მარია ზახაროვა

„მედუზა“, აშშ-ის ვიზები და ტაჯიკეთ-ყირგიზეთის პრობლემა: მარია ზახაროვას ინტერვიუ

84
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმ აწარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ინტერვიუ მისცა სააგენტო Sputnik−ს

რატომ არ შეიძლება ახლა რუსეთში ამერიკული ვიზის მიღება, ნამდვილად ახდენს თუ არა რუსეთი „მედუზას“ დისკრედიტაციას და როგორ აფასებენ მოსკოვში ტაჯიკეთ−ყირგიზეთის საზღვარზე ვითარებას — იხილეთ Sputnik−ის არხზე. ესაუბრა პიოტრ ლიდოვი.

საპასუხო ზომები

—   რუსეთმა სანქციები დაუწესა ევროპარლამენტის ხელმძღვანელებსა და ბერლინის პროკურატურას. რუსეთის ტერიტორიაზე შესვლაზე შეზღუდვები დაუდგინდა კიდევ ექვს ევროპელ ჩინოვნიკს. რატომ მოხვდნენ ეს ადამიანები სტოპ−ლისტში?

— ეს უბრალოდ ადამიანების სია კი არ არის, არამედ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაა, რომელსაც აქვს ახსმნა. ეს არის საპასუხო ზომები იმ აბსოლუტურად არამეგობრულ, ზოგჯერ კი მტრულ მოქმედებებზე, რომლებსაც ჩვენ კოლექტიური დასავლეთის მხრიდან ვხედავთ.

ევროკავშირელ პარტნიორებს ჩვენ მრავალი წლის გამავლობაში ვთავაზობდით პრობლემების არსებული დიპლომატიური საშუალებებით გადაჭრას: მოლაპარაკებებით, კონსულტაციებით, არსებობს სპეციალური არხები.

ამასთან ჩვენთან მუშაობს რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობა ევროკავშირში, მუშაობენ ევროკავშირის შესაბამისი წარმომადგენლობები რუსეთში. ეს კონტაქტები ხორციელდება, მაგრამ წლიდან წლამდე ძლიერდება ტენდენცია, მიეცეს ყველა პრობლემას — რეალურსაც და გამოგონილსაც — განზრახ საჯარო ხასიათი.

ნებისმიერ ჩვენი მცდელობა, გადაგვეყვანა ეს კონსტრუქციული დიალოგის კალაპოტში სწორედ იმისთვის, რომ წამოჭრილი პრობლემები მოგვეგვარებინა, ევროკავშირის მხრიდან იბლოკებოდა.

ეს არის საპასუხო ზომა იმ პირობებში, როდესაც ბრიუსელი ყრუა, მაგრამ არა მუნჯი.

მძვინვარე რუსოფობია

რატომ კონკრეტულად ეს ადამიანები? ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მიმართ უკიდურესად აგრესიული პოზიციით გამოდიოდნენ. არ მგონია, რომ თავიდან უნდა გავიმეორო ის განცხადებები, რომლებსაც ისინი აკეთებდნენ. ინტერნეტში ყველაფერი დაფიქსირებულია.

როდესაც მთლიანობაში მძვინვარე რუსოფობიაზე ვსაუბრობთ, ასე მოქმედებდნენ არა მარტო პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც უკვე მარგინალებად იქცნენ, არამედ ამაში ჩართულები იყვნენ ევროკავშირის სივრცის მედიასაშუალებებიც.

ბევრი პოლიტიკური მოღვაწე უბრალოდ კი არ გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას, ისინი საინფორმაციო კამპანიის ორბიტაზე არიან ჩართულები და ჩვენ ძლიერ საინფორმაციო−პოლიტიკურ შემადგენელს ვხედავთ. მთელი რიგი მედიასაშულებები მათ უბრალოდ ხმას კი არ უწყობენ, არამედ მონაწილეობენ კიდეც ამ საინფორმაციო−პოლიტიკური კამპანიის რეალიზაციაში.   

ერთი საქმეა, როდესაც საუბარია აზრის გამოხატვაზე დემოკრატიის პირობებში — ეს წმიდა საქმეა. მაგრამ ჩვენ  სულს სხვა ვითარებას ვაფიქსირებთ — ის წინასწარ დამუშავებულ−დაგეგმილ   საინფორმაციოპპოლიტიკურ კამპანიას უკავშირდება, რომლის მიზანიც რუსეთის შეკავების პოლიტიკაა.

როგორც წესი, დიპლომატიის ისტორიაში, როდესაც საუბარია სტოპ−ლისტებზე, ეს პერსონალური სია არ საჯაროვდება. ყოველთვის მხოლოდ რაოდენობაზე იყო ხოლმე საუბარი. მაგრამ ჩვენმა დასავლელმა კოლეგებმა სახელების გასაჯაროვება და გამოქვეყნება დანერგეს პრაქტიკაში. ჩვენ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მოვუწოდებდით მათ, დაეცვათ დიპლომატიური ეთიკა, მაგრამ სა ბოლოოდ ამ მცდელობების ლოგიკური ფინალიც დადგა.

დასავლეთი ერთ კრამოლურ მოსაზრებას ატარებს, რუსეთს ადანაშაულებს ესკალაციის გაძლიერებაში, აცხადებს, რომ სწორედ რუსეთის ქმედებებიდან დაიწყო ორმხრივი ურთიერთობების გაუარესება და დეგრადაცია. მაგრამ ეს მართალი არ არის. ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია ისეთი, რასაც შეიძლებოდა დასავლელი პარტნიორების მხრიდან ასეთი ნაბიჯები გამოეწვია. ეს მიზანმიმართული და, როგორც ჩანს, დიდი ხნის წინ დაგეგმილი პოლიტიკა იყო რუსეთის მიმართ.

ამერიკელები ჩიხში შევიდნენ

გაიხსენეთ ობამას განცხადება რუსეთის იზოლირების, შეკავების აუცილებლობის  შესახებ. იმ მომენტისთვის ისინი საჭიროდაც არ მიიჩნევდნენ იმის დამალვას, რომ დაპირისპირება სწორედ მათგან იღებდა სტარტს. დღეს, ვერ მიიღეს რა სასურველი შედეგი, მათ ამ ისტორიის გადატრიალება დაიწყეს, ვინაიდან ჩიხში შევიდნენ. თუ მათ აგრესიული პოლიტიკა დაიწყეს ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომელმაც გაცხადებული შედეგები ვვრე მოიტანა, მაშინ მათ საკუთარი უძლურება უნდა აღიარონ.

შეცდომების აღიარება კი მათ არც უყვართ და არც ეხერხებათ: არც ამ და არც სხვა შემთხვევებში, მათ შორის, ერაყისა და დაუსრულებელი ახლოაღმოსავლური ინტრერვენციისა.

როდესაც მათი რუსეთზე ლაშქრობის გეგმა ჩავარდა იზოლაციის კონცეფციის რეალიზების კუთხით, მათ მაშინვე შეცვალეს იდეოლოგიური კონცეფცია და განაცხადეს: „ჩვენ, კოლექტიური დასავლეთი, მხოლოდ რუსეთის ქმედებებს ვპასუხობთო“.

— აშშ-ის საელჩო რუსეთის მოქალაქეებისთვის არამიგრაციული ვიზების გაცემას შეწყვეტს. დიპმისია მართლა იმიტომ ვერ ართმევს თავს, რომ თანამშრომლები არ ჰყავთ?  

— რამდენიმე წლის განმავლობაში აშშ საშინლად მუშაობდა საკონსულო სფეროში და მთელი საკონსულო სამუშაო ჩაშალეს. ეს თვითონ გააკეთეს, მაგრამ რუსეთის მხრიდან რაღაც ზემოქმედების ზომებზე ლაპარაკობენ, რაც მართალი არ არის.

გადაწყვეტილება იმის შესახებ, რა მიმართულებით მუშაობს დიპლომატი, დაკავებულია ის კულტურით, ეკონომიკითა თუ საკონსულო საკითხებით, თავად ქვეყანა იღებს. შესაბამისად, მოსკოვს არ უიძულებია ვაშინგტონი, შეემცირებინა საკონსულოს თანამშრომლების რაოდენობა. ეს ვაშინგტონის გადაწყვეტილებაა, შეემცირებინათ დიპლომატების რაოდენობა სწორედ საკონსულო მიმართულებით.

აშშ−ს ვიზების გაცემის სისტემა აბსოლუტური არქაიკაა. ასე ვიზებს პრაქტიკულად არსად არ გასცემენ. ჩვენ ამერიკელებს ვიზებს 7−დან 10 დღემდე ვაძლეთ პირადი გასაუბრებების გარეშე.

— რუსეთში „მედუზას“ უცხოურ აგენტად ცნობა ეს ლატვიაში რუსი ჟურნალისტების შევიწროებაზე პასუხია?

— ამ თემაზე ძალიან ბევრი სპეკულაცია იყო. საპასუზო იყო ჩვენი ქმედებები კანონმდებლობის შემუშავების კუთხით. ხოლო როცა ის დამტკიცდა, საჭირო გახდა იმგვარი კრიტერიუმების გამოყენება, რომლის ქვეშაც ექცეოდნენ მედიასაშუალებები. უბრალოდ, კანონმა მუშაობა დაიწყო.

დიახ, „მედუზა“ უცხოურ აგენტადაა ცნობილი. ეს იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებაა რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად. მაგრამ ჩვენთვის, როგორც საგარეო−პოლიტიკური უწყებისთვის, ის არ ქცეულა უფრო მცირე ან უფრო დიდ მედიასაშუალებად. ის დარჩა მედიასაშუალებად. ისინი გვიგზავნიან კითხვებს — ჩვენ ვპასუხობთ. ისინი გვირეკავენ — ჩვენ ყურმილს ვიღებთ. ამ კუთხით ჩვენ მათა რანაირ დისკრიმინაციას არ ვუწევთ. დიდი ხანია, აშშ−ის წარმომადგენლები RT−სა და Sputnik−ის გვერდებზე ჩნდებიან?  არა. და არც მალავენ, რომ ამის გაკეთებას არ აპირებენ.

— ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის შეტაკება მოხდა. ხომ არ მივიღებთ ახალ ყარაბაღს? და შეძლება თუ არა რუსეტი, უფრო აქტიური როლი ითამაშოს ამ დავაში?

— ჩვენ შეშფოთებულები ვადევნებით თვალს მოვლენებს, რომლებიც ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში ვითარდებოდა. საუბარია საზღვრის სადავო უბანზე. სამწუხაროდ, შეიარაღებული შეტაკების შედეგად არის მსხვერპლი, არიან დაჭრილები. ჩვენ თანაგრძნობას ვუცხადებთ დაღუპულების ოჯახებს, ხოლო დაჭრილებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.

რაღა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმეთ 30 აპრილის ღამით ცეცხლის შეწყვეტისა და ვითარების მოლაპარაკებათა სტადიაზე გადატანის თაობაზე მიღწეულ შეთანხმებას მხარეებს შორის. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ისიც, რომ საუბარი იყო  ჯარებისა და საბრძოლო ტექნიკის გაყვანაზე.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ბიშკეკისა და დუშანბეს გადაწყვეტილებას ერთობლივი სამუშაობ ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით. მის ამოცანებში შევა მოსახლეობასთან საინფორმაციო მუშაობაც და ამ ზონაში მდგომარეობის მონიტორინგიც. რუსეთი, მისდევს რა სტრატეგიული პარტნიორობის, მოკავშირეობის პრინციპებს ყირგიზეთთანაც და ტაჯიკეთთანაც, მზადაა, ყველანაირად შეუწყოს ხელი ნებისმიერი სადავო საკითხის გადაჭრას პოლიტიკურ−დიპლომატიური მეთოდებით.  

მსურს განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო ერთ რამეზე: ინტერვიუმდე ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის მოწოდებები  ვნახე რუსეთში მათი დიასპორებისადმი, არავითარ შემთხვევაში არ წამოეგონ არანაირ პროვოკაციას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა და ხელისუფლებების უმაღლეს დონეზე გააზრებულ მიდგომებზე მეტყველებს — ხელისუფლებას ესმის ვითარების, პოლიტიკის დრამატიზმი და მოუწოდებს ხალხს, არ აჰყვნენ ემოციებსა და პროვოკაციებს.

84
თემები:
რუსეთი დღეს (856)
ირინა გაბრიჩიძე

„გადავწყვიტე მათი სიცოცხლის უკვდავსაყოფად დამეხატა ისინი“ ექიმის თავშესაფარი პანდემიისას

964
(განახლებულია 19:39 06.05.2021)
ირინა გაბრიჩიძე „ევექსის“ მთაწმინდის პოლიკლინიკის ექიმია. პანდემიის დროს, კოლეგების მსგავსად, მასაც დაძაბულ რეჟიმში მოუწია საქმიანობა.

სწორედ ამ დროს გაიხსენა ბავშვობის დროინელი გატაცება. და ხატვა მისთვისაც სულიერ შვებად იქცა...

- ქალბატონო ირინა, ვიცი, რომ სხვადასხვა დროს განსხვავებული პროფესიული ინტერესები გქონდათ...

- ადრეულ ასაკში კოსმონავტობა მინდოდა, რაც მაშინვე გადავიფიქრე, როცა გავიგე, რომ კოსმონავტ ქალებს არ ჰყავთ შვილები. ექიმობის სურვილი თინეიჯერობის ასაკში გამიჩნდა, მანამდე ჟურნალისტობა მინდოდა და რომ არ გადამეფიქრებინა, ახლა რესპონდენტის ადგილზე ვერ მოვხვდებოდი. ექიმობა ზოგადად და კონკრეტულად პედიატრობა ბავშვებისადმი განსაკუთრებულმა სიყვარულმა გადამაწყვეტინა. პედიატრად შვიდწლიანი მუშაობის შემდეგ ოჯახის ექიმად გადავემზადე. ახლა უკვე 14 წელია ბავშვებთან ერთად მათ მშობლებსა და ოჯახის სხვა წევრებზე ზრუნვაა ჩემი მოვალეობა.

ირინა გაბრიჩიძე
ირინა გაბრიჩიძე

- პრაქტიკული პროფესიული გამოცდილება სად შეიძინეთ?

- ჩემი 21-წლიანი მუშაობის ყველა პერიოდს თავისი ხიბლი ჰქონდა. კარიერის დასაწყისში მქონდა იმის ბედნიერება, რომ ჭკვიანი ექიმების გვერდით მემუშავა. შემდეგ იყო ნდობის მოპოვება და პაციენტებზე ზრუნვა. ამის მერე კი დაიწყო შემოდგომასავით ყველაზე საინტერესო და წარმატებული პერიოდი სახელად „რასაც დასთეს, იმას მოიმკი“, როცა პაციენტებისგან უდიდეს სიყვარულს და პატივისცემას იღებ. რამდენიმე თვეა „ევექსის“ წარმატებულ გუნდს შემოვუერთდი და, ვფიქრობ, ამ გუნდთან გატარებული დრო კიდევ უფრო წარმატებული იქნება. ასე რომ, ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა...

ირინა გაბრიჩიძე კოლეგებთან ერთად
ირინა გაბრიჩიძე კოლეგებთან ერთად

- პაციენტებთან ურთიერთობის დროს თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი?

- პაციენტთან ურთიერთობისას ჩემთვის მთავარი მისი ჩემდამი ნდობა და სიყვარულია. ბედნიერი ვარ, რომ ამას ყოველდღიურად შევიგრძნობ. როცა პაციენტს ექიმის სჯერა, მკურნალობის შედეგიც არ აყოვნებს. ვფიქრობ, წამალზე არანაკლები სამკურნალო მნიშვნელობა ექიმის სიტყვას აქვს.

ირინა გაბრიჩიძე
ირინა გაბრიჩიძე

- ერთ რიგით, პანდემიურ დღეს ხატვა დაიწყეთ - ეს უცებ მოხდა თუ ამას უძღოდა რაიმე ამბავი?

- შარშან პირველი კოვიდ-პაციენტის მიღების შემდეგ ორკვირიან იძულებით თვითიზოლაციაში მომიწია ყოფნა სახლიდან მოშორებით, დაქირავებულ პატარა ბინაში, სამსახურთან ახლოს. ხატვა მხოლოდ განტვირთვა და სიამოვნება არ იყო, გადარჩენასავით იყო. შემდეგი პერიოდიც განსაკუთრებულ რეჟიმში მომიწია მუშაობა. რაკი სახლში ასაკოვანი მშობლები და პატარა შვილი მყავდა, გადავწყვიტე, ორკვირიან იძულებით მარტოხელობას სამი თვეც მივუმატო, ოჯახის წევრებს საფრთხე რომ არ შევუქმნა, მათგან მოშორებით ვიცხოვრო.

ირინა გაბრიჩიძე
ირინა გაბრიჩიძე

- რა თემები და ფერები ჩნდებოდა თქვენს ნახატებზე?

- ამ პერიოდში შექმნილი ნამუშევრები, მიუხედავად დაძაბული ემოციური და ფიზიკური მდგომარეობისა, ფერადი და ხალისიანი გამოვიდა. მათ სწრაფადვე იპოვეს თავისი მფლობელები. ხატვა დავიწყე ნატურმორტებით და პეიზაჟებით, შემდეგ აბსტრაქცია და გრატაჟი მოვსინჯე. მახსოვს, როგორ მოუთმენლად ველოდი კურიერს, რომელსაც ჩემთვის სახატავი ტილოები და საღებავები უნდა მოეტანა.

ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება
ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება

- ისიც უნდა ითქვას, რომ ხელოვნებისადმი ინტერესი თქვენში ბავშვობაშივე იყო ჩადებული...

- გავიხსენებ ჩემ პირველ შეხებას მხატვრობასთან. ამაზე ფიქრისას გონებაში საბავშვო ბაღის კადრები ამომიტივტივდება ხოლმე: 4-5 წლის პატარა გოგონა ბაღის გამგის ოთახში ზის და უზარმაზარ თეთრ ფურცელზე საბავშვო ბაღის ეზოს ხატავს. შემდეგ იყო თვითმაძიებელი თინეიჯერის გატაცება - „ეტიუდნიკი“ და საღებავები, რამაც 2-3 წელი გასტანა. მიუხედავად მოკლე პერიოდისა, მახსოვს, ყველა მეგობარს სახლში ჩემი ნახატი ჰქონდა.

ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება
ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება

- რომელი ნახატის შექმნას უძღვის რაიმე საინტერესო ამბავი?

- არ ვიცი რამდენად საინტერესოა, მაგრამ გეტყვით, რომ ეზოში, სადაც პანდემიის დასაწყისში ვცხოვრობდი, ულამაზესი ტიტები ყვაოდა. ყოველი მათი დანახვისას დარდად გამიელვებდა ხოლმე - რა ხანმოკლეა მათი ცხოვრება... გადავწყვიტე მათი სიცოცხლის უკვდავსაყოფად დამეხატა ისინი.

ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება
ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება

- ხელოვნება თქვენს ძირითად საქმიანობაში როგორ გეხმარებათ?

- ხატვა დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ დასვენების საუკეთესო საშუალებაა. შეიძლება ბანალურად ჟღერს, მაგრამ ჩემთვის ხატვისას დრო ჩერდება და ამ დროის სასიამოვნოდ გატარებას მეორე დღის პროდუქტიულობაში უდიდესი როლი შეაქვს.

ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება
ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება

- აღდგომის დღეებია და ყველას ვთხოვ, რომ მათთვის გამორჩეული აღდგომა გაიხსენოს...

- აღდგომა - თავიდან დაბადებაა, სიცოცხლის იმედი და ზეიმია! ყველაზე ბედნიერად აღდგომის ის დღე მახსენდება, როცა ჩვენი ოჯახის ყველაზე პატარა წევრი მოინათლა. აღდგომის სიხარულს მაშინ მისი გაქრისტიანებით გამოწვეული სიხარულიც დაემატა. გილოცავთ ყველას, აღდგომის სიხარული არ მოგკლებოდეთ!..

ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება
ირინა გაბრიჩიძის შემოქმედება

 

964
თამარ ჯაბადარი

„ჩემი ქუჩის მტვერიც კი მიყვარს“ სახლი, რომელიც „სულის სავანეა“

407
(განახლებულია 18:54 05.05.2021)
„ეს სახლი მოსასვენებელი ადგილია, სადაც საინტერესო ადამიანებს ხვდები, სადაც თაობათა გზები იკვეთება და ქვეყნის მომავალი ,,იჩორკნება“ – ასე ფიქრობს კულტურის მუშაკი, საგარეჯოს რაიონის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დირექტორი თამარ ჯაბადარი.

ის წლების მანძილზე მუშაობს ამ თანამდებობაზე და მის ხელში არაერთი, მომავალში წარმატებული ადამიანი დაფრთიანებულა. ამ სახლის მნიშვნელობა დღეს რაიონში მცხოვრებ ყველა პროფესიის ადამიანს აქვს გაცნობიერებული.

თამარ ჯაბადარი
თამარ ჯაბადარი

- ქალბატონო თამარ, რადგან აღდგომის დღეებია, თავდაპირველად მინდა ბავშვობა გაიხსენოთ. ბავშვობის დროინდელი აღდგომა როგორ გახსენდებათ?

- ბავშვობასთანაა ასოცირებული მთელი ჩვენი ცხოვრება. მახსოვს, ბავშვებს აღდგომის ღამეს არ გვათევინებდნენ - ძილი დააკლდებათო, გაიზრდებიან, გაიგებენ და თავად ისწავლიანო. მაგრამ დღისით ყველას გამოგვპრანჭავდნენ - ახალ კაბას და ფეხსაცმელს გვაცმევდნენ, გოგონებს ახალ ბაფთებს გვიკეთებდნენ. მერე კი წინაპრების საფლავებზე მივყავდით და იქ ყვავილებს, წითელ კვერცხებს და პასკებს ვაწყობდით...  

თამარ ჯაბადარი
თამარ ჯაბადარი

- საგარეჯოში, თქვენს უბანში რა ხდებოდა?

- ჩვენი უბანი საგარეჯოში დიდი და ახალი ნაშენი იყო, ყველა ოჯახი კი თვითმყოფადი, რადგან თავისი ტრადიციები გააჩნდა და მათ ერთმანეთს ვუზიარებდით. უბნის მშობლები ბავშვებისთვის ცალკე ღებავდნენ კვერცხს და სუფრას ცალკე გვიშლიდნენ. გვასწავლიდნენ როგორ მოვქცეოდით ერთმანეთს, იმას, რომ პატივი გვეცა ერთმანეთის აზრისთვის. ეს იყო ძალიან ლამაზი, მხიარული და ლაღი დღეები. ასე დავფრთიანდით და გავედით ცხოვრების გზაზე.

თამარ ჯაბადარი
თამარ ჯაბადარი

- პროფესიის არჩევას თქვენ შემთხვევაში რა ფაქტორებმა შეუწყო ხელი?

- პროფესია ავირჩიე საკუთარი სურვილით. სახლში სულ მასწავლებლობანას ვთამაშობდით, რადგან მასწავლებლების ოჯახში ვიზრდებოდი და სხვანაირი ვერ ვიქნებოდი. ჩემი კუთხის ისტორიით და კულტურით დაინტერესება მისმა ძველმა ისტორიამ და ამ ადგილებმა განაპირობა. მიყვარდა ჩვენი ისტორია და გეოგრაფია. ვერ წარმომედგინა, როგორ შეიძლება ქვეყანაში ცხოვრობდე და იმ ქვეყნის ისტორია, გეოგრაფია, ლიტერატურა, კულტურა არ იცოდე. საკუთარი თავის მიმართ ყოველთვის მომთხოვნი ვიყავი და დღესაც ვარ. ადამიანს თუ თავისი წილი პასუხისმგებლობა არ აკისრია საკუთარი პიროვნების, ქვეყნის და ქალაქის წინაშე, მაშინ ვინ არის ის?! 

უცხოელ სტუმართან ერთად
უცხოელ სტუმართან ერთად

- როგორია საგარეჯოს მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ისტორია, ორი სიტყვით რას გაიხსენებთ?

- თავიდან მას საგარეჯოს პიონერთა და მოსწავლეთა სახლი ერქვა და ის დაარსდა 1953 წელს, როცა დაბადებულიც არ ვიყავი. იმდროინდელ პიონერთა და მოსწავლეთა სახლს დიდი ტრადიციები ჰქონია. აქ იმართებოდა სპორტული და კულტურული ღონისძიებები, შეხვედრები გიორგი ლეონიძესთან, თეიმურაზ ჯანგულაშვილთან, ლევან თედიაშვილთან, გარი კასპაროვთანაც კი... ეს სასახლე ყველა დროში სისხლსავსე, სრულფასოვანი ცხოვრებით გამოირჩეოდა. აქ მუშაობდნენ ისეთი ადამიანები, ვინც თავისი „კვალი ნათელი“ დატოვა. ვთვლი, რომ ისინი თავიანთი ცხოვრების წესით სამაგალითონი არიან ახალგაზრდებისთვის.

თამარ ჯაბადარი რაიონის ახალგაზრდებთან ერთად
თამარ ჯაბადარი რაიონის ახალგაზრდებთან ერთად

- დღეს რამდენად ინარჩუნებს ეს სახლი იმ ძველ, კეთილ ტრადიციებს?

- შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი სულის სავანეა, მოსასვენებელი ადგილი, სადაც საინტერესო ადამიანებს, ახალგაზრდებს ხვდები, სადაც თაობათა გზები იკვეთება და ქვეყნის მომავალი „იჩორკნება“. წლების გასვლის მერეც, ცხოვრების გზაზე ბევრჯერ შემხვედრია ახალგაზრდები, რომლებსაც უთქვამთ, თქვენ ჩემი მომავლის განსაზღვრაში დიდი როლი შეასრულეთო. დიახ, ამ ერთი შეხედვით უხილავი სფეროს მუშაკებს დიდი როლი გვენიჭება.

თამარ ჯაბადარი ერთ-ერთ ღონისძიებაზე
თამარ ჯაბადარი ერთ-ერთ ღონისძიებაზე

- ვიცი, რომ თქვენი სახლის არსებობის მანძილზე უცხოელებთანაც გქონდათ საქმიანი კონტაქტები...

- მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი 2004 წლიდან თანამშრომლობს ამერიკის მშვიდობის კორპუსთან. 2013 წელს სტუმრად გვყავდა მშვიდობის კორპუსის მოკლევადიანი მხარდაჭერის პროგრამის მოხალისე ემილი ნიუ, რომელიც ძალიან კრეატიული, საქმიანი და ნიჭიერი გოგო იყო. ქართულს არაჩვეულებრივად ფლობს. ემილიმ აქ დააარსა ლიდერთა კლუბი. მაშინ შევქმენით დღის თემატური ბანაკი, სადაც ემილიმ ადგილობრივი გოგონების წახალისების მიზნით მოაწყო სამდღიანი ბანაკი თავისი ტრენინგ-კურსით.

თამარ ჯაბადარი თანამშრომლებთან ერთად და საპატიო სტუმრები, ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი მეუღლესთან ერთად
თამარ ჯაბადარი თანამშრომლებთან ერთად და საპატიო სტუმრები, ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი მეუღლესთან ერთად

- საგარეჯოში ამერიკის ყოფილი ელჩის მოწვევაც მისი ინიციატივა იყო?

- დიახ, მანვე მოიწვია ამერიკის მაშინდელი ელჩის რიჩარდ ნორლანდის მეუღლე მერი ჰარტნეტი. მაშინ მხარდაჭერის მიზნით თავად ელჩიც გვეწვია ვიზიტით, რომელიც, ნაცვლად წინასწარ დაგეგმილი ერთი საათისა, ორსაათ-ნახევარი გაგრძელდა. ძალიან ლამაზი დღე იყო. ელჩის მეუღლემ მერი ჰარტნეტმა წიგნები უსახსოვრა ჩვენს გოგონებს. სხვათა შორის, ის გოგონები დღეს უკვე ბაკალავრები და მაგისტრები არიან. ჩვენ ლიდერთა კლუბის არსებობით ვამაყობთ. მასში 14-18 წლის ახალგაზრდები არიან, იქ ჩვენ ვატარებთ ევროპარლამენტის და გაეროს მოდელირებებს, ვასწავლით საჯარო გამოსვლისა და დებატების ხელოვნებას. 1 ივნისის შემდეგ ევროპარლამენტის ორდღიანი მოდელირების ღონისძიება გვექნება.

თამარ ჯაბადარი
თამარ ჯაბადარი

- საგარეჯოს მოსწავლე ახალგაზრდობის სცენიდან ალბათ არაერთ ახალგაზრდას დაულოცეთ გზა, რომელია რჩევა, რომელსაც მათ დიდ გზაზე აყოლებთ?

- პირადად ჩემი და მთელი კოლექტივის მიერ ახალგაზრდების მიმართ გამოთქმული რჩევა-მოწოდება შეიძლება ამ ფრაზით გამოვხატოთ: ჩვენ გაძლევთ წარმატების ფორმულას, გინდათ? ისარგებლეთ ამით და გააგრძელეთ გზა მომავალი წარმატებებისკენ, ჩვენ ყოველთვის ვიამაყებთ თქვენი არჩევანით და ქართული საქმეებით! საგარეჯოში ბევრი პროფესიის ადამიანი დაფრთიანებულა. ისინი მისაბაძი ხდებიან თავიანთი ცხოვრებით და საქმიანობით. ბედნიერი ვიქნები, თუ მათთვის ცხოვრების ამოსავალი გახდება პრინციპი – „აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?“

თამარ ჯაბადარი ერთ-ერთ ღონისძიებაზე
თამარ ჯაბადარი ერთ-ერთ ღონისძიებაზე

- სამშობლოს ცნება საკუთარი კუთხის სიყვარულით იწყება ხოლმე...

- საგარეჯო ჩემთვის დიდი კულტურისა და ისტორიის ადგილია. არასოდეს შემრცხვენია და შემრცხვება იმისი, რომ საგარეჯოელი ვარ! ყოველთვის ვამაყობდი და ვიამაყებ ბებერი დავით-გარეჯით, ჩემი ქუჩის მტვერიც კი მიყვარს. როგორ შეიძლება არ გიყვარდეს უჯარმის ციხე, მანავის ციხე - კახეთის მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია, ან „ნინოწმინდა - პალატები მეფეთა“? შეიძლება, ღამით ნინოწმინდის საეპარქიო ტაძრის ეზოში იყო და სამრეკლოდან არ ჩაგესმას გიორგი ლეონიძის ხმა?!. სამშობლოც ყველაფერ ამით შეიმეცნება და მისი სიყვარულიც აქედან მოდის... 

 

407
ახალი სკვერი თბილისში

კერძო ავტოფარეხების ნაცვლად ახალი სკვერები მოეწყო

0
(განახლებულია 14:54 18.05.2021)
ხმალაძის განმარტებით, მერია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს დედაქალაქში რეკრეაციული სივრცეების მოწყობას.

 

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. თბილისში 446 კერძო ავტოფარეხის ადგილზე 34 სკვერი გაშენდა, განაცხადა თბილისის ვიცე–მერმა ირაკლი ხმალაძემ ქალაქში  ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების პრეზენტაციაზე. 

ხმალაძის თქმით, აღნიშნული პროექტი არის იმის ნათელი მაგალითი, რომ მთლიანი ქალაქისთვის „ერთი გადაწყვეტილებით შეიძლება შექმნა ურბანული სიკეთე“.

 „მოსახლეობასთან კომუნიკაციის გზით და გამგეობების აქტიური მუშაობის შედეგად, ავტოფარეხები სკვერებით ჩანაცვლდა“, – განაცხადა ხმალაძემ.

თბილისის ვიცე-მერის თქმით, პროექტის ფარგლებში თბილისში დამატებით 4 მლნ კვადრატული მეტრის ფართობს მიენიჭა მწვანე სივრცის სტატუსი და განისაზღვრა ხუთი ახალი საპარკე არეალი.

დედაქალაქის მთავრობისთვის რეკრეაციული ზონების შექმნა და აღდგენა ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ბოლო სამი წლის მანძილზე თბილისში არაერთი პარკისა და სკვერის აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა. სულ ახლახანს მერიამ ორი მასშტაბური პროექტის – ვაკის პარკის განახლებისა და ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ახალი ცენტრალური პარკის მშენებლობის განხორციელება დაიწყო.

0
თემები:
თბილისის მერია