კოწახური - „ქართული ძეხვის“ - კუპატის აუცილებელი ინგრედიენტი

გამოწერა
ქართული სანელებლების შესახებ „Sputnik-საქართველოს“ რუბრიკაში ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო გოცაძე კოწახურის შესახებ მოგითხრობთ.

კოწახური (ლათ.: Berberis spp.), Барбарис, ეკალძმარა, კოწმახური, კვაწახური, კორწოხული, გვაწხირ, გოწხირ. კოწახურისებრთა ოჯახის (Berberidaceae), მრავალწლოვანი, თაფლოვანი, სინათლის მოყვარული და სიმშრალის ამტანი 2,5 მ. სიმაღლის, იშვიათად უფრო მაღალი ბუჩქი, ან ხეა. კარგად ეგუება ნებისმიერი ტიპის ნიადაგებს. ადის ზღვის დონიდან 2200მ. სიმაღლემდე. განსაკუთრებით ხშირად გვხვდება მდინარის პირებზე და მდინარისპირული ფერდობების ტერასებზე. გავრცელებულია უკრაინაში, რუსეთში, შუა და სამხრეთ ევროპაში, ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში, მცირე და აღმოსავლეთ აზიაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. უძველესი მკურნალები კოწახურის გვირგვინის ფურცლებს ნიჟარას ამსგავსებდნენ. აქედან მოდის მცენარის ლათინური სახელწოდება „Berberis“, რომელიც არაბული წარმომავლობის სიტყვაა და ნიჟარას ნიშნავს.

საქართველოში გვხვდება ორი სახეობა: ჩვეულებრივი კოწახური — Berberis vulgaris L., რომელიც ბუნებრივადაა გავრცელებული მთელ საქართველოში განაჩეხ ტყეებში, ბუჩქნარებში, მდელოებზე, ველებში, ქვაღორღიანებზე, რიყეებზე და სხვა ადგილებში და წითელი წიგნის სახეობა — ქართული კოწახური — Berberis iberica Stev. & Fisch. Ex DC., რომელიც იშვიათად გვხვდება მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში. დაცულია ვაშლოვანის ნაკრძალში.

ოვალური, წვრილი, მომჟავო გემოს მქონე ნაყოფები დიდი ოდენობით შეიცავს ვიტამინებს C, B1, B2, კაროტინს, შაქრებს, ორგანულ მჟავებს, ცხიმოვან ზეთებს. მცენარეში უხვადაა ალკალოიდები, მთრიმლავი ნივთიერებები, ეთერზეთები. განსაკუთრებით დიდი ოდენობით არის ალკალოიდი ბერბერინი კოწახურის ფესვებში.

კოწახურის სასარგებლო თვისებები ცნობილია შუმერების, ბაბილონელების, ასირიელებისა და ინდიელების დროიდან. ასირიელთა მეფე აშურბანიპალის ბიბლიოთეკაში ნაპოვნია ძვ.წ.აღ. 650 წლით დათარიღებული თიხის ფილები, რაზეც კოწახურის სამკურნალო თვისებებზეა საუბარი. იმავე დროინდელ ეგვიპტურ წარწერებში კოწახური ნახსენებია როგორც წამალი. მრავალი მკვლევარი თვლის, რომ კოწახურს ინდოეთში ასირიელებზე უფრო ადრეული პერიოდიდან იცნობდნენ.

ადგილობრივი ინდიელები თვლიდნენ, რომ კოწახურს მომაკვდავი ადამიანის გადარჩენა შეუძლია. შემორჩენილია ლეგენდა მოხუც შამანზე, რომელიც მომაკვდავი ტყეში უპატრონოდ დარჩენილიყო. მოხუცი გაზაფხულზე მონადირეებმა ცოცხალი ნახეს და გაოცდნენ. მისგან გაიგეს, რომ მოხუცი სიკვდილისგან კოწახურის ნაყოფებმა იხსნა. მოხუცის მაგალითს ჩიტებმაც მიბაძეს — სადაც კოწახური ხარობს, იქ ჩიტები გვიანობამდე რჩებიან. ტკბებიან კოწახურის გემრიელი და სასარგებლო თვისებებით.

კოწახური, როგორც სამკურნალო მცენარე უძველესი დროიდან არის ცნობილი. ხალხურ მედიცინაში კოწახური გამოიყენება გულის კუნთის გასამაგრებლად, პანკრეასის ფუნქციების მოშლის, მალარიის, რევმატიზმის, დიზენტერიის, ფილტვის ტუბერკულოზის, ჰეპატიტის, ღვიძლის და თვალების დაავადებების დროს. ასევე, როგორც სისხლის ამდგენელი და საფერშლო-გინეკოლოგიურ პრაქტიკაში — სისხლდენის შემაჩერებელი საშუალება.

დავით ბაგრატიონი კოწახურს „სისხლის დამწმენდელ და სისხლის გამქარვებელ საშუალებად“ თვლის: „კაცმან რომ ესე კოწახური ერთსა ღამესა წყალშიგა დაალბოს და უშაქროს ამისი ჯულაბი სვას, ვითამცა და ამისი წვენი სვასო, ყოვლის სისხლისა და სიმხურვალის სენსა, ყოვლის საფრისა და ვარამის სენსა კარგად მოუხდების. სნებასა, ცხელებასა, იარაყანსა, თავისა და საფეთქლების ტკივილსა, და ღვიძლისა და თირკმელის ტკივილსა მწოვედ არგებს, სიცხეს და სიმხურვალესა დაავსებს, რომე კაცმან ან ამისი შარბათი, ან ამისი ჯულაბი სვას და ან ამით საჭმელი ჭამოს“. „კოწახურის შარბათი გრილი და ხმელი არის. კაცსა რომე სისხლი სჭარბობდესდა ესე კოწახურის შარბათი სვას სისხლსა დაუწმენდს და მოაკლებს, გულსა და სტომაქსა ძალსა მისცემს. ღვიძლსა მეტისმეტად ამთელებს და აჭაბუკებს.“ „ჯერ ამა შარბათსა ისი სჯობს, რომე ესე კოწახური ცოტად დაჯეჭკონ, ვარდის წყალი შეასხა და სჭამო“.

© Flickr / flöschen / Berberitzeკოწახური
კოწახური - „ქართული ძეხვის“ - კუპატის აუცილებელი ინგრედიენტი - Sputnik საქართველო
კოწახური

იაპონელმა ექიმებმა აღმოაჩინეს ბერბერინის გარკვეული აქტიურობა ავთვისებიანი სიმსივნეებისადმი. ინდოელი მეცნიერების მიერ დადგენილია, რომ ბერბერინი ეფექტურია ლეიშმანიოზის სამკურნალოდ. საფრანგეთში კოწახურის ნაყოფებს იყენებენ საჭმლის მონელების მასტიმულირებლად.

კოწახური ნაკლებად მომთხოვნია ნიადაგის და კლიმატური პირობების მიმართ, რის გამოც ფართოდ გამოიყენება დეკორატიულ მებაღეობაში. მცენარის ფოთლებისა და ღეროებისგან იღებენ მოწითალო და ყვითელ საღებავს.

როგორც სანელებელი, კოწახურის ნაყოფები უძველესი დროიდან გამოიყენება როგორც ნედლი, ისე გადამუშავებული სახით კვებით მრეწველობაში სიროფების, მურაბების, ხილფაფების, წვენების, კანფეტებისა და სხვა ტკბილეულის დასამზადებლად.

კოწახურის ნაყოფები ნედლი სახით ქართული კუპატის აუცილებელი კომპონენტია. მშრალ, დაფქულ ნაყოფებს იყენებენ ხორციანი კერძების შესაზავებლად. მცენარის ნორჩ ფოთლებს კი — მჟაუნას ნაცვლად სალათებისა და წვნიანი კერძების დასამზადებლად.

ჩვეულებრივი კოწახურის გავრცელების არეალი საკმაოდ ფართოა, თუმცა, რაც შეეხება ქართულ კოწახურს (Berberis iberica), ეს სახეობა წითელ წიგნშია შეტანილი და განსაკუთრებულ დაცვასა და მოფრთხილებას საჭიროებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0