ნიორი

ნიორი და მისი სასარგებლო თვისებები

2070
(განახლებულია 10:56 02.03.2020)
ნიორს უამრავი სამკურნალო თვისება გააჩნია, მაგრამ ზიანის მიყენებაც შეუძლია, რაც საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია.

ნიორი (Allium sativum) — შროშანისებრთა ოჯახის ერთწლოვანი ბოლქვიანი მცენარეა. ის ძალზე სასარგებლო ბოსტნეულია და მრავალი ქვეყნის სამზარეულოში დიდი ადგილიც უკავია. ნიორს განსაკუთრებით სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიაში იყენებენ.

ჩვენ ვისაუბრებთ ნივრის როგორც სასარგებლო, ისე უარყოფით თვისებებზე, რაც საზოგადოებისთვის ნაკლებადაა ცნობილი.

მაშ ასე, დავიწყოთ ნივრის უნიკალური, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებით:

ნიორი ფართოდ გამოიყენება ვირუსული დაავადებების დროს. ეს განპირობებულია ნივრის კომპონენტით – ალიცინით. ის ბლოკავს ფერმენტებს, რომლებიც ვირუსის ორგანიზმში შეღწევას უწყობს ხელს.

ნიორი ორგანიზმს იმუნიტეტის გაძლიერებაში ეხმარება. ეს ნიორში შემავალი ცილების დამსახურებაა, რომლებიც ორგანიზმს არასასურველი ზემოქმედებისგან იცავს.

ნიორი ანტიბაქტერიული საშუალებაა. ეს თვისება მასში შემავალი ნემფიტოციდების დამსახურებაა, რომლის წყალობით ნიორი ბაქტერიების გამრავლებას ეწინააღმდეგება, ის ტოქსიკურია სოკოს, სტაფილოკოკის, დიფტერიის ჩხირებისთვის. ფიტოციდები განსაკუთრებით გაზაფხულზეა აქტიური, ამიტომ ნიორი ბაქტერიებთან ბრძოლაში განსაკუთრებით სასარგებლოა.

ნიორი
ნიორი

ნიორი ცუდი ქოლესტერინის დონეს ამცირებს. ეს კვლავ ზემოაღნიშნული ალიცინის დამსახურებაა. მაგრამ ნიორი მხოლოდ იწყებს პროცესს, მისი სასარგებლო თვისებები მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდება, შემდეგ ქოლესტერინის დონე კვლავ უწინდელს უბრუნდება. ამგვარად, ნიორს ქოლესტერინის დონის დიდხანს შენარჩუნება არ შეუძლია.

ნიორს იყენებენ გულ–სისხლძარღვთა დაავადებებისა და მისი პროფილაქტიკისთვის. ეს დაკავშირებულია მის უნართან, შეამციროს ქოლესტერინის დონე, მაგრამ ამას ხანმოკლე ეფექტი აქვს. გარდა ამისა, ნიორი სასარგებლოა მაღალი არტერიული წნევის დროს – ის აფართოებს სისხლძარღვებს, ეს კი წნევის შემცირებას ეხმარება. საჭირო ეფექტის მისაღწევად საკმარისია რამდენიმე თვის განმავლობაში დღეში ერთი კბილი ნივრის მიღება.

ნიორი გამოიყენება, როგორც ინფარქტისა და ინსულტის პროფილაქტიკის საშუალება. ნიორში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება აჯოენი თრომბის წარმოქმნის ალბათობას შესამჩნევად ამცირებს. ბოლო კვლევების უმრავლესობამ აჩვენა, რომ ნიორს შეუძლია შეაჩეროს ან შეაფერხოს სისხლძარღვებში თრომბის გაჩენა, ხოლო ინფარქტისა და ინსულტების მიზეზი სწორედ თრომბია.

ბროწეული და მისი სასარგებლო თვისებები>>

ნიორი კიბოსთან ბრძოლაში – და კვლავ ალიცინი. ალიცინი მძლავრი ანტიოქსიდანტია. ის ანეიტრალებს სისხლში თავისუფალ რადიკალებს, რომლებსაც უჯრედების დნმ–ის დაზიანება და კიბოს დაავადების პროვოცირება შეუძლია. ზოგიერთი კვლევის თანახმად, ნიორი არა მხოლოდ კიბოს პროფილაქტიკას უწყობს ხელს, არამედ სიმსივნის ზრდას აფერხებს. ცხოველებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ ნიორი ეფექტურია კიბოს სხვადასხვა სტადიაზე, მაგრამ ადამიანების გამოკვლევამ ცალსახა შედეგები არ აჩვენა. ამგვარად, ნივრის კიბოსთან ბრძოლის თვისება, ჯერჯერობით, საბოლოოდ დაზუსტებული არ არის.

ნიორი, ისევე, როგორც ხახვი, მამაკაცის პოტენციაზე დადებითად მოქმედებს. ეს, შესაძლოა, მისი სისხლძარღვების გაფართოების თვისებიდან მომდინარეობს, ან მასში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტების დამსახურებაა, ყოველ შემთხვევაში, ეს ფაქტია.

ნივრის ჩამოთვლილი სასარგებლო თვისებები უმეტესობამ კარგად იცის, მაგრამ უარყოფითი თვისებები – არა. ერთადერთი, რაც შეიძლება ადამიანებმა მის ნაკლოვანებებიდან გამოყონ, ეს მისი მძაფრი სუნია. მაგრამ ნივრის უარყოფითი თვისებები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება.

ნიორი მადის მომგვრელი ბოსტნეულია, ამიტომ მის მიღებას უნდა მოერიდონ ისინი, ვისაც წონის დაკლება სურს.

მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა ხალხური საშუალებებით>>

ნიორი საზიანოა მათთვის, ვისაც კუჭის, ღვიძლისა და თირკმელების დაავადებები აწუხებს.

ნიორში შემავალი ტოქსიკური ნივთიერებები საჭმლის მონელების პროცესისთვის საზიანოა.

ნიორი არ არის რეკომენდებული ეპილეფსიით დაავადებული ადამიანებისთვის. მას ეპილეფსიური შეტევის გამოწვევის პროვოცირება შეუძლია.

ნიორს უნდა მოერიდონ ადამიანები, ვისაც ჰემოროი (ბუასილი) აწუხებს.

ნიორს უნდა მოერიდონ ორსული და მეძუძური დედები, რადგან ის ტვინზე უარყოფითად მოქმედებს. ნიორში შედის სულფანილ–ჰიდროქსილის იონები, რომელიც შედის ტვინის სისხლში, რაც ძუძუმწოვრებისთვის საწამლავის მიღებას უტოლდება. მან შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, რეაქციის სიჩქარის დაქვეითება 2–3-ჯერ, გაფანტულობა, უყურადღებობა, დაბინდული აზროვნება.

ამგვარად, ნივრის მოხმარებისას ყურადღებით უნდა ვიყოთ. მეცნიერებს საბოლოო დასკვნა ჯერ არ გაუკეთებიათ, რომელი სჯობს – მივიღოთ თუ არ მივიღოთ ნიორი, მაგრამ აქაც, ალბათ, ოქროს შუალედი უნდა დავიცვათ – მივიღოთ ნიორი, ოღონდ ზომიერად.

ნივრის ყვავილობა
ნივრის ყვავილობა

და ბოლოს, საინტერესო და სახალისო ინფორმაცია ნივრის შესახებ:

იცით, რომ ნიორი ტკბილი ბოსტნეულის რიცხვს განეკუთვნება? ნივრის წვენში 20% შაქარი შედის, მაგრამ ამას ვერ ვგრძნობთ ცხარე ნივთიერებების გამო.

მკურნალობა ხალხური მეთოდებით. ასკილი>>

როგორც ამბობენ, სან–ფრანცისკოში არსებობს რესტორანი, სადაც დესერტის მენიუში ნივრიანი ნაყინი შედის.

ტორონტოში კანონდარღვევაა, თუ ადამიანმა ნივრის ჭამის შემდეგ საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრა.

2070
თემები:
სასარგებლო რჩევები (244)
სტევია

სტევია ჯანმრთელი ცხოვრების საწინდარი

337
(განახლებულია 19:20 06.07.2020)
პარაგვაის უნივერსიტეტში ჩაატარეს კვლევა და დაადგინეს, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობას არ აწუხებს გაცხიმოვნება და შაქრიანი დიაბეტი, რადგან თითოეული მცხოვრები წელიწადში 10 კილოგრამამდე სტევიას მოიხმარს.

სტევია (ლათინურად Stévia) თაფლოვანი, ანუ ტკბილი მცენარეა. ის ასტრასებრთა, ან რთულყვავილოვანთა ოჯახის წარმომადგენელია, აქვს დაახლოებით 260 ბალახისა და ბუჩქის სახეობა. გავრცელებულია სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში.

სტევია პირველად მე-16 საუკუნეში გამოიკვლია ექიმმა და ბოტანიკოსმა სტევუსმა (ლათ. Petrus Jacobus Stevus, ესპ. Pedro Jaime Esteve), რომელიც ვალენსიის უნივერსიტეტში მუშაობდა. სწორედ მისი გვარიდან მიიღო დასახელება ამ მცენარემ.

თანამედროვე ბრაზილიისა და პარაგვაის ტერიტორიაზე გუარანის ტომის ინდიელები ასწლეულების განმავლობაში იყენებდნენ სტევიის ზოგიერთ სახეობას საკვებში, განსაკუთრებით Stevia rebaudiana-ს, რომელსაც ka"a he'ê-ს, ანუ ტკბილ ბალახს ეძახდნენ და, გარდა საკვების დატკბობისა, სხვადასხვა დაავადების, მათ შორის გულძმარვის სამკურნალოდ იყენებდნენ.

1931 წელს ფრანგმა ქიმიკოსებმა ბრიდელმა და ლავიემ სტევიიდან გამოყვეს გლიკოზიდები, რაც მცენარეს ტკბილ გემოს აძლევს. ექსტრაქტები, რომლებსაც ეწოდა სტევიოზიდები (steviosides) და რებაუდიოზიდები (rebaudiosides), საქაროზაზე 250-300-ჯერ უფრო ტბილი აღმოჩნდა. ის არ მოქმედებს სისხლში გლუკოზის რაოდენობაზე და, ამდენად, დიაბეტით დაავადებულებისთვის მისი მიღება რეკომენდებულია.

იდეალური ქინოა – ჯანმრთელობის საწინდარი>>

სტევია განსაკუთრებით აქტუალური გახდა ბოლო პერიოდში. მეცნიერებმა მასზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს დაბალნახშირწყლოვანი და დაბალშაქრიანი დიეტების მოთხოვნილებასთან დაკავშირებით.

ცნობილია, რომ შაქარი ნახშირწყლებია, რომლებსაც ორგანიზმი წამიერად შთანთქავს, ხოლო ზედმეტს ცხიმებად აქცევს და ადამიანის სიმსუქნესა და გაცხიმოვნებას იწვევს. დანიელმა დიეტოლოგებმა შაქარი უკვე დიდი ხანია „მსუბუქი" ნარკოტიკების რიგს მიაკუთვნეს, რადგან აქვს ორმაგი ეფექტი: ა) ტკბილი გემო ენდორფინების (სიხარულის ჰორმონები) გამომუშავებას ასტიმულირებს; ბ) შაქარი ორგანიზმის სისტემაში იმგვარად „ეწყობა", რომ მისი მოხმარების მეტ სურვილს იწვევს. თანაც, შაქარი სოკოებისა და პარაზიტების „საყვარელი" საკვები გარემოა.

საქართველოში სტევია ახლა იხვეჭს პოპულარობას, მაგრამ შაქრის შემცვლელის სახით უკვე ფართოდ გამოიყენება იაპონიაში, აშშ-სა და კანადაში მას საკვების დანამატის სახით ხმარობენ.

1970-იანი წლების დასაწყისში იაპონელებმა დაიწყეს სტევიას კულტივირება, როგორც ხელოვნური დამატკბობლების – ციკლამატისა და საქარინის ალტერნატივის. სტევიის კომერციული გამოყენება იაპონიაში 1977 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. მას იყენებენ სასურსათო პროდუქტებში, უალკოჰოლო სასმელებში. სტევიის მთელი ბაზრის 40% სწორედ იაპონიაზე მოდის.

ამჟამად სტევია მოჰყავთ და კვების პროდუქტებში აქტიურად იყენებენ აღმოსავლეთ აზიაში, მათ შორის ჩინეთში, კორეაში, ტაივანში, ტაილანდსა და მალაიზიაში, ასევე სენ-კიტსისა და ნევისში, ბრაზილიაში, პარაგვაიში, ურუგვაიში, ისრაელში, უკრაინაში და რუსეთის სამხრეთით.

უაღრესად სასარგებლო კენკრა, რომელიც კოსმონავტებისა და მფრინავების მენიუში შედის>>

სტევიის (Stevia rebaudiana) ღეროს სიმაღლე 60-დან 100 სანტიმეტრამდე მერყეობს. მასზე განთავსებულია პატარა მრავალრიცხოვანი ფოთლები. თითოეული ბუჩქი 600-დან 1200-მდე ფოთოლს იძლევა.

ამ მცენარის მთავარი სიტკბო სწორედ ფოთოლშია თავმოყრილი – 10-15-ჯერ მეტი სიტკბო, ვიდრე საქაროზაში. ეს აიხსნება იმ ნივთიერებებით, რომლებიც არის მხოლოდ ამ მცენარეში და არსად სხვაგან. ესენია დიტერპენული გლიკოზიდები, რომელთაგან მთავარია სტევიოზიდები და რებაუდიოზიდები. სტევიისგან მიღებული ტკბილის შეგრძნება ნელა დგება, მაგრამ უფრო დიდხანს გრძელდება. ამასთან სტევიის ტკბილ ნივთიერებებს პრაქტიკულად ნულოვანი კალორიულობა აქვს.

სტევიის უპირატესობებია:

• 150-300-ჯერ მეტად ტკბილია შაქარზე;

• აქვს პრაქტიკულად ნულოვანი კალორიულობა. მაგალითად, 100 გრამ შაქარში 387 კ/კალორიაა, ხოლო 100 გრამ სტევიაში (მშრალ ბალახში) – 18 კ/კალორია, ანუ 21,5-ჯერ ნაკლები. მშრალ ექსტრაქტში – დაახლოებით 0 კ/კალორია;

• 100%-ით ნატურალური პროდუქტია;

• შაქრისგან განსხვავებით, არ წარმოადგენს ბაქტერიებისა და პარაზიტების საკვებს, არამედ პირიქით, გამოირჩევა სოკოსა და ბაქტერიების საწინააღმდეგო აქტიურობით;

• არ იწვევს ინსულინის აქტიურ გამოყოფას, რადგან არ ცვლის სისხლში გლუკოზის დონეს, პირიქით, მის ნორმალიზებას უწყობს ხელს;

• არ ვნებს ორგანიზმს დიდი ხნის განმავლობაში გამოყენებისას (ამაზე მეტყველებს გუარინის ტომის ათასწლოვანი პრაქტიკა, ასევე იაპონიაში ჩატარებული ძალზე სერიოზული კვლევები);

• კარგად იხსნება წყალში;

• მდგრადია მაღალი ტემპერატურისა და ტუტეების მიმართ, რაც კულინარიაში გამოყენების შესაძლებლობას იძლევა;

• დაბალი დოზირება, რადგან სიტკბოს მაღალი კოეფიციენტი აქვს.

საპონინების შემცველობის წყალობით სტევიას ასევე აქვს ჰომეოპათიური მოქმედება, აძლიერებს კუჭის სეკრეციას, რაც, თავის მხრივ, ყველა ჯირკვლის სეკრეციას აძლიერებს. აქვს მსუბუქი შარდმდენი მოქმედება, აუმჯობესებს მდგომარეობას კანის დაავადებების დროს, ასევე აქვს ეფექტი რევმატიზმის დროს; კარგია შეშუპებისას, ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და ხელს უწყობს ორგანიზმში სხვა სასარგებლო ნივთიერებების უკეთ ათვისებას.

პარაგვაის უნივერსიტეტში ჩაატარეს კვლევა და დაადგინეს, რომ პარაგვაის მოსახლეობას არ აწუხებს ისეთი დაავადებები, როგორიცაა გაცხიმოვნება და შაქრიანი დიაბეტი, რადგან თითოეული მცხოვრები წელიწადში 10 კილოგრამამდე სტევიას მოიხმარს.

სტევია:

• ამცირებს სისხლში შაქრისა და ცუდი ქოლესტერინის დონეს;

• აუმჯობესებს, აღადგენს ქსოვილებს, უჯრედებს;

• სტევიას აქვს უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს კიბოს უჯრედების განვითარებას, აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება;

• ხელს უწყობს სისხლძარღვების გამაგრებას, არტერიული წნევის ნორმალიზებას;

• დადებითად მოქმედებს ღვიძლსა და კუჭქვეშა ჯირკვალზე;

• ახორცებს წყლულებს კუჭსა და ნაწლავებში;

• აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ებრძვის ჭარბწონიანობის, შაქრიანი დიაბეტის, პანკრეატიტის, ათეროსკლეროზის განვითარებას;

• სტევიოზიდის გამოყენებით მცირდება მიდრეკილება ალკოჰოლისა და თამბაქოს მიმართ;

• ებრძვის პარაზიტების განვითარებას;

• აჩერებს კარიესის განვითარებას;

• შესანიშნავი საშუალებაა ბრონქიტის წინააღმდეგ;

• აუმჯობესებს თმის, კანის, ფრჩხილების მდგომარეობას;

• ამაღლებს იმუნურ სისტემას;

• წონაში დაკლებაში ეხმარება.

სტევიასთან დაკავშირებით არსებობდა მეცნიერების მოსაზრებები, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მან, შესაძლოა, ადამიანის ორგანიზმზე უარყოფითად იმოქმედოს, თუმცა, საბოლოოდ, სტევიის ნეგატიური ზემოქმედება არ დამტკიცდა.

კურკუმა და მისი სასარგებლო თვისებები>>

სტევია საქართველოში გასული საუკუნის 80-იან წლებში უკრაინიდან შემოვიდა. სტევია ამჟამად მოჰყავთ ლანჩხუთში და ოზურგეთში.

337
თემები:
სასარგებლო რჩევები (244)
სამების ტაძრის ვარდების ბაღი

მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის ივლისი

839
(განახლებულია 14:55 30.06.2020)
ადამიანებმა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ შეამჩნიეს მთვარის გავლენა მცენარეების განვითარებაზე. მთვარის ენერგეტიკას შეუძლია დაეხმაროს ან ავნოს მცენარეებს, ამიტომ მნიშვნელოვანია მთვარის ფაზების გათვალისწინება მორწყვის, დათესვისა და გადარგვის დროს.

გაითვალისწინეთ რჩევები და იმოქმედეთ მთვარის კალენდრის მიხედვით.

სწორად შერჩეულ მთვარის ფაზას შეუძლია ხელი შეუწყოს მცენარის ზრდას, იმოქმედოს მის მომავალ ნაყოფზე, ყვავილზე; ხოლო ზოგიერთ დღეს, ჯობს, თავი შეიკავოთ მცენარის დათესვა-დარგვისგან, ფესვების გაფხვიერებისგან. ამან, შესაძლოა, გამოიწვიოს მცენარის დაზიანება, ზრდის შენელება, ლპობა, ენერგეტიკული ბალანსის დარღვევა. ეს ეხება არა მხოლოდ მიწასთან უშუალო მუშაობას, არამედ სხვა სამუშაოებსაც ბაღსა თუ ბოსტანში.

თუ რგავთ მცენარეს, ეს განსაკუთრებით ეხება მრავალწლიან მცენარეებს, ხეებს, ეს მხოლოდ მზარდი მთვარის დროს უნდა გააკეთოთ, სასურველია, სავსემთვარეობის წინ. ახალმთვარეობაზე ამის გაკეთება არ ღირს.

სავსემთვარეობის წინ დარგული მცენარე მაღალი გაიზრდება. ზოგადად, განვითარებისკენ მიმართულ ყველა საქმეს მზარდი მთვარის ენერგეტიკა უხდება. ასეა მცენარეების შემთხვევაშიც.

ზოგადი ცნობები: მთვარის ფაზები მებაღის კალენდარში

ახალმთვარეობა: რეკომენდებულია მავნებლებთან და სარეველასთან ბრძოლა. სწორედ ამ დროს მოიტანს ეფექტს დაავადებული ტოტებისა და გამხმარი რტოების მოშორება ხეებისა და ბუჩქებისთვის, ასევე კარგი დროა ბალახოვანი მცენარეების შეგროვებისთვის. ასევე შეიძლება ბოსტნეულის წანაზარდების მოცილება მათი ზრდის შეჩერების მიზნით, მაგრამ ეს, ჯობს, არა თვითონ ახალმთვარეობის დღეს, არამედ ერთი დღით ადრე ან ერთი დღის შემდეგ გააკეთოთ.

მზარდი მთვარე: როდესაც მთვარე ზრდის ფაზაშია, რეკომენდებულია მუშაობა მცენარეებთან, რომლებიც მიწის ზევით ვითარდებიან, რადგან მათი ბიოველი ფესვებიდან ზევით არის მიმართული. ეს არის თესვის, დარგვის ან გადარგვის პერიოდი. სასარგებლოა ასევე მორწყვა, მინერალური ნივთიერებებით ფესვგარეშე დამუშავება, მიწის განოყიერება.

სავსემთვარეობა: მთვარის კალენდარში იგულისხმება დღე თვითონ სავსემთვარეობამდე, სავსე მთვარის დღე და შემდეგი ერთი დღე. ამ პერიოდში რეკომენდებულია მიწაზე მუშაობა: შეიძლება მცენარეების ფესვების მიწით შეფუთვა, ნიადაგის გაფხვიერება, სარეველისგან გათავისუფლება. ეფექტური იქნება ასევე მავნებლებთან – მწერებთან და მღრღნელებთან ბრძოლა. კარგი პერიოდია თესლისა და ფესვების შესაგროვებლად. არახელსაყრელია ამ დროს მცენარეების შეწამვლა, გასხვლა, ბოსტნეული კულტურებისთვის ნამხრევების მოცილება.

კლებადი მთვარე: კლებადი მთვარის დროს მცენარის მიწისზედა ნაწილი ნაკლებად მგრძნობიარეა მანიპულაციებისადმი, ამიტომ სასურველია ბოლქვიანი და პარკოსანი კულტურების დარგვა. ასევე კარგი დროა ბოლქვიანების ამოღებისა და მოსავლის აღებისთვის. კარგად მოქმედებს ფესვების კვება და გასხვლა ფორმის მისაცემად.

მთვარე ზოდიაქოს თანავარსკვლავედში

ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია მთვარის მდებარეობა ზოდიაქოს ნიშანში. ზოდიაქოს ყველაზე ნაყოფიერი წყლის ნიშნებია: კირჩხიბი, მორიელი და თევზები. პირველი ორი ხელსაყრელია დათესვის, გრუნტში გადარგვისა და დამყნობისთვის, ხოლო თევზები - იმ მცენარეებისთვის, რომლებიც ფესვების სისტემის განვითარებას საჭიროებენ. საკმაოდ კარგია კურო და თხის რქის ნიშნები. ისინი კარგად ესადაგებიან ბოლქვიან და ფოთლოვან კულტურებს. სასწორი დადებითად მოქმედებს სიმინდის, კომბოსტოსა და ფესვიან კულტურებზე.

უდაბნოს ვარდი - ადენიუმი>>

ნაკლებად ნაყოფიერი არიან ვერძისა და მშვილდოსნის ნიშნები. ისინი მხოლოდ მწარე ბოსტნეულს მიესადაგებიან - ხახვსა და ნიორს. ტყუპები და მერწყული კარგი ნიშნებია მცენარეების მოვლისთვის, ხოლო ქალწული და ლომი ყველაზე უნაყოფო ნიშნებად მიიჩნევა მთვარის კალენდარში. როდესაც მთვარე ამ ნიშნებში იმყოფება, ალბათობა მცენარეების ხელსაყრელი დარგვისთვის მაქსიმალურად დაბალია. მაგრამ ამ დროს შეიძლება მავნებლებთან და სარეველასთან ბრძოლა.

მებაღის კალენდარი 2020 წლის ივლისში

ივლისში მოსავლის აღება იწყება, მაგრამ ამით საზრუნავი არ იკლებს – მაინც საჭიროა გაფხვიერება, მორწყვა, დამუშავება, გასხვლა და ა.შ.

ივლისში, პირველ რიგში, საჭიროა გაფხვიერება. ეს იმისთვის კეთდება, რომ ფესვებს მეტი ჟანგბადი მიეწოდოს. ასევე შეიძლება სარეველებისგან გათავისუფლება. ამის შემდეგ მიეცით სასუქი და მორწყეთ.

არ უნდა დაივიწყოთ მავნებლებთან ბრძოლა. ასევე კენკროვნების მოსავლის აღების შემდეგ სასუქი მიეცით ბუჩქებს და მორწყეთ. ყურადღება მიაქციეთ ვაშლის, ქლიავისა და მსხლის ხეებს – ტოტებს, რომლებსაც ბევრი ასხია, საბჯენები შეუყენეთ, რომ არ მოტყდეს სიმძიმისგან.

მთვარის ფაზები ივლისში: 1-4, 21-31 ივლისი – მზარდი მთვარე; 6-19 ივლისი – კლებადი მთვარე.

ხელსაყრელი დღეები მუშაობისთვის ივლისში

ყველაზე ხელსაყრელი დღეები ბაღ-ბოსტანში მუშაობისთვის არის 1-3, 22-26 და 28-31 ივლისი. ამ დღეებში განსაკუთრებით სასარგებლო იქნება მორწყვა, სასუქის მიცემა, დაავადებებისგან შეწამვლა.

არახელსაყრელი დღეებია 4-6, 13, 19-21 და 27 ივლისი. ამ დღეებში რეკომენდებული არ არის დარგვა, დათესვა, გასხვლა, გადარგვა. მოსავალი კარგი არ იქნება და ბევრ პრობლემას მოგიტანთ.

  • 2-4 ივლისი: შეიძლება თესლის აღება, ხახვის, მწვანილეულის, ნივრის, სალათების დარგვა, თივის დამზადება. არ ღირს გასხვლა, გამხმარი რტოებისა და ფოთლების მოცილება, მცენარის ფესვებთან მუშაობა
  • 6-12 ივლისი: არაა რეკომენდებული დათესვა და დამუშავება, მაგრამ შეიძლება მარწყვის პწკალების ჩარგვა, დაავადებებისგან დამუშავება, მწვანილის დათესვა, მშრალი სასუქის მიცემა.
  • 13 ივლისი: შეიძლება ყველაფერი, გარდა იმ მცენარეების დარგვისა და დათესვისა, რომლებიც დიდი ხნით შენახვისთვისა და თესლის აღებისთვისაა განკუთვნილი. ასევე არ შეიძლება ამონაყრის გამოცალკევება, გადარგვა და პიკირება.
  • 14-19 ივლისი: უნდა შეზღუდოთ ნიადაგის დანესტიანებისა და სასუქის მიცემის სამუშაოები. შეიძლება სარეველებისგან გაწმენდის „არააგრესიული“ სამუშაოები.
  • 21-26 ივლისი: შეიძლება ნებისმიერი სამუშაოების ჩატარება. ნაკლებად სასურველია ხეების გასხვლა და პიკირება. თუმცა, გასხვლის შემთხვევაში შეიძლება მალე ამოიყაროს ახალი ყლორტები, მაგრამ არის საფრთხე - მცენარემ შეიძლება ბევრი წვენი დაკარგოს და დაიღუპოს.
  • 27 ივლისი: ამ დღეს დათესვისა და დარგვის შემთხვევაში მცენარე სწრაფად გაიზრდება და ექნება მყარი ღერო, ასევე მძლავრი და ჯანმრთელი ფესვი. არ ღირს კარტოფილის ამოღება.
  • 29-31 ივლისი: ბევრი რამის გაკეთება შეიძლება ბაღში, მაგრამ ჯობს უარი თქვათ გასხვლაზე.
მუშაობა არ შეიძლება 5 ივლისს - არის სავსემთვარეობა და 20 ივლისს - ახალმთვარეობა.

ივლისის დანარჩენი დღეები ნეიტრალური იქნება.

თვე - ივლისი, რიცხვი მთვარე ზოდიაქოს ნიშანში
1 მორიელი
2, 3 მშვილდოსანი
4, 5, 6 თხის რქა
7, 8 მერწყული
9, 10 თევზები
11, 12, 13 ვერძი
14, 15 კურო
16, 17, 18 ტყუპი
19, 20 კირჩხიბი
21, 22 ლომი
23, 24 ქალწული
25, 26 სასწორი
27, 28 მორიელი
29, 30, 31 მშვილდოსანი
839
თეა გოდოლაძე

სეისმოლოგი: შიდა ქართლში მცირე ბიძგები გაგრძელდება

0
(განახლებულია 12:37 12.07.2020)
სპეციალისტის განმარტებით, ეპიცენტრულ რეგიონში მოსახლეობა მცირე ბიძგებს იგრძნობს, თუმცა ეს მომყოლი ბიძგებია და მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს

თბილისი, 12 ივლისი - Sputnik. გორის მუნიციპალიტეტში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში მცირე ბიძგები კვლავ დაფიქსირდება, განაცხადა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

დღეს დილით გორში 4,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 09:54 საათზე გორის მუნიციპალიტეტში სოფელ ლევიტანასთან დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეში იყო.

მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

„გარკვეული დროის განმავლობაში მცირე ბიძგები დაფიქსირდება. ესაა მომყოლი მიწისძვრების სერია და, რა თქმა უნდა, ეპიცენტრულ რეგიონში მოსახლეობა მცირე ბიძგებს იგრძნობს“, - განაცხადა გოდოლაძემ.

სეისმოლოგის განმარტებით, ეპიცენტრში მოსახლეობა ამ ბიძგებს იგრძნობდა, მაგრამ ასეთი მიწისძვრის დროს საშიში არაფერია და მოსახლეობას შეუძლია მშვიდად იყოს.

0
თემები:
გარემოს დაცვა და ეკოლოგია