ფილმ ,,ბესლანის“ რეჟისორი: უახლეს ისტორიაში ამაზე საშინელი არაფერი მომხდარა

© photo: Sputnik / Denis Abramov / გადასვლა მედიაბანკშიბესლანის ტრაგედიის მსხვერპლი
ბესლანის ტრაგედიის მსხვერპლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
3 სექტემბერს ტელეარხ ,,როსია 1“-ზე დოკუმენტური ფილმი-გამოძიების „ბესლანის“ პრემიერა გაიმართება, რომელიც ბესლანის №1 სკოლაში მძევლების ტრაგიკულ დატყვევებას ეძღვნება.

ფილმის რეჟისორმა ალექსანდრ როგატკინმა მცდარი მითებისა და ვარაუდების გასაფანტად თვითმხილველთა მოგონებები და მასალები შეისწავლა.

— ალექსანდრ, მაყურებელს წინასწარ უთხარით, ახალს რას შეიტყობენ თქვენი დოკუმენტური ფილმიდან?  

— ისტორია დიდი ხნის წინანდელია. ის უკვე 16 წელია, რაც საზოგადოებას აშფოთებს და ანაწევრებს. ჩვენს უახლეს ისტორიაში ამაზე უფრო საშინელი და თავზარდამცემი არაფერი მომხდარა, ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ყველა ჟურნალისტის ყურადღებას იპყრობს. მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში უამრავი ადამიანი პარაზიტობს ამ ტრაგედიაზე. ბევრი ალტერნატიული თეორია და ამბავია წამოყენებული, მრავალი მითი და ლეგენდა, რომელიც დაფუძნებული იყო, სხვათა შორის, იური საველიევის მოხსენებაზე, რომელიც იმ წლებში იყო ფრაქცია „როდინას“ დეპუტატი და საპარლამენტო კომისიის წევრი (ტერაქტის გარემოებების გამოსაძიებლად - რედ.). მან არ მოინდომა ოფიციალურ მოხსენებაზე ხელის მოწერა და გამოაქვეყნა საკუთარი, ალტერნატიული შვიდი ტომი, სადაც ის გვარწმუნებდა, რომ ტერორისტებს არ ჰქონდათ თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომ სპეცრაზმელები დარბაზში ცეცხლსასროლ იარაღს ისროდნენ, რაც ამდენი მძევლის სიკვდილის მიზეზი გახდა. მათ არ სურდათ ტერორისტების გაშვება და გადაწყვიტეს ყველას მოკვლა. და ამ იდეას მუსირებს ჩვენი ლიბერალური ოპოზიციური მასმედია, მთელი ეს წლები მუსირებს დასავლეთიც.

— ეს ხომ მრავალჯერ უარყვეს...

— პროკურატურამ შეამოწმა ეს ვერსია. არასამთავრობო ორგანიზაცია „ბაზალტსაც“ კი დაევალა მისი შემოწმება, რომელიც ყუმბარმტყორცნებს აწარმოებს. მოსკოვის მახლობლად მდებარე პოლიგონზე ბესლანის სკოლის სპორტდარბაზის კედლის მსგავსი მოდელი ააგეს იგივე აგურისა და თაბაშირისგან, ბატარეები ჩამოკიდეს, როგორც სკოლაში, კედლის სისქეც სწორედ ორი აგური იყო. ისინი ცდილობდნენ მისთვის ყუმბარმტყორცნებიდან და ავტომატებიდან ესროლათ. „ბაზალტის“ ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ იმ დროს, 2004 წელს არ არსებობდა არც ისეთი ყუმბარმტყორცნი და ცეცხლსასროლი იარაღი, არც საიერიშო ყუმბარმტყორცნი, რომელიც ორი აგურის სისქის კედლის გარღვევასა და ასეთი ნგრევის გამოწვევას შეძლებდა. იგივე შედეგი აჩვენა სხვა ექსპერიმენტმაც, რა დროსაც ამ კედლის წინ თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით სავსე სავარძელი მოათავსეს. მიუხედავად ამისა, საველიევის ამ მოხსენებაზეა დაფუძნებული მრავალი ჟურნალისტური თუ საგაზეთო („ნოვაია გაზეტა“, „ეხო მოსკვი“ და „რადიო თავისუფლება“) გამოძიება. წლიდან წლამდე ისინი იმეორებენ, აი, ამ მითს, რომელიც არაფერზეა დამყარებული.

ჩვენ შევეცადეთ ბევრ მითზე მოგვეთხრო. მათ შორის იმაზეც, რომ ყველა ელოდა იჩქერიის პრეზიდენტ ასლან მასხადოვის გამოჩენას და იმისათვის, რომ ის იქ არ შეეშვათ, რათა მერე გმირად არ ეღიარებინათ, სპეცდანიშნულების რაზმმა ეს ოპერაცია დაიწყო.

საველიევი იმასაც ამტკიცებს, რომ როდესაც ბავშვები გარბოდნენ, ტერორისტები მძევლებს არ ესროდნენ. გვაჩვენებენ რაღაც ფოტოსურათებს, აქაოდა, ნახეთ, ეზო ცარიელია, იქ არავინ არისო. მაგრამ ეს უცნაურია, რადგან არსებობს უამრავი სხვა ფოტო, რომლებიც მძევლების არსებობას ადასტურებს. იგივე ფოტოგრაფი, რომელსაც ის ეყრდნობა, ამბობს, რომ „ის, ვინც ამბობს, რომ ტერორისტებმა მძევლებს არ ესროლეს, ტყუის“.

გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ამ ფილმში არის ბევრი ადამიანური ისტორია, მათი ტრაგედია, თუ როგორ ცხოვრობენ ადამიანები ამ ტკივილთან ერთად, როგორ ქმნიან ახალ ოჯახებს და აჩენენ შვილებს.

— გვიამბეთ გადაღების პროცესზე: რა იყო მთავარი სირთულეები?

— პრინციპში, სირთულეები არ ყოფილა. არსებობს ბევრი მოწმე და ბევრი ყოფილი მძევალიც. ვიღაც უარს ამბობს, ვიღაცას არ სურს გახსენება, ვიღაც, პირიქით, სიამოვნებით გვიზიარებს დეტალებს. გადაღებები ივლისიდან დავიწყეთ და 3 სექტემბრისთვის მოვასწარით ფილმის დასრულება. ფორმატი დიდი გამოვიდა. ყველას მეგობრული დამოკიდებულება აქვს. „ბესლანის დედების“ კომიტეტმაც მოგვცა კომენტარი, თუმცა ისინი პროფესორ საველიევის ალტერნატიულ მოსაზრებას უჭერენ მხარს. ყოველ შემთხვევაში, კითხვების უმეტეს ნაწილზე მაინც მივიღეთ პასუხი.

— გეგმავთ გაგრძელებას? წიგნი დაიწერება?

— არ ვიცი, ამაზე ჯერ არ მიფიქრია.

ყველა ახალი ამბავი
0