მაესტროს „მისტიკური არსება“ და ველომარათონი, ანუ ერთხელ ბათუმში

© photo: courtesy of Vazha Tugushiვაჟა ტუღუში
ვაჟა ტუღუში - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2021
გამოწერა
აქსიომაა – ბათუმს მარტო ზღვა და ბულვარი არ ალამაზებს. ის წარმოუდგენელია ნიჭიერი ბათუმელების გარეშე, ვინც მის ქუჩებში დადის და სიყვარულით და მზით გამთბარ ლექსებსა და სიმღერებს წერს...
კომპოზიტორი, ინსტრუმენტალისტი და პედაგოგი ვაჟა ტუღუში მათ შორისაა. ის ამ ქალაქში დაიბადა, გაიზარდა და იქაურობის მიტოვებას არც აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ მის სიმღერებს დიდი ხანია სიამოვნებით მღერიან რიგითი ბათუმელებიცა და პროფესიონალებიც, თავმდაბალი ადამიანია და საკუთარ თავზე საუბარი მაინცდამაინც არ უყვარს. დღეს მოქმედი კომპოზიტორია და ამასთან ბათუმის ხელოვნების სკოლაში ბავშვებს კლასიკურ გიტარას ასწავლის.
— ბატონო ვაჟა, მკითხველებს უნდა ვუთხრა, რომ 90-იანების ჩაბნელებურ ბათუმში, იმ დროისთვის ერთადერთ კაფე-ბარ „ანდერგრაუნდში“ კონცერტებს მართავდით...
— ის დრო ძალიან კარგად მახსენდება. სწორედ იმ ჩაბნელებულ და მოწყენილ ბათუმს ჩვენი სიმღერებით ვალამაზებდით და ვაფხიზლებდით, ანუ შემოვუძახებდით ხოლმე. ჩვენ ტრიოს უცნაური სახელი ერქვა — „ვინ საით“. მასში მე, ხვიჩა მაღლაკელიძე და გოჩა ყაჭეიშვილი შევდიოდით. იმ არეულ დროში ჩვენ მოსასმენად ბარში ბევრი დადიოდა...
— სიმღერა ალბათ ადრე დაიწყეთ?
— დიახ, პატარა ავმღერდი და მშობლებმა მუსიკალურ სასწავლებელში შემიყვანეს ფორტეპიანოს განხრით. მახსოვს, ნოტებს არ ვცნობდი, ყველაფერს ჩემებურად, საკუთარი ინტერპრეტაციით ვასრულებდი. ჩემი პედაგოგი იყო ქალბატონი მანანა ხონელიძე, რომლისგანაც ნოტებიც ვისწავლე და მუსიკალური თეორიაც. თუმცა ეს ჩემთვის მაინც გარკვეულად იძულებით ხდებოდა და ამიტომ ოთხი წლის მერე სასწავლებლიდან წამოვედი.
— თუმცა მუსიკას ვერ შეელიეთ, ამ მიმართულებით განათლების მიღება განაგრძეთ და დროთა განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტალისტიც გახდით. ვისი დამსახურებაა ეს?
— სამწუხაროდ, ვერ მოვესწარი, მაგრამ მშობლებისგან ვიცი, რომ მამის დედა ძალიან კარგად უკრავდა შვიდსიმიან გიტარაზე, კლასიკური მანერით. ეტყობა ჩემში მისმა გენებმა იფეთქა.
სკოლა რომ დავამთავრე, ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში ჩავაბარე. იქ გავიცანი ცნობილი კომპოზიტორი სოსო ბარდანაშვილი, რომელიც სასწავლებლის დირექტორი იყო. სწორედ ბატონმა სოსომ ჩაატარა აჭარაში გიტარის ფესტივალი, სადაც შესანიშნავი მუსიკოსები შეკრიბა. იმ ფესტივალზე გავიცანი ალექსანდრე გალუსტოვი, ვაჟა კალანდაძე, აკოფ ჯაგასპარიანი, თემურ ყვითელაშვილი, კაკო ვაშალომიძე და ბევრი სხვა.
— თბილისში ვისთან ემზადებოდით?
—  მედეა ფანიაშვილის სახელობის ხელოვნების აკადემიაში დაუსწრებლად ვსწავლობდი. ყოველთვე ჩავდიოდი თბილისში, სადაც ვემზადებოდი პედაგოგ ალექსანდრე გალუსტოვთან, რომლისგანაც ბევრი რამ ვისწავლე.
— თქვენს ბათუმელ პედაგოგს ფიროსმანს ადარებთ...
— ბათუმში ცხოვრობდა საოცარი პიროვნება — ტიგრან შეროზიანი, რომელთანაც ვსწავლობდი. მიუხედავად იმისა, რომ ნიჭიერი მუსიკოსი იყო და საინტერესო ადამიანი, მასზე ერთეულებმა თუ იცოდნენ. სწორედ მისი ნიჭისა და თავმდაბლობის გამო ვადარებ მას ნიკალას.
— როგორ გამოხატავთ გიტარისადამი თქვენს დამოკიდებულებას?
— გიტარა ფანტასტიკური ინსტრუმენტია. ჩემი პედაგოგი სოსო ბარდანაშვილი ამბობდა, ყველა გიტარისტი ცოტათი მაინც კომპოზიტორიაო. სხვათა შორის, პირველი სიმღერა 13-14 წლისამ დავწერე ბიძაჩემის ანზორ ქათამაძის ლექსზე. დღეს ხელოვნების სკოლაში თავად ვასწავლი ბავშვებს კლასიკურ გიტარას. ამ ინსტრუმენტის მიმართ ფილოსოფიური დამოკიდებულება მაქვს. ზოგჯერ მეჩვენება, რომ ის ცოცხალი, მისტიკური არსებაა...
— ამაზე (ალბათ თქვენთვის მომაბეზრებლად) ბევრს საუბრობენ — სიმღერა „ქუჩაში ერთხელ“ თქვენს შემოქმედებაში მთავარი ჰიტია. მაინც რა მოხდა ერთხელ?
— ერთხელ, როცა 19 წლის ვიყავი, მეწვია ალბათ ყველაზე უცნაური მუზა, რომელმაც საშველი არ მომცა, ღამე გამათენებინა და ეს სიმღერა დამაწერინა. მე თვითონაც ისე ძალიან მომეწონა, რომ ყველა გამვლელს ვაჩერებდი და ვეუბნებოდი, ძალიან კარგი სიმღერა დავწერე-მეთქი. მუსიკოსის ალღომ არ მიღალატა და სიმღერა ბევრის რეპერტუარში დამკვიდრდა. მას ერთი თავისებურება აქვს — ამ სიმღერას, ვინც უნდა იყოს, მოყვარული თუ პროფესიონალი, ყოველთვის თავისებურად მღერის და პირადად მე გულგრილს არასდროს მტოვებს.
— პანდემიის დროს თუ გწყალობდათ მუზა?
— ეტყობა მწყალობდა, რადგან ბევრი კარგი სიმღერა დავწერე. არც ისე დიდი ხნის წინ ტერენტი გრანელის ცნობილ ლექსს მოვარგე მელოდია. ამ სიმღერას ასრულებს ფოლკლორული ანსამბლი „ეთნოსი", რომელსაც ომარ კურავა ხელმძღვანელობს, არანჟირებაც მასვე ეკუთვნის. მიხარია, რომ კარგი სიმღერა გამოვიდა და უკვე ჰყავს თავისი მსმენელი.
— უცხოეთიდან ბევრი შემოთავაზება გქონდათ?
— ბევრი დღემდე მთავაზობს უცხოეთში ჩასვლას, მაგრამ აქედან წასვლა ვერ შევძელი და ალბათ ვერც მომავალში შეძლებ. ბათუმი ის ქალაქია, რომლის გარეშეც დიდხანს ვერსად ვჩერდები და ისევ უკან ვბრუნდები...
— ვიცი, რომ დღეს მხოლოდ „რკინის რაშით“ დადიხართ...
— ველოსიპედი ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ბოლო დროს უფრო შემიყვარდა. ბათუმი ფეხით შემიძლია ერთ დღეში შემოვიარო, მაგრამ მე მაინც ეკოლოგიურ და ეკონომიურ სატრანსპორტო საშუალებას ვანიჭებ უპირატესობას.
ბათუმის ბულვარსა და ქუჩებში მეგობრებთან ერთად ველოსიპედით ხშირად დავდივარ — ეს ჩემი საყვარელი ტრანსპორტიცაა და სპორტული გატაცებაც. დღეს ბევრია ასეთ აზრზე და ველომოყვარულთა კლუბის დაარსებაზეც კი ვფიქრობთ. მართლა კარგი იქნება, რადგან ასეთ პატარა ქალაქში ამდენი მანქანა თავისუფლად ვერ მოძრაობს.
— გენები არავის ასვენებს და არც თქვენი შვილები იქნებიან გამონაკლისი...
© photo: courtesy of Vazha Tugushiგიორგი და საბა ტუღუშები
გიორგი და საბა ტუღუშები - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
გიორგი და საბა ტუღუშები
— ჩემი უმცროსი ვაჟი მუსიკალურ სკოლაში სწავლობს ვიოლინოს განხრით და გიტარასაც კარგად აუღო ალღო. უფროსი ვაჟი კარგად მღერის და უკვე კარგ სიმღერებსაც წერს. შემოქმედებით ცხოვრებაში ის ჩემი საიმედო პატრნიორია. მომავალში ძალიან მინდა, რომ მასთან ერთად ბენდი ჩამოვაყალიბო და ჩვენი მუსიკალური ტრადიცია გაგრძელდეს...
ყველა ახალი ამბავი
0