თბილისი, 15 მარტი - Sputnik. ორი პაციენტი, რომლებსაც მეორადი ტესტის შედეგად კორონავირუსი აღარ დაუდასტურდა, სავარაუდოდ გამოჯანმრთელდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
14 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, კარანტინის რეჟიმში – 418 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 54.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, იმ პაციენტის მეორადი ტესტის პასუხი, რომელსაც გუშინ კორონავირუსი აღარ დაუდასტურდა, დღის ბოლომდე გახდება ცნობილი. ასევე, ვირუსი აღარ დაუდასტურდა განმეორებითი ტესტის შედეგად არც მეორე პაციენტს და მასაც ხელახალი ტესტი ჩაუტარდება 24 საათის განმავლობაში.
„პირველადად მიღებული უარყოფითი პასუხი ძალიან კარგია, მაგრამ 24 საათია ინტერვალში. უნდა გაკეთდეს განმეორებითი ტესტირება და განმეორებით უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში ვიტყვით, რომ ეს პაციენტიც გამოჯანმთელდა. ორივე პაციენტთან განმეორებითი ტესტირების შემთხვევაში თუ პასუხები უარყოფითი იქნება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი გამოჯანმრთელება დადგა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე განმარტებით, მეორე პაციენტის შემთხვევაც პირველი მსგვასად ირანში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება.
მარინა ეზუგბაიამ ასევე ისაუბრა ინფიცირებული ოთხი არასრულწლოვანის მდგომარეობის შესახებ. მისი თქმით, ამ დროისათვის სიტუაცია სტაბილურია და დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება.
„შემოსვლიდან დღემდე, მათი მდგომარეობა ჯერ სტაბილურია. პროგრესირება არ შეიმჩნევა. ერთ-ერთ მათგანთან არის სუფებრილური ტემპერატურა, თუმცა მასზე მეტი კლინიკური ნიშნი ჯერ არ გამოვლენილა. დაახლოებით სამი-ოთხი დღე მაინც გვინდა, რომ დინამიურად შევაფასოთ პროცესი, რათა ვთქვათ – მდგომარეობა სტაბილურია, პროგრესირებს თუ პროგნოზულად როგორ შეიძლება შევაფასოთ მომავალში ამ პაციენტების მდგომარეობაა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
საქართველოს მთავრობა მუდმივ რეჟიმში შეახსენებს მოქალაქეებს:
„მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, არ გაემგზავროთ საზღვარგარეთ! კორონავირუსთან ეფექტიანი ბრძოლა არა მხოლოდ მთავრობის, არამედ საზოგადოებისგანაც მაქსიმალურ სიფრთხილეს და ყურადღებას მოითხოვს... კატეგორიულად მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მოქალაქეობრივი თვითშეგნება და არ დაარღვიოთ თვითიზოლაციის წესები!
მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ენდონ. ყველა ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე StopCoV.ge.
„ცხელი ხაზის“ ნომრები: საქართველოს ჯანდაცვა – 15 05 (დღე-ღამის განმავლობაში); დაავადებათა კონტროლის სააგენტო – 116 001 (21:00-მდე სამუშაო დღეებში და 18:00-მდე დასვენების დღეებში).
თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. ევროპის ჩემპიონატზე კონტაქტურ კარატეში ქართველმა მებრძოლებმა ოთხი მედალი მოიპოვეს.
ევროპირველობა ბელგიის ქალაქ ანტვერპენში გაიმართა, სადაც ლაშა ხაჭაპურიძის მიერ გაწვრთნილმა ქართველმა კარატისტებმა ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიგეს.
ევროპის ჩემპიონის ტიტული სერგო მოვსესიანმა (65 კგ) და ლაშა ოზბეთელაშვილმა (75 კგ) მოიპოვეს, ამავდროულად ისინი მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიანტები გახდნენ. გუნდურ ჩემპიონობაში წვლილი შეიტანეს თენგიზ ბასტოიანმა (75 კგ) და ოთარ ესიტაშვილმაც (85 კგ), ისინი თავიანთ წონით კატეგორიებში ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ.
აღნიშნული შედეგით საქართველომ გუნდურ ჩათვლაში 24 ქვეყანას შორის პირველი ადგილი დაიკავა.
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში პარასკევს, 22 იანვარს მზიან და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.
მზე 08:22 საათზე ამოვა და 18:03 საათზე ჩავა.
დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა პლუს 3 გრადუსი, ღამით კი მინუს 2 გრადუსი იქნება.
ქარი წამში 8–13 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ცნობილმა პიარ-მენეჯერმა ხატია შამუგიამ პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ისი პარი“ დატოვა. მას კომპანიასთან მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებდა და შეიძლება ითქვას, პარფიუმერული სამყარო მის გარეშე წარმოუდგენელი იყო.
რა გახდა კომპანიიდან წასვლის მიზეზი ეს უცნობია. ხატია სოციალურ ქსელში წერს, რომ ცვლილებების დრო მოვიდა. ხატია შამუგიას ამ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რასაკვირველია, წერენ, რომ ეს კომპანია ხატიას გარეშე ვერ წარმოუდგენიათ. ხატიას ამ სტატუსს სამასზე მეტი კომენტარი მოჰყვა, მათ შორის ცნობილი ადამიანებისგანაც. პიარმენეჯერს უწერენ, რომ ის ნებისმიერი დიდი კომპანიისთვის დიდი შენაძენი იქნება.
შესაძლოა ხატია ირლანდიაშიც მიდის. დაახლოებით ერთი წლის წინ პიარმენეჯერმა აღიარა, რომ პრინცი იპოვა, რომელიც ირლანდიაში ცხოვრობს. ეს ქართველი მამაკაცი მის ბავშვობაშიც არსებობდა, მერვე კლასამდე უბნელები იყვნენ, შემდეგ ხატიამ საცხოვრებელი სახლი შეიცვალა და მათი გზებიც გაიყო. ამასობაში ხატია წარმატებულ ქალად იქცა, ის ქართველი ბიჭი კი ირლანდიაში წავიდა, ბიზნესი ააწყო და იმ ქვეყნის მოქალაქეც გახდა. მათი გზები წლების შემდეგ გადაიკვეთა და ძველი, ბავშვური ნაცნობობა სერიოზულ სიყვარულში გადაიზარდა.
გასულ წელს „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორში“ ხატია შამუგიამ მსმენელს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული სიახლე გაუზიარა. ხატია ამბობდა, რომ მეუღლესთან მალე თავადაც გაემგზავრებოდა. როგორც ჩანს, მის გეგმებს ხელი პანდემიამ შეუშალა, ახლა კი ყველაფერი მოაგვარა და საყვარელ მამაკაცთან მიემგზავრება.