სამკურნალო ნობათი: რომელი მცენარეები და როგორ მოვაგროვოთ შემოდგომაზე

CC0 / Pixabay / სამკურნალო მცენარეები
სამკურნალო მცენარეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მწიფე და ბარაქიანი შემოდგომა უხვად გვასაჩუქრებს მცენარეული ნობათით. მოწეული ჭირნახულის დაბინავებასთან ერთად ვიზრუნოთ მწვანე აფთიაქის გამდიდრებაზეც.

სამკურნალო მცენარეთა დიდი ნაწილი გაზაფხულსა და ზაფხულში გროვდება (კვირტები, ყვავილები, ღეროები და ფოთლები – სამკურნალო მცენარეების მიწისზედა ნაწილები), თუმცა არცთუ მცირეა იმ მცენარეთა ჩამონათვალი, რომელთა ფესვებს და ფესურებს, ქერქს, გირჩებს, ნაყოფს, გორგლებს, სტოლონებსა თუ ტუბერებს სწორედ შემოდგომაზე ვაგროვებთ.

მცენარემ რომ არ დაკარგოს სამკურნალო თვისებები, საჭიროა შეგროვების ვადების და დამზადების წესების დაცვა. მიწისზედა მწვანე ნაწილები (ფოთლები და ყლორტები) გროვდება ყვავილობის დაწყებამდე, ან დაყვავილების შემდეგ, ნაყოფი – სრული სიმწიფისას, მიწისქვეშა ნაწილები კი უმეტესად შემოდგომაზე – ვეგეტაციის დასრულების შემდეგ.

ოქტომბერ-ნოემბერში გროვდება:

სამკურნალო ვალერიანა (Valeriana officinalis) - ფესურებს და ფესვებს აგროვებენ სექტემბრის ბოლოს – ოქტომბერში, თესლების ჩაბნევის შემდეგ. რეცხავენ ცივ წყალში, აშრობენ სუფთა ჰაერზე და ახმობენ ფარდულში, სხვენში, ან სპეციალურ საშრობში 35-40°С ტემპერატურაზე. გამომშრალ ფესურებს ინახავენ მჭიდროდ დახურულ ყუთებში, ქილებში, ან ქაღალდის პაკეტებში, კატებისგან დაცულ, გრილ ადგილზე. ვალერიანა ამცირებს არტერიულ წნევას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ხსნის კუნთების და ვენების სპაზმებს. იყენებენ ისტერიების, კრუნჩხვების, ძლიერი გულისცემის და გულის ტკივილის დროს.

ოროვანდი (Arctium lappa) - ფესურების ამოთხრას იწყებენ სექტემბრის ბოლოდან გვიან შემოდგომამდე. კარგად რეცხავენ ცივი წყლით, ჭრიან 2-3 სმ სიგრძის ნაჭრებად და აშრობენ სიბნელეში, კარგად განიავებულ შენობაში, ან საშრობში 50-60°С ტემპერატურაზე. ოროვანდის ფესურის ნახარში ააქტიურებს კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს და წმენდს სისხლს და კანს, აჩქარებს თმის ზრდას. 

მოცვი (Vaccinium) - მცენარის ფოთლებს აგროვებენ ნაყოფის დაკრეფის შემდეგ, სექტემბრის ბოლოს – ოქტომბერში. ფრთხილად ჭრიან ტოტებს, აცლიან ფოთლებს და აშრობენ სიბნელეში, კარგად განიავებულ შენობაში. მოცვის ფოთლების ნახარში გამოიყენება როგორც სიცხის დამწევი და ამოსახველებელი საშუალება, აქვს ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენი და ნაღველმდენი მოქმედება, ამცირებს სისხლში შაქრის დონეს და ამაღლებს იმუნიტეტს.

ასკილი (Rosa canina) - ასკილის ნაყოფის შეგროვება იწყება ზაფხულიდან ოქტომბრამდე. ვარგისია მხოლოდ ნარინჯისფერი და წითელი შეფერილობის, მკვრივი სტრუქტურის მქონე ნაყოფი, რომელსაც აშრობენ განიავებულ შენობაში, საშრობში, ან ყინავენ. თუ გსურთ ორგანიზმის გამდიდრება С ვიტამინით, უმჯობესია აგვისტოს ბოლოს – სექტემბერში აღებული ნაყოფი. გვიან შემოდგომაზე შეგროვებული ნაყოფი კი მდიდარია პექტინით და ხელს უწყობს მომნელებელი ტრაქტის მუშაობას.

კუნელი (Crataegus) - ნაყოფს აგროვებენ სექტემბრიდან პირველ ყინვებამდე. იკრიფება ჯანსაღი, მკვრივი, მუქი წითელი ნაყოფი, რომელსაც აშრობენ კარგად განიავებულ შენობაში, ან საშრობში არაუმეტეს 50°С ტემპერატურისა და ინახავენ თბილ, ბნელ ადგილზე. შეიძლება ნაყოფის გაყინვაც. კუნელის ნახარში ამცირებს არტერიულ წნევას, დევნის ორგანიზმიდან ჭარბ ქოლესტერინს, ხელს უწყობს გულის სისხლძარღვების გაფართოებას, აწესრიგებს ძილს, იხმარება როგორც დამამშვიდებელი და საფაღარათე საშუალება.

მხოხავი ჭანგა (Elytrigia repens) - ფოთლებს, ღეროებს და ფესურებს იყენებენ როგორც ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენი, ოფლმდენი, ამოსახველებელი და მსუბუქი საფაღარათე საშუალება გაციების, ბრონქიტის, ფილტვების ანთების, შარდ- და ნაღველკენჭოვანი დაავადებების, ოსტეოქონდროზის, ფურუნკულოზის, რევმატიზმის, პოდაგრის, კანის ინფექციური დაავადებების დროს. 

დათვის კენკრას (Arctostaphylos uva-ursi) - სამკურნალო მიზნით აგროვებენ მცენარის მიწისზედა, მწვანე ნაწილებს, რომელსაც ამზადებენ გაზაფხულზე, ყვავილობამდე, ან შემოდგომაზე, ნაყოფის მომწიფების შემდეგ. ფოთლებს და ყლორტებს ჭრიან და აშრობენ ფარდულში, ან სხვენზე კარგად განიავებულ ადგილზე. იყენებენ როგორც საფაღარათე საშუალებას. აქვს შარდმდენი და მადეზინფიცირებელი მოქმედება შარდ-კენჭოვანი დაავადებების, ცისტიტის, ურეთრიტის დროს.

ცირცელი (Sorbus aucuparia) - მწიფე ნაყოფს აგროვებენ მშრალ ამინდში და დაკიდებულს აშრობენ ბნელ ფარდულში, ან საშრობში. შეიძლება გაყინვაც – ნაყოფს აცლიან ყუნწებს და ისე ყინავენ. ცირცელი ამაღლებს იმუნიტეტს. გამოიყენება ავიტამინოზების პროფილაქტიკისთვის, აქვს შემახორცებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. სხვადასხვა ცხელი სასმელი - კომპოტი, კისელი, ჩაი, რეკომენდებულია ბავშვთა კვებაში, როგორც ვიტამინური დანამატი.

ძახველი (Viburnum opulus) - მწიფე ნაყოფის შეგროვებას იწყებენ ოქტომბრის ბოლოს – ნოემბერში, მშრალ ამინდში და დაკიდებულს აშრობენ ბნელ ფარდულში, ან ღუმელში. შეიძლება გაყინვაც – ნაყოფს აცლიან ყუნწებს და ისე ყინავენ. ნაყენი და ნახარში გამოიყენება ჭრილობების შესახორცებლად, ფურუნკულების, ეგზემის, კანზე წყლულოვანი ჭრილობების მოსაშუშებლად. ცოცხალი ნაყოფის წვენი – ფერიმჭამელების, ჭორფლის, ლიქენის დროს. თბილი ნახარში გამოიყენება ბრონქული ასთმის, გაციების, ხველის, ციებ-ცხელების, ჰიპერტონიის, ხუთვის, ღვიძლის დაავადებების დროს. ნახარში და ჩაი აუმჯობესებს გულის, კუჭის და ნაწლავების მოქმედებას, ამცირებს წნევას, აქვს ძლიერი დამამშვიდებელი და მასტიმულირებელი მოქმედება. აღსანიშნავია, რომ ყინვა სიმწარეს უკარგავს ნაყოფს და ხელს უწყობს მათში სასარგებლო ნივთიერებების მაქსიმალური კონცენტრაციის დაგროვებას.

ღვია (Juniperus communis) - სამკურნალო მიზნით აგროვებენ მწიფე გირჩებს, მხოლოდ მათ, რომლებიც ცვივა მცენარის შერხევისას. ჩამოყრილ გირჩებს წმენდენ და აშრობენ 40°С ტემპერატურაზე. ეფექტურია ყაბზობის, ორგანიზმში სითხის შეკავების, თირკმელებში კენჭების და ინფექციების დროს, მადის დაქვეითების და მონელების დარღვევისას. აქვს შარდმდენი, მადეზინფიცირებელი, ამოსახველებელი და ნაღველმდენი მოქმედება.

ნაცარა მურყანი (Alnus incana) - ნაყოფს ფრთხილად კრეფენ (სამკურნალოდ არ გამოდგება თავისით ჩამოცვენილი ნაყოფი) და აშრობენ კარგად განიავებულ სხვენში, ან ფარდულში ოთახის ტემპერატურაზე. ორ დღეში ერთხელ ურევენ, რომ კარგად გაშრეს. აქვს საფაღარათე, ანთების საწინააღმდეგო, სისხლის აღმდგები მოქმედება. ნახარშს იყენებენ ნაწლავების მწვავე და ქრონიკული ანთებების, აგრეთვე, რევმატიზმის და გაციების დროს. 

მთის ჩადუნა (Dryopteris filix-mas) - ფესურებს თხრიან, რეცხავენ ცივი წყლით, აშრობენ და ანაწევრებენ 1-2,5 სმ სისქის და 5 სმ-მდე სიგრძის ნაწილებად. აშრობენ ფარდულში, ან სპეციალურ საშრობში. გამოიყენება ნაწლავური პარაზიტების საწინააღმდეგოდ. აგრეთვე ეგზემის, ჩირქოვანი ჭრილობების, ვარიკოზული დერმატიტის, სახსრების დაავადებების, ცხვირიდან სისხლდენის, ნევრალგიების, კრუნჩხვების და რევმატიზმის დროს.

ვარდკაჭაჭა (Cichorium intybus) – ფესვებს თხრიან, რეცხავენ ცივი წყლით, აშრობენ რბილი ქსოვილით, ჭრიან რამდენიმე ნაწილად და აწყობენ გასაშრობად სუფთა ჰაერზე, ან საშრობში 40°С ტემპერატურაზე. გამომშრალი ფესვები ინახება 2 წელი. ვარდკაჭაჭას ნაყენს და ნახარშს აქვს ანტიმიკრობული, სიცხის დამწევი და საფაღარათე მოქმედება, ამაღლებს მადას, ამცირებს ოფლდენას, აუმჯობესებს მომნელებელი ტრაქტის მუშაობას, აჩქარებს მეტაბოლიზმს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას. ფესვების ნახარშს იყენებენ ეგზემის, ბრონქული ასთმის და კოლიტების დროს.

ოქტომბერსა და ნოემბერში ამზადებენ აგრეთვე ბურბუშელას (Taraxacum Officinale), ფურისულას (Primula), ჩვეულებრივ ღოლოს (Rumex crispus), თავსისხლას (Sanguisorba officinalis), მარწყვა-ბალახს (Potentilla reptans), პირველი ყინვების შემდეგ – ფშნის ეკალს (Ononis), რკოს და სხვა მცენარეების ნაყოფებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0