რეჟისორი ნანა ჯანელიძე

ფილმი ქვეყანაზე, რომელიც რუკაზე აღარ არის...

361
(განახლებულია 15:05 03.05.2021)
ინტერვიუ, რომელსაც დღეს გთავაზობთ, ხუთი წლის წინ გამოქვეყნდა... დღეს კიდევ ერთხელ გვინდა გავიხსენოთ სულ ახლახან გარდაცვლილი დიდი ქართველი მსახიობი...

მე არტისტი ვარ! - ასე იწყებს მსახიობი კახი კავსაძე რეჟისორ ნანა ჯანელიძის მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმს „ნეტავი იქ თეატრი არის?“

ფილმის მთხრობელიც და მთავარი როლის შემსრულებელი თავად ბატონი კახია, რომელიც კავსაძეების ოჯახის ტრაგიკულ ამბავს მისთვის დამახასიათებელი გულწრფელობით და ემოციურად ყვება.

ფილმში ერთი რეპრესირებული ოჯახის თავგადასავალი, ამავე დროს ერთი დიდი ქვეყნის ისტორიაა, იმ ქვეყნის, რომელიც მსოფლიო რუკიდან გაქრა. ალბათ სულ ცოტა დროც დარჩა და ეს ქვეყანა უკვე აღარც ადამიანთა მეხსიერებაში იარსებებს… ფილმმა საფრანგეთსა და მოსკოვში არაერთი ჯილდო მიიღო. აპრილის თვეში იგი ლონდონის მაყურებელმა იხილა.

ჩვენ დავუკავშირდით ფილმის რეჟისორს ნანა ჯანელიძეს, რათა მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენოთ ამ მნიშვნელოვანი ნამუშევრის შესახებ.

– ქალბატონო ნანა, თქვენი ფილმი „ნეტავ იქ თეატრი არის?“ ყველა ქვეყნის მაყურებლისთვის აქტუალური და საინტერესოა, ფილმი ლონდონის მაყურებელმაც იხილა…

— დიახ, ლონდონის მაყურებელმა ინტერესით მიიღო ჩვენი ფილმი. მინდა თქვენს მკითხველს შევახსენო ის, თუ როგორ დაიბადა ამ ფილმის შექმნის იდეა. პირველად კავსაძეების ისტორია ბატონი კახის საღამოზე მოვისმინე და მივხვდი, რომ ამის შესახებ უფრო ფართო აუდიოტორიას უნდა სცოდნოდა და მასზე აუცილებლად უნდა გადამეღო ფილმი. მაშინვე დავუკავშირდი ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძეს და ვუთხარი, რომ ამ სიუჟეტის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა. ისიც მაშინვე დამეთანხმა. ეს მართლაც არ არის მარტო კახის ისტორია, ეს მთელი ქვეყნის ისტორიაა, რომელსაც ეს ნიჭიერი მსახიობი ძალიან ხატოვნად და საინტერესოდ ყვება. კახი აღმოჩნდა ჩვენი დროის ერთ-ერთი საინტერესო პერსონაჟი და ყველაფერ იმის სიმბოლო, რაც 30-იან წლებში დაბადებულ ადამიანებს გადახდათ თავს, მათ, ვინც ბავშვობა საბჭოთა კავშირში გაატარა… 

კადრი ფილმიდან „ნეტავი იქ თეატრი არის?“
კ. კავსაძის არქივი
კადრი ფილმიდან „ნეტავი იქ თეატრი არის?“

– ეს ფილმი საქართველოში გარკვეული მიზეზების გამო თაროზე იყო შემოდებული… 

— დიახ, ასეა, მინდა აღვნიშნო ამ საქმეში საგანმანათლებლო ცენტრ,,ლანგეითის“ დამსახურებაცაა, სადაც თქვენი, როგორც ამ ცენტრის მაშინდელი ივენთ-მენეჯერის ინიციატივით 2012 წლის ნოემბრის თვეში ფილმის ჩვენება მოეწყო. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ქართველი და უცხოელი რეჟისორები, საზოგადოების გამოჩენილი წარმომადგენლები და, რაც მთავარია, მასმედია, რომელმაც ეს ფაქტი მაშინ აქტიურად გააშუქა. ამის მერე იგი უკვე ფართო მაყურებელმაც იხილა. ჩემი აზრით, ეს მხატვრული-დოკუმენტური სურათი ყოველ დროში და ხშირად უნდა იხილოს მაყურებელმა, რათა არ დაივიწყოს, რას ნიშნავს საბჭოთა რეპრესიის საშინელება და ის, თუ რა უბედურება მოაქვს ომს კაცობრიობისთვის…

შეგახსენებთ, რომ ფილმის სცენარი ეკუთვნით ნანა ჯანელიძესა და ნინო ნატროშვილს და ის კახი და იმერი კავსაძეების მონათხრობის მიხედვით დაიწერა. ფილმის კომპოზიტორი მიშა მდინარაძეა, პროდიუსერები – ნანა ჯანელიძე და ირაკლი ტრიპოლსკი. ფილმმა „ნეტავი იქ თეატრი არის?“ საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებზე ნომინაციებში „საუკეთესო დოკუმენტური ფილმი“ არაერთი ჯილდო დაიმსახურა.

361
ირინა გაბრიჩიძე

„გადავწყვიტე მათი სიცოცხლის უკვდავსაყოფად დამეხატა ისინი“ ექიმის თავშესაფარი პანდემიისას

965
(განახლებულია 19:39 06.05.2021)
ირინა გაბრიჩიძე „ევექსის“ მთაწმინდის პოლიკლინიკის ექიმია. პანდემიის დროს, კოლეგების მსგავსად, მასაც დაძაბულ რეჟიმში მოუწია საქმიანობა.

სწორედ ამ დროს გაიხსენა ბავშვობის დროინელი გატაცება. და ხატვა მისთვისაც სულიერ შვებად იქცა...

- ქალბატონო ირინა, ვიცი, რომ სხვადასხვა დროს განსხვავებული პროფესიული ინტერესები გქონდათ...

- ადრეულ ასაკში კოსმონავტობა მინდოდა, რაც მაშინვე გადავიფიქრე, როცა გავიგე, რომ კოსმონავტ ქალებს არ ჰყავთ შვილები. ექიმობის სურვილი თინეიჯერობის ასაკში გამიჩნდა, მანამდე ჟურნალისტობა მინდოდა და რომ არ გადამეფიქრებინა, ახლა რესპონდენტის ადგილზე ვერ მოვხვდებოდი. ექიმობა ზოგადად და კონკრეტულად პედიატრობა ბავშვებისადმი განსაკუთრებულმა სიყვარულმა გადამაწყვეტინა. პედიატრად შვიდწლიანი მუშაობის შემდეგ ოჯახის ექიმად გადავემზადე. ახლა უკვე 14 წელია ბავშვებთან ერთად მათ მშობლებსა და ოჯახის სხვა წევრებზე ზრუნვაა ჩემი მოვალეობა.

ირინა გაბრიჩიძე
ირინა გაბრიჩიძე

- პრაქტიკული პროფესიული გამოცდილება სად შეიძინეთ?

- ჩემი 21-წლიანი მუშაობის ყველა პერიოდს თავისი ხიბლი ჰქონდა. კარიერის დასაწყისში მქონდა იმის ბედნიერება, რომ ჭკვიანი ექიმების გვერდით მემუშავა. შემდეგ იყო ნდობის მოპოვება და პაციენტებზე ზრუნვა. ამის მერე კი დაიწყო შემოდგომასავით ყველაზე საინტერესო და წარმატებული პერიოდი სახელად „რასაც დასთეს, იმას მოიმკი“, როცა პაციენტებისგან უდიდეს სიყვარულს და პატივისცემას იღებ. რამდენიმე თვეა „ევექსის“ წარმატებულ გუნდს შემოვუერთდი და, ვფიქრობ, ამ გუნდთან გატარებული დრო კიდევ უფრო წარმატებული იქნება. ასე რომ, ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა...

ირინა გაბრიჩიძე კოლეგებთან ერთად
ირინა გაბრიჩიძე კოლეგებთან ერთად

- პაციენტებთან ურთიერთობის დროს თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი?

- პაციენტთან ურთიერთობისას ჩემთვის მთავარი მისი ჩემდამი ნდობა და სიყვარულია. ბედნიერი ვარ, რომ ამას ყოველდღიურად შევიგრძნობ. როცა პაციენტს ექიმის სჯერა, მკურნალობის შედეგიც არ აყოვნებს. ვფიქრობ, წამალზე არანაკლები სამკურნალო მნიშვნელობა ექიმის სიტყვას აქვს.

ირინა გაბრიჩიძე
ირინა გაბრიჩიძე

- ერთ რიგით, პანდემიურ დღეს ხატვა დაიწყეთ - ეს უცებ მოხდა თუ ამას უძღოდა რაიმე ამბავი?

- შარშან პირველი კოვიდ-პაციენტის მიღების შემდეგ ორკვირიან იძულებით თვითიზოლაციაში მომიწია ყოფნა სახლიდან მოშორებით, დაქირავებულ პატარა ბინაში, სამსახურთან ახლოს. ხატვა მხოლოდ განტვირთვა და სიამოვნება არ იყო, გადარჩენასავით იყო. შემდეგი პერიოდიც განსაკუთრებულ რეჟიმში მომიწია მუშაობა. რაკი სახლში ასაკოვანი მშობლები და პატარა შვილი მყავდა, გადავწყვიტე, ორკვირიან იძულებით მარტოხელობას სამი თვეც მივუმატო, ოჯახის წევრებს საფრთხე რომ არ შევუქმნა, მათგან მოშორებით ვიცხოვრო.

ირინა გაბრიჩიძე
ირინა გაბრიჩიძე

- რა თემები და ფერები ჩნდებოდა თქვენს ნახატებზე?

- ამ პერიოდში შექმნილი ნამუშევრები, მიუხედავად დაძაბული ემოციური და ფიზიკური მდგომარეობისა, ფერადი და ხალისიანი გამოვიდა. მათ სწრაფადვე იპოვეს თავისი მფლობელები. ხატვა დავიწყე ნატურმორტებით და პეიზაჟებით, შემდეგ აბსტრაქცია და გრატაჟი მოვსინჯე. მახსოვს, როგორ მოუთმენლად ველოდი კურიერს, რომელსაც ჩემთვის სახატავი ტილოები და საღებავები უნდა მოეტანა.

ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება
ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება

- ისიც უნდა ითქვას, რომ ხელოვნებისადმი ინტერესი თქვენში ბავშვობაშივე იყო ჩადებული...

- გავიხსენებ ჩემ პირველ შეხებას მხატვრობასთან. ამაზე ფიქრისას გონებაში საბავშვო ბაღის კადრები ამომიტივტივდება ხოლმე: 4-5 წლის პატარა გოგონა ბაღის გამგის ოთახში ზის და უზარმაზარ თეთრ ფურცელზე საბავშვო ბაღის ეზოს ხატავს. შემდეგ იყო თვითმაძიებელი თინეიჯერის გატაცება - „ეტიუდნიკი“ და საღებავები, რამაც 2-3 წელი გასტანა. მიუხედავად მოკლე პერიოდისა, მახსოვს, ყველა მეგობარს სახლში ჩემი ნახატი ჰქონდა.

ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება
ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება

- რომელი ნახატის შექმნას უძღვის რაიმე საინტერესო ამბავი?

- არ ვიცი რამდენად საინტერესოა, მაგრამ გეტყვით, რომ ეზოში, სადაც პანდემიის დასაწყისში ვცხოვრობდი, ულამაზესი ტიტები ყვაოდა. ყოველი მათი დანახვისას დარდად გამიელვებდა ხოლმე - რა ხანმოკლეა მათი ცხოვრება... გადავწყვიტე მათი სიცოცხლის უკვდავსაყოფად დამეხატა ისინი.

ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება
ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება

- ხელოვნება თქვენს ძირითად საქმიანობაში როგორ გეხმარებათ?

- ხატვა დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ დასვენების საუკეთესო საშუალებაა. შეიძლება ბანალურად ჟღერს, მაგრამ ჩემთვის ხატვისას დრო ჩერდება და ამ დროის სასიამოვნოდ გატარებას მეორე დღის პროდუქტიულობაში უდიდესი როლი შეაქვს.

ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება
ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება

- აღდგომის დღეებია და ყველას ვთხოვ, რომ მათთვის გამორჩეული აღდგომა გაიხსენოს...

- აღდგომა - თავიდან დაბადებაა, სიცოცხლის იმედი და ზეიმია! ყველაზე ბედნიერად აღდგომის ის დღე მახსენდება, როცა ჩვენი ოჯახის ყველაზე პატარა წევრი მოინათლა. აღდგომის სიხარულს მაშინ მისი გაქრისტიანებით გამოწვეული სიხარულიც დაემატა. გილოცავთ ყველას, აღდგომის სიხარული არ მოგკლებოდეთ!..

ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება
ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება

 

965
თამარ ჯაბადარი

„ჩემი ქუჩის მტვერიც კი მიყვარს“ სახლი, რომელიც „სულის სავანეა“

407
(განახლებულია 18:54 05.05.2021)
„ეს სახლი მოსასვენებელი ადგილია, სადაც საინტერესო ადამიანებს ხვდები, სადაც თაობათა გზები იკვეთება და ქვეყნის მომავალი ,,იჩორკნება“ – ასე ფიქრობს კულტურის მუშაკი, საგარეჯოს რაიონის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დირექტორი თამარ ჯაბადარი.

ის წლების მანძილზე მუშაობს ამ თანამდებობაზე და მის ხელში არაერთი, მომავალში წარმატებული ადამიანი დაფრთიანებულა. ამ სახლის მნიშვნელობა დღეს რაიონში მცხოვრებ ყველა პროფესიის ადამიანს აქვს გაცნობიერებული.

თამარ ჯაბადარი
თამარ ჯაბადარი

- ქალბატონო თამარ, რადგან აღდგომის დღეებია, თავდაპირველად მინდა ბავშვობა გაიხსენოთ. ბავშვობის დროინდელი აღდგომა როგორ გახსენდებათ?

- ბავშვობასთანაა ასოცირებული მთელი ჩვენი ცხოვრება. მახსოვს, ბავშვებს აღდგომის ღამეს არ გვათევინებდნენ - ძილი დააკლდებათო, გაიზრდებიან, გაიგებენ და თავად ისწავლიანო. მაგრამ დღისით ყველას გამოგვპრანჭავდნენ - ახალ კაბას და ფეხსაცმელს გვაცმევდნენ, გოგონებს ახალ ბაფთებს გვიკეთებდნენ. მერე კი წინაპრების საფლავებზე მივყავდით და იქ ყვავილებს, წითელ კვერცხებს და პასკებს ვაწყობდით...  

თამარ ჯაბადარი
თამარ ჯაბადარი

- საგარეჯოში, თქვენს უბანში რა ხდებოდა?

- ჩვენი უბანი საგარეჯოში დიდი და ახალი ნაშენი იყო, ყველა ოჯახი კი თვითმყოფადი, რადგან თავისი ტრადიციები გააჩნდა და მათ ერთმანეთს ვუზიარებდით. უბნის მშობლები ბავშვებისთვის ცალკე ღებავდნენ კვერცხს და სუფრას ცალკე გვიშლიდნენ. გვასწავლიდნენ როგორ მოვქცეოდით ერთმანეთს, იმას, რომ პატივი გვეცა ერთმანეთის აზრისთვის. ეს იყო ძალიან ლამაზი, მხიარული და ლაღი დღეები. ასე დავფრთიანდით და გავედით ცხოვრების გზაზე.

თამარ ჯაბადარი
თამარ ჯაბადარი

- პროფესიის არჩევას თქვენ შემთხვევაში რა ფაქტორებმა შეუწყო ხელი?

- პროფესია ავირჩიე საკუთარი სურვილით. სახლში სულ მასწავლებლობანას ვთამაშობდით, რადგან მასწავლებლების ოჯახში ვიზრდებოდი და სხვანაირი ვერ ვიქნებოდი. ჩემი კუთხის ისტორიით და კულტურით დაინტერესება მისმა ძველმა ისტორიამ და ამ ადგილებმა განაპირობა. მიყვარდა ჩვენი ისტორია და გეოგრაფია. ვერ წარმომედგინა, როგორ შეიძლება ქვეყანაში ცხოვრობდე და იმ ქვეყნის ისტორია, გეოგრაფია, ლიტერატურა, კულტურა არ იცოდე. საკუთარი თავის მიმართ ყოველთვის მომთხოვნი ვიყავი და დღესაც ვარ. ადამიანს თუ თავისი წილი პასუხისმგებლობა არ აკისრია საკუთარი პიროვნების, ქვეყნის და ქალაქის წინაშე, მაშინ ვინ არის ის?! 

უცხოელ სტუმართან ერთად
უცხოელ სტუმართან ერთად

- როგორია საგარეჯოს მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ისტორია, ორი სიტყვით რას გაიხსენებთ?

- თავიდან მას საგარეჯოს პიონერთა და მოსწავლეთა სახლი ერქვა და ის დაარსდა 1953 წელს, როცა დაბადებულიც არ ვიყავი. იმდროინდელ პიონერთა და მოსწავლეთა სახლს დიდი ტრადიციები ჰქონია. აქ იმართებოდა სპორტული და კულტურული ღონისძიებები, შეხვედრები გიორგი ლეონიძესთან, თეიმურაზ ჯანგულაშვილთან, ლევან თედიაშვილთან, გარი კასპაროვთანაც კი... ეს სასახლე ყველა დროში სისხლსავსე, სრულფასოვანი ცხოვრებით გამოირჩეოდა. აქ მუშაობდნენ ისეთი ადამიანები, ვინც თავისი „კვალი ნათელი“ დატოვა. ვთვლი, რომ ისინი თავიანთი ცხოვრების წესით სამაგალითონი არიან ახალგაზრდებისთვის.

თამარ ჯაბადარი რაიონის ახალგაზრდებთან ერთად
თამარ ჯაბადარი რაიონის ახალგაზრდებთან ერთად

- დღეს რამდენად ინარჩუნებს ეს სახლი იმ ძველ, კეთილ ტრადიციებს?

- შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი სულის სავანეა, მოსასვენებელი ადგილი, სადაც საინტერესო ადამიანებს, ახალგაზრდებს ხვდები, სადაც თაობათა გზები იკვეთება და ქვეყნის მომავალი „იჩორკნება“. წლების გასვლის მერეც, ცხოვრების გზაზე ბევრჯერ შემხვედრია ახალგაზრდები, რომლებსაც უთქვამთ, თქვენ ჩემი მომავლის განსაზღვრაში დიდი როლი შეასრულეთო. დიახ, ამ ერთი შეხედვით უხილავი სფეროს მუშაკებს დიდი როლი გვენიჭება.

თამარ ჯაბადარი ერთ-ერთ ღონისძიებაზე
თამარ ჯაბადარი ერთ-ერთ ღონისძიებაზე

- ვიცი, რომ თქვენი სახლის არსებობის მანძილზე უცხოელებთანაც გქონდათ საქმიანი კონტაქტები...

- მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი 2004 წლიდან თანამშრომლობს ამერიკის მშვიდობის კორპუსთან. 2013 წელს სტუმრად გვყავდა მშვიდობის კორპუსის მოკლევადიანი მხარდაჭერის პროგრამის მოხალისე ემილი ნიუ, რომელიც ძალიან კრეატიული, საქმიანი და ნიჭიერი გოგო იყო. ქართულს არაჩვეულებრივად ფლობს. ემილიმ აქ დააარსა ლიდერთა კლუბი. მაშინ შევქმენით დღის თემატური ბანაკი, სადაც ემილიმ ადგილობრივი გოგონების წახალისების მიზნით მოაწყო სამდღიანი ბანაკი თავისი ტრენინგ-კურსით.

თამარ ჯაბადარი თანამშრომლებთან ერთად და საპატიო სტუმრები, ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი მეუღლესთან ერთად
თამარ ჯაბადარი თანამშრომლებთან ერთად და საპატიო სტუმრები, ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი მეუღლესთან ერთად

- საგარეჯოში ამერიკის ყოფილი ელჩის მოწვევაც მისი ინიციატივა იყო?

- დიახ, მანვე მოიწვია ამერიკის მაშინდელი ელჩის რიჩარდ ნორლანდის მეუღლე მერი ჰარტნეტი. მაშინ მხარდაჭერის მიზნით თავად ელჩიც გვეწვია ვიზიტით, რომელიც, ნაცვლად წინასწარ დაგეგმილი ერთი საათისა, ორსაათ-ნახევარი გაგრძელდა. ძალიან ლამაზი დღე იყო. ელჩის მეუღლემ მერი ჰარტნეტმა წიგნები უსახსოვრა ჩვენს გოგონებს. სხვათა შორის, ის გოგონები დღეს უკვე ბაკალავრები და მაგისტრები არიან. ჩვენ ლიდერთა კლუბის არსებობით ვამაყობთ. მასში 14-18 წლის ახალგაზრდები არიან, იქ ჩვენ ვატარებთ ევროპარლამენტის და გაეროს მოდელირებებს, ვასწავლით საჯარო გამოსვლისა და დებატების ხელოვნებას. 1 ივნისის შემდეგ ევროპარლამენტის ორდღიანი მოდელირების ღონისძიება გვექნება.

თამარ ჯაბადარი
თამარ ჯაბადარი

- საგარეჯოს მოსწავლე ახალგაზრდობის სცენიდან ალბათ არაერთ ახალგაზრდას დაულოცეთ გზა, რომელია რჩევა, რომელსაც მათ დიდ გზაზე აყოლებთ?

- პირადად ჩემი და მთელი კოლექტივის მიერ ახალგაზრდების მიმართ გამოთქმული რჩევა-მოწოდება შეიძლება ამ ფრაზით გამოვხატოთ: ჩვენ გაძლევთ წარმატების ფორმულას, გინდათ? ისარგებლეთ ამით და გააგრძელეთ გზა მომავალი წარმატებებისკენ, ჩვენ ყოველთვის ვიამაყებთ თქვენი არჩევანით და ქართული საქმეებით! საგარეჯოში ბევრი პროფესიის ადამიანი დაფრთიანებულა. ისინი მისაბაძი ხდებიან თავიანთი ცხოვრებით და საქმიანობით. ბედნიერი ვიქნები, თუ მათთვის ცხოვრების ამოსავალი გახდება პრინციპი – „აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?“

თამარ ჯაბადარი ერთ-ერთ ღონისძიებაზე
თამარ ჯაბადარი ერთ-ერთ ღონისძიებაზე

- სამშობლოს ცნება საკუთარი კუთხის სიყვარულით იწყება ხოლმე...

- საგარეჯო ჩემთვის დიდი კულტურისა და ისტორიის ადგილია. არასოდეს შემრცხვენია და შემრცხვება იმისი, რომ საგარეჯოელი ვარ! ყოველთვის ვამაყობდი და ვიამაყებ ბებერი დავით-გარეჯით, ჩემი ქუჩის მტვერიც კი მიყვარს. როგორ შეიძლება არ გიყვარდეს უჯარმის ციხე, მანავის ციხე - კახეთის მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია, ან „ნინოწმინდა - პალატები მეფეთა“? შეიძლება, ღამით ნინოწმინდის საეპარქიო ტაძრის ეზოში იყო და სამრეკლოდან არ ჩაგესმას გიორგი ლეონიძის ხმა?!. სამშობლოც ყველაფერ ამით შეიმეცნება და მისი სიყვარულიც აქედან მოდის... 

 

407
მსახიობი გიორგი ყიფშიძე

„ასაკობრივი ზღვარი წაიშალა... არც შეზღუდვები გვაქვს ერთმანეთთან“ - გიორგი ყიფშიძის ცოლი

0
(განახლებულია 13:11 18.05.2021)
მსახიობ გიორგი ყიფშიძის 20 წლით უმცროსი მესამე ცოლი ენი გასიევა მათ ოჯახზე და ურთიერთგაგებაზე საუბრობს.

გიორგი ყიფშიძე მცირე ხნის წინ მეოთხე შვილის მამა გახდა. მას მესამე ცოლთან მეორე შვილი შეეძინა, პირველი ქორწინებებიდან კი ასევე ორი შვილი ჰყავს, გოგონა და ვაჟი. გიორგი ყიფშიძისა მეუღლე ენი გასიევა ჟურნალ „თბილისელებთან“ ყვება როგორ გაუმართლა, რომ გიორგი იპოვა.

ენი ამბობს, რომ გიორგი ისეთი ქმარი აღმოჩნდა, როგორიც ვერასდროს წარმოიდგენდა, რადგან მას მსგავსი კაცები არ ხვდებიან და რომ არა გიორგი, ალბათ მარტო იქნებოდა. მისი თქმით, ბავშვების აღზრდის პროცესში ცნობილი ბაბუაც, მსახიობი ზურა ყიფშიძეც აქტიურადაა ჩართული და რაც ლუნა დაიბადა, კოსმო სულ მის გვერდით იძინებს. რომ ეძინება, ბაბუს ოთახში გარბის. ერთად ვცხოვრობთ და ზურა ძალიან გვეხმარება ბავშვების გაზრდაში…

„როცა მე და გიორგიმ ცხოვრება დავიწყეთ, იმდენად კარგად შევეწყვეთ, რისკებზე და გამართლებაზე არც მიფიქრია, ასაკობრივი ზღვარი წაიშალა. თავიდანვე ისე კარგად გავუგეთ ერთმანეთს, იდეალური მეგობარი და მეუღლე გახდა. არც შეზღუდვები გვაქვს ერთმანეთთან და არც საიდუმლოებები, სადაც ჰარმონია და კომფორტია, იმ ურთიერთობას, წესით, საფრთხე არ ემუქრება“, - ამბობს ენი.

მსახიობ გიორგი ყიფშიძეს და ფოტოგრაფ ანა გასიევას გასული წლის მარტში ბიჭუნა – კოსმო ყიფშიძე შეეძინათ. მსახიობმა სოციალურ ქსელში ახალშობილთან ერთად გადაღებული პირველი ფოტო გამოაქვეყნა და უამრავი მილოცვაც მიიღო. ბიჭუნას დაბადებამდე რამდენიმე ხნით ადრე გიორგის ახალმა მეორე ნახევარმა სოციალურ ქსელში ბეჭდების ფოტო გამოაქვეყნა ქორწინების მოწმობის ფონზე და ამით ცნობილი გახდა, რომ გიორგი ყიფშიძემ 24 წლის ფოტოგრაფზე იქორწინა. წყვილმა ქორწილი „ზაზანოვაში“ გადაიხადა.

გიორგი დაახლოებით 15 წლის წინ დაშორდა მოდელ კრისტი ყიფშიძეს, რომელიც დღემდე მის გვარს ატარებს. მასთან გიორგის ყველასთვის საყვარელი გოგონა ნატალია ყიფშიძე ჰყავს. კრისტისთან დაშორების შემდეგ მან მხატვარ ანი ჩიკვილაძეზე იქორწინა. ხმები მათი დაშორების შესახებ წლების მანძილზე ვრცელდებოდა, თუმცა ისინი კვლავ ერთად ჩნდებოდნენ საზოგადოებაში. ანის და გიორგის საერთო ვაჟი სანდრო ჰყავთ. შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ყიფშიძე ანი ჩიკვილაძესაც დაშორდა.

43 წლის გიორგი ყიფშიძე მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მსახიობია 2002 წლიდან. მონაწილეობდა ფილმებში „რევერსი (უბრალოდ თამაში)“, „თბილისური Love Story“, „გასეირნება ყარაბახში 2“, „ქუჩის დღეები“, „მარილივით თეთრი“.

გიორგი ყიფშიძე დიდი ხანია ცნობილი მამის ჩრდილიდან გამოვიდა და ახლა მას მოიხსენიებენ, როგორც გიორგის და არა როგორც ზურას შვილს. იგი შესანიშნავი მსახიობია. განსაკუთრებით პოპულარული გახდა ტელესერიალიდან „ცხელი ძაღლი“, ხოლო მისმა პოპულარობამ პიკს მიაღწია მას შემდეგ, რაც მონაწილეობდა ქართულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“, სადაც ვერსკის როლი შეასრულა.

0
თემები:
ქართველი სელებრითები