ნოემბრის მწვანე აფთიაქი

© photo: Sputnikშემოდგომა თბილისში
შემოდგომა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რა მცენარეებით უნდა გავამდიდროთ ჩვენი მწვანე აფთიაქი ნოემბერში – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო გოცაძე მოგითხრობთ.

ჭილი (Juncus gerardi) – ბუნებრივად გავრცელებულია ძირითადად ქართლში, გარე კახეთსა და გარდაბანში. დასავლეთ საქართველოში იშვიათია. გვხვდება უმთავრესად ტენიან ადგილებში, მლაშობებსა და იშვიათად ტყის სარტყლის მდელოების ტენიან ადგილებში, აგრეთვე ნახევრადუდაბნოების და ველების სარტყელში.

ჭილის გულგულით მკურნალობენ კოჟრებს, რომელსაც აგროვებენ მაისის მეორე ნახევრიდან ნოემბრის პირველი ნახევრის ჩათვლით.

ძეძვი (Paliuris spina-christi) – ძეძვის ნაყოფისგან ლაგოდეხში აკეთებენ ბრონქული ასთმის წამალს. ძეძვის ნაყოფების, ფოთლების, თესლების და ნიახურის ნახარშს იყენებენ შარდმდენად.

ნაყოფებს აგროვებენ ივნისის მეორე ნახევრიდან ნოემბრის მეორე ნახევრამდე.

ალოე - Sputnik საქართველო
უებარი საბრი და ვერა – ალოეს სამკურნალო თვისებები

მრგვალი წამალი (Leontice smirnowii) – ჩვენში ბუნებრივად გავრცელებულია ძირითადად კახეთში, ლაგოდეხსა და მის შემოგარენში, მთის ქვედა სარტყელში და ტყის პირებში. მრგვალი წამალი უხსოვარი დროიდან სარგებლობს დიდი პოპულარობით, როგორც ფილტვების ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალება. ისტორიული წყაროებით, საქართველოდან ეს უებარი სამკურნალო მცენარე აქლემებით ინდოეთშიც კი გაჰქონდათ. მრგვალი წამალი უფრო მეტად კულტურაშია შემორჩენილი, ეზოებში – როგორც დეკორატიული მცენარე. 

სამკურნალო მიზნით გროვდება მცენარის ტუბერები მარტიდან მაისის პირველი ნახევრის ჩათვლით და აგვისტოს მეორე ნახევრიდან ნოემბრის მეორე ნახევრამდე.

ყოჩივარდა (Cyclamen vernum Sweet., C. ponticum (Alb.) Pobed.) – საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მას კვარაკუნჩხას, კორჩიოტას, კაწარკუწარას და სხვა სახელებით იცნობენ. გვხვდება ყველგან ტყის ფერდობებზე, ბუჩქნარებში მთის ქვედა და შუა სარტყელში. ყიჩივარდას ახალი ტუბერი შეიცავს ციკლამინს და სხვა გლიკოზიდებს, ნორჩი ტუბერი შხამიანია და მომწამვლელად მოქმედებს ცხოველებზე.

ქართულ ხალხურ მედიცინაში ყოჩივარდას უხსოვარი დროიდან იყენებენ წყლულის, თმის ცვენის, რევმატიზმის, თავის ტკივილის, ქოთაოს, გაუვალობის, შარდის შეკავების და სხვა დაავადებების სამკურნალოდ. XI და XII საუკუნეების ქართულ კარაბადინებში მცენარე მოხსენიებულია როგორც უებარი სამკურნალო საშუალება და ფართოდ გამოიყენება ჰაიმორიტის, ფრონტიტის, პანსინუზიტის და სხვა მსგავსი დაავადებების დროს.

რაჭაში კორჩიოტას ჩიყვის დროს იყენებენ და ეზოშიც ამრავლებენ. ცაგერში იყენებენ კანის დაავადებების სამკურნალოდ, ბაკურიანში ყოჩივარდას ყვავილებს ახმობენ და ინახავენ თავის ტკივილის დროს თამბაქოს სახით მოსაწევად. აფხაზეთში ყოჩივარდას წვენს ცხენების ქოთაოს, იმერეთში – ქათმის ჭირის სამკურნალოდ იყენებენ.  

სამკურნალო მიზნით აგროვებენ ყოჩივარდას ტუბერაკებს თებერვლის მეორე ნახევრიდან მაისის პირველი ნახევრის ჩათვლით და ოქტომბერ-ნოემბერში.

იორდასალამი - Sputnik საქართველო
იორდასალამი – თავმომწონეობისა და ამპარტავნების სიმბოლო

ნემსიწვერა (Geranium sanguineum L.,  G. robertianum L.) – გვარის სახელი მოდის ბერძნული სიტყვიდან, რაც წეროს ნიშნავს და მართლაც მისი ნაყოფი წეროს ნისკარტს წააგავს. ჯერ კიდევ პარაცელსის დროს ნემსიწვერა ცნობილი იყო როგორც საგულე საშუალება და მას იყენებდნენ გულის შეკუმშვის უნარიანობის გასაძლიერებლად და დეპრესიული მდგომარეობის სტიმულატორად. მთლიან ბალახს ახმობდნენ და იღებდნენ ფხვნილის სახით, ან ურევდნენ პურში. ნემსიწვერას წყალს ივლებდნენ ყელში, განსაკუთრებით მომღერლები.

მცენარე გავრცელებულია დასავლეთ და აღმოსავლეთ ნახევარსფეროების ყველა კონტინენტზე. საქართველოში იზრდება ყველგან ტყის სარტყელში, ვრცელდება სუბალპურ სარტყლამდე ტენიან და ჩრდილიან ადგილებში.

ქართულ ხალხურ მედიცინაში ნემსიწვერას ხმარობენ კუჭის აშლილობის, სისხლდენის, ქალური დაავადებების, სახსრების ტკივილის დროს. ნემსიწვერას ლეჩხუმში სპეციალურად აშენებდნენ ეზოებში და მკურნალობდნენ გველის ნაკბენს.

ნემსიწვერას ტუბერებს აქვს მატონიზირებელი მოქმედება. გროვდება სამკურნალო მიზნით მაისიდან ნოემბრის ბოლომდე, მცენარის მიწისზედა, მწვანე ნაწილები ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით.

ქართული ჩაი - Sputnik საქართველო
ჩაის წარმოების ისტორია საქართველოში – როგორ გამოვიცნოთ კარგი ჩაი

ძირტკბილა (Glycyrrhiza glabra L.) – საქართველოში გავრცელებულია შავი ზღვის სანაპიროებიდან დაწყებული მთის წინამდე, განსაკუთრებით მდინარის ნაპირებზე, ველებზე, ნათესების ახლოს. გვხვდება აგრეთვე მლაშობ ნახევრადუდაბნოებზე, სადაც დამლაშება შედარებით სუსტია და დანესტიანება ძლიერი. საქართველოში ძირტკბილას ფესვებს უხსოვარი დროიდან იყენებენ როგორც ხველების საწინააღმდეგო საშაუალება.

დავით ბატონიშვილის თქმით, ძირტკბილას წვენი და ძირის წყალი: „ხუნაყისთვის მწოვედ კარგი, მრავალჯერ დაცდილი არისო: მოიტანე რძე და ლეღვი და ბალდური ყარა, ვითამცა და წყაროს სუმბულიო, რომე სპარსნი ფარისიომანს უძახიან, ძირტკბილას ძირი, ბოლოკის წვენი და ანაკვეთი და ესეები ყველა დაჯეჯკეთ და შაქრითა და ნუშის ზეთითა წამოადუღე და ისრე ჭამონ, და ხუნაყსა უშველის“.

ძირტკბილას ძირს იყენებენ მედიცინაში როგორც ამოსახველებელი საშუალება. ძირტკბილას და მრავალძარღვას ნახარშით მკურნალობენ ბრონქულ ასთმას და სისხლის წნევას ზემო იმერეთში.

ჭანჭყატი - Sputnik საქართველო
ნოემბრის ნობათი - რომელი სამკურნალო მცენარეები უნდა დავამზადოთ ნოემბერში

სამკურნალო მიზნით გროვდება ძირტკბილას ფესვები მარტიდან მაისის ჩათვლით და შემოდგომით, სექტემბრიდან ნოემბრის ბოლომდე. ფესვებს რეცხავენ კარგად და აშრობენ ჩრდილში, ან სპეციალურ საშრობში. თუ ფესვები სქელია, ჭრიან განივ რგოლებად და ისე აშრობენ.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მცენარეებისა, ნოემბერში გროვდება აგრეთვე არაერთი სხვა სამკურნალო მცენარე. მათ შორის: დაფნა (Laurus nobilis, ნაყოფები - აგვისტოს მეორე ნახევრიდან ნოემბრის ბოლომდე), ბაღის ტუხტი (Althaea rosea, ტუხტი - A. rugosa, ტუხტი სამკურნალო - A. officinalis, ფესვები თებერვლიდან მარტის ჩათვლით და აგვისტოდან დეკემბრის ბოლომდე,  ყვავილები - ივნისის მეორე ნახევრიდან სექტემბრის პირველი ნახევრის ჩათვლით, ტუხტი - A. ficifolia, ხომეჭი ტუხტი - A. armeniaca, ოქტომბრიდან მარტის ჩათვით), კომში, ბია (Cydonia oblonga,  თესლები  ოქტომბერ-დეკემბერში), ხურმა (Diospyros lotus,  ნაყოფები ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დეკემბრის ჩათვლით, ყლორტები მარტის მეორე ნახევრიდან მაისის ბოლომდე), სურო, ფათალი (Hedera helix,  ფოთლები მთელი წელი, ნაყოფი - სექტემბრიდან თებერვლის ბოლომდე), ბროწეულის ქერქი (Punica granatum,  ოქტომბრის მეორე ნახევრიდან მარტის ბოლომდე), ენდრო (Rubia petiolaris, R. Tinctorum,   ფესვები ოქტომბრიდან აპრილის ბოლომდე), დაჯირა, სალაბი (Salvia verticillata,  ფესვები ოქტომბერ-ნოემბერსა და მარტი-მაისის ჩათვლით), ანწლი (Sambucus ebulus, ფესვები ნოემბერში, იანვარსა და მარტში,  ფოთოლი მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე), მდოგვი (Sinapis arvensis, თესლი ივლისიდან სექტემბრის ბოლომდე, ფოთოლი მარტიდან ნოემბრის ჩათვლით), კულტურული ქონდარი (Saturea hortensis, ბალახი აპრილიდან ნოემბრის პირველი ნახევრის ჩათვლით), კლდის დუმა, კაციყურა (Sedum caucasicum, ფოთოლი მაისიდან ნოემბრის მეორე ნახევრამდე), ქრისტესისხლა (Chelidonium majus,  ფესვები მარტი-მაისი და სექტემბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის მეორე ნახევრამდე), ვარდკაჭაჭა (Cichorium intybus,  ფესვები მარტი-აპრილი და სექტემბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის ბოლომდე), იფანი (Fraxinus excelsior,  ქერქი თებერვალი-აპრილი, სექტემბერ-ოქტომბერი, ნაყოფი მაისის მეორე ნახევრიდან ნოემბრის პირველი ნახევრის ჩათვლით), ჭინჭრის დედა (Lamium album,  ყვავილები ივნის-ივლისი, ბალახი აპრილის მეორე ნახევრიდან ნოემბრის პირველი ნახევრის ჩათვლით), სვინტრი (Polygonatum multiflorum, ფესურა მარტიდან ივნისის მეორე ნახევრამდე და სექტემბრიდან ნოემბრის პირველი ნახევრის ჩათვლით).

 

ყველა ახალი ამბავი
0