ეუთოსთვის მნიშვნელოვანია იცოდეს საქართველოს ყველა პოლიტიკური ძალის აზრი – ბრიშამბო

გამოწერა
„ჩვენ ვალდებულები ვართ ვიცოდეთ ყველა პოლიტიკური ძალის აზრი სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ეუთოს გენერალურმა მდივანმა მარკ პერენ დე ბრიშამბომ.

 

თბილისი, 8 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“, ეკა ჯავახია. ეუთო აქტიურად მუშაობს საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, განუცხადა ოთხშაბათს ჟურნალისტებს ეუთოს გენერალურმა მდივანმა მარკ პერენ დე ბრიშამბომ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

 

„ჩვენ ვალდებულები ვართ ვიცოდეთ ყველა პოლიტიკური ძალის აზრი სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ბრიშამბომ.

გაეროში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, პარტია „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ შეხვედრის შედეგებზე განაცხადა, რომ ქვეყანას ეუთოს მხრიდან სერიოზული მხარდაჭერა გააჩნია ტერიტორიული მთლიანობის საკითხში. ალასანიას თქმით, შეხვედრაზე ყურადღების ცენტრში უსაფრთხოების საკითხები და საარჩევნო კანონმდებლობაში აუცილებელი ცვლილებები იდგა.

საქართველოს პარლამენტის ექს–სპიკერმა, პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ეუთოს გენერალური მდივნის ყურადღებას აქცენტირებდა დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლებიც, მისი აზრით, „მიმართულია სააკაშვილის ხელისუფლების გახანგრძლივებაზე“. „გარდა ამისა, მე გამოვთქვი მოსაზრება, რომ დღევანდელი ხელისუფლების ხელში შეუძლებელია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება“, – განაცხადა ბურჯანაძემ. 

რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ბრიშამბოს მიმართა მოწოდებით, უფრო აქტიურად გამოიყენოს ეუთოს ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოში სიტყვის თავისუფლების უზრუნველყოფაზეა მიმართული.

 

ყველა ახალი ამბავი
0