მადონა კოიძე

ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნისთვის ბიზნესი მხოლოდ 1000 ლარით არ უნდა ჯარიმდებოდეს

121
(განახლებულია 18:26 12.11.2020)
ვინ და როგორ იცავს საქართველოში მომხმარებელთა უფლებებს იმ ფონზე, როცა ქვეყანაში შესაბამისი კანონი არ არსებობს – „Sputnik-საქართველოს“ საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე და პოპულარული გადაცემა „სახალხო კონტროლის“ წამყვანი მადონა კოიძე ესაუბრა.

- თქვენი შეფასებით, რამდენად უსაფრთხოა საქართველოს რესტორნებსა და კაფე-ბარებში მომზადებული საკვები?

- ძნელია ამ კითხვაზე ცალსახად პასუხი. მართალია, ბევრია საქართველოში ისეთი ობიექტი, სადაც ნაწარმოები პროდუქტი მომხმარებლის ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველია, მაგრამ ასევე ბევრია კეთილსინდისიერი ბიზნეს-ოპერატორიც, რომლებსაც შეუძლიათ სერიოზული კონკურენცია გაუწიონ ცნობილ უცხოურ რესტორნებსაც კი. ამიტომ მარტო „სახალხო კონტროლის“ საფუძველზე მსჯელობა არასწორი იქნება. ჩვენ გადაცემაზე მუშაობისას ძირითადად ვცდილობთ გამოვავლინოთ პრობლემები და დავეხმაროთ ობიექტებს ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრაში. 

- გადაცემაში ბევრი წერილი შემოდის და რამდენად შეესაბამება იქ აღწერილი სიტუაცია სიმართლეს?

- მართლაც ძალიან ბევრი წერილი შემოდის „სახალხო კონტროლში“. მომხმარებლები ისეთი ობიექტების შესახებ გვწერენ, სადაც ნაკლოვანებები შემჩნეული აქვთ. თუმცა არის კონკურენტების ან განაწყენებული თანამშრომლის მიერ დაწერილი წერილებიც. მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ გავფილტროთ და მხოლოდ დასურათებულ და ვიდეომასალით გამყარებულ ინფორმაციაზე მოვახდინოთ რეაგირება.

- ძირითადად რა სახის დარღვევები გხვდებათ ხოლმე საზოგადოებრივი კვების ობიექტების სამზარეულოებში?  

- ყველაზე ხშირად თვალში საცემია საერთო სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა – დასასუფთავებელი იატაკი, კედლები, ჭერი, ნიჟარების და მაცივრების მდგომარეობა, დარღვეულია პროდუქტის შენახვის პირობები.

- რამდენად ახერხებს სურსათის ეროვნული სააგენტო ყველა ობიექტის შემოწმებას?  

- სურსათის ეროვნული სააგენტო მუშაობს დღე და ღამე. მე წვდომა მაქვს თვეში მაქსიმუმ 20 ობიექტზე, მაშინ, როდესაც ამ უწყების მხოლოდ ერთ ჯგუფს აქვს ჩემზე მეტი ობიექტი გაკონტროლებული თვის განმავლობაში. მაგრამ მათი მუშაობა არ ჩანს, მე კი ყველაფერს ვაშუქებ და ეს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია. ძალიან გული მწყდება ხოლმე, როდესაც წერენ, რას აკეთებს სურსათიო… სურსათი აკეთებს თავის საქმეს, მეორე საკითხია, რომ არასაკმარისი რესურსი აქვთ, ჩემი აზრით, რადგან ათეულობით ათასი ობიექტია საქართველოში და ეს ნამდვილად არის გადასახედი.

- კიდევ რა პრობლემებს გამოყოფდით ამ სფეროში?

- პრობლემა არის ძალიან დაბალი საჯარიმო სანქციები. სირცხვილია, როდესაც საწარმოს პროდუქციით შეიძლება ასობით ადამიანი მოიწამლოს და ამისთვის მხოლოდ 1000 ლარით დაჯარიმდეს ბიზნეს-ოპერატორი, ხოლო სამუშაო პროცესი მხოლოდ რამდენიმე დღით შეუჩერდეს. ჯარიმა უნდა იყოს ძალიან მაღალი. როდესაც ამ ჯარიმებს აწესებდნენ, მაშინდელი პარლამენტის კომიტეტის პოზიცია იყო, რომ ჯარიმა ბიზნეს-ოპერატორისთვის ძალიან მტკივნეული არ ყოფილიყო. არასამთავრობო სექტორი მაშინ ამას ძალიან ვეწინააღმდეგებოდით. ბიზნეს–სექტორი უნდა იყოს ორიენტირებული, რომ დაიცვას ყველა პირობა და საერთოდ არ გადაიხადოს ჯარიმა. მისთვის არც დიდი და არც პატარა ჯარიმა არ იქნება მტკივნეული. თუ ის საერთოდ არ გადაიხდის და თუ ის, მაგალითად, დააზარალებს ათეულობით და ასეულობით მომხმარებელს თავისი არაკეთილსინდისიერების გამო, საერთო სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გამო, ან პროდუქტის არასწორი შენახვის გამო, იმდენად მკაცრი უნდა იყოს მისთვის სასჯელი, რომ სხვა ბიზნეს-ოპერატორებისთვის ეს მაგალითი გახდეს. ეს ყველა ვარიანტში უნდა გადაიხედოს ახალი პარლამენტის მიერ და განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაზე უნდა იყოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც კი. თუ ერთი ადამიანი მეორის ჯანმრთელობას დააზიანებს და მის სიციცხლეს საფრთხეს შეუქმნის, მან ციხე უნდა მოიხადოს სისხლის სამართლის კოდექსიდან გამომდინარე. მაგრამ ახლა თუ სასურსათო პროდუქციის მწარმოებელი თავისი უყურადღებობით და არაკეთილსინდისიერებით რისკის წინაშე დააყენებს ათობით და ასობით მომხმარებლის ჯანმრთელობას, მხოლოდ 1000 ლარი უნდა გადაიხადოს – ძალიან შეუსაბამობა გავქვს ამასთან დაკავშირებით და ამას უნდა მიეხედოს რაც შეიძლება სწრაფად.

- რამდენად იცავს კანონი მომხმარებელს და რა უნდა ქნას მომხმარებელმა, თუ ხედავს, რომ მისი უფლებები ირღვევა?

- სამწუხაროდ, ცალკე კანონი მომხმარებელთა უფლებების შესახებ საქართველოში არ გაგვაჩნია და მომხმარებლის უფლებების დაცვა არის გადანაწილებული სხვადასხვა კანონებში თუ კოდექსებში. ძალიან რთულია ასეთ შემთხვევაში მომხმარებელმა თვითონ დაიცვას საკუთარი უფლებები. ამიტომ არის, საბედნიეროდ, ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა მომხმარებელთა ფედერაცია, არის სტრატეგიული კვლევების ცენტრი, სადაც პროექტი აქვთ მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ. სურსათის კოდექსშია კიდევ ჩანაწერი მომხმარებელთა ინფორმირებულობისა და უფლებების შესახებ, მაგრამ სანამ ცალკე კანონი არ იქნება მიღებული, მანამ ჩვენი ორგანიზაციები ვეხმარებით მომხმარებლებს და ვცდილობთ ვასწავლოთ როგორ უნდა დაიცვან თავიანთი უფლებები.

ნატა პატარაია

 

121
ხორბალი

ხორბლის რა მარაგი აქვს ქვეყანას და რა შემთხვევაში გაძვირდება პური

56
(განახლებულია 17:06 20.11.2020)
საქართველო წელიწადში 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან მხოლოდ 10-12%-ია ადგილზე მოყვანილი, დანარჩენი ქვეყანას შემოაქვს, ძირითადად – რუსეთიდან.

ბოლო დროს დოლარის მიმართ ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურების გამო ეკონომისტები იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყანაში ფქვილზე და პურზე ფასების მატებას ელოდებიან. რა მდგომარეობაა ქვეყანაში ხორბლის მარაგების თვალსაზრისით და მოსალოდნელია თუ არა პურ-პროდუქტებზე ფასების ზრდა, „Sputnik–საქართველოსთან“ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა საუბრობს:

ლევან სილაგავა
ლევან სილაგავა

ფქვილის ფასზე ლარის კურსიც აისახება და მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის გაძვირებაც, თუმცა ახლა გარდამავალი მარაგებით ვმუშაობთ. ზაფხულში ხორბალი რუსეთში საკმაოდ დაბალ ფასად შევიძინეთ, სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში კი უკვე უფრო ძვირად, მაგრამ საშუალო შეწონილი ფასით ნელ-ნელა აქამდე მოვედით, ყოველ შემთხვევაში პირველი ხარისხის ფქვილი, რომლისგანაც პური ცხვება, მხოლოდ 4 ლარით გაძვირდა. ახლა ერთი ტომარა ფქვილის ფასი 55 ლარია. მართალია, ეს არ არის იმხელა ცვლილება, რომ პურის ფასში აისახოს, თუმცა გამოწვევად, რა თქმა უნდა, რჩება ისევ მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის ფასების მერყეობა. თანაც რუსეთმა გამოაცხადა, რომ 2021 წლის თებერვლიდან წლის ბოლომდე მარცვლეულის ექსპორტის მოცულობას შეზღუდავს და ეს იმ 124-მა ქვეყანამ უნდა გაითვალისწინოს, რომლებსაც რუსეთი აწვდის ხორბალს. ჩვენთანაც ხორბლის დიდი წილი რუსეთიდან შემოდის და, შესაბამისად, ვმუშაობთ იმაზე, რომ სხვა ქვეყნიდან წამოვიღოთ, თუ იქ უფრო იაფი იქნა ხორბალი. თუმცა, ჯერჯერობით მაინც შემოგვაქვს, მართალია, გაძვირებული, მაგრამ მაინც სხვებთან შედარებით იაფი რუსული  ხორბალი.   

რაც შეეხება მარაგებს, ახლა ქვეყანაში ხორბლის დეფიციტი არ გვაქვს. გვაქვს კონტრაქტი 30 000 ტონა ხორბალზე, რომელიც დეკემბრის თვეში აშშ-დან უნდა შემოვიდეს. ამასთან, ადგილობრივი ხორბლის რაღაც ნაწილიც არის დარჩენილი კახეთში და ეს ბალანსის საშუალებას გვაძლევს. თუ ვინიცობაა, მსოფლიო ბაზრებზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, პურის ფქვილზე ფასის აწევა აუცილებელი გახდება, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია მთავრობასთან და არის სამი ვარიანტი სუბსიდირების: პირველი მექანიზმი არის ხორბლის იმპორტის სუბსიდირება, როგორც მოხდა მარტსა და აპრილში კორონავირუსის პირველი ტალღის დროს, მეორე არის ფქვილის ფასის სუბსიდირება, და მესამე – თვითონ პურის ფასის სუბსიდირება. ამ სამი ვარიანტიდან მთვარობა აირჩევს იმას, რომელიც უფრო ეფექტური და ნაკლებხარჯიანი იქნება ბიუჯეტისთვის.

რამდენ ხორბალს მოიხმარს საქართველო წელიწადში?

საქართველო დაახლოებით მოიხმარს 700-800 ათას ტონამდე ხორბალს წელიწადში. ჩვენ ხორბალი წლების განმავლობაში შემოგვქონდა რუსეთიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, უნგრეთიდან, აშშ-დანაც კი, მაგრამ ბოლო სამი წელია დომინანტი ჩვენს ბაზარე რუსეთი გახდა, იმიტომ რომ დღეს ეს ქვეყანა მსოფლიოში პირველი ექსპორტიორია. გარდა ამისა, ჩვენთვის იქიდან იმპორტი ხელსაყრელია ლოგისტიკის თვალსაზრისითაც, რადგან გვაქვს საერთო საზღვარი ლარსზე. გარდა ამისა, რუსული ხორბალი შემოდის ფოთისა და ბათუმის პორტებით და რკინიგზით აზერბაიჯანიდან. ამას ემატება მომხიბვლელი ფასიც.

რა ღირს 1 ტონა რუსული ხორბალი?

ახლა 1 ტონა ხორბლის ღირებულება სადღაც 250-260 დოლარია. ეს უფრო ნაკლებია მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, თუმცა უფრო ძვირია ზაფხულთან შედარებით. მაგალითად, იმავე სექტემბრის თვეში რუსული ხორბალი 200 დოლარი ღირდა. 25% საკმაოდ დიდი გაძვირებაა და ამიტომ დღეს დაძაბული ბალანსით ვმუშაობთ.

რა ალტერნატიული ვარიანტები აქვს საქართველოს რუსული ხორბლის გარდა?

დღეს რუსულ ხორბალს ყიდულობს 124 ქვეყანა, შესაბამისად, მათთვის და, მათ შორის, ჩვენთვისაც არის სხვა წყაროებიც მსოფლიოში, საიდანაც შეიძლება ხორბლის იმპორტი. რუსული ხორბლის ფასი თუ იქნება უფრო მაღალი, ვიდრე იმავე ყაზახურის, უკრაინულის, უნგრულის, რუმინულის ან ამერიკულის, ყველა ეს ბაზარი ჩვენთვის ღიაა და არც ფიზიკურად ხორბლის წამოღების პრობლემა იქნება.

ხორბლის მარაგები როგორ კეთდება?

ჩვენ ვმუშაობთ შემდეგი სქემით: ადგილზე ხორბალი, გზაში ხორბალი და ხორბლის შესყიდვის ახალი კონტრაქტი. საშუალოდ ორი თვის სამყოფი ხორბლის მარაგი ადგილზე ყოველთვის არის. ის იხარჯება, თავისთავად ცხადია, მაგრამ იმავე რაოდენობით ივსება. როდესაც ხორბალი ძვირდება, შესაბამისად ხარჯვის პარალელურად ახლის შემოტანა მაღალ ფასში ხდება, რაც იწვევს პროდუქტის გაძვირებას. თუმცა როდესაც ჩვენ გარდამავალი მარაგები გვაქვს, იაფად შეძენილი ხორბალი აბალანსებს ახალ ძვირად შეძენილ ხორბალს და საშუალება გვაქვს საშუალო შეწონილ ფასად მოვახდინოთ მისი რეალიზება.

ქართული ხორბალი რა მოცულობით არის და როგორია პერსპექტივა, რომ ქვეყნის მოხმარების დიდი ნაწილი ადგილობრივმა მარცვლეულმა დააკმაყოფილოს?

სასურსათო უსაფრთხოებაში მონაწილე პროდუქტის ადგილზე წარმოება რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ეს კორონავირუსის პანდემიამაც დაგვანახა. მაგრამ რეალისტები უნდა ვიყოთ – არ ვართ ქვეყანა, რომელიც მარტო ხორბლის მოყვანაზე უნდა იყოს ორიენტირებული. არის ბევრი სხვა კულტურა, რომელიც საქართველოში მოდის, თანაც ჩვენ მცირემიწიანი ქვეყანა ვართ, შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა – 5 წელიწადში ხორბლის მთლიანი მოხმარების დაახლოებით 30-40 პროცენტამდე ადგილობრივი მარცვლეულით დავაკმაყოფილოთ. 

რა კეთდება ამისათვის სახელმწიფოს მხრიდან?

პირველი, ეს არის დარაიონება, რომელიც იმისთვის კეთდება, რომ ვიცოდეთ რომელი ხორბლის თესლი რომელ რეგიონში იძლევა ყველაზე მეტ მოსავალს – კახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში თუ სხვაგან. ამაზე მუშაობს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ბოლო დროს აქვთ კიდეც წარმატებები. თითო ჰექტარზე მოწეული ხორბლის რაოდენობა საქართველოში 2–2.5 ტონაა, მაშინ, როდესაც რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 5-8 ტონას შეადგენს. შესაბამისად, ჩვენ იმავე მეცნიერული მიდგომით, ახალი ტექნოლოგიებით და აგრო-განათლებით უნდა შევძლოთ, რომ ერთ ჰექტარ ფართობზე ხორბლის მოსავლიანობა მინიმუმ 5 ტონამდე გავზარდოთ. თუ დღეს ადგილობრივი ხორბალი მთლიანი მოხმარების 10-12%-ს შეადგენს, შეგვიძლია ის სადღაც 25%-მდე გავზარდოთ. ეს არის ჩვენი მიზანი უახლოეს ორ წელიწადში, და შემდგომში თუ ჩვენ ფართობების რაოდენობას გავზარდით, ჩამოვაყალიბებთ კოოპერატივებს, რადგან ფერმერები ძალიან მცირე მიწას ამუშავებენ, მაშინ შეიძლება სადღაც 30-40 პროცენტზეც ავიდეთ. თუ ამას მივაღწიეთ, ჩვენ ვიქნებით სტაბილურად და სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა ხორბლის ფქვილის და პურის მხრივ გადაწყვეტილი გვექნება. გაეროს რეკომენდაციით, ორი თვის მოხმარების მარაგი უნდა იყოს ქვეყანაში და თუ მომავალში საჭირო რაოდენობის 40%-ს ადგილზე მოვიყვანთ, თავისთავად ცხადია, სამჯერ გადავაჭარბებთ ამ დადგენილ ნორმას.

ნატა პატარაია

56
საბა ბოდიკია

საბა ბოდოკიას „გრძნობათა ქაოსი" საერთაშორისო ფესტივალზე გამარჯვებული ქართველი თინეიჯერი

1747
(განახლებულია 20:28 17.11.2020)
„საბა ბოდოკია“ - დავიმახსოვროთ ეს სახელი და გვარი, ეს ბიჭი ნამდვილი აღმოჩენაა!” - ასე გამოაცხადა საბავშვო ფილმების ფესტივალი „ოქროს პეპელას“ გამარჯვებული ფესტივალის დამაარსებელმა და ორგანიზატორმა, რეჟისორმა ირაკლი ჯაოშვილმა.

15 ნოემბერს დასრულდა საბავშვო ფილმების მეათე საიუბილეო (ON LINE) საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს პეპელა -2020", რომლის მთავარი პრიზი საქართველოში დარჩა.

საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის „ოქროს პეპელა“ დამაარსებელი და ორგანიზატორი, რეჟისორი ირაკლი ჯაოშვილი
საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის „ოქროს პეპელა“ დამაარსებელი და ორგანიზატორი, რეჟისორი ირაკლი ჯაოშვილი

გასულ კვირაში - 13, 14 და 15 ნოემბერს თბილისმა უკვე მეათედ უმასპინძლა ფესტივალს, რომელშიც წელს ოცი ქვეყნის მოზარდებმა მიიღეს მონაწილეობა. „ოქროს პეპელას“ ორგანიზატორები არიან კომპანია „ოქროს პეპელა“ და თბილისის ევროპული სკოლა. საერთაშორისო ჟიურიმ ფესტივალზე წარმოდგენილი 87 ფილმიდან საკონკურსოდ 40 ფილმი შეარჩია.

რაც შეეხება გამარჯვებულს, 16 წლის საბა ბოდოკია გეგუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეა. ფესტივალისთვის მან წარადგინა ხუთწუთიანი ფილმი „გრძნობათა ქაოსი", რომლის რეჟისორი, სცენარისტი და მხატვარი თავადაა.

საბასთვის ეს პირველი საერთაშორისო კონკურსი და, შესაბამისად, პირველი გამარჯვებაა. ნიჭიერ მოზარდს ბევრი გატაცება აქვს, ფილმი ფაქტობრივად მის საინტერესო შინაგან სამყაროს ასახავს. ეს ერთგვარი მცდელობაა, რომ კინოხერხების საშუალებით პასუხი გაეცეს პიროვნული დამკვიდრების გზაზე მყოფი მოზარდის მარადიულ კითხვებს...

საბა ბოდიკია
საბა ბოდიკია

- საბა, გილოცავ წარმატებას და ტრადიციული პირველი კითხვა გამარჯვებულს: თუ ელოდი ასეთ შედეგს და რას ნიშნავს შენთვის ეს გამარჯვება?

- დიდი მადლობა მოლოცვისთვის, რაც შეეხება ფილმს, გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ ასეთ შედეგს ნამდვილად არ ველოდი. დაჯილდოებისას ოპერატორთა ნომინაციაში მეორე ადგილი ავიღე, ამ ფაქტმა ძალიან გამახარა და იმის მცირე იმედი, რომ ფესტივალის გამარჯვებული გავხვდებოდი, ბოლომდე გადამეწურა. ვეცადე ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა და ჩემ წინ დადებულ ქაღალდზე ხატვა დავიწყე, სწორედ ამ დროს მომესმა ჩემი ფილმის სახელი, ამან იმდენად ამაღელვა, ამანერვიულა და ამავდროულად გამაკვირვა, რომ სიტყვებს თავი ვერ მოვაბი.

საბა ბოდიკია
საბა ბოდიკია

- „ოქროს პეპელა“ შენთვის პირველი ფესტივალია...

- დიახ, ეს პირველი ფესტივალია, რომელშიც მონაწილეობა მივიღე, შესაბამისად, ჯილდოც პირველია ამ სფეროში. დიდ მადლობას ვუხდი თითოეულ ადამიანს, ჟიურის, ორგანიზატორებს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პრიზი ჩემი ფილმისთვის გაიმეტეს. ეს ჩემთვის არა უბრალოდ წარმატება, არამედ მომავალი გეგმების განხორციელებისთვის ძალიან დიდი მოტივაციის მომცემია.

საბა ბოდიკია
საბა ბოდიკია

- შენს ფილმში, რომელსაც უწოდე „გრძნობათა ქაოსი" გადმოცემულია ადამიანური გრძნობები და განცდები, რატომ შეარჩიე ასეთი ფსიქოლოგიური თემა?  

- ადამიანი ძალიან საინტერესო არსებაა, ფსიქოლოგიით კი წლებია გატაცებული ვარ. 13 წლის ვიყავი, როცა დავინტერესდი, თუ ვინ ვიყავი რეალურად, რა მიზანი მქონდა, რატომ ვცხოვრობდი და რა იყო ზოგადად ცხოვრება. მერე თვეების განმავლობაში ხშირად ვიკეტებოდი საკუთარ თავში და ვეძებდი ამ კითხვებზე პასუხს. ცოტა ხანში მივხვდი, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისაც ამ კითხვებზე პასუხი ჰქონდა, საკუთარი თავი იყო... საბა ბოდოკია, როგორც პიროვნება, მისი შინაგანი სამყაროთი, სურვილებითა და მიზნებით სწორედ ამ დროს ჩამოყალიბდა. მინდა ფილმების მეშვეობით მაქსიმალურად გავუზიარო ჩემი გრძნობები ადამიანებს, რომ ჩავახედო ამ სამყაროში და იგივე კითხვები მათაც დაუსვან საკუთარ თავს: ვინ არიან და რა უნდათ ცხოვრებაში?..

საბა ბოდიკია
საბა ბოდიკია

- ფილმის პერსონაჟებზე რას იტყვი?

- ზოგადად, ეს სფერო იმდენად არის ჩემში, რომ საკუთარ ცხოვრებასაც აღვიქვამ ფილმად, რომელშიც მთავარი პერსონაჟი, რა თქმა უნდა, ისევ მე ვარ. ყველაზე უცნაური ის არის, რომ ამას ჩემი ტვინი როგორღაც იჯერებს და რეალობიდან მწყვეტს. ამ დროს ვიკეტები ჩემს სამყაროში, საკუთარ ოთახში, საკუთარ თავში. აი, სწორედ ამ დროს „ჩნდება“ ჩემი თავის სხვადასხვა ვერსია, ანუ სხვადასხვა პიროვნება, რომლებიც ერთმანეთთან ძალიან საინტერესო დიალოგებს მართავენ. თუ დაუკვირდებით, ამაზე „გრძნობათა ქაოსშიც" საუბრობს ერთ-ერთი პერსონაჟი. ეს პერსონაჟები ყველა ჩემში არსებული სხვადასხვა პიროვნების ჩვენებაა, ეკრანიზაციაა.

- საკუთარი გრძნობათა ქაოსის გადმოსაცემად ყველაზე პოპულარული და მასობრივი – კინოხელოვნება შეარჩიე...

- პირველად კამერის, ოღონდ, როგორც გასართობი საშუალების მიმართ ინტერესი ცხრა წლის ასაკში გამიჩნდა. 12 წლისა უკვე ვწერდი სცენარებს ჩემს მეგობრებთან ერთად და ვიღებდით მოკლემეტრაჟიან ფილმებს, რომელთა დასრულების შესაძლებლობა, სამწუხაროდ, არ გვეძლეოდა სხვადასხვა მიზეზების გამო. იმ წლების შემდეგ გემოვნება რადიკალურად შემეცვალა, ახლა უკვე, შეიძლება ითქვას, საკუთარი სტილიც მაქვს არჩეული.

- ყველაზე რთული და საინტერესო რა იყო ფილმის გადაღების დროს?

1 / 5
კადრი ფილმიდან "გრძნობათა ქაოსი"

- ფილმის გადაღებისას ყველაზე რთული ალბათ დროის სწორად განაწილება იყო, რადგან გადაღებების ნაწილი მიმდინარეობდა 30 ოქტომბერს, მაშინ, როცა ფესტივალზე გაგზავნის ბოლო ვადა ამავე დღის 00:00 საათამდე იყო. ყველაზე საინტერესო იყო ჩემი დამოკიდებულება იმ გამოწვევისადმი, რომელიც ჩემივე გადაწყვეტილებით დავაკისრე საკუთარ თავს. აქვე აღვნიშნავ, რომ სურვილებისა და მიზნისთვის მაქსიმალური ბრძოლა ყოველთვის იძლევა დადებით შედეგს.

- ფილმი მსახიობებისთვისაც სადებიუტო იყო?

- ფილმში მონაწილეობენ თემურ ბოდოკია, თორნიკე სირაძე, ნინა ხაინდრავა. მათი შესრულების მანერა სასიამოვნოდ მაკვირვებს და მახარებს, შემიძლია ვთქვა, რომ ეს მათი წარმატებული დებიუტიცაა. ჩემს ფილმში ასევე მეორეხარისხოვან (მცირე) როლებში არიან გულნარა მარგველაშვილი და ეკატერინა ტყეშელაშვილი. მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო ნდობისა და თანხმობისთვის, რომ ჩემს მცირე ნამუშევარში მიეღოთ მონაწილეობა.

- მომავალი ფილმის თემა თუ გაქვს მოფიქრებული?

- მეორე ფილმის გადაღებები ზაფხულში დავიწყე და ზამთარში დავასრულებ. მისი ხანგრძლივობა დაახლოებით 12 წუთს მოიცავს. ფილმი განსხვავებულ ადამიანზეა, რომელიც ერთფეროვან დედამიწაზე უსახო ადამიანთა გარემოცვაში ცხოვრობს, შინაგანად კი საკუთარ სიზმრებსა და სამყაროშია დასახლებული. ასევე ვიწყებ მუშაობას სრულმეტრაჟიანი ფილმის სცენარზე, რომლის გადაღების საშუალება, იმედი მაქვს, რამდენიმე წელში მომეცემა.

- შენი ფილმის მთავარი არსი ერთი წინადადებით როგორ შეიძლება გამოხატო?

- არსს გამოვხატავდი იმ წინადადებით, რომლითაც თავად ფილმი სრულდება: „მე ქაოსში დაკარგული პერსონაჟი ვარ, რომელიც ცდილობს ცხოვრება ერთ დიდ წიგნად ან ფილმად აქციოს"...

 

1747
კომპანია აეროფლოტის სამგზავრო თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში

რუსეთმა პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსთან შესაძლოა პანდემიის შემდეგ აღადგინოს

0
(განახლებულია 01:17 28.11.2020)
ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების შემდეგ შესაძლებელი იქნება საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხის განხილვა

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. რუსეთი საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენის საკითხს შეზღუდვების მოხსნის შემდეგ განიხილავს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ეს გზავნილი, ქართული მხარის ვერსიით, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლის გრიგორი კარასინის ვიდეოკონფერენციის დროს ითქვა.

„სატრანსპორტო კავშირებზე საუბრისას რუსული მხრიდან აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების კონტექსტში შესაძლებელი იქნება საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხის განხილვა. თუმცა, ამ ეტაპზე რუსეთის მხარეს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აბაშიძის განცხადებით, ამ თემის პოლიტიზება არასწორია.

გარდა ამისა, მხარეები ასვე შეეხნენ საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებულ შეთანხმებას. ამ მიმართულებით აღინიშნა პროგრესი და მხარეებმა განაცხადეს, რომ ექსპერტების დონეზე მზად არიან, ხელი შეუწყონ შეთანხმების იმპლემენტაციას და სამუშაო ჯგუფების საქმიანობას.

რუსული მხარის თხოვნით აბაშიძემ ასევე ისაუბრა რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის შესახებ და აღნიშნა მისი როლი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში. მან განაცხადა, რომ ლაბორატორია ხელსაყრელი ეპიდემიოლოგიური პირობების დროს მზად იქნება უცხოელი ექსპერტების მისაღებად, რომელთა შორის რუსი ექსპერტებიც იქნებიან.

ამას გარდა, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ 2021 წელს სასაზღვრო პუნქტი ყაზბეგი–ლარსის რეკონსტრუქცია ჩატარდება რუსული მხრიდან, რაც სატრანსპორტო მიმოსვლას გააუმჯობესებს.

რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. დიალოგი ქვეყნებს შორის ჟენევის დისკუსიებისა და კარასინი–აბაშიძის მოლაპარაკებების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომელთა შეხვედრებიც პრაღაში 2012 წლიდან იმართება. ურთიერთობები ქვეყნებს შორის ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი აღიარა.

რუსული მხარის ინფორმაციით, გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის შემდეგი შეხვედრა პრაღაში 2021 წლის პირველ კვარტალში პირისპირ შეხვედრის ფორმატში გაიმართება, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს.

0
თემები:
ქართულ–რუსული ურთიერთობები