ალუბალი

ალუბალი: გემრიელი და უაღრესად სასარგებლო ხილი

739
(განახლებულია 17:26 07.06.2021)
ალუბლის მიღებისას სასიამოვნოსა და სასარგებლოს ერთმანეთს ვუთავსებთ. გემრიელი ხილი ჩვენს ორგანიზმს ავსებს ვიტამინებით, არეგულირებს არტერიულ წნევას, აწესრიგებს ნერვულ სისტემას და სხვ.

ალუბალი (Prunus cerasus) — ვარდისებრთა ოჯახის კურკოვანთა გვარის მერქნიანი მცენარეა. ვარაუდობენ, რომ ალუბალი წარმოიშვა ბლისა და ქონდარა ბალამწარას ბუნებრივი შეჯვარებით.

ალუბლის შემადგენლობა და კალორიულობა

ალუბლის მიღებისას სასიამოვნოსა და სასარგებლოს ერთმანეთს ვუთავსებს. მისი სასარგებლო თვისებები განპირობებულია პექტინების, მჟავების (ვაშლის მჟავას უპირატესობით) არსებობით. ალუბლის მინერალური შემადგენლობა წარმოდგენილია ისეთი ნივთიერებებით, როგორიცაა კალიუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, რკინა, მაგნიუმი, კალციუმი, მიკროელემენტებიდან შეიცავს ფტორს, იოდს, კაჟს, ქრომს, კობალტს, ნიკელს, თუთიას, მანგანუმს. დიდი რაოდენობითაა მასში ვიტამინი С (ასკორბინის მჟავა), ნიაცინი (ნიკოტინმჟავა), პროვიტამინი А, კაროტინი, ვიტამინები В1, В2, კუმარინები.

100 გრამი ალუბალი შეიცავს ცილებს – 1,1 გ, ცხიმებს – 0,4 გ, ნახშირწყლებს – 11,5 გ.

ზეციური საჩუქარი – მცენარე, რომელსაც მედიცინაში საუკუნეებია იყენებენ>>

ალუბლის კალორიულობაა 100 გრამზე 50 კკალორია.

ალუბლის სასარგებლო თვისებები

ალუბალი გამოიყენება:

  • ჰიპერტონიული დაავადებების დროს – არეგულირებს წნევას, აქვს მსუბუქი შარდმდენი ეფექტი;
  • თირკმელებისა და ღვიძლის დაავადებებისას – არეგულირებს მათ მოქმედებას;
  • რევმატიზმის, ართრიტის, პოდაგრის დროს – ის ტკივილის შემსუბუქებაში გვეხმარება;
  • სისხლნაკლებობის დროს – ორგანიზმს აწვდის რკინასა და სხვა სასარგებლო მინერალურ ნივთიერებებს;
  • სპასტიკური კოლიტის, ნაწლავის ატონიის, შეკრულობისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა დაავადებებისას;
  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, გასტრიტისას (მომატებული მჟავიანობით) – ბევრი პროდუქტი ორგანული მჟავების მაღალი შემცელობით ვნებს ორგანიზმს, იწვევს გულძმარვას, რასაც ალუბალზე ვერ ვიტყვით;
  • ნერვული სისტემის მოშლა (სტრესი, დეპრესია, უძილობა).

ამას გარდა, В1 და В2 ვიტამინები ალუბლის შემადგენლობაში მოქმედებს ფრჩხილების, თმისა და კანის მდგომარეობაზე, პროვიტამინი А ამაგრებს ძვლებსა და კბილებს, ხოლო მხედველობისთვის ეს პროვიტამინი ძალზე სასარგებლოა.

თუ გაცივდით, ალუბალი ასევე დაგეხმარებათ, რადგან მასში დიდი რაოდენობითაა ასკორბინის მჟავა. ის გააძლიერებს თქვენ სისხლძარღვებსა და გულს, დაგიცავთ ვირუსებისგან. თუ ენერგიის ნაკლებობას გრძნობთ, ასევე დაგეხმარებათ ეს ხილი, რადგან მდიდარია კუმარინებით.

ალუბალს ორგანიზმიდან გამოაქვს სითხის ჭარბი რაოდენობა. ამ თვისებიდან გამომდინარე, მას შეუძლია შეშუპების მოხსნა. თუ ამ დროს მივიღებთ ნაკლებ მარილს და ფიზიკურად ვიაქტიურებთ, ეფექტი უკეთესი იქნება.

სპილენძის მნიშვნელოვანი რაოდენობა ხილში მეტყველებს იმაზე, რომ ალუბალს სედატიური თვისებები გააჩნია. ის ამშვიდებს ნერვულ სისტემას. ალუბალს ხალხურ მედიცინაში იყენებენ ეპილეფსიისა და სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობის დროს. ასევე ალუბალი დიდ როლს ასრულებს ძილის ხარისხის გაუმჯობესებაში. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ხუთი დღის განმავლობაში 240 მილიგრამი ალუბლის წვენის მიღება აგვარებს ძილის პრობლემას.

ბარამბო – ფუტკრის ერთ-ერთი საყვარელი მცენარე>>

ალუბალში შემავალი ფლავონოიდების ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები უზრუნველყოფს კუნთების სწრაფ აღდგენას აქტიური ფიზიკური დატვირთვების შემდეგ.

ალუბლის წვენი არეგულირებს კუჭის მომატებულ მჟავიანობას.

ალუბლის ნაყოფი მსუბუქი გამხსნელი ეფექტით გამოირჩევა. ის ასევე ებრძვის ცუდ სუნს პირში. მაგალითად, თუ ნიორი შეჭამეთ, მისი „არომატის“ ნეიტრალიზებაში ალუბალი დაგეხმარებათ.

ალუბალი დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელი ორგანოების მუშაობაზე, ეფექტურია ციებ-ცხელების, ბრონქიტის დროს (როგორც ამოსახველებელი საშუალება). ასევე ალუბლისა და საზამთროს შერეული წვენი აბრკოლებს თირკმელებში კენჭების წარმოქმნას. ამისთვის ყოველი ჭამის შემდეგ უნდა დალიოთ ეს წვენი ერთი ჭიქის ოდენობით.

ალუბალი, როგორც აღვნიშნეთ, ჰიპერტონიას ებრძვის. ამისთვის აიღეთ 200 გრამი ახალი კურკაგამოცლილი ალუბალი, დააბლენდერეთ ან ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ, დაუმატეთ 2 კბილი ნიორი და 1 სუფრის კოვზი თაფლი. მიიღეთ ეს ნაზავი ყოველდღე, საუზმის წინ, 1 სუფრის კოვზის ოდენობით.

დეკა: ხელს უწყობს წონაში კლებას, აძლიერებს იმუნიტეტს>>

ალუბლის ხის ფისი, წებოვანი მასა კარგია კოჟრების დროს.

ალუბლის ფოთლები გამოიყენება ცხვირიდან სისხლდენისას, ჭრილობების სწრაფად შეხორცებისთვის.

ასევე ვურჩევთ ქალებს, გამოიყენონ ალუბალი კოსმეტიკაში, მაგალითად, შეუძლიათ მოამზადონ ნიღაბი:

ალუბლის რბილობი გაჭყლიტეთ ისე, რომ მიიღოთ ფაფისებური მასა, შეურიეთ ამავე რაოდენობის ახალ არაჟანში. წაისვით სახეზე და კისერზე. 15 წუთში ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

მკვებავი ნიღბის კიდევ ერთი რეცეპტი: აიღეთ რამდენიმე მსხვილი ნაყოფი, გამოარჩიეთ, გაჭლიტეთ. დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და ამავე რაოდენობის თაფლი. წაისვით სახეზე და 15–20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. შემდეგ წაისვით დამატენიანებელი კრემი.

ალუბალი დიეტური ხილია. ის შეგიძლიათ მიიღოთ წონაში დაკლების პროცესის დროს. მიიღეთ ალუბალი სადილის ან ვახშმის წინ (და არა შემდეგ). თქვენ გაიუმჯობესებთ საჭმლის მონელების პროცესს, არ გადატვირთავთ ორგანიზმს ზედმეტი კალორიებით, დანაყრდებით და წონაშიც დაიკლებთ.

რჩევები:

ალუბალი შეგიძლიათ შეინახოთ ზამთრისთვის – ან გაყინოთ, ან ჩირი გააკეთოთ.

გაითვალისწინეთ, რომ ალუბალი ჭამის წინ კარგად უნდა გარეცხოთ. შეგიძლიათ წყალში დაუმატოთ 1 ჩაის კოვზი მარილი და ალუბალი მასში ერთი საათი გააჩეროთ. ეს დაგიცავთ იმ მავნე ნივთიერებებისგან, რომლებიც ნაყოფზე, შესაძლოა, მავნებლებისგან დაცვის მიზნით შეწამვლის დროს მოხვდა.

ლეღვი – სიყვარულისა და ნაყოფიერების სიმბოლო>>

ასევე უნდა იცოდეთ, რომ გარეცხილი ალუბალი 2–3 საათზე მეტხანს არ უნდა შეინახოთ, რადგან მასში ნაკლები სასარგებლო თვისებები რჩება. გაურეცხავი ალუბალი კი მაცივარში მაქსიმუმ ერთი კვირა ინახება.

როდესაც ალუბალს ყიდულობთ:

ყურადღება მიაქციეთ ყუნწს – თუ მწვანეა, ეს ნორმაა, ხოლო თუ ყვითელი – ეს ნიშნავს, რომ ხილი გადამწიფდა.

კანი დაზიანებული არ უნდა იყოს – ასე მალე გაფუჭდება და თან დაზიანებულ კანში მავნე ნივთიერებები გროვდება. კარგი ალუბალი მშრალია, მკვრივი და ბრწყინავს.

ასევე მიაქციეთ ყურადღება ფერს – რაც უფრო მუქია ალუბალი, მით მეტია მასში სასარგებლო ნივთიერებები.

გაითვალისწინეთ:

ალუბალს უკუჩვენება ძალზე ცოტა აქვს: ალერგია, დიდი რაოდენობით მისი მიღება არ შეიძლება ნაწლავის გაუვალობის დარღვევებისას, ასევე შაქრიანი დიაბეტის დროს. მისი მიღება არ შეიძლება ჭამის მერე უშუალოდ – უნდა გავიდეს მინიმუმ 30 წუთი.

უაღრესად სასარგებლო კენკრა, რომელიც კოსმონავტებისა და მფრინავების მენიუში შედის>>

ალუბლის მიღება დიდი რაოდენობით ნებისმიერ შემთხვევაში არ ღირს, რადგან მუცლის შებერილობას იწვევს. რეკომენდებულია ერთ ჭამაზე დაახლოებით 300 გრამის მიღება.

ასევე ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ალუბლის მიღებისას ზომა დაიცვან ორსულებმა – არ მიიღოთ დღეში ნახევარ კილოგრამზე მეტი.

739
ჟოლო

ჟოლო და მისი სასარგებლო თვისებები

387
(განახლებულია 19:18 24.05.2021)
ჟოლოს სამკურნალო თვისებები უძველესი დროიდან არის ცნობილი. ის გამოიყენება გრიპის, გაციების სამკურნალოდ, აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, ამცირებს მაღალ არტერიულ წნევას, აბრკოლებს ათეროსკლეროზის განვითარებას და სხვ.

ჟოლო (Rubus idaeus) ვარდისებრთა ოჯახის ბუჩქბალახია. ცნობილია მისი 120–ზე მეტი სახეობა. ჟოლო, როგორც სასარგებლო და სამკურნალო მცენარე, უძველესი დროიდან არის ცნობილი.

ჟოლოს შემადგენლობა და კალორიულობა

ჟოლოს შემადგენლობაშია პოლივიტამინების დიდი რაოდენობა; ის მდიდარია A, B, C, D, E, PP ჯგუფების ვიტამინებით, მიკრო და მაკროელემენტებით, ბიოაქტიური ნივთიერებებით, ვაშლის, ღვინის, სალიციუმის მჟავებით, ჭიანჭველამჟავით. ჟოლოს თესლი შეიცავს ცხიმებს, რომელიც გამოიყენება კოსმეტოლოგიაში ეთერზეთის დასამზადებლად.

ასევე მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით ჟოლოს ფოთლები, რომლებიც შეიცავს ორგანულ მჟავებს, პექტინის ნივთიერებებს, მიკროელემენტებს, შაქრებს (გლუკოზა, ფრუქტოზა), ფიტონციდებს.

ჟოლოს კალორიულობა – 100 გრამ პოდუქტზე 46 კკალორია.

ჟოლოს სასარგებლო თვისებები

ჟოლოს ნაყოფი გემრიელია, აქვს სპეციფიკური სასიამოვნო არომატი, ის კლავს წყურვილს, აუმჯობესებს საჭმლის გადამუშავების პროცესს. ჟოლოს ჩართვა რაციონში მნიშვნელოვნად აჩქარებს კუჭ–ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა დაავადების მკურნალობას, რადგან ახასიათებს ღებინების საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები. ცოცხალი ნაყოფი ასევე გამოიყენება ალკოჰოლით თრობის დროს, როგორც „გამოსაფხიზლებელი“ საშუალება.

ზეციური საჩუქარი – მცენარე, რომელსაც მედიცინაში საუკუნეებია იყენებენ>>

ჟოლო, ტრადიციულად, გამოიყენება გაციების, გრიპის, მწვავე რესპირატორული ინფექციების, სახსრების ტკივილის, რადიკულიტისა და სხვა დაავადებების დროს. არის სიცხის დამწევი ეფექტური საშუალება.

ჟოლო დიდი რაოდენობით შეიცავს სპილენძს, რაც ანტიდეპრესანტების უმრავლესობის შემადგენლობაშია. ამიტომ ის სასარგებლოა ადამიანებისთვის, რომელთა ცხოვრებაში საგრძნობია ნერვული დაძაბულობა.

ჟოლოს აქვს სისხლის აღდგენის უნარი, გამოირჩევა ანტიტოქსიკური ეფექტით, აუმჯობესებს მადას. ჟოლო, ვიტამინების წყალობით, მოქმედებს კანის ტონუსსა და ფერზე.

ჟოლოს ოფლმდენი ეფექტი სასარგებლოა მათთვისაც, ვინც ჰიპერტონიას ებრძვის: ოფლთან ერთად ორგანიზმიდან გამოდის მარილები, რის შედეგად მცირდება არტერიული წნევა.

ოფლმდენ ჟოლოს ჩაის ამგვარად ამზადებენ: 5–6 სუფრის კოვზ მშრალ კენკრას ასხამენ 3 ჭიქა მდუღარე წყალს. გაციებისა და მაღალი სიცხის დროს მას 2–3 ჭიქის ოდენობით ერთი საათის განმავლობაში სვამენ. ამ დროს, სჯობს, ავადმყოფი იწვეს და თბილად ეხუროს. მაღალი წნევის დროს ჟოლოს ჩაის სვამენ ნახევარ–ნახევარი ჭიქის ოდენობით.

ბარამბო – ფუტკრის ერთ-ერთი საყვარელი მცენარე>>

ხალხურ მედიცინაში ჟოლოს იყენებენ წინამდებარე ჯირკვლის ზრდისას, მისი ზომის შემცირებისთვის, აღმოსავლურ მედიცინაში – როგორც სამკურნალო საშუალების ძირითად კომპონენტს (სხვა მცენარეებთან ერთობლიობაში) უნაყოფობის დროს, სქესობრივი უძლურებისას.

ჟოლო კარგი საშუალებაა სისხლნაკლებობის, ათეროსკლეროზის, გულის რიტმის დარღვევების დროს, თირკმელების ავადმყოფობის დროს. ჟოლოს შემადგენლობაშია ფიტოსტერინები, რომლებიც აბრკოლებს ათეროსკლეროზის განვითარებას. ჟოლო აძლიერებს კაპილარებს, ხელს უწყობს შინაგანი სისხლდენის შეჩერებას. კენკრა ელასტიკურს ხდის სისხლძარღვებს, აძლიერებს მის კედლებს და აუმჯობესებს სისხლის გამტარობას.

ჟოლოს ფიტონციდები ებრძვის ოქროსფერ სტაფილოკოკს, სოკოს.

სხვა კენკროვანებისგან განსხვავებით, ჟოლო არ კარგავს თავის სამკურნალო თვისებებს თერმული დამუშავების დროს. ყველასთვის ცნობილია ჟოლოს მურაბის ეფექტი გაციებისა და მაღალი სიცხის დროს.

თაფლი – უნიკალური სამკურნალო საშუალება>>

ჟოლოს ფოთლები შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ასტიმულირებს ნაწლავების, საშვილოსნოს კუნთებს. ფოთლების ნახარში რეკომენდებულია ხანგრძლივი ფაღარათის, სისხლდენის დროს. გარეგნულად ის გამოიყენება პირისა და ყელის სავლებად ანთებითი დაავადებების დროს და ლოსიონის სახით კანის ანთებითი დაავადებების დროს. ფოთლების ნაყენი ამაღლებს იმუნიტეტს.

ჟოლოს მიღება არ შეიძლება, თუ:

ადამიანს აწუხებს თირკმელები, შარდსასქესო ორგანოებში აქვს კენჭები. ასევე, კენკრამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგია. უნდა იფრთხილონ მათ, ვისაც აქვს გასტრიტი, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული (მათთვის შეიძლება მხოლოდ ახალი ჟოლოს წვენი, წყალში გახსნილი).

ჟოლოს მიღება დიდი რაოდენობით არ შეიძლება შაქრიანი დიაბეტის დროს.

ფოთლების ნახარშის მიღება სარისკოა ორსულებისთვის, რადგან ის ასტიმულირებს საშვილოსნოს კედლებს და ამან ნაადრევი მშობიარობა შეიძლება გამოიწვიოს.

387
სანელებლები

რა საერთო აქვს სუსამბარს, ნარგიზს, იმერულ ზაფრანასა და ქართულ სამზარეულოს

2321
(განახლებულია 17:43 06.05.2021)
„Sputnik–საქართველოს“ ამ რუბრიკაში ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო გოცაძე ქართულ სანელებლებზე მოგითხრობთ.

ბავშვობაში არაერთხელ მითამაშია კარტით, რომელსაც ფლირტი ერქვა. მაშინ სულ მაინტერესებდა, როგორი იყო სუსამბარი და ნარგიზი. ყველა ყვავილი არ მქონდა ნანახი (მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ბოტანიკოსი გავხდებოდი), ვეკითხებოდი სხვებს, პასუხს ვერ ვიღებდი. ახლა კი ზუსტად ვიცი, რომ ეს ორივე ერთისა და იმავე მცენარის სახელია. უფრო მეტიც, ეს მცენარე ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი საუკეთესო სანელებელი — იმერული ზაფრანა, იგივე ხავერდაა.

იმერული ზაფრანა
Flickr
იმერული ზაფრანა

და იგივე იმერული ზაფრანაა (Tagetes petula L.): კაკია, ხაფრანა, ნარგიზი, სუსამბარი, ყვითელი ყვავილი, ყვითელი სურნელი, ხარჩოს ყვავილი, მახმური, მახმურ ჩიჩაგ, ქორთული ზაფანა, ყვინთელი კოჭა, ყვინთელი პირი, ჭითა პირა. სხვა ქვეყნებში ცნობილია როგორც: აქსამიტკა, ბაღის მიხაკი, ანდიკა, მოსკოვური ზაფრანი, შავწარბა, აფრიკული ყვავილი და სხვ.

რთულყვავილოვანთა ოჯახის ერთწლოვანი, მძაფრი არომატის მქონე ბუჩქისებური ფორმის, ბალახოვანი მცენარეა. უხვად შეფოთლილი ღეროებით, ლანცეტა-ხაზური ფოთლებითა და თავაკისებული ყვავილედებით. კაშკაშა შეფერილობის სტაფილოს, ფორთოხლის, ან მურა ფერის ყვავილებით. მცენარის სამშობლოა სამხრეთი და ცენტრალური ამერიკა.

სხვადასხვა შეფერილობის ზაფრანები
© Flickr / Carl Lewis
სხვადასხვა შეფერილობის ზაფრანები

ევროპის ქვეყნებში ხავერდას გვარი გავრცელდა XVI საუკუნის პირველი ნახევრიდან. ლიტერატურული წყაროების მიხედვით, რუსეთსა და კავკასიაში ცნობილია XVIII საუკუნიდან. ხავერდას გვარის 30-ზე მეტი სახეობა და ჯიში, ყვავილების კაშკაშა შეფერილობის გამო, არაერთი საუკუნეა ფართოდ გამოიყენება დეკორატიულ მებაღეობაში. ქართული სამზარეულო კი წარმოუდგენელია იმერული ზაფრანის გარეშე.

ქართული სანელებლები
© Sputnik / Levan Avlabreli
ქართული სანელებლები

მცენარის ლათინური სახელი Tagetes დაკავშირებულია იუპიტერის შვილიშვილისა და გენიის (ნიჭიერების ღმერთი) შვილის ტაგესის სახელთან, რომელიც ცნობილი იყო მომავლის განჭვრეტის უნარით. ეტრუსკების მითოლოგიით,  ხნულში ნაპოვნმა ბავშვმა — ტაგესმა ხალხს განუცხადა სამყაროს მომავალი, ასწავლა მომავლის გამოცნობა და გაქრა ისევე უეცრად, როგორც გამოჩნდა. ღვთაება-ბავშვის ნაამბობი ჩაიწერა ეტრუსკების წინასწარმეტყველურ წიგნებში და გადაეცა თაობიდან თაობას.

ზაფრანის პლანტაცია
© Flickr / M a n u e l
ზაფრანის პლანტაცია

ხავერდას სახელი „შავწარბა“ უკავშირდება უკრაინულ ლეგენდას: ოჯახში დაიბადა სამი ტყუპი ბიჭი, ყავისფერი თვალებითა და მუქი შავი წარბებით, რის გამოც ბიჭებს შავწარბები შეარქვეს. საოცარი ნიჭი აღმოაჩნდათ ბიჭებს, იშვიათ საიუველირო ნაკეთობებს ამზადებდნენ, მთელ უკრაინაში გაითქვეს სახელი. ოჯახს პატარა გოგოც ჰყავდა. ერთ დღეს სოფელს თავს ყაჩაღები დაესხნენ. მიადგნენ შავწარბების ოჯახსაც, ძმების ხელობით აღფრთოვანებულებმა, ბიჭები მძევლად აიყვანეს და უცხო მხარეში გადამალეს. დიდხანს ეძებდა ოჯახი ბიჭებს, მაგრამ კვალს ვერსად მიაგნეს. გავიდა წლები. გაიზარდა გოგო, გადაწყვიტა ძმების მოძებნა. დიდი ხნის შემდეგ მათ კვალს მიაგნო. უამბეს, ბოროტი ხანი როგორ აწამებდა ძმებს. აიძულებდა ემუშავათ, თუმცა სამივე შეუპოვრად ამტკიცებდა, რომ ნიჭის გამოვლენა საკუთარი სახლის გარეთ არ შეეძლოთ. ხანის ბრძანებით, სასიკვდილოდ ნაცემი ძმების სხეულები სტეპებში გადაყარეს. მონახა გოგომ ძმების ძვლები და ტანისამოსი, წამოიღო სახლში და ბაღში დამარხა. საფლავზე ცოტა ხანში მათთვის უცხო, ულამაზესი ყვავილები გაიშალა. ყვავილს შავწარბა დაარქვეს. ხავერდა ძალიან უყვართ უკრაინაში. დღემდე ეს მცენარე საკუთარი კერიის სიმბოლოდ ითვლება.

ზაფრანა ფართოდ გამოიყენება დეკორატიულ მებაღეობაში
© Flickr / Kai Schreiber
ზაფრანა ფართოდ გამოიყენება დეკორატიულ მებაღეობაში

ხავერდას ყვავილებს მაგიურ თვისებებსაც მიაწერენ. ყვავილებისგან წნავენ გვირგვინებს ბედის მოსაზიდად. ითვლება, რომ ყვავილი ამძაფრებს საპირისპირო სქესის მიმართ სასიყვარულო ინტერესს, ვნებას. სახლიდან დევნის ბოროტ ძალებს, იცავს ავი თვალისგან. ერთ-ერთი სახალისო მაგიური თვისება — მოულოდნელი სტუმრისგან დაცვაა. თუ გსურთ თქვენი საიდუმლო პაემნის შესახებ ვერავინ შეიტყოს, საკმარისია ფანჯრის რაფაზე, ან შემოსასვლელ კართან დადგათ თაიგული, უდროოდ მოსული სტუმარი ყვავილის დანახვაზე მნიშვნელოვან საქმეებს გაიხსენებს და უკან გაბრუნდება. ჩინეთში ხავერდა დღეგრძელობის სიმბოლოდ მიიჩნევა, და მას ათი ათასი წლის ყვავილებს უწოდებენ. ინდუიზმის მიმდევრებში ეს ყვავილი გაიგივებულია კრიშნასთან. ხავერდას ყვავილებით ეროვნული დღესასწაულების დროს აკეთებენ გირლანდებს, გვირგვინებს, იყენებენ სალოცავების მოსართავად.

ზაფრანის გირლიანდები ცენტრალური აზიის ქვეყნებში რელიგიური რიტუალების განუყოფელი ნაწილია
© Flickr / Wonderlane
ზაფრანის გირლიანდები ცენტრალური აზიის ქვეყნებში რელიგიური რიტუალების განუყოფელი ნაწილია

ძველი ქრისტიანები ხავერდას ყვავილებს ოქროს მონეტების სიმბოლოდ თვლიდნენ და ტრადიციულად ღვთისმშობლის ხატებს მისი ყვავილებით რთავდნენ. ლეგენდის მიხედვით, წმინდა მარიამსა და მის მეუღლე იოსებს ეგვიპტეში გაქცევის დროს ქურდების ამალა აეკიდა. წაართვეს საფულე, საფულიდან კი ფულის ნაცვლად ხავერდას ყვავილები გადმოიფანტა.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური წყაროების მიხედვით, ეს ულამაზესი მცენარე „განათლებულმა მსოფლიომ“ მხოლოდ ამერიკის აღმოჩენის შემდეგ იხილა, ზემოთ მოხსენიებული ლეგენდები მოწმობს, რომ ხავერდას მანამდეც საკმაოდ კარგად იცნობდნენ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ჩვენს სამშობლოშიც.

რაც შეეხება სამკურნალო თვისებებს, იმერული ზაფრანას ქიმიური შემადგენლობა ბოლომდე არ არის შესწავლილი. მცენარე მდიდარია ეთერზეთებითა და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, რის გამოც იმერული ზაფრანას ყვავილებს ხალხურ მედიცინაში ფართო გამოყენება აქვს. ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებიდან მასში უხვადაა: ეთერზეთები, ალკალოიდები, გოგირდის შემცველი ნაერთები, ორგანული მჟავები, კეტონები, ტერპენები, მაკრო- და მიკროელემენტები, ვიტამინები და საღებავები.

შარდმდენი, ოფლმდენი, ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული, ორგანიზმის გამაჯანსაღებელი, პარაზიტების საწინააღმდეგო, ნაღველმდენი, ანტისეპტიკური და მატონიზირებელი თვისებების წყალობით მცენარე ფართოდ გამოიყენება საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებების სამკურნალოდ. აღადგენს ნაწლავის ფლორას, აიოლებს ცილოვანი საკვების მონელებას, ხელს უშლის მავნე აირების დაგროვებას ნაწლავებში, აუმჯობესებს ღვიძლის უჯრედების სტრუქტურას, ხელს უწყობს ნაღვლის ბუშტიდან კენჭების გამოდევნას, ეფექტურია შეკრულობისას. აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას. რესპირატორული დაავადებების, მათ შორის ჰაიმორიტის და ბრონქიტის დროს ყვავილების ნახარშის ინჰალაცია ხელს უწყობს სასუნთქი გზებიდან ლორწოს გამოდევნას.

კანის სხვადასხვა გაღიზიანების, დამწვრობის, წყლულოვანი გამონაყარის, ნაწოლების სამკურნალოდ, ასევე ქუსლებსა და მუხლებზე გაუხეშებული კანის დასარბილებლად ეფექტურია ზეთის გამოყენება. მალამო ამსუბუქებს კუნთების დაჭიმულობით გამოწვეულ ტკივილსა და სიმძიმეს ფეხებში. ამსუბუქებს ფუტკრის და კრაზანის ნაკბენით გამოწვეულ ტკივილს.

ხავერდაში შემავალი საღებავი ნივთიერებები გამოიყენება საკონდიტრო, სპირტის, საპნის, პარფიუმერული და კოსმეტიკური საშუალებების წარმოებაში.

ფართო გამოყენება აქვს იმერული ზაფრანას ეთერზეთებს არომათერაპიაში ნერვოზებისა და დეპრესიის სამკურნალოდ, როგორც სედატიური და მასტიმულირებელი საშუალება. ამშვიდებს ნერვული აშლილობით გამოწვეულ გაღიზიანებას და ამაღლებს გუნება-განყობას.

იმერული ზაფრანა მებაღეების საყვარელ ყვავილად იქცა
© Flickr / Enrico Giubertoni
იმერული ზაფრანა მებაღეების საყვარელ ყვავილად იქცა

ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი იმერული ზაფრანა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ქართული სამზარეულო, დეკორატიულ მებაღეობაში ხუთ საუკუნეზე მეტია გამოიყენება ხალიჩების, კლუმბების, რაბატების დასამშვენებლად. ყვავილების კაშკაშა პალიტრა შთამბეჭდავ იერს ანიჭებს ყვავილნარებს. გამოირჩევა ხანგრძლივი ყვავილობით, გამძლეა მავნებელ-დაავადებების მიმართ და განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს. ნიადაგის მიმართ ნაკლებ მომთხოვნია. გამოყოფს ფიტონციდებს და იცავს გარშემო არსებულ კულტურებს მთელი რიგი მავნებლებისგან. სასურველია სხვადასხვა კულტურების რიგთაშორის ხავერდას დარგვა. იქ, სადაც ეს მცენარე ხარობს, მნიშვნელოვნად მცირდება მიწის ნემატოდების, ცხვირგრძელების, კომბოსტოს თეთრულას, ხახვის ბუზის, ხოჭოებისა და სხვა მავნებლების რიცხვი. ხავერდას ნაყენი გამოიყენება ტკიპების წინააღმდეგ დეკორატიული და ხეხილოვანი კულტურებისთვის. დარგვის წინ დეკორატიული და ბოსტნეული კულტურების დამუშავება ხავერდას ნაყენით იცავს მათ მიწისქვეშა ნაწილებს ფუზარიოზისა და ლპობის გამომწვევი სოკოებისგან. ამ თვისების წყალობით ეს მცენარე მებაღეების საყვარელ ყვავილად იქცა.

2321
თემები:
ქართული სამზარეულო
ფურისულა

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 14 ივნისი

0
(განახლებულია 10:45 13.06.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 14 ივნისია, ორშაბათი. მზარდი მთვარე ლომის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.

არ იჩქაროთ. დღეს შეიძლება ბევრი რამ ჩვეულებრივზე რთული გასაკეთებელი იყოს. უკან არ დაიხიოთ, თუ გზაზე დაბრკოლებები შეიქმნა. ასევე რთული იქნება ერთობლივ სამუშაოზე შეთანხმება, ადვილი არ იქნება კომპრომისის მოძებნა. სერიოზული უთანხმოებების თავიდან არიდება შესაძლებელი იქნება, თუ მეგობრულად და ტაქტიანად მოიქცევით.

მამაკაცის „საოცნებო ქალი“ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ვერძი: ხართ ენერგიული, წარმატების მისაღწევად უკან არაფერზე იხევთ. გზაზე არ გაჩნდება დაბრკოლება, რომლის გადალახვასაც ვერ შეძლებთ. გაგახარებთ მეგობრებთან ურთიერთობები. შესაძლოა, მათ რამე ახალი ინფორმაცია მოგაწოდონ ან საინტერესო იდეა შემოგთავაზონ. არაა გამორიცხული რომანტიკული სიურპრიზები. ურთიერთობები საყვარელ ადამიანთან ჰარმონიული იქნება, შესანიშნავად უგებთ ერთმანეთს.

კურო: მშფოთვარე დღეა. არ არის გამორიცხული, რომ გეგმების შეცვლა მოგიწიოთ გზადაგზა და ეს მაინცდამაინც არ მოგეწონებათ. შესაძლოა გადაიდოს შეხვედრები, რომლებსაც მოუთმენლად ელოდებოდით, საკითხების გადაჭრა, რომლებიც მნიშვნელოვანია თქვენთვის. სამაგიეროდ გაიხსნება ახალი შესაძლებლობები. უნდა ეცადოთ, რომ მოცემული შანსი ხელიდან არ გაუშვათ. გამოიჩინეთ ინიციატივა როგორ საქმეებში, ისე პირად ურთიერთობებში.

ტყუპი: იღბლიანი იქნება დღის პირველი ნახევარი. დარწმუნებული ხართ თქვენს წარმატებებში და ინტუიცია არ გღალატობთ – მართლაც შესანიშნავი შედეგების მიღწევა შეგიძლიათ. კარგი დროა გეგმების განხილვისთვის. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელი იქნება ადრე დაწყებული საქმეების დამთავრება, პასუხების პოვნა კითხვებზე, რომლებიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მოსვენებას არ გაძლევთ.

კირჩხიბი: დღის დასაწყისი ძალზე ხელსაყრელია. გაქვთ შანსი, რომ წარმატებას მიაღწიოთ მნიშვნელოვან საქმეში, რომლისთვისაც ძალღონე არ დაიშურეთ. პოზიტიური ტენდენციების გავლენა საქმიან სფეროში თანდათანობით მიილევა, მაგრამ ის კვლავ ძლიერი დარჩება პირად ურთიერთობებში. საღამო სასიამოვნო სიურპრიზებს გპირდებათ შეყვარებულ კირჩხიბებს. შეგიძლიათ საყვარელ ადამიანთან ერთად საერთო გეგმები განიხილოთ და იოცნებოთ.

ლომი: მიუხედავად იმისა, რომ არაერთი საქმე და საზრუნავი გექნებათ, დღეს ვერც უიღბლოსა და ვერც დაძაბულს ვერ ვუწოდებთ. ბევრ რამეს შესანიშნავად უმკლავდებით, მათ შორის, რთულ ამოცანებსაც. მოსალოდნელია შეხვედრა ძველ ნაცნობებთან, შესაძლებელია მათთან საერთო გეგმებიც გაჩნდეს.. კარგი დღეა სწავლისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. საჭიროა ყურადღება მცირე დეტალების მიმართ, რაც ზოგიერთ თქვენგანს გაუჭირდება.

ქალწული: დღის დასაწყისი საკმაოდ დაძაბული ემოციური ფონით იქნება გამორჩეული. შესაძლოა, მცირე წვრილმანებზეც კი ინერვიულოთ; მოსალოდნელია უთანხმოებები ახლობლებთან. ეს გაგანერვიულებთ. დროთა განმავლობაში გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და დაგიბრუნდებათ ოპტიმიზმი, უკეთ გააკონტროლებთ თავს. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა. ახლობლებთან და საქმიან პარტნიორებთან შედეგიანი საუბრები.

სასწორი: ეცადეთ, დღის პირველ ნახევარში არ გადაიღალოთ. ეს ცუდად იმოქმედებს როგორც ფიზიკურ მდგომარეობაზე, ისე განწყობაზე. მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს, არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება. ყველაფრის მშვიდად მოსაფიქრებლად დრო გჭირდებათ. დღის მეორე ნახევარი მსუბუქი და ხელსაყრელი იქნება. მოგეცემათ რაღაც მნიშვნელოვან საქმეებთან გამკლავების საშუალება. ბევრი მიაღწევს წარმატებას იქ, სადაც ფანტაზიაა საჭირო.

მორიელი: დღის დასაწყისი შესაფერისი დროა საქმიანი შეხვედრებისთვის. არ არის გამორიცხული, რომ მიიღოთ წინადადება, რომელიც ძალიან დაგაინტერესებთ. ასევე შეიძლება გაჩნდეს ძველი საქმიანი კავშირების აღდგენის შანსი. დღის მეორე ნახევარში მოგეცემათ საშუალება, რომ გამოასწოროთ რომელიმე ძველ საქმეში დაშვებული შეცდომები. დიდი ალბათობაა, რომ თანხა მიიღოთ – შესაძლოა, დიდი არა, მაგრამ ეს მაინც დაგეხმარებათ მნიშვნელოვანი ნივთების შეძენაში.

მშვილდოსანი: შეიძლება ითქვას, რომ აღმაფრენის დღეა, რომელიც მოგიტანთ კარგ და მნიშვნელოვან სიახლეებს. გექნებათ ძველი კავშირების აღდგენის საშუალება. ასევე მოსალოდნელია, რომ მიიღოთ უჩვეულო, საინტერესო წინადადება. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ფინანსური საკითხების გადაწყვეტისთვის, მომგებიანი გარიგებების დადებისთვის, თანამშრომლობაზე შეთანხმებისთვის. არ არის გამორიცხული დაუგეგმავი ხარჯებიც, მაგრამ ეს ფუჭად დახარჯული ფული არ იქნება.

თხის რქა: ხელსაყრელი დღეა. შეგიძლიათ ახალი საქმის დაწყება, მაღალია წარმატებების სწრაფად მიღწევის შანსი. არაა გამორიცხული სასარგებლო ნაცნობობა. ხართ ძალზე მომხიბვლელი, ამიტომ თქვენდამი გულგრილი ვერავინ დარჩება. შესაძლოა, ვიღაც თქვენდამი სასიყვარულო გრძნობითაც განიმსჭვალოს. დღის მეორე ნახევარში კარგად წარიმართება სახლის საქმეები. შეგიძლიათ იყიდოთ ავეჯი, ყოფითი ტექნიკა და სხვა ნივთები სახლისთვის.

მერწყული: ეცადეთ, შეინარჩუნოთ ჯანსაღი აზრი და სწორად შეაფასოთ თქვენი ძალები. რეალური შეხედულებები იმედგაცრუებისგან გიხსნით. აჯობებს, თუ ყურადღებას გაამახვილებთ პრაქტიკულ ამოცანებზე, ისეთზე, რომლებიც უახლოეს მომავალში კონკრეტული შედეგების მიღების საშუალებას იძლევა. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია შეხვედრები ძველ ნაცნობებთან. ეს ძალიან გაგახარებთ. მოგეცემათ ადრე დაშვებული შეცდომის გამოსწორების შანსი.

თევზები: დღე კარგად აეწყობა, მაგრამ თქვენ დაჟინებით ცდილობთ მოძებნოთ საბაბი იმისთვის, რომ აღელდეთ და განაწყენდეთ. ეცადეთ, უფრო პოზიტიურად განეწყოთ. ამ შემთხვევაში ბევრ საინტერესო შესაძლებლობას აღმოაჩენთ, მიხვდებით, როგორ მიაღწიოთ წარმატებას. არ გარისკოთ იქ, სადაც ამის საჭიროება არ არის. ფრთხილად მოქმედებით ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ. დაფიქრებით ნათქვამი სიტყვა და მოქმედება როგორც საქმიან სფეროში, ისე პირად ურთიერთობებში მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.

0