ნანი ბრეგვაძე

ნანი ბრეგვაძე: „სიცოცხლე ძალიან მიყვარს და გული არაფერზე მწყდება“

170
(განახლებულია 21:32 21.07.2021)
მოხდენილი, არაჩვეულებრივად ქალური, ნაზი და დიდებული – ნანი ბრეგვაძე 85 წლის გახდა.

დღეს, 21 ივლისს გამოჩენილი ქართველი მომღერალი ნანი ბრეგვაძე იუბილეს აღნიშნავს – რომანსების შეუდარებელ შემსრულებელს 85 წელი შეუსრულდა. მიუხედავად სოლიდური ასაკისა, იგი შესანიშნავად გამოიყურება, კვლავ მღერის, დადის გასტროლებზე და გამოდის სოლო კონცერტებზე. ლეგენდარული ნანი ბრეგვაძე „Sputnik-საქართველოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში წარმატების ფორმულაზე და თავისი ცხოვრების სხვა საინტერესო დეტალებზე საუბრობს.

– დღეს გრანდიოზული იუბილე გაქვთ. ბევრი გადაღებაა და ჩანს, რომ დაიღალეთ. ეს ყველაფერი ალბათ ამაღელვებელია თქვენთვის?

– რასაკვირველია, ძალიან ვღელავ. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ქვეყანაში ასეთი საშინელი ვითარებაა, არეულობაა. და კიდევ ეს პანდემია. უარესს ვერაფერს მოიფიქრებ.

Нани Брегвадзе
© Sputnik / Alex Shlamov
ნანი ბრეგვაძე

არც კი ვიცი, რამდენი ხალხი იქნება. ბილეთები იყიდება, მაგრამ მაყურებელი თითო მაგიდის გამოტოვებით განთავსდება. არ ვიცი, რა იქნება. რა ვქნა, ასე დაემთხვა... თავდაპირველად ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, საიუბილეო ასაკი მაქვს. მაგრამ შემდეგ ვიფიქრე, რატომ უნდა დავთანხმებოდი. არ ვიცი...

– კონცერტის ჩატარების გადაწყვეტილება სპონტანურად მიიღეთ?

– სპონტანურად, სხვები კი ფიქრობდნენ... საჭირო იყო, რა თქმა უნდა, ბოლო კონცერტები... განა რამდენ ხანს შეიძლება სცენაზე გამოსვლა?! თქვენ ახსენეთ გრანდიოზული კონცერტი. მაგრამ წინანდალში ასე არ გამოვა. პირიქით, პატარა კონცერტია. მე და როიალი ვიქნებით. ძალიან მიყვარს როიალით გამოსვლა. ასე თავად გადავწყვიტე. ჯერ წინანდალში იქნება, შემდეგ, აგვისტოში – ბათუმში. ოქტომბრის ბოლოს კი თბილისში დიდი კონცერტი გაიმართება.

– იუბილესთვის თაყვანისმცემლებს არაჩვეულებრივ საჩუქარს უმზადებთ. თავად თუ გიყვართ საჩუქრების მიღება?

– ვის არ უყვარს საჩუქრების მიღება?! ძალიანაც მიყვარს! ბევრ საჩუქარს ვიღებ, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, გეფიცებით, ძალიან ვღელავ, როდესაც ჩემი დაბადების დღეა. ვიცი, რომ ადამიანები დროს კარგავენ იმაზე ფიქრში, რა მაჩუქონ. ყველა ღელავს, იხარჯება. აი, ეს არ მინდა და არ მიყვარს. ყველას ვთხოვ ხოლმე, არაფერი მომიტანონ, უბრალოდ მოვიდნენ. იცით, კიდევ რა? არა აქვს მნიშვნელობა როგორი საჩუქარია.

რა თქმა უნდა, მიმიღია კარგი, ძვირფასი საჩუქრები, მაგრამ ისეც ხდება ხოლმე, რომ ადამიანს საშუალება არ აქვს, მაგრამ გულით გჩუქნის. ასეთ საჩუქრებს ყოველთვის ვაფასებ და ძალიან მადლიერი ვარ, რომ ადამიანები შეწუხდნენ. ეს ყოველთვის დასაფასებელია.

– სიმღერა ადრე დაიწყეთ და თავბრუდამხვევი წარმატებაც მალე გეწვიათ...

– დიახ, წარმატება საბავშვო ბაღიდან თან მდევს. ყოველთვის ყველა აღფრთოვანებული იყო, გოგონა ასე რომ მღეროდა. ექვსი წლისა უკვე რომანსებს ვმღეროდი, რადგან ჩემი სახლი სავსე იყო ადამიანებით, რომლებიც იყვნენ ძალიან მუსიკალურები, გემოვნებიანი, შესანიშნავად ასრულებდნენ რომანსებს. და, რასაკვირველია, ქართულ, სუფრის სიმღერებს, მხოლოდ ეს იყო კამერული სიმღერები. არა ყვირილი და კივილი, არამედ სწორედ ინტიმური და ისეთი, გული და სული რომ უნდა ჩააქსოვო. ესეც მომისმენია. საქართველოში ყველა მღერის. ოჯახი არ არის, სადაც არ მღერიან.

– როგორი გავლენა იქონია თქვენს პიროვნებაზე წარმატებამ და პოპულარობამ? მთელი ამ დროის განმავლობაში ნანი შეიცვალა?

– არანაირი გავლენა არ მოუხდენია. დღესაც არა აქვს. არც კი ვიცი, ეს რა არის. მინდა დამიჯეროთ, რომ სიმართლეს ვამბობ. ღმერთსაც კი ვთხოვე, ჩემთვის ეს გრძნობა გამოემეტებინა, რათა მეგრძნო, რა არის – სიამაყე თუ სიხარული? რადგან ამ ყველაფერმა გვერდით ჩამიარა. ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ არ შევცვლილვარ. და რა გრძნობაა ეს, არ ვიცოდი. ბოლოს ვიგრძენი, ღმერთმა ინება, მეგრძნო. მაგრამ ამაზე შევჩერდი, ვცხოვრობდი ჩვეულებრივად და მშვიდად. საერთოდ, ყველაფერი მშვიდად უნდა მიიღო.

როდესაც პირველად ვიმღერე საერთაშორისო ფესტივალზე მოსკოვში 1957 წელს, ჟიურიში უტიოსოვი იყო, რომელმაც ძალიან შემაქო. შემდეგ ლაურეატობა მოვიპოვეთ. დამოუკიდებელ ორკესტრთან ერთად ვმღეროდი. როდესაც იქიდან ჩამოვფრინდით, თავს გვერდიდან შევხედე და ვკითხე – რა მემართებოდა. რადგან უცებ დამატყდა თავს ფესტივალი, გავხდი ლაურეატი. თითქოს უნდა ამაყობდე და გიხაროდეს. მაგრამ მე მიხაროდა იმიტომ, რომ ყველას უხაროდა. მინდოდა რამე მეგრძნო, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. როგორიც მაშინ ვიყავი, ისეთივე დავრჩი მთელი ცხოვრება.

დღესაც არ მინდა ამ პოპულარობას შევეჩვიო. უბრალოდ, ყოველთვის გულწრფელად უნდა გიხაროდეს წარმატება და არ გაყოყოჩდე. ეს არასდროს მომხდარა და არც არასდროს მოხდება. რა დამრჩა – არავინ იცის, რამდენ ხანს ვიცოცხლებ. მაგრამ მინდა, სიცოცხლე ძალიან მიყვარს.

– თქვენი წარმატება და პუბლიკის სიყვარული – როგორ ფიქრობთ, ეს თქვენი ნიჭის დამსახურებაა თუ თავდაუზოგავი შრომის?

– ჯერ ერთი, შრომის გარეშე არაფერი გამოდის. საჭიროა ძალიან ბევრი შრომა. მაგრამ იმიტომ ვმღეროდი, რომ სიმღერა მინდოდა და არა იმისთვის, რომ პოპულარული მომღერალი გავმხდარიყავი. პოპულარული ბავშვობიდანვე ვიყავი თბილისში, სხვათა შორის. ეს პატარა ქალაქია და მისი და ჩემი ხალხის გარდა, ჩემი მეგობრების გარდა, არაფერი მაინტერესებდა.

Грузинская певица Нани Георгиевна Брегвадзе
© photo: Sputnik
ნანი ბრეგვაძე

როდესაც საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტის წოდება დავიმსახურე, გამიკვირდა და ვიკითხე, რატომ მომცეს ეს წოდება, რა შუაში ვიყავი? შემდეგ საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. ესეც გამიკვირდა. როდესაც სსრკ-ის სახალხო არტისტის წოდება მომანიჭეს, ისე ძალიან გამიკვირდა, სიტყვით ვერ გადმოგცემთ. საბჭოთა პერიოდში იყვნენ ასეთი მომღერლები – ჩემი მეგობარი კობზონი, ედიტა პიეხა, ალაც გამოჩნდა, ის ჩემთვის დღემდე ნომერი პირველია, ვერავინ შეედრება. ყველას თავისი ინდივიდუალიზმი აქვს, თავისი მანერა. ყველა შესანიშნავია, მაგრამ მან ამ ესტრადაზე რევოლუცია მოახდინა. ის არა მხოლოდ კარგი მომღერალია, არამედ არტისტიცაა. როდესაც მღერი, უნდა გესმოდეს, რას მღერი, და უნდა განიცდიდე. ეს მას ჰქონდა და დღემდე აქვს. დიდ პატივს ვცემ, მიყვარს.

– არის რამე, რაზეც გული გწყდებათ, რისი გაკეთებაც ვერ მოასწარით, მაგრამ ძალიან გინდოდათ?

– იყო. რაღაც დროის შემდეგ დავფიქრდი, რატომ არ გავხდი ოპერის მომღერალი? ოპერაში, ამ სპექტაკლებში არის არიები, რომლებსაც ვგრძნობდი და მინდოდა ჩემი რუსული და ქართული რომანსები ამ დონემდე ამეყვანა. ყოველთვის მქონდა განცდა, რომ არიას ვმღეროდი.

Нани Брегвадзе и Роберт Бардзимашвили
© photo: Sputnik / Pishchalnikov
ნანი ბრეგვაძე და რობერტ ბარძიმაშვილი

თავდაპირველად ძალიან ვბრაზობდი. რატომ ვიყავი რომანსების მომღერალი? ქართული სიმღერები ხომ ასეთი შესანიშნავია. მეც ვმღეროდი. მაგრამ მაშინ იყო საბჭოთა კავშირი, გავრცელებული იყო რუსული ენა. თავისთავად გამოვიდა ისე, რომ რომანსების შესრულება დავიწყე. პატარაობიდანვე მესმოდა ისინი დედისგან, დეიდებისგან, რომლებიც არაჩვეულებრივად მღეროდნენ. შემდეგ ფორტეპიანოს განხრით კონსერვატორია დავამთავრე. ამ უმაღლესმა მუსიკალურმა განათლებამ ბევრი რამ მომცა. ასე რომ – არ ვწუწუნებ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ინანო. მადლობელი უნდა იყო იმისთვის, რასაც ღმერთი გაძლევს. გულხელდაკრეფილი არ ვმჯდარვარ. ყოველთვის ვმუშაობდი. ახლაც ვმუშაობ, წარმოგიდგენიათ?!

– თქვენი რეპერტუარიდან ყველაზე მეტად რომელი სიმღერა გიყვართ?

– ამის თქმა შეუძლებელია. ყოველთვის ის სიმღერაა საყვარელი, რომელიც პოპულარული ხდება.

– როგორც ვიცი, ადრე ასაკს არ ამხელდით.

– ისე ვმალავდი, იმდენჯერ ვიცრუე, რომ ბოლოს დამავიწყდა, რამდენი წლის ვიყავი (იცინის). მაგრამ როდესაც 80 წელი შემისრულდა, ვიფიქრე, რაღა დასამალია და რატომ ვაქციო-მეთქი საიდუმლოდ? ხელი ჩავიქნიე. და, იცით, რა მოხდა? უფრო პოპულარული გავხდი. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს. 80 წლისამ გრანდიოზული კონცერტი გავმართე – შვიდი ათასი ადამიანი მოვიდა. ღია სივრცეში გამოვდიოდი. მაშინ ჯერ კიდევ შემეძლო კარგად სიმღერა...

– ყოველთვის კარგ ფორმაში ხართ, ყოველთვის მოვლილი, მოწესრიგებული, არაჩვეულებრივი მანერებით. ამის საიდუმლო რა არის?

– ასეთი ვარ. ასეთი დავიბადე. ყოველთვის მინდოდა აკურატული ვყოფილიყავი. თავს ლამაზად არასდროს ვთვლიდი, მაგრამ რაღაც მკარნახობდა, როდის რა უნდა ჩამეცვა, როგორ მოვქცეულიყავი. კიდევ ძალიან მკაცრი აღზრდა მქონდა. შეიძლება კარგიცაა, როდესაც თავისუფალი ხარ და ისე იქცევი, როგორც გინდა, ისე იცვამ, როგორც გინდა. მაგრამ მე მიყვარს ლამაზად ჩაცმა, სახლშიც კი არ შემიძლია, უბრალოდ გამოვიყურებოდე.

Нани Брегвадзе
© Sputnik / Alex Shlamov
ნანი ბრეგვაძე

ხალათებიც მაქვს, რომლებიც ძალიან მიყვარს. მაგრამ შემდეგ ვიცვამ, რადგან სულ ხალხში ვტრიალებ. სახლშიც კი. ხშირად მოდიან სტუმრები და, ღმერთმა დამიფაროს, ვინმე მოვიდეს და თმაგაჩეჩილი და უმაკიაჟოდ მნახოს.

– ჩვენ გვქონდა განცდა, რომ პირად ცხოვრებაში არ გაგიმართლათ. ვფიქრობდით, რომ ვერ შეხვდით ადამიანს, ისეთ ძლიერს, რომელიც ბოლომდე თქვენ გვერდით იქნებოდა, თქვენს პოპულარობასთან ერთად?

– ასე ვიტყვი: ყველაფერი, რაც ხდება, უკეთესობისკენაა. ისეთ ადამიანს რომ გავყოლოდი ცოლად, რომელიც ფეხზე მყარად იდგა, ქართველს, ის სცენაზე არ გამიშვებდა, ნებას არ დამრთავდა, ორი-სამი თვე სახლში არ ვყოფილიყავი. ჩემი მეუღლე ახალგაზრდა იყო, ჩემი ტოლი. ყველაფერს დედაჩემი უძღვებოდა და მასაც უთხრა, თუ გინდა ცოლთან იყო, იმასაც უნდა შეეგუო, რომ იმღერებსო. აი, ასეთი დედა მყავდა.

Солистка ансамбля Орэра Нани Брегвадзе.
© photo: Sputnik / Владимир Богатырев
ნანი ბრეგვაძე

ყოველთვის, როდესაც მივემგზავრებოდი და ვბრუნდებოდი, ხელახლა ვეცნობოდით ერთმანეთს. ეს ცხოვრება არაა... ვფიქრობ, ძალიან კარგია, ასე რომ მოხდა. ახლა ასე ვამბობ. მაშინ, რასაკვირველია, მინდოდა გვერდით მყოლოდა ადამიანი, რომელიც ხელის გულზე მატარებდა. ძალიან მიყვარდა. წესიერი, ლამაზი, შესანიშნავი იყო, ძალიან კარგი ოჯახიდან... თავად წავიდა, ვერ გაუძლო. ხომ იცით, ქართველები როგორები არიან... ის ახალგაზრდა იყო და უხერხულობას გრძნობდა, როდესაც ეკითხებოდნენ – „ნანი სადაა?“, რაზეც ყოველთვის პასუხობდა: „აქ არ არის“.

ჩემთან ერთად გამოდიოდნენ შესანიშნავი ახალგაზრდა მომღერალი მამაკაცები. მათ მიმართ სხვაგვარი დამოკიდებულება მქონდა, ჩემი ძმებივით იყვნენ. ეს ყველასთვის ცნობილია. ჭორებიც დადიოდა, რა თქმა უნდა. უამისოდ როგორ შეიძლება? მაგრამ როდესაც სიმართლე არ არის, ხმებიც მალე ქარწყლდება. ყველა სწრაფადვე ივიწყებდა.

თავის დროზე მასზე ვფიქრობდი, განვიცდიდი, უჩემოდ როგორ იყო, რას აკეთებდა. არადა გასტროლებზე ჩამოდიოდა ხოლმე ჩემთან, დილით ადრე ჩამოფრინდებოდა, მამოწმებდა. ბოლოს წავიდა. იცით – გავთავისუფლდი. არაფერზე გული არ უნდა დაგწყდეს, რადგან ცხოვრება წინ მიდის. ყველაფერი წარსულში დარჩა და დროს ფეხი უნდა აუბა. ასეთია ჩემი დევიზი.

– თქვენს ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა დედამ, რომელიც ყველაფერს უძღვებოდა. ხომ არ ფიქრობთ, თქვენს პირად ცხოვრებაში რომ არ ჩარეულიყო, ოჯახს შეინარჩუნებდით და კარიერაზე უარს იტყოდით?

– იცით, ის ყოველთვის მართალი იყო. ძალიან ჭკვიანი იყო, ბრძენი. უნდოდა, რომ მერაბთან ვყოფილიყავი. ძალიან. უყვარდა, და მასაც (მერაბსაც) უყვარდა. მაგრამ შემოქმედებას რაც ეხებოდა, ამას დაჟინებით ითხოვდა. არა ბაბუაჩემი, დეიდა ან მუსიკის პედაგოგი, არამედ დედა. ყველა წინააღმდეგი იყო, დედა კი – მომხრე. ამასთან, არც ის უნდოდა, რომ ყველაფერი მიმეტოვებინა და მემღერა. ხვდებით, ჩემში რაღაცას ხედავდა და უნდოდა სცენაზე ვენახე. ყოველთვის ესწრებოდა ჩემს სპექტაკლებს, მეორე რიგში, შუაში იჯდა. რჩევებს მაძლევდა.

– ეწინააღმდეგებოდით?

– დედას ვერ ვეწინააღმდეგებოდი. ან როგორ გავუწევდი წინააღმდეგობას?! თავი მე მომიძღვნა, ჩემთვის ცხოვრობდა. მაგრამ ეს არავის არ აღიზიანებდა. დედაჩემი ყველას უყვარდა. ისე მასპინძლობდა სტუმრებს... მაშინ მთელი ქალაქი ჩვენს სახლში იკრიბებოდა. მოდიოდნენ ისეთი საინტერესო ადამიანები. რაზე უნდა დამწყდეს გული? ეს ადამიანები მენატრება, საინტერესო ადამიანები. რა დრო იყო, აღმავალი! კულტურა საქართველოშიც, რუსეთშიც და მთელ მსოფლიოშიც უმაღლეს დონეზე იყო.

Певицы Нани Брегвадзе и Эка Мамаладзе
ნანი ბრეგვაძე და ეკა მამალაძე

– ძალიან მომთხოვნი ხართ ქალიშვილის მიმართ? დედათქვენს ჰგავხართ?

– არა, ისეთი არ ვარ. არ ვერევი. მაგრამ როდესაც დედაჩემმა მოინდომა ჩემი ეკატერინეს, ეკას ცხოვრებაში ჩარევა, ვუთხარი: დედა, ეს უკვე შენი საქმე არ არის. და გაჩერდა. მაგრამ აღზრდა ყოველთვის საჭიროა. სკოლა უნდა იყოს საშინაოც, სხვაგვარად არაფერი გამოვა და ყველანი ველურებივით მოვიქცევით. როგორ არ უნდა უთხრა ბავშვს, როდესაც ვინმე შემოდის – ადექი, მიესალმე, ქალი წინ გაატარე. ეს აღზრდის წვრილმანი, მაგრამ აუცილებელი მომენტებია. მრავალ ქვეყანაში 16-18 წლის ასაკში სახლიდან მიდიან და დამოუკიდებლად ცხოვრებას იწყებენ. ეს ვერ წარმომიდგენია. შეცდომებს უშვებენ, იწყებენ მოწევას, სმას, მავნე ჩვევები უვითარდებათ. როგორ შეიძლება არ ჩაერიო? მაგრამ არ შეიძლება შეურაცხყოფის მიყენება, უნდა მოძებნო მიდგომა შვილებისადმი. ასე ვიტყოდი, სიყვარული, ბავშვებისადმი დამოკიდებულება და პატივისცემა – მათ უნდა ესმოდეთ, რომ პატივს სცემ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, ჰკითხო აზრი, რა ჩაიცვა. და როდესაც შენიშვნის ან რჩევის მიცემა გინდა, ეს არ უყვართ (იღიმება).

– დღევანდელ მუსიკას როგორ აფასებთ?

– დონე დაბალია. იმედია, დროებითი მოვლენაა. თავს იმით ვიმშვიდებ, რომ მხოლოდ ჩვენთან არ არის ასე, ყველგანაა. ასეთი დრო მოვიდა. ომის შემდეგ როგორი სიმღერები დაიწერა? მუსიკა, ლიტერატურა, პოეზია, ფერწერა – ყველაფერი მაღალ დონეზე იყო. XX საუკუნის დასაწყისი იყო და მას შემდეგ წამოვიდა და წამოვიდა 80-იანებამდე. შემდეგ კი ყველაფერი გაქრა.

Нани Брегвадзе
© Sputnik / Alex Shlamov
ნანი ბრეგვაძე

ახლა ნულზე ვართ, ნამდვილად. ბრძოლაც არ გამოგვდის. როდესაც ჩემი შემოქმედება მწვერვალზე იყო, ყველას მოსწონდა, როგორც ვმღეროდი. მაგრამ თვითკრიტიკული ვიყავი, რაღაც არ მომწონდა. როდესაც დრო მოვიდა, მივხვდი, რომ სიღრმე არ იყო. ახლა უკეთ მესმის. მაგრამ უკვე გვიანია. ხმა არ არის, თუმცა ყველაფერი კარგად მესმის.

– იყო თუ არა კრიტიკა თქვენ მიმართ, რომელიც გწყენიათ?

– არა, არასოდეს. მოდიოდნენ ადამიანები და მეუბნებოდნენ – იქნებ ეს რომანსი არ გემღერა? იქნებ ეს ასე გააკეთო? ისეთი ხალხი, რომელსაც კარგად ესმოდა მუსიკა. მათგან შენიშვნებს ვიღებდი. ისე კი, კრიტიკა ყოველთვის იყო საქართველოშიც, რუსეთშიც. ძალიან ძლიერი.

– ფონოგრამით თუ მღერით? მსმენია, რომ არ გიყვართ.

– არ შემიძლია ფონოგრამით სიმღერა. ფონოგრამა არ მაქვს. იცით, რა ხდება? უბრალოდ პირს აღებ გრძნობების გარეშე. ასე არ შემიძლია. უნდა ვიგრძნო, სხვაგვარად არ გამოვა.

როდესაც ზედიზედ რამდენიმე კონცერტი მქონდა, სამი დღე ენერგიით სავსე ვმღეროდი. მეოთხე დღეს მივხვდი, რომ ენერგია გამომელია. ენერგია მეცლებოდა, მექანიკურად სიმღერა კი არ მინდოდა. როდესაც მღერი, სიამოვნება უნდა განიცადო. ძალიან ხშირად რომანსებში ახალი ინტონაციები მქონდა. აი, რატომაა საინტერესო ცოცხალი შესრულება.

– როგორ ისვენებს ნანი ბრეგვაძე?

– არც კი ვიცი... ბუნება მიყვარს ძალიან, სიმწვანე, ხეები, მთები ზღვაზე მეტად. მაგრამ ზღვა აუცილებელია. აგარაკზეც ვისვენებ. კარგია, როდესაც საკუთარი ბოსტანი გაქვს და იქ რაღაცას აკეთებ.

– ისეთი ჰობი თუ გაქვთ, რომელზეც არავის სმენია?

– ჰობი არ მაქვს. ჩემი ჰობი – სიმღერაა. სიმღერის გარეშე დღეც არ გადის. თქვენს მოსვლამდე ვიჯექი და ვმღეროდი. სახლში იმას არ ვმღერი, რასაც ესტრადაზე, არამედ ჩემთვის ვთხზავ. ეს სიამოვნებას მანიჭებს.

Нани Брегвадзе
© Sputnik / Alex Shlamov
ნანი ბრეგვაძე

– ოცნება თუ გაქვთ?

– ვერავის გავაკვირვებ, თუ ვიტყვი, რომ მინდა ჩემი ოჯახი, შვილები ჯანმრთელად იყვნენ, მშვიდი ცხოვრება ჰქონდეთ. რომ ჩემი სამშობლო, საყვარელი სამშობლო დამშვიდდეს. რომ ერთმანეთს პატივსა სცემდნენ და უყვარდეთ. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია. თუ აქ რაღაც საშინელება ხდება, შენ ვერ დაისვენებ. ეს ცხოვრება არ არის.

და ჩემი ოცნებაა – ჩემი შვილები (ბიჭებს თავიანთი საქმეები აქვთ), ჩემი გოგონები თავიანთ საქმეში, სიმღერაში თავის სიმაღლეზე იდგნენ. როდესაც წავალ, მინდა ვიცოდე, რომ მათ სიმაღლეს მიაღწიეს. ეკა უკვე პოპულარულია, დიდი ხანია მღერის. ნატალიას კონკურსებზე მაღალი შეფასებები აქვს მიღებული. ის ოპერის მომღერალია. მაგრამ ახლა ყველაფერი გაჩერდა. და კიდევ ორსულადაა. შვილთაშვილს ველოდები. ეს მესამე შვილთაშვილი იქნება. ღმერთმა ჯანმრთელად მიმყოფოს!

მე ცხოვრება უკვე გავლიე. ძალიან საინტერესოდ ვიცხოვრე. ჩემ გვერდით შესანიშნავი ადამიანები იყვნენ. განათლებული და აღზრდილი. უკვე წავიდნენ. აი, 2-3 თვეში ისეთმა გამოჩენილმა ადამიანებმა დაგვტოვეს და ამასთან შეგუება ძალიან რთულია. სულ ცოტა ხნის წინ – გამოჩენილი მხატვარი ზურაბ ნიჟარაძე. ეს მისი ნახატებია ირგვლივ. ახლობელი იყო.

– ფეთქებადი ხასიათი გაქვთ? წყობიდან ხშირად გამოდიხართ, ყვირით?

– არასდროს არავისთან მიჩხუბია. ცოცხალი ადამიანი ვარ, არის მომენტები, როდესაც რაღაც არ მომწონს, როდესაც ისე გამოდის, რომ შეურაცხყოფა მომაყენეს და სახლში ვბრაზობ, მინდა დავრეკო, მაგრამ თავს ვიკავებ. თავშეკავება – საუკეთესო თვისებაა.

Нани Брегвадзе
© Sputnik / Alex Shlamov
ნანი ბრეგვაძე

– სახლში ყოფნა გიყვართ?

– სახლი ჩემი საყვარელი ადგილია. სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის სახლში მიმეჩქარება. სახლი ძალიან მამშვიდებს. აქ თავს კარგად ვგრძნობ. როდესაც პანდემია დაიწყო და მითხრეს, რომ სახლიდან გასვლა არ შეიძლებოდა, ჩემთვის ეს სიახლე არ იყო. ისედაც ვიჯექი და თავსაც შესანიშნავად ვგრძნობდი. სახლში საქმე ყოველთვის მაქვს.

– რომელია თქვენი საყვარელი კუთხე სახლში?

– სამზარეულო და როიალი. ხშირად ვცვლი დეკორაციებს. იცით, ეს კარგი თავშესაქცევია. 

– ფაიფურის კოლექცია გაქვთ?

– ძალიან მიყვარს ჩინური ფაიფური. ეს ყველაფერი მე შევიძინე. ბევრი მშობლებისგანაც დამრჩა. ნახატებსაც ვყიდულობდი, ზოგს მჩუქნიდნენ. ჩემს კედლებს ძირითადად ქართველი მხატვრების ნამუშევრები ამშვენებს. ბევრი სურათი მაჩუქა ტონინო გუერამ, რომელიც ნამყოფი იყო ჩემთან და ძალიან ვუყვარდი.

Грузинская певица Нани Георгиевна Брегвадзе
© photo: Sputnik / РИА Новости
ნანი ბრეგვაძე

– ხანდაზმულობის მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

– ერთხელ იაპონიაში ჩვენს კონსულთან ერთად მივდიოდი და მას იაპონელი ქალი შეხვდა, ისიც მომღერალი. შემომხედა და კონსულს რაღაც უთხრა. როდესაც ერთმანეთს დაემშვიდობნენ, კონსულმა მისი ნათქვამი გადმომცა: ამ გოგონას (მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი) კარგი სიბერე ექნებაო. ვუპასუხე – სიბერე რაში მაინტერესებს, მინდა ახლა ვიცხოვრო კარგად-მეთქი. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, კარგი სიბერე, თურმე, ძალიანაც მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რაც ქვეყანაში ხდება, მაინც შესანიშნავი სიბერე მაქვს. 

მარტო არ ვარ, ჩემ გარშემო ჩემი შვილები, შვილიშვილები არიან, რომლებიც თავს დამტრიალებენ. ჩემს ასაკში მათთვის საჭირო ადამიანი ვარ. მე კი ვბრაზობ, ვეუბნები, თავი დამანებონ. მართლა მინდა, არაფერზე არ ვიფიქრო და უბრალოდ ვიცხოვრო...

170
თემები:
საქართველოს სიამაყე (71)
ნიგერიელი მომღერალი ომა ფავორი

„თქვენმა მუსიკამ დამატყვევა“ ქართულად ამღერებული ნიგერიელი მომღერალი

390
(განახლებულია 16:20 26.07.2021)
ნიგერიელი უნიჭიერესი მომღერალი ომა ფავორი საქართველოში უკვე რამდენიმე წელია ცხოვრობს. ნიგერიაში დაწყებული მისი მუსიკალური კარიერა საქართველოში გაგრძელდა.

ომა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მედიცინის ინგლისურენოვან პროგრამაზე სწავლობს. როგორც ახალგაზრდა მომღერალი ამბობს, ამ პროფესიაზე მოთხოვნა აფრიკის კონტინენტზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და მის შემთხვევაშიც პროფესიული არჩევანი ამან განაპირობა.

ომამ სიმღერა 10-12 წლის ასაკში დაიწყო, ხოლო 16 წლიდან მოყოლებული დღემდე სხვადასხვა ბენდში მღეროდა. აღსანიშნავია, რომ ის სიმღერებს ქართულ ენაზეც უპრობლემოდ ასრულებს. მან მუსიკალურ კონკურსში „დიდი სცენა“ რამდენიმე კომპოზიცია ქართულ ენაზე შეასრულა.

ვოკალისტმა „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას ქართული ენის ბარიერზე, საქართველოში ჩამოსვლის მიზეზებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

Конкурсантка шоу Большая сцена Ома Фавор
ომა ფავორი

- როგორ დაიწყო შენი მუსიკალური კარიერა?

- სიმღერა პატარა ასაკში დავიწყე, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ნიგერიაში ვცხოვრობდი. მოგვიანებით ნიგერიიდან სამხრეთ ამერიკაში მომიწია საცხოვრებლად გადასვლა. იქ ადგილობრივ მუსიკოსებს შევხვდი და მათ ბენდში გავწევრიანდი. ჩვენ კონცერტებს ვმართავდით კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში - ტრინიდადსა და ტობაგოში და სხვაგან. შემდეგ საქართველოში ჩამოვედი, საიდანაც ლონდონში უნდა წავსულიყავი. მაგრამ ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც დაგეგმილი მქონდა. შემდეგ აქ გავწევრიანდი ერთ-ერთ მუსიკალურ ბენდში და ჩემი მუსიკალური კარიერა საქართველოში ასე დაიწყო.

Участница шоу Большая сцена Ома Фавор
ომა ფავორი

- როგორ შეიტყვე საქართველოს შესახებ და რატომ გადაწყვიტე აქ ჩამოსვლა?

- სამედიცინო განათლების მიღება მსურდა. როდესაც ბრიტანეთში ვცხოვრობდი, ჩემი ერთ-ერთი მეგობარი საქართველოში იმყოფებოდა, მან დამირეკა, მომიყვა ამ ქვეყნის შესახებ, რის შემდეგაც გადაწყვიტე აქ ჩამოსვლა და სამედიცინო მიმართულებაზე სწავლა.

Певица из Нигерии Ома Фавор
ომა ფავორი

- რას ფიქრობ ქართულ ენაზე, გაგიჭირდა მისი სწავლა? უცხოელებს ხშირად უჭირთ ქართულ ენაზე სხვადასხვა ასოების წარმოთქმა.

მართალია, თავიდან ძალიან გამიჭირდა, თუმცა საქართელოში რომ ჩამოვედი, ქართული ენის კურსები გავიარე. აქ ყოფნის პირველი წელი ბევრად რთული იყო, მაგრამ ერთი წლის შემდეგ უკვე შევძელი ცოტა ქართულად საუბარი. ახლა შედარებით მიმარტივდება თქვენი ენის გაგება, რადგან ბევრი ქართველი მეგობარი მყავს, რომლებთანაც მუდმივად ქართულად ვსაუბრობ.

- რას ფიქრობ ქართულ მუსიკაზე?

- მიყვარს ქართული მუსიკა, რადგან ძალიან ორიგინალურია. როდესაც ქართულ მუსიკას პირველად მოვუსმინე, გავოცდი, შეიძლება ითქვას, დამატყვევა. მასში დავინახე სული და ვნება. ასევე ძალიან მომეწონა თქვენი ტრადიციული ცეკვები, რომელიც ასევე ძალიან ორიგინალურია.

- განსაკუთრებით რა მოგეწონა ჩვენს ქვეყანაში და აპირებ თუ არა დარჩენას?

- განსაკუთრებით ქართველი ხალხი მომწონს, თუმცა გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ ზოგიერთი მათგანი უცხო ქვეყნის მოქალაქეს კარგად არ ხვდება. ასევე მომწონს ქართული კერძები, რომელიც უგემრიელესია. რაც შეეხება თქვენს ქვეყანაში დარჩენას, ამის ძალიან დიდი სურვილი მაქვს, მაგრამ უცხოელებისთვის ძალიან ძნელია აქ ცხოვრება, რადგან საქართველოში ამის პირობები ნაკლებად არის. ამას ასევე ართულებს ის ფაქტი, რომ ძალიან რთულია საქართველოში ცხოვრების ნებართვის მიღება.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

- ჩემს მშობლებს ძალიან უნდათ სამედიცინო სფეროს მიმართულებით წარმატებას მივაღწიო. ივლისში სწავლას დავამთავრებ, შემდეგ ვაპირებ ბრიტანეთში წასვლას, სადაც გავაგრძელებ ჩემს სარეზიდენტო პროგრამას და ძალიან მინდა ექიმი გავხდე. ცხოვრება თუ ამის საშუალებას მომცემს, მინდა პარალელურად მუსიკის შექმნაც გავაგრძელო და რამდენიმე მუსიკალური ნამუშევარი გამოვუშვა. თუმცა, არასდროს ვიცით ცხოვრება რას გვიმზადებს, ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული...

 

390
ლელა ნუცუბიძე

ფილოლოგი, რომელსაც „ძაფებთან თამაში“ უყვარს, და 80 ფერით მოქარგული ტილო

646
(განახლებულია 20:46 13.07.2021)
როცა მის მოქარგულ ნამუშევრებს უყურებ, ძნელად იჯერებ, რომ მისმა ავტორმა ხატვა საერთოდ არ იცის. უბრალოდ, ერთ დღეს სურვილი გაუჩნდა, დაჯდა და ქარგვა დაიწყო.

ამ საქმით „მოწამლულმა" ქუთაისელმა ქალბატონმა ლელა ნუცუბიძემ, რომელიც პროფესიით ფილოლოგია, მისთვის ჩვეული სტილით უკვე არაერთი საინტერესო ნამუშევარი მოქარგა და გამოფენებშიც მიიღო მონაწილეობა. დღეს იგი „საქართველოს მქარგველების და ხელმარჯვეების“ ასოციაციის წევრია და სამომავლოდ ქარგვის საკუთარი ხელწერის დახვეწას აპირებს.

ლელა ნუცუბიძე
ლელა ნუცუბიძე

- ქალბატონო ლელა, ცხოვრებაში ყველაფერი ერთ მშვენიერ დღეს ხდება ხოლმე...

- ჩემი ამბის თხრობას ცოტა შორიდან დავიწყებ. არ მახსოვს რამდენი წლის ვიყავი, სულ ვაკვირდებოდი დედას, რომელიც წყლისებური ტექნიკით ქარგავდა. მომწონდა ფერადი ძაფები, თუმცა მათთან მიახლოებას ვერ ვბედავდი. ჰოდა, მართლაც ერთ მშვენიერ დღეს გავბედე, დავჯექი და ჩუმად ამოვქარგე ყვავილები, რომელიც ძალიან ლამაზი გამოვიდა. ამის შემდეგ „მოვიწამლე" ამ ხელსაქმით. ხატვით, გაგიკვირდებათ და, საერთოდ არ ვხატავ. როცა ქარგვა დავიწყე, ისიც კი არ ვიცოდი, ძაფებს ნომრები თუ ჰქონდა. მოგვიანებით ბავშვობის მეგობარმა ჯვარედინი ქარგვა მასწავლა. მისი დღემდე მადლიერი ვარ. ქარგვა გიქმნის თავისებურ მშვიდ და ლამაზ განწყობას და ის გარემოც, სადაც ქარგავ, ასეთივე ხდება.

ლელა ნუცუბიძის შემოქმედება
ლელა ნუცუბიძის შემოქმედება

- ფილოლოგები ხშირ შემთხვევაში ხდებიან ის ადამიანები, ვისაც წიგნის კითხვა უყვარს, თქვენ შემთხვევაშიც ეს იყო განმსაზღვრელი?

- ალბათ ჩემ შემთხვევაშიც ასე გამოვიდა. სახლში ძალიან მდიდარი ბიბლიოთეკა გვაქვს. შესაბამისად, კითხვაც პატარაობიდან დავიწყე. ერთ რომელიმე ჟანრს არ ვარჩევდი. თუმცა არ ვიცი რატომ, კლასიკური ნაწარმოების შემდეგ აუცილებლად მსუბუქ ლიტერატურას ვკითხულობდი ხოლმე. ამის გარდა, სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას სასიამოვნო გარეგნობის, არაჩვეულებრივი პედაგოგი, ეთერ ტეხაშვილი მასწავლიდა. ვთვლი, რომ ჩემი პროფესიაც ამ ქალბატონმა განსაზღვრა.

ლელა ნუცუბიძე გამოფენაზე
ლელა ნუცუბიძე გამოფენაზე

- ვიცი, რომ ხუმრობით ამბობთ, ფერებს ვეთამაშებიო, ყველაზე დიდი რაოდენობის ფერით რომელი სურათი მოგიქარგავთ?

- საერთოდ ფიქრი მიყვარს და ეს ალბათ თითქმის ყველა სურათზე აისახება. დიახ, ხუმრობით ვამბობ ხოლმე, ძაფებს და ფერებს ვეთამაშები–მეთქი. ჩემთვის ამგვარი „თამაშის“ პროცესი ძალიან სასიამოვნოა. მიყვარს, როცა უჯრა უჯრას ემატება, ფერს ფერი ცვლის შეუმჩნევლად... საოცარი მომენტია, ესაა ხელოვნების ძალა, რომელსაც იმ წუთებში გრძნობ. რაც შეეხება თქვენს კითხვას, სურათი, რომელზეც ახლა ვმუშაობ, 80 ფერით იქარგება. ამ რაოდენობის ძაფით მუშაობა, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ ამავე დროს საინტერესოც. ვქარგავ „მულინის" ძაფით, ჯვარედინი და წყლისებური ტექნიკით, დღეს ასე ბევრი მუშაობს, მაგრამ მე ვცდილობ, რომ ინდივიდუალობა შევინარჩუნო და მხოლოდ ისე მოვქარგო, როგორც მესმის და მომწონს.

ლელა ნუცუბიძის შემოქმედება
ლელა ნუცუბიძის შემოქმედება

- დღეს სხვადასხვა პროფესიის ქალბატონები ცდილობენ, რომ საკუთარი თავი ხელოვნების ამა თუ ის სფეროში აღმოაჩინონ...

- როცა სოციალური ქსელები გაჩნდა, აღმოვაჩინე, რომ საქართველოში თურმე ბევრი ქალბატონი ქარგავს. გამიჩნდა ინტერესი და სურვილი, რომ ისინი გამეცნო და შევხვედროდი მათ. ასეც მოხდა, გაცნობის მერე რეგულარული შეხვედრები დავიწყეთ. მერე ერთობლივი გამოფენებიც მოეწყო თელავში, ბათუმში, თბილისსა და ქუთაისში. ყველა გამოფენა ერთნაირად საინტერესო იყო. სასიამოვნოა, როცა ერთ სივრცეში თავმოყრილ ამდენ სილამაზეს უყურებ. ხშირად მეკითხებიან პერსონალურ გამოფენაზე, მაგრამ ამ ეტაპზე თავს ვიკავებ, რადგან ვთვლი, რომ ამისთვის ჯერ მზად არ ვარ.

ლელა ნუცუბიძის შემოქმედება
ლელა ნუცუბიძის შემოქმედება

- თუ ხართ რომელიმე შემოქმედებითი ორგანიზაციის წევრი?

- ჩვენთან მოქმედებს „საქართველოს მქარგველების და ხელმარჯვეების“ ასოციაცია, რომელშიც გაერთანებული ვარ. ჩვენი პრეზიდენტი, ვინც ამ ყველაფერს სხვებთან ერთად ჩაუყარა საფუძველი, ძალიან საინტერესო ახალგაზრდა გოგონა ნინო მდინარაძეა. თავიდან პირადად ნინოს დავუკავშირდი. ამგვარი ასოციაცია ყველასთვის კარგია, რადგან მის ფარგლებში ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთებაა შესაძლებელი. სამწუხაროდ, როგორც ყველას, პანდემიამ გეგმები ჩვენც შეგვიცვალა.

ლელა ნუცუბიძის შემოქმედება
ლელა ნუცუბიძის შემოქმედება

- ალბათ ამ დროს ძაფების დეფიციტიც გაჩნდა...

- დიახ, როცა ქვეყანა ჩაიკეტა, ძაფს და კანვას ვეღარ ვყიდულობდი. თუმცა უსაქმოდ მაინც ვერ გავჩერდი და თმის სამაგრების მოქარგვა დავიწყე. დღეს სუვენირებსაც ვაკეთებ. ერთხელ ზარდახშაც ვცადე და, მგონი, ლამაზი გამოვიდა.

ლელა ნუცუბიძის შემოქმედება
ლელა ნუცუბიძის შემოქმედება

- ქუთაისი ოდესღაც „ინდუსტრიის ქალაქი“ იყო, დღეს აქ ბევრი ხელმარჯვე ქალბატონი საქმიანობს. ალბათ ის თქვენი შთაგონების წყაროც არის?

- დიახ, „ინდუსტრიის ქალაქი“ დიდი ხანია აღარ არის, მაგრამ მან დღემდე შეინარჩუნა თავისი კოლორიტი, ინდივიდუალურობა და სულიერება, რითიც ყოველთვის გამოირჩეოდა. აქ ჩემი ბავშვობაა - ფერადი, ლაღი და ლამაზი წარსული. მიყვარს მწვანეში ჩაფლული ეს მშვიდი და ზომიერი იუმორით გაჯერებული ქალაქი, რომლისთვისაც სტუმართმოყვარეობა უცვლელი ტრადიციაა. ბედნიერებას მანიჭებს აქაური ურთიერთობები და ალბათ ესეც მეხმარება იმ საქმეში, რაშიც, მგონი, საკუთარი თავი და სიმშვიდე ვიპოვე...

 

646
ხავსმოდებული ხე

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 4 აგვისტო

0
(განახლებულია 20:59 03.08.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 4 აგვისტოა, ოთხშაბათი. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.

პოზიტივისა და წარმატებების დღეა. ყველაფერი გამოგვივა. შეგვიძლია რთულ საქმეებთან შეჭიდება, ყურადღება უნდა მივაქციოთ წვრილმანებს – ისინი დღეს მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მთვარე ტყუპში საუბრებისკენ გვიბიძგებს. რუტინული და მოსაწყენი საქმეების გაკეთება გაგვიჭირდება, ამიტომ აჯობებს, თუ მათ სამომავლოდ გადავდებთ.

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 3 აგვისტო>>

ვერძი: დროა, რამე ახალი დაიწყოთ, მათ შორის მოლაპარაკებები, დეტალების განხილვა. კარგი იქნება, თუ გეგმებს მიჰყვებით – ასე ბევრი მიზნის მიღწევას შეძლებთ. შეძლებთ ცდუნებებისგან დაცვას და ზოგიერთ რამეზე უარის თქმას. არ იღელვოთ – მათ აუცილებლად ჩაანაცვლებთ ახალი შესაძლებლობებით, რომლებზეც ვერც კი იოცნებებდით.

კურო: არის რისკი, რომ საკმაოდ დიდი თანხა დახარჯოთ. ეცადეთ, „მადა“ მოთოკოთ და არ შეიძინოთ ის, რაც მნიშვნელოვან სარგებელს არ მოგიტანთ. მოუსმინეთ როგორც ახლობლებს, ისე უცნობებს – მათ დღეს საკმაოდ ეფექტური რჩევის მოცემა შეუძლიათ. ასევე კარგი დროა ოცნებისკენ ნაბიჯის გადადგმისთვის, გეგმების განხორციელებისთვის – ყველაფერი გამოგივათ.

ტყუპი: სარგებელს მოგიტანთ რაღაც დეტალების განხილვა, წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება – ახლა ისინი უზარმაზარ როლს თამაშობს. ასევე უარი არ თქვათ საკუთარ იდეებსა და გეგმებზე – ისინი მალე რეალობად იქცევა და ან კარგ თანხას მოგიტანთ, ან ჰარმონიასა და კომფორტს. ასე რომ, წინ, ოცნებებისკენ. გაითვალისწინეთ, სტრესმა კალაპოტიდან არ უნდა ამოგაგდოთ, ამიტომ ხშირად დაისვენეთ.

კირჩხიბი: ეცადეთ, კეთილსინდისიერად იმუშაოთ და წარმატება არ დააყოვნებს. მოინდომეთ, რომ ყველა საქმე იდეალურად შეასრულოთ, შემოქმედებითად იაზროვნეთ, მოაწესრიგეთ საქმეები. ურთიერთობებში ეცადეთ თანამოსაუბრის ემოციური განწყობა იგრძნოთ და ნაკლებად იკამათეთ. საღამო კი ოჯახთან ერთად გაატარეთ – ეს დაგეხმარებათ „გადატვირთვაში“ და მომდევნო დღეებში სამუშაოსთვის განწყობაში.

ლომი: ხშირად მოუსმინეთ კოლეგებსა და ახლობლებს – დღეს მათ, შესაძლოა, ეფექტური რჩევა მოგცენ. თქვენც არ გაჩუმდეთ – განიხილეთ თქვენი პროექტებიმ აზრები ადამიანებთან, რომ მოისმინოთ მათი კომენტარები და შემდეგ თქვენს გეგმებში კორექტივები შეიტანოთ. მაგრამ ეს სამუშაოსგან თავისუფალ დროს გააკეთეთ. მუშაობის დროს კი აჩქარება არ ივარგებს – მოსალოდნელია შეცდომების დაშვება.

ქალწული: კარგი იქნება, თუ სიკეთეს გამოიჩენთ და გაჭირვებულებს დაეხმარებით – ეს თქვენს კარმას განამტკიცებს და განწყობას აამაღლებს. თუ გსურთ, რომ პრობლემებს სწრაფად გაუმკლავდეთ, „ჩართეთ“ კრეატივი – ეს ნამდვილად დაგეხმარებათ. სამუშაო ბევრი გექნებათ, ამიტომ ეცადეთ, ენერგია შეინარჩუნოთ. ამავე არ ღირს დაძაბვა – გაუფრთხილდით ორგანიზმს.

სასწორი: მზად ხართ, საკუთარი ოცნებები რეალობად აქციოთ, მაგრამ ამას შეიძლება ბედი შეეწინააღმდეგოთ. ეცადეთ, თქვენი გაიტანოთ და სამყაროს გამოწვევებს დაუპირისპირდეთ. მოემზადეთ იმისთვის, რომ გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება მოგიწევთ, მოქმედება – ელვისებურად. თუ არ დააყოვნებთ, ყველაფერი გამოგივათ. ასევე მოგეცემათ შანსი, რომ წარსულის შეცდომები გამოასწოროთ.

მორიელი: მოემზადეთ მუხლჩაუხრელი შრომისთვის და პრობლემების ელვისებურად გადაწყვეტისთვის. კარგია, თუ მოვლენების ცენტრში აღმოჩნდებით, ეკონტაქტებით საჭირო ადამიანებს – ამან კარიერულ კიბეზე შესაძლოა წინ წაგწიოთ. აუცილებლად ეურთიერთეთ კოლეგებს – მათ საჭირო რჩევების მოცემა შეუძლიათ. გარდა ამისა, ვარსკვლავები სახლის საფუძვლიან მოწესრიგებას გირჩევენ – არის შანსი, იპოვოთ ის, რაც დიდი ხნის წინ დაკარგეთ.

მშვილდოსანი: ბედმა ერთდროულად რამდენიმე შანსი მოგიმზადათ – ეცადეთ, გამოთვალოთ ისინი და გამოიყენოთ. მაგრამ ეს დაყოვენბის გარეშე, სწრაფად უნდა გააკეთოთ, თორემ ამ შესაძლებლობებს თავისი „ვარგისიანობის ვადა“ აქვს. ასევე კარგი იქნება, თუ ძველი გეგმის შესრულებას შეუდგებით. დღეს იღბალი და წარმატება ფეხდაფეხ დაგყვებათ, ამიტომ არ შეუშინდეთ გარისკვას. ასევე გაილამაზეთ დღე საყიდლებით.

თხის რქა: აქტიურობა და ინიციატივის გამოჩენა შესანიშნავ შესაძლებლობებსა და წინადადებებს გააჩენს. არ იორჭოფოთ და დათანხმდით – მომავალში ისინი წარმატებებს აუცილებლად მოგიტანთ. არ ღირს დროის უქმად დაკარგვა, ამიტომ უარი თქავით არაფრის მომტან საუბრებსა და გართობაზე. ყურადღება გადაიტანეთ სამუშაოზე. დღეს ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ.

მერწყული: ირგვლივ ქაოსი და ორომტრიალია და ყველაფერში გიჭირთ გარკვევა. ეცადეთ, არ აჰყვეთ ახლობლების მანიპულაციებს და სიმშვიდე ეძებეთ. კარგი იქნება, თუ მოახერხებთ განმარტოებას და პირად საქმეებსა და სამუშაოს მიხედავთ. ურთიერთობები სარგებელს მხოლოდ საქმიან საკითხებზე მოგიტანთ. მშვენივრადაა ყველაფერი პირად ფრონტზე – ურთიერთობები გამტკიცდება და შეიძლება ახალ საფეხურზეც გადავიდეს.

თევზები: დროა, თქვენი გეგმები ოჯახთან განიხილოთ. შესაძლოა, ახლობელმა ადამიანებმა სუსტ ადგილებზე მიგითითონ და ამით თქვენს მომავალზე იმოქმედონ. საჭიროა შესაძლებლობების დანახვა და მათი გამოყენება, თუნდაც ისინი ერთი შეხედვით არც ისე პერსპექტიული მოჩანდეს. თუ უსიამოვნებები შეგხვდათ, მათი კოლექტიურად გადაწყვეტა აჯობებს – გაუზიარეთ თქვენი პრობლემები ახლობლებს – ისინი კარგ რჩევას მოგცემენ.

0