თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი-ზემო ლარსისკენ“ მიმავალი გზა გახსნილია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისთვის, ნათქვამია რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ბოლო ორ დღეში სიტუაცია რამდენჯერმე შეიცვალა. 1 ნოემბერს ქარბუქისა და ცუდი ხილვადობის გამო ამ მონაკვეთზე მოძრაობა ყველა ტრანსპორტისთვის აიკრძალა. გუშინ შუადღეზე ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად გზა გაიხსნა, თუმცა ცოტა ხნით. ორ საათში ამინდი გაუარესდა და შეზღუდვა კვლავ ამოქმედდა. საღამოს სიტუაცია გამოსწორდა და მოძრაობა მსუბუქი ავტომობილებისთვის აღდგა.
თუმცა თოვლისა და ლიპყინულის გამო ისევ აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია და განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ოქტომბრის ბოლოს მკვეთრად დაეცა. თოვლის გამო პრობლემები გზებზე 31 რიცხვიდან დაიწყო.
„ყაზბეგი-ზემო ლარსი“ ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო-რუსეთის საზღვარზე.