ეთერზეთები

ეთერზეთების უძველესი ქართული რეცეპტები და გამოყენების ინსტრუქცია

3313
(განახლებულია 16:18 15.02.2019)

არომატული ეთერზეთები რომ უხსოვარი დროიდან დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც ძვირფასი სამკურნალო, პარფიუმერული და კოსმეტიკური საშუალებები, საკვები არომატიზატორები თუ რელიგიური რიტუალების აუცილებელი ატრიბუტი, ყველასათვის ცნობილია. 

ეთერზეთებს აქვს მაღალი ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური, სედატიური, იმუნოლოგიური და ბიოქიმიური აქტივობა. ეთერზეთების ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები ამაღლებს ფიზიკური ვარჯიშის პროდუქტულობას, ეხმარება სტრესთან ბრძოლას, ახურებს კუნთებს, ხსნის ზედმეტ დაძაბულობას, ამაღლებს მოქნილობას, ელასტიურობასა და პლასტიკურობას, ამაგრებს სახსრებს და მყესებს, ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაში და სხვ. ბევრი ეთერზეთი მოქმედებით არ ჩამოუვარდება თანამედროვე ქიმიურ პრეპარატებს. 

ეთერზეთები ეფექტურია ფსიქოემოციური აშლილობისასაც. ფსიქო-ნერვული მდგომარეობა დიდწილად დამოკიდებულია გარემოზე, სხვადასხვა სუნზე, რომელსაც ადამიანის ტვინი ქვეცნობიერად თუ ცნობიერად იღებს. ეთერზეთების ზემოქმედება გრძნობის ორგანოებზე აღიზიანებს ნერვულ რეცეპტორებს და იწვევს შესაბამის ფსიქიკურ რეაქციებს. ხშირ შემთხვევაში ადამიანები, ადგილები და სიტუაციები ასოცირდება სპეციფიკურ არომატებთან და შემდეგშიც მსგავსი არომატის შეგრძნებისას გვახსენდება.

ეთერზეთები აქტიურად გამოიყენება ყოფაშიც - ჰაერის სანაციის, შენობების დასუფთავების, ჰაერის და ტანისამოსის არომატიზირების და მწერებისგან დაცვის მიზნით. ჰაერის არომატიზაცია არა მარტო წმენდს და დეზინფექციას უკეთებს სივრცეს, არამედ თავიდან გვარიდებს ფსიქოემოციურ გაღიზიანებას.

საქართველოში ბუნებრივად იზრდება 1000-მდე ზეთოვანი მცენარე, რომელთაგან მხოლოდ მცირე ნაწილია გაკულტურებული. პრაქტიკული მნიშვნელობისაა 3-4 ათეული, რომლებიც გამოიყენება ზეთების მისაღებად. 

ჩვენს ქვეყანაში ოდითგანვე რომ მისდევდნენ ეთერზეთების გამოხდას, კარგად ჩანს ისტორიულ და სამედიცინო წყაროებში. შემონახულია დარიჩინის, სანდლის, მიხაკის, ჯავზის, მუშკის, გუნდრუკის, ქარვისა და სხვა მცენარეების ეთერზეთების რეცეპტები.

მაგალითად, იადიგარ დაუდში ვკითხულობთ:

ნარინჯისა, თურინჯისა და ლიმონის არაყი და ზეთი

„მოიტანე, ან გამხმარი, ან ნედლი, ნარინჯისა, გინდა, თუ თურინჯისა, თუ ლიმოს ყვითელი ქერქი. ერთს ქვის ქვაბი იყოს, თუ მინისა ბადია იყოს, ან ქაშანურისა ბადია იყოს, რა ერთიც გინდოდეს, ჩაყარე. ზედ, რა ერთიც წყალი გინდოდეს, დაასხი. თავი დახურე. 7-8 დღეს დადგი. მერმე საარაყეს ქვაბში ჩაასხი, არაყსავითა გამოხადე. რა დენა გაათაოს, რაც გამოვიდეს. მახე. ზეთი არაყის პირზე იქნება და მოხადე. ერთს რაშიმე ჩაასხი ზეთი, მაგრამ ქერქი ასე უნდა გასთალო, სითეთრე არა ჰქონდეს, ქაღალდსავით იყოს“. 

ნარინჯის ყვავილის ზეთი

„აიღე რამდენიც გინდა ნარინჯის ყვავილი. მერმე ერთს თიხის ჭურჭელში რომ ცეცხლი გასძლს, ჩადევ. მერმე 1 ლიტრა ნუშის ზეთი და ცოტა შაბიცა და 3 ხორბლის წონა ქარვა (Carum carvi), 6 ხორბლის მარცვლის წონა მუშკი. 6 წონა ქაფური. უწინ მუშკი ხელით კარგა დასჭყლიტე. მერმე ქაფური 1 მარცვლის ბაკლის ოდენს შარში დაფშვენ. მერმე ესენი ცოტა ვარდის წყლით აურიე. მერმე 20 დღეს მზეში დადგი. მერმე გასწურე კარგათ. მერმე ხელახლა მზეში დადევ. მერმე გათავდებ, თუ მინაში ჩაასხამ უკეთესი არის. ამისთანა სურნელი ზეთი არ იქნება. სახელმწიფო ზეთი არის“.

გაკეთება ვარდის ზეთისა

„ვარდის ფურცელი ნედლი აიღე ბევრი, დანაყე ავანში. მერე ის მინაში ჩაყარე, ზედ ცოტა მოთბო წყალი დაასხი და ერთი მუჭი მარილი და ერთი მუჭი გვარჯილა ჩაყარე. ერთი კვირა ისე იდგეს, მერმე ცოტა ფივის თხლე მიეც. ზედ ამდენი წყალი დაასხი, რომ ვარდის ფურცელი შიგ იარებოდეს. მანამდინ დააცალე, სანამდინ ზეთი ბრკესავით გააბემდეს. მერმე ის გაბმული დახეთქას დაიწყებს. მერმე ამბუხი დადგი და გამოხადე. ამისგან გამოვა ასეთი არაყი, როგორც მართალს არაყს ცეცხლი მოეკიდება, ისე ამას. მერმე ის წმინდას ამბუხში ჩაასხი, გამოხადე, ვარდის ზეთი იქნება“.

წაიკითხეთ აქ: „ცხიმებთან მებრძოლი“ არომატული სანელებელი უზარმაზარი სასიყვარულო ძალით“

ლადანის ზეთი

„აიღე რამდონიც გინდოდეს წმინდა ლადანა, დასჭერ და ერთს სველს ქვაბში ჩაყარე, თუ თიხისა არის, უკეთესია. მერმე 1 ლიტრა ვარდის წყალი გაურიე, ფრანგული ლიტრა, და სტილნახევარი ნუშის ზეთი. მერმე ზარფუში კარგად დაბურე, სუნი არ გამოვიდეს და შემოუგლისე. რა შემოგლესილი გახმეს, ცოტა ცეცხლზე შემოდგი 3 საათამდის. მას უკან ცეცხლიდამ გარდმოიღე. რომ გაცივდეს, პირს მოხადე. მერმე წმინდა მინაში ჩაასხი და ცოტა დამწვარი საბი გაურიე, რომ უკეთ შეინახოს“.

დაბოლოს: 

  • გრიპის და სხვა ვირუსული ინფექციებისას რეკომენდირებულია ანტისეპტიკური და ვირუსის საწინააღმდეგო მოქმედების ეთერზეთების გამოყენება. უპირველესად ეს არის ლიმონი, მიხაკი, ჩაის ხე, ფიჭვი, ლავანდა, კედარი, პიტნა. ეს ეთერზეთები ამცირებს ჰაერში ვირუსებს, ბაქტერიების და სოკოების სპორებს, რომლებიც დაბინძურებული საგნებიდან მტვერთან ერთად, წყლის წვეთებით და ნერწყვით ვრცელდება. ერთმანეთს ურევენ ფორთოხლის, ფიჭვის, ლავანდის და პიტნის წვეთებს პროპორციით 3:2:1:1, ან ფიჭვის, ბერგამოტის და ლიმნის წვეთებს 1:2:2 პროპორციით. ნარევით გაჟღენთილ ფილტრის ქაღალდს დებენ ოთახში, ან არომალამპაში.
  • იატაკების და ავეჯის გასაწმენდად 0,5 ლ. წყალს უმატებენ 3 წვეთ მიხაკის, ლავანდის და ლიმნის ზეთს.
  • ეთერზეთებით არომატიზაცია ანეიტრალებს უსიამოვნო სუნს და ამსუბუქებს ჰაერს. ამისთვის ეფექტურია ლიმნის, პიტნის და ფიჭვის ზეთების ნარევი პროპორციით 3:1:1, ან ნემსიწვერას, ლავანდისა და ლიმნის ნარევი (5:2:1).
  • სამზარეულოს სველი წმენდისას 500 მლ. წყალში ამატებენ 2-2 წვეთ ლავანდის, ლიმნის, ევკალიპტის და ბეგქონდარას ზეთებს.
  • მაღალი ტენიანობა და სითბო აბაზანაში სხვადასხვა მიკრობის, განსაკუთრებით სოკოს სპორების განვითარებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის. ეს რომ თავიდან აიცილოთ, 1 ლ. წყალში უნდა გახსნათ 5-5 წვეთი ლავანდის, ლიმნის და ჩაის ხის, ან ევკალიპტის, მიხაკის და როზმარინის ზეთები.
  • სახლში ცხოველების ყოლისას, ჰაერის გასაწმენდად ნემსიწვერას, ლავანდის და როზმარინის 2-2 წვეთი. კატის ტუალეტის გასაწმენდად 2 ს.კ. ძმარში ურევენ 3 წვეთ ლავანდის და 2 წვეთ როზმარინის ზეთებს.
  • თეთრეულის და ტანისამოსის არომატიზაციისთვის კარადაში უნდა დადოთ 4-4 წვეთი ლავანდის და ლიმნის ზეთებით გაჟღენთილი სალფეთქი. თეთრეულის რეცხვისას, საბოლოო გავლების დროს წყალს უმატებენ იგივე ნარევს.
  • ჩრჩილის და სხვა მავნე მწერებისგან ტანისამოსს კარგად იცავს 2-2 წვეთი კედრის და ლავანდის ზეთებით გაჟღენთილი ბამბის ტამპონები, რომელსაც ათავსებენ თეთრეულის ყუთში და 2 კვირაში ერთხელ ხელახლა ჟღენთავენ. ჭიანჭველებისგან დასაცავად 25 მლ. სპირტში ხსნიან 20 წვეთ პიტნისა და 10 წვეთ ლავანდის ზეთებს, ურევენ 250 მლ. წყალში და აშხურებენ ზედაპირებს. კოღოების და ბუზებისგან დასაცავად კი არომალამპაში ასხამენ 5-5 წვეთ მიხაკის, პიტნის და ლავანდის ზეთებს.
3313
თემები:
ჩვენ და ბუნება (35)
თუთის ნაყოფი

თუთის სამკურნალო თვისებები

1550
(განახლებულია 15:41 01.06.2020)
თუთა, თეთრიც და შავიც, სამკურნალოა. ხალხურ მედიცინაში სამკურნალოდ გამოიყენება თუთის ნაყოფი, ფოთლები, ფესვები, ქერქი.

თუთა, თუთის ხე (Morus) 15–20 მეტრი სიმაღლის ხეა ტკბილი ნაყოფით. გვხვდება 24 სახეობის, რომლებიც გავრცელებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილში, სამხრეთ ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ნაწილობრივ აფრიკაში.

ბალი - გემრიელი და სასარგებლო ხილი>>

საქართველოში იზრდება თუთის ორი სახეობა – თეთრი თუთა (Morus alba) და ხართუთა (Morus nigra). ბუნებრივ პირობებში ცოცხლობს 200-300, იშვიათად 500 წელი. საქართველოს კუთხეებში თუთას სხვადასხვა სახელი ჰქვია: ბჟოლა, ბჟოლი, ჟალღა, ჟოლი, მამალ გაჰრაჲ, მრეში, ფურცელი, ფურცლითუთა, ჯალღა, ჯორაბჟოლა.

თუთა, თეთრიც და შავიც, სამკურნალოა. ხალხურ მედიცინაში სამკურნალოდ გამოიყენება თუთის ნაყოფი, ფოთლები, ფესვები, ქერქი.

თუთის სასარგებლო თვისებები

თუთის ნაყოფი კარგია გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს. ცნობილია, რომ უკრაინაში გულის მანკითა და მიოკარდიით დაავადებულები ერთი თვის განმავლობაში დღეში 4-ჯერ 300-400 გ მწიფე თუთას ჭამდნენ და სამი კვირის შემდეგ გულის ტკივილს აღარ გრძნობდნენ, მოუწესრიგდათ გულის რიტმიც.

ნაყოფი კარგი სტიმულატორია სისხლის წარმოსაქმნელად. იყენებენ პირის ღრუსა და ლორწოვანი გარსის ანთებისა და ყელის ტკივილის დროს. თუთა სამკურნალოდ გამოიყენება როგორც ახალი, ისე გამხმარი სახით. ამზადებენ ასევე მის მურაბას.

ჰიპერტონიისა და გულ-სისხლძარღვთა სხვადასხვა დაავადების დროს რეკომენდებულია თუთის ფესვების ნახარში. ფესვების ნახარში ასევე გამოიყენება ბრონქიტის, ბრონქიალური ასთმის დროს, ის აჩქარებს ჭრილობის შეხორცებას.

თუთის წვენი კარგია ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების დროს, ეხმარება სტრესის, ნერვული დააბულობისა და დეპრესიის მოხსნას.

ერთი მუჭა თუთა ძილის წინ კარგი საშუალებაა მათთვის, ვისაც უძილობა აწუხებს.

თუთის მიღება კარგია გონებრივი და ფიზიკური გადაღლილობისას.

თუთის ფოთლის ჩაი გამოიყენება ავიტამინოზის, სისხლის უკმარისობის, შაქრიანი დიაბეტის დროს. ახალი ფოთლების ნახარში კარგია მეძუძური დედებისთვის.

თუთის ფოთლებს ქართულ ხალხურ მედიცინაში ოდითგან იყენებდნენ როგორც ოფლმდენ, შარდმდენ, კუჭში შემკვრელ და ჭრილობების შემახორცებელ საშუალებას.

ფითრი – „ყველაფრის მკურნალი" პარაზიტი მცენარე>>

რჩევები:

თუთის მიღება არ შიძლება მათთვის, ვისაც ალერგია აქვს. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულები უნდა მოერიდონ თუთის მიღებას.

თუთა ცუდად ერწყმის სხვა პროდუქტებს, ამიტომ მისი მიღება რეკომენდებულია ძირითად კვებებს შორის და მშიერ კუჭზე.

1550
თემები:
სასარგებლო რჩევები
გარდენიას შემოდგომა

არომატული ბოსტანი ჩვენს ბაღებსა და აივნებზე

126
(განახლებულია 14:57 31.05.2020)
საქართველოს სამზარეულო რომ მდიდარია საკმაზ-სანელებელი მწვანილეულით, ყველასათვის კარგად არის ცნობილი.

ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა არომატული კუთხეების მოწყობა ეზოებსა და აივნებზე. დაიწყეთ პრაქტიკული გამოყენების მცენარეების მოშენება, რომლებიც სილამაზით არ ჩამოუვარდება, ზოგიერთი ბევრად აღემატება კიდეც პოპულარულ დეკორატიულ მცენარეებს და მათი ჩამონათვალი არც თუ მცირეა.

ჯერ კიდევ დროა დათესოთ და საკუთარ ეზოსა თუ აივანზე მოიყვანოთ ეკოლოგიურად სუფთა მწვანილეული კულტურები: რეჰანი, ანისული, სუსამბარი, ქონდარი, იმერული ზაფრანი, როზმარინი და სხვები, რომლებიც სასიამოვნო არომატს მოფენს და სხვა დეკორატიულ მცენარეებთან ერთად, გაგილამაზებთ ინტერიერს და კერძებსაც.

ქვემოთ მოყვანილია მწვანილეული და სანელებელი მცენარეები, რომლებიც არ არიან მომთხოვნი ნიადაგების მიმართ და ხარობენ ნებისმიერი ტიპის მიწებზე. თუმცა, განოყიერებულ და ზომიერად ნოტიო ბაღის მიწებზე ავლენენ მაღალდეკორატიულობას და მოსავლიანობაც უკეთესი აქვთ. ნებისმიერი მათგანი თამამად შეგიძლიათ დათესოთ ხის ყუთებსა და ქოთნებში - აივნებზე და ფანჯრის რაფებზე.

იმერული ზაფრანა
Flickr
იმერული ზაფრანა

ხავერდულა, იმერული ზაფრანი (Tagetes spp., ქართლური – კაკია; გურული – ხაფრანა, ნარგიზი;
კახური – ნარგიზი, სუსამბარი, ზაფრანა; იმერული – ყვითელი სურნელი, ხარჩოს ყვავილი;
მეგრული – ქორთული პირი, ყვინთელი კოჭა, ყვინთელი პირი, ჭითა პირა) - ქართული სამზარეულოს შეუცვლელი სანელებელი, მაღალდეკორატიული იმერული ზაფრანი ულამაზესია სხვა მცენარეებთან კომპოზიციაშიც და სუფთა ნათესების სახითაც. ყვავილობას იწყებს ზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე, თითქმის დეკემბრამდე. მზისა და ნარინჯისფერი, სპეციფიური სურნელის ხავერდულა შესანიშნავია მიქსბორდერებში, კლუმბებში, რაბატებში, როკარიუმებსა და ბორდიურებში. არის როგორც ჯუჯა, ისე მაღალი ფორმები, კომპაქტური მჭიდრო ბუჩქებით. იოლად ხარობს და ადვილად ეგუება გადარგვას ყვავილობის ფაზაშიც კი. ლანდშაფტის დიზაინერებს ეს მცენარე უყვართ მისი გამძლეობის, იოლი ადაპტაციის, ხანგრძლივი და უხვი ყვავილობის, სისავსის შექმნის გამო.

ითესება 1,5-3 სმ. სიღრმეზე, გვიანი დათესვისას 5 სმ. სიღრმეზე. აუცილებელია მცენარეებს შორის 20-40 სმ. მანძილის დაცვა ჯიშის სიმაღლის მიხედვით. არ არის მომთხოვნი ნიადაგების მიმართ, ხარობს ნებისმიერი ტიპის ნიადაგებზე. მაგრამ მდიდრულად გამოიყურება და უხვად მოყვავილეა ნაყოფიერ მიწაზე.

გაითვალისწინეთ, იმერული ზაფრანი აფრთხობს აბეზარ და პარაზიტ მწერებს. მათ შორის დაავადებების გამომწვევებს.

რეჰანი - Ocimum basilicum „Red Ruby“
რეჰანი - Ocimum basilicum „Red Ruby“

რეჰანი (Ocimum basilicum L., კახური - რიანდი; იმერული - შაშკვლამი; გურული, აჭარული - შაშტამი, შეშტრამი, შაშტრამი, ჟაშკვლამი; სულხან-საბა-ორბელიანი - შაშპრა) - ზაფხულის ასოციაციას ქმნის საზაფხულო სალათების უცვლელი მწვანილი, ულამაზესი მუქი ბორდოსფერი, პრიალა, თითქოსდა ჩახუჭუჭებული, მონიკბულფოთლებიანი, მაღალდეკორატიული არომატული რეჰანი. სითბოსმოყვარული კულტურაა. ვეგეტაციის მანძილზე იჭრება 2-3-ჯერ. თესავენ მაისის შუა თვეში, მწკრივებად 15 °С და უფრო მაღალი ტემპერატურის დროს,  0,5-1,5 სმ. სიღრმეზე, მცენარეებს შორის 25 სმ. დაცილებით. ღია გრუნტში დათესვისას უკეთ ხარობს სამხრეთ ექსპოზიციის ნაკვეთებზე, ჩრდილოეთის ქარებისგან დაცულ ადგილზე, ნაყოფიერ, კარგად დრენირებულ ქვიშნარ და თიხნარ მიწებზე.

სოინჯი
© CC0 / Pixabay
სოინჯი

სოინჯი (Nigella sativa L., N. Damascena L. გურული – შავკაკალა; აჭარული – სისამი, ცისამი;
მეგრული – უჩა კაკალი; სულხან-საბა–ორბელიანი, დავით ჩუბინაშვილი – იკვლივი; რაფიელ ერისთავი – სურიჯა; დავით ჩუბინაშვილი – ჩორაქოთი; ივანე ჯავახიშვილი – ჩიტისთვალა, სონიჯი, სოლინჯი) - ულამაზესი ცისფერი ყვავილებით მოწინწკლული ნემსისებურ-ნაზფოთლებიანი მცენარე უჩვეულოდ მიმზიდველია ყვავილნარებში. ბორდიურებში, ჯგუფურ ნარგავებში, რაბატებში, კლუმბებში, მიქსბორდერებში. განსაკუთრებით იქცევს ყურადღებას ყვავილობისას. თესვის სიღრმეა 1,5-2,0 სმ. მცენარეებს შორის 20 სმ. დაცილებით. არ არის მომთხოვნი ნიადაგების მიმართ, იზრდება დამლაშებულ მიწებზეც.

სუნელს „შავი კვლიავის“ სახელით იცნობენ. მარწყვის არომატის მსგავსი მძაფრი  სანელებელი აკეთილშობილებს ბოსტნეულის სალათების, კონსერვების, მწნილეულების, მარინადების, ფუნთუშების, პურპროდუქტების, ყველის და ჩაის გემოს.

წიწმატის სახეობა Garden cress
© CC BY-SA 3.0 / Wikipedia / Garden cress
წიწმატის სახეობა Garden cress

წიწმატი (Lepidium sativum L. გურული – წიწმარიტა; მეგრული – წიწმარტე) - უკეთ ხარობს ცალკე კვალში დათესვისას. ითესება 1,0-1,5 სმ. სიღრმეზე, მობნევით, 20 სმ. დაცილებით. უპრეტენზიო  წიწმატი ხარობს ნებისმიერი ტიპის ნიადაგებზე.  ამოსვლას იწყებს დათესვიდან 3-4 დღეში.

წიწმატის ქორფა ფოთლები და ყლორტები გაზაფხულის საჭმელი მწვანილია, ოდნავ მწარე, სპეციფიკური გემოს და არომატის მწვანილი იკრიფება 5-6 ფოთლის ფაზაში, ყუნწების გაუხეშებამდე.

თავშავა (Origanum vulgare L. ქართლური – შავბალახა; მოხევური – ოსური ჩაი; ლეჩხუმური – თავყვავილა; მესხური – ლეილაღა, მარნიჭი, მარმიჭი; ზემორაჭული – ჩაის პიტნა; აჭარული – ისხანი, ჩაიოთი) - ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ორეგანო. ერთ ადგილზე ხარობს 4-5 წელი, შემდეგ სასურველია გადარგვა. ყვავილობისას ქმნის ნაზ ვარდისფერ ფონს. ირგვება 40-60 სმ დაცილებით, თესვის სიღრმე 1,0-1,5 სმ. უპრეტენზიოა ნიადაგების მიმართ.

სანელებლად გამოიყენება ნორჩი ფოთლები, ნედლი, ან მშრალი სახით. ორწლიანი და მეტი ასაკის მცენარეებს მასობრივი ყვავილობისას ჭრიან მიწიდან  15-20 სმ. სიმაღლეზე. 

პიტნა
© CC0 / Pixabay
პიტნა

პიტნა (Mentha, ივანე ჯავახიშვილი – პიტნაკი; მეგრული – პიტინე; სვანური – მინთოორ, მინთუ) - ულამაზესი არომატული პიტნა ყველა ბაღის მშვენებაა. იმის მიუხედავად, რომ უყვარს წყალი, იოლად ხარობს ნაკლებად ნოტიო ნიადაგებზეც, როგორც ცალკეული დაჯგუფებების სახით, ისე სხვა კულტურებთან ერთად. ცხელ მშრალ ზაფხულში ყვავილობის გახანგრძლივებას ხელს უწყობს მორწყვა. იჭრება ვეგეტაციის დროს 2-3-ჯერ მიწიდან 10-12 სმ. სიმაღლზეზე. ერთ ადგილზე ხარობს 5 და მეტი წელი. სასურველია დარგვა 30 სმ. დაცილებით. ფესურების დარგვის სიღრმე 6-8 სმ. უკეთ გრძნობს თავს მსუბუქ, ნოტიო, ნაყოფიერ ნიადაგებზე.

როზმარინი
როზმარინი

როზმარინი (Rosmarinus officinalis) -  მარადმწვანე ბუჩქოვანი, მაღალდეკორატიული, არომატული სანელებელი მცენარე კარგად გრძნობს თავს ჩვენს პირობებში ღია გრუნტში ზამთრის შეფუთვის გარეშე. სასურველია მცენარეებს შორის 60 სმ. მანძილის დაცვა. უპირატესობას ანიჭებს მშრალ, კირქვიან, წყალგამტარ. კარგად დრენირებულ ნიადაგებს.

სანელებლად გამოიყენება ფოთლები, რომელსაც მძაფრი, მოტკბო არომატი და სასიამოვნო მწარე გემო აქვს.

კვლიავი (Carum carvi L., ქართლური, ზემორაჭული – ზირა; მოხევური, მთიულური – მკვლიავი;
ფშავური, ხევსურული – კვლია; სულხან-საბა–ორბელიანი – ზირაკი; სვანური – გიცრულ) – ითესება მცენარეებს შორის 30 სმ. დაცილებით,  2,0-2,5 სმ (თიხნარზე), ან 3,5 სმ (ქვიშნარზე) სიღრმეზე. უპრეტენზიო კვლიავი უკეთ გრძნობს თავს ნაყოფიერ, ქვიშნარ და მსუბუქ თიხნარ ნიადაგებზე.

სანელებლად გამოიყენება  ახალგაზრდა ნორჩი ფოთლები და თესლები.


 

 

 

126
სავსე მთვარე

სავსემთვარეობა 5 ივნისს: თვის გარდამტეხი მომენტი და მისი გავლენა ზოდიაქოს ნიშნებზე

0
(განახლებულია 15:45 03.06.2020)
ასტროლოგები 5 ივნისს ამ თვეში გარდამტეხ მომენტს უწოდებენ. ამ დღეს ორი ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდება – სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება

სავსემთვარეობას ყოველთვის მოაქვს ცვლილებები და იმის განსაზღვრა, დადებითი იქნება ეს ცვლილებები თუ უარყოფითი, რთულია. ამასთან, 5 ივნისს გველოდება მთვარის დაბნელებაც. აქედან გამომდინარე, 5 ივნისს ასტროლოგები ივნისში გარდამტეხ მომენტს უწოდებენ.

ივნისის სავსემთვარეობა საკმაოდ უჩვეულო დღეა, რომელიც ცნობისმოყვარე მშვილდოსნის ეგიდით ჩაივლის. ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ ამ დღეს ბევრი აუხსნელი რამ მოხდება, ამიტომ, იმისთვის, რომ დღემ მხოლოდ დადებითი ემოციები მოიტანოს, აუცილებელია სავსე მთვარის ენერგიის სათავისოდ გამოყენება.

გაეცანით, როგორი იქნება ეს დღე ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის.

ვერძი

ივნისის სავსემთვარეობა ვერძებისთვის შანსია, რომ გადადგან მნიშვნელოვანი ნაბიჯი პირად ცხოვრებაში. საუბარია როგორც ახალი ურთიერთობების დაწყებაზე, ისე ძველის შეწყვეტაზე. მნიშვნელოვანია, რომ არ დაგავიწყდეთ საკუთარი ინტერესები, სხვაგვარად მოსალოდნელია, რომ უსიამოვნო და მრავალრიცხოვანი პრობლემების პროვოცირება მოხდეს.

კურო

სავსემთვარეობა კუროებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი დღეა. სწორედ ამ დღეს შეიძლება მოხდეს თქვენს ცხოვრებაში საბედისწერო მოვლენა, ან მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც რადიკალურად შეცვლის თქვენს მომავალ ბედს. ასტროლოგები გირჩევენ: იმოქმედეთ თამამად.

ტყუპი

ტყუპები სავსემთვარეობისგან მაქსიმალური სარგებლის მიღებას შეძლებთ. იღბალი თქვენი თანმდევი იქნება როგორც სასიყვარულო წამოწყებებში, ისე ყოველდღიურ საქმეებში. გამძაფრებული ინტუიცია გიკარნახებთ, რომელ საქმეებთან ღირს შეჭიდება და რომლის გადადება.

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის ეს სავსემთვარეობა იღბლიანი იქნება შინაგანი ჰარმონიის მოპოვებისა დაპირადი ცხოვრების მოგვარების კუთხით. შეგიძლიათ გქონდეთ ბედის ბედნიერი შემობრუნების იმედი, რომელიც დაგეხმარებათ უთანხმოებების მოგვარებასა და კეთილდღეობისკენ მიმავალი საკუთარი გზის პოვნაში.

ლომი

მშვილდოსანი ცეცხლის ნიშნების ენერგეტიკას გააძლიერებს, განამტკიცებს, რაც ნიშნავს წარმატებებს საქმეებში და პირად ცხოვრებაში. მაგრამ, ამასთან, ექსპერტები გაფრთხილებენ, რომ მოსალოდნელია სტრესული ვითარებების გამწვავებასთან დაკავშირებული რისკები. გაუფრთხილდით თავს, საკუთარ ჯანმრთელობას.

სასწორი

ნებისმიერი უმნიშვნელო კამათი 5 ივნისს, რომელშიც სასწორი იქნება ჩართული, შესაძლოა, სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდოს. ასტროლოგები გირჩევენ, არ დაივიწყოთ ტაქტი, კეთილმოსურნეობა და მანერები. გახსოვდეთ, უფრო მარტივია კონსტრუქციული დიალოგი, ვიდრე შემდეგ უამრავი პრობლემის მოგვარება.

მორიელი

ასტროლოგები გირჩევენ, ცოტა მოთოკოთ თქვენი სიჯიუტე, ჟინი და ყოველ წვრილმანზე გამოდევნების ჩვევა, რათა სავსემთვარეობამ კარგად ჩაიაროს, მტკიცე საძირკველი შეიქმნას თქვენი კარიერისა და პირადი ცხოვრების ნაყოფიერად განვითარებისთვის. თუ ასე არ მოიქცევით მთელი თვე შინაგანი ჰარმონიისა და საკუთარი რეპუტაციის აღდგენას მოანდომებთ.

მშვილდოსანი

სავსემთვარეობის დღე გაატარეთ სასიამოვნო საქმეში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში. მოველენები, ფინანსური ოპერაციების გარდა, ყველა სფეროში ხელსაყრელად განვითარდება. კარგი დღეა ურთიერთობებისთვის – განამტკიცეთ არსებული კავშირები და გაიცანით ახალი ადამიანები.

თხის რქა

სავსე მთვარი თხის რქებისთვის კარგი საბაბი იქნება იმისთვისრომ გადახედოთ საკუთარ შესაძლებლობებს, პრიორიტეტებსა დასურვილებს. ღამის მანათობელი მინიშნებით დაგეხმარებათ გაიგოთ,კონკრეტულად რა გჭირდებათ ბედნიერებისთვის და როგორ მიაღწიოთ მას.

მერწყული

სავსემთვარეობა მშვილდოსნის ნიშანში მერწყულებს უამრავ ახალ მოვლენასა და ცვლილებას გპირდებათ. აქედან ზოგიერთი საბედისწეროც შეიძლება აღმოჩნდეს. აქედან გამომდინარე, ასტროლოგები გირჩევენ, ყურადღებით იყოთ თითოეული ნათქვამი სიტყვის, გადაწყვეტილებებისა და მომედებების მიმართ.სჯობს, არ გადაუხვიოთ გეგმას და მკაფიოდ მისდიოთ მას.

თევზები

ვარსკვლავები გირჩევენ, პარასკევი რაც შეიძლება მშვიდად გაატაროთ, ყურადღებით მოუსმინოთ საკუთარ ინტუიციას. არ არის გამორიცხული, რომ მალე თქვენი ცხოვრება კარდინალურად შეიცვალოს, ამიტომ, სჯობს, ამისთვის წინასწარ მოემზადოთ.

0