ავიაკომპანია ბელავია

მინსკიდან თბილისის მიმართულებით ფრენები უფრო ხშირად შესრულდება

63
(განახლებულია 20:56 06.11.2019)
Belavia წელს უკვე მეორედ ზრდის საქართველოს მიმართულებით ოპერირების სიხშირეს. ოქტომბერში ავიაკომპანიამ მინსკი-თბილისი-მინსკის საჰაერო ხაზზე ფრენების სიხშირე შვიდიდან ცხრამდე გაზარდა.

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. ბელარუსული ავიაკომპანია "ბელავია" (Belavia) თბილისის მიმართულებით ფრენის სიხშირეს კვირაში 9-დან 11-მდე ზრდის, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის საგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტოს ცნობით, 2019 წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში ავიაკომპანია Belavia ბელარუსსა და საქართველოს შორის ფრენებს გაზრდილი სიხშირით შეასრულებს.

კერძოდ, 2019 წლის 20 დეკემბრიდან ბელარუსული ავიაკომპანია მინსკი-თბილისი-მინსკის საჰაერო ხაზზე კვირაში ორ სიხშირეს (სამშაბათს და პარასკევს) დაამატებს და 2020 წლის 28 მარტამდე ფრენებს კვირაში 11 სიხშირით შეასრულებს.

ავიარეისები შესრულდება Boeing B737, Embraer E190 და E170 ტიპის საჰაერო ხომალდებით.

Belavia წელს უკვე მეორედ ზრდის საქართველოს მიმართულებით ოპერირების სიხშირეს. ოქტომბერში ავიაკომპანიამ მინსკი-თბილისი-მინსკის საჰაერო ხაზზე ფრენების სიხშირე შვიდიდან ცხრამდე გაზარდა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია Belavia-ს გაზრდილი სიხშირით საჰაერო მიმოსვლის შესრულების ნებართვა 2019 წლის 1 ნოემბერს მიანიჭა.

 

63
თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (156)
ფიჭვები პარკში

საბურთალოს რაიონში 150-მდე დაავადებული ხე მოიჭრა

32
(განახლებულია 17:58 15.08.2020)
აღნიშნულ ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები განხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, 250 ძირი ხე-მცენარე დაირგვება.

თბილისი, 15 აგვისტო - Sputnik. თბილისის მასშტაბით, დაავადებული ხეების სანიტარიული ჭრის ღონისძიებები გრძელდება, იუწყება საბურთალოს რაიონის გამგეობა.

სანიტარიული ჭრის ღონისძიებების ფარგლებში, საბურთალოს რაიონში, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩა N11-ის მიმდებარედ, დაახლოებით150-მდე ძირი დაავადებული, ხმობადი ფოთლოვანი ხე და ფიჭვი მოიჭრა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საბურთალოს გამგეობა აღნიშნულ ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოებს განახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, 250 ძირი ხე-მცენარე დაირგვება.

მერიაში ადრე განაცხადეს, რომ თბილისში ფიჭვების მასობრივი ხმობა კლიმატის გლობალური ცვლილების გარდა გამოწვეულია ასევე იმით, რომ ფიჭვების ხელოვნური გაშენებისას დაირღვა აგროტექნიკური პირობები. ნერგების აბსოლუტურ უმრავლესობას არ აქვს მთავარღერძიანი ფესვი, რის გამოც, თხელ, განუვითარებელ ნიადაგზე და ხშირ შემთხვევაში, აფეთქებების შედეგად წარმოქმნილ ორმოებში ზედაპირული ფესვთა სისტემაა განვითარებული.

დაავადებული ფიჭვების მდგომარეობა ქვეყანაში საერთაშორისო ექსპერტებმა შეისწავლეს. სპეციალისტებმა ლაბორატორიული კვლევები ევროკავშირში აკრედიტებულ ლაბორატორიაში ჩაატარეს. ამ კვლევებით გამოვლინდა, რომ მავნებელი Tomicus Destruens-ის მოსასპობად აუცილებელია მასშტაბური სანიტარული ჭრები და სხვა ფიტოსანიტარული ღონისძიებები.

მსგავსი ტიპის კვლევა საქართველოში პირველად ჩატარდა.

 

32
თემები:
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ბათუმის პორტი

ბათუმში ხვალ აქცია გაიმართება - რას აპროტესტებენ ორგანიზატორები

59
(განახლებულია 19:15 15.08.2020)
აქციის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ მათი მოთხოვნების  დაკმაყოფილების შედეგად ტერმინალის მშენებლობის პროექტი მაქსიმალურად უსაფრთხო  გახდება

თბილისი, 15 აგვისტო - Sputnik. ხვალ ბათუმში მერიის გვერდით დაგეგმილია აქცია, სადაც საზღვაო ნავსადგურში ქიმიური ტერმინალის მშენებლობას გააპროტესტებენ.

აქციის ორგანიზატორები არიან საინიციატივო ჯგუფი „ქიმიური შეტევა ბათუმზე" და „ჩემი ბათუმი".

აქცია 16 აგვისტოს, საღამოს 19:00 საათზე ბათუმის მერიის გვერდით ე.წ. ვარდების სკვერში გაიმართება.

„ჩვენ მოქალაქეებმა უნდა მოვითხოვოთ მაქსიმალურად უსაფრთხოების ზომების გამკაცრება და პოტენციური ტრაგედიის 100% ით განეიტრალება! აშენებულის დანგრევის იდეას აქციის ორგანიზატორები ვემიჯნებით, რადგან არსებობს გამოსავალი ყოველგვარი ნგრევის გარეშე თუ დაკმაყოფილებული იქნება ჩვენი მოთხოვნები“, - აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზატორებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ. ისინი მოითხოვენ, დაბრუნდეს  ამ პროექტის განხილვა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. ასევე,  უპირობოდ  იქნას ამოღებული  იმ ფეთქებადი და ძლიერ მომწამლავი ნივთიერებების გადაზიდვა, რომელიც აღნაგობის ხელშეკრულებაშია ჩაწერილი 14 დან მინიმუმ ორი: ამონიუმის გვარჯილა და კარბამიდი, იგივე შარდოვანა.

მათი მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ დაიწყოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) დოკუმენტის მომზადებაც.

აქციის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ ამ მოთხოვნების  დაკმაყოფილების შედეგად  აღნიშნული პროექტი მაქსიმალურად უსაფრთხო  გახდება.

საუბარია ქიმიური ტერმინალის მშენებლობის პროექტზე გრანულირებული კარბამიდების გადაზიდვის მიზნით. პროექტი აზერბაიჯანიდან და აზიის ქვეყნებიდან ევროპაში საქართველოს გავლით ახალი ლოგისტიკური სატრანსპორტო დერეფნის შექმნას ითვალისწინებს. როგორც მოსალოდნელია, ახალი ტერმინალი ამოქმედების შედეგად ბათუმის პორტში ტვირთბრუნვა 200 ათასი ტონით გაიზრდება. ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ არაერთხელ გამოსულა სხვადასხვა საზოგადოებრივი მოძრაობა.

20 მილიონი დოლარის ინვესტიციას აღნიშნულ პროექტში ამერიკული კორპორაცია Trammo ახორციელებს.

კომპანია „ბათუმის ნავთობტერმინალი“ შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ აქციების 100%-ის მფლობელია. თავის მხრივ, „ბათუმის ნავთობტერმინალი“ 2008 წლის თებერვლიდან ყაზახურ კომპანია სს „ყაზტრანსოილს“ ეკუთვნის.

59
თემები:
გარემოს დაცვა და ეკოლოგია