Turkish Airlines თბილისის აეროპორტში

კორონავირუსის პრევენციის მიზნით საქართველო-თურქეთის მიმართულებით ფრენები იზღუდება

166
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის ფუნქციონირებას განაგრძობს ვალესა და კარწახის გადასასვლელი პუნქტები

თბილისი, 15 მარტი – Sputnik. კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ზომების ფარგლებში, 20 მარტის 00:00 საათიდან საქართველო-თურქეთის მიმართულებით ფრენები იზღუდება, ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

კორონავირუსი, საქართველო და მეზობლები: როგორ ებრძვიან ინფექციას სამხრეთ კავკასიაში>>

რეისების შეწყვეტა ახალი კორონავირუსის ეპიდემიას უკავშირდება. საქართველომ მარტში პირდაპირი ფრენები შეაჩერა იტალიასთან, მანამდე ჩინეთთან და ირანთან. ამას გარდა, საქართველოში დაწესდა სავალდებულო კარანტინი მათთვის, ვინც იმყოფებოდა ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, ნორვეგიასა და დანიაში.

თურქეთის რესპუბლიკამ ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში დააწესა მთელი რიგი შეზღუდვები როგორც „თურქეთის ავიახაზების“ საერთაშორისო ფრენებზე, ისე სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების მხრივ.

საქართველო და თურქეთი შეთანხმდნენ, შეზღუდონ ფიზიკური პირების გადაადგილება სახმელეთო საზღვარზე სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით.

შეზღუდვა არ ეხება ტვირთბრუნვას. ამასთან, ორ ქვეყანას შორის არსებული ინტენსიური ხალხთაშორისი და საქმიანი კავშირების გათვალისწინებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის ფუნქციონირებას განაგრძობს ვალესა და კარწახის საკონტროლო–გამშვები პუნქტები.

თურქეთმა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ზომების ფარგლებში უკვე გააუქმა ავიამიმოსვლა მრავალი ქვეყნის მიმართულებით, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება 14 მარტიდან იგეგმებოდა საქართველოსთან დაკავშირებითაც. თუმცა ორივე მხარემ ერთობლივი შეთანხმებით მიიღო გადაწყვეტილება ფრენების გახანგრძლივების შესახებ მიმდინარე წლის 20 მარტის 00:00 საათამდე.

დღევანდელი ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ  30 ადამიანს მიაღწია, მათ შორი ოთხი არასრულწლოვანია, კარანტინის რეჟიმშია 439, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 64 ადამიანი.

166
თემები:
ახალი კორონავირუსი COVID-2019 (529)