ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ქეთევან დიდმოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს

1
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
ამ დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის ტაძრებში გაიმართება საღვთო ლიტურგია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წირვას წმინდა სამების ტაძარში ჩაატარებს.

თბილისი, 26 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“. კვირას ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წმინდადიდმოწამის  ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს აღნიშნავს.

ამ დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის ტაძრებში გაიმართება საღვთო ლიტურგია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წირვას წმინდა სამების ტაძარში ატარებს.

წმინდა დედოფალი ქეთევანი აშოთან მუხრან ბატონის ასული იყო. შაჰ-აბასის ბრძანებით, წმინდა დედოფალი 1624 წლის 26 სექტემბერს ენით აუწერელი სისასტიკით აწამეს. თავზე გახურებული რვალის ქვაბი დაამხეს, მარწუხებით მკერდი დააგლიჯეს, მკერდიდან ზურგში გავარვარებული შამფურები გაუყარეს, ფრჩხილები დააძრეს, ხორცი დააგლიჯეს, ლურსმნიან ფიცარზე დააგდეს და ზედაც ლურსმნიანი ფიცარი დააჭედეს, ბოლოს, გახურებული ბარით შუბლი გაუპეს.

წმინდანის სხეული ჯალათებმა ნადირთა სათრევად დატოვეს. მის წმინდა ნეშტს კი სამი ნათლის სვეტი დაადგა.წამების მხილველმა კათოლიკური ორდენის წარმომადგენლებმა, ავგუსტინელებმა, წმიდა დედოფლის ნაწილები დიდი პატივით წაასვენეს, საკმევლით და მურით გაჟღენთილ ქსოვილში გაახვიეს და ინდოეთში, ქალაქ გუაში არსებულ დაგრასას მონასტერში გადაასვენეს.

შემდგომ, მიწისძვრის შედეგად მონასტერი დაინგრა და წმინდა დედოფლის საფლავი ბოლო დრომდე დაკარგულად ითვლებოდა. ამჟამად საქართველოში წმ. დედოფლის მხოლოდ მარჯვენა ხელის, ნეკნის ნაწილი და საფლავის ქვა ინახება.

1