Laurus nobilis - ნობელის ლაურეატები - დაფნის გვირგვინი და კანარის კუნძულები

გამოწერა
„Sputnik–საქართველოს“ ამ რუბრიკაში ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო გოცაძე ქართულ სანელებლებზე მოგითხრობთ.

ალბათ, ცოტამ თუ იცის ყველასათვის ნაცნობი ტერმინის „ნობელის ლაურეატი“ წარმომავლობა და შინაარსი დიასახლისების საყვარელ მცენარეს, დაფნას რომ უკავშირდება. საბერძნეთსა და რომში დაფნა, უძველესი დროიდან საკულტო მცენარედაა მიჩნეული და გამარჯვების, ტრიუმფის, დიდების, მშვიდობის და მარადიული სიცოცხლის სიმბოლოს წარმოადგენდა. სპორტული თამაშების, პოეზიისა და საბრძოლო ხელოვნების შეჯიბრში გამარჯვებულებს საზეიმოდ დაფნის გვირგვინებით ამკობდნენ. ეს ტრადიცია დღეს რამდენადმე სახეშეცვლილი ფორმითაა წარმოდგენილი.

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკშიგამარჯვებულის დაფნის გვირგვინით შემკობა
Laurus nobilis - ნობელის ლაურეატები - დაფნის გვირგვინი და კანარის კუნძულები - Sputnik საქართველო
გამარჯვებულის დაფნის გვირგვინით შემკობა

ლაურეატს უწოდებენ ნებისმიერი კონკურსის გამარჯვებულს — მეცნიერს, მსახიობს, მუსიკოსს, მწერალს და სხვ. მათ ჩუქნიან მედლებს, რომელზეც ოქროს, ან ვერცხლის დაფნის ტოტებია ამოტვიფრული. მცენარის სახელთან არის დაკავშირებული ტერმინიც — „ბაკალავრი“, რაც „დაფნის ნაყოფს“, უფრო ზუსტად — 4 წლიანი სწავლის წარმატებულ დასასრულს (დაფნა ნაყოფს იძლევა მე-4 წელს) ნიშნავს.

ფართო გამოყენება აქვს დაფნას ჰერალდიკაშიც. დაფნის ტოტი, როგორც დიდებისა და აღორძინების სიმბოლო, პირველად გამოჩნდა საფრანგეთის რესპუბლიკის გერბზე. XIX-XX საუკუნეებიდან დაფნის გვირგვინი და ტოტი არა ერთი ქვეყნის გერბს და სამეფო მონეტას ამშვენებს.

დაფნა — მარადმწვანე, სუბტროპიკული ხე, ან ბუჩქია დაფნისებრთა ოჯახიდან. მცენარის სამშობლოა ხმელთაშუაზღვისპირეთი. გვარში ორი სახეობაა წარმოდგენილი — კეთილშობილი და კანარის დაფნა.

CC BY-SA 2.0 / Dinesh Valke / Neolitsea cassia (L.) Kostermდაფნის ფოთლები
Laurus nobilis - ნობელის ლაურეატები - დაფნის გვირგვინი და კანარის კუნძულები - Sputnik საქართველო
დაფნის ფოთლები

კეთილშობილი დაფნა — (Láurus nóbilis L.,),  დაფნი, რაფინდი, დეჶნე, დაფი, лавр благородный, бобковое дерево, ბუნებრივად გვხვდება ყირიმსა და კოლხეთის დაბლობზე. უძველესი დროიდან კულტივირებულია მრავალ ქვეყანაში. საქართველოში ველური ფორმით იზრდება დასავლეთ საქართველოს ქვედა ტყის სარტყელში, სადაც 120-150 წლის და მეტი ასაკის ეგზემპლარებიც არის წარმოდგენილი. დასავლეთ რაიონებიდან დაფნა საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებსა და აზერბაიჯანშიც გავრცელდა. დაფნის მეორე სახეობაა აზორის, ანუ კანარის დაფნა (L. Azorica (Seub.) Franco). კანარის კუნძულების ცნობილი „მწვანე მთა“ — მონტევერდე, მასზე შემორჩენილი მესამეული რელიქტური ტყეებით არის ცნობილი, სადაც წამყვანი ადგილი აზორის დაფნას და დაფნისებრთა ოჯახის სხვა წარმომადგენლებს უკავია. ეს სახეობა საქართველოში ბუნებრივად არ გვხვდება და მხოლოდ დეკორატიული მიზნით არის კულტივირებული.

კეთილშობილი დაფნა თავისი თვისებების წყალობით ძვირფას მცენარეს წარმოადგენს. მცენარის ფოთლები, ღეროები და ნაყოფები დიდი ოდენობით შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. ფოთლებსა და ნაყოფებში შემავალი ეთერზეთები, მთრიმლავი ნივთიერებები და ცხიმზეთები სპეციფიურ, სასიამოვნო არომატსა და გემოს ანიჭებს მცენარეს. მასთან ერთად, ფისები, ნახშირწყლები, ორგანული მჟავები, ალკალოიდები, ფიტონციდები და მიკროელემენტები განაპირობებს დაფნის მაღალ სამკურნალო და კვებით ღირებულებას.

როგორც სამკურნალო მცენარე, დაფნა ჯერ კიდევ დიოსკორიდისა და ჰიპოკრატეს დროიდან არის ცნობილი. დაფნის ზეთი უძველესი დროიდან გამოიყენებოდა ტეტანუსის, ციებ-ცხელების, სახის კუნთების ნერვული ტიკების სამკურნალოდ. მადეზინფიცირებელი და ინსექტიციდური თვისებების გამო, ფოთლებს პროფილაქტიკისთვის იყენებდნენ ქოლერის, დიზენტერიის და მალარიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. ასევე, სამშობიარო ტკივილების დასაამებლად, კუნთებში დაძაბულობის მოსახსნელად, სახსრებში ტკივილების შესამსუბუქებლად.

დაფნის თესლი და ფოთლის ნახარში თავის ტკივილის სამკურნალოდ სხვა მცენარეულ წამლებთან ერთად, ნახსენებია ზაზა ფანასკერტელის XV საუკუნის ქართულ სამედიცინო ძეგლში „კარაბადინი“.

ფართო გამოყენება აქვს დაფნას თანამედროვე მედიცინაში. იგი შედის მრავალი სამკურნალო პრეპარატის შემადგენლობაში, როგორც შარდმდენი, ამოსახველებელი, ანტივირუსული, ანტისეპტიკური და დამამშვიდებელი საშუალება. იხმარება ნერვული აშლილობის, დეპრესიის, უძილობის, ქრონიკული ქოლეცისტიტის, ნაღველკენჭოვანი დაავადებების, პირის ღრუს ლორწოვანი გარსების ანთების, გაციების და ანგინის დროს. მცენარის მიერ გამოყოფილი ფიტონციდები ანადგურებს ტუბერკულოზის ჩხირებს. მცენარის ნედლი წვენი შველის შხამიანი მწერების ნაკბენით გამოწვეული კანის გაღიზიანებას. სასუნთქი გზების ინფექციებისას ეფექტურია დაფნის ფოთლების ინჰალაცია. ფეხის ტერფების ოფლიანობის საწინააღმდეგოდ — აბაზანები. დაფნის ჩაის ამცირებს შაქრის დონეს სისხლში. ფოთლების ნახარში აღვივებს მადას, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, დადებითად მოქმედებს შინაგანი ორგანოების მუშაობაზე, ზრდის იმუნიტეტს, ამაღლებს განწყობას და ორგანიზმის საერთო ტონუსს.

დაფნის ნაყოფები და ზეთი შედის რევმატიული ტკივილების, სპაზმების, ნევრალგიების, კანის ანთებითი პროცესების, დერმატიტის, ეგზემის, მუნის, კანის (მათ შორის თავის თმიანი ნაწილის) სხვადასხვა დაზიანების — ჭრილობის, ნაიარევის, დამწვრობის და ინფეციური დაავადებების სამკურნალო მალამოების შემადგენლობაში.

ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებების გამო, ფართო გამოყენება აქვს დაფნას პარფიუმერიასა და კოსმეტოლოგიაში, კანის გამაახალგაზრდავებელი, კანისა და თმის მოვლის (კანის სხვადასხვა გაღიზიანების, ფერიმჭამელების და ქერტლის საწინააღმდეგო), საშუალებების, ანტისეპტიკური საპნისა და ლოსიონების დასამზადებლად. დაფნის ზეთით დამზადებულ საპონს სამედიცინო საპონს უწოდებენ.

დაფნის ნაყოფისგან მიღებული ზეთს გამოყენება აქვს ვეტერინარიაში ტკიპების საწინააღმდეგოდ. დაფნის დაწვისას გამოყოფილი კვამლით იგერიებენ კოღოებს, ჩრჩილს, ბუზებს, ტარაკნებს და ჭიანჭველებს.

როგორც სანელებელი, დაფნის ფოთლების გამოყენება შედარებით გვიან დაიწყო, თუმცა, დღეს ღირსეული ადგილი უკავია კულინარიულ და საკონდიტრო წარმოებაში. დაფნის ფოთოლი ძვირფასი სანელებელია სხვადასხვა სუპების, ბულიონების, ბოსტნეულის, თევზის და ხორცის კერძებისათვის. ფართო გამოყენება აქვს საკონსერვო და ლიქიორების წარმოებაშიც. იხმარება თითქმის ყველა საკვები პროდუქტის — ხილის, ბოსტნეულის, ხორცის, თევზის, სოკოს დამჟავება-დამარილების, დამუჟუჟების და დაკონსერვებისათვის. საკონდიტრო წარმოებაში — ნამცხვრების, კანფეტების, ნაყინის, სიროფების, გამაგრილებელი წყლებისა და სხვა ტკბილეულის დამზადებისას. გარდა იმისა, რომ დაფნა საკვებს სასიამოვნო არომატითა და ვიტამინებით ამდიდრებს, ფიტონციდური თვისებების წყალობით, ახანგრძლივებს მზა კერძების შენახვის ვადას.

CC BY 2.0 / Flickr / Paul Williams / Laurusდაფნის ნაყოფი
Laurus nobilis - ნობელის ლაურეატები - დაფნის გვირგვინი და კანარის კუნძულები - Sputnik საქართველო
დაფნის ნაყოფი

გასული საუკუნის შუა წლებიდან თბილისის, ბათუმის და სოხუმის ბოტანიკურ ბაღებში, აგრეთვე საქართველოს კვების მრეწველობის და ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებში დაფნის კულტურაზე ინტენსიური კვლევებით მეცნიერულად შემუშავდა საქართველოს პირობებში სარგავი მასალის გამოყვანის, პლანტაციის გაშენებისა და მოვლის აგროტექნიკა, ნედლეულის დამზადების, შენახვისა და გადამუშავების ტექნოლოგიები. ამ ტექნოლოგიების გამოყენებით ინტენსიურად ხდებოდა დაფნის წარმოება. გასული საუკუნის 90-იან წლებამდე მიღებული ნედლეულის უდიდესი წილი საქართველოდან ექსპორტზე გადიოდა. სამწუხაროდ, დღეს იმ მასშტაბებით დაფნის წარმოება საექსპორტო მიზნით საქართველოში აღარ ხდება.

CC BY 2.0 / Flickr / the paleobear / Laurusდაფნის ფოთლები
Laurus nobilis - ნობელის ლაურეატები - დაფნის გვირგვინი და კანარის კუნძულები - Sputnik საქართველო
დაფნის ფოთლები

გარდა სამკურნალო და კულინარიული გამოყენებისა, დაფნა უძველესი დროიდან ფართოდ გამოიყენება დეკორატიულ მებაღეობაში ღია გრუნტსა და ქოთნებში, რაც მკაცრი კლიმატის პირობებში ბაღის გალამაზების საშუალებას იძლევა. ესთეტიური სილამაზის გარდა, მცენარე იოლად ექვემდებარება კრეჭას, რაც მრავალფეროვანი ტოპიარული ფიგურების და შტამბიანი ხის ფორმირების შესაძლებლობას იძლევა.

აღსანიშნავია, რომ მცენარის მიერ გამოყოფილი ფიტონციდები აფრთხობს ბუზებსა და კოღოებს. შენობებისა და საცხოვრებელი ბინის შიდა ინტერიერის გასამწვანებლად სხვა მცენარეებთან ერთად დაფნასაც თუ გამოიყენებთ, ესთეტიური სიამოვნების გარდა, თქვენი ბინის ჰაერი სასარგებლო ეთერზეთებით გამდიდრდება.

ყველა ახალი ამბავი
0