ბეგქონდარა

შემოდგომის ნობათი: რომელი მცენარეები უნდა შევაგროვოთ ოქტომბერში

908
(განახლებულია 10:28 11.10.2020)
მწიფე და ბარაქიანი შემოდგომა უხვად გვასაჩუქრებს მცენარეული ნობათით. მოწეული ჭირნახულის დაბინავებასთან ერთად ვიზრუნოთ მწვანე აფთიაქის გამდიდრებაზეც.

ვაგრძელებთ სერიას და კვლავ გთავაზობთ სამკურნალო მცენარეებს, რომელთა შეგროვება ოქტომბრის თვეში უნდა მოხდეს.

ფითრი (Viscum album L, მესხური – ბიდნა; გურული, აჭარული – მადა; ჭანური – ჭაბუ, მცხული კაკა; მეგრული – ლიყვი, ლეყვი; სვანური – ჭაგვ, ფითირ) – რომაული სიტყვაა და ნიშნავს მსუბუქ ნაყოფს. მცენარეს ქართული სახელი „ფითრი" მისი ნაყოფების ძლიერი სითეთრის გამო ეწოდა. ანტიკური დროიდან პოპულარული ფითრი საყოველთაოდ აღიარებული სამკურნალო მცენარეა. მისი გამოყენება უფრო ინტენსიურად XVI საუკუნიდან იწყება, როგორც ძლიერი დამამშვიდებელი საშუალება ეპილეფსიური კრუნჩხვების დროს. ფითრის მზა ნედლეულს აქვს სუსტი მომწარო სუნი და სასიამოვნო გემო. იხმარება არტერიებში კალციუმის მარილების დაგროვების (არტერიოსკლეროზი) დროს, დაბლა სწევს მაღალ არტერიულ წნევას, კარგად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. ეს მარადმწვანე მრავალწლოვანი მცენარე პარაზიტობს მერქნიან ტყის ფოთლოვან სახეობებზე (მუხა, ვაშლი, მსხალი და სხვ.) და გავრცელებულია მთელ საქართველოში. გასულ საუკუნეში ფითრიდან მიიღეს პრეპარატი ვისკულენი, რომელსაც აქვს სისხლდენის შემაჩერებელი და წნევის დამწევი მოქმედება. ფითრის ფოთოლი შეიცავს დიდი ოდენობით ორგანულ მჟავებს, შაქრებს, მწარე, მთრიმლავ და ცილოვან ნივთიერებებს, მინერალურ მარილებს, ფისებს, ნაცარს. ფითრის ფარმაცევტული პრეპარატები გამოიყენება ართროზის და ავთვისებიანი სიმსივნეების წინააღმდეგ. სამკურნალო მიზნით გროვდება ყლორტები მთელი წლის განმავლობაში.

ვაზი (Vitis vinifera L., დასავლური – ვენახი; ჭანური, მეგრული – ბინეხი, ბენეხი; სვანური – ვააზ, ღვაზ) – ყურძნის ღვინოსა და მცენარის ფოთლებში დიდი ოდენობით შემავალი საქაროზა, ინვერტული შაქარი, გლუტამინი, ქოლინი, ქვერცეტინი, კაროტინი, მთრიმლავი ნივთიერებები, ორგანული მჟავები, მინერალური მარილები და ბიოოგიურად აქტიური სხვა ნივთიერებები განსაკუთრებულად ღირებულს ხდის ამ მცენარეს. ვაზის სხვადასხვა ფერის და გემოს ნაყოფები უხსოვარი დროიდან იხმარება სამკურნალო მიზნით. ამისთვის ყურძნის წვენს აცლიან დადუღებას, დადუღებულს ასუფთავებენ ნახშირით, გასუფთავებული წვენიდან კი იღებენ თეთრი ღვინის ქვას, რომელსაც სვამენ როგორც კუჭის ამშლელ საშუალებას. ცნობილია, რომ ვაზის ნაყოფს აქვს მადის მომგვრელი და გამასუქებელი მოქმედება. ძველად საქართველოში სიგამხდრის დროს ყურძნის წვენს ასმევდნენ ბავშვს. ქიშმიშს უმატებდნენ საგულე ჩაის, რძეში მოხარშული ქიშმიშის ნახარშით მკურნალობდნენ კბილისა და ღრძილების ჩირქოვან ანთებებს, ღვინოს სამკურნალო მიზნით იყენებდნენ გულის აღმგზნებად კოლაფსის შემთხვევაში და შესაზელად სიცხის დასაწევად მალარიის დროს. კახეთში შავი ყურძნის მარცვლებს აყრიან შაქარს და მუწუკების და ჩირქგროვების მოსამწიფებლად იდებენ საფენის სახით. ყურძნის წიპწას მრავალძარღვასთან ერთად იყენებენ ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ.

ცოცხანა, ცოცხობა (Verbena officinalis L., იმერული – შავი ცოცხი, სამაჭრია; რაჭული, კახური – ცოცხმაგარა; გარეკახური, ქიზიყური – ჩადი; ლეჩხუმური – მოზვრიკუდე; გურული – ცოცხა-ცოცხა, ცახა-ცახა; ინგილოური – კარაზანა; მეგრული – მაქოსალაია, მაწკინტია, ჩე ოქოსალე) – ეს მცენარე ღმერთებისთვის შესაწირავად მიჰქონდათ და გვარის ლათინური სახელიც (Verba) ნიშნავს გაღმერთებულს, საფიცარს. მცენარეს უძველესი დროიდან იყენებენ კოლხები, ეგვიპტელები, ბერძნები, რომაელები და კელტები, რაც კარგად ჩანს ამ ხალხების ზეპირსიტყვიერებაში, უძველესი დროიდან შემონახულ ხელნაწერებსა და სამკურნალო წიგნებში. ცოცხანათი მკურნალობდნენ მრავალ დაავადებას, იყენებდნენ ჭრილობების შესახორცებლად, მისგან ამზადებდნენ სხვადასხვა სალბუნს და ჯადოქრულ მალამოს. სამკურნალო მზა ნედლეული უსუნოა, აქვს მწარე, მკაწრავი გემო. აქვს შარდმდენი მოქმედება და გამოდის სხვადასხვა შარდმდენი ნაკრებების შემადგენლობაში ფერადი და თირკმლის ჩაის სახით. ურევენ აგრეთვე პირის ღრუსა და ყელში გამოსავლებ წყალში. ცოცხანა იზრდება ტენიან ადგილებში, ნათესებში და რუდერალურ ადგილებზე მთის შუა სარტყლამდე აფხაზეთში, იმერეთში, აჭარასა და ქართლში. კავკასიის ხალხები მის წვენს, ან ნახარშს სვამენ მუცლის ჭრითი ტკივილების დროს და ჩაჭედილი თიაქრით გამოწვეული ტკივილის შესამსუბუქებლად. ცოცხანას წვრილად დაჭრილ ფოთლებს, ქერის ფქვილს და კვერცხის ცილას ზელენ ერთად და სალბუნის სახით იდებენ ნაღრძობზე, შესიებულ ადგილებზე. დაწყლულებულ კანზე კი იდებენ მთლიანად დანაყილ მცენარეს. ფოთლების ნახარშის აბაზანები უებარი სამკურნალო საშუალებაა მალარიით, თავის ტკივილით და საერთო სისუსტით დაავადებულ ბავშვებში. სამკურნალო მიზნით გროვდება მცენარის მიწისზედა მწვანე ნაწილები მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით. სამეგრელოსა და სამტრედიაში მცენარეს ბაიას სახელით იცნობენ.

მაჟარა, სამატლე (Thalictrum spp., კახური – ფათალ-კოვზა; გარეკახური, ქიზიყური – გველის ჭყიმა; მთიულური – გველის წამალი; მოხევური – ციების წამალაი; სვანური – კვაცხ.; სამატლე - Thalictrum foetidum L. თუშური – მატლის ბალახი; რაჭული, ლეჩხუმური – დაჭრილის წამალი) – გავრცელებულია მთის შუა სარტყლამდე ტყის პირებზე, ბუჩქნარებსა და ბალახოვან ფერდობებზე. ქართულ ხალხურ მედიცინაში მაჟარას ნახარშით იბანდნენ დაბინძურებულ ჭრილობებს და მკურნალობდნენ მტკივნეულ მენსტრუალურ ციკლს. მცენარის ნახარშს იყენებდნენ ვეტერინარიაშიც, დაბინძურებული ჭრილობების ჩამოსაბანად. საინტერესოა მაჟარას სხვა სახეობა – სამატლე, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმში ჭრილობების შესახორცებლად იყენებდნენ. მცენარის მიწისზედა მწვანე ნაწილებს მთლიანად ახმობდნენ და შემდეგ დაფშვნილს იყრიდნენ ჭრილობაზე. მცენარე აბსოლუტურად უნაწიბუროდ აშუშებდა ჭრილობებს. სწორედ ამ თვისების გამო მეტად პოპულარული და ძვირფასი ყოფილა და რაჭაში სპეციალურადაც კი აშენებდნენ. მცენარის ფესვები შხამიანია და აქვს შარდმდენი მოქმედება. სამკურნალო მიზნით აგროვებენ ბალახს მაისის მეორე ნახევრიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდე.

ბეგქონდარა (Thymus spp.) და ურცი (Thymus vulgaris) – ლათინურად ძლიერს, ღონიერს ნიშნავს და მართლაც, ამ გვარის წარმომადგენლები მძაფრი სუნით გამოირჩევიან. ბეგქონდარას უძველესი დროიდან იყენებენ ქალური დაავადებების სამკურნალოდ. ბეგქონდარას ნაყენი, ჩაი, ან ბალახეული ნაკრები უებარია ხველების დროს ნახველის გამოსადევნად, გაციების დროს ოფლის მოსაგვრელად, ნაწლავური პარაზიტების საწინააღმდეგოდ და აგრეთვე ჭვლების დროს აბაზანების სახით.

ბეგქონდარას საქართველოში მთის ქონდარს და მწყემსის საკაზმსსაც უწოდებენ, რადგან მწყემსები ცხვრის ხორცის შესაკმაზად იყენებენ. გავრცელებულია მთის ქვედა და ზედა სარტყელებში მშალ ბალახიან და ქვიან ადგილებში, ღორღიან და კლდოვან სუბსტრატებზე, სუბალპურ ნესტიან მდელოებზე.

რაც შეეხება ურცს, მისი სამკურნალო მზა ნედლეული XVI საუკუნიდან ჩნდება გერმანიაში აფთიაქებში, აღწერილია ყველა სამკურნალო მცენარეთა და ნივთიერებათა ნუსხაში. ურცის მწვავე არომატული გემოს და სუნის ზეთს კი თიმოლის სახელით მოიხსენიებენ და გამოიყენება ხველებისა და სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ, შედის ხველების საწინააღმდეგო ყველა სახის ჩაის შემადგენლობაში. საუკეთესო სადეზინფექციო საშუალებაა პირის ღრუსა და ყელის გამოსავლები წყლის მოსამზადებლად და კბილის გამწმენდი პასტის შესაზავებლად. მცენარის მშრალი ფოთლები ეფექტურია სპაზმებისა და კრუნჩხვების წინააღმდეგ. განსაკუთრებით ძვლის მჭამელისა და ჭვლების დროს ჩაის სახით. ურცის სპირტიანი ნაყენით იზელენ დადამბლავებულ და მტკივნეულ ადგილებს რევმატიზმის დროს.

ბეგქონდარას და ურცის მიწისზედა მწვანე ნაწილებს ფესვების გარეშე აგროვებენ აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით. იყენებენ აგრეთვე, კულინარიაში საკმაზ-სანელებლად.

ფამფარა (Tragopogon graminifolium L., გარეკახური – ჰამზა; ქიზიყური – ფამფარო; ფშავური – ვაციწვერა; თუშური – მძივანა; სვანური – ჭაფხვირ) – გავრცელებულია ყველგან მთის შუა სარტყლამდე ბუჩქნარში და მდელოებზე. საქართველოში ფამფარას მიწისზედა მწვანე ნაწილებს იყენებდნენ ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ და ზოგჯერ კუჭის ამშლელი ნაკრების შემადგენლობაში. აგრეთვე, როგორც ამოსახველებელი საშუალება. სამკურნალო მიზნით გროვდება მცენარის მიწისზედა მწვანე ნაწილები – ბალახი მაისის მეორე ნახევრიდან ოქტომბრის ჩათვლით.

პირშუშხა (Cochlearia armoracia L., აჭარული – ხარდანი) – მცენარის ფესვს და ფოთლებს ამზადებენ აპრილის მეორე ნახევრიდან ოქტომბრის ჩათვლით. იყენებენ როგორც მადის მომგვრელი, სისხლის გამწმენდი და ამოსახველებელი საშუალება. კულინარიაში – ცხარე საკმაზ-სანელებლად, მდოგვის შემცვლელად.

908
თემები:
სასარგებლო რჩევები (324)
ვიტამინები თეფშზე

D ვიტამინი იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ ვიტამინი

844
(განახლებულია 17:21 19.10.2020)
D–ვიტამინი სხვა ვიტამინების უმრავლესობისგან განსხვავდება. ის ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ძვლების, გულის ჯანმრთელობასა და ანთებით რეაქციებზე, მისი დეფიციტი კი უამრავ პრობლემას ქმნის.

D–ვიტამინი ცხიმხსნადი ვიტამინია. ის სხვა, ადამიანის ორგანიზმისთვის აუცლებელი ვიტამინების უმრავლესობისგან განსხვავდება. D–ვიტამინი იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ ვიტამინი. ის მოქმედებს, როგორც პროჰორმონი და ზემოქმედებას ახდენს ორგანიზმის ჰორმონალურ ბალანსზე და იმუნურ სისტემაზე.

ცნობილია, რომ D–ვიტამინის ყველაზე დიდ რაოდენობას, დაახლოებით 80%-ს ადამიანის ორგანიზმი მზისგან იღებს, ხოლო დანარჩენს – საკვებიდან.

ამ ვიტამინის შემცველი პროდუქტების გამოყენება ჯანმრთელობის მრავალ პრობლემას აგვაცილებს თავიდან. არის D–ვიტამინი დანამატების სახით და ასევე მისი მიღება, რა თქმა უნდა, პროდუქტების სახით შეიძლება.

რატომ არის D–ვიტამინი სასარგებლო

როგორც აღვნიშნეთ, ეს ვიტამინი ორგანიზმზე მოქმედებს, როგორც უფრო ჰორმონი, ვიდრე ვიტამინი. ის ზეგავლენას ახდენს ნეიროტრანსმიტერების მუშაობაზე, გულის ჯანმრთელობასა და ანთებით რეაქციებზე.

კერძოდ:

უფრო ძლიერი ძვლები

ძლიერი ძვლები ყოველთვის კალციუმს უკავშირდება, მაგრამ არ შეიძლება D–ვიტამინის როლის დაკნინება. ის მოქმედებს, როგორც ძვლებში კალციუმის გადინების ძლიერი სტიმულატორი და ამით ხელს უწყობს ძვლების სიმტკიცესა და ჯანმრთელობას. D–ვიტამინი ასევე ხელს უწყობს ორგანიზმში ფოსფორის დონის შენარჩუნებას, რაც ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ძვლების ჯანმრთელობისთვის.

სენსაციური აღმოჩენა: დიდი რაოდენობით ვიტამინი D მეორე ტიპის დიაბეტს კურნავს>>

იცავს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან

D–ვიტამინის ოპტიმალური დონე ადამიანის ორგანიზმს გრძელვადიან პერსპექტივაში რგებს. ცნობილია, რომ ამ ვიტამინის დეფიციტის მქონე ადამიანებში მეტია რისკი მაღალი არტერიული წნევისა, გულთან და ჰიპერტონიასთან დაკავშირებული პრიობლემების.

აძლიერებს იმუნურ სისტემას

D–ვიტამინი ეხმარება იმუნური სისტემის „მკვლელ უჯრედებს“. ეს „ქილერი–უჯრედები“ ორგანიზმში უმოქმედოდ არიან, სანამ პათოგენების განადგურებისთვის არ გახდებიან საჭირო. ისინი სხეულის გასააქტიურებელ სიგნალებს ელოდებიან. ვიტამინი D კი ამ სიგნალების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია.

ამცირებს II ტიპის დიაბეტის რისკს

II ტიპის დიაბეტმა ადამიანის ჯანმრთელობას მრავალი პრობლემა შეიძლება შეუქმნას. ამ ტიპის დიაბეტის რისკის შემცირებაში ვიტამინი D მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მისი არასაკმარისი დონე ორგანიზმში უარყოფითად აისახება ინსულინის სეკრეციასა და გლუკოზისადმი ტოლერანტობაზე.

ამცირებს კიბოს განვითარების რისკს

D–ვიტამინის საკმარისი რაოდენობა ეხმარება ორგანიზმს, დააბრკოლოს სხვადასხვა ტიპის კიბოს წარმოქმნა, როგორიცაა, მაგალითად, მსხვილი ნაწლავის, ძუძუს, საკვერცხეებისა და პროსტატის კიბო. ცოტა ხნის წინ ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალების 70%-ს D–ვიტამინის ნაკლებობა ჰქონდა.

შაკიკი - გადაუჭრელი პრობლემა - ისე სჭამდა რკინასაო, როგორც ხარი თივასაო>>

ჯანმრთელი ორსულობა

ორსულებში, რომლებსაც D–ვიტამინის ნაკლებობა აქვთ, მაღალია საკეისრო კვეთის ჩატარების აუცილებლობა. ეს ასევე უკავშირდება გესტაციურ დიაბეტსა და ბაქტერიულ ვაგინოზს. ამ ვიტამინის დაბალ დონეს შეუძლია გამოიწვიოს ატოპიური და ალერგიული საბავშვო დაავადებები (მაგალითად, ასთმა, ეგზემა, დერმატიტი ჩვილებში).

ეხმარება ორგანიზმს პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომისგან დაცვაში

პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი ქალის უნაყოფობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. კვლევებმა აჩვენა, რომ ამ სინდრომის მქონე ქალებში ბევრს ჰქონდა D–ვიტამინის ნაკლებობა.

D–ვიტამინის დეფიციტი იწვევს ძვლების შერბილებას (ოსტეომალაციას), ან ძვლების ანომალიას (რაქიტი).

მისი ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • დაღლილობა
  • დაბალი ლიბიდო
  • უნაყოფობა
  • განგაშის შეგრძნება
  • დეპრესია

შვიდი ყველაზე საუკეთესო პროდუქტი D–ვიტამინის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად:

1. ვირთევზას ღვიძლის ცხიმი

ვირთევზას ღვიძლის ცხიმი ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავების ერთ-ერთი პოპულარული წყაროა. ამას გარდა, ის D–ვიტამინის მდიდარ წყაროსაც წარმოადგენს. მისი რეგულარული მიღება ხელს უწყობს ძვლების განმტკიცებას, აუმჯობესებს ტვინის საქმიანობას, აბრკოლებს გულის დაავადებებს და ამცირებს კიბოს რისკს.

2. ორაგული

ორაგული ბევრს მოსწონს. მასში დიდი რაოდენობითაა ცხიმი, რითიც D–ვიტამინის კარგ წყაროდ მიიჩნევა. D–ვიტამინი ორაგულში ძალიან სასარგებლოა ძვლებისა და სახსრებისთვის, იცავს ნერვულ სისტემას ასაკობრივი დაზიანებებისგან და ერთგვარი ანტიდეპრესანტის როლიც შეიძლება შეასრულოს.

3. აუდუღარი რძე

რძეც ასევე საკმაოდ კარგი წყაროა D–ვიტამინის. ერთი ჭიქა რძე ამ ვიტამინის მოთხოვნილების 20%-ს უზრუნველყოფს. უპირატესობა მიანიჭეთ ცხიმიან რძეს და არა უცხიმოს. რძის სხვა პროდუქტები, მაგალითად, ყველი, ნაყინი, იოგურტი, D–ვიტამინს არ შეიცავს.

4. სოკო

სოკო ერთადერთი მცენარეული პროდუქტია, რომელიც D–ვიტამინს შეიცავს. ის ასევე მდიდარია B–ვიტამინებით – B1, B2 და B5 და სპილენძით.

5. ყველი „რიკოტა“

ყველი „რიკოტა“ (Ricotta, იტალიური შრატის ყველი, მზადდება ცხვრის, ძროხის, თხის ან იტალიური კამეჩის რძის შრატისგან) რძის ნაწარმში ერთადერთი წყაროა D–ვიტამინის. ყველის სხვა სახეობებისგან განსხვავებით მასში ხუთჯერ მეტი D–ვიტამინია.

6. სკუმბრია

თევზის ეს სახეობა D–ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს. ის ასევე ომეგა-3-ის მდიდარი წყაროა, რაც სკუმბრიას გულის, ძვლების, სახსრებისა და ორგანიზმის ზოგადი განვითარებისთვის ძალზე სასარგებლო პროდუქტად აქცევს.

7. კვერცხი

კვერცხში შედის D–ვიტამინი, მაგრამ მცირე რაოდენობით. ერთი კვერცხი დღეში ორგანიზმის D–ვიტამინის მოთხოვნილების 10%-ს აკმაყოფილებს. გარდა ამ ვიტამინისა, კვერცხი მდიდარია ცილებითა და ვიტამინით B12.

844
თემები:
სასარგებლო რჩევები (324)
შემოდგომის თბილისი

როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი ცივ სეზონზე და აღვიდგინოთ დაკარგული ენერგია

1189
(განახლებულია 21:15 06.10.2020)
შემოდგომის სეზონის დადგომისთანავე გაციება, გრიპი, ვირუსი – ადამიანების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. მალე გააქტიურდება სხვადასხვა ვირუსული ინფექცია. განსაკუთრებით ეს საკითხი ბავშვიან ოჯახებს აღელვებთ.

თუ გვსურს ორგანიზმი უფრო ხანგრძლივად დავიცვათ ვირუსებისგან, საჭიროა ჯანსაღი იმუნიტეტი. გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას, როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი.

იმუნიტეტის ასამაღლებლად დიდი მნიშვნელობა აქვს დაბალანსებულ კვებას. იმუნური სისტემის უჯრედებს ნორმალური მუშაობისთვის სჭირდება ცილები, რომელსაც შეიცავს ხორცი, თევზი, პარკოსნები. ასევე ვიტამინები, მიკროელემენტები, კალიუმი, მაგნიუმი, სპილენძი, თუთია, იოდი, სელენი, გერმანიუმი და სხვ.

კაკალი
© CC0 / Pixabay
კაკალი

კაკალი

მიკროელემენტების შემცველობით მცენარეული პროდუქტებიდან ლიდერია კაკალი. ხალხურ მედიცინაში კაკალი დიდი ხნის წინ გამოიყენებოდა. ჰიპოკრატე კაკლის წენგოს ნახარშით ასკარიდა ჭიებს გამოდევნიდა, ავიცენა რეკომენდაციას უწევდა დანაყილი ნიგვზისა და თაფლის ნარევის გამოყენებას ტუბერკულოზის დროს და იმუნიტეტის დაქვეითების შემთხვევაში.

იმუნიტეტის ასამაღლებლად დღეში 5-6 ლებანი ნიგოზი სავსებით მისაღები და სასარგებლო დოზაა. ასევე გირჩევთ, დილით უზმოზე მიიღოთ ერთად გატარებული ნიგოზი, თაფლი და ქიშმიში. ერთი ჩაის კოვზი ნარევი აგიმაღლებთ განწყობას, იმუნიტეტს და შემართებით განგაწყობთ.

ციტრუსი
ციტრუსი

გრეიპფრუტი

იმუნიტეტის გასაუმჯობესებლად აუცილებელი მინერალური ნივთიერებებითა და ვიტამინებით მდიდარია ციტრუსები, განსაკუთრებით გრეიპფრუტი, რომლის შოვნაც ამ სეზონზე ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. დღეში ერთი გრეიპფრუტის მიღება იმუნურ სისტემას უფრო გაგიძლიერებთ და ვირუსებისგან დაგიცავთ.

ნიორი
ნიორი

ნიორი

იმუნიტეტის ასამაღლებლად არაერთი სახეობის ბოსტნეულის მიღებაა აუცილებელი, თუმცა ნიორს ცალკე გამოვყოფთ. ნიორი რომ ვირუსების გავრცელებას ხელს უშლის, თქვენთვის ახალი ამბავი ნამდვილად არ იქნება. მართალია, ბევრი ნივრის ჭამა არასასიამოვნო შეგრძნებას იწვევს, სამაგიეროდ, გრიპი ვერაფერს დაგაკლებთ. დღეში 2-3 კბილი ნივრის მიღება თქვენს იმუნიტეტს გააძლიერებს.

მწვანილი კალათში
© CC0 / Pixabay
მწვანილი კალათში

ბოსტნეული

იმუნიტეტისთვის აუცილებელია ისეთი მინერალური ნივთიერებების მიღება, რომლებიც შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, სპილენძს, თუთიას, იოდს, სელენს, გერმანიუმს. ამიტომ აუცილებელია ისეთი ბოსტნეულის დიდი რაოდენობით მიღება, როგორებიცაა ბროკოლი, კომბოსტო, კარტოფილი, კიტრი, პომიდორი, ჭარხალი, ბარდა, ხახვი, ბოლოკი და ა.შ.

თაფლი
თაფლი

თაფლი

იმუნიტეტის ასამაღლებლად ყოველ დილით უზმოზე მიირთვით ორი ჩაის კოვზი თაფლი, ან წყალში გახსენით და ასე მიიღეთ. თაფლი ბევრ სასარგებლო ვიტამინს შეიცავს და მასში არსებული ყველა სასარგებლო ნივთიერებას ჩვენი ორგანიზმიც მთლიანად ითვისებს.

ფეხით სეირნობა

შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ თქვენი იმუნური სისტემისთვის იდეალური იქნება, თუ სუფთა ჰაერზე დიდ დროს გაატარებთ. სასურველია ბევრი ისეირნოთ, ირბინოთ ან ველოსიპედით იაროთ. მედიკოსები გვაძლევენ რეკომენდაციას – იმისათვის, რომ ვირუსებმა ვერაფერი დაგაკლონ, დღეში მინიმუმ 10 ათასი ნაბიჯი უნდა გადადგათ.

იმუნიტეტის ასამაღლებლად შეგიძლიათ მოამზადოთ გემრიელი ნარევი

ეს ნარევი ორგანიზმს უამრავი საჭირო ვიტამინით, მიკროელემენტით, მინერალური ნივთიერებით ამარაგებს და მის ბრძოლისუნარიანობას ამაღლებს.

ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 200 გ თაფლი, 200 გ ნიგოზი, 200 გ უკურკო შავი ქლიავის ჩირი, 200 გ გარგრის ჩირი, 200 გ ქიშმიში (თეთრიც და შავიც) და ერთი ლიმონი.

ყველა ინგრედიენტი, თაფლის გარდა ხორცსაკეპში უნდა გაატაროთ, შემდეგ თაფლი დაამატოთ და კარგად აურიოთ. მიიღებთ წებოვან, სქელ მასას, რომელიც ყოველდღე 1-2 კოვზი უნდა მიირთვათ. ნარევი შეინახეთ მაცივარში.

აღნიშნული ინგრედიენტების გარდა ნარევს შეგიძლიათ დაამატოთ ნუში, კედარის კაკალი, რომელიც განსაკუთრებულად სასარგებლოა და ლეღვის ჩირი.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

1189
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
საბადურის

კვირის ასტროპროგნოზი: სიყვარული, ფინანსები, სამუშაო 25 ოქტომბერი - 1 ნოემბერი

0
(განახლებულია 12:11 25.10.2020)
როგორი იქნება ეს კვირა ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებისთვის, როგორ მივაღწიოთ წარმატებებს, როგორ ავარიდოთ თავი განსაცდელს – ყოველივე ამის შესახებ ასტროლოგები გვიამბობენ.

ვარსკვლავების განწყობა ამ კვირაში ცვალებადი იქნება, თუმცა ერთი რამის თქმა მაინც შეიძლება – კვირის მეორე ნახევარი პირველზე გაცილებით პოზიტიური იქნება.

ვერძი

ამ კვირაში სიბრძნე და ძალა მოგემატებათ. ამისთვის უნდა მისდიოთ სასარგებლო რჩევებს, ასევე ენდოთ ინტუიციას, რომელიც ახლა სათანადო სიმაღლეზეა. ასტროლოგები გირჩევენ, შეაკავოთ ნეგატიური ემოციები და გამოხატოთ პოზიტიური. აჩვენეთ სიყვარული ახლობლებს და თავი შეიკავეთ, თუ ვინმე სკანდალის პროვოცირებას შეეცდება.

როგორი დასვენება უყვართ ზოდიაქოს ნიშნებს>>

კვირის მეორე ნახევარი იდეალურია იმიჯის შეცვლისთვის. ეს განსაკუთრებით წაადგება მათ, ვინც სამუშაოს ეძებს. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიაქციოთ ჯანმრთელობას და არ გადაიღალოთ.

კურო

კვირის დასაწყისი მერკურისა და მზის ძალაუფლების ქვეშ იქნება. კუროებს ცხოვრებაში არცთუ სასიამოვნო ცვლილებები გელოდებათ. შესუსტებული იქნება საინფორმაციო ნაკადები, ამიტომ ექსპერტები გირჩევენ, სიმართლე და სიცრუე ერთმანეთისგან განაცალკევოთ. კვირის პირველ დღეებში მატყუარა და ანგარებიანი ადამიანები გააქტიურდებიან – არ აიღოთ მათგან მაგალითი.

28 ოქტომბრიდან ძალზე ხელსაყრელი პერიოდი დადგება, როდესაც გაგიმართლებთ სიყვარულშიცა და საქმიანობაშიც.  ამისთვის კი აუცილებელია, რომ იზრუნოთ ჯანმრთელობასა და ენერგეტიკაზე. წაგადგებათ მოძრაობა, სეირნობა, სპორტი. კვირის ბოლო ასევე კარგი დროა მოგზაურობისთვის, მივლინებებისთვის.

ტყუპი

26 და 27 ოქტომბერი შეიძლება ნეგატიური ენერგიით იყოს დატვირთული. ეცადეთ, გონება უარყოფითი აზრებისგან გაწმინდოთ. ოთხშაბათიდან ვითარება მკვეთრად შეიცვლება. სამუშაო კვირის ბოლო ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენლებისთვის ძალზე პროდუქტიული იქნება.

იდეალური ქვეყანა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის>>

ოთხშაბათიდან შაბათის ჩათვლით ვარსკვლავები და პლანეტები დიდ იღბლიანობასა და პოზიტივს მოიტანენ. შეგიძლიათ ახალი საქმეების დაწყება, რამე მნიშვნელოვანსა და საპასუხისმგებლოზე შეჭიდება, შესაძლებელია ფულის გამომუშავება და მისი გონივრულად დახარჯვა.

კირჩხიბი

ბედნიერება მხოლოდ ის არაა, როცა რაღაცას ვიღებთ, არამედ ისიც, როდესაც ვიწმინდებით არასაჭირო და ტოქსიკურისგან. მაგალითად, უნდა გათავისუფლდეთ წუწუნის, ყველაფრის სხვებისთვის დაბრალების  ჩვევისგან, ნეგატიური აზროვნებისგან, საკუთარი თავის მართლების, შიშების, ჭორებისგან და ასევე სიყვარულზე „ნარკოტიკული“ დამოკიდებულებისგან. ამ ყველაფრისთვის ეს იდეალური კვირაა.

არ არის გამორიცხული, რომ რაღაც მნიშვნელოვანი საიდუმლო შეიტყოთ, რომელიც დიდი ხანი დამალული იყო. ღამის მანათობლები ასევე დაგეხმარებიანსხვადასხვა ნივთის შეძენაში, მნიშვნელოვანი გარიგებების დადებაში, იურიდიული პრობლემების გადაჭრაში. კვირის მიწურულს გამძაფრდება ურთიერთობებისა და რომანტიკის მოთხოვნილება.

ლომი

ლომები ყველანაირად უნდა ეცადოთ, რომ ნეგატიურ ადამიანებს მოერიდოთ. მათ შეუძლიათ, უარყოფითი ენერგიით დაგმუხტონ და თან – გაუცნობიერებლად, არა სპეციალურად. მარტოხელა ლომებს ექსპერტები გირჩევენ, რომანტიკასა და ახალი ნაცნობობების ძიებას სწავლა და ახალი უნარების გამომუშავება ამჯობინოთ, მით უმეტეს, რომ თქვენი მეხსიერება და ყურადღება უფრო გამახვილდება.

სად იმალება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ბედნიერების საიდუმლო>>

ინტელექტუალური სამუშაო შესანაშნავად შესრულდება, მაგრამ მგზავრობა და მივლინებები, სჯობს, გადადოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი გზისთვის დიდი ყურადღებით გაემზადეთ და იფრთხილეთ.

ქალწული

ქალწულებმა ენერგია, სჯობს, სამუშაოზე, ბიზნესსა და ფინანსურ საკითხებზე დახარჯოთ. მოსალოდნელია პროდუქტიულობის ზრდა, გაგიმართლებთ სამუშაო სფეროში. გააქტიურება ასევე საჭიროა სიყვარულშიც. არაა გამორიცხული, რომ შეხვდეთ სასიამოვნო ადამიანს, რომელიც მომავალში, შესაძლოა, თქვენი მეორე ნახევარი ან კარგი მეგობარი გახდეს.

უპრიანია, კვირა სახლის საფუძვლიანი დალაგებითა და მოწესრიგებით დაიწყოთ. გათავისუფლდით და გადაყარეთ უსარგებლო და ძველი ნივთები – მათ თქვენი უარყოფითი ენერგიით დამუხტვა შეუძლიათ. შეამოწმეთ ფინანსები, შეადგინეთ საყიდლების სია, გეგმა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მეტი დრო დაუთმოთ ოჯახის წევრებსა და ნათესავებს.

სასწორი

სასწორებისთვის კვირის პირველი ორი დღე შეიძლება ძალზე ნერვული აღმოჩნდეს, რადგან ვარსკვლავები და პლანეტები დისონანსში იქნებიან. კარგი პერიოდია ნათესავებთან დაახლოების, რემონტის ან ერთობლივი საქმეების დაწყებისთვის. შეიძლება შოპინგი, საჩუქრების გაკეთება საყვარელი ადამიანებისთვის.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც განსაკუთრებული მისია აკისრიათ>>

უქმეებზე ასტროლოგები კარგად დასვენებასა და გართობას გირჩევენ. ამასთან, გაფრთხილებენ, რომ მოერიდოთ ზედმეტ აზარტსა და რისკს. ვარსკვლავები მოტივაციით დაგასაჩუქრებენ, დაგეხმარებიან ახალი ცოდნისა და სურვილების წყაროს პოვნაში. შემოქმედებითი პროფესიების წარმომადგენლებს 28 ოქტომბრიდან დიდი შთაგონება გელოდებათ.

მორიელი

ასტროლოგები გირჩევენ, შურის გრძნობას შეებრძოლოთ. ეს გრძნობა თქვენთვის დამანგრეველია განსაკუთრებით ამ კვირაში. მან შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს სამუშაო გეგმაზე, ჯანმრთელობაზე. სამუშაო სფეროში წესიერება და პატიოსნება დაგჭირდებათ – ამ ორი თვისების წყალობით წარმატებებს უფრო მალე მიაღწევთ.

სხვების წარმატებებს ყურადღებას ნუ მიაქციევთ, არამედ მთელი ყურადღება საკუთარ მიღწევებზე გაამახვილეთ. ვარსკვლავები დაგეხმარებიან შრომისმოყვარეობის გაძლიერებაში, განამტკიცებენ თქვენს ჯანმრთელობასა და მორალურ სულს. ასევე ექსპერტების რჩევაა, რომ წარსულში არ გაიხედოთ, მზერა მომავლისკენ მიმართეთ და იზრუნეთ აწმყოზე. არ ღირს საკუთარი თავის კრიტიკა და დასჯა წარსულის შეცდომების გამო.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებისთვის დგება იმის დრო, რომ თავი მიუძღვნათ სიყვარულს, ოჯახსა და მეგობრებს. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობები აამაღლებს თქვენს ენერგეტიკას და მოგმატებთ იღბალს. ახლობლებზე ზრუნვა აწმყოსა და მომავალში მათი მხრიდან დახმარების გარანტი იქნება.

ზოდიაქოს ხუთი ყველაზე კაშკაშა ნიშანი, რომელთა შეყვარება ძალიან ადვილია>>

რაც შეეხება ფინანსურ სფეროს, აქ მშვილდოსნებს ყველა მიმართულებით გაგიმართლებთ. შესაძლებელია შემოსავლების გაზრდა, შემოსავლების მიღების ახალი წყაროების მოძებნა და პოვნა, ფულის სწორად დახარჯვა. შოპინგი განწყობის ამაღლებასა და პოზიტიური ენერგიით დამუხტვაში დაგეხმარებათ.

თხის რქა

ამ კვირაში წაგადგებათ ახალი შეხვედრები, ნაცნობობა, ურთიერთობები. არ ღირს საკუთარ თავში ჩაკეტვა. მოუსმინეთ გარშემომყოფების რჩევებს, განსაკუთრებით 28 ოქტომბრის შემდეგ. კვირის პირველ ორ დღეს არის რისკი იმისა, რომ სამუშაოსა და ბიზნესში მძლავ დაპირისპირებას შეეჯახოთ. არ არის გამორიცხული, რომ გააქტიურდნენ მტრები და არაკეთილმოსურნეები.

კოლეგებთან, პარტნიორებთან ან კლიენტებთან მეტი მოქნილობა გმართებთ. თხის რქები ბრძენ ნიშანთა რიცხვს განეკუთვნებით, მაგრამ პირველ ორ დღეს მაინც შეიძლება ადვილად გაანაწყენოთ ვინმე. თუ გარშემომყოფები თავიანთი პირობების კარნახს შეეცდებიან, დათმობაზე წასვლა თქვენს საზიანოდ არ ღირს. ექსპერტები ასევე ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია გაუთვალისწინებელი ხარჯები.

მერწყული

როგორც ეზოთერიკოსები ამბობენ, სწორად შერჩეული სიტყვები იღბლიანობას ზრდის. მიზიდულობის კანონი ნამდვილად მუშაობს, ამიტომ სჯობს, ჯერ დაფიქრდეთ და შემდეგ ილაპარაკოთ პოზიტიურ რამეებზე, მეტად გწამდეთ საკუთარი თავის და არ დაიწყოთ ურთიერთობების გამორკვევა მეორე ნახევართან. ჩხუბი და ნეგატივი პრობლემების პროვოცირებას მოაწყობს სხვა სფეროებშიც.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ერთი ნახვით უყვარდებათ>>

მარტოხელა მერწყულებმა, სჯობს, შეაჩეროთ პარტნიორის ძებნის პროცესი და სამუშაოზე გადაერთოთ. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ საოჯახო საქმეებსაც. წაგადგებათ გარეგნობის შეცვლა, გარდერობის განახლება. უქმეებზე კი კარგი იქნება გართობა.

თევზები

თევზებისთვის ძალზე წარმატებული და პოზიტიური კვირაა. შეგიძლიათ ახალი ცხოვრების დაწყება, რომელიც ბედნიერებამდე მიგიყვანთ. კარგად აეწყობა ახალი საქმეები, ახალი სამსახურის ძებნა, საყვარელი ადამიანის პოვნის პროცესი. ექსპერტების რჩევაა, გააქტიურდეთ სოციალურ ქსელებში.

ასტროლოგები ასევე გირჩევენ, გაწმინდოთ საინფორმაციო ველი. წაშალეთ არასაჭირო კონტაქტები ტელეფონიდან, სოციალური ქსელებიდან. ახლა ენერგეტიკული აღმავლობის გზაზე ხართ. გეყოფათ ძალა, რომ მთები გადადგათ. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ პოზიტიური განწყობა გარშემომყოფებს გაუზიაროთ.

0