თბილისი, 22 მაისი — Sputnik. საქართველოში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობაზე შეიძლება ლიმიტი დაწესდეს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე.
მისი სიტყვებით, მთავრობა მუშაობს რეკომენდაციებზე, რომელთა გათვალისწინებაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობისას უნდა მოხდეს – გარკვეული სტანდარტები ცნობილი მომდევნო კვირაში გახდება.
„შეიძლება დაწესდეს ლიმიტი და ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მძღოლის ინდივიდუალური დაცვა“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მისი განმარტებით, მთავრობა ითვალისწინებს იმ ფაქტსაც, რომ მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება, სოციალური დისტანციის დაცვა რთული იქნება.
„სწორედ ამის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია ძალიან დეტალური მუშაობა იმისთვის, რომ მომავალში გარკვეული რისკები არ წარმოიშვას, რის გამოც მთავრობა შეიძლება კვლავ იძულებული გახდეს საგანგებო მდგომარეობა შემოიღოს და ჩვენ მოგვიწევს იმ სტატუსთან დაბრუნება, რომელიც მარტში გვქონდა“, – აღნიშნა ტიკარაძემ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ, თავის მხრივ, ბრიფინგზე განაცხადა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება.
„მესმის, რომ ახლა ზაფხულია, ადამიანებს ყველაფერი მობეზრდათ, ბევრი დისკომფორტი იყო. ამ დისკომფორტის ნაწილი მოიხსნება, თუმცა, სამწუხაროდ, ნაწილი დარჩება. და ჩვენ ამასთან შეგუება მოგვიწევს ტრანსპორტშიც. ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება“, – განაცხადა იმნაძემ.
მისი სიტყვებით, ჯერ ადრეა პანდემიის დასრულების გამოცხადება.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია, რომელიც მოსახლეობას აწუხებს. დღეისათვის ტაქსი – თბილისში გადაადგილების ერთადერთი საშუალებაა.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი დაწესდა, ასევე მუშაობა შეაჩერა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა და მეტრომ. 18 მარტიდან კი თბილისში სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და, stopcov.ge-ს განახლებული მონაცემებით, 723-ს მიაღწია. გამოჯამრთელებულია 495, გარდაცვლილია 12. კარანტინში იმყოფება 3 259 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 323. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში სამი თანამემამულეა გადმოყვანილი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა.
თბილისი, 25 თებერვალი - Sputnik. დეპუტატი ოპოზიციური პარტიიდან „მოქალაქეები“ ალეკო ელისაშვილი ოპოზიციის მხრიდან დაგეგმილ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას არ გეგმავს, თუმცა მოლაპარაკებების გაჭიანურება სამარცხვინოდ მიაჩნია.
სანქციები და პროტესტი: ოპოზიციამ თავისი გეგმების შესახებ განაცხადა>>
ოპოზიციამ ქუჩის საპროეტსტო აქციები „ნაცმოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრებიდან მალევე დააანონსა. ოპოზიციის გეგმებშია მასობრივი აქცია–მსვლელობის გამართვა პარასკევს.
მელია პარტიის ოფისში სამშაბათ დილით დააკავეს. ამან დიდი რეზონანსი გამოიწვია საერთაშორისო საზოგადოებაში. საქართველოს დასავლელი პარტნიორები მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებენ.
„ამ აქციებს არ შევუერთდები, მაგრამ მიმაჩნია, უბრალოდ სირცხვილია, რომ ამდენი ხანია არა და არ დაიწყო მოლაპარაკებები, ყველა მეგობარი გვეუბნება, რომ დასხედით, დაილაპარაკეთ... დეკლალირებულად ორივე მხარე ამბობს, რომ მოლაპარაკებების სივრცე დარჩა, მაგრამ მოლაპარაკება არა და არ იწყება. დღეს ყველა ქართველ პოლიტოკოსს უნდა შეგვრცხვეს ამ დაპირისპირების“, – განუცხადა ელისაშვილმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, მელია პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული.
„უნდა მოხდეს შეთანხმება, რომ ციხეში არ იჯდეს არავინ პოლიტიკური ნიშნით“, – აღნიშნა ელისაშვილმა.
ნიკა მელია 2019 წლის 20–21 ივნისს მასობრივი არეულობების ორგანიზების საქმეში ფიგურირებს. მან უარი განაცხადა მეორედ დანიშნული გირაოს გადახდაზე. პროკურატურამ გამოძიების პერიოდში მისი წინასწარი პატიმრობა მოითხოვა. სასამართლომ 17 თებერვალს პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ნიკა მელია ხელისუფლებას იმაში ადანაშაულებს, რომ ის პოლიტიკური პროცესებისგან მის იზოლირებას ცდილობს. მელიამ სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივად დაუმორჩილებლობა გამოუცხადა.
თბილისი, 25 თებერვალი - Sputnik. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორები საქართველოს“ დირექტორი, ტრენერი სოფო შუბლაძე კორონავირუსით გამოწვეული გართულების შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
სოფო შუბლაძე ცნობილი ჟურნალისტის, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნინო შუბლაძის უფროსი და იყო. სოფოს მდგომარეობა ბოლო თვის განმავლობაში რამდენჯერმე დამძიმდა, თუმცა ახლობლები მისი გადარჩენის იმედს არ კარგავდნენ.
„არსებობს მოთმინების, გააზრების, ატანის, მუდმივი შიშის ზღვარიც! ყველა ზღვარს გავცდი! უნდა მოერიოს! უნდა დაძლიოს! ყველა მეუბნება, სხვანაირად არ შეიძლებაო! ჰოდა, არ შეიძლება სხვაგვარად, სოფ! არა!” – წერდა ნინო შუბლაძე რამდენიმე დღის წინ.
კორონავირუსის გადატანის შემდეგ, მისი მდგომარეობა უმძიმესი იყო და არსებული ინფორმაციით, ის თრომბის შედეგად გარდაიცვალა. სოციალურ ქსელში მის გარდაცვალებას ცნობილი ადამიანები ეხაურებიან:
„დაუჯერებელია! ასე იშვიათად უყვართ ადამიანებს სიცოცხლე როგორც სოფოს უყვარდა. და ასე იშვიათად უყვართ ადამიანებს ერთმანეთი, როგორც თქვენ გიყვარდათ! ნინო შუბლაძე, ღმერთს ვთხოვ მოგცეს ძალა, ამ ჯოჯოხეთს გაუძლო!“, - წერს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი და მეგობარს დის გარდაცვალებას უსამძიმრებს.
„ყველაფერი მეწვის, ისე მეტკინა და მეწყინა ეს საშინელი ამბავი. ეს უკეთილესი და ძალიან ნიჭიერი, დიდი ენერგეტიკის ადამიანი როგორ წავიდა ამ ქვეყნიდან და დაგვტოვა, ვერც კი ვიჯერებ ვუსამძიმრებ ოჯახს და განსაკუთრებით ნინო შუბლაძეს, რომლისთვისაც სოფო ნამდვილად მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ და. უმძიმესი დრო დაუდგა ნინოსაც და ოჯახსაც და ყველა უნდა დავეხმაროთ, ამ საშინელების გადასატანად“, - წერს „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია.
„სოფო, საყვარელო. კორონა რომ შემოიჭრა ქვეყანაში, ზუსტად მაშინ მოვიტეხე ფეხი, ხოდა, მწერდა, რა მაგარია, ფეხი რომ მოიტეხე, შენი ჯანმრთელობის პატრონს გიხაროდესო. თვითონ დამარცხდა. ისე მედარდება, ისე მეტირება ამ უსაყვარლეს გოგოზე. ისეთი უსამართლობაა მისი წასვლა, სიცოცხლით სავსე გოგო. კეთილი გოგო. არც სიტყვები მყოფნის, რითი განუგეშო ნინო შუბლაძე. გაძლებას გისურვებთ მთელ ოჯახს და თქვენთან ერთად ვტირი. წარმოუდგენელი ტრაგედიაა“, - წერს ცნობილი ჟურნალისტი ინგა გრიგოლია.
სოფო შუბლაძე 1996 წლიდან მუშაობდა კონფლიქტების მართვის, ინტერაქციული სწავლებისა და მოზრდილთა განათლების სფეროში. მიღებული ჰქონდა პრესტონის უნივერსიტეტის მაგისტრის წოდება ადამიანური რესურსების მართვაში.