახტანგ ყიფიანს – პატიმრობა. აგრეთვე პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მაგდა ხოჭოლავას.

საქართველოს მედიცინის მუშაკები მხარდაჭერას უცხადებენ დაკავებულებს და სხვადასხვა ღონისძიებას მართავენ.

407
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1796)
ადამიანები პირბადეებით

როდის მოხვდება საქართველო ნარინჯისფერ ან წითელ ზონაში: თამარ გაბუნიას განმარტება

30
(განახლებულია 20:21 26.09.2020)
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოს სტატუსი რომ შეიცვალოს, ძალიან ბევრი ახალი შემთხვევა უნდა დაფიქსირდეს ინციდენტობის კუთხით

თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. საქართველო კორონავირუსის გავრცელების კუთხით კვლავ მწვანე ზონაში რჩება და ქვეყნისთვის ნარინჯისფერი და წითელი ზონა დაიწყება მას შემდეგ, თუ შემთხვევების რაოდენობა დღეში 500-დან 700-მდე გახდება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა ამ ნიშნულამდე არასდროს არ მივა.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 60 პაციენტი. დღესვე კორონავირუსით გარდაიცვალა 28-ე პაციენტი.

მისი განმარტებით, საქართველო გლობალურ შკალაზე კვლავაც დაბალი რისკის ქვეყანაა.

„რაც შეეხება ქვეყნის სტატუსს, გლობალური მაჩვენებლის თანახმად, დღეს ინციდენტობის (ანუ ახალი შემთხვევების) საშუალო მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე არის დაახლოებით 19. ითვლება, რომ ამ ნიშნულის ქვემოთ ქვეყნები არის დაბალი რისკის მატარებელი და ამის ზემოთ არის მაღალი რისკის მატარებელი. საქართველოს ორი კვირის ჯამური ინციდენტობის მაჩვენებელი 5,5 ერთეულია, რაც კვლავაც ქვედა ზღვარია გლობალურ შკალაზე და პირობითად ფასდება როგორც მუქი მწვანე ზონა (10-ზე ნაკლები 100 000 მოსახლეზე)“, - განაცხადა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართველოს სტატუსი რომ შეიცვალოს, ძალიან ბევრი ახალი შემთხვევა უნდა დაფიქსირდეს ინციდენტობის კუთხით, რომ ქვეყანა გადაცდეს გლობალურ საშუალოს.

მისივე განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა კვლავ მაღალია ბათუმში, თუმცა აჭარიდან სხვა რეგიონებში ინფექციის ფართო გავრცელების სურათი არ შეინიშნება.

საქართველოს მასშტაბით ახალი კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 4960-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1819 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5584, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 781 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

30
თემები:
COVID-19 საქართველოში
ეუთოს დროშა

საქართველოში არჩევნებზე ეუთოს 350 დამკვირვებელი ჩამოვა

20
(განახლებულია 20:07 26.09.2020)
დამკვირვებლები დააკვირდებიან არჩევნების ყველა ასპექტს - დაწყებული კანდიდატების და პარტიების რეგისტრაციით, დამთავრებული არჩევნების და წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებით

თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცესის დაკვირვებისთვის ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისიდან (OSCE/ODIHR) 350 დამკვირვებელი ჩამოვა, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

„ოდირის“ სადამკვირვებლო მისიის ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შეფასებაში წამყვანი იქნება. ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებმა უკვე განაცხადეს, რომ არჩევნები იქნება აღიარებული მისიის ანგარიშის საფუძველზე, თუ ის არ გამოავლენს სერიოზულ დარღვევებს არჩევნების და ხმების დათვლის პროცესში.

ეუთოს მონაცემებით, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი თავის დამკვირვებლებს ორ ეტაპად გამოგზავნის. პირველი ჯგუფი, რომელშიც 27 დამკვირვებელი და 13 ექსპერტი შევა, ქვეყანაში უკვე 30 სექტემბერს ჩამოვა. ისინი საქართველოში არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე დარჩებიან, ხოლო კიდევ 350 დამკვირვებელი უშუალოდ არჩევნების დღისთვის ჩამოვა.

„მისია შეაფასებს არჩევნების შესაბამისობას ეუთოს და სხვა საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აღებულ ვალდებულებებთან, ასევე დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების და ადგილობრივი კანონმდებლობის მიმართ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„დამკვირვებლები დააკვირდებიან არჩევნების ყველა ასპექტს - კანდიდატების და პარტიების რეგისტრაციას, წინასაარჩევნო კამპანიას, საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას, საკანონმდებლო ნორმების შესრულებას, საარჩევნო დავების გადაწყვეტას და არჩევნების და წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებას მედიაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კენჭისყრის დღეს მისია შეაფასებს ყველა პროცედურას, დაწყებული საარჩევნო უბნების გახსნით, დამთავრებული შედეგების შეჯამებით. დამკვირვებლები წინასწარ შედეგებს შეაჯამებენ კენჭისყრის მეორე დღეს, ხოლო საბოლოო დასკვნა არჩევნებიდან ორ თვეში გამოქვეყნდება.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. ამ არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება აქვს 3 501 931 საქართველოს მოქალაქეს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

20
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020