ქინძი

მისი უდიდებულესობა - ქინძი

1105
(განახლებულია 18:28 29.04.2020)
ხმელთაშუაზღვისპირული წარმომავლობის ერთწლოვანი მცენარე ქართულ სამზარეულოში ერთ-ერთი პირველი მწვანილეული კულტურაა და უხსოვარი დროიდან იყენებენ როგორც საუკეთესო საკმაზს და სამკურნალო საშუალებას.

„Кишнец, ქინძი, ქიშნი. ბალახი ესე აღმოსცენდების ერთსა წელსა მზესუჭვრიტის სახედ, რომლისაცა თესლსა იჴმარებენ მასალად საჭმელთა შ(ინ)ა. თესლნი ესე განსხვავდებიან ერთგუართა თუისთა ბალახთა თესლთაგან გურგალის შესახედავითა წვრილის ღმენჭებითურთ ზემოდგან და რღმებითა ღარებითა. გემო აქუს არომატული, გარნა მძიმე, რომელსაცა სუნიცა ეთანჴმების“ - ასე აღწერს იოანე ბაგრატიონი (1814), ძვირფას არომატულ სანელებელს და სამკურნალო მცენარე ქინძს (Coriandrum sativum L.), რომლის სახელი Corian მოდის ბერძნული სიტყვიდან Koris, და, რაც უნდა გაგიკვირდეთ, ბაღლინჯოს ნიშნავს. მცენარეს ბაღლინჯოსებურს უწოდებდნენ მისი მოუმწიფებელი თესლების სუნის ბაღლინჯოს სუნთან მსგავსების გამო. მომწიფებისას თესლში არსებული ეთერზეთები გარდაიქმნება და მცენარე იღებს ანისულის სასიამოვნო არომატს.

ქინძი
© CC0 / Pixabay
ქინძი

აყვავებული ქინძი ტრადიციული ეროვნული საწებლების „ტყემლის“ და აჯიკების, დაფქვილი თესლები კი - ქართული კერძების შეუცვლელი ინგრედიენტია და მას „ხმელი ქინძის“ სახელით იხსენიებენ.

მწვანილად გამოიყენება მცენარის მწვანე ნაწილები ნორჩი ან ხმელი სახით, სანელებლად - დაფქული, ან მთლიანი თესლი.

წარმოუდგენელია ხორცის, თევზის, ბოსტნეულის და პარკოსნების ცივი და ცხელი კერძები, სალათები, სუპები და ბულიონები, პიურეები, რაგუ, მხალეული და სხვა კერძები ქინძის გარეშე.

ქინძი პოპულარულია სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოში. დიდი გამოყენება აქვს თესლს, განსაკუთრებით პურ-ფუნთუშეულის წარმოებაში. ხმელი ქინძი იხმარება საკონდიტრო, ძეხვეულის, შაშხის, ლორის, კონსერვების, მწნილების, მარინადების წარმოებაში.

მსოფლიოში სახელგანთქმული ბოროდინული პურის, ტიურინგული ძეხვის და თურქული შიშ-ქებაბის აუცილებელი ინგრედიენტი შედის სხვადასხვა ქვეყნების სუნელების - ხმელი სუნელის, მასალას, ეთიოპიური ბერბერის, ადვიის, ბაქარატეს, ბოლონიური სუნელის, ზატარის, კარრის, სალამურეს, ფრანკფურტის სუნელის და სხვ. შემადგენლობაში. 

1574 წელს ბერლინში ქინძის თესლებისგან მიიღეს ზეთი, რომელსაც დღემდე ფართო გამოყენება აქვს როგორც კულინარიულ, ისე ფარმაცევტულ და პარფიუმერულ საქმეში.

შუა საუკუნეების ხელნაწერებში, კარლოს დიდის კაპიტულარებიდან სუნელების შესახებ ვიგებთ, რომ პარიზელი მონარქების (კარმელიტების) მიერ ქინძის ბაზაზე შექმნილი სითხე მეტად პოპულარული გამხდარა საფრანგეთში როგორც ტუალეტის წყალი და საგულე საშუალება.

ქართული ხალხური მედიცინა სამკურნალოდ იყენებს ქინძის თესლს, ნაყენს და წყალს. ქინძის და თაფლისგან ამზადებდნენ ღრძილების და ენის დაავადების წამალს, ქინძის და კვერცხის ცილით - წითელი ქარის სამკურნალო მალამოს, იხმარდნენ სისხლდენის შესაჩერებლად და თვალის ტკივილის დროს, ურევდნენ სამკურნალო მალამოებს და სალბუნებს. სხვადასხვა დაავადების დროს ავადმყოფებს ხშირად ურჩევდნენ ბევრი ქინძით შეზავებული საჭმლის, ან შაქრით აზელილი ქინძის ჭამას და ცივ წყალში გახსნილი ქინძის სმას.

„ქინძი გრილი და ხმელი მესამე დარაჯაშიგა ნაზუქია, კარგი და სისხლსა დასწმენდს, და ქინძისა წყალი რძითა, რომე თვალი ეწოდეს და სტკიოდეს ჩაუშვან დაუამებს, რომე ძარღვებშია ცხლად იყოს მას ერგების და თავსა და ტანშიგა ცხლად იყოს და მძიმედ მას გამოიღებს. და ბევრისა ჭამა ჭკუას აკლებს თუ დანაყო და პურშიგა გაურიო და ხალშიგა და დამწვარსა დაადვა, და მატლსა უშველის და მისი თესლი ღვინითა და თაფლითა მოადუღო და შეასვა და რაც ფერი ჭირია ყველას გამოიღებს და გასწმენდს. თუ აწყინოს მისი ნიშანი ეს არის ენა ჩაუვარდების და თავს ტარაბუა დაესხას“ - ვკითხულობთ ძველ ქართულ ხელნაწერებში.

დავით ბატონიშვილს (XVIII) ქინძის თესლი, წვენი და წყალი ბევრი დაავადების უებარ საშუალებად მიაჩნია: „კაცსა რომე სიცხისა და სიმხურვალისაგან თავი სტკიოდეს და ქინძის თესლი ან ჭამოს და ან დანაყოს და ძმრითა გააყენოს და თავმტკივანსა თავზედა შემოიცხოს, თავის ტკივილს მაშინვე უშველის და მსივანსა ალაგსა ზედა დაიდვას, ყოველს სიმსივნესა გააქარვებს და ტკივილსა და გატეხვასა მაშინვე გაუშვებს“. „კაცსა რომე ცხვირსა სისხლი დიოდეს ქინძის თესლი დანაყონ და ორივე ცხვირი გამოუტენონ, მაშინვე ცხვირსა სისხლს დასწყუეტს“.

ქინძი მსუბუქი სანელებელია, ამიტომ უფრო ეფექტურია მისი მიღება პროფილაქტიკისთვის, ვიდრე სამკურნალოდ. თესლებში დიდი რაოდენობით არის A, C, P, B1, B2 ვიტამინები, ალკალოიდები, ცხიმოვანი და ეთერზეთები, მთრიმლავი ნივთიერებები, შაქარი და სახამებელი. ამ ნივთიერებების სიჭარბის გამო ფარმაცევტულ წარმოებაში იყენებენ გალენური, ანტისეპტიკური, ნაღველმდენი და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების დასამზადებლად, რომლებიც აუმჯობესებს მონელებას და ეფექტურია გასტრიტების, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს.

მცენარის თესლების და მწვანე ნაწილების ნაყენი და ნახარში გამოიყენება ფილტვების და ბრონქების ანთების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, მუცლის ტკივილის, კოლიკების, ნევროზების, სტრესის და ისტერიკის, ცისტიტის, ბუასილის, მეტეორიზმის და სხვა დაავადებების დროს. ხალხურ მედიცინაში გამოიყენება მეხსიერების გასაუმჯობესებლად და ნერვული გადაღლილობისას.

ქინძი
© CC0 / Pixabay
ქინძი

ქინძის ეთერზეთები ხსნის ნევროლოგიურ და რევმატულ ტკივილებს. ქინძის ზეთს ხმარობენ ლავანდის ზეთის ნაცვლად (ავერინის მალამოს მოსამზადებლად), უმატებენ არომატისა და გემოს გასაუმჯობესებლად სამკურნალო პრეპარატებს, აუმჯობესებს გულის და ტვინის მუშაობას, ამაღლებს მადას, ებრძვის დეპრესიას. ხელს უწყობს საჭმლის შეთვისებას, დადებითად მოქმედებს სასქესო ჯირკვლების მუშაობაზე, აქვს ბაქტერიციდული, შებერილობის საწინააღმდეგო, ნაღველმდენი, ანტისეპტიკური, გამაჯანსაღებელი, ამოსახველებელი და ოფლმდენი მოქმედება. ხსნის კრუნჩხვებს და მისი მიღება რეკომენდებულია ეპილეპტიკებისთვის.

როგორ მოვიყვანოთ ქინძი

ქინძის ადგილობრივი, ქართული ჯიშებია „მსხვილფოთლიანი“ და „წვრილფოთლიანი“. საქართველოში გავრცელებულია ყველგან. გვხვდება ველური სახითაც, ნათესებსა და რუდერალურ ადგილებზე. უკეთ იზრდება ზომიერად ნესტიან შავმიწა ნიადაგებზე, უფრო იტანს სიმშრალეს, ვიდრე გადაჭარბებულ სინესტეს.

ქინძი
© CC0 / Pixabay
ქინძი

სწავლული მებაღე არჩილ დარეჯანაშვილი გვირჩევს („საბოსტნე მცენარეების თესვა-მოყვანა და მოხმარება-შენახვა“, 1895): „ქინძი არ არის ნაზი მცენარე. იგი მოდის ველურათაც მინდვრებში. ითესება მარტიდგან დაწყობული ღვინობისთვემდის, ყოველ სამ-კვირაში ერთხელ. ქინძს როგორც ამოსვლანდის, ისე ამოსვლის შემდეგ უყვარს მორწყვა. მარგვლაც უნდა თავის დროზედ. ზამთრისთვის ქინძს ინახავენ, როგოც კამას. სათესლედ უნდა დაითესოს რაც შეიძლება თხლად. თესლს ინახავენ მშრალ ადგილას. თესლი ინახება ორ-სამ წლამდის. ქინძსაც ხმარობენ მწნილებში, როგორც სუნნელსა და საჭმელში, როგორც სანელსა“.

სინათლის მოყვარული მცენარეა, უყვარს მზის სხივები. დაჩრდილულ ადგილზე ღეროები ნაკლებად იტოტება და მწვანე მასაც იკლებს. მომწიფებული თესლები იოლად იბნევა.

მცენარის მოთხოვნილება წყლის მიმართ ვეგეტაციის სხვადასხვა ფაზაში განსხვავებულია. თესლებს გაღივებისათვის სჭირდება მასის 120-125% წყალი. აღმოცენებიდან აღერებამდე მორწყვას არ საჭიროებს და იტანს ნიადაგის გამოშრობასაც. ინტენსიური მორწყვა სჭირდება ყვავილობისას.

ქინძი ითესება გაზაფხულზე, საადრეო საგაზაფხულო მარცვლოვანი კულტურების თესვისას მიწის საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებისთანავე, გაზაფხულის ყინვების შემდეგ. ითესება როგორც მობნევით, ისე მწკრივებად. მეტ მოსავალს იძლევა მობნვით თესვისას, მწკრივებად თესვის უპირატესობა ის არის, რომ სათესი მასალა ნაკლები იხარჯება და შესაძლებელია მიწის გაფხვიერება რიგებს შორის.

შეგიძლიათ დათესოთ როგორც საშემოდგომო კულტურა დეკემბრის დასაწყისში. ამ დროს თესლი გამოიზამთრებს მიწაში და ვეგეტაციას იწყებს ადრე გაზაფხულზე, რაც მოსავლიანობას 25%-ით ზრდის.

ქინძი სიცივის ამტანი მცენარეა და თოვლის საფარის ქვეშ უძლებს ხანმოკლე ყინვებსაც (-8 -10 °С). თოვლის საფარის გარეშე ჰაერის ტემპერატურა არ უნდა დაეცეს 10°С ტემპერატურაზე ქვევით, თორემ თესლები ზიანდება და მთლიანად კვდება. შემოდგომაზე დათესილი ქინძის სავეგეტაციო პერიოდი (მასობრივი აღმოცენებიდან კოკრობამდე) 30-40 დღეა, ადრე გაზაფხულზე დათესილის 28-30, ზაფხულში 24-27 დღე.

ქინძის მოყვანა-მოვლის წესები

ნაკვეთის მომზადება
     -  ნაკვეთს შემოდგომაზე ათავისუფლებენ მცენარეული ნარჩენებისგან და ამუშავებენ 25-27 სმ სიღრმეზე;

    - 1 ჰექტარზე შეაქვთ 300 კგ სუფერფოსფატი, 200 კგ კალიუმის ქლორიდი, ან სხვა კალიუმიანი სასუქი და 200 კგ ამონიუმის სულფატი;

    - გაზაფხულზე მიწას მსუბუქად ხნავენ 6-7 სმ სიღრმეზე;

    - თესვის წინ ნიადაგში შეაქვთ 100 კგ/ჰა ამონიუმის სელიტრა;

    - ნათესი რომ არ დაიჩაგროს, პერიოდულად წმენდენ სარეველებისგან;

    - მცირე ნაკვეთზე, ბოსტანში საკმარისია ნიადაგის ნაკელით განოყიერება

ქინძი
© CC0 / Pixabay
ქინძი

დათესვა
      - ღია გრუნტში ითესება აპრილში, ცივ რეგიონებში მაისის მეორე დეკადაში;

      - როგორც საშემოდგომო კულტურა - დეკემბრის დასაწყისში;

     - გამოირჩევა სითბოს მიმართ ზომიერი მოთხოვნილებით, კარგად იტანს სიცივეს, 4 - 6 °С ტემპერატურაზე იწყებს გაღივებას;

სოკოვანი დაავადებების და მავნებლების თავიდან აცილების მიზნით დათესვამდე თესლებს ამუშავებენ სისტემური მოქმედების კომპლექსური პესტიციდებით: პრევიკური, ვიტავაქსი, რანკო, ვინციტი და სხვ.

ან ახურებენ: თერმოსში ყრიან თესლს, ასხამენ 70-75 ˚С ტემპერატურის წყალს და აჩერებენ 1 საათით.
ნიადაგი მაღალ მოსავალს იძლევა ფხვიერ, კარგად დრენირებულ, ღრმა ჰუმუსიანი, კარგი მექანიკური სტრუქტურის, საკვებით მდიდარ ნეიტრალურ ნიადაგებზე. შედარებით ნაკლებს თიხნარ, ქვიშნარ და კარბონატულ ნიადაგებზე. საუკეთესოა შავმიწა ნიადაგები.
მორწყვა

მორწყვის ნორმაა 3-5 ლ/კვ.მ ზედაპირზე. აქტიური ზრდის ფაზაში 5-8 ლ/კვ.მ, თესლების მომწიფებისას 2-3 ლ/კვ.მ. ირწყვება მზეზე გამთბარი წყლით.
სასუქი
     - ღარიბ ნიადაგებზე საჭიროა NPK სასუქის შეტანა;

     - ფოსფორი და კალიუმი შეაქვთ შემოდგომაზე, მოხვნის წინ, აზოტი - გაზაფხულზე, თესვის წინ;

      ზრდის პერიოდში დამატებითი კვება არ სჭირდება. მისთვის საკმარისია ნაკვეთის მომზადებისას შეტანილი განოყიერება;
დაავადებები
      - რამულარიოზი, ნაცარი, ჟანგა
მავნებლები
      - თესლიჭამია (ქინძის კრაზანა), ქოლგოსნების ჩრჩილი, რწყილები, ბუგრები, კუსებურა, ბაღლინჯოები
წამლობა (საწარმოო მიზნით დათესილ  ნაკვეთებზე)
       - ნაცრის, ჟანგას და სხვა სოკოვანი დაავადებების გაჩენისთანავე ნათესი მუშავდება პროფილაქტიკური და სამკურნალო მოქმედების ფუნგიციდით, მავნებლების წინააღმდეგ - ხანგრძლივი მოქმედების ფართო სპექტრის ინსექტიციდებით.

გაითვალისწინეთ, თუ ქინძის გამოყენება მწვანილად გინდათ (და არა სათესლედ), მისი ინსექტიციდებით დამუშავება დაუშვებელია. მავნებელ-დაავადებებს უნდა ებრძოლოთ ბიოლოგიური მეთოდებით.
ბრძოლის ბიოლოგიური მეთოდები
სოკოვანი დაავადებები განსაკუთრებით აზიანებს მცენარეს ჭარბტენიანი ამინდების დროს. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია:

      - თესვამდე ნიადაგის კარგად გაწმენდა ძველი მცენარეული ნარჩენებისგან;

       - თესლის შეწამვლა თესვის წინ;

დაავადების პირველივე ნიშნების დროს (თეთრი ნაფიფქი, მურა ლაქები, ჟანგისფერი წერტილები), შეწამლეთ. ამისთვის გამოიყენეთ ბუნებრივი საშუალებები: ნაკელი, წუნწუხი, ფერმენტირებული ბალახის წვენი, ხის ნახშირი, შემჟავებული რძის შრატი, ნივრის ნაყენი, ან სოდიანი წყალი;

    - დაავადებული მცენარეები მოთხარეთ და დაწვით;

    - ნივრის ნაყენი და სოდიანი წყალი ეფექტურია მავნებლების წინააღმდეგაც.
თესლის წონა და სათესი ნორმა
     1000 ცალი თესლი იწონის 5,5–8,0 გრამს;

     თესლის წონის გათვალისწინებით სათესი ნორმა განსხვავდება: მობნევით თესვისას 25-30 კგ /ჰა. რიგებად თესვისას - 10-12 კგ/ჰა
წინამორბედი კულტურები და კულტურების მონაცვლეობა
     კარგი წინამორბედებია მარცვლოვანი, მარცვლოვან-პარკოსანი და მრავალწლოვანი ბალახები;

     არ არის რეკომენდებული დათესოთ ნაკვეთზე, სადაც წინა წელს იმავე ოჯახის წარმომადგენლები ეთესა (საერთო მავნებელ-დაავადებების გამო);

     დაავადებების თავიდან ასაცილებლად კარგი იქნება კულტურების მონაცვლეობა 3-5 წლიანი შუალედებით
თესვის სიღრმე და წესი
     - ითესება მობნევით ან მწკრივებად, მწკრივებს შორის 15-20 სმ დაცილებით, რიგებს შორის 45 სმ             დაცილებით. თესვის სიღრმე 1,5-2,0 სმ.

    - სრულფასოვან ფოთლის როზეტებს იკეთებს დათესვიდან 2 თვის შემდეგ;

    - მჭიდრო ნათესებში საჭიროა გამოხშირვა;

    - დათესვიდან 3-4 კვირაში მცენარეებს შორის 1,0-2,0 სმ დაცილებით გამოხშირეთ - გამოაცალეთ              ზედმეტი, უფრო სუსტი ღერები;

    - სათესლე ინდივიდებზე ფოთლებს არ აცლიან.
მოსავლის აღება
      - თესლები ერთდროულად არ მწიფდება და იოლად იბნევა, ამიტომ მათ შეგროვებას იწყებენ ნაყოფების 60-70% მომწიფებისას
მზა ნედეულის დამზადება და შენახვა
      - თესლის მომწიფებისას ჭრიან 20-25 სმ სიგრძის ყვავილედებს და აშრობენ კონებად შეკრულს, დაკიდებულს, ან ფენებად გაშლილს, ჩრდილში, ან მზეზე. ფოთლებს - თხლად გაშლილს სიბნელეში, ან განიავებად შენობაში. პერიოდულად გადააბრუნებენ, თანაბრად რომ გაშრეს;

     - გამშრალ თესლებს წმენდენ ზედმეტი მინარევებისგან (ატარებენ მსხვილ საცერში) და ინახავენ მშრალ, გრილ ადგილზე ქაღალდის პაკეტებში, ტომრებში, ან მჭიდროდ თავდახურულ მინის ქილებში
ვეგეტაციის ხანგრძლივობა და ფაზები
      - ქინძის ვეგეტაციის ფაზებია: აღმოცენება, ფოთლის როზეტის ფორმირება, აღერება (საყვავილე ღეროების განვითარება), ყვავილობა და თესლის მომწიფება.

     სრული სავეგეტაციო ციკლი გრძელდება 80-120 დღე.
მოსავლიანობა
     1,2-2 ტონა/ჰექტარზე.

და ბოლოს, შეგიძლიათ ქინძი სხვა მწვანილებთან ერთად ფანჯრის რაფაზეც გაზარდოთ. დათესეთ 10-15 სმ სიმაღლის ქოთანში 1,5 სმ სიღრმეზე, დააფარეთ ცელოფანი და დადგით ფანჯრის რაფაზე. 1-2 კვირის შემდეგ, როდესაც თესლები აღმოცენებას დაიწყებს, ცელოფანი მოხსენით. ნათესის მოვლა მარტივია, მორწყეთ საჭიროებისამებრ. პირველი ნამდვილი ფოთლების ამოსვლისას ნათესი გამოხშირეთ, მცენარეები კარგად რომ გაიზარდოს. თუ გაქვთ საშუალება, გაზრდილი მცენარეები გაიტანეთ აივანზე, ქარის და წვიმისაგან დაცულ ადგილზე, მზეზე, ან ნაწილობრივ დაჩრდილულ ადგილზე. ფესვებში წყალი რომ არ ჩადგეს, ქოთანში მიწა ფხვიერი უნდა იყოს. ამისთვის მიწას ურევენ 1/3 წილ ქვიშას. მიწის გასანოყიერებლად უმატებენ ნაკელს (20 სმ დიამეტრის ქოთანზე  100 გ), ან მინერალურ სასუქს.

1105
ტყემალი

ტყემალი ბუნების საგანძური ადამიანის ჯანმრთელობისთვის

479
(განახლებულია 15:41 25.05.2020)
ტყემალს უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია. მაგალითად, დამტკიცებულია, რომ ტყემლის რეგულარული მიღება ორგანიზმს რადიაციისა და დასხივების მოქმედებასთან შებრძოლებაში ეხმარება. კარგად მოქმედებს ის მამაკაცებზეც...

ტყემალი (Prúnus cerasiféra) ვარდისებრთა ოჯახის კურკოვანთა გვარის მრავალწლოვანი ხეხილოვანი მცენარე. არის ხე ან ხისმაგვარი ბუჩქი. მისი სამშობლოა ამიერკავკასია.

ტყემალი ველურად და კულტურაში გავრცელებულია ბალკანეთში, შუა და მცირე აზიაში, ირანში და სხვა ქვეყნებში.

საქართველოში უძველესი დროიდან თითქმის ყველგანაა გავრცელებული ზღვის დონიდან 1600-1800 მეტრამდე სიმაღლეზე. ამჟამად დარაიონებული ჯიშებია „გულდედავა“, „გაზაფხულის მერცხალი“, „წითელი დროშა“, „ქუთაისი“, „რიონი“, „ხვავიანი“ და სხვ.

ტყემალს ქართულ სამზარეულოში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ტყემლისგან მზადდება საუკეთესო ხარისხის წვენი, კომპოტი, მურაბა, სანელებელი, ტყლაპი და ტყემლის სახელგანთქმული საწებელი, რომელიც ქართული სუფრის ერთ-ერთი განუმეორებელი და უნიკალური შემადგენელი ნაწილია.

ტყემლის შემადგენლობა და კალორიულობა

ტყემლის კალორიულობა 100 გრამ პროდუქტზე 34 კკალორიაა.

ტყემალი
ტყემალი

ტყემალში უამრავი სასარგებლო ნივთიერებაა. ესენია ნახშირწყლები, ორგანული მჟავები, პექტინები, ვიტამინები С, В-ჯგუფის, პროვიტამინი А, ბევრია მასში კალიუმი, რკინა, მაგნიუმი, კალციუმი, ფოსფორი. ტყემლის ფერი მისი შემადგენლობით განისაზღვრება. მაგალითად, ყვითელში ბევრია შაქარი და ლიმონმჟავა და თითქმის არაა მთრიმლავი ნივთიერებები, ხოლო მუქი ფერის ნაყოფში ბევრია პექტინები.

ტყემლის სასარგებლო თვისებები

უდავოა ტყემლის სასარგებლო ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე. მასში ჭარბადაა ასკორბინის მჟავა, რის გამოც ის გამოიყენება ავიტამინოზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.

ამასთან, ამ ხილის რეგულარული გამოყენება დადებითად მოქმედებს იმუნიტეტზე.

კალიუმის არსებობა ტყემლის შემადგენლობაში გულის ნორმალურ მუშაობას უწყობს ხელს.

ხილის შემცველობაში შაქრის მცირე რაოდენობის გამო მისი მიღება შეუძლიათ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებსაც.

ფითრი – „ყველაფრის მკურნალი" პარაზიტი მცენარე>>

ტყემალი შესანიშნავი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია. ის გამოიყენება ორგანიზმის გაწმენდისა და გაახალგაზრდავებისთვის. რადგანაც ტყემალი დაბალკალორიულია, მისი მიღება ნებადართულია ჭარბი წონის დაკლების პროცესში.

ტყემალი კარგი საშუალებაა რესპირატორული, კუჭის დაავადებების დროს, ასევე როგორც მსუბუქი გამხსნელი საშუალება.

დამტკიცებულია, რომ ტყემლის რეგულარული მიღება ორგანიზმს რადიაციისა და დასხივების მოქმედებასთან შებრძოლებაში ეხმარება.

ტყემალი ასევე გამოიყენება კოსმეტიკური მიზნებისთვის. მაგალითად, ტყემლის ნაყენი შესანიშნავი საშუალებაა დაბანისთვის. ის კანის ცხიმიანობას ებრძვის. ხილის ნაყოფის რბილობის გამოყენება შეიძლება ნიღბის სახით, ეს ნაყენი სახეს გამონაყარისგან წმენდს. ნაყოფისა და დაქუცმაცებული კურკის ნარევი შესანიშნავი საშუალებაა სახის კანის, ყელისა და დეკოლტეს ზონის გაახალგაზრდავებისთვის.

კრიალოსანა და მისი სამკურნალო თვისებები>>

ამასთან, ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ტყემლის ყვავილიც. ყვავილზე დამზადებული ნაყენი მამაკაცებს ეხმარება პროსტატის მკურნალობასა და ერექციის გაუმჯობესებაში. ტყემლის მურაბით, როგორ სიცხის დამწევი და ამოსახველებელი საშუალებით, მკურნალობენ ინფექციურ და ვირუსულ დაავადებებს.

რადგანაც ტყემლის შემადგენლობაში ამიგდალინის მჟავა შედის, მისი გამოყენება შეიძლება ბრონქული ასთმის შეტევის დროს.

ტყემლის მიღება არარეკომენდებულია:

ინდივიდუალური აუტანლობის დროს, კუჭის წვენის გაზრდილი მჟავიანობის, გასტრიტისა და კუჭის წყლულის დროს.

ტყემლის კურკაში არის მავნე ნივთიერებები, რამაც მოწამვლა შეიძლება გამოიწვიოს.

ტყემლის ნაყოფი ადამიანმა ზომიერი რაოდენობით უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება კუჭის აშლილობა გამოიწვიოს.

 

479
თემები:
სასარგებლო რჩევები
პომიდვრის ჩითილები

ბოსტანი საკუთარი ხელით - როგორ მივიღოთ ჯანსაღი ჩითილები

470
(განახლებულია 19:16 17.05.2020)
თანამედროვე ყოფაში სულ უფრო პოპულარული ხდება საკარმიდამო ნაკვეთების გაცოცხლება, რამაც აუცილებელი გახადა ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურების მოყვანის წესების გახსენება და სწავლა, საკუთარი ხელით რომ შეძლოთ ბოსტნის მოწყობა. თუ ჯერ არ დაგიწყიათ, ჯერ კიდევ არ არის გვიანი.

პირველ რიგში ის კულტურები უნდა მოიყვანოთ, რომლებსაც ძირითადი ადგილი უკავია კვების რაციონში: ქინძი, ოხრახუში, ნიახური, კამა, სტაფილო, ყაბაყი, პომიდორი, კიტრი, ბადრიჯანი, წიწაკები, რეჰანი, ლობიო, ბარდა, პიტნა, ნიორი, ხახვი, სალათა და სხვ. მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

ზოგი ბოსტნეულის თესვა უკვე დაგვიანებულია, თუმცა, არც თუ მცირეა მცენარეები,  რომელთა დათესვას მაისსა და ივნისში, ზოგისას უფრო გვიანაც შეიძლება.

საგაზაფხულო სათეს კულტურებში ყოფენ ორ ჯგუფს: საადრეო საგაზაფხულო (ითესება მარტსა და აპრილში) - მათი თესლები დაბალ ტემპერატურაზე იოლად ღივდება და აღმონაცენი მცირე ყინვებს უძლებს. ზრდა-განვითარებისთვის ოპტიმალური ტემპერატურაა დღისით +120C ... +200C, ღამით +60C ... +120C. ესენია: კომბოსტო, ბარდა, ცერცვი, ისპანახი, წიწმატი, ხორბალი, ქერი, სელი, ბარდა და სხვ.

მეორე ჯგუფია საგვიანო საგაზაფხულო კულტურები, მათი თესლის გაღივებისთვის საჭიროა ნიადაგი +10 0C და მეტად იყოს გამთბარი. აღმონაცენი მცირე წაყინვასაც ვერ უძლებს. ოპტიმალურია დღისით +160C ... +240C, ღამით +80C ... +120C. ესენია: სიმინდი, კარტოფილი, ჭარხალი, სტაფილო, ბოლოკი.

საგვიანო საგაზაფხულო კულტურებს მიეკუთვნება აგრეთვე, სითბოს მოყვარული მცენარეები - საზამთრო, ნესვი, კიტრი, ბადრიჯანი, წიწაკა, გოგრა, პომიდორი, ლობიო. მათი განვითარებისთვის ოპტიმალური ტემპერატურაა დღისით +280C ... +300C, ღამით +140C ... +180C. ამ ჯგუფის მცენარეები სათანადო ტენის პირობებში +400C სიცხეს უძლებენ, +130C ქვევით მათი ზრდა-განვითარება ჩერდება, ხოლო მცირე ყინვის დროს (-10C ... -20C) იღუპებიან.

რაც შეეხება საშემოდგომო კულტურებს, ითესება ოქტომბერ-ნოემბერში, როცა  მინდვრის სამუშაოებისთვის ხელსაყრელი პირობებია.

მწვანილი და ზოგიერთი ბაღჩეულ-ბოსტნეული კულტურა პირდაპირ ითესება მუდმივ ადგილზე, მეორე ნაწილისათვის უმჯობესია დაჩითილება და შემდეგ გადატანა ღია გრუნტში, ან სათბურში.

ჩითილი - თესლიდან გაზრდილი ნორჩი მცენარე, რომელზეც ლებნები (ჩანასახოვანი ფოთლები) და პირველი ნამდვილი ფოთლებია (მაგ.: კომბოსტოს ჩითილზე 3, კიტრზე 3-5, პომიდორზე 5-7, წიწაკაზე 5-7 ფოთოლი და ა.შ.). დასაჩითილებლად იყენებენ პოლიეთილენის ფირით გადახურულ სათბურს, ან თბილ შენობას, სადაც მაღალი ტემპერატურის და ჰაერის ტენიანობის შექმნაა შესაძლებელი.

დაჩითილებით მოყავთ კიტრი, პომიდორი, წიწაკები, ბადრიჯანი, კომბოსტო, საზამთრო, ნესვი და სხვ.

ღია გრუნტში დასარგავად ჩითილების გამოყვანას იწყებენ დაცულ გრუნტში (სათბურში, ორანჟერეაში, ან სულაც ოთახის პირობებში), სპეციალურად გამოყოფილ კვლებში, ან მცირე კონტეინერებში (კასეტებში, ქოთნებში, ყუთებში) თესვის ვადების დაწყებამდე 2-3 კვირით, ან უფრო ადრე. სათბურში დასარგავად ჩითილები გამოყავთ წლის სხვადასხვა დროს, ამ კულტურებისათვის საჭირო პირობებში.

დაჩითილებით მცენარის ვეგეტაციის ხანგრძლივობა 30-35 დღით მცირდება და მიიღება ადრეული მოსავალი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცივ რაიონებში, სადაც მოკლე ზაფხული და გრძელი ზამთარია.

ბოსტნეული კულტურები მომთხოვნია ნიადაგების მიმართ და მათი კარგი ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია ნიადაგის წინასწარ მომზადება – გამდიდრება ორგანული და მინერალური სასუქებით, განსაკუთრებით - თესლების აღმოცენების და დაჩითილებისთვის.

ჩითილების გამოსაყვანად საჭიროა ნოყიერი, მცენარის ზრდა-განვითარებისათვის აუცილებელი მიკრო და მაკროელემენტებით მდიდარი სუბსტრატი (საკვები არე), რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ უკვე მზა სახით, ან თავად მოამზადოთ სხვადასხვა კომბინაციით. ამისთვის დაგჭირდებათ:

ü  1 წილი ბაღის მიწა : 3 წილი ფოთლოვანი  ტყის ნეშომპალა : 1 წილი აგრო პერლიტი;

ü  ან 1 წილი გადამწვარი ნაკელი : 1 წილი ბოსტნის მიწა, ან ტორფი;

ü  1 წილი ბოსტნის მიწა : 1 წილი ბიოჰუმუსი, ან პერლიტი;

ü  ჩითილების გამოსაყვანად შესაძლებელია გამოყენებული იქნას მხოლოდ ტორფი.

ასეთი სუბსტრატები მსუბუქია და გამოიყენება სუსტი, ნაზი და ზედაპირულფესვებიანი კულტურების დასათესად, ჩითილების გამოსაყვანად, დასაკალმებლად.

მზა სუბსტრატი ჩაყარეთ კასეტებში, ან ერთჯერად ქოთნებში, ჩაყარეთ 1-2 თესლი 1 - 1,5 - 2,5 სმ სიღრმეზე, თესლის ზომის გათვალისწინებით, დაფარეთ მიწით, მსუბუქად მოტკეპნეთ და მორწყეთ.  

სხვადასხვა კულტურების თესლები ითესება სხვადასხვა სიღრმეზე მათი ზომის, ნიადაგის სტრუქტურის და მცენარის ბიოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით. ნორმაზე უფრო ღრმად ჩათესვისას აღმონაცენი ვითარდება ძალიან წვრილი და სუსტი, შეიძლება თესლის საერთოდაც ვერ აღმოცენდეს. არასაკმარის სიღრმეზე თესვისას აღმონაცენი კი იოლად იზრდება, მაგრამ მიწის ზედა ფენის სწრაფი გამოშრობის გამო მისი შემდგომი განვითარება ფერხდება. ორივე შემთხვევაში მოსავლიანობა მცირდება.

რაც უფრო წვრილია თესლი, მით ნაკლებ სიღრმეზე ითესება, რადგან ღრმად თესვისას ჩანასახს არ ყოფნის სამარაგო საკვები მიწის ზედაპირზე ამოსასვლელად. უფრო დიდი ზომის თესლები შეიძლება ღრმად ჩაითესოს. მაგ.: სიმინდის თესლებს თესენ 7-12 სმ. სიღრმეზე, ხორბლის 7-9 სმ., კომბოსტოს, ქინძის, თალგამის - 1-2 სმ., კიტრის, გოგრის 5-7 სმ., პომიდვრის, წიწაკის, ბადრიჯნის 2-2,5 სმ და სხვ.

ზოგჯერ თესლს დასაჩითილებლად სათბურებში პირდაპირ, მობნევით თესავენ. ასეთ დროს ნათესი ხშირი გამოდის, მცენარეების ფესვები ერთმანეთში იხლართება და ჩითილების ამოღების დროს, ხშირ შემთხვევაში, ზიანდება. ასეთი ჩითილები მუდმივ ადგილზე გადარგვისას ადაპტაციას ძნელად გადის, 1-2 კვირით ანელებს ზრდას, მომწიფებას აგვიანებს, იოლად ავადდება და ზოგჯერ იღუპება კიდეც.

უმჯობესია დაჩითილება სპეციალურ ქოთნებსა და კონტეინერებში მოახდინოთ, სადაც მცენარის ფესვთა სისტემა ჭურჭლის შიგნით მოცულობას იკავებს და გადატანისას არ ზიანდება. ასეთი მცენარე შემდეგაც იოლად ხარობს, სწრაფად იზრდება, გამძლეა მავნებელ-დაავადებების და სიცივის მიმართ.

სუბსტრატის მომზადებასთან ერთად, აუცილებელია ჩითილებისთვის სპეციალური მიკროკლიმატის შექმნა. ჯანსაღი ჩითილის მისაღებად თესლების აღმოცენებამდე სათბურში უნდა შევინარჩუნოთ  +220C ... +240C, აღმოცენების შემდეგ (4-5 დღის მანძილზე) +160C ... +180C, შემდეგ, მზიან ამინდში +220C ... +240C, ღრუბლიან ამინდში +180C ... +190C, ღამით +16 0C, ჩითილების ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელია დღის სინათლე 12-16 სთ. იყოს. მორწყვა - რეგულარულად, რომ არ მოხდეს სუბსტრატის გამოშრობა. 1მ2-ზე თავსდება საშუალოდ 280-300 ჩითილი.

პირშუშხა
ნინო ფოცაძის პირადი არქივი

ჯანსაღი ჩითილი მუქი მწვანე ფერის, მსხვილ ღეროიანი და კარგად დატოტვილია. სუსტი და უფერული ჩითილებიდან ძლიერი მცენარეების განვითარება ვერ ხდება და შესაბამისად, მოსავლიანობაც იკლებს.

ჩითილების გადატანა ხდება 5-7 ნამდვილი ფოთლის ფაზაში. ზოგიერთ ჩითილს (პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკები) გადატანისას უკეთებენ პიკირებას - აჭრიან ძირითადი ფესვის 1/3 და ღია გრუნტში ისე რგავენ, რომ ფოთლები ახლოს იყოს, მაგრამ მიწას არ ეხებოდეს. ასეთ ჩითილებზე ფესვებს მიწაში მოქცეული ღეროც ივითარებს და მოსავლიანობა იზრდება. ჩითილებს გადატანისას ფრთხილად აცლიან ჩანასახოვან ფოთლებს (ლებნებიდან განვითარებულს).

გადარგვამდე ორჯერადად, აღმოცენებიდან მე-20 და 30-ე დღეს სასურველია ჩითილების გამოკვება ნატრიუმის გუმატით (1გრ/20ლ წყალზე), ან კრისტალონით (20 გრ/10ლ წყალზე).

4-5 ნამდვილი ფოთლის ფაზაში და ჩითილების გადარგვამდე 3 დღით ადრე სასურველია ორჯერადად პროფილაქტიკური ღონისძიების გატარება: ანტრაკოლი + პრევიკურ ენერჯი (30 გრ ანტრაკოლი/ 20 გრ პრევიკურ ენერჯი / 10 ლ წყალი) ნარევის შესხურებით.

გადარგვამდე სასურველია სარგავი ორმოების მორწყვა. თუ ჩითილები ბიოდეგრადირებად ქოთნებშია გამოზრდილი, პირდაპირ იდგმება ორმოებში, თუ არადეგრადირებადშია, ჩითილი ფრთხილად, ისე რომ არ დაზიანდეს, მიწის კომით უნდა გადაიტანოთ. გადატანილი ჩითილები ირწყვება 3-5 დღის შემდეგ.

ღია გრუნტში გადარგვისას გასათვალისწინებელია ნიადაგის ტემპერატურა 10 სმ სიღრმეზე, რომელიც სხვადასხვა კულტურისთვის განსხვავებულია.

მაგ.: კომბოსტოების ჩითილები ირგვება, როცა ნიადაგის ტემპერატურა +8°-ს მიაღწევს. პომიდვრის ჩითილის გადარგვა ღია გრუნტში უმჯობესია მაშინ, როცა ნიადაგის ტემპერატურა +14°C, ხოლო ჰაერის +18°C და მეტია. სასურველია სარგავ ორმოში გადარგვის დროს ყოველ ძირზე 1 ს.კ. მიწაში შერეული სუპერფოსფატის შეტანა, რაც ფესვთა სისტემის ინტენსიურ განვითარებას და მცენარის დაჩქარებულ ზრდას უწყობს ხელს.

პომიდორთან შედარებით, ბადრიჯანი და წიწაკა სითბოს მოყვარული კულტურებია და ერთნაირ პირობებში უფრო ნელა იზრდება. მათი ჩითილების გამოყვანას 2-3 კვირთ მეტი ჭირდება, თუმცა, 18-20°C ტემპერატურაზე ეს ვადა 40-45 დღემდე შეიძლება შემცირდეს. ბადრიჯნის და წიწაკის ჩითილებს უფრო ფაქიზი ფესვთა სისტემა აქვთ და გადარგვისას ძნელად ეგუებიან ახალ გარემოს.

რაც შეეხება მუდმივ ადგილზე ნიადგის მომზადებას, ბოსტნეული კულტურების მოსაყვანად ოპტიმალურია კარგი წყალგამტარობის, კარგი აერაციის, საკმარისად ფხვიერი, ოდნავ ნოტიო, ნაყოფიერი ნიადაგები, რომლებშიც კარგად ინახება საკვები ნივთიერებები და სითბო. მათ უმრავლესობას ნეიტრალურთან მიახლოებული, ოდნავ მჟავე (pH = 6.06.5.) ნიადაგები მოწონს.

სათბურისთვის კარგია მინდვრის და კორდის მიწის, ქვიშის, ნაცრის და ორგანული სასუქის (ნაკელი, ნეშომპალა, ქათმის სკორე) ნარევი, კარგად დაშლილი ტორფი, ტორფიანი და ნაკრები კომპოსტები. ასეთ სუბსტრატში დამატებით შეაქვთ სხვადასხვა მინერალური სასუქი. ყოველი ორი წლის შემდეგ სასურველია გადამუშავებული გრუნტის შეტანა.

გასანოყიერებლად საუკეთესოა ტორფის, გადამწვარი ნაკელის და ყამირი მიწის ნარევი. ყურადღება მიაქციეთ რომ მიწა გაწმენდილი იყოს სარეველებისგან, საიდანაც შესაძლებელია სხვადასხვა მავნებელ-დაავადებების გავრცელება.

ორგანულ და არაორგანულ სასუქებს შორის  საუკეთესოდ ითვლება გადამწვარი ნაკელი, რომელიც 2-3-ჯერ მდიდარია მცენარისათვის საჭირო აუცილებელი საკვები ელემენტებით, ვიდრე ყველაზე ნაყოფიერი მიწა. გადამწვარი ნაკელი მცენარეების კვებასთან ერთად, აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას, არეგულირებს მასში ჰაერისა და წყლის გამტარობას და ა.შ.

ღია გრუნტში მრავალწლოვანი, მსხვილი და ძლიერფესვიანი მცენარეებისათვის კარგია:  2 წილი ბაღის  (ნოყიერი) მიწა : 1 წილი გადამწვარი ნაკელი : 1 წილი  სილა  (უმჯობესია მდინარის) : 2  წილი  აგრო პერლიტი.

 

 

 

470
ვალუტის გაცვლის პუნქტი

ლარის კურსი 26 მაისს

0
(განახლებულია 08:42 26.05.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის, ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ არ შეცვლილა.

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,1916 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის, ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ არ შეცვლილა.

ლარის კურსი 26 მაისს
ლარის კურსი 26 მაისს
0
თემები:
ლარის კურსი დღეს