თუთუბო – სანელებელი თუ დაფეხმძიმების საშუალება საქართველოში

გამოწერა
ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ნინო გოცაძე „სანელებლების" რუბრიკაში თუთუბოს შესახებ მოგვითხრობს.

თუთუბო (Rhus spp.) თუთუბოსებრთა (Anacardiaceae) ოჯახის 0,5-12 მეტრი სიმაღლის, ერთსახლიანი (მამრობითი და მდედრობითი ყვავილები ერთ ეგზემპლარზეა), ან ორსახლიანი (მდედრობითი და მამრობითი ყვავილები სხვადასხვა ეგზემპლარზე) ბუჩქები და დაბალი ხე-მცენარეებია, ფრთისებრი ფოთლებითა და მომრგვალებული, შვინდისფერ-წითელი, წვნიანი, მჟავე, კურკიანი ნაყოფებით. აერთიანებს 250-მდე სახეობას. გვარის რამდენიმე სახეობა გამოიყენება სანელებლად. ნაყოფებისა და ფოთლების მჟავე გემოს გამო თუთუბოს „ძმრის ხესაც“ უწოდებენ. თუთუბოს ფოთლების, ღეროს ქერქისა და ნაყოფებისგან მიიღება სხვადასხვა ფერის საღებავი. იყენებენ აგრეთვე თამბაქოს დანამატად.

გავრცელებულია კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთში, ცენტრალურ და შუა აზიასა და ხმელთაშუაზღვის ქვეყნებში.

CC BY 2.5 / Wikipedia/ Michelangelo-36 / R. coriariaთუთუბოს და ზეთისხილის ბაღები
თუთუბო – სანელებელი თუ დაფეხმძიმების საშუალება საქართველოში - Sputnik საქართველო
თუთუბოს და ზეთისხილის ბაღები

საქართველოში – აფხაზეთში, სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, იმერეთში, აჭარაში, ქართლსა და კახეთში ბუნებრივად გვხვდება თუთუბოს ერთი სახეობა — Rhus coriaria L., Сумах. ქართული კუთხური სინონიმებია: თუნთუბო, თრიმლი, სუმახ (აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ბოტანიკურად თრიმლი Cotynus coggygria Scop. სხვა სახეობის მცენარეს ჰქვია). საქართველოში აგრეთვე კულტივირებულია რამდენიმე არაადგილობრივი სახეობა.

ვრცელდება ზღვის დონიდან 1000 მეტრამდე, მშრალ, ქვიან ფერდობებზე და მეჩხერ ბუჩქნარებში. ყვავილობს და მსხმოიარობს ივნის-სექტემბერში.

CC BY-SA 2.5 / Wikipedia/ / staghorn sumacstaghorn sumac - ახალგაზრდა ყლორტი
თუთუბო – სანელებელი თუ დაფეხმძიმების საშუალება საქართველოში - Sputnik საქართველო
staghorn sumac - ახალგაზრდა ყლორტი

თუთუბო მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. მცენარის მიწისზედა ნაწილებში უხვადაა ორგანული მჟავები: ღვინის, ლიმონის, ვაშლის, მალეინის, ფუმარინის, ქარვისა და ასკორბინის მჟავები; ანთოციანები, ტანინები, ფლავონოიდები, ცხიმოვანი ზეთები და აქროლადი ეთერზეთები; ბეტა კაროტინი; ვიტამინები: B1, B2, B5, B6, B9, B12, C, E, H, PP; ქიმიური ნივთიერებები: კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, თუთია, სელენი, სპილენძი, რკინა, ფოსფორი და ნატრიუმი. სწორედ ეს ნივთიერებები ანიჭებს თუთუბოს ნაყოფებს მაღალ კვებით ღირებულებას და განუმეორებელ გემურ თვისებებს. დიდი ოდენობით ანთოციანების შემცველობა ნაყოფებს მუქ წითელ შეფერილობას ანიჭებს.

CC BY 2.5 / wikipedia/ Pollinator / Staghorn sumac bobStaghorn sumac - ყვავილედი
თუთუბო – სანელებელი თუ დაფეხმძიმების საშუალება საქართველოში - Sputnik საქართველო
Staghorn sumac - ყვავილედი

თუთუბო უძველესი დროიდან გამოიყენება როგორც სანელებელი, სამკურნალო და საღებავი მცენარე. თუთუბოს მშრალი ნაყოფები ნაპოვნია მდინარე როდოსის სანაპიროზე, XI საუკუნეში ჩაძირული ხომალდზე. მკვლევარ-ბოტანიკოსმა ჯონ ჯერარადმა 1597 წელს მცენარე აღწერა როგორც სოუსებისა და ხორცის კერძების საუკეთესო დანამატი, რომელიც აქრობს ნებისმიერ უსიამოვნო შეგრძნებას მუცელში.

თუთუბოს მკვეთრი შვინდისფერი, მჟავე გემოს ნაყოფი კერძებს ანიჭებს მოვარდისფრო შეფერილობას და გამორჩეულ გემოს. კავკასიაში, აღმოსავლეთისა და ხმელთაშუაზღვის (აზიურ, ებრაულ და მუსულმანურ სამზარეულოში) ქვეყნებში ფართოდ გამოიყენება სანელებლად, აგრეთვე ლიმონის და ძმრის ნაცვლად როგორც მშრალი, დაფქული სახით, ისე მოხარშული და გაწურული — სიროფის სახით. აღსანიშნავია, რომ თუთუბო შესულია აღმოსავლური სანელებლების პოპულარული ხუთეულის სიაში. კარგად ეხამება სანელებლების დიდ ნაწილს. შედის აღმოსავლური სანელებლების ნაკრების — „ზატარის“ შემადგენლობაში.

CC BY-SA 3.0 / Wikipedia/ Oneconscious / Sumac FruitSumac - ნაყოფი
თუთუბო – სანელებელი თუ დაფეხმძიმების საშუალება საქართველოში - Sputnik საქართველო
Sumac - ნაყოფი

ქართულ სამზარეულოში, განსაკუთრებით ქართლში თუთუბოს იყენებენ კოწახურის ნაცვლად, ხორციანი კერძების შესაზავებლად.

სხვადასხვა ქვეყნების სამზარეულოში თუთუბო გამოიყენება სალათების, ბრინჯის, მარცვლოვნების, თევზის, ხორცისა და პარკოსნების კერძების შესაზავებლად. შამფურსა და გრილზე შემწვარი მწვადის, ქაბაბისა და სტეიკის, აგრეთვე სალათებისა და პიკანტური დესერტებისთვის საწებლად გამოიყენება კეფირით, ან იოგურტით დამზადებული თუთუბოს სოუსი.

ფართო გამოყენება აქვს თუთუბოს მარინადების, სოუსების, გარნირების, საწებლების, კონსერვების, ძეხვეულის, ფარშის, ყველის, სასმელების და დესერტების წარმოებაში.

აღსანიშნავია, რომ თუთუბოთი შეზავებული კერძი ცხელ კლიმატურ პირობებში დიდი ხნით ინახება.

CC BY-SA 3.0 / Wikipedia/ / Sumac spiceSumac - დაფქული თუთუბოს ნაყოფები, რომელსაც იყენებენ კულინარიაში
თუთუბო – სანელებელი თუ დაფეხმძიმების საშუალება საქართველოში - Sputnik საქართველო
Sumac - დაფქული თუთუბოს ნაყოფები, რომელსაც იყენებენ კულინარიაში

გარდა კულინარიული თვისებებისა, თუთუბო ფართოდ გამოიყენება მედიცინაში სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ. ორგანული მჟავები და ცხიმები მცენარეს ძლიერ ანტიოქსიდანტურ თვისებებს ანიჭებს. მცენარე ფართოდ გამოიყენება მედიცინაში, როგორც სისხლდენის შემაჩერებელი, ანთების საწინააღმდეგო და შარდმდენი საშუალება. წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისა და მავნე შლაკებისგან, მატებს ტონუსს, აწესრიგებს მომნელებელ სისტემას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას. ეფექტურია სურავანდისა და დიზენტერიის სამკურნალოდ და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ინსულტის პროფილაქტიკისთვის. თუთუბოში შემავალი ტანინების დეტოქსიკაციური თვისებების გამო რეკომენდებულია მისი გამოყენება მძიმე მეტალებით და ალკალოიდებით მოწამვლის დროს. ნაყოფების სპირტიან ექსტრაქტს აქვს ჰიპოგლიკემიური მოქმედება. გამოიყენება აგრეთვე დიაბეტის მსუბუქი ფორმის დროს.

ხალხური მედიცინა თუთუბოს იყენებს სისხლდენის, კოლიტის, წყლულების, ეგზემის, დიარეის, რევმატიზმის, პარალიჩის, პოდაგრის, გაცივების, ქოლერის, ყელისა და პირის ღრუს ანთებითი დაავადებების დროს. მცენარის გამშრალი ფოთლებისა და ქერქისგან მზადდება წყლულებისა და დამწვრობების სამკურნალო მალამოები.

CC BY-SA 3.0 / Wikipedia/ Kevmin / Rhus malloryiRhus malloryi - თუთუბოს ფოთლის გაქვავებული ნაშთი, რომელიც მეცნიერთა აზრით 49 მილიონი წლისაა
თუთუბო – სანელებელი თუ დაფეხმძიმების საშუალება საქართველოში - Sputnik საქართველო
Rhus malloryi - თუთუბოს ფოთლის გაქვავებული ნაშთი, რომელიც მეცნიერთა აზრით 49 მილიონი წლისაა

ქართულ ხალხურ მედიცინაში თუთუბო გამოიყენება თვალის ტკივილის სამკურნალოდ და როგორც დაფეხმძიმების საშუალება. „იადიგარ დაუდში“ ვკითხულობთ: „ვინც თუთუბო დანაყოს და ვარდის წყალი შეაფრქვიოს და ისე გამოწუროს და ამის წვენი თვალშიგა ჩაიწუროს, თვალის ტკივილისათვის მწოვეს კარგია და თვალის ტკივილსა უშველის და თვალთა სინათლესა მისცემს“.

და ბოლოს: „რომე დედაკაცი დაორსულდეს: მოიტანე შაბი ორი დირჰამი, ზაფრანა, უდი და თუთუბო, სამივ თვითო დირჰამი, ასრე უნდა ეს წამლები დანაყონ და გაცრან და თაფლითა მაგრად მოზილონ და ცხურის მატყლი კარდის ერბოშიგა ამოსვარონ, და მერმე გაწურონ, და ის წამლები ამა მატყლითა ფილთად შექნან და საყმაწვილო დაღმან ააღებინონ. მაგანა ეს წამლები ყველა მაშინ უნდა ქნან, რომე დედაკაცსა დედათ წესი დაემართოს და ტანი დაიბანოს, და მერმე სამსა დღესა ზედა ზედ ეს შაფები აიღოს, და მერმე მესამე დღეს უკანა ქმარი დაუწვეს დაორსულდება“.

 

ყველა ახალი ამბავი
0