რეჰანი - Ocimum basilicum

„სამეფო სანელებელი“, რომელიც ინდოელთა რწმენით სულებს სამოთხეში გადასვლაში ეხმარება

1081
(განახლებულია 14:40 16.06.2017)
„Sputnik–საქართველოს“ რუბრიკაში სანელებლების შესახებ ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ნინო გოცაძე რეჰანს წარმოგიდგენთ.

რეჰანი (Ocimum, базилик) ტუჩოსანთა ოჯახის მრავალწლოვანი და ერთწლოვანი, ბალახოვანი და ბუჩქბალახოვანი მცენარეთა გვარია, რომელიც აერთიანებს 69 სახეობას და 150-მდე ფორმას.

სანელებლად ყველაზე ფართოდ გამოიყენება ბოსტნის რეჰანი (Ocimum basilicum L.), რომლის ქართული კუთხური სინონიმებია: რიანდი, შაშკვლამი, ჟაშკვლამი, შაშტამი, შეშტრამი, შაშტრამი, ჟაშკვლამი, რეჰანდ, რეჰანი, სამშურე, საშურამი, შაშურამი.

სულხან-საბა ორბელიანი რეჰანს მოიხსენიებს როგორც შაშპრა.

რეჰანი - Ocimum basilicum „Red Ruby“
რეჰანი - Ocimum basilicum „Red Ruby“

მორფოლოგიური ნიშნებით, ფოთლებისა და ღეროების ფერით, არომატითა და გემური თვისებებით რეჰანის სახეობები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. მცენარის მიწისზედა ნაწილები დიდი ოდენობით შეიცავს ეთერზეთებს, ვიტამინებს: А, С, В2, РР, შაქარს, კაროტინს, რუტინს, ფიტონციდებს და მთრიმლავ ნივთიერებებს. რეჰანის არაერთი სახეობა, მისი თვისებების გამო, კულტივირებულია როგორც სანელებელი, სამკურნალო და დეკორატიული მცენარე. ასევე იყენებენ როგორც ბურნუთს.

სანელებლად, ეთერზეთების მისაღებად და სამკურნალო მიზნით ძირითადად გამოიყენება რამდენიმე სახეობა: ბოსტნის რეჰანი (Ocimum basilicum); ქაფურის რეჰანი (Ocimum menthifolium); ევგენოლის რეჰანი (Ocimum gratissimum); ტულასი (Ocimum tenuiflorum) და სხვ. ევგენოლის რეჰანის ეთერზეთები შეიცავს დიდი ოდენობით ევგენოლს. ეს სახეობა გამოიყენება ვანილინის წარმოებაში. ქაფურის რეჰანის ეთერზეთები 80% ქაფურს შეიცავს და მისგან იღებენ ქაფურის ზეთს.

სამხრეთ აზიური წარმომავლობის რეჰანი ბუნებრივად გავრცელებულია სუბტროპიკული და ტროპიკული სარტყლების ქვეყნებში. ალექსანდრე მაკედონელის ჯარისკაცებმა მცენარე ინდოეთიდან ევროპაში შეიტანეს. საიდანაც შემდეგ გადავიდა ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში. რუსეთსა და საფრანგეთში რეჰანი გავრცელდა XVII-XVIII საუკუნეებში. გამორჩეული გემოსა და არომატის გამო მცენარემ სწრაფადვე მიიპყრო კულინარების ყურადღება და დამსახურებულად მიიღო კიდეც „სამეფო სანელებლის“ სტატუსი.

საქართველოში ბუნებრივად არ გვხვდება. როგორც სანელებელი, შემოტანილია XVIII საუკუნეში. ჩვენთან რეჰანი ერთწლოვანი, ბალახოვანი კულტურაა, მწვანე, ან მოწითალო-მუქი იისფერი ფოთლებითა და მძაფრი, სასიამოვნო არომატით. საქართველოში კულტივირებულია სამი სახეობა: ყველასათვის კარგად ცნობილი — ბოსტნის რეჰანი (Ocimum basilicum L.), ევგენოლის რეჰანი (Ocimum gratissimum L.) და ქაფურის რეჰანი (Ocimum menthifolium Hochst. ex Benth.). რეჰანის მწვანეფოთლიან ფორმებს დასავლეთ საქართველოში შაშკვლამის სახელითაც მოიხსენიებენ.

წერილობითი ცნობები რეჰანის შესახებ, მცენარის მორფოლოგიური აღწერილობა და სამკურნალო თვისებები პლინიუსის, ჰიპოკრატეს, ავიცენას და აღმოსავლეთ ჩინეთის უძველეს ხელნაწერებშია შემონახული.

მცენარის შესახებ არაერთი თქმულება და მითია შემორჩენილი. ინდოეთში ლოტოსის შემდეგ მეორე წმინდა მცენარედ ითვლება და ქალღმერთ ტულასის განასახიერებს. მათი მოკრეფისას სავალდებულოა სპეციალური რიტუალის ჩატარება. ინდოელების აზრით, მცენარე ადამიანის სულს ეხმარება სამოთხეში გადასვლაში, ამიტომ მიცვალებულს რეჰანის გვირგვინებს ატანენ.

ძველი ბერძნები და რომაელები რეჰანს „სამეფო სანელებლად“ მიიჩნევდნენ. ეგვიპტელები მცენარეს იყენებდნენ მუმიფიცირებისას. რეჰანის გვირგვინები ნაპოვნია პირამიდებში.

ზოგიერთ ქრისტიანულ ქვეყანაში რეჰანი გამოიყენება აღდგომის დღესასწაულზე სახლში ხატების და ჯვრების მოსართავად. ამ ტრადიციას საფუძვლად უდევს ძველბერძნული ლეგენდა, რომლის თანახმად, იესოს საფლავზე გაზრდილმა რეჰანმა მიასწავლა მის მოწაფეებს საფლავის გზა. კუნძულ კრეტაზე შემორჩენილი ლეგენდის თანახმად, რეჰანის არომატმა აპოვნინა მოციქულთა სწორ ელენეს გზა ჯვრამდე, რომელზეც გაკრული იყო ქრისტე. ამ ადგილზე აგებულია ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ცნობილი მართლმადიდებლური — სტავროვუნის მონასტერი (ბერძნ.: Σταυροβούνι, Μοναστήρι του Τιμίου Σταυρού, დარსებულია მოციქულთა სწორ ელენეს მიერ 327 წელს. ბერძნულიდან სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „ჯვრის მთა“ – „წმინდა ჯვრის მონასტერი“).

მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებული „სამეფო სანელებელი“ კარგად ეხამება ყველა სანელებელს. ამ გამორჩეული თვისების წყალობით მცენარეს საპატიო ადგილი უკავია იტალიის, ესპანეთის, საბერძნეთის, საქართველოსა და საფრანგეთის სამზარეულოებში.

სასიამოვნო, მძაფრი არომატისა და გემოს მქონე რეჰანი სანელებლად გამოიყენება როგორც მშრალი, ისე ნედლი სახით კულინარიასა და საკონსერვო წარმოებაში: სუპების, ბულიონების, ბოსტნეულის, ხორცის, თევზის, ყველის, პომიდვრის, ისპანახის, კომბოსტოს, მაკარონის და ლობიოს კერძებში; სალათების, ბუტერბროდების, ხაჭოს და კვერცხის შესაზავებლად; საკონსერვო წარმოებაში — პომიდვრის, კიტრის, სოკოს, კომბოსტოს, ბადრიჯნის და ბულგარული წიწაკის მარინადების, პაშტეტების, ტომატების, იოგურტების, სოუსების, გარნირების, ძეხვეულობის და შებოლილი დელიკატესების დასამზადებლად. ასევე საბუტერბროდე ზეთის და ლიქიორების წარმოებაში. აზერბაიჯანში — სასმელების არომატიზატორად, უზბეკეთში — ჩაის სახით. რეჰანის და როზმარინის ერთად დაფქული ფოთლები იხმარება ცხარე წიწაკის ნაცვლად.

იმის მიუხედავად, რომ რეჰანი საქართველოს ფლორის წარმომადგენელი არ არის, მისი გამოყენება ქართულ სამზარეულოში უძველესი დროიდან ხდება ხორცის, თევზის, წვნიანების, მშრალი კერძების, სალათების და ფხალეულობის შესაკმაზად.

ხალხურ მედიცინაში რეჰანი გამოიყენება როგორც მატონიზირებელი, სიცხის დამწევი, შარდმდენი, ანთების საწინააღმდეგო და ბაქტერიციდული საშუალება. ინდური ხალხური მედიცინა მცენარეს იყენებს როგორც ძლიერ აფროდიზიაკს: აღვივებს რომანტიკულ გრძნობებს, ადუნებს და ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ამაღლებს პოტენციას, ითვლება როგორც საუკეთესო ბუნებრივი საშუალება თავის ტკივილისა და შაკიკის დროს, აუმჯობესებს მეხსიერებას და ტვინის მუშაობას.

რეჰანის ეთერზეთები ამაღლებს საერთო ტონუსს, აღვიძებს მადას, ააქტიურებს საჭმლის მონელებას, რეკომენდებულია შინაგანი ორგანოების ინფექციების, გასტრიტის, კოლიკების, მეტეორიზმის, სპაზმების, დიაბეტის, თირკმელების, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს.

დიდი ოდენობით ვიტამინების და ეთერზეთების წყალობით მცენარე ეფექტურია შარდის ბუშტის, სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს. როგორც საერთო გამაჯანსაღებელი საშუალება, ეხმარება ორგანიზმს ოპერაციის შემდგომ ძალების აღდგენაში. დადებითად მოქმედებს ართრიტების და რევმატიზმის დროს. ელასტიურობას მატებს სისხლძარღვების კედლებს, აუმჯობესებს კანისა და ფრჩხილების სტრუქტურას. რეჰანის წვენი ამცირებს ფუტკრის ნაკბენით გამოწვეულ ტკივილს. ფოთლების ნახარში და ზეთის ინჰალაცია ეფექტურია ზედა სასუნთქი გზების ანთებისა და ვირუსული ინფექციების დროს.

ფართო გამოყენება აქვს რეჰანის ეთერზეთებს არომათერაპიასა და ჰომეოპათიურ მედიცინაში. რეჰანის ზეთი თაფლსა და ნაღებთან ერთად საუკეთესო სარელაქსაციო საშუალებად ითვლება მძიმე დამქანცველი დღის შემდეგ. რეჰანის არომატული აბაზანები ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

რეჰანის არაერთი სახეობა კულტივირებულია დეკორატიული მიზნით, ღია გრუნტის და შიდა ინტერიერების გასალამაზებლად.

 

1081
წიწმატის სახეობა Garden cress

უკაპრიზო და ძალზე სასარგებლო წიწმატი

247
(განახლებულია 14:45 13.07.2020)
წიწმატს უამრავი სიკეთის მოტანა შეუძლია ადამიანებისთვის – ავიტამინოზთან წარმატებული ბრძოლით დაწყებული, ონკოლოგიური დაავადებების პრევენციით დამთავრებული.

წიწმატი (Lepidium sativum) კომბოსტოსებრთა ოჯახის მცენარეა. მის სამშობლოდ ირანი მიიჩნევა. მას ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში, რომსა და ეგვიპტეში მიირთმევდნენ. ახლა ის მოჰყავთ ევროპაში, აზიის, აფრიკის, ამერიკისა და ავსტრალიის კონტინენტებზე. იზრდება საქართველოშიც.

წიწმატს მრავალი ქვეყნის კულინარიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. საქართველოში მცენარეს ძირითადად ცოცხლად მიირთმევენ.

ზოგიერთ აფრიკულ ქვეყანაში წიწმატის ცხიმიანი სახეობებისგან სპეციალურ ზეთს ამზადებენ, რომელიც გამოიყენება მედიცინაში, კოსმეტოლოგიასა და კულინარიაში.

წიწმატის კალორიულობა, შემადგენლობა

წიწმატის კალორიულობა 100 გრამზე არის 32 კკალორია.

მის შემადგენლობაშია ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები А, В, С, Е, К, D, მინერალური ნივთიერებები – რკინა, კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი, იოდი, დარიშხანი, თუთია, გოგირდი და სხვ.

წიწმატის სასარგებლო თვისებები

ამ არომატული ბოსტნეულის ქორფა ფოთლები გაზაფხულზე ვიტამინების ნაკლებობას ებრძვის, თან ის ადრეულ გაზაფხულზე ამოდის, ამასთან, იმდენად არაჭირვეულია, რომ ნიადაგის გარეშეც შეიძლება მისი მოყვანა (თესლი მოათავსეთ დოლბანდში და რეგულარულად მორწყეთ, 7–10 დღეში ის უკვე ამოვა).

მკურნალობა ხალხური მეთოდებით. პიტნა>>

წიწმატს სამკურნალოდ სხვადასხვა დაავადების დროს იყენებენ. მისი დაბალანსებული შემადგენლობა საშუალებას იძლევა მივიღოთ კანის, სასუნთქი გზების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებისას. ასევე ამ მცენარის მეშვეობით მკურნალობდნენ ბრონქიტის მძიმე ფორმას.

წიწმატის ნახარში გამოიყენება სისხლნაკლებობის, შაქრიანი დიაბეტის, ონკოლოგიის, შარდსასქესო ორგანოებში კენჭების შემთხვევებში, ხოლო წყალში გახსნილი წვენი – გასტრიტის, კოლიტის, პაროდონტოზისას.

წიწმატის წვენი ასევე ეფექტურია თირკმლების მწვავე და ქრონიკული დაავადების, სიყვითლის დროს და შეკრულობისას.

წიწმატისა და მცენარეული ზეთის გამოყენებით ამზადებენ მალამოს, რომელიც დამწვრობისთვის არის კარგი. ამ მალამოს, დამწვრობის გარდა, იყენებენ ცხიმგროვების, მეჭეჭების დროს.

მკურნალობა ხალხური მეთოდებით. ძირტკბილა>>

მცენარის აქტიური ნივთიერებები ორგანიზმზე ახდენს შარმდენ, ანტიჰელმინთურ (ჭიების საწინააღმდეგო) მოქმედებას; აბრკოლებს ცინგას (სურავანდი) და მის შემდგომ განვითარებას ბლოკავს. ამისთვის უნდა არა მარტო მიიღოთ მწვანილი, არამედ მისი ახალი წვენი ღრძილებში შეიზილოთ (დღეში სამჯერ). მუდმივი მოხმარების შედეგად სისხლი იწმინდება მავნე ნივთიერებებისგან, ტოქსინებისა და შლაკებისგან.

ამსუბუქებს მდგომარეობას მწვავე და ქრონიკული ნეფრიტის დროს.

მისი ყოველდღიური გამოყენება ხსნის დაღლილობას, სისუსტეს, ორგანიზმს სიმხნევე ემატება, წესრიგდება საჭმლის მონელების პროცესი, ნივთიერებათა ცვლა, გვარდება ყაბზობის პრობლემა.

ამას გარდა, ხალხურ მედიცინაში შაქართან ერთად გასრესილ წიწმატის ფოთლებს იყენებენ პოდაგრის, რევმატიზმის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის, კუჭისა და შარდსასქესო სისტემის დაავადებების დროს.

წიწმატი გამოიყენება კოსმეტოლოგიაშიც. მასში შემავალი ნივთიერებები, ვიტამინების, მინერალური ნივთიერებებისა და ფიტონუტრიენტების ერთობლიობა დადებითად მოქმედებს ადამიანის კანზე.

წიწმატის ფესვების ნახარშს, ნაყენსა და ქორფა ფოთლების წვენს იყენებენ ასციტის (მუცლის წყალმანკი), სურავანდის, შაქრიანი დიაბეტის, კოლიტების, ზედა სასუნთქი გზების ქრონიკული კატარის დროს.

მკურნალობა ხალხური მეთოდებით: გოჯი ბერი>>

გამოიყენება ასევე წიწმატის თესლი, რომლისგანაც ამზადებენ ზეთს, ასევე ურევენ სალათებსა და კერძებში. გემოთი წააგავს მდოგვს.

როგორ მოვამზადოთ წიწმატის ნაყენი, მალამო

ნაყენის დასამზადებლად აიღეთ 30 გრამი ქორფა ფოთოლი, დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი. გააჩერეთ ორი საათი. გადაწურეთ და მიიღეთ ერთი ჭიქის ოდენობით დღეში ორჯერ.

ეფექტურია ახალი ყვავილისა და ფოთლების ნახარში. აურიეთ ახლად მოკრეფილი ნედლეული, 20 გრამს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. დადგით წყლის აბაზანაზე და ადუღეთ 30 წუთი. შემდეგ გააგრილეთ (ისე, რომ აბაზანიდან არ გადმოდგათ, უბრალოდ გამორთეთ ცეცხლი). მიიღეთ 2 სუფრის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ.

მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა ხალხური საშუალებებით>>

მალამო ამგვარად მზადდება: 3 სუფრის კოვზი წვენი და 50 გრამი ზეთი შეურიეთ კარგად, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. შესაძლებელია ოდნავ შეთბობა.

წიწმატის მავნე ზემოქმედება და რეკომენდაციები

წიწმატის წვენის ზედმეტი რაოდენობით მიღება არ შეიძლება. მას შეუძლია თირკმელებისა და კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება.

წიწმატზე დამზადებული პრეპარატები აუცილებლად მიიღეთ წყალთან ერთად.
წიწმატის ფოთლები, როგორც მწვანილი, უნდა მიიღოთ ქორფა სახით. გამხმარი თავის სასარგებლო თვისებებს კარგავს.

წიწმატი ბოლომდე კარგად გამოკვლეული არ არის, ამიტომ მისი უკუჩვენებებიც, შესაბამისად, ნაკლებია.

247
თემები:
სასარგებლო რჩევები
სტევია

სტევია ჯანმრთელი ცხოვრების საწინდარი

373
(განახლებულია 19:20 06.07.2020)
პარაგვაის უნივერსიტეტში ჩაატარეს კვლევა და დაადგინეს, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობას არ აწუხებს გაცხიმოვნება და შაქრიანი დიაბეტი, რადგან თითოეული მცხოვრები წელიწადში 10 კილოგრამამდე სტევიას მოიხმარს.

სტევია (ლათინურად Stévia) თაფლოვანი, ანუ ტკბილი მცენარეა. ის ასტრასებრთა, ან რთულყვავილოვანთა ოჯახის წარმომადგენელია, აქვს დაახლოებით 260 ბალახისა და ბუჩქის სახეობა. გავრცელებულია სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში.

სტევია პირველად მე-16 საუკუნეში გამოიკვლია ექიმმა და ბოტანიკოსმა სტევუსმა (ლათ. Petrus Jacobus Stevus, ესპ. Pedro Jaime Esteve), რომელიც ვალენსიის უნივერსიტეტში მუშაობდა. სწორედ მისი გვარიდან მიიღო დასახელება ამ მცენარემ.

თანამედროვე ბრაზილიისა და პარაგვაის ტერიტორიაზე გუარანის ტომის ინდიელები ასწლეულების განმავლობაში იყენებდნენ სტევიის ზოგიერთ სახეობას საკვებში, განსაკუთრებით Stevia rebaudiana-ს, რომელსაც ka"a he'ê-ს, ანუ ტკბილ ბალახს ეძახდნენ და, გარდა საკვების დატკბობისა, სხვადასხვა დაავადების, მათ შორის გულძმარვის სამკურნალოდ იყენებდნენ.

1931 წელს ფრანგმა ქიმიკოსებმა ბრიდელმა და ლავიემ სტევიიდან გამოყვეს გლიკოზიდები, რაც მცენარეს ტკბილ გემოს აძლევს. ექსტრაქტები, რომლებსაც ეწოდა სტევიოზიდები (steviosides) და რებაუდიოზიდები (rebaudiosides), საქაროზაზე 250-300-ჯერ უფრო ტბილი აღმოჩნდა. ის არ მოქმედებს სისხლში გლუკოზის რაოდენობაზე და, ამდენად, დიაბეტით დაავადებულებისთვის მისი მიღება რეკომენდებულია.

იდეალური ქინოა – ჯანმრთელობის საწინდარი>>

სტევია განსაკუთრებით აქტუალური გახდა ბოლო პერიოდში. მეცნიერებმა მასზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს დაბალნახშირწყლოვანი და დაბალშაქრიანი დიეტების მოთხოვნილებასთან დაკავშირებით.

ცნობილია, რომ შაქარი ნახშირწყლებია, რომლებსაც ორგანიზმი წამიერად შთანთქავს, ხოლო ზედმეტს ცხიმებად აქცევს და ადამიანის სიმსუქნესა და გაცხიმოვნებას იწვევს. დანიელმა დიეტოლოგებმა შაქარი უკვე დიდი ხანია „მსუბუქი" ნარკოტიკების რიგს მიაკუთვნეს, რადგან აქვს ორმაგი ეფექტი: ა) ტკბილი გემო ენდორფინების (სიხარულის ჰორმონები) გამომუშავებას ასტიმულირებს; ბ) შაქარი ორგანიზმის სისტემაში იმგვარად „ეწყობა", რომ მისი მოხმარების მეტ სურვილს იწვევს. თანაც, შაქარი სოკოებისა და პარაზიტების „საყვარელი" საკვები გარემოა.

საქართველოში სტევია ახლა იხვეჭს პოპულარობას, მაგრამ შაქრის შემცვლელის სახით უკვე ფართოდ გამოიყენება იაპონიაში, აშშ-სა და კანადაში მას საკვების დანამატის სახით ხმარობენ.

1970-იანი წლების დასაწყისში იაპონელებმა დაიწყეს სტევიას კულტივირება, როგორც ხელოვნური დამატკბობლების – ციკლამატისა და საქარინის ალტერნატივის. სტევიის კომერციული გამოყენება იაპონიაში 1977 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. მას იყენებენ სასურსათო პროდუქტებში, უალკოჰოლო სასმელებში. სტევიის მთელი ბაზრის 40% სწორედ იაპონიაზე მოდის.

ამჟამად სტევია მოჰყავთ და კვების პროდუქტებში აქტიურად იყენებენ აღმოსავლეთ აზიაში, მათ შორის ჩინეთში, კორეაში, ტაივანში, ტაილანდსა და მალაიზიაში, ასევე სენ-კიტსისა და ნევისში, ბრაზილიაში, პარაგვაიში, ურუგვაიში, ისრაელში, უკრაინაში და რუსეთის სამხრეთით.

უაღრესად სასარგებლო კენკრა, რომელიც კოსმონავტებისა და მფრინავების მენიუში შედის>>

სტევიის (Stevia rebaudiana) ღეროს სიმაღლე 60-დან 100 სანტიმეტრამდე მერყეობს. მასზე განთავსებულია პატარა მრავალრიცხოვანი ფოთლები. თითოეული ბუჩქი 600-დან 1200-მდე ფოთოლს იძლევა.

ამ მცენარის მთავარი სიტკბო სწორედ ფოთოლშია თავმოყრილი – 10-15-ჯერ მეტი სიტკბო, ვიდრე საქაროზაში. ეს აიხსნება იმ ნივთიერებებით, რომლებიც არის მხოლოდ ამ მცენარეში და არსად სხვაგან. ესენია დიტერპენული გლიკოზიდები, რომელთაგან მთავარია სტევიოზიდები და რებაუდიოზიდები. სტევიისგან მიღებული ტკბილის შეგრძნება ნელა დგება, მაგრამ უფრო დიდხანს გრძელდება. ამასთან სტევიის ტკბილ ნივთიერებებს პრაქტიკულად ნულოვანი კალორიულობა აქვს.

სტევიის უპირატესობებია:

• 150-300-ჯერ მეტად ტკბილია შაქარზე;

• აქვს პრაქტიკულად ნულოვანი კალორიულობა. მაგალითად, 100 გრამ შაქარში 387 კ/კალორიაა, ხოლო 100 გრამ სტევიაში (მშრალ ბალახში) – 18 კ/კალორია, ანუ 21,5-ჯერ ნაკლები. მშრალ ექსტრაქტში – დაახლოებით 0 კ/კალორია;

• 100%-ით ნატურალური პროდუქტია;

• შაქრისგან განსხვავებით, არ წარმოადგენს ბაქტერიებისა და პარაზიტების საკვებს, არამედ პირიქით, გამოირჩევა სოკოსა და ბაქტერიების საწინააღმდეგო აქტიურობით;

• არ იწვევს ინსულინის აქტიურ გამოყოფას, რადგან არ ცვლის სისხლში გლუკოზის დონეს, პირიქით, მის ნორმალიზებას უწყობს ხელს;

• არ ვნებს ორგანიზმს დიდი ხნის განმავლობაში გამოყენებისას (ამაზე მეტყველებს გუარინის ტომის ათასწლოვანი პრაქტიკა, ასევე იაპონიაში ჩატარებული ძალზე სერიოზული კვლევები);

• კარგად იხსნება წყალში;

• მდგრადია მაღალი ტემპერატურისა და ტუტეების მიმართ, რაც კულინარიაში გამოყენების შესაძლებლობას იძლევა;

• დაბალი დოზირება, რადგან სიტკბოს მაღალი კოეფიციენტი აქვს.

საპონინების შემცველობის წყალობით სტევიას ასევე აქვს ჰომეოპათიური მოქმედება, აძლიერებს კუჭის სეკრეციას, რაც, თავის მხრივ, ყველა ჯირკვლის სეკრეციას აძლიერებს. აქვს მსუბუქი შარდმდენი მოქმედება, აუმჯობესებს მდგომარეობას კანის დაავადებების დროს, ასევე აქვს ეფექტი რევმატიზმის დროს; კარგია შეშუპებისას, ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და ხელს უწყობს ორგანიზმში სხვა სასარგებლო ნივთიერებების უკეთ ათვისებას.

პარაგვაის უნივერსიტეტში ჩაატარეს კვლევა და დაადგინეს, რომ პარაგვაის მოსახლეობას არ აწუხებს ისეთი დაავადებები, როგორიცაა გაცხიმოვნება და შაქრიანი დიაბეტი, რადგან თითოეული მცხოვრები წელიწადში 10 კილოგრამამდე სტევიას მოიხმარს.

სტევია:

• ამცირებს სისხლში შაქრისა და ცუდი ქოლესტერინის დონეს;

• აუმჯობესებს, აღადგენს ქსოვილებს, უჯრედებს;

• სტევიას აქვს უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს კიბოს უჯრედების განვითარებას, აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება;

• ხელს უწყობს სისხლძარღვების გამაგრებას, არტერიული წნევის ნორმალიზებას;

• დადებითად მოქმედებს ღვიძლსა და კუჭქვეშა ჯირკვალზე;

• ახორცებს წყლულებს კუჭსა და ნაწლავებში;

• აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ებრძვის ჭარბწონიანობის, შაქრიანი დიაბეტის, პანკრეატიტის, ათეროსკლეროზის განვითარებას;

• სტევიოზიდის გამოყენებით მცირდება მიდრეკილება ალკოჰოლისა და თამბაქოს მიმართ;

• ებრძვის პარაზიტების განვითარებას;

• აჩერებს კარიესის განვითარებას;

• შესანიშნავი საშუალებაა ბრონქიტის წინააღმდეგ;

• აუმჯობესებს თმის, კანის, ფრჩხილების მდგომარეობას;

• ამაღლებს იმუნურ სისტემას;

• წონაში დაკლებაში ეხმარება.

სტევიასთან დაკავშირებით არსებობდა მეცნიერების მოსაზრებები, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მან, შესაძლოა, ადამიანის ორგანიზმზე უარყოფითად იმოქმედოს, თუმცა, საბოლოოდ, სტევიის ნეგატიური ზემოქმედება არ დამტკიცდა.

კურკუმა და მისი სასარგებლო თვისებები>>

სტევია საქართველოში გასული საუკუნის 80-იან წლებში უკრაინიდან შემოვიდა. სტევია ამჟამად მოჰყავთ ლანჩხუთში და ოზურგეთში.

373
თემები:
სასარგებლო რჩევები
ვალუტის გაცვლის პუნქტი

ლარის კურსი 15 ივლისს

0
(განახლებულია 08:20 15.07.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0019 ლარით გაუფასურდა 

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,0633 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0019 ლარით გაუფასურდა.

ლარის კურსი 15 ივლისს
ლარის კურსი 15 ივლისს
0
თემები:
ლარის კურსი დღეს