ლუჟკოვმა სამსახური იშოვა, ერთ რუბლიანი ხელფასით

გამოწერა
ლუჟკოვი უკვე შეუდგა მუშაობას: დანიშნა ფაკულტეტის კათედრის გამგეებთან შეხვედრა, გაესაუბრა თავის მოადგილეებს, შეხვდა ძირითად მასწავლებლებს, დაგეგმა ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრა.

თბილისი, 6 ოქტომბერი.ახალი ამბები - საქართველო“. მოსკოვის მერის პოსტიდან გადაყენებული იური ლუჟკოვი დიდ ხანს არ ყოფილა უმუშევარი. 1 ოქტომბერს ლუჟკოვი მოსკოვის უმაღლესი სასწავლებლის ფაკულტეტის დეკანი გახდა, თუმცა, ექს-მერის ხელფასი სიმბოლურია, თვეში მხოლოდ 1 ლარი. ამასთან, ის დღემდე ყოველ დღე მიდის თავის ყოფილ სამსახურში, ხოლო მისი პირადი ნივთები კაბინეტიდან მეუღლის ოფისში გადააქვთ.

28 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის პრეს-სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა მოსკოვის მერის იური ლუჟკოვის მოსკოვის მერის თანამდებობიდან გადაყენების ბრძანებას ნდობის დაკარგვასთან დაკავშირებით, იუწყება კრემლის პრეს-სამსახური სამშაბათს.

”გადაყენებულ იქნას იური მიხეილის ძე ლუჟკოვი მოსკოვის მერის თანამდებობიდან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ნდობის დაკარგვასთან დაკავშირებით”, - აღნიშნულია ლუჟკოვის გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში.

ლუჟკოვს დედაქალაქის მერის თანამდებობა 18 წელზე მეტ ხანს ეკავა. ის ქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე ორი საათით ადრე გაათავისუფლეს, სადაც მოსკოვის საქალაქო დუმის დეპუტატები მისთვის დაბადების დღის მილოცვას აპირებდნენ.

როგორც 5 ოქტომბერს გახდა ცნობილი, ლუჟკოვი სათავეში ჩაუდგა მოსკოვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დიდი ქალაქების მართვის ფაკულტეტს. ამის შესახებ ბრძანებას ხელი ჯერ კიდევ 1 ოქტომბერს მოეწერა - ამრიგად, ქალაქის ყოფილი მეთაური მხოლოდ სამი სამუშაო დღის განმავლობაში იყო უმუშევარი - 28 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით.

აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის დამაარსებელი მოსკოვის მერის პოსტზე ლუჟკოვის წინამორბედია - გავრილ პოპოვია, მოსკოვის პირველი მერი. თავად უმაღლესი სასწავლებელი 1991 წელს დაარსდა - ამის შესახებ დოკუმენტს ხელი რუსეთის პირველმა პრეზიდენტმა ბორის ელცინმა მოაწერა.

ფაკულტეტი, რომლის სათავეშიც ლუჟკოვი ჩადგა, მისი საკუთარი ინიციატივით 2002 წელს დაარსდა.

ამ რვა წლის განმავლობაში ის უნივერსიტეტის პროფესორი იყო და აქტიურ მონაწილეობას იღებდა მის ცხოვრებაში, თუმცა, არ ასწავლიდა იქ, განუცხადა სასწავლებლის რექტორმა სერგეი კრავჩენკომ ”ახალი ამბების რუსულ სამსახურს”.

მისი განცხადებით, ლუჟკოვი უკვე შეუდგა მუშაობას: დანიშნა ფაკულტეტის კათედრის გამგეებთან შეხვედრა, გაესაუბრა თავის მოადგილეებს, შეხვდა ძირითად მასწავლებლებს, დაგეგმა ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრა.

”ლუჟკოვმა თავად შემოგვთავაზა, ხელშეკრულებაში 1 რუბლი ჩაგვეწერა. მან განაცხადა, რომ ჯერ არ გაუწევია შესაბამისი სამუშაო. ასეთია მისი პირობა. თუმცა, ჩვენ მზად ვიყავით, მისი შრომა აგვენაზღურებინა ისევე, როგორც სხვა დეკანების შრომა ”, - განაცხადა კრავჩენკომ.

”რია ნოვოსტის” მასალებით.

ყველა ახალი ამბავი
0