ბავშვების ხელები

აუტიზმის „ჯადოსნური აბები“ არ არსებობს „მირაკულუმის“ პატარა გამარჯვებები და დიდი გეგმები

319
(განახლებულია 23:09 02.04.2020)
უკვე მესამე წელია, 2 აპრილს, აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების საერთაშორისო დღეს, ჩვენს მკითხველს ვუყვებით, როგორ მუშაობს თბილისის ინტეგრაციული მედიცინის ცენტრი „მირაკულუმი“ (ლათ. სიტყვაა, ნიშნავს „საოცრებას“).

ცენტრი დაკავებულია აუტიზმის მძიმე შემთხვევების მკურნალობით – არავერბალური ბავშვებით, რომელთაც აღენიშნებათ ქცევის, კვების, ძილის და სხვა სახის უხეში დარღვევები, არ აქვთ ელემენტარული ყოფითი ჩვევები, არიან სრულიად ასოციალურები.

Слово аутизм на детских деревянных кубиках
აუტიზმი

2019 წელს ქართული „მირაკულუმის“ მუშაობის შედეგებით ჩინელი ინვესტორები დაინტერესდნენ. უკვე ექვსი თვეა, ცინდაოში, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, აქტიური მუშაობაა გაჩაღებული ქართული მოდელის მსგავსი „მირაკულუმის“ შესაქმნელად.

Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტმა ქართული და ჩინური ცენტრების ხელმძღვანელის ანდრეი მაქსიმოვის ინტერვიუ ჩაიწერა. იგი ბოლო სამი თვეა ჩინეთში იმყოფება, როგორც პროექტის კოორდინატორი.

- გვესაუბრეთ „მირაკულუმის“ მოდელის არსზე, თავისებურებებსა და უპირატესობებზე.

- სიამოვნებით, ყველაფერი არც ისე რთულია. ძიებისა და წარუმატებლობის მრავალი წლის შემდეგ ბავშვებთან მუშაობის მეთოდი თავდაყირა ამოვატრიალეთ და პროცესიც დაიწყო.

Андрей Максимов
photo: courtesy of Andrey Maksimov
ანდრეი მაქსიმოვი

ისტორიულად და ტრადიციულად, ოფიციალური მედიცინა აუტიზმს ფსიქიკურ დაავადებებს მიაკუთვნებს. თანამედროვე დიაგნოსტიკაში საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოების დიდი ნაწილი, მათ შორის საქართველო, ხელმძღვანელობს МКБ-10 (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაზე) ან DSM-5 (ამერიკული „ფსიქიკურ დაავადებათა დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელო“) მეთოდებით. საქართველოში იყენებენ МКБ-10-ს, რომლითაც აუტიზმი მიეკუთვნება F84 კლასს – „ფსიქიკური განვითარების ზოგად აშლილობას“.

დიაგნოზის საფუძველს წარმოადგენს ნეგატიური ქცევა, კომუნიკაბელურობისა და სოციალურობის დარღვევა, სტერეოტიპების დომინირება და სხვ. მუდმივად მზარდი გარეშე მახასიათებლები – ფობიები, აგრესია და თვითაგრესია, ძილისა და კვების დარღვევა. დროთა განმავლობაში დიაგნოსტიკურ სახელმძღვანელოებში ჩნდება ახალი კრიტერიუმები, მაგრამ ისინი ვერ ეწევიან მუტაცია განცდილ და გართულებულ აუტიზმს.

აუტიზმის ფსიქიკურ აშლილობად განხილვას კატასტროფული შედეგები მოსდევს როგორც ბავშვებისთვის, ისე მათი მშობლებისთვის. ექიმი ხშირად დარწმუნებულია, რომ ბავშვების მკურნალობა არ შეიძლება, რადგან ისინი ავად არ არიან. აუტიზმი ხომ განვითარების ამოუხსნელი აშლილობაა?! ნეიროტიპური პაციენტების სიუხვისა და დროის დეფიციტის გამო ხშირად ექიმის ყურადღების მიღმა რჩება ძილისა და კვების დარღვევები, ალერგიები და ჰორმონალური დარღვევები, პანიკური შეტევები და შფოთვა. მედიცინის როლი შემოიფარგლება ნეიროლეპტიკების გამოწერით იმისათვის, რომ ჩააცხროს ბავშვის ან მოზარდის სახიფათო აგრესიულობა. და რადგან განკურნება არ შეიძლება, დახმარების ერთადერთ გზად რჩება ქცევის კორექცია, რაც თბილისის მრავალრიცხოვან ცენტრებში ხდება. „ისინი უბრალოდ ასეთები არიან. გამოსწორება ვერ მოხერხდება და არც არის საჭირო. მიზანშეწონილია, თერაპიის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, ვასწავლოთ მათ და ჩვენც ვისწავლოთ, როგორ ვიცხოვროთ ერთად“. ძალიან კეთილშობილური, მაგრამ უპერსპექტივო და არასწორი მიდგომაა.

ჩვენი კონცეფციის თანახმად, აუტიზმი, ნეგატიური ქცევა, აგრესია და ასოციალურობა – მეორეულია. მას ვიხილავთ, როგორც დამოუკიდებელი სერიოზული ქრონიკული დაავადებების ან ურთიერთდაკავშირებული მძიმე დაავადებების კომპლექსის შედეგს.

აუტიზმი ტრაგედია არ არის, ტრაგედია უვიცობაა>>

ეს არის უმნიშვნელოვანესი დასკვნა, რომელიც თავდაყირა აყენებს აუტიზმის შესახებ შეხედულებებს. თუ მიზეზი სამედიცინოა, მაშინ შეიძლება აუტიზმის მოქმედების მექანიზმის ძიებაც. თუ მექანიზმის პოვნა და აღწერა შეიძლება, ე.ი. შესაძლებელია მისი მორჩენა ან თუნდაც კორექტირება. სწორედ ამ პრინციპით ხელმძღვანელობს „მირაკულუმი“.

ჩვენი სპეციალისტები თანამედროვე კვლევების საფუძველზე ეძებენ და პოულობენ აუტიზმის პირველწყაროს, ქრონიკულ დაავადებებს. შემდეგ კი სხვადასხვა მიმართულების საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით ცდილობენ პათოლოგიების ამ ურთიერთგადახლართული „გორგალის“ დაშლას. თანმიმდევრულად ამცირებენ ქრონიკული ინფექციების კერებს, ჰორმონალური, ენდოკრინული, იმუნური სისტემების დარღვევებს, აღადგენენ ვიტამინებისა და მიკროელემენტების ბალანსს.   

ამ პროცესს „მირაკულუმი“ ახმარს თანამედროვე სარეაბილიტაციო და მაკორექტირებელი თერაპიის საერთაშორისო არსენალს. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ თუ ბავშვი ჯანმრთელია, თერაპიის ეფექტი ათჯერ მეტია. ეს სავსებით ლოგიკურია როგორც პროფესიული, ისე ყოფითი თვალსაზრისით.

- გამოდის, თქვენი „მირაკულუმი“ მარტოდმარტო ებრძვის მთელ მსოფლიოს, ყველა ექიმსა და მეცნიერს? თქვენ მართალი ხართ, მთელი მსოფლიო კი ცდება! თქვენი მსჯელობა ეჭვებს ბადებს.

- არავითარ შემთხვევაში. ეს დასკვნები – ჩვენი პირადი მიღწევა არ არის. ეს გახლავთ ახალი, ინტეგრაციული, ფუნქციური მედიცინის დამსახურება. სამწუხაროდ, ჯერ არ არსებობს საერთაშორისო ტერმინი. მაგრამ ეს არის მედიცინა, რომელიც ადამიანს იხილავს როგორც მთლიან ორგანიზმს, რომლის სისტემების ურთიერთმოქმედება ეფუძნება ბიოქიმიურ პროცესებს. შესაბამისად, ყოველგვარი პათოლოგია გამოწვეულია ბიოქიმიური (მეტაბოლური) გზების დარღვევებითა და ბლოკირებით.

Детский сад – совместный проект Фонда Мы – другие! и Центра интегративной медицины Miraculum
© Sputnik / Vladimir Umikashvili
საბავშვო ბაღი – ფონდის „ჩვენ განსხვავებულები ვართ" და ინტეგრაციული მედიცინის ცენტრ „მირაკულუმის" ერთობლივი პროექტი

ბოლო ათწლეულის საერთაშორისო კვლევებმა დაამტკიცა, რომ ნერვული სისტემა და ტვინი მჭიდროდ უკავშირდება ორგანიზმის ყველა სისტემას, პირველ რიგში, საჭმლის მომნელებელს, იმუნურს, ენდოკრინულს და ჰორმონალურს. ნერვული სისტემის მუშაობის შეფერხება შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის სისტემის პრობლემებმა, ხოლო ნერვული სისტემის პრობლემებმა, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები სხვა სისტემებში. ეს უკვე დამტკიცებულია, მაგრამ სრულფასოვნად არ არის ასახული ოფიციალურ კლინიკურ პრაქტიკაში.

ოფიციალური და ინტეგრაციული მედიცინა ერთიმეორისგან მკაცრად გამიჯნული არ არის. მეორე გამომდინარეობს პირველიდან. მაგრამ ეს ახალი სამედიცინო პარადიგმა იბრძმედება, როგორც ყოველთვის, ძველისა და ახლის სასტიკ ბრძოლაში.

„მირაკულუმს“ დამოუკიდებელი კვლევები არ ჩაუტარებია. ჩვენ სხვების მიღწევებს თავი მოვუყარეთ ერთ სისტემაში და შევქმენით აუტიზმის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მუშა მოდელი. და, რაც მთავარია, გამოვიყენეთ ის პრაქტიკაში. უფრო ზუსტად, ეს არის ჩემი მეუღლის, „მირაკულუმის“ მეცნიერ-ხელმძღვანელის ალექსანდრა მაქსიმოვას დამსახურება. არ არსებობს იმაზე ძლიერი მოტივაცია, ვიდრე არის დედის ბრძოლა თავისი შვილისთვის ყველა ხელმისაწვდომი საშუალებით. ჩვენ აუტისტი შვილის მშობლები ვართ.

- კიდევ ერთი არადელიკატური კითხვა – თუ ინტეგრაციული მედიცინა აუტიზმთან ბრძოლის ასეთი ეფექტური მეთოდია, რატომ არ მართავს ის მთელ სამყაროს?

- ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: „მეინსტრიმის“ წინააღმდეგობა და კადრების სიმცირე, რომლებიც მზად იქნებიან, ხანგრძლივი დროის განმავლობაში გაიღონ მსხვერპლი, დათმონ კარიერა, მატერიალური კეთილდღეობა, მოისმინონ ბრალდებები დილეტანტობაში, თაღლითობაში... ეს ყველაფერი საკმარისად გამოვცადეთ საქართველოში, ჩინეთშიც იგივე გამოწვევა გველოდება.

მაგრამ ეს არ არის მთავარი მიზეზი. ინტეგრაციული მედიცინის წარმატება მუდმივად განიცდის დისკრედიტაციას მისი „მხარდამჭერების“ მხრიდან. ხშირია, მაგალითად, აგრესიული დედების თავდასხმები. მათი ასეთი ქცევა გამოწვეულია სავალალო გამოცდილებითა და იმედგაცრუებით აუტისტურ სპექტრზე მომუშავე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის შედეგად.

Детский сад – совместный проект Фонда Мы – другие! и Центра интегративной медицины Miraculum
© Sputnik / Vladimir Umikashvili
საბავშვო ბაღი – ფონდის „ჩვენ განსხვავებულები ვართ" და ინტეგრაციული მედიცინის ცენტრ „მირაკულუმის" ერთობლივი პროექტი

ყველაფერი DAN-ვებგვერდების (Defeat Autism Now - დავამარცხოთ აუტიზმი დღეს) „დამსახურებაა“. 2013-2016 წლებში პოპულარულმა DAN-გურუებმა აშშ-შიც მოახერხეს ინტეგრაციული მედიცინის ჩანასახების დისკრედიტაცია. ზოგიერთი ასეთი გვერდი დღესაც აქტიურია. იმავე ტერმინებს იყენებენ, რომლებითაც ინტეგრაციული მედიცინა ხელმძღვანელობს: ბიომედიცინა, ბიოქიმია, ორგანიზმის მთლიანობა, სისტემური კვლევები, ვიტამინებისა და მიკროელემენტების ბალანსი... მოუმზადებელი ადამიანისთვის რთული და ხშირად შეუძლებელია ტყუილ-მართლის გარჩევა. განსაკუთრებით, თუ ვსაუბრობთ პოპულარულ ფორმატში და არა სამედიცინო, პროფესიული ენით, რომელიც მშობლებისთვის ნაკლებ მოსახერხებელია.

რა არის გამოსავალი? არ უნდა დავიზაროთ და დედებს ავუხსნათ, რომ „ჯადოსნური აბები“ არ არსებობს, საჭიროა ბევრი ფიქრი იმაზე, თუ როგორი არჩევანი გავაკეთოთ. ეს რთული პროცესია, რომელსაც ყველა ვერ გაართმევს თავს.

ჩვენი „მირაკულუმის“ სლოგანია – „აუტიზმი – ტრაგედია არ არის. ტრაგედია – უმეცრებაა!“ ამის ღრმად მწამს.

- როგორ დააინტერესეთ ჩინელი ინვესტორები, მით უფრო, რომ ჩინეთში ბიომედიცინის მიმართ, თქვენივე სიტყვებით, ასეთი ნეგატიური დამოკიდებულებაა?

- ინვესტორი, მით უმეტეს, ჩინელი, ყოველთვის პრაგმატულია. „მირაკულუმს“ უნიკალური კონკურენტული უპირატესობა აქვს – პრაქტიკული შედეგი. თანაც გარანტირებული შედეგი, რომლის ახსნა და გაზომვაც შესაძლებელია. ხანმოკლე დროში და მინიმალური რესურსებით უკვე გვაქვს მცირე, მაგრამ დამაჯერებელი სტატისტიკა პატარა პაციენტებისა.

ბოლო წელიწად-ნახევარში ცენტრში 102-მა ბავშვმა იმკურნალა. მშობლების თითქმის მესამედს არ შეუსრულებია მათთვის გაწერილი პროტოკოლი სხვადასხვა მიზეზის გამო – „ძვირია“, „არ გვჯერა“, „ვერ დავიცავთ დიეტას და მკაცრ სამედიცინო პროტოკოლს“. კიდევ 21 ოჯახი სამედიცინო პროტოკოლის საწყის ეტაპზეა, როდესაც ჯერ ადრეა შედეგების შეფასება.

რჩება 50 ბავშვი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ინდივიდუალურ სამედიცინო პროტოკოლს ასრულებდა. 17 მათგანს დიაგნოზი „აუტიზმი“ ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით მოეხსნა. ეს არ ნიშნავს დიაგნოზის ფორმალურ, ოფიციალურად მოხსნას. დიაგნოზი ჩვენ არ დაგვისვამს და ვერც მოვხსნით. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ბავშვი აღარ ავლენს აუტისტურ ნიშნებს. ის კომუნიკაბელური და სოციალურია, თამაშობს ბავშვებთან, გიყურებს თვალებში, აღარ შფოთავს, არ ავლენს აგრესიას, თავისუფალია ფობიებისგან. იგი არ განსხვავდება თანატოლებისგან.

საქართველოში აუტიზმის უნიკალური ცენტრი აშენდება>>

11 ბავშვის დიაგნოზი შეიცვალა განვითარების შეფერხებით. საჭიროა თერაპიის კურსი, მაგრამ უკვე ნათელია, როგორ უნდა დაეწიოს თანატოლებს. კიდევ 10-ს სტაბილური გაუმჯობესება აღენიშნება, რეგრესის გარეშე. და, ბოლოს – 17 ბავშვს აღარ აქვს დარღვეული ძილი, კვება, ქცევა და სხვ. ამ ჯგუფში ყველაზე ბედნიერი და მადლიერი დედები და მამები არიან, რადგან მათ შვილებს აუტიზმის ყველაზე მძიმე ფორმა ახასიათებდა. გზის დასაწყისში ამ მშობლებს არ ჰქონდათ ოპტიმისტური მოლოდინი და მათთვის შედეგი – ნამდვილი საოცრებაა. მსოფლიოში არ არსებობს მსგავსი სტატისტიკა და ნებისმიერი სპეციალისტი იტყვის, რომ „ეს სიცრუეა“. მაგრამ არ იქნება მართალი, რადგან ამ სტატისტიკის შემოწმება მარტივად შეიძლება მშობლებთან.

Детский сад – совместный проект Фонда Мы – другие! и Центра интегративной медицины Miraculum
© Sputnik / Vladimir Umikashvili
საბავშვო ბაღი – ფონდის „ჩვენ განსხვავებულები ვართ" და ინტეგრაციული მედიცინის ცენტრ „მირაკულუმის" ერთობლივი პროექტი

ჩინელებმა სტატისტიკა შეისწავლეს, შეამოწმეს და მიმზიდველი წინადადებით მოგვმართეს. მათ არ მიაქციეს ყურადღება იმას, რომ „მირაკულუმი“ ბევრისთვის ცნობილი არ არის.

- რას ნიშნავს თქვენთვის ჩინური პროექტი – მასშტაბი, ახალი შესაძლებლობები, მსოფლიო ბაზარზე გასვლა?

- დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენთვის გამოყოფენ რესურსებს, რომლებიც რამდენიმე წლით შეამცირებს „მირაკულუმის“ მოდელის დახვეწის, ტირაჟირებისა და გლობალურ დონეზე გატანისთვის საჭირო დროს. ცინდაოში პირველ ეტაპზე ამუშავდება 32 სარესურსო ჯგუფი, თითოში 7 ბავშვით, ოროთახიან საკლასო ოთახებში (დარბაზი სწავლისთვის და განტვირთვის ოთახი).

მოგვიანებით ასეთი საკლასო ოთახების რაოდენობა ათასს მიაღწევს. პროექტით გათვალისწინებულია იდეალური ინფრასტრუქტურა, ინტენსიური და მრავალფეროვანი რეაბილიტაცია, უშველებელი სენსორული ზონები, სპორტული დარბაზები და აუზები, ადაპტირებული სათამაშო მოედნები, კონტაქტური ზოოპარკი და მრავალი სხვა.

მაგრამ ინფრასტრუქტურა მთავარი არ არის. მთავარია – შესაძლებლობა და რესურსები „მირაკულუმის“ მოდელის ლოგიკის დახვეწისა და სრულყოფისთვის. იმის დამატება, რაც ვერ შევძელით საქართველოში რესურსების, კადრებისა და აუცილებელი აღჭურვილობის არარსებობის გამო. ცინდაოში პროტოკოლს დაემატება რეაბილიტაციისა და სწავლების ინდივიდუალური პროტოკოლი. თერაპია შეირჩევა ინდივიდუალურად, ბავშვების აღქმის თავისებურებების გათვალისწინებით.

ნეიროფსიქოლოგი ნეიროფიზიოლოგთან ერთად შეადგენს სარეაბილიტაციო და სასწავლო პროგრამას იმისგან დამოუკიდებლად, რომელი ზონებია დაზიანებული და დაბლოკილი, სად მიმდინარეობს ნეიროანთება და სად არის აუცილებელი განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა. ეს პროგრამა განსაზღვრავს, რომელ ზონასთან როგორ უნდა ვიმუშაოთ, რა ინტენსივობითა და რამდენ ხანს. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, ტვინთან ამ ფორმით ჯერ არავის უმუშავია.

- კორონავირუსი ხომ არ შეგიშლით ხელს?

- რა თქმა უნდა, შეგვიშლის! მაგრამ პროექტი მაინც წინ მიიწევს, მშობლებთან და ბავშვებთან კონსულტაციები კი ონლაინ-რეჟიმში გადავიყვანეთ.

სხვათა შორის, ამას წინათ ჩავატარეთ პირველი ონლაინ-კონსულტაცია, რომლის მსვლელობისას ერთმანეთს დაუკავშირდნენ ცინდაო, სეული და თბილისი. ჩემი მეუღლე ამჟამად თბილისშია და განაგრძობს როგორც თბილისელ, ისე უცხოელ ბავშვებთან მუშაობას დისტანციურად.

ისე კი, მგონი, ამ კორონავირუსმა ყველა, ცოტა არ იყოს, გადარია. 26 მარტს Autism Speaks-მა განაახლა აუტიზმის სტატისტიკის ორწლიანი მონაცემები და გაირკვა, რომ დაავადებულთა დონე 10%-ით გაიზარდა, ანუ 54 ნეიროტიპურ ბავშვზე ერთი აუტისტური სპექტრის ბავშვი მოდის.

- დღევანდელი კრიზისის პირობებში ხომ არ გაგიჩნდათ საქართველოში დაბრუნებისა და პროექტის გაგრძელების სურვილი, ოჯახის ჩინეთში წაყვანის ნაცვლად?

- ჩინეთი ჩვენთვის მარტივი გადაწყვეტილება არ ყოფილა. რასაკვირველია, ჩინეთში უზარმაზარი შესაძლებლობებია, მაგრამ, მერწმუნეთ, იქ არანაკლები პრობლემებია. ენობრივი ბარიერი, უცხო, უჩვეულო მენტალობა და ცხოვრების წესი, მედიცინის თვალსაზრისით ჩვენთვის უცნობი აზიური მეტაბოლიზმის თავისებურებები და მრავალი სხვა.

გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი გახდა ის, რომ „მირაკულუმი“ საქართველოში რჩება „მარტოდმარტო ბრძოლის ველზე“. საქართველოში ჩვენი საყრდენი იყვნენ მშობლები და ქართული ეკლესია, რისთვისაც მათი უზომოდ მადლიერი ვართ.

პროფესიონალთა საზოგადოებას, რომელსაც ჩვენ, გასაგები მიზეზების გამო, ვაღიზიანებდით, ჩვენთვის ხელი არ შეუშლია, რისთვისაც მათი მადლობელი ვართ. ზოგჯერ ინტერესსაც ავლენდა. შარშან თბილისში ორი წარმატებული კონფერენცია ჩავატარეთ. მაგრამ ამ ინტერესმა ვერა და ვერ გადაინაცვლა პრაქტიკულ სიბრტყეში. ნათელი გახდა, რომ მარტოდმარტო და ასეთი ტემპებით ჩვენი მოდელი კიდევ მრავალი წელი ვერ გახდებოდა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი მიღწევა.

ეს ბუნებრივია. ვფიქრობ, როდესაც „მირაკულუმი“ საქართველოში დაბრუნდება გლობალური ბრენდის სახით, ქართველ ექიმებთან და სპეციალისტებთან ურთიერთგაგების პრობლემები არ გვექნება.

ამასთან, გეტყვით, რომ ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება ის კომფორტული და სასიამოვნო გარემო საქართველოში, როდესაც იქმნებოდა და იხვეწებოდა „მირაკულუმის“ მოდელი. აქვე შემიძლია პირობა მოგცეთ, რომ მიუხედავად საქართველოს მცირე მასშტაბებისა, ის ყოველთვის იქნება „მირაკულუმის“ საერთაშორისო ექსპანსიის პრიორიტეტთა შორის.

319
ხორბალი

ხორბლის რა მარაგი აქვს ქვეყანას და რა შემთხვევაში გაძვირდება პური

61
(განახლებულია 17:06 20.11.2020)
საქართველო წელიწადში 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან მხოლოდ 10-12%-ია ადგილზე მოყვანილი, დანარჩენი ქვეყანას შემოაქვს, ძირითადად – რუსეთიდან.

ბოლო დროს დოლარის მიმართ ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურების გამო ეკონომისტები იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყანაში ფქვილზე და პურზე ფასების მატებას ელოდებიან. რა მდგომარეობაა ქვეყანაში ხორბლის მარაგების თვალსაზრისით და მოსალოდნელია თუ არა პურ-პროდუქტებზე ფასების ზრდა, „Sputnik–საქართველოსთან“ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა საუბრობს:

ლევან სილაგავა
ლევან სილაგავა

ფქვილის ფასზე ლარის კურსიც აისახება და მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის გაძვირებაც, თუმცა ახლა გარდამავალი მარაგებით ვმუშაობთ. ზაფხულში ხორბალი რუსეთში საკმაოდ დაბალ ფასად შევიძინეთ, სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში კი უკვე უფრო ძვირად, მაგრამ საშუალო შეწონილი ფასით ნელ-ნელა აქამდე მოვედით, ყოველ შემთხვევაში პირველი ხარისხის ფქვილი, რომლისგანაც პური ცხვება, მხოლოდ 4 ლარით გაძვირდა. ახლა ერთი ტომარა ფქვილის ფასი 55 ლარია. მართალია, ეს არ არის იმხელა ცვლილება, რომ პურის ფასში აისახოს, თუმცა გამოწვევად, რა თქმა უნდა, რჩება ისევ მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის ფასების მერყეობა. თანაც რუსეთმა გამოაცხადა, რომ 2021 წლის თებერვლიდან წლის ბოლომდე მარცვლეულის ექსპორტის მოცულობას შეზღუდავს და ეს იმ 124-მა ქვეყანამ უნდა გაითვალისწინოს, რომლებსაც რუსეთი აწვდის ხორბალს. ჩვენთანაც ხორბლის დიდი წილი რუსეთიდან შემოდის და, შესაბამისად, ვმუშაობთ იმაზე, რომ სხვა ქვეყნიდან წამოვიღოთ, თუ იქ უფრო იაფი იქნა ხორბალი. თუმცა, ჯერჯერობით მაინც შემოგვაქვს, მართალია, გაძვირებული, მაგრამ მაინც სხვებთან შედარებით იაფი რუსული  ხორბალი.   

რაც შეეხება მარაგებს, ახლა ქვეყანაში ხორბლის დეფიციტი არ გვაქვს. გვაქვს კონტრაქტი 30 000 ტონა ხორბალზე, რომელიც დეკემბრის თვეში აშშ-დან უნდა შემოვიდეს. ამასთან, ადგილობრივი ხორბლის რაღაც ნაწილიც არის დარჩენილი კახეთში და ეს ბალანსის საშუალებას გვაძლევს. თუ ვინიცობაა, მსოფლიო ბაზრებზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, პურის ფქვილზე ფასის აწევა აუცილებელი გახდება, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია მთავრობასთან და არის სამი ვარიანტი სუბსიდირების: პირველი მექანიზმი არის ხორბლის იმპორტის სუბსიდირება, როგორც მოხდა მარტსა და აპრილში კორონავირუსის პირველი ტალღის დროს, მეორე არის ფქვილის ფასის სუბსიდირება, და მესამე – თვითონ პურის ფასის სუბსიდირება. ამ სამი ვარიანტიდან მთვარობა აირჩევს იმას, რომელიც უფრო ეფექტური და ნაკლებხარჯიანი იქნება ბიუჯეტისთვის.

რამდენ ხორბალს მოიხმარს საქართველო წელიწადში?

საქართველო დაახლოებით მოიხმარს 700-800 ათას ტონამდე ხორბალს წელიწადში. ჩვენ ხორბალი წლების განმავლობაში შემოგვქონდა რუსეთიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, უნგრეთიდან, აშშ-დანაც კი, მაგრამ ბოლო სამი წელია დომინანტი ჩვენს ბაზარე რუსეთი გახდა, იმიტომ რომ დღეს ეს ქვეყანა მსოფლიოში პირველი ექსპორტიორია. გარდა ამისა, ჩვენთვის იქიდან იმპორტი ხელსაყრელია ლოგისტიკის თვალსაზრისითაც, რადგან გვაქვს საერთო საზღვარი ლარსზე. გარდა ამისა, რუსული ხორბალი შემოდის ფოთისა და ბათუმის პორტებით და რკინიგზით აზერბაიჯანიდან. ამას ემატება მომხიბვლელი ფასიც.

რა ღირს 1 ტონა რუსული ხორბალი?

ახლა 1 ტონა ხორბლის ღირებულება სადღაც 250-260 დოლარია. ეს უფრო ნაკლებია მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, თუმცა უფრო ძვირია ზაფხულთან შედარებით. მაგალითად, იმავე სექტემბრის თვეში რუსული ხორბალი 200 დოლარი ღირდა. 25% საკმაოდ დიდი გაძვირებაა და ამიტომ დღეს დაძაბული ბალანსით ვმუშაობთ.

რა ალტერნატიული ვარიანტები აქვს საქართველოს რუსული ხორბლის გარდა?

დღეს რუსულ ხორბალს ყიდულობს 124 ქვეყანა, შესაბამისად, მათთვის და, მათ შორის, ჩვენთვისაც არის სხვა წყაროებიც მსოფლიოში, საიდანაც შეიძლება ხორბლის იმპორტი. რუსული ხორბლის ფასი თუ იქნება უფრო მაღალი, ვიდრე იმავე ყაზახურის, უკრაინულის, უნგრულის, რუმინულის ან ამერიკულის, ყველა ეს ბაზარი ჩვენთვის ღიაა და არც ფიზიკურად ხორბლის წამოღების პრობლემა იქნება.

ხორბლის მარაგები როგორ კეთდება?

ჩვენ ვმუშაობთ შემდეგი სქემით: ადგილზე ხორბალი, გზაში ხორბალი და ხორბლის შესყიდვის ახალი კონტრაქტი. საშუალოდ ორი თვის სამყოფი ხორბლის მარაგი ადგილზე ყოველთვის არის. ის იხარჯება, თავისთავად ცხადია, მაგრამ იმავე რაოდენობით ივსება. როდესაც ხორბალი ძვირდება, შესაბამისად ხარჯვის პარალელურად ახლის შემოტანა მაღალ ფასში ხდება, რაც იწვევს პროდუქტის გაძვირებას. თუმცა როდესაც ჩვენ გარდამავალი მარაგები გვაქვს, იაფად შეძენილი ხორბალი აბალანსებს ახალ ძვირად შეძენილ ხორბალს და საშუალება გვაქვს საშუალო შეწონილ ფასად მოვახდინოთ მისი რეალიზება.

ქართული ხორბალი რა მოცულობით არის და როგორია პერსპექტივა, რომ ქვეყნის მოხმარების დიდი ნაწილი ადგილობრივმა მარცვლეულმა დააკმაყოფილოს?

სასურსათო უსაფრთხოებაში მონაწილე პროდუქტის ადგილზე წარმოება რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ეს კორონავირუსის პანდემიამაც დაგვანახა. მაგრამ რეალისტები უნდა ვიყოთ – არ ვართ ქვეყანა, რომელიც მარტო ხორბლის მოყვანაზე უნდა იყოს ორიენტირებული. არის ბევრი სხვა კულტურა, რომელიც საქართველოში მოდის, თანაც ჩვენ მცირემიწიანი ქვეყანა ვართ, შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა – 5 წელიწადში ხორბლის მთლიანი მოხმარების დაახლოებით 30-40 პროცენტამდე ადგილობრივი მარცვლეულით დავაკმაყოფილოთ. 

რა კეთდება ამისათვის სახელმწიფოს მხრიდან?

პირველი, ეს არის დარაიონება, რომელიც იმისთვის კეთდება, რომ ვიცოდეთ რომელი ხორბლის თესლი რომელ რეგიონში იძლევა ყველაზე მეტ მოსავალს – კახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში თუ სხვაგან. ამაზე მუშაობს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ბოლო დროს აქვთ კიდეც წარმატებები. თითო ჰექტარზე მოწეული ხორბლის რაოდენობა საქართველოში 2–2.5 ტონაა, მაშინ, როდესაც რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 5-8 ტონას შეადგენს. შესაბამისად, ჩვენ იმავე მეცნიერული მიდგომით, ახალი ტექნოლოგიებით და აგრო-განათლებით უნდა შევძლოთ, რომ ერთ ჰექტარ ფართობზე ხორბლის მოსავლიანობა მინიმუმ 5 ტონამდე გავზარდოთ. თუ დღეს ადგილობრივი ხორბალი მთლიანი მოხმარების 10-12%-ს შეადგენს, შეგვიძლია ის სადღაც 25%-მდე გავზარდოთ. ეს არის ჩვენი მიზანი უახლოეს ორ წელიწადში, და შემდგომში თუ ჩვენ ფართობების რაოდენობას გავზარდით, ჩამოვაყალიბებთ კოოპერატივებს, რადგან ფერმერები ძალიან მცირე მიწას ამუშავებენ, მაშინ შეიძლება სადღაც 30-40 პროცენტზეც ავიდეთ. თუ ამას მივაღწიეთ, ჩვენ ვიქნებით სტაბილურად და სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა ხორბლის ფქვილის და პურის მხრივ გადაწყვეტილი გვექნება. გაეროს რეკომენდაციით, ორი თვის მოხმარების მარაგი უნდა იყოს ქვეყანაში და თუ მომავალში საჭირო რაოდენობის 40%-ს ადგილზე მოვიყვანთ, თავისთავად ცხადია, სამჯერ გადავაჭარბებთ ამ დადგენილ ნორმას.

ნატა პატარაია

61
საბა ბოდიკია

საბა ბოდოკიას „გრძნობათა ქაოსი" საერთაშორისო ფესტივალზე გამარჯვებული ქართველი თინეიჯერი

1794
(განახლებულია 20:28 17.11.2020)
„საბა ბოდოკია“ - დავიმახსოვროთ ეს სახელი და გვარი, ეს ბიჭი ნამდვილი აღმოჩენაა!” - ასე გამოაცხადა საბავშვო ფილმების ფესტივალი „ოქროს პეპელას“ გამარჯვებული ფესტივალის დამაარსებელმა და ორგანიზატორმა, რეჟისორმა ირაკლი ჯაოშვილმა.

15 ნოემბერს დასრულდა საბავშვო ფილმების მეათე საიუბილეო (ON LINE) საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს პეპელა -2020", რომლის მთავარი პრიზი საქართველოში დარჩა.

საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის „ოქროს პეპელა“ დამაარსებელი და ორგანიზატორი, რეჟისორი ირაკლი ჯაოშვილი
საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის „ოქროს პეპელა“ დამაარსებელი და ორგანიზატორი, რეჟისორი ირაკლი ჯაოშვილი

გასულ კვირაში - 13, 14 და 15 ნოემბერს თბილისმა უკვე მეათედ უმასპინძლა ფესტივალს, რომელშიც წელს ოცი ქვეყნის მოზარდებმა მიიღეს მონაწილეობა. „ოქროს პეპელას“ ორგანიზატორები არიან კომპანია „ოქროს პეპელა“ და თბილისის ევროპული სკოლა. საერთაშორისო ჟიურიმ ფესტივალზე წარმოდგენილი 87 ფილმიდან საკონკურსოდ 40 ფილმი შეარჩია.

რაც შეეხება გამარჯვებულს, 16 წლის საბა ბოდოკია გეგუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეა. ფესტივალისთვის მან წარადგინა ხუთწუთიანი ფილმი „გრძნობათა ქაოსი", რომლის რეჟისორი, სცენარისტი და მხატვარი თავადაა.

საბასთვის ეს პირველი საერთაშორისო კონკურსი და, შესაბამისად, პირველი გამარჯვებაა. ნიჭიერ მოზარდს ბევრი გატაცება აქვს, ფილმი ფაქტობრივად მის საინტერესო შინაგან სამყაროს ასახავს. ეს ერთგვარი მცდელობაა, რომ კინოხერხების საშუალებით პასუხი გაეცეს პიროვნული დამკვიდრების გზაზე მყოფი მოზარდის მარადიულ კითხვებს...

საბა ბოდიკია
საბა ბოდიკია

- საბა, გილოცავ წარმატებას და ტრადიციული პირველი კითხვა გამარჯვებულს: თუ ელოდი ასეთ შედეგს და რას ნიშნავს შენთვის ეს გამარჯვება?

- დიდი მადლობა მოლოცვისთვის, რაც შეეხება ფილმს, გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ ასეთ შედეგს ნამდვილად არ ველოდი. დაჯილდოებისას ოპერატორთა ნომინაციაში მეორე ადგილი ავიღე, ამ ფაქტმა ძალიან გამახარა და იმის მცირე იმედი, რომ ფესტივალის გამარჯვებული გავხვდებოდი, ბოლომდე გადამეწურა. ვეცადე ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა და ჩემ წინ დადებულ ქაღალდზე ხატვა დავიწყე, სწორედ ამ დროს მომესმა ჩემი ფილმის სახელი, ამან იმდენად ამაღელვა, ამანერვიულა და ამავდროულად გამაკვირვა, რომ სიტყვებს თავი ვერ მოვაბი.

საბა ბოდიკია
საბა ბოდიკია

- „ოქროს პეპელა“ შენთვის პირველი ფესტივალია...

- დიახ, ეს პირველი ფესტივალია, რომელშიც მონაწილეობა მივიღე, შესაბამისად, ჯილდოც პირველია ამ სფეროში. დიდ მადლობას ვუხდი თითოეულ ადამიანს, ჟიურის, ორგანიზატორებს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პრიზი ჩემი ფილმისთვის გაიმეტეს. ეს ჩემთვის არა უბრალოდ წარმატება, არამედ მომავალი გეგმების განხორციელებისთვის ძალიან დიდი მოტივაციის მომცემია.

საბა ბოდიკია
საბა ბოდიკია

- შენს ფილმში, რომელსაც უწოდე „გრძნობათა ქაოსი" გადმოცემულია ადამიანური გრძნობები და განცდები, რატომ შეარჩიე ასეთი ფსიქოლოგიური თემა?  

- ადამიანი ძალიან საინტერესო არსებაა, ფსიქოლოგიით კი წლებია გატაცებული ვარ. 13 წლის ვიყავი, როცა დავინტერესდი, თუ ვინ ვიყავი რეალურად, რა მიზანი მქონდა, რატომ ვცხოვრობდი და რა იყო ზოგადად ცხოვრება. მერე თვეების განმავლობაში ხშირად ვიკეტებოდი საკუთარ თავში და ვეძებდი ამ კითხვებზე პასუხს. ცოტა ხანში მივხვდი, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისაც ამ კითხვებზე პასუხი ჰქონდა, საკუთარი თავი იყო... საბა ბოდოკია, როგორც პიროვნება, მისი შინაგანი სამყაროთი, სურვილებითა და მიზნებით სწორედ ამ დროს ჩამოყალიბდა. მინდა ფილმების მეშვეობით მაქსიმალურად გავუზიარო ჩემი გრძნობები ადამიანებს, რომ ჩავახედო ამ სამყაროში და იგივე კითხვები მათაც დაუსვან საკუთარ თავს: ვინ არიან და რა უნდათ ცხოვრებაში?..

საბა ბოდიკია
საბა ბოდიკია

- ფილმის პერსონაჟებზე რას იტყვი?

- ზოგადად, ეს სფერო იმდენად არის ჩემში, რომ საკუთარ ცხოვრებასაც აღვიქვამ ფილმად, რომელშიც მთავარი პერსონაჟი, რა თქმა უნდა, ისევ მე ვარ. ყველაზე უცნაური ის არის, რომ ამას ჩემი ტვინი როგორღაც იჯერებს და რეალობიდან მწყვეტს. ამ დროს ვიკეტები ჩემს სამყაროში, საკუთარ ოთახში, საკუთარ თავში. აი, სწორედ ამ დროს „ჩნდება“ ჩემი თავის სხვადასხვა ვერსია, ანუ სხვადასხვა პიროვნება, რომლებიც ერთმანეთთან ძალიან საინტერესო დიალოგებს მართავენ. თუ დაუკვირდებით, ამაზე „გრძნობათა ქაოსშიც" საუბრობს ერთ-ერთი პერსონაჟი. ეს პერსონაჟები ყველა ჩემში არსებული სხვადასხვა პიროვნების ჩვენებაა, ეკრანიზაციაა.

- საკუთარი გრძნობათა ქაოსის გადმოსაცემად ყველაზე პოპულარული და მასობრივი – კინოხელოვნება შეარჩიე...

- პირველად კამერის, ოღონდ, როგორც გასართობი საშუალების მიმართ ინტერესი ცხრა წლის ასაკში გამიჩნდა. 12 წლისა უკვე ვწერდი სცენარებს ჩემს მეგობრებთან ერთად და ვიღებდით მოკლემეტრაჟიან ფილმებს, რომელთა დასრულების შესაძლებლობა, სამწუხაროდ, არ გვეძლეოდა სხვადასხვა მიზეზების გამო. იმ წლების შემდეგ გემოვნება რადიკალურად შემეცვალა, ახლა უკვე, შეიძლება ითქვას, საკუთარი სტილიც მაქვს არჩეული.

- ყველაზე რთული და საინტერესო რა იყო ფილმის გადაღების დროს?

1 / 5
კადრი ფილმიდან "გრძნობათა ქაოსი"

- ფილმის გადაღებისას ყველაზე რთული ალბათ დროის სწორად განაწილება იყო, რადგან გადაღებების ნაწილი მიმდინარეობდა 30 ოქტომბერს, მაშინ, როცა ფესტივალზე გაგზავნის ბოლო ვადა ამავე დღის 00:00 საათამდე იყო. ყველაზე საინტერესო იყო ჩემი დამოკიდებულება იმ გამოწვევისადმი, რომელიც ჩემივე გადაწყვეტილებით დავაკისრე საკუთარ თავს. აქვე აღვნიშნავ, რომ სურვილებისა და მიზნისთვის მაქსიმალური ბრძოლა ყოველთვის იძლევა დადებით შედეგს.

- ფილმი მსახიობებისთვისაც სადებიუტო იყო?

- ფილმში მონაწილეობენ თემურ ბოდოკია, თორნიკე სირაძე, ნინა ხაინდრავა. მათი შესრულების მანერა სასიამოვნოდ მაკვირვებს და მახარებს, შემიძლია ვთქვა, რომ ეს მათი წარმატებული დებიუტიცაა. ჩემს ფილმში ასევე მეორეხარისხოვან (მცირე) როლებში არიან გულნარა მარგველაშვილი და ეკატერინა ტყეშელაშვილი. მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო ნდობისა და თანხმობისთვის, რომ ჩემს მცირე ნამუშევარში მიეღოთ მონაწილეობა.

- მომავალი ფილმის თემა თუ გაქვს მოფიქრებული?

- მეორე ფილმის გადაღებები ზაფხულში დავიწყე და ზამთარში დავასრულებ. მისი ხანგრძლივობა დაახლოებით 12 წუთს მოიცავს. ფილმი განსხვავებულ ადამიანზეა, რომელიც ერთფეროვან დედამიწაზე უსახო ადამიანთა გარემოცვაში ცხოვრობს, შინაგანად კი საკუთარ სიზმრებსა და სამყაროშია დასახლებული. ასევე ვიწყებ მუშაობას სრულმეტრაჟიანი ფილმის სცენარზე, რომლის გადაღების საშუალება, იმედი მაქვს, რამდენიმე წელში მომეცემა.

- შენი ფილმის მთავარი არსი ერთი წინადადებით როგორ შეიძლება გამოხატო?

- არსს გამოვხატავდი იმ წინადადებით, რომლითაც თავად ფილმი სრულდება: „მე ქაოსში დაკარგული პერსონაჟი ვარ, რომელიც ცდილობს ცხოვრება ერთ დიდ წიგნად ან ფილმად აქციოს"...

 

1794
ტყე

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

0
(განახლებულია 11:55 30.11.2020)
სტრესული და დრამატული ვითარებებისგან თავისუფალი თვე გველოდება. მისი მთავარი მახასიათებელი მონოტონურობა იქნება. წინასაახალწლო განწყობა კი, შესაძლოა, რამდენადმე ბანალური იყოს და არ ეტყობოდეს ის საყოველთაო მხიარულება, რაც ზოგადად ამ პერიოდს ახასიათებს

ორი სიტყვით რომ ვთქვათ, ზამთარი ემოციური სიცივისა და ამაღლებული მერკანტილიზმის პირობებში დაიწყება.

რაც შეეხება ცალკეულ სტიქიებს, მიწის სტიქიის წარმომადგენლებს – თხის რქებს, ქალწულებსა და კუროებს ვენერა გაუწევს მფარველობას. მათთვის უსიამოვნებები პიროვნულ ურთიერთობებში მოსალოდნელი არ არის.

წყლის სტიქიის წარმომადგენლებს – კირჩხიბებს, მორიელებსა და თევზებს სატურნი გაუწევს მფარველობას და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენონ ბუნებით ბოძებული ინტუიცია.

ცეცხლის სტიქიის ნიშნებს – ლომებს, ქალწულებსა და ვერძებს ძალიან აქტიურად არა, მაგრამ მაინც დაეხმარება მზე. ზამთრის დასაწყისში ნაკლებად სავარაუდოა იმუნიტეტის დაქვეითებასთან და ავადმყოფობასთან დაკავშირებული პრობლემები.

რაც შეეხება ჰაერის ნიშნებს – ტყუპებს, სასწორებსა და მერწყულებს, დეკემბერში მათი მხარდამჭერი მთვარე იქნება. მათი ინტუიცია კიდევ უფრო გამძაფრდება, რაც საუკეთესო დამხმარე იქნება საქმიანობაში.

2021 წლის ჰოროსკოპი: ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა – ვერძი>>

ვერძი

ვერძებს რამდენადმე ქაოტური თვე გელოდებათ. სხვადასხვა სურვილს შორის „გაიხლიჩებით“: მოგზაურობა, სამუშაოს შეცვლა, საკუთარი ბიზნესის წამოწყება, დაქორწინება... ერთი უკიდურესობიდან მეორეში შეიძლება გადავარდეთ, ამიტომ გონივრული მოქმედებებია საჭირო. დეკემბერი სურვილების განხორციელებისთვის ძალზე ხელსაყრელი თვეა, მაგრამ სანამ ნაბიჯს გადადგამთ, კარგად უნდა დაფიქრდეთ.

ვარსკვლავები გირჩევენ, წელიწადი ვალებისა და შეუსრულებელი დაპირებების გარეშე დაასრულოთ, ნუ გაიყოლებთ „კუდებს“ მომავალი წლისთვის. ურთიერთობებში არ გამოავლინოთ აგრესია, მოერიდეთ კონფლიქტებს ახლობლებთან. წინასაახალწლოდ სასიამოვნო სიურბრიზები გელოდებათ. ფინანსური თვალსაზრისით მომგებიანი თვის ბოლო კვირა იქნება.

კურო

კუროებისთვის ძალზე სასიამოვნო დრო დგება. შეძლებთ მიმდინარე პროექტების წარმატებით დასრულებას, მომგებიანი კონტრაქტების გაფორმებას. ფორტუნა თქვენ გვერდით იდგება ყველა სფეროში – სიყვარულში, საქმიანობაში, ოჯახურ საქმეებში. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს იოლად გაუმკლავდებით, ვარსკვლავები გირჩევენ, არ მოდუნდეთ, რადგან მიმდინარე მოვლენებზე პასუხისგებლობის აღება საკუთარ თავზე მოგიწევთ.

მარტოხელებისთვის ამ თვეში სიყვარულის პოვნის პერსპექტივა არ ჩანს. ჯანმრთელობას რაც შეეხება, დეკემბერში მას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. იმუნიტეტი დაქვეითებული გექნებათ, ასევე პრობლემები შეიძლება იყოს ემოციური თვალსაზრისით. ასტროლოგები გირჩევენ, უარყოფით ვითარებებს შეძლებისდაგვარად არ მიაქციოთ ყურადღება. წაგადგებათ რეგულარული ფიზიკური ვარჯიში. ფინანსების მხრივ წარმატებული თვის ბოლო დეკადა იქნება.

2021 წლის ჰოროსკოპი: ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა – კურო>>

ტყუპი

მთლიანობაში სტაბილური თვე გელოდებათ, თუმცა გარკვეული ემოციური დაძაბულობები მაინც იქნება. მოგიწევთ ამტანობისა და სტრესისადმი მდგრადობის გამოჩენა. პრობლემებია მოსალოდნელი სამსახურშიც. მაგრამ ასტროლოგები როგორც ამბობენ, ამ ყველაფერს შესანიშნავად გაუმკლავდებით, თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ და ნებისმიერ წვრილმანზე არ მოიშლით ნერვებს.

სიყვარულსა და ურთიერთობებში კარგი იქნება, თუ ჩხუბსა და აყალმაყალს მოერიდებით. სამუშაოზე თვის შუა პერიოდში ინტრიგები და ჭორებია მოსალოდნელი, მაგრამ წლის ბოლოს ყველაფრის გარკვევასა და გამოსწორებას შეძლებთ. არ არის გამორიცხული დაუგეგმავი ხარჯები და ზოგადად, არასტაბილური ფინანსური მდგომარეობა. თქვენი ფიზიკური მდგომარეობა დეკემბერში სტაბილური იქნება. ყურადღება გმართებთ ემოციური ფონისადმი – უნდა შეივსოთ პოზიტიური ენერგიით. ამაში ახლობელი ადამიანები დაგეხმარებიან.

2021 წლის ჰოროსკოპი: ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა – ტყუპი>>

კირჩხიბი

კირჩხიბებმა წლის ბოლოს სამსახურთან დაკავშირებით ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღოთ. სანამ კონტრაქტს დადებთ ან საკუთარ ბიზნესს დაიწყებთ, გაიარეთ კონსულტაცია იურისტთან. ვარსკვლავები გირჩევენ, შეწყვიტოთ ყველასა და ყველაფერში ეჭვის შეტანა, დატკბეთ იმით, რაც გაქვთ.

თვის პირველ ნახევარში სიყვარულის სფეროში მრავალი სასიამოვნო რამ გელოდებათ: საჩუქრები, სიყვარულში გამოტყდომა, რომანტიკული ნაცნობობა. მარტოხელებს ექსპერტები აფრთხილებენ, რომ ხანგრძლივ და სტაბილურ ურთიერთობებზე იმედების დამყარება ჯერ ადრეა, ხანმოკლე მსუბუქი ფლირტი კი მრავალი დადებითი ემოციით აგავსებთ. ჯანმრთელობის მხრივ სიფრთხილე გმართებთ დეკემბრის მეორე ნახევარში. რაც შეეხება საქმიანობასა და ფინანსებს, აქ ასტროლოგები გირჩევენ, მნიშვნელოვან საქმეებს თვის მეორე ნახევარში შეუდგეთ.

2021 წლის ჰოროსკოპი: კირჩხიბი – ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა>>

ლომი

დეკემბერში გექნებათ შეგრძნება, რომ ომის ველზე იმყოფებით და თითქოს მთელი სამყარო თქვენ წინააღმდეგ ამხედრდა. ამის გამო დიდი აქტიურობა თვის პირველ ნახევარში ძალების გამოფიტვამდე მიგიყვანთ. ასტროლოგები გირჩევენ, მიუხედავად ყველაფრისა, ოპტიმიზმი შეინარჩუნოთ. სამუშაოს გამო დეკემბერში ბევრი საზრუნავი გექნებათ, მაგრამ პირად ცხოვრებაში უსიამოვნო სიურპრიზები არ გელოდებათ.

მთელი თვე რომანტიკული განწყობით იქნებით განმსჭვალული, ცოლიან ლომებს ვარსკვლავები გირჩევენ, არ მოიტყუოთ და გარეთ რომანი არ გააბათ – ეს ძალიან სარისკოა. ზოგადად, სასიყვარულო ასპარეზზე დიდი წარმატებები გელოდებათ. მიუხედავად რომანტიკული განწყობისა, მუშაობა ბევრი მოგიწევთ. თვის ბოლოს ფინანსური პრობლემები შეიძლება გამწვავდეს. იფრთხილეთ ამ კუთხით – მოსალოდნელია ფინანსური დანაკარგები.

2021 წლის ჰოროსკოპი: ლომი – ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა>>

ქალწული

ქალწულებს თვის პირველი ნახევარი რამდენადმე დაძაბული გექნებათ, მოსალოდნელია ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები და მეტოქეებისა და მოშურნეების ფარული ინტრიგები. მაგრამ დეკემბრის ბოლოს უკვე ბედი გაგიღიმებთ, დადგება მშვიდი პერიოდი. გაგიტაცებთ ყოფითი საკითხები, როგორიცაა, მაგალითად, რემონტის გაკეთება, ბინის გადაწყობა და ა.შ. სანამ „საშინაო რევულუციას“ დაიწყებთ, მოიშორეთ თავიდან ყველაფერი უსარგებლო, გათავისუფლდით ძველმანებისგან. ეს ეხება თქვენს ფიქრებსაც – არ გაიკაროთ ნეგატიური აზრები.

სიყვარულსა და ურთიერთობებში ყველაფერი კარგად იქნება. მარტოხელებმა, შესაძლოა, დაქორწინებაც გადაწყვიტონ. ჯანმრთელობას კი უნდა მიხედოთ აუცილებლად, ოღონდ თვითმკურნალობის გარეშე – მიაკითხეთ სპეციალისტს. იმუნიტეტის ამაღლებაში ფიზიკური ვარჯიშები დაგეხმარებათ. წარმატებებია მოსალოდნელი სამუშაოზე, თუმცა თვის შუა პერიოდში კონფლიქტებია სავარაუდო, მაგრამ ყველაფერი კარგად დამთავრდება, თუ საქმის გარჩევასა და ურთიერთობების გამორკვევაზე დროს არ დახარჯავთ. თვის მეორე ნახევარში დამატებითი შემოსავალი გელოდებათ.

2021 წლის ჰოროსკოპი: ქალწული – ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა>>

სასწორი

წლის ბოლო თვეში სასწორებს არ გელოდებათ არც განსაკუთრებული წარმატებები და არც განსაკუთრებული ცვლილებები. ამ თვეში, სჯობს, უარი თქვათ შორეულ მგზავრობაზე, ყურადღებით იყოთ ახალ ნაცნობებთან, რათა თაღლითობის მსხვერპლი არ გახდეთ. თვის პირველ ნახევარში მოსალოდნელია საშინაო საქმეებში გარკვეული ორომტრიალი, ფინანსური პრობლემები, მაგრამ, სავარაუდოდ, გაჩნდება შემოსავლების მოულოდნელი წყარო და პრობლემას გაუმკლავდებით.

თვის დასაწყისი კარგი დროა სერიოზული ურთიერთობების დაწყებისთვის. დაოჯახებულებს კი შუა რიცხვებში ოჯახური კონფლიქტი ელოდება. თუ ეგოისტურად და ჯიუტად მოიქცევით, არაა გამორიცხული, რომ კავშირი გაწყდეს. ამიტომ ასტროლოგები გირჩევენ, იყოთ უფრო მოქნილი და ეძებოთ კომპრომისი და გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან. რაც შეეხება სამუშაოს, დეკემბრის ბოლოს ახალი იდეები გაგიჩნდებათ, გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს, ცხოვრება დინამიკურად განვითარდება.

მორიელი

დეკემბერში მორიელებს საზრუნავი ახლობლების ჯანმრთელობის მხრივ გაგიჩნდებათ, რაც ემოციურად და სულიერად დაგღლით. სამუშაოზე, სჯობს, გაღიზიანება არ გამოავლინოთ. წლის ბოლო კვირები ოჯახთან ერთად გაატარეთ, უარი თქვით შორეულ მგზავრობაზე, შეამცირეთ საქმიანი აქტიურობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, რომ ჯანმრთელობის პრობლემები შეგექმნათ. დეკემბრის ბოლოს დაისვენეთ, ხოლო იანვრიდან უკვე ენერგიულად შეუდექით საქმიანობას.

დაოჯახებულ მორიელებს შესაძლოა პრობლემები გაგიჩნდეთ ბავშვებთან ურთიერთობებში, მოგიწევთ ავტორიტეტის მოპოვება. მარტოხელებს გაგიმძაფრდებათ სასიყვარულო და საქმიანი გმირობისადმი მიდრეკილება, მათ შორის, არაა გამორიცხული სარისკო რომანების გაბმა. რაც შეეხება ქალ მორიელებს, მათ შესანიშნავი შანსი აქვთ დაორსულების. რაც შეეხება ჯანმრთელობას, ასტროლოგების რჩევაა, პირველ რიგში ნერვულ სისტემას გაუფრთხილდეთ, ასევე არის ტრავმების მიღების ალბათობა, ხოლო სამუშაოსა და ფინანსების მხრივ ცვლილებები შუა თვეშია მოსალოდნელი ცვლილებები პროფესიული კუთხით დადებითი იქნება, ფინანსების მხრივ გაურკვეველი ვითარება ჩამოყალიბდება, ამიტომ, სჯობს, ხარჯები შეამციროთ.

ეგვიპტური ჰოროსკოპი – დაინახეთ თქვენი თავი განსხვავებულად>>

მშვილდოსანი

ასტროლოგები გირჩევენ, რომ დეკემბერში სიფრთხილე გამოიჩინოთ საქმიანობისა და მგზავრობის დროს. მგზავრობა სჯობს, თვის ბოლოსთვის გადაიტანოთ. ამ პერიოდში არ არის გამორიცხული, რომ სხვისი გავლენის ქვეშ მოექცეთ და რამე სარისკო პროექტში ჩაებათ. შუა რიცხვებში პირად საქმეებში შესაძლოა, წყენა და ბრაზი გაჩნდეს, მაგრამ გეყოფათ საიმისო ძალა, რომ ურთიერთობები მოაგვაროთ. ასევე შუა რიცხვებში ფინანსური პრობლემებია მოსალოდნელი.

ოჯახურ ურთიერთობებში იყავით გულწრფელი, გაატარეთ მეტი დრო საყვარელ ადამიანთან. ბევრ თქვენგანს გარეგნობაში სიახლეების შეტანის სურვილი გაუჩნდება – ეწვიეთ სილამაზის სალონს, განაახლეთ გარდერობი, არ შეუშინდეთ ცვლილებებს. რაც შეეხება სამუშაოს, აქ პრობლემებია მოსალოდნელი, მაგრამ პანიკაზე აყოლა არაფერს გარგებთ, შეხედეთ ყველაფერს ფხიზელი გონებით. ამასთან, თვის შუა რიცხვებში ახალი სამსახურის პერსპექტივა შეიძლება გამოჩნდეს, რომელიც კარგ შემოსავალს გპირდებათ. წლის ბოლო იდეალური დროა რამე ახალი საქმის დასაწყებად.

თხის რქა

დეკემბერში თხის რქებს უამრავი დადებითი და უარყოფითი ემოცია გელოდებათ. საკმაოდ წარმატებული დროა რომანტიკული და სამუშაო კავშირების განვითარებისთვის, მაგრამ, ამავე დროს, დაძაბული სამუშაო გრაფიკი მოდუნებისა და ახალი წლისთვის მომზადების საშუალებას არ მოგცემთ. თვის ბოლოს დიდი ფინანსური ხარჯები გელოდებათ. ამ პერიოდში შეანელეთ სამუშაო ტემპები და მოერიდეთ რთულ პრობლემებს. 20 დეკემბერის შემდეგ თქვენი განწყობა გაუმჯობესდება.

საოჯახო საქმეების მოსაგვარებლად ბევრი დრო დაგჭირდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, წლის ბოლო დაუთმოთ საკუთარ პიროვნებას, ფასეულობათა გადახედვას, პრიორიტეტების განაწილებასა და მომავლის დაგეგმვას. მარტოხელებს საბედისწერო შეხვედრა გელოდებათ, რომელიც, შესაძლოა, მტკიცე და ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს. ბოლო ხანს გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო თქვენი განწყობა ცვალებადი იქნება. აუცილებლად გჭირდებათ დასვენება, სუფთა ჰაერზე სეირნობა და ისეთ ადამიანებთან ურთიერთობები, რომლებიც თქვენში გაღიზიანებას არ იწვევენ. ფინანსური კუთხით გარკვეული პრობლემებია მოსალოდნელი შუა რიცხვებში, მაგრამ ყველაფერი მოგვარდება და წლის ბოლოს „ბედნიერი ბილეთის“ მფლობელი გახდებით.

ბუმერანგის პრინციპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

მერწყული

მერწყულებს დეკემბერში ფულთან დაკავშირებული სირთულეების გადალახვა მოგიწევთ. არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები. შემთხვევებს, რომლებიც ცხოვრებას გირთულებთ, ფილოსოფიურად შეხედეთ. არ ღირს ყველაფრის გულთან ახლოს მიტანა. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და განწყობას, რათა ირგვლივ მყოფ ადამიანებს პრობლემები არ შეუქმნათ.

პირად ცხოვრებაში საკუთარი შეცდომების გამოსწორება მოგიწევთ. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებს, ეცადეთ და ყველაფერი გამოგივათ. მარტოხელებს ძალიან საინტერესო შეხვედრა გელოდებათ. დროთა განმავლობაში მიხვდებით, რომ ეს სწორედ ის ადამიანი, რომელსაც ეძებდით. დეკემბრის მეორე ნახევარს, კარგი იქნება, თუ დასვენებასა და შემოქმედებას მიუძღვნით, ზედმეტად არ გადაიღალოთ. ფინანსების კუთხით დეკემბერში დიდი მოლოდინები გაქვთ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს იმედები ახდეს. თვის შუა რიცხვებში ეცადეთ, არ ჩაებათ ავანტიურაში, როგორი მომგებიანიც არ უნდა გეჩვენებოდეთ ის. მოსალოდნელია დიდი ხარჯები, მაგრამ თვის ბოლოს, თქვენი სიმტკიცისა და ინიციატივების წყალობით, წარმატებას მიაღწევთ და მოგებასაც მიიღებთ.

თევზები

წლის ბოლო თვე თევზებისთვის ზოგიერთი საყოფაცხოვრებო და ფინანსური პრობლემის გადაჭრისთვის საკმაოდ ხელსაყრელი იქნება. ეცადეთ, ამ პერიოდში საკუთარ სურვილებს ხორცი შეასხათ. თუ წლის ბოლომდე ყველა საქმეს გაუმკლავდებით, 2021 წელს თქვენი მდგომარეობა მხოლოდ გაუმჯობესდება. თვის ბოლოს დროს ნუ დაკარგავთ მნიშვნელოვანი საქმეების დაგეგმვასა და რეალიზებაზე, სჯობს, პერიოდი მთლიანად ოჯახს მიუძღვნათ.

მოერიდეთ ჩხუბსა და კამათს ოჯახშიცა და სამუშაოზეც. დაოჯახებულ თევზებს ჰარმონიული ურთიერთობები გელოდებათ საყვარელ ადამიანთან, ხოლო მარტოხელებს წლის მიწურულს – დიდ სიყვარულთან შეხვედრა. ემოციური თვალსაზრისით თვის ბოლოს განწყობის ხშირი ცვლაა მოსალოდნელი, ამიტომ გაუფრთხილდით თავს და ყველაფერზე ნუ ინერვიულებთ. რაც შეეხება სამუშაოს, აქ ასტროლოგები გირჩევენ, ყურადღებით იყოთ კოლეგებთან და საქმიან პარტნიორებთან. მათთან მიმართებით იმპულსური ნაბიჯების გადადგმა არ ღირს. ფინანსური თვალსაზრისით საკმაოდ კარგი თვე გელოდებათ.

0