რატი აბულაძე

რატი აბულაძე: საქართველო გლობალურ ეკონომიკაში ისევ „რეგიონული ღობიდან“ იყურება

104
(განახლებულია 17:35 22.02.2021)
რატომ არის მნიშვნელოვანი საგარეო ვაჭრობა ქვეყნის ეკონომიკისთვის და როგორ აისახება ის მოქალაქეების შემოსავალზე, „Sputnik–საქართველოსთან“ ეკონომიკის დოქტორი რატი აბულაძე საუბრობს.

კორონავირუსის პანდემიის ფონზე საქართველოს საგარეო ვაჭრობა კვლავ ეცემა. 2021 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 763.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.3 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 224.4 მლნ დოლარი იყო (16.2 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი – 539.4 მლნ დოლარი (16.4 პროცენტით ნაკლები).

- ამჯერად რამ იქონია გავლენა საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლების ფორმირებაზე კორონავირუსის პანდემიასთან ერთად?

- საგარეო ვაჭრობის შემცირებაზე პანდემიის გამო გავლენა იქონია ისეთმა ფაქტორებმა, როგორებიცაა – შემცირებული მოთხოვნა, შეჩერებული შესყიდვის პროცესი (ყველა ელოდება პანდემიის დასრულებას), შეფერხებული ინვესტიციები, გაზრდილი ფასები, ცვლილებები სავაჭრო სქემებში, სავაჭრო წერტილების დაკეტვა ან შეზღუდულ რეჟიმში მუშაობა.

პანდემიის გარდა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს მხარდამჭერმა ღონისძიებებმა ვერ უზრუნველყო საგარეო ვაჭრობის მოცულობის ზრდა; სტიმულირების მიზნობრივი მიდგომების პირობებშიც კი არათანაბარ პირობებში აღმოჩნდა საზოგადოებაც და ბიზნესიც. ამასთან, როდესაც ქვეყნის საგარეო სავაჭრო პოლიტიკა ვერ ქმნის მნიშვნელოვან რაოდენობრივ და ხარისხობრივ ეფექტებს, ეს იწვევს ეკონომიკის აღდგენის შენელებას და უმუშევრობის ზრდას,  შემოსავლების შემცირებას და სიღარიბის მატებას. ჯამში ბიუჯეტს მძიმე ტვირთად აწვება ბიზნესის და მოქალაქეების ეკონომიკური პრობლემების ზრდა.

- რა არის საჭირო საერათაშორისო ვაჭრობის მაჩვენებლის ზრდისთვის?

- საქართველოს საგარეო ვაჭრობის ზრდა გადის შემდეგ პროცესებზე: კომპანიების კონკურენტუნარიანობის ზრდა, სახელმწიფო ინსტიტუტების მოქნილობის ამაღლება, პოლიტიკური მხარდაჭერის ეფექტი, კრიზისიდან გამოსვლის სტრუქტურული მახასიათებლები, საგარეო ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობების შექმნა, საგადასახადო-საბიუჯეტო სტიმულები, ელექტრონული კომერციის ექსპორტის ზრდა, რეგიონებში ექსპორტის ცენტრების შექმნა, ექსპორტიორებზე მიზნობრივი ზრუნვა და ახალი ექსპორტიორების წარმოჩენა.

სამწუხაროდ, საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობის მცირე მოცულობა ცხადყოფს, რომ ქვეყანა გლობალურ ეკონომიკაში მხოლოდ „რეგიონული ღობიდან“ ყურების მასშტაბს ვერ გასცდა. აღნიშნული მიზეზი არის საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის სუსტი ეფექტები. მხოლოდ ქართული პოლიტიკის პოტენციალზეა დამოკიდებული ქართული ბიზნეს-სუბიექტებისთვის გლობალური აყვავების პირობების შექმნის ხელშეწყობა, რადგან ბიზნეს-სუბიექტები თავისი შეზღუდული რესურსებით ვერ შეძლებენ გლობალურ ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ზრდას.

- როგორ აისახება საგარეო ვაჭრობის ზრდა ან კლება მოსახლეობის შემოსავლებზე?

- საგარეო ვაჭრობა ზრდის დასაქმებას, შემოსავლებს, ქვეყნის და ბიზნესის კეთილდღეობას. შედეგად – იზრდება ქვეყნის ეკონომიკა. როდესაც საგარეო ვაჭრობა მცირდება, მცირდება წარმოება, წარმოებაში დასაქმებულების რაოდენობა, წარმოებული პროდუქციიდან მიღებული შემოსავლები (როგორც დასაქმებულებისთვის, ისე ბიზნესისთვის), წარმოებაში დასაქმებულ პირთა ოჯახის კეთილდღეობა, გადასახადები და ბიუჯეტის შემოსავლები. ექსპორტის შემცირება ნიშნავს ქვეყანაში ნაკლები უცხოური ვალუტის შემოდინებას, მეტ ხარჯს და ეკონომიკის აღდგენის ნელ ტემპს.

აღსანიშნია ისიც, რომ საერთაშორისო ვაჭრობა წარმოადგენს მნიშვნელოვან პოლიტიკურ ინსტრუმენტსაც – სავაჭრო პარტნიორის იმპორტიორ ქვეყანაზე დამოკიდებულობის გამო.

შესაბამისად, საქართველომ რეგიონული გეოპოლიტიკური სცენარების ცვლილებების ფონზე უნდა შექმნას სავაჭრო და საინვესტიციო ნაკადების ზრდის დინამიური პოლიტიკა.

- როგორია თქვენი პროგნოზი 2021 წლისთვის?

- უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წელი არის ეკონომიკის და საგარეო სავაჭრო აქტივობის ზრდის წელი. არსებითია ითქვას ისიც, რომ, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, 2021 წელს მსოფლიო ვაჭრობის ზრდის ტემპი 5.1%–8.3% დიაპაზონში იქნება.

გლობალურ ბაზრებზე მოსალოდნელია ფასების ზრდა, რაც იმპორტდამოკიდებული და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თავსატეხია. ამასთან, ფასების ზრდა არ უნდა გახდეს კერძო სექტორის განკითხვის საგანიც, არამედ გაზრდილი ტარიფების მოსახლეობაზე ზეგავლენის „შთანთქმა“ სწორედ სახელმწიფოს მოვალეობად უნდა განვიხილოთ.  

საგარეო ვაჭრობის გამოცოცხლება დამოკიდებულია სახელმწიფოს სწორ საგადასახადო-საბიუჯეტო სტიმულებზე, საგარეო ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობების შექმნასა და ვაქცინაციაზე. რასაც ჯამში მივყავართ ეკონომიკის აღდგენასთან. აღნიშნულ პროცესში ლომის წილი მიუძღვის ეკონომიკის მართვას და პოლიტიკას.

საკითხის შეჯამების საფუძველზე აღვნიშნავ, რომ მომავალი გამოწვევები იქნება გლობალური ეკონომიკური კონკურენციის პირობებში სახელმწიფოს ეკონომიკური ინტერესების დაცვა, ექსპორტის დივერსიფიკაცია, რეგიონული ეკონომიკური საფრთხეების თავიდან არიდება.

 

ნატა პატარაია

 

104
ვითარება მთიან ყარაბაღში

მშვიდობასა და ომს შორის ქართველი ექსპერტი კავკასიაში არსებულ ვითარებაზე

47
(განახლებულია 19:21 05.03.2021)
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში, საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში, ომი ყარაბაღში და ახალი პოლიტიკური გამოწვევები კავკასიის რეგიონში...

შესაძლებელია თუ არა, საქართველომ დაკარგოს სატრანზიტო უპირატესობა, რამდენად მტკიცეა მშვიდობა ყარაბაღში – ამ და სხვა აქტუალურ თემებზე „Sputnik-საქართველოსთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში კავკასიის საკითხთა ექსპერტმა, ანალიტიკოსმა მამუკა არეშიძემ ისაუბრა.

Мамука Арешидзе
© Sputnik / Vladimir Umikashvili
მამუკა არეშიძე

- ქვეყანაში გასული წლიდან განსაკუთრებით დაძაბულია პოლიტიკური ვითარება, რომელსაც ბევრი აფასებს, როგორც პოლიტიკურ კრიზისს. ეთანხმებით ამ შეფასებას?

- თუ ვიმსჯელებთ ქართული პოლიტიკის ტრადიციებით, კრიზისი არ არის. ჩვენთან ასეთი რამ ყოველთვის ხდება – ბრძოლა ხელისუფლებისთვის. ჩვენ ხომ დემოკრატიული ქვეყანა გვაქვს. პოლიტიკური კულტურა კი დაბალია, შედეგად – ყველაფერი ისე ვლინდება, როგორც ახლა.

- პრემიერ გიორგი გახარიას მოულოდნელი გადადგომა, რასაც თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება მოჰყვა... რა ხდება მმართველ პარტიაში?

- მოულოდნელობას რაც შეეხება, ვერ დაგეთანხმებით.

როდესაც ღარიბაშვილი 2015 წელს თანამდებობიდან წავიდა, უკვე მაშინ საუბრობდნენ, რომ იგი დაბრუნდებოდა. ის ბიძინა ივანიშვილის ყველაზე ახლო და დაფასებული ადამიანი იყო.

გახარიას წასვლაზე კი ხმები დიდი ხანია დადიოდა. და, მაინც, მისი გადადგომა ნაადრევი და არც ისე კარგად გააზრებული მგონია. მეორე მხრივ, მან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა, რომელიც გარკვეულწილად შეარბილებს დაპირისპირების დონეს საზოგადოებაში. ეს არ ნიშნავს, რომ მის გადაწყვეტილებას ვეთანხმები, თუმცა მისი მესმის.

- ძალიან ბევრს საუბრობენ საქართველოში მესამე პოლიტიკური ძალის გამოჩენის აუცილებლობაზე. გახარია თუ შეძლებს გახდეს პრეტენდენტი ამ როლზე?

- მესამე ძალის ნიშა თავისუფალია. დღეს მოქმედი ოპოზიციური პარტიები 90%-ით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არიან დაკავშირებული და იძულებული არიან მის ორბიტაზე იმოძრაონ. შედეგად ვიღებთ ორ პოლუსს: „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. ცალკე მდგომი „პატრიოტთა ალიანსი“ როგორღაც ჩაიკარგა ამ არეულობაში.

მესამე ძალის გამოჩენას საზოგადოება ითხოვს. სხვა საქმეა, რომ ჩვენს პატარა, დაბალი პოლიტიკური კულტურის მქონე ქვეყანაში ძალიან რთულია, ელოდო ერთბაშად სრულყოფილი პოლიტიკური ორგანიზაციის გამოჩენას. თუმცა პირადად მე ამას ვისურვებდი.

საჭიროა ლიდერის ძალიან ძლიერი ქარიზმა, რომელიც დისტანცირებული იქნება „ოცნებისგანაც“ და „ნაცმოძრაობისგანაც“, საჭიროა ძლიერი გუნდი, და, რასაკვირველია, დიდი ფული.

აქვს თუ არა გახარიას ამის შესაძლებლობა და სურვილი – რთული სათქმელია, მაგრამ პოტენციალი ნამდვილად გააჩნია.

- ახალი პრემიერი ღარიბაშვილი ცნობილია თავისი რადიკალიზმით. რას უნდა ველოდოთ საქართველოს განახლებული მთავრობისგან და როგორ შეიცვლება ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ურთიერთობა?

- ვერ ვიტყვი, რომ ღარიბაშვილი რადიკალური ადამიანია, უფრო სწორი იქნებოდა მისი შეფასება, როგორც ხისტი ადამიანი. თუ გახარია ცდილობდა როგორღაც შეერბილებინა ოპოზიციასთან ურთიერთობა, ღარიბაშვილი ამას არ გააკეთებს. მისთვის მიუღებელია ეს ძალა – „ნაციონალური მოძრაობა“, ამას არც მალავს და მკაცრ ნაბიჯებს გადადგამს. დანარჩენს რაც შეეხება, ღარიბაშვილი შეიძლება უფრო მოქნილი იყოს.

მელიას დაპატიმრებას რაც შეეხება, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია – ხელისუფლების სისუსტე თუ ძალა. მელიამ დაარღვია კანონი და ამით ამაყობდა.

აქ ხელისუფლებისთვის დაისვა პრინციპული საკითხი – თუ ოპოზიციური პარტიის ლიდერს მისცემდნენ კანონის იგნორირების საშუალებას, რატომ არ შეიძლება ასევე მოქცევა სხვასთან? საჭირო იყო მელიას როგორღაც მოთოკვა და შედეგად მოხდა ის, რაც მოხდა.

როდესაც საქმე მელიას დაპატიმრებამდე მივიდა, ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მელია, რომლის უკანაც სააკაშვილის ფიგურა და მისი პიარ-იდეები დგას, გამოჩენილიყო მსოფლიო საზოგადოების წინაშე, როგორც მსხვერპლი.

- რამდენად რეალურია რევოლუციური სცენარი საქართველოში? შესაძლებელია სააკაშვილის დაბრუნება?

- ხალხს მთელი ჩვენი პოლიტიკური აბსურდის ატანა ძალიან დიდხანს შეუძლია.

მაგრამ ჩემი აზრია: სააკაშვილის მოსვლა ნამდვილად გამოიწვევს სამოქალაქო ომს. საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ახლა დუმს, აღარ გაჩუმდება. სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის სრულებით მიუღებელი ფიგურაა.

ზოგიერთი „ნაცმოძრაობასაც“ კი უჭერს მხარს, მაგრამ სააკაშვილის გარეშე.

ყველაზე დიდი საიდუმლო კი ის არის, რომ „ნაცმოძრაობის“ ირგვლივ მოძრავ პოლიტიკურ პარტიებსაც არ სურთ სააკაშვილის დაბრუნება. მათ თავად უნდათ პოლიტიკური პროცესების მართვა.

- როგორ აფასებთ პოლიტიკიდან „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წასვლას?

- „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის დისტანცირება პოლიტიკიდან მხოლოდ მისი გადაწყვეტილება არ არის. აქ მოქმედებდნენ სხვა ძალებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ.

მთელი ეს წლები მრავალი ფიგურა დამოკიდებული იყო ივანიშვილზე და მის ირგვლივ მოძრაობდა. მან თქვა: გაძლევთ შესაძლებლობას იმოქმედოთ, იმუშავეთ. გვერდიდან ვადევნებ თვალს პროცესებს, რომლებსაც თქვენ მართავთ. ვნახოთ, როგორ გაართმევთ თავს.

მეორე მხრივ, ის, რა თქმა უნდა, მართალია. ადამიანმა ძალიან ბევრი ჩადო საქართველოს განვითარებაში. არა მხოლოდ ფინანსური კაპიტალი, არამედ ფიზიკური ძალაც. და თქვა - თუ შეგიძლიათ დამოუკიდებლად მოქმედება, იმოქმედეთ. თუ არ შეგიძლიათ - ესეც თქვით.

- ბოლო დროს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია დავით-გარეჯი, დაკარგული რუკების საქმის ირგვლივ აგორებული სკანდალი, კარტოგრაფების დაკავება. რა ხდება ამჟამად ამ სადავო თემასთან დაკავშირებით და არსებობს თუ არა გამოსავალი ჩიხიდან?

- ეს ჩიხი არ არის. შეიძლება ითქვას, ახალი გვერდია.

  • საქართველოს აზერბაიჯანთან 440 კილომეტრის სიგრძის საერთო საზღვარი აქვს, რომლის მესამედიც ჯერ კიდევ არ არის დელიმიტირებული.
  • სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის ქართულ-აზერბაიჯანული ორმხრივი კომისია 1996 წელს შეიქმნა. მისი საქმიანობის პირველი 15 წლის განმავლობაში შესრულდა საზღვრის დასაზუსტებელი სამუშაოების თითქმის 70 პროცენტი, მაგრამ 2007 წლიდან პროცესში დაბრკოლებები გაჩნდა.
  • ერთ-ერთ სადავო მონაკვეთზე მდებარეობს მეექვსე საუკუნის სამონასტრო კომპლექსი დავით-გარეჯი, მაგრამ მის გარკვეულ ნაწილზე აზერბაიჯანის მხარე აცხადებს პრეტენზიას.
  • შარშან საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის დემარკაციის პროცესში უცხო სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის უკანონოდ გადაცემის შესახებ. საქმეზე დააკავეს კომისიის ორი ყოფილი წევრი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა.
  • ბრალდების ვერსიით, დაკავებულებმა დამალეს 1937-1938 წლების რუკები, რის გამოც საქართველო 3,5 ათასი ჰექტარი ტერიტორიის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, მათ შორისაა დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი.

მე ვარ ერთ-ერთი იმათგანი, ვინც ამ რუკებს მთელ მსოფლიოში ეძებდა. ასე რომ, შემიძლია ვთქვა, რომ არაფერი მოულოდნელი ხელისუფლებას არჩევნების წინ არ გაუკეთებია. უბრალოდ ყველაფერი დაემთხვა, როდესაც ბიზნესმენმა ხიდაშელმა ჩამოიტანა მოძიებული რუკები.

2005-2007 წლებში კომისიის ქართული მხარის წევრების ელემენტარულ დაუდევრობას ჰქონდა ადგილი. მინდა მჯეროდეს, რომ ეს სწორედ დაუდევრობაა და არა ღალატი. გამუდმებით მაწუხებს კითხვა, რატომ ხელმძღვანელობდნენ ისინი არა საბაზო დოკუმენტებით, არამედ სხვა რუკებით, და ამაზე პასუხს არავინ იძლევა.

ამ საქმეზე დაკავებული მელაშვილი, რასაკვირველია, ცდილობს იმ ადამიანების დაცვას, ვინც იგი თავის დროზე ამ თანამდებობაზე დანიშნა და ვინც მიუთითა, რა მიმართულებით უნდა წარემართა საქმიანობა. არავითარი მსხვერპლი ის არ არის. ეს არის ადამიანი, რომელმაც არასწორი ნაბიჯები გადადგა. ძალიან არასწორი. და ადამიანი, რომლის ქმედებებმაც გამოიწვია სკანდალი, რომელზეც ახლა ვმსჯელობთ.

აზერბაიჯანის მხარეს, რა თქმა უნდა, საკუთარი ინტერესები ამოძრავებს და ეს გასაგებია.

რასაკვირველია, სტრატეგიული პარტნიორები – საქართველო და აზერბაიჯანი უნდა ისწრაფოდნენ ურთიერთგაგებისკენ. მაგრამ სკანდალი არ იქნებოდა, ყველას რომ დაეცვა ის შეთანხმება, რომელსაც 1996 წელს მოეწერა ხელი.

ახლა გარკვეული პაუზაა ყარაბაღის მოვლენების შემდეგ. აზერბაიჯანს თავისი პრობლემები აქვს, საქართველოს – თავისი. ვფიქრობ, გაზაფხულის ბოლოსკენ შეიკრიბება კომისიის ახალი შემადგენლობა. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს მხრიდან იქნება ახალი შემადგენლობა. იმედი მაქვს, რომ საზღვრის დელიმიტაციის შესახებ მოლაპარაკებაზე ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება. არ ვამბობ, რომ აზერბაიჯანი ორ ნაბიჯს უკან გადადგამს, მაგრამ შეეცდება მაინც დიდი ყურადღებით მიუდგეს საკითხს, რადგან მოძიებული დოკუმენტები უნიკალურია და ისინი მართლაც მეტყველებენ, რომ კომპლექსის ყველა ნაწილი, ბერთუბნის გარდა, საქართველოს კუთვნილებაა.

- ძალიან საინტერესოა ხიდაშელის ფიგურა, როგორ აღმოჩნდა მასთან დაკარგული რუკები?

- ხიდაშელი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა მოსკოვში, შემდეგ გადასახლდა შვეიცარიაში. იქ თავის კომპანიასთან ერთად მუშაობდა მიწისძვრების წინასწარი გამოთვლის სისტემების შექმნაზე, იყენებდა რუკებსაც. და როდესაც საკითხი წამოიჭრა, მან თავისი ცოდნა და კონტაქტები გამოიყენა იმ რუკებისა და დოკუმენტების მოსაძებნად, რომლებიც გაურკვეველ ვითარებაში გაქრა საქართველოს არქივებიდან და არა მარტო საქართველოს, არამედ პოსტსაბჭოური სივრცის ბევრი სხვა არქივიდან.

- როგორ გავლენას მოახდენს აშშ-ის პრეზიდენტად ჯო ბაიდენის არჩევა ამ ქვეყანასთან საქართველოს ურთიერთობაზე? შეიცვლება თუ არა აშშ-ის პოლიტიკა საქართველოს მიმართ?

- ეს არავინ იცის. მაგრამ ბევრი რამ კვლავაც საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება აშშ-ის პოლიტიკას, აქ მუდმივი ფორმულა მოქმედებს: ამერიკელებისთვის მნიშვნელოვანია მათი პოლიტიკა შავი ზღვის რეგიონში, განსაკუთრებით, მის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც მათი საყრდენი ქვეყანა საქართველოა. ეს არ შეიცვლება, ტრამპი იქნება თუ ბაიდენი. უკვე 20-25 წელია, ასე ხდება.

- და, რასაკვირველია, ყარაბაღი. რამდენად მტკიცეა დღეს მშვიდობა ყარაბაღში, რამდენად ქმედითია შექმნილი სქემა? თუ ეს მორიგი აფეთქების გადავადებაა?

- ხშირად მეკითხებიან, ვინ გაიმარჯვა ამ ომში. არა მგონია, რომ მას გამარჯვებული ჰყავდეს. შეიძლება ვისაუბროთ წარმატებაზე: დიდ წარმატებას მიაღწია თურქეთმა, რასაკვირველია, აზერბაიჯანმა, სხვათა შორის, რუსეთმაც. დამარცხდნენ სომხეთი და დასავლეთი, რომელიც მოვლენებში არ მონაწილეობდა. მინსკის ჯგუფიც თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

მაგრამ ეს უბრალოდ წარმატებაა, პროცესი კი, გარწმუნებთ, ჯერ არ დამთავრებულა და დიდხანს არ დამთავრდება. ვინ გაიმარჯვა და ვინ არა, მაშინ გაირკვევა, როდესაც პროცესი დასასრულს მიუახლოვდება.

რაც შეეხება სარჩულს, ტავუშის მოვლენების შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ აზერბაიჯანი ამაზე არ შეჩერდებოდა. ისიც მოსალოდნელი იყო, რომ თურქეთი შეეცდებოდა სამხრეთ კავკასიაში დაბრუნებას არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამხედრო-პოლიტიკური ფორმით. და დაბრუნდა კიდეც. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, რუსეთიც კი არ იყო მზად მოვლენების ამგვარად განვითარებისთვის, მაგრამ სწრაფად შეძლო ორიენტირება. მთელი მსოფლიო ამ მომენტში დაკავებული იყო პანდემიით, აშშ – თავისი არჩევნებით, სხვა ქვეყნები – საკუთარი პრობლემებით...

ჩემი აზრით, ახალი გამოწვევა ახლო მომავალში მოსალოდნელი არ არის. მაგრამ ნათელია, რომ სომხეთის მხარეც დღევანდელ ვითარებას არ შეეგუება. არა მგონია, რუსეთი მსგავს სიტუაციაში თავს კომფორტულად გრძნობდეს. აქ საქმე აზერბაიჯანს არ ეხება. ძალიან მნიშვნელოვანია, რა ნაბიჯებს გადადგამს თურქეთი. თუ ის შეეცდება ნიშნულს გადააბიჯოს (ის კი ნამდვილად შეეცდება), მაშინ არ ვიცი, რა მოხდება.

- ადრე ამბობდით, რომ მისაღები იქნებოდა, თუ საქართველო ამ ქვეყნებს მოლაპარაკებისთვის ბაზას შესთავაზებდა. მაგრამ საქართველოს მხრიდან წინადადება, ცოტა არ იყოს, იგვიანებს. სწორი გადაწყვეტილება იყო განზე დარჩენა?

- მთლიანად განზე გადგომა არ გამოდის და არც გამოვიდოდა. თუ რუსეთი სხვა პოზიციას დაიკავებდა, არ იშუამდგომლებდა, არამედ სომხეთის მხარეს დაიჭერდა, მაშინ სავსებით სხვა შედეგს მივიღებდით. და ეს აუცილებლად როგორღაც საქართველოს ტერიტორიაზე გადმოინაცვლებდა.

დარწმუნებული ვარ, კონკრეტული ადამიანები მუშაობდნენ იმაზე, რომ აუცილებლობის შემთხვევაში აქ ყოფილიყო საყრდენი ბაზები როგორც ერთი, ისე მეორე მხარისთვის, შესაძლო დივერსიული შეტევების ჩათვლით.

უკვე იგრძნობოდა, რომ ეთნიკურ ჯგუფებში იყვნენ ადამიანები, რომლებიც სათანადოდ იყვნენ მომზადებული... სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან მქონდა დისტანციური ლექცია და მათი დაახლოებით 20-30% ადგილობრივი აზერბაიჯანელები და სომხები იყვნენ. სიტყვა ჩამოვარდა რეგიონულ უსაფრთხოებაზე და ძლივს გავაშველე. დარწმუნებული ვარ, რომ ადგილობრივი ეთნიკური ჯგუფების ფსიქოლოგიურ მომზადებაზე ბოლო დროს სხვადასხვა მხარემ ბევრი იმუშავა.

- ამის მიუხედავად, მრავალწლიანი ომი დასრულდა და ახლა ბევრს აღელვებს სატრანსპორტო დერეფნების გახსნის პერსპექტივა. შესაძლებელია საქართველომ სატრანზიტო უპირატესობა დაკარგოს?

- ეს საუბრები კიდევ დიდხანს გაგრძელდება. სატრანზიტო დერეფნის საკითხი სომხეთის ტერიტორიაზე ჯერ ჩანასახის სახით არსებობს, შემდეგ საპროექტო დონეზე გადავა. აზერბაიჯანი და თურქეთი შეეცდებიან ყველაფრის სწრაფად მოგვარებას, მაგრამ ეს არც ისე იოლი გასაკეთებელია.

წარმოიდგინეთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამუშავდება გზა, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე უნდა დაიცვან რუსმა სამშვიდობოებმა. მაგრამ ეს გზა მთელი დატვირთვით მაინც ვერ იმუშავებს, ვიდრე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სადავო საკითხები არ მოგვარდება.

დაკარგავს თუ არა საქართველო სატრანსპორტო ფუნქციას, ეს საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული: ესაა ტარიფები, ინფრასტრუქტურა, ბევრი სხვა პირობა. ყველა ქვეყანა ცდილობს ისეთი პირობების, ლიბერალური ტარიფების შეთავაზებას, რომ ტვირთმა სწორედ მის ტერიტორიაზე გაიაროს. თუ ჩვენ ამ მიმართულებით არ ვიფიქრებთ, ყოველგვარი სომხური გზის გარეშეც შეიძლება დავკარგოთ სატრანზიტო ფუნქცია.

აზერბაიჯანს სურს რეგიონული ეკონომიკური სატრანსპორტო ჰაბი გახდეს. საქართველოც უნდა იყოს პრეტენდენტი ამ როლზე. ჯანსაღი კონკურენციაა. თუ არსებობს შესაძლებლობა – იმოქმედე და სათანადო დონესაც მიაღწევ.

47
შორენა მიქიაშვილი აღსაზრდელებთან ერთად

სამი შვილის დედა, მისი მოქსოვილი თოჯინების თეატრი და „წყნარი სივრცე" პატარებისთვის

531
(განახლებულია 22:38 02.03.2021)
„პატარებისგან ბევრს ვსწავლობ და ბევრი რამ ოჯახშიც გადმოვიტანე“ – ეს შორენა მიქიაშვილია, თბილისის 123-ე საჯარო ბაგა-ბაღის აღმზრდელი.

შორენამ ორი პროფესია აითვისა – ხატვა და თოჯინების ქსოვა დამოუკიდებლად ისწავლა. როცა პატარების აღმზრდელად დაიწყო მუშაობა, უკვე სამი შვილის დედა იყო. დღეს თვლის, რომ ბაგა-ბაღის აღმზრდელობა მისი მოწოდებაა და ეს არაერთი საინტერესო ინციატივით დაადასტურა კიდეც...

შორენა მიქიაშვილი
შორენა მიქიაშვილი

- შორენა, სანამ ბავშვების გულის კარს შეაღებდით, თანაც ასე ლამაზად, რა გზა გაიარეთ?

- პროფესიით აღმოსავლეთმოცოდნე ვარ არაბული ენის განხრით, ასევე ფილოლოგი - ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი. ოთხი წელი მუსიკალურ სასწავლებელშიც ვსწავლობდი ვოკალის ფაკულტეტზე. ცხრა წელი აფხაზეთის სახელმწიფო კაპელაში ვმღეროდი, ჩემი პირველი პროფესიით არასოდეს მიმუშავია.

შორენა მიქიაშვილი კოლეგასთან ერთად
შორენა მიქიაშვილი კოლეგასთან ერთად

- ბავშვობაში მხატვრობაზე ოცნებობდით, მაგრამ რატომ ვერ აისრულეთ ოცნება?

- ჩემი აუხდენელი ოცნებაა, რომ მხატვარი გავმხდარიყავი. ხატვა ბავშვობიდან მიყვარს, განსაკუთრებით პორტრეტის ხატვა მიზიდავს. შვიდი წლის ასაკში დავხატე ბაბუა, რომელიც ძალიან დავამსგავსე. საერთოდ, ხატვის ნიჭი გენეტიკურად გამომყვა დედის მხრიდან. ახლა ვთვლი, ბევრი რომ მეშრომა, საკუთარ თავს მხატვრობაში ვიპოვიდი და წარმატებული ვიქნებოდი. დაახლოებით ათი წლის ასაკში დედამ შემიყვანა სამხატვრო სკოლაში, სადაც გამოცდები უმაღლესი შეფასებით გავიარე, მაგრამ, სამწუხაროდ, უსახსრობის გამო ექვს თვეზე მეტხანს ვერ შევძელი, რომ სწავლა გამეგრძელებინა.

შორენა მიქიაშვილი ბავშვებთან ერთად
შორენა მიქიაშვილი ბავშვებთან ერთად

- ახლანდელ სამსახურში როგორ იპოვეთ საკუთარი თავი?

- რაც შეეხება ჩემს ახლანდელ სამსახურს, ვიტყოდი, რომ ეს მხოლოდ სამსახური არ არის. ჩემთვის ეს ყველაზე ფაქიზ და ღვთიურ არსებებთან ურთიერთობაა, რაც უდიდეს სიყვარულს და პასუხისმგებლობას მოითხოვს. ბავშვთან მიმართებაში ოდნავი შეცდომაც კი დაუშვებელია, ამიტომ როცა საქმე პატარებს ეხება, საშინლად მომთხოვნი ვარ...

შორენა მიქიაშვილი
შორენა მიქიაშვილი

- როგორ უფერადებს ბავშვებს ცხოვრებას მასწავლებელი, რომელსაც ხატვა უყვარს? 

- ვცდილობ, რომ ბავშვებისთვის ყოველი დღე სიხარულით სავსე იყოს, დღე არ გავა, რომ მინიმუმ ორი შემოქმედებითი აქტივობა არ მქონდეს. ბავშვებს სრულ შემოქმედებით თავისუფლებას ვაძლევ. ხატვას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ისინი არა მარტო ხატავენ, არამედ ხატვის დროს გადმოსცემენ ემოციას, რასაც იმ მომენტში განიცდიან. მე ვხედავ, რომ მათთვის უფრო მნიშვნელოვანია ხატვის პროცესი, ვიდრე შედეგი. ამიტომ მეც ზუსტად ან განწყობით მივყვები ბოლომდე. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა მეტი შეგრძნებები და ემოციები გამოიმუშაონ. ჩვენთან მოწყენა არასდროსაა. ხშირად ერთად ვცეკვავთ, რადგან ცეკვაც განტვირთვის ერთ-ერთი საშუალებაა, რაც ბავშვებს მეტ თავდაჯერებულობას და სიმხნევეს მატებს.

შორენა მიქიაშვილი
შორენა მიქიაშვილი

- ვიცი, რომ ბაღში ე.წ. „წყნარი სივრცე" გაქვთ, რას ნიშნავს ეს?

- ჯგუფში ბევრი რამ საკუთარი ხელით მაქვს გაკეთებული და ერთი მათგანი სწორედ „წყნარი სივრცეა". ესაა ხე, რომელიც კედელს მიჰყვება და რომლის ფოთლებიც ჭერიდან დაბლა ეშვება. ბუნებასთან ურთიერთობას ხომ სიმშვიდე მოაქვს. ჩვენი „წყნარი სივრცეც“ ბავშვებისთვის ამის შეხსენებაა. ასევე სხვადასხვა სახის წრეებისთვის მოვხატე წარწერები და ამან უდიდესი სიამოვნება მომანიჭა. ამ ყველაფერში ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანი შორენა წერეთელი მეხმარება. ის, რაც იმ გარემოში ხდება, ბევრისთვის წარმოუდგენელი და მიუღწეველია, მე კი, მიუხედავად სირთულეებისა, ეს შევძელი...

შორენა მიქიაშვილი
შორენა მიქიაშვილი

- საბავშვო ბაღში თოჯინების თეატრის შექმნის იდეა როგორ გაგიჩნდათ?

- დიახ, სახლში მუყაოს გამოყენებით გავაკეთე პატარა მინი-თოჯინების თეატრი და ბაღში მივიტანე. თოჯინების თეატრის შექმნის იდეამ კიდევ სხვა საკითხი დააყენა დღის წესრიგში და სხვა წამოწყებას შეუწყო ხელი. ეს არის ქსოვა. თეატრისთვის დამჭირდა თოჯინები და ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყე ქსოვის ათვისება. მერე ჩემი მოქსოვილი პატარა თოჯინების საშუალებით დავიწყეთ მინი-სპექტაკლების დადგმა. დღესაც კი, ყოველდღე მე და ჩემი პატარები სულ სიახლის ძიებაში ვართ, რაც ბედნიერებას გვანიჭებს და სიცოცხლით გვავსებს. აქვე გეტყვით, რომ სათამაშოების ქსოვა დროთა განმავლობაში ჩემი ჰობი გახდა, პანდემიის დროს კი დამატებითი შემოსავლის წყაროც.

შორენა მიქიაშვილის მოქსოვილი თოჯინები
შორენა მიქიაშვილის მოქსოვილი თოჯინები

- აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ სამი შვილი გყავთ, თქვენმა პროფესიამ მათთან ურთიერთობაც გაგიადვილათ?

- მე 41 წლის ვარ და სამი შვილი მყავს – 11, 9 და 6 წლის არიან. პატარებისგან ბევრს ვსწავლობ და ბევრი რამ ოჯახშიც გადმოვიტანე. ახლა თამამად შეიძლება ვთქვა, რომ შვილებთან დამოკიდებულებას უკვე სულ სხვა თვალით ვუყურებ. ყველაფერი გაცილებით მიადვილდება და უფრო მაბედნიერებს.

შორენა მიქიაშვილი
შორენა მიქიაშვილი

- ხატვის სურვილი და ნიჭი თუ აქვთ?

- მიხარია, რომ ხატვის ნიჭი ჩემს შვილებსაც გამოჰყვათ. სამიდან ერთ-ერთი შესანიშნავად ხატავს. თავისებური ხედვა, ფანტაზია და ფერების აღქმის უნარი აქვს. მიხარია, რომ ისინი ცხოვრებაში ყველაფერს ემოციურად აღიქვამენ. მახსოვს, რომ ჩემმა უფროსმა ქალიშვილმა მარიამ სონგულიამ, როცა ცხრა წლის იყო, თავისუფალი თემაში ასეთი რამ დაწერა: „ზოგჯერ ადამიანი თავს სწირავს და სხვას სიცოცხლეს ჩუქნის. ხან როცა ადამიანს მანქანა ეჯახება, მეორე არ ტოვებს მას და გადაარჩენს. როცა დედები შვილებს აჩენენ, სამყაროს ხალხი ემატება და ესეც გმირობაა“. მიხარია, რომ დედის ამაგს უკვე აქედანვე ხედავს და ასე აფასებს.

შორენა მიქიაშვილი აღსაზრდელებთან ერთად
შორენა მიქიაშვილი აღსაზრდელებთან ერთად

- ვიცი, რომ პანდემიის დროს თქვენი აღსაზრდელები არ დაგიტოვებიათ ყურადღების გარეშე...

- მე ვხვდებოდი, რომ ბავშვებისთვის ბაღის დატოვება მძიმე იქნებოდა, სახლებში გამოკეტვა კი მათ ფსიქოემოციურ განვითარებაზე იმოქმედებდა. ამის გამო პანდემიის დროს გადავწყვიტე, რომ ინტერნეტში ბაღის ჯგუფი შემექმნა. ამ გვერდზე ზოგჯერ სახალისო ვიდეობს ვდებდი, ხან ზღაპრებს ვკითხულობდი, ხან ლექსებს, ხან რაიმე შემოქმედებით-გასართობ ვიზუალურ მასალას, რაც ბავშვებს ძალიან ახარებდა და მათგან სიკეთე პოზიტივის სახით ორმაგად მიბრუნდებოდა. როცა დღეს ამდენ თვალებგაბრწყინებულ პატარას ვხედავ, ბედნიერი ვარ. მათი ენერგია ჩემზე გადმოდის, შეუძლებელია, ეს ვერ იგრძნო და ამან არ შეგავსოს...

 

531
ფეხბურთი. საქართველოს ჩემპიონატი. თბილისის „დინამო“ - ქუთაისის „ტორპედო“

თბილისის „დინამომ“ ეროვნულ ლიგაში პირველი გამარჯვება იზეიმა

0
(განახლებულია 16:10 06.03.2021)
თბილისის „დინამო“ აღნიშნული გამარჯვებით სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილს იკავებს. შემდეგ მატჩს დედაქალაქური კლუბი 9 მარტს ბათუმის „დინამოს“ წინააღმდეგ გამართავს

თბილისი, 6 მარტი - Sputnik. თბილისის „დინამომ“ ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. დედაქალაქელებმა ქუთაისის „ტორპედოს“ გასვლით შეხვედრაში ანგარიშით 2:0 მოუგეს.

თბილისელებმა საწყის წუთებშივე მოახერხეს უპირატესობის მოპოვება. შეხვედრის მე-15 წუთზე ქუთაისელთა მეკარე დინო ხაზმიჩი დაჯარიმდა და წითელი ბარათიც დაიმსახურა. აღნიშნული მომენტის შემდეგ კაცნაკლულ „ტორპედოს“ წინააღმდეგობის გაწევა გაუჭირდა და შედეგად პირველი გოლი მეორე ტაიმის დასაწყისშივე მიიღო. 48-ე წუთზე თორნიკე ახვლედიანმა ანგარიში თავური დარტყმით გახსნა. მეორე ტაიმის შუაში 70-ე წუთზე ლუკა გაგნიძის მიერ ჩაწოდებულ კუთხურს დაუხვდა ტოგოელი ცენტრალური მცველი საიმონ ბენიო, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ჩემპიონატის პირველ ტურში თბილისელები წყალტუბოს „სამგურალს“ დაუზავდნენ (1:1), ამასთან წითელი ბარათის გამო დინამოელთა თავკაცი გიორგი ნემსაძეც დაკარგეს. შედეგად, ქუთაისში გუნდი ნემსაძის ასისტენტმა ლაშა ჭელიძემ გაიყვანა.

თბილისის „დინამომ“ აღნიშნული გამარჯვებით სატურნირო ცხრილში 4 ქულა დააგროვა და მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. რაც შეეხება ქუთაისის „ტორპედოს“, ის რიგით მეორე მარცხის შემდეგ რეიტინგში ბოლო ადგილზე იმყოფება.

2021 წლის სეზონის საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში 27 თებერვალს დაიწყო.

0