Crypto Café Georgia

ბლოკჩეინ-კერძები და კრიპტო-სასმელები: საქართველოში პირველი კრიპტო-კაფე გაიხსნა

433
(განახლებულია 21:21 27.02.2020)
Crypto Café Georgia პირველი კვების ობიექტია საქართველოში, სადაც ანგარიშსწორება არა მხოლოდ ეროვნული ვალუტით, არამედ ვირტუალური ფულითაც არის შესაძლებელი.

ქართულ კრიპტო-კაფეში სტუმრებს ბლოკჩეინ-ჩაქაფულის, კრიპტო-ხაჭაპურის, ბიტკოინის, ლაითკოინისა და ეთერიუმის ფერებში დამზადებული ხინკლების დაგემოვნებაც შეუძლიათ კრიპტო-ყავასთან და ბლოკჩეინ-ღვინოებთან ერთად.

როგორ შეეხო ტექნოლოგიური პროგრესი ქართულ სამზარეულოს და რითი განსხვავდება ქართული კრიპტო-კაფე მისი უცხოური ანალოგებისგან, ამაზე „Sputnik–საქართველოსთან“ კრიპტო-კაფეს დამფუძნებელი, ბლოკჩეინ და კრიპტოვალუტების სპეციალისტი და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ადრეული კრიპტო-ენთუზიასტი ალექსანდრე სუდაძე საუბრობს.

ალექსანდრე სუდაძე
ალექსანდრე სუდაძე

- როგორ გაჩნდა კრიპტო-კაფეს გახსნის იდეა და რას ელოდებით ამ ბიზნეს-პროექტისგან?

- კაფე-რესტორნის გახსნის იდეა უკვე ორ წელიწადზე მეტია მაქვს. კრიპტო-კაფეს თემა კი იმდენად საინტერესო და პერსპექტიულია, რომ სადაც გავაჟღერე, ყველა დიდი ენთუზიაზმით ამომიდგა მხარში. თანაც, მე უკვე ბოლო რვა წელია აქტიურად ვარ ჩართული ბლოკჩეინ-ტექნოლოგიების და კრიპტოვალუტების მიმართულებით გამართულ ღონისძიებებში, მონაწილეობას ვიღებ საერთაშორისო კონფერენციებში. რადგან ხშირად მიწევს უცხოელი სტუმრების მასპინძლობა, მივხდი, რომ თუ მინდა ხარისხიანი და გემრიელი კერძებით გავაკვირვო სტუმრები, საკუთარი უნდა გავაკეთო. გარდა ამისა, მინდოდა მსოფლიო ასპარეზზე ქართული ტრადიციული სამზარეულო ახალ, თანამედროვე ამპლუაში გამეტანა და მსოფლიოსთვის მეჩვენებინა, რომ ტრადიციებსაც პატივს ვცემთ და ამავე დროს ჩვენი განვითარების კონცეფცია მსოფლიო პროგრესის  მამოძრავებელ ძალას – ტექნოლოგიებს ეფუძნება. ამიტომ შევეცადეთ ერთგვარი სინერგია შეგვექმნა – ქართული ტრადიციულის და მაღალტექნოლოგიურის. ვფიქრობ, ჩვენს სტუმრებს მომავალშიც არაერთხელ გავაკვირვებთ ახალ-ახალი საინტერესო კერძებით. გარდა ამისა, თითქმის ყოველ საღამოს დაგემილი გვაქვს დახურული თემატური შეხვედრები თუ ღია ლექცია-სემინარები.

- ქართულ სამზარეულოს ტექნოლოგიური პროგრესი რა ფორმით შეეხო?

- ჩვენს კერძებს სიმბოლური სახელწოდებები აქვს და თითოელი მათგანი გარკვეულ შინაარსს ატარებს. მაგალითად, ხინკალი კრიპტოვალუტის ტოპ-ხუთეულის ფერებშია გადაწყვეტილი: ბიტკოინის, ეთერიუმის, ლაითკოინის და ა.შ. ბიტკოინ-ყავას ბიტკონის გამომხატველი ნიშანი აქვს დახატული, ასევეა ბლოკჩეინ-ჩაქაფული, რომლის ზედაპირსაც ბლოკჩეინის ფორმა აქვს. ტყემლები ისე დავაკავშირეთ ერთმანეთს მწვანილის ღეროებით, როგორც NOD-ებია ბლოკჩეინში. თუმცა კაფე არ ტრიალებს მხოლოდ ტრადიციული კერძების გარშემო. 50% გვაქვს ქართული სამზარეულო, მაგრამ მეორე ნაწილი ევროპულს ეთმობა.

- რომელი კრიპტოვალუტით არის შესაძლებელი თქვენთან ანგარიშსწორება და როგორ ხდება კურსის დაანგარიშება?

- ჩვენთან გადახდა შესაძლებელია როგორც ეროვნული ვალუტით – ლარით, ასევე სხვადასხვა კრიპტოვალუტითაც, მაგალითად, Bitcoin, Ethereum, BitcoinCash, Lightcoin, თუმცა საჭიროების შემთხვევაში კიდევ შეგვიძლია დამატებაც. გადახდის საშუალებად ვიყენებთ ჩვენი პარტნიორების პლატფორმებს, როგორიცაა Coinmania, mycoins და Cryptopay. კურსიც მათ მიერ შემოთავაზებული მიმდინარე დღის მაჩვენებლით ისაზღვრება. სალაროში გვაქვს ელექტრონული კალკულატორი, რომლის მეშვეობითაც მარტივადაა შესაძლებელი სხვადასხვა ვალუტის ეკვივალენტში გადაყვანა და ინვოისის გენერირება. მომხმარებელი თავისი ელექტრონული საფულიდან ნახევარი წუთის განმავლობაში შეძლებს კრიპტოვალუტის გადმორიცხვას QR-code-ის მეშვეობით.

- რამდენად მომგებიანია ბიზნესისთვის კრიპტოვალუტით ანგარიშსწორება იმ ფონზე, როცა საქართველოში ვირტუალური ფული ოფიციალურად არ არის გადახდის საშუალებად აღიარებული?

- მომგებიანობის თვალსაზრისით კრიპტოვალუტის გადახურდავება ლარზე შეუძლია ნებისმიერ ბიზნესს, ვინც გადახდის სისტემებთან ითანამშრომლებს. საქართველოში კრიპტოვალუტა ისეთივე ანგარიშსწორების საშუალებაა, როგორც სხვა არამატერიალური აქტივი, რომელიც ზრდის ბიზნესის კონკურენტუნარიანობას, განსაკუთრებით, ტურიზმის სფეროში. შესაბამისად, კრიპტოვალუტით გადახდა საინტერესოა მათთვის, ვინც ჩამოსულ ტურისტებს ემსხურება და თავის პროდუქციას სთავაზობს.

- რითი განსხვავდება ქართული კრიპტო-კაფე მისი ანალოგებისგან მსოფლიოში?   

- თუ ვიტყვით იმას, რომ მსოფლიოში სულ თითებზე ჩასათვლელია მსგავსი ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტები და იქაც ძირითადად ყავა/ჩაით და მსუბუქი ალკოჰოლური სასმელებით შემოიფარგლებიან, ჩვენი კაფე უნიკალურად გამოიყურება. აქედან გამომდინარე, ჩვენ საკმაოდ დიდი ამბიციებიც გვაქვს, გვინდა ჩვენი კონცეფცია გავიტანოთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში განვავითაროთ როგორც ფრანშიზა. ამ ეტაპზე უკვე ორი ქვეყნის დედაქალაქის პარტიორებთან გვაქვს მოლაპარაკება და კიდევ ვეძებთ პარტნიორებს სხვადასხვა ქალაქებში.

 

ნატა პატარაია

 

433
გამოფენაზე

„გელბახას“ მისტიკური სამყარო, ანუ „ადამიანი, ვისაც შეიძლება ენდო”

945
(განახლებულია 19:16 04.08.2020)
ხატვა ბავშვობიდან იყო მისი სტიქია. თავიდან ტუშით ხატავდა და, შესაბამისად, მისი ნახატები შავ-თეთრი იყო, ფერები მოგვიანებით გაჩნდა.

დათო გელბახიანმა სკოლის მერე არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩააბარა და 15 წელი აღარ დაუხატავს. ხატვას ბოლო ათი წელია დაუბრუნდა. მისი ნახატების პირველი გამოფენა საკმაოდ წარმატებით 2018 წელს „აბრეშუმის გალერეაში“ გაიმართა, მასზე საკმაოდ ბევრი ადამიანი მოვიდა. ერთი წლის მერე კი ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისმა ნახატებმა მეორედ შეკრიბა ხელოვნების მოყვარულები. მის ნამუშევრებზე პანდემიის დროსაც დიდი მოთხოვნილება იყო და არა მარტო საქართველოში...

დათო გელბახიანი
დათო გელბახიანი

- ბატონო დათო, თქვენს ნამუშევრებში გადაჯაჭვულია მისტიკა და რეალობა, რამდენად გჯერათ სასწაულის?

- სასწაულების მჯერა, როგორ არ უნდა მჯეროდეს... მარტივ მაგალითს გეტყვით, განა ცხრა თვის ლოდინის მერე ადამიანის დაბადება სასწაული არ არის? არა მგონია, უცნაური ადამიანი ვიყო, ჩვეულებრივი ვარ. თუმცა მისტიკა მიტაცებს და ვცდილობ, რომ ყველაფერ უცნაურს ლოგიკური ახსნა მოვუძებნო ხოლმე. თავიდან შავ-თეთრი ნახატები მქონდა და ტუშით ვხატავდი. შემდეგ ფერები და საღებავები შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში.

დათო გელბახიანი
დათო გელბახიანი

- ხატვის დროს შთაგონებას მიჰყვებით თუ რაციოს კარნახით ხატავთ?

- ჩემს ნახატებში ალბათ შთაგონებას უფრო მივყვები, სიუჟეტს არასდროს ვგეგმავ წინასწარ. როცა ხატვას ვიწყებ, არც კი ვიცი ბოლოს რა გამოვა, დაახლოებით წარმომიდგენია, მაგრამ ზუსტად არ ვიცი. და, რაც მთავარია, წინასწარ ვერასდროს დავგეგმავ. მოდი, ხვალ ავდგები და დავხატავ – ასე არაა ჩემთან...

დათო გელბახიანის შემოქმედება
დათო გელბახიანის შემოქმედება

- ბოლო ათი წელია, რაც ხატვას დაუბრუნდით...

- დიახ, სკოლის მერე 15 წელი არ გავკარებივარ ფანქარს და საღებავებს. ბოლო ათი წელია რაც დავუბრუნდი. მიზეზი მარტივია: უბრალოდ მომინდა ხატვა...

- ნანობთ იმ წლებს?

- არა, ზოგადად არასოდეს არაფერს ვნანობ, რადგან, ჩემი აზრით, ყველაფერი, რაც ხდება, კანონზომიერია.

დათო გელბახიანი
დათო გელბახიანი

- ამხელა პაუზა იმიტომ ხომ არ დაგჭირდათ, რომ ახალი შეგრძნებებით და ემოციით შევსებულიყავით?

- მართლაც ასე იყო. ის წლები, როცა არაფერი მიხატავს, ფანტაზია და თემები დამიგროვდა და ეს ალბათ კარგად აისახა ჩემს ნახატებზე. უფრო ზუსტად კი ეს იყო მონატრება და სურვილი – რაღაც ახალი და განსხვავებული შემექმნა.

დათო გელბახიანის შემოქმედება
დათო გელბახიანის შემოქმედება

- თქვენმა პირველმა პერსონალურმა გამოფენამ ხმაურით ჩაიარა...

- ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა 2018 წელს „აბრეშუმის გალერეაში“ გაიმართა, მასზე საკმაოდ ბევრი ადამიანი მესტუმრა, ტელევიზიებმაც გააშუქეს. პირველი გამოფენის შემდეგ მომეცა სტიმული, რადგან დავინახე ადამიანები, რომლებსაც სახეზე ეტყობოდათ, რომ სიამოვნებდათ ჩემი ნახატების ყურება და მოვალეობის მოხდის მიზნით არ იყვნენ მოსული. მივხვდი, რომ არ უნდა გავჩერდე და უნდა გავაკეთო ის, რაც ყველაზე კარგად გამომდის და ყველას მოსწონს. ამას მოჰყვა 2019 წლის პერსონალური გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რომელმაც ასევე ფურორით ჩაიარა და კარგად მახსენდება. ამის შემდეგ უკვე „კორონა ჩაერია” და დაგეგმილი გამოფენა ჩაიშალა.

დათო გელბახიანის შემოქმედება
დათო გელბახიანის შემოქმედება

- ნახატების გაყიდვის პრობლემა არ გაქვთ?

- მიხარია, რომ ჩემი ნახატები დიდი რაოდენობით იყიდება – არა მარტო საქართველოში, ამერიკაში, რუსეთში, გერმანიაში, უკრაინასა და ჰოლანდიაში. ამაში პანდემიასაც არ შეუშლია ხელი.

დათო გელბახიანის შემოქმედება
დათო გელბახიანის შემოქმედება

- თუ გაქვთ ნახატი, რომელმაც „დაგამახსოვრათ“ თავი?

- ასეთი გამორჩეული ნახატი არ მაქვს, ყველა ერთნაირად მიყვარს. უბრალოდ იყო ასეთი შემთხვევა: ერთხელ შავი საფერავი ღვინის წვეთი დაეცა ფურცელზე და ასე შეიქმნა პირველი ნახატი „საფერავითა“ და ტუშით. ამ ნახატს „ბაბუა“ ჰქვია. ესაა მონატრებული ბაბუა, რომელიც შვილების და შვილიშვილების მოლოდინში ხის ძირას ღობესთან ზის ჩაფიქრებული. ერთი ნახატის წინაპირობა კი ჩემი მონატრება გახდა. ერთ დღეს ვიგრძენი, რომ ჩემი გოგო, მარიამი, რომელიც უცხოეთში სწავლობს, ძალიან მომენატრა და დავხატე...

დათო გელბახიანის შემოქმედება
დათო გელბახიანის შემოქმედება

- თქვენი შემოქმედების შეფასების დროს ყველაზე მეტად რა გსიამოვნებთ?

- ყველაზე მეტად რაც მსიამოვნებს, ისაა, რომ ყველა იძახის “გელბახას” ნამუშევრების ამოცნობა ათასი ნახატიდან შეიძლებაო, ანუ შენი ხელწერა გაქვსო. მახარებს ის, რომ არავის ვბაძავ და განსხვავებული ვარ.  

დათო გელბახიანის შემოქმედება
დათო გელბახიანის შემოქმედება

- თქვენი აზრით, ვინ არის „გელბახა“, როგორი ადამიანია?

- “გელბახა” – ეს მეტსახელი ბავშვობიდან შემრჩა და მივეჩვიე. გელბახა ვინ არის? ამაზე მე რა ნამუსით უნდა ვილაპარაკო? - არ ვიცი და ვერც გეტყვით. მხოლოდ ერთს ვიტყვი: გელბახა არის ადამიანი, ვისაც შეიძლება, რომ ენდო...

დათო გელბახიანის შემოქმედება
დათო გელბახიანის შემოქმედება

- რაზე ოცნებობთ და რას ელოდებით ცხოვრებისგან?

- ვოცნებობ იმაზე, რომ ქალაქგარეთ სიწყნარესა და სიმწვანეში ოჯახთან ერთად ვიცხოვრო. პირველ რიგში გარშემო ჩემი ახლობლები და მეგობრები კარგად უნდა იყვნენ, რომ ხალისი და განწყობა მქონდეს იმისთვის, რომ რაღაც კარგი შევქმნა. არაა აუცილებელი ფეშენებელური ვილა იყოს, უბრალო პატარა სახლიც დამაკმაყოფილებს. მთავარია, მქონდეს საკუთარი სივრცე, სადაც ვიმუშავებ და რაღაც კარგს შევქმნი, ესაა და ეს...

 

945
კოღო

ტკიპის, კოღოს, მოსკიტის ნაკბენი: ის, რაც უნდა ვიცოდეთ მწერების მიერ გადამტან დაავადებებზე

525
(განახლებულია 19:19 14.07.2020)
ზაფხული ის დროა, როცა განსაკუთრებით დიდ დროს ვატარებთ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე. ამ დროს ხშირია მწერების ნაკბენით გამოწვეული უსიამოვნებები, რაც, შესაძლოა, პარაზიტული დაავადებების გამომწვევი მიზეზიც გახდეს.

რომელი პარაზიტული დაავადებებია გავრცელებული ზაფხულის სეზონზე, რა სიმპტომები აქვს და როგორ ამოვიცნოთ ისინი, ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში პარაზიტოლოგმა, მედიცინის დოქტორმა ირმა კოკაიამ ისაუბრა.

- ზაფხულის სეზონთან ყველაზე ხშირად რომელი პარაზიტული დაავადებები ასოცირდება?

- ზაფხულის სეზონთან ასოცირებული პირველი ჯგუფის, ყველაზე ხშირი დაავადებებია მწერების დაკბენით გამოწვეული დაავადებები. ასევე ზაფხულის პერიოდში სტატისტიკურად ყველაზე ხშირად გვხვდება ნაწლავური პარაზიტული დაავადება. მწერების კბენასთან ასოცირებული პარაზიტული დაავადებების მატება დამოკიდებულია ორ ფაქტორზე. პირველი ის არის, რომ ზაფხულის ცხელ პერიოდთან ერთად მწერების აქტივობა არის მომატებული და ეს გამომდინარეობს მათი ბიოლოგიიდან. მეორე ფაქტორი, რის გამოც იმატებს ეს დაავადებები და ამ დაავადებებთან დაკავშირებული საფრთხე, არის ის, რომ უშუალოდ ადამიანების ურთიერთობა ბუნებასთან არის გაცილებით აქტიური. ეს არის სეზონი, როცა ადამიანები ყველაზე ხშირად გადიან ქალაქგარეთ პიკნიკებზე, აგარაკებზე, სოფლებში და ა.შ. შესაბამისად, ეს საფრთხე არის მომატებული.

- იქნებ ეს დაავადებები განვიხილოთ...

- მწერების კბენით გამოწვეული დაავადებებიც ორ ნაწილად შეიძლება გაიყოს. ეს არის უშუალოდ დაკბენასთან ასოცირებული ალერგიული რეაქციები და მეორე – უფრო დიდი საფრთხე, ის დაავადებები, რომელიც გადააქვთ მწერებს. ბოლო პერიოდში ინტენსიურად არის მომატებული ბორელიოზი, იგივე ლაიმის დაავადება, რომელიც ტკიპებს გადააქვთ. ეს დაავადება ძალიან აქტუალურია საქართველოში, განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში. თუმცა ამ მხრივ დიაგნოსტიკაც უფრო გაუმჯობესებულია. მეორე დაავადება, რომელიც ინტენსიური ხდება ამ პერიოდში, არის ლეიშმანიოზი, რომელიც ასევე მწერებს გადააქვთ. ეს არის პატარა ზომის მოსკიტები, ფლებუტომუსები. გარდა ამისა, კიდევ არის რამდენიმე დაავადება, მაგალითად, კოღოებთან ასოცირებული მალარია, რომელიც ასევე ზაფხულის დაავადებაა. თუმცა, საბედნიეროდ, მალარიის ენდემური შემთხვევები ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში არ გვაქვს დაფიქსირებული. შემთხვევები, რაც გვაქვს, ძირითადად არის სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული. კიდევ ერთი დაავადება გახლავთ ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება, რომელიც ცალსახად ტკიპას უკავშირდება.

- რა ჩივილებს უნდა მიაქციოს ადამიანმა ყურადღება, რა სიმპტომები აქვს ამ დაავადებებს?

- ვინაიდან ყველაზე გავრცელებულია, დავიწყოთ ლაიმის დაავადებით. თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ ტკიპის კბენა არ არის საკმარისი დაავადების გამოწვევისთვის. თვითონ ტკიპა უნდა იყოს ინფიცირებული, რომ გამოიწვიოს დაავადება. აქედან გამომდინარე, ყველა ტკიპის კბენის შემდეგ, რა თქმა უნდა, დაავადება არ ვითარდება. 100 კბენიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს დაავადება. კბენის დროს ამის მიხვედრა წარმოუდგენელია. ამას სჭირდება სპეციალური ანალიზი, რომელიც საკმაოდ რთულად კეთდება და არ არის მოწოდებული, რომ ყველა შემთხვევაში გაკეთდეს. იმ შემთხვევაში, თუ ეს ტკიპა აღმოჩნდა ინფიცირებული და დაავადების გადამტანი, კლინიკური სიმპტომები, რომელიც დამახასასიათებელია ლაიმის დაავადებისთვის, არის საკმაოდ მრავალფეროვანი და გამოვლინდება გარკვეული დროის განმავლობაში. ინკუბაციური პერიოდი, როგორც წესი, არის სამი დღიდან 28 დღემდე. ანუ ეს არის ის პერიოდი, როცა შეიძლება გამოვლინდეს კლინიკური ნიშნები. ამას იმიტომ ვამბობ ხაზგასმით, რომ ძალიან ხშირად ტკიპის კბენის შემდეგ მეორე და მესამე დღეს მოდიან ხოლმე პაციენტები და ითხოვენ ანალიზის ჩატარებას, რომელიც ამ შემთხვევაში არ არის ინფორმატიული. ამისთვის საჭიროა დრო, რადგან ანალიზით ხდება ანტისხეულების განსაზღვრა. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, 28 დღე, შესაძლოა იყოს ხუთი დღე. დაჟინებით ითხოვენ ხოლმე ანალიზს. ზოგჯერ მოდიან, ტკიპა ისევ აზით კანზე. ამ დროს პირველ რიგში ვაცილებთ ტკიპს. გულდასმით ვუხსნით, რომ ამ შემთხვევაში ტესტის პასუხი შესაძლოა იყოს ნეგატიური, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ეს დაავადება გაქვს, რადგან წინ გაქვს მთელი ინკუბაციური პერიოდი. უარყოფითი პასუხის შემთხვევაშიც ცოტა მოგვიანებით ვიბარეთ, რომ თავიდან გადავამოწმოთ ეს ადამიანი. რაც შეეხება სიმპტომებს, ყველაზე ხშირად ვლინდება გამონაყარი ნაკბენის ირგვლივ, რომელიც არის უხშირესად გამოხატული. თუმცა, შესაძლოა, გამონაყარი სხეულის სხვა ნაწილშიც გამოვლინდეს. ეს არის წითელი რკალისებრი შემოხაზვა, რომლის დიამეტრი საკმაოდ დიდია, შესაძლოა ხუთი სანტიმეტრი და მეტიც იყოს. გარდა ამისა, დაავადების სიმპტომებია ცხელება, სახსრების ტკივილი, კუნთის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, ოფლიანობა, ხშირად გამოვლინდება თავის ტკივილი. არის კიდევ ისეთი ნიშნები, რომელიც უკვე სერიოზულ საფრთხეზე მიუთითებს. ეს არის გართულებები გულის და ნერვული სისტემის მხრივ. ეს ორი დაზიანება, ნერვული და გულის მხრივ, ცოტა უფრო მოგვიანებით ფაზებში ვითარდება, სადღაც ერთი თვის მერე.

რაც შეეხება ლეიშმანიოზს, მისი საინკუბაციო პერიოდი არის 4-6 თვე. სწორედ ამ პერიოდის შემდეგ ხდება ხოლმე კლინიკური სურათის მანიფესტირება. ეს ძალიან მძიმე დაავადებაა და ყველა მკურნალობის გარეშე შემთხვევები და, მათ შორის, დაგვიანებული შემთხვევები ხშირ შემთხვევაში ცუდი გამოსავლით მთავრდება.

- წლევანდელ სეზონზე საქართველოს რომელ რეგიონში გამოვლინდა პარაზიტული დაავადებების ყველაზე მეტი შემთხვევა?

- წელევანდელ სეზონზე ინტენსიურია კახეთის შემთხვევები. საკმაოდ ბევრი შემთხვევა შემოვიდა კახეთიდან, შედარებით ნაკლებია თბილისის შემთხვევები.

- ძირითადად რა სიმპტომებით შემოდიან პაციენტები?

- შემოდიან ცხელებით, ღვიძლის და ელენთის გადიდებით, ანემიით, ჰემოგლობინის ნაკლებობით და წონის კარგვით. ეს არის ძირითადი სიმპტომები, თუმცა შესაძლოა დაფიქსირდეს დაბალი ლეიკოციტი, დაბალი თრომბოციტი. ეს ის დაავადებაა, რომელიც არ გამოგვეპარება, რადგან მკვეთრად არის სიმპტომები გამოხატული და ყველა ნიშნის არსებობის შემთხვევაში, რაც დროზე მიმართავთ ექიმს, გამოსავალი უფრო მარტივად მოიძებნება. დაავადების დროს თვითმკურნალობა დაუშვებელია, დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

 

525
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
ლაბორატორია

მსოფლიოში პირველად: კორონავირუსის რუსული ვაქცინა დარეგისტრირდა პუტინი

11
(განახლებულია 13:29 11.08.2020)
რუსეთის პრეზიდენტმა ყველას, ვინც კორონავირუსის პირველ ვაქცინაზე მუშაობდა, მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს მთელი მსოფლიოსთვის ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია

თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვალდიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთში კორონავირუსის პირველი ვაქცინა დარეგისტრირდა.

 „რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, დღეს დილით, პირველად მსოფლიოში, დარეგისტრირდა ახალი კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა“, – განაცხადა პუტინმა მთავრობის თათბირზე.

მან ჯანდაცვის მინისტრ მიხაილ მურაშკოს ამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება სთხოვა.

„თუმცა, ვიცი, რომ ის საკმაოდ ეფექტურად მუშაობს, აყალიბებს მდგრად იმუნიტეტს და, მან, ვიმეორებ, გაიარა ყველა აუცილებელი შემოწმება“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

მან ასევე დასძინა, რომ მისმა ქალიშვილმა უკვე ჩაიტარა ვაქცინაცია.

„ჩემი ერთ–ერთი ქალიშვილი უკვე აიცრა. ამ მხრივ ის ექსპერიმენტში მონაწილეობდა. პირველი აცრის შემდეგ მისი ტემპერატურა იყო 38 გრადუსი, მეორე დღეს კი – 37–ზე ცოტა მეტი და – მორჩა“, – განაცხადა პუტინმა.

როგორც მიხაილ მურაშკომ აღნიშნა, ვაქცინამ აჩვენა, რომ არის ძალზე ეფექტური და უსაფრთხო.

„შედეგებით ვაქცინამ აჩვენა მაღალი ეფექტურობა და უსაფრთხოება. ყველა მოხალისეს გამოუმუშავდა ანტისხეულების მაღალი ტიტრები COVID-19–ის მიმართ. ამასთან არც ერთს არ აღენიშნებოდა იმუნიზაციის სერიოზული გართულება... დღეს გადაწყდა ახალი კორონავირუსული ინფექციის პროფილაქტიკისთვის ვაქცინის რეგისტრაცია... ჩინელ კოლეგებს აქვთ გარკვეული ვაქცინები, რომლებიც რეგისტრაციის სტადიაზეა, კიდევ სხვა ქვეყნებშიცაა, მაგრამ იქ ჯერ კიდევ კლინიკური კვლევები მიმდინარეობს. პრინციპში, სარეგისტრაციო მოწმობა სრული ფორმატით რუსეთში პირველად გაიცემა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა თათბირზე.

პრეზიდენტმა, თავის მხრივ, იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის კვალდაკვალ სხვა ქვეყნებიც შექმნიან კორონავირუსის ვაქცინას.

„ვიმედოვნებ, რომ ჩვენი კოლეგების მუშაობა საზღვარგარეთ ასევე წაიწევს წინ, ბაზარზეც, სამკურნალო პრეპარატების, ვაქცინების მსოფლიო ბაზარზე, საკმაოდ ბევრი პროდუქტი გამოჩნდება, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა პუტინმა.

სამკურნალო საშუალებების სახელმწიფო რეესტრში უკვე განთავსებულია ინფორმაცია, რომ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მსოფლიოში პირველი კორონავირუსის პროფილაქტიკის ვაქცინა დაარეგისტრირა.

ვაქცინის კლინიკური ცდები ჩატარდა ბურდენკოს სახელობის სამხედრო ჰოსპიტალსა და სეჩენოვის სახელობის უნივერსიტეტში. შედეგების მიხედვით, ვაქცინის შეყვანიდან 42–ე დღეს ყველა მოხალისე თავს კარგად გრძნობს, მათ გამოუმუშავდათ აშკარა იმუნური პასუხი, არ შეინიშნება გვერდითი მოვლენები, გართულებები ან არასასურველი რეაქციები.

„ვექტორი“: ვაქცინის მასობრივი წარმოება რუსეთში წლის ბოლოს დაიწყება>>

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდში განაცხადეს, რომ ვაქცინას აწარმოებს კომპანიები Alium და Р-Фарм. როგორც ვარაუდობენ, წლის ბოლოს თვეში 10 მილიონი ვაქცინა იქნება წარმოებული.

მურაშკოს თქმით, ხელისუფლება მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყებას ოქტომბერში გეგმავს. პრეპარატს პირველად მედიკოსები და ასაკოვანი ადამიანები მიიღებენ.

11
თემები:
რუსეთი დღეს