ბოტანიკური ბაღების ჩამოყალიბებას დასავლეთ ევროპაში საფუძველი ჩაუყარა სამონასტრო და სააფთიაქო ბაღებმა, რომლებსაც IV საუკუნიდან აშენებდნენ სამკურნალო მცენარეების მოყვანის მიზნით.
შუა საუკუნეებიდან ბაღებში სამკურნალო მცენარეების გამრავლების გარდა, უცხო მცენარეების შემოტანა და ახალი კოლექციების ინტროდუქციაც დაიწყეს, რამაც ამ ბაღებს განსხვავებული ფუნქციები შემატა. მცენარეებს რგავენ არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ დეკორატიული მიზნითაც. ევროპის ქვეყნები ერთმანეთს ეჯიბრებიან ბაღების აშენებაში. XV-XVII საუკუნეებში ბოტანიკური ბაღები შეიქმნა საფრანგეთში, გერმანიაში, ნიდერლანდში, ინგლისში, ესპანეთში, შვედეთსა და სხვა ქვეყნებში.
ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში პირველი ბოტანიკური ბაღი XVIII საუკუნეში შეიქმნა.
XVII-XIX საუკუნეებში შეიქმნა ინდოეთის, ინდონეზიის, ცეილონის, შრი-ლანკის, გუანჩჯოუს, კეიპტაუნის, მავრიკიის, კანარის კუნძულების, სიდნეის, მენბურნის და სხვ. ბაღები.
XVII-XVIII საუკუნეებში შეიქმნა მოსკოვის, ლუბნინის, პეტერბურგის და სხვა კერძო მემამულეთა და საიმპერატორო ბაღები. XIX საუკუნიდან კი — საუნივერსიტეტო ბოტანიკური ბაღები ყაზანის, ოდესის, ყირიმის და სხვა უნივერსიტეტებთან.
რაც შეეხება საქართველოს, სამკურნალო და დეკორატიულ მცენარეთა ბაღები და ყვავილნარები ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან არის ცნობილი. ბერძნულ-რომაულ წყაროებში შემონახულია ცნობები მითიური მედეას სამკურნალო მცენარეთა წალკოტის შესახებ, სადაც 35 — მდე მცენარე ხარობდა. საქართველოში სამეფო დეკორატიული ბაღების („სამოთხენი“, „მტილ-სამოთხენი“) გაშენების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის შესახებ მოგვითხრობს ისტორიული და ლიტერატურული წყაროები. თეიმურაზ I და არჩილ მეფის თხზულებებით, უცხო ქვეყნებიდან შემოტანილი მცენარეებით მოწყობილი, ლევან კახთა მეფის (1520-74) სამეფო ბაღი გრემში, „ცოდნის წყაროდ“ იყო მიჩნეული. ადგილობრივი და ინტროდუცირებული მცენარეებით იყო გაშენებული, აგრეთვე, შაჰნავაზისა (ვახტანგ V), და ვახტანგ VI-ის „სამეფო დიდი ბაღი“, რომელიც თბილისის ბოტანიკური ბაღის უშუალო წინამორბედი და ამიერკავკასიაში ერთ-ერთი უძველესი ბოტანიკური ბაღია.
დღეს მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში 1800-მდე ბაღი და დენდრარიუმი (მერქნიან მცენარეთა ბაღი), არსებობს, რომელთაგან 400 ევროპაში, 200 ჩრდილოეთ ამერიკაში, 150 რუსეთში, დანარჩენი — აღმოსავლეთ აზიაში მდებარეობს. ეს ბაღები წელიწადში დაახლოებით 150 მილიონამდე მნახველს იზიდავს. არც არის გასაკვირი, ბოტანიკური ბაღები საშუალებას გვაძლევს დავტკბეთ ადგილობრივი და არაადგილობრივი მცენარეების საოცარი სილამაზით, რომელთა იშვიათი კოლექციების ნახვა სწორედ აქ არის შესაძლებელი.
მსოფლიოში ყველაზე ძველი — მინერვას ბაღის სახელით ცნობილი (Giardino della Minerva), პირველი ბოტანიკური ბაღი, იტალიის სამხრეთით, ქალაქ სალერნოს შუაგულში, გორაკის ფერდობზეა გაფენილი. ბაღი დაარსდა იტალიელი ექიმის, მატეო სილვატიკოს მიერ, XIV საუკუნის დასაწყისში, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. აქ იყო მსოფლიოში უძველესი სალერნოს სამედიცინო უნივერსიტეტი და პირველი საგანმანათლებლო სივრცე, სადაც ექიმები ასწავლიდნენ სტუდენტებს, აღადგინონ „მარტივი“ დაავადებების მკურნალობა.
იტალიის სამხრეთით მდებარე ქალაქი სალენრო ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ. II საუკუნეში პოპულარული იყო თავისი ზომიერი, გამაჯანსაღებელი კლიმატით. IX საუკუნეში ქალაქში უკვე არის ექიმების კორპორაცია, სამედიცინო სკოლა კი — პრაქტიკული დატვირთვის მატარებელია, სადაც ინახება და ვითარდება ანტიკური მედიცინის საუკეთესო ტრადიციები. სწორედ სამედიცინო ტრადიციების გაგრძელების მიზნით შეიქმნა მინერვას საოცარი ბაღი. თავდაპირველად აქ მოჰყავდათ მხოლოდ სამკურნალო მცენარეები. მოგვიანებით, აღმოსავლეთის ქვეყნებთან მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობის დამყარების შემდეგ, აქ დაიწყეს ხშირი მოგზაურობების დროს აღმოჩენილი სხვა სახეობების შემოტანა. ბაღის კოლექციები მცენარეთა იშვიათი და ეგზოტიკური სახეობით გამდიდრდა.
ბაღი გაშენებულია 7 ტერასაზე. ორთოგონალური ბილიკებით ერთმანეთთან დაკავშირებული, ოთხ ნაწილად დაყოფილი ტერასების წყობა, მკვლევართა ჯგუფის აზრით, შეეფერება ჰიპოკრატეს ფილოსოფიური სწავლებას. ქვის სვეტებს გრძელი კიბე მიუყვება, რომელიც აკავშირებს ერთმანეთთან სხვადასხვა დონეზე არსებულ ტერასებს. თითეულ ტერასაზე განაწილებულია უძველესი ხანის წყალსადინარის ტოტები, სარწყავი აუზები, შადრევნები, ჩანჩქერები, პერგოლები (პარკებსა და ბაღებში გზების, ბილიკების, კიბეების გაყოლებით საჩრდილობლად და დეკორატიული მიზნით მოწყობილი ხვიარა მცენარეებით გამწვანებული მსუბუქი ნაგებობა, რომელიც შედგება ერთმანეთის მიყოლებით დადგმული თაღებისაგან), და XVII–XVIII საუკუნეების ხეივნები.
2001 წელს მინერვას ბაღს რესტავრაცია ჩაუტარდა. შენარჩუნებულია ბაღის პირვანდელი იერსახე — ქვის სვეტებით ერთმანეთთან დაკავშირებული ტერასები და ანტიკური ხანის წყლის სარწყავი კომპლექსური სისტემა. ბაღში შექმნილი სპეციალური მიკროკლიმატი, დაბალი სიხშირის ჩრდილოეთის ქარები და ხელსაყრელი ექსპოზიცია, საშუალებას იძლევა მოხდეს მცენარეთა კოლექციების შენარჩუნება საუკუნეების მანძილზე.
ბაღში დაცულია 1000-ზე მეტი სახეობის სამედიცინო მნიშვნელობის, ასევე დეკორატიული მცენართა კოლექციები: კალენდულა, ვალერიანა, მანდრაგორი, ხახვთესლა, იორდასალამი, ორქიდეები, ნუშის და ბროწეულის ხეები, არომატული ლიმონი, ფორთოხალი, სხვა ციტრუსები.
მინერვას ბაღი მედიკოსებისათვის დღესაც განსაკუთრებული ადგილია. სამკურნალო მცენარეთა იშვიათი კოლექციების გაცნობის გარდა, აქ შესაძლებელია უძველესი ისტორიული სამედიცინო ტრადიციების შესახებ ინფორმაციის მიღება მათ შესახებ. ბაღში მიმდინარეობს სამეცნიერო საქმიანობა და სწავლება. „სალერნოს სამედიცინო სკოლის“ ფონდი და ბაღის ასოციაციები სწავლობენ მინერვას ბაღს არქეოლოგიური, ისტორიული, ხელოვნებათმცოდნეობის, ტურიზმის მიმართულებით და ზრუნავენ თავიანთი ცოდნა გადასცენ მომავალ თაობებს. იმართება ანიმაციური ტურები, ტარდება გაკვეთილები დიდაქტიკის, ტურიზმის, ისტორიის, არქეოლოგიის და სხვ. მიმართულებით.
ადგილობრივ კაფეში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ბაღის უძველესი ყვავილნარებიდან და კლუმბებიდან მოკრეფილი სამკურნალო ბალახების ჩაი.
2000 წლიდან ბაღში ეწყობა ფესტივალი „Minerva“, იმართება სამკურნალო მცენარეების ბაზრობა, სადაც იშვიათი მცენარეების გარდა, გამოფენილია ყველაფერი, რაც ბაღის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
2008 წლიდან ბაღში ფუნქციონირებს ფარმაციის მუზეუმი, სადაც გამოფენილია: ფოტოარქივი, ლაბორატორიული მინის ჭურჭელი (სინჯარები, კოლბები), კერამიკული სააფთიაქო ჭურჭელი, სასწორები, მენზურები, ლაბორატორიული კომპრესორი, სამედიცინო წიგნები, წამლების რეცეპტები და სხვა ისტორიული მასალები.
მინერვას ბაღს სტუმრებისთვის საკუთარი წესები აქვს დადგენილი: ბაღში აკრძალულია მოწევა, ყვავილების, ფოთლების, ნაყოფების შეგროვება, 14 წლამდე ბავშვების შესვლა უფროსების გარეშე, ბურთით და სხვა გასართობი საშუალებებით თამაში და სხვ.
სალერნოს ისტორიულ ცენტრში მდებარე მინერვას ბაღი დღეს სალერნოს სიამაყეა და ქალაქის ტურისტული მარშრუტის ფუნდამენტურ რგოლს წარმოადგენს.
ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო გოცაძე.