მცენარე, რომლითაც პრომეთემ მიწაზე ცეცხლი ჩამოიტანა

გამოწერა
ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო გოცაძე რუბრიკაში სანელებლების შესხებ კამასა და ცერეცოზე გიამბობთ.

დღევანდელ სტატიაში მოგითხრობთ ორი სანელებლის — კამისა (Anethum graveolens L.) და ცერეცოს (Foeniculum vulgare Mill.) შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი მცენარე სხვადასხვა გვარის სახეობებია, ორივე მათგანი ქოლგოსანთა ოჯახის წარმომადგენელია და გარეგნულად ძალიან ემსგავსება ერთმანეთს. კამას და ცერეცოს მთელი რიგი მორფოლოგიური ნიშან–თვისებები მეტ-ნაკლებად განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა, გარეგნული მსგავსების გამო მათ ხშირად ერთმანეთში ურევენ.

© FB/ Keti Jankhoteliცერეცო და ხახვის ყვავილი
მცენარე, რომლითაც პრომეთემ მიწაზე ცეცხლი ჩამოიტანა - Sputnik საქართველო
ცერეცო და ხახვის ყვავილი

კამა (Anethum graveolens L.), укроп огородный, анит, копёр. ქართული კუთხური დიალექტით კამას იმერეთსა და ქიზიყში მოიხსენიებენ, როგორც – ცერეცო; გურიაში — კლიავი, კვლიავი, ხოლო სამეგრელოში — ცეროცო, ცოროცო, ძერო.

ერთწლოვანი, იშვიათად ორწლოვანი, მკვეთრი სურნელის მქონე ბალახოვანი მცენარეა. 40-150 სმ სიმაღლის, მარტოული, სწორმდგომი, დატოტვილი, მარტივი, წვრილად დაღარული ღერო მუქი მწვანე შეფერილობისაა, ზედა ნაწილში დატოტვილი, ტოტებს შორის მოხრილი. ფოთლები სამმაგ, ან ოთხმაგფრთართული, კვერცხისებური, კენწრული რიგის ნაკვთები ხაზურა-ძაფისებრი, ან ჯაგრისებურია. ქვედა ფოთლები ყუნწიანია, 1,5-2 სმ სიგრძის წაგრძელებული ვაგინით. ზედა ფოთლები მჯდომარეა, ვაგინიანი.

ორმაგი ქოლგა ყვავილედი 20-50 სხივიანია. ყვითელი ფერის ყვავილები შეკრებილია 2-9 სმ დიამეტრის ქოლგებად. თესლურა ნაყოფი კვერცხისებური, ან ფართო ელიპსოიდური ფორმისაა, 3-5 მმ სიგრძის და 1,5-3,5 მმ სიგანის. დაღარული. მთელ სიგრძეზე გასდევს ეთერზეთების სავალი არხები. დიდი ოდენობით ეთერზეთები სასიამოვნო არომატს აძლევს მცენარეს.

ყვავილობს ივნის-ივლისში, ნაყოფები მწიფდება ივლის-სექტემბერში.

სინათლის და სითბოს მოყვარული კამა მომთხოვნია ნიადაგური პირობების მიმართ. ნაყოფი აღმოცენების უნარს 3-10 წელი ინარჩუნებს. კამა და ცერეცო იოლად მტვერავს ერთმანეთს და იძლევა ჰიბრიდებს, ამიტომ მათი ერთად დათესვა არ არის სასურველი,

კამაში დიდი ოდენობით არის ეთერზეთები, ნახშირწყლები 7%, ცხიმები 1,1%, ცილები 3,5%, ვიტამინები: A, B1, B2, B3, B5, B6, B9, C, მინერალური ნივთიერებები: კალციუმი, რკინა, მაგნიუმი, მანგანუმი, ფოსფორი, კალიუმი, ნატრიუმი, თუთია, სპილენძი. აგრეთვე: ასკორბინის და ნიკოტინის მჟავები, ფლავონოიდები, პექტინოვანი ნივთიერებები და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები.

აზიური წარმოშობის კამა ველური სახით გავრცელებულია სამხრეთ-დასავლეთ, ცენტრალურ და მცირე აზიაში, აფრიკაში, ირანსა და ჰიმალაიში. როგორც კულტურული მცენარე, გვხვდება ყველგან.

დიდი კამა, ცერეცო (Foeniculum vulgare Mill. (F. officinale All.)), укроп волошский, фенхель, укроп сладкий. ქართული კუთხური დიალექტით ცერეცოს კახეთში მოიხსენიებენ, როგორც ვირგლა-კამა, დასავლეთში – კამა.

2 მ-მდე სიმაღლის, მსხვილი, ვიწროღარებიანი, დატოტვილი, ლეგა შეფერილობის ღეროთი და გრძელ ძაფებად მრავალჯერ ფრთისებრ დანაკვთული ფოთლების მქონე, ერთ, ორ, ან მრავალწლოვანი მცენარე კულტურაში გვხვდება ორწლოვანი კულტურის სახით. ყვითელი ყვავილები 6-20 არათანაბარი ზომის სხივებით ორმაგ ქოლგა ყვავილედებადაა შეკრებილი. 5-10 მმ სიგრძის, 2-3 მმ სიგანის მოტკბო გემოს მქონე თესლურა ნაყოფი შიშველია, მომწვანო-მურა შეფერილობის.

ყვავილობს ივლის-აგვისტოში, ნაყოფები მწიფდება სექტემბერში.

ცერეცო დიდი რაოდენობით შეიცავს ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებებს: ნახშირწყლები 52 %, ცხიმები 15 %, ცილები 16 %, ვიტამინები: A, B1, B2, B3, B6, C, მინერალური ნივთიერებები: კალციუმი, რკინა, მაგნიუმი, მანგანუმი, ფოსფორი, კალიუმი, ნატრიუმი, თუთია, სპილენძი. აგრეთვე ეთერზეთები, ცხიმოვანი მჟავები, ფლავონოიდები, გლიკოზიდები სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები.

ცერეცო იზრდება ზღვის სანაპირო ზოლში და მთისწინებზე ქვიშნარ და კლდოვან ადგილებზე. მცენარის სამშობლოა ხმელთაშუაზღვისპირეთი. ველური სახით გვხვდება კავკასიასა და ყირიმში. როგორც კულტურული მცენარე, გვხვდება ყველგან. საქართველოში ბუნებრივად იზრდება აფხაზეთსა და აჭარაში.

კამას და ცერეცოს არომატი და გემური თვისებები ერთმანეთთან ახლოს დგას, ამიტომ ორივე მათგანი, როგორც მცენარის მწვანე ნაწილები, ისე ნაყოფები, ერთნაირად გამოიყენება კულინარიაში, სხვადასხვა ხორცის და ბოსტნეულის კერძების, სალათების, სუპების, ბულიონების, საწებლების, სოუსების, გარნირების, მწნილების და მარინადების შესაზავებლად.

რაც შეეხება ამ ორი სახეობის გამოყენებას მედიცინაში, ეთერზეთების, ვიტამინების და მინერალების წყალობით, კამა ფართოდ გამოიყენება, როგორც სამკურნალო საშუალება. აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ააქტიურებს მომნელებელი წვენების გამოყოფას, ამაღლებს მადას, აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას. იყენებენ დიეტური კვების დროს ორგანიზმის გაცხიმოვნების, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, თირკმელების დაავადებების, გასტრიტების და მეტეორიზმის დროს. კამის მწვანე ნაწილების ნაყენს აქვს შარდმდენი მოქმედება და ეფექტურია ჰიპერტონული დაავადებების დროს.

CC BY-SA 3.0 / Wikipedia/ Aneth en fleur / TepeyacAnethum graveolens
მცენარე, რომლითაც პრომეთემ მიწაზე ცეცხლი ჩამოიტანა - Sputnik საქართველო
Anethum graveolens

სამკურნალო მიზნით იყენებენ მცენარის თესლებს, ეთერზეთებს, ნაყენს, როგორც ამოსახველებელი, სპაზმოლიზური, დამამშვიდებელი, ნაწლავების შებერილობის და ბუასილის საწინააღმდეგო საშუალება. ხოლო გარეგანი მოხმარებისთვის — ჭრილობის შესახორცებლად და კანის ალერგიული ქავილის სამკურნალოდ.

კამის ნაყოფებისგან დამზადებული მშრალი ექსტრაქტის პრეპარატები ხასიათდება სპაზმოლიზური მოქმედებით და ფართოდ გამოიყენება ქრონიკული კორონარული უკმარისობის და სისხლძარღვების და მუცლის კუნთების სპაზმებით თანმხლები ნერვოზების დროს. აგრეთვე, სტენოკარდიული შეტევების პრევენციისათვის.

კამის ფოთლებისა და თესლების ექსტრაქტებისგან პარფიუმერულ —კოსმეტიკურ წარმოებაში ამზადებენ მალამოებს, კბილის პასტებსა და ოდეკოლონებს

რაც შეეხება ცერეცოს, მცენარეს სამკურნალო მიზნით ჯერ კიდევ ჰიპოკრატე იყენებდა, როგორც შარდმდენი საშუალება, ავიცენა — როგორც ამოსახველებელი, დიოსკორიდე და პლინიუს უფროსი კი — თვალების სამკურნალო საშუალება.

სამედიცინო მიზნით გამოიყენება ცერეცოს ნაყოფები და მათი ეთერზეთები. სამკურნალო აბაზანებისთვის — მცენარის მწვანე ნაწილები.

ცერეცოს ნაყოფებისგან მიღებულ პრეპარატებს აქვს სპაზმოლიზური მოქმედება. ეფექტურია ქრონიკული კოლიტის, მუცლის ღრუს სპაზმების და ქრონიკული კორონარული უკმარისობის დროს. ნაყოფები შედის სასაქმებელი, ნაღველმდენი, ლაქტაციის, დამამშვიდებელი, მეტეორიზმის, ასთმის და ხველების საწინააღმდეგო ნაკრებების შემადგენლობაში.

ცერეცოს ზეთისგან მზადდება „კამის წყალი“, რომელსაც იყენებენ მეტეორიზმის დროს, განსაკუთრებით ჩვილ ბავშვებში.

ორთქლის აბაზანების სახით და გარეგანი მოხმარებისთვის მცენარის ნაყოფებისგან და მწვანე ნაწილებისგან დამზადებული პრეპარატები რეკომენდირებულია ნევრასთენიის, ნერვული სისტემის მომეტებული გაღიზიანების, უძილობის, ბაქტერიული წარმომავლობის კანის ანთების, ფერისმჭამელების და ფურუნკულოზის დროს.

ძველი ბერძნული მითოლოგიით, ცერეცოს გვირგვინებს იყენებდნენ ღმერთ საბაზიას რიტუალების დროს.

და ბოლოს, გაიუს იულიუს ჰიგინუსის მიერ გადმოცემული ლეგენდის თანახმად, უხსოვარ დროში ადამიანები ცეცხლს უკვდავ ღმერთებს სთხოვდნენ, რადგან არ იცოდნენ მისი შენახვა. ამის შემხედვარე პრომეთემ მოკვდავებს მიწაზე ცეცხლი ცერეცოს ღეროთი ჩამოუტანა და მისი შენახვაც ასწავლა. მერკურმა, განრისხებული იუპიტერის ბრძანებით, პრომეთე რკინის ლურსმნებით მიაჭედა კავკასიის მთის წვერზე და გულის ამოსაგლეჯად არწივი მიუჩინა. ლეგენდის თანახმად, არწივისგან დღისით ამოგლეჯილი გულის ნაწილი პრომეთეს ღამით კვლავ უმთელდებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0