ქართველ მონაზონთა მთავარი საკვები

© ნინო გოცაძის პირადი არქივიPisum sativum
Pisum sativum - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო გოცაძე საქართველოში უძველესი დროიდან გავრცელებული პარკოსანი კულტურის - ბარდის შესახებ მოგვითხრობს.

უძველესი პარკოსანი კულტურებიდან საქართველოს მოსახლეობის კვებით რაციონში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ბარდას, რომლის ნათესები, სხვა უძველესი ქართული პარკოსანი კულტურების მსგავსად, ლობიოს კულტურის შემოტანის შემდეგ საქართველოში მკვეთრად შემცირდა. 

მცენარე ბარდა (Pisum sativum L.): მეგრულად — „ბარდი“, „ბარდონი“; გურულად — „ოქროცერცვა“; სვანურად — „ღედერ“, „ნეცინ ღედარ“, „ბეგვა“; ლეჩხუმურად — „ფსხჳლი ცერცვი“; რაჭულად — „ცერცვის ბარდა“; თუშურად — „ცვერცი“; ჯავახურად — „ხანდური“; ჭანურად — ჶარსული, გიორგი მთაწმინდელის (XI ს.) დიდ სჳნაქსარში მოხსენიებულია, როგორც ქართველ მონაზონთა მთავარი სამარხვო საჭმელი. 

© ნინო გოცაძის პირადი არქივიPisum sativum
ქართველ მონაზონთა მთავარი საკვები - Sputnik საქართველო
Pisum sativum

ბარდის კულტურის გავრცელებას მოწმობს საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებზე – დიხაგუძუბას (ძვ.წ.აღ. VII-VI ათასწლეული), „გადაჭრილ გორაზე“ და არუხლოში (ძვ.წ.აღ. VI-V ათასწლეული), ნოქალაქევის ელინისტური ხანის სამაროვნებში (ძვ.წ.აღ. VI-IV სს.) და ვანის ნაქალაქარის ტერიტორიაზე (ძვ.წ.აღ. IV- III სს.) აღმოჩენილი ნამარხი ნაშთები.

ძვირფასი კვებითი ღირებულების მქონე ბარდის ქორფა პარკი, მწვანე და მწიფე მარცვალი მაღალი კალორიულობით და კულინარიული თვისებებით მნიშვნელოვნად აღემატება ლობიოს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, მინერალური მარილების და სხვა, ორგანიზმისთვის აუცილებელი ნივთიერებების შემცველობით. მწიფე თესლი დიდი ოდენობით შეიცავს A, B1, B2, B6, B15, PP, C, E  ვიტამინებს. აგრეთვე კალიუმს, ფოსფორს, მაგნიუმს, იოდს, ნატრიუმს, რკინას და სხვა ელემენტებს. 

ბარდა ცნობილია, როგორც ავიტამინოზის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალება. 26-30% ცილების, 50% სახამებლის, 1,39% ცხიმის შემცველობის ბარდა წარმატებით გამოიყენება როგორც ბავშვთა, ისე დიეტურ კვებაში. 

მცენარის სასურსათო ჯიშები იყოფა ორ ჯგუფად – სამარცვლე და საპარკე ჯიშებად. იძლევა მაღალი კვებითი ღირებულების მწვანე მასას, რომელიც წარმატებით გამოიყენება მეცხოველეობაში. ადვილად შესათვისებელი ცილებისა და ნახშირწყლების დიდი რაოდენობით შემცველობის გამო მკვეთრად ზრდის შინაური პირუტყვის პროდუქტიულობას, ამაღლებს რძის ცხიმიანობას და წველადობას.

ბარდა მოკლე სავეგეტაციო პერიოდის მქონე მცენარეა, რომლის გამოყენება შესაძლებელია შუალედური კულტურის სახით. კარგი წინამორბედია ყველა კულტურისთვის, რამდენადაც ხელს უწყობს ნიადაგის აზოტით განოყიერებას. 

წახნაგოვანი, გართხმული ან ნახევრადხვიარა ღეროს მქონე ბარდა ერთწლოვანი, საგაზაფხულო, ბალახოვანი მცენარეა. მცენარის სიმაღლე მერყეობს ჯიშების მიხედვით 1-2 მეტრამდე. ვეგეტაციის პერიოდში მწვანე ფერისაა. ღერო ქვედა ნაწილში ზოგჯერ იტოტება. წყვილი ფრთართული ფოთოლი შედგება 1-3 წყვილი ფოთოლაკისგან და მთავრდება პწკალით. ფოთლები დიდი ზომისაა, მჯდომარე, კვერცხისებური, ან მოგრძო, იშვიათად ოვალური, ან მომრგვალო ფორმის, კიდემთლიანი, ან კიდედაკბილული. მთელი მცენარე დაფარულია ცვილისებური ნაფიფქით. ფოთლის იღლიიდან გამომავალი ყვავილები მარტოულია, ან შეკრებილია მტევნებად. თვითდამტვერავი მცენარეა. იმტვერება ყვავილის სრულ გახსნამდე. თუმცა, არ არის გამორიცხული ჯვარედინი დამტვერვაც. ყვავილები ძირითადად თეთრია. მარცვალი მომრგვალოა, თეთრი, ყვითელი, მწვანე, ან მოთეთრო-მოვარდისფრო. ბარდის ნაზი და მაღალი ღერო ადვილად წვება, ამიტომ აუცილებელია სარების შედგმა. 

გრილი ჰავის, სინათლის მოყვარული, გრძელი დღის მცენარეა. დიდ მოთხოვნილებას იჩენს ტენის მიმართ. სავეგეტაციო პერიოდი 70-130 დღე გრძელდება. კარგად მოდის შავმიწა, ტყის ყავისფერ და ალუვიურ ნიადაგებზე. ბარდა უმთავრესად გაზაფხულის მცენარეა, თუმცა დასავლეთ საქართველოს პირობებში ითესება შემოდგომის მიწურულს და მოსავალს ადრე გაზაფხულზე იძლევა. აღმოსავლეთ საქართველოს პირობებში ძირითადად ადრე გაზაფხულზე თესავენ.

ბარდის მოსავლის აღების შემდეგ ამავე ნიადაგზე წარმატებით შეიძლება როგორც მინდვრის კულტურების, ისე ბოსტნეულის მეორე მოსავლის მოყვანა.

ბარდის მრავალრიცხოვანი ჯიშები ერთმანეთისგან განსხვავდება ყვავილის და მარცვლის ფერითა და მოყვანილობით.

საბოსტნე ჯიშების გარდა არსებობს ბარდის საშაქრე ჯიშები, რომლებიც გამოირჩევა ფართო და ხორცოვანი პარკებით (გამოიყენება უმთავრესად მწვანედ). 

ბარდის გავრცელების არეალი უმეტესად შუა და მაღალი მთის არეებია, ზღვის დონიდან 1200-1800 მეტრამდე. თუმცა, კარგად ხარობს დაბლობ ზოლშიც. ბარდის მწვანე მასის მოსავლიანობა ჰექტარზე არის 300-350 ც. 

გარდა საკვები დანიშნულებისა, ბარდა წარმატებით გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. მცენარის თესლის ნახარში ეფექტურია როგორც შარდმდენი საშუალება თირკმლის კენჭოვანი დაავადების დროს. აგრეთვე შაქრიანი დიაბეტის დროს, როგორც სისხლში შაქრის დამწევი საშუალება.

საქართველოში ბარდის კულტურა ძირითადად ითესებოდა ახალქალაქის, დუშეთის, წალკის, ნინოწმინდის, ქარელისა და დმანისის რაიონებში. აგრეთვე, რაჭასა და სვანეთში. 

ამჟამად საბოსტნე ნაკვეთებზე ითესება მცირე რაოდენობით სამეგრელოს, იმერეთისა და გურიის ზოგიერთ სოფელში.

ყველა ახალი ამბავი
0