მოძრაობა „გაბედეს“ აქტივისტი ბექა ნათელაშვილი

ბექა ნათელაშვილი: ყველაფერი უკუღმა ხდება, მთავრობაში რომ მოდიან მერე იწყებენ დასვენებას

184
(განახლებულია 17:44 07.02.2020)
ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის შვილმა, სამოქალაქო მოძრაობა „გაბედეს“ წევრმა ბექა ნათელაშვილმა „Sputnik საქართველოსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში პოლიტიკურ და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

26 წლის ბექა ნათელაშვილმა საპროტესტო აქციები აქტიურად მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების ინიციატივა ჩააგდო. ბექა მოძრაობა „გაბედეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელია და ორიგინალური აქტივობებით გამოირჩევა.

იგი სამოქალაქო პროტესტის დროს ორჯერ დააკავეს - მცხეთაში, დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან და თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, თუმცა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

არც ისე დიდი ხანია აქტიურად მონაწილეობს საპროტესტო აქციებში როგორც ახალგაზრდული მოძრაობის წევრი.

მოძრაობა „გაბედეს“ წევრი ბექა ნათელაშვილი
მოძრაობა „გაბედეს“ წევრი ბექა ნათელაშვილი

 

- აქციების შინაარსიდან და მიზნებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ნებსით, თუ უნებლიედ, გახდი პოლიტიკური პროცესების მონაწილე. გაგიჩნდა თუ არა ამბიცია სერიოზულად მოეკიდო პოლიტიკურ საქმიანობას?

- პოლიტიკურ საქმიანობაში აქამდეც ჩართული ვიყავი. დუშეთის მუნიციპალიტეტში ვარ საკრებულოს წევრი. ფრაქცია გვაქვს და ადგილობრივ დონეზე ვსაქმიანობ. გარდა ამისა, „ლეიბორისტულ პარტიაში“ ვარ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, რაც გულისხმობს უცხოეთთან კომუნიკაციას, პარტიის საერთაშორისო სტრატეგიას და ა.შ.

საზოგადოების და ტელევიზიის ყურადღება არასდროს მდომებია. ოღონდ კამერებთან გამოჩნდნენ, ერთი სული რომ აქვთ, ეგრე არასდროს ვყოფილვარ. პოლიტიკური პროცესების მონაწილე გავხდი იმიტომ, რომ პოლიტიკურმა რეალობამ მოიტანა ეს. ისეთი პოლიტიკური სიტუაცია შეიქმნა, რომ გადავწყვიტე ვყოფილიყავი ერთ-ერთი მათგანი, ვინც მაგალითს მისცემდა ახალგაზრდებს, რომ პოლიტიკაში ჩართულიყვნენ. ამან მომცა სტიმული, რომ სხვა ახალგაზრდების ჩართულობა გამომეწვია ჩემი ჩართულობით და აქტიურობით. ზოგადად, ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერთვება, უფრო მეტს გაუჩნდება აქტივობის სურვილი. თუ ეს პოლიტიკური რეალობა და სიტუაცია იქნება გაყინული, ცვლილებების გარეშე, ახალგაზრდები არ გამოჩნდებიან პოლიტიკურ ასპარეზზე, არ აიმაღლებენ ხმას, არ გამოვლენ გარეთ, ისევ ეს ნიჰილიზმი იქნება, რაც არის. ახალგაზრდული სამოქალაქო მოძრაობა „გაბედე“ სწორედ მაგ მიზანს ემსახურება. ცალ-ცალკე ყველას აქვს პოლიტიკური გამოცდილება და ყველა გარკვეული კუთხით „სტაჟიანია“: ზოგი ახალგაზრდულ ფრთებს ხელმძღვანელობს, წლებია პოლიტიკურ პროცესებში ჩახედულები არიან, არჩევნებში იღებდნენ დამკვირვებლად მონაწილეობას... შესაბამისად, თუ ცალ-ცალკე საერთო მიზნისკენ შედეგის მიღწევა რთულია, საერთო ფორმატში, ერთ მუშტად ყოფნისას ბევრი რამ უფრო მარტივი ხდება და საზოგადოებისთვისაც უფრო აღქმადია. ხედავენ, რომ ეს ახალგაზრდები არ არიან ჩუმად და პროტესტს გამოხატავენ. დიდ პოლიტიკაში არ ვიცი თუ გავაგრძელებ მოღვაწეობას, ცხოვრება გვიჩვენებს. ახლა კი ვაპირებ აქტიურად ვიბრძოლო იმ მიზნისთვის რაც დავისახეთ.

- შენთვის რა არის პოლიტიკა - ცხოვრების წესი, თუ დროებითი, იძულებითი საქმიანობა?

- პოლიტიკაში სარგებლის, ან პირადი ინტერესის მოძიების მიზნით არ უნდა იყო... უნდა იყოს, უფრო მაღალი ღირებულებისთვის და იდეისთვის ბრძოლა. სხვა შემთხვევაში იქმნება ისეთი სიტუაცია, როგორიც ჩვენ ქვეყანაშია - ვინც პარლამენტში არიან მათ პირადი ინტერესი აქვთ, ვინც პოლიტიკაში ერთვება უნდათ საკუთარი ბიზნესის ან შ.პ.ს-ს საპარლამენტო მხარდაჭერა. ცუდი მიზნებისთვის იყენებენ პოლიტიკაში ჩართულობას. ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში ერთვებიან, უნდა იყვნენ გულწრფელები. პოლიტიკა არის საკუთარი ქვეყნის სამსახურში ყოფნა ყოველგვარი ინტერესების გარეშე. ძველ საბერძნეთშიც ასე იყო - მართავდნენ ფილოსოფოსები, რომლებსაც არ უნდა ჰქონოდათ ქონების უფლება, პირადი სარგებელი, არ უნდა ჰყოლოდათ ოჯახი - თუ გაქვს ადამიანური ცდუნება, მაშინ საქმეს ვერ ასრულებ სათანადოდ. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, ჩვენ ოჯახს არავის ვუკრძალავთ, მაგრამ პირადი სარგებლისთვის არ უნდა მოვიდეს პოლიტიკაში. ამას ყველა პოლიტიკოსი უნდა აცნობიერებდეს. საქართველოში, მთავრობაში რომ მოდიან მერე იწყებენ დასვენებას. რომ მოდიან, მაშინ უნდა იწყებდნენ საქმის კეთებას და პენსიაზე რომ გავლენ მერე ისვენებდნენ. ჩვენთან პირიქით ხდება ყველაფერი.

მოძრაობა „გაბედეს“ აქტივისტი ბექა ნათელაშვილი
© Sputnik / Shota Nozadze
მოძრაობა „გაბედეს“ აქტივისტი ბექა ნათელაშვილი

- პოლიტიკიდან არც თუ ისე ხშირად მიდიან - ნუთუ პოლიტიკა დამოკიდებულებას იწვევს?

- როგორც უფროსი პოლიტიკოსები ამბობენ, პოლიტიკასაც თავისი აზარტი აქვს. ყოველ შემთხვევაში იმ დიდ მიზანს სანამ არ მიაღწევ, რის გამოც იბრძვი და შენ პოლიტიკურ საქმიანობას აზრი აქვს, მანამდე არ უნდა შეწყვიტო ბრძოლა, მე ასე მიმაჩნია - Never back down.

უკან დახევა არ არსებობს. მე არ ვამბობ იმას, რომ პოლიტიკაში წავედი. მე მგონია, რომ უბრალოდ ჩემს სამოქალაქო ვალს ვიხდი. მნიშვნელოვან საკითხებს არ ვტოვებთ რეაგირების გარეშე, როცა ამდენი უსამართლობა ხდება, ხმა უნდა აიმაღლო და სწორედ ამას ვაკეთებთ - ვახმაურებთ ხალხის და იმ ახალგაზრდების ნებას, ვინც ჩვენს უკან დგას. არ ვიცი იწვევს თუ არა პოლიტიკა დამოკიდებულებას. წლები რომ გავა გეტყვით.

- ავტორიტეტული პოლიტიკოსი მამის შვილობა რას ნიშნავს შენთვის? გრძნობდი, თუ არა ბავშვობიდან განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას?

- ის დისკომფორტი, რაც ცნობილ ადამიანებს აქვთ, მე არ მქონდა, რადგან ბავშვობაში ვერ მცნობდნენ. შალვასთან ერთად საჯარო ადგილებში არ დავდიოდით. ღრმა ბავშვობაში ზღვაზეც დავდიოდით, მაგრამ მერე აღარ. შალვა სადაც მიდის სულ ხალხი ეხვევა გარშემო და სულ ეს პოლიტიკური თემებია, ყურადღებას გამოხატავენ, საუბრობენ. ცნობილი ადამიანი რომ არის რთულია, თავისუფლად ვერ დადის.

ბავშვობიდან განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ რა თქმა უნდა, რადგან მხოლოდ მე არ ვარ, ოჯახი დგას ჩემს უკან და ჩემი საქციელი მათზეც აისახება და იმოქმედოს არამარტო ჩემზე, არამედ მშობლებზეც. რადგან შალვა პოლიტიკოსია, უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდები გარკვეულ თემებს. ყოველთვის ისე მინდოდა ვყოფილიყავი, როგორც სხვები და მეგობრებთან ერთად მივდიოდი სკოლაში, უბანშიც ჩავდიოდი და როგორც ყველა თბილისელი ადამიანი ცხოვრობს ისე ვცხოვრობდი. VIP შესასვლელები ჩემთვის არ ყოფილა და პრიორიტეტულ ვითარებაში არ ვყოფილვარ და არც მე მხიბლავს ასეთი სიტუაციები. რაც უფრო მეტად გამიცნეს ხალხისგან უფრო მეტი პოზიტივი და ნეგატივიც წამოვიდა. ნეგატივი ძირითადად ტროლებისგან და ბოტებისგან. სადაც გავდივართ ხალხი ყველა პოზიტიურადაა განწყობილი. „გაბედეს“ სტიკერი მაქვს ავტომობილზე მიკრული და მისიგნალებენ, ხელს მიწევენ, მესალმებიან ხოლმე და მიხარია, რომ მოძრაობა ასეთ პოზიტივს იწვევს ხალხში. ფაქტიურად ბრძოლის წინა ხაზზე ვართ ხელისუფლებასთან.

184
გამოფენაზე

„გელბახას“ მისტიკური სამყარო, ანუ „ადამიანი, ვისაც შეიძლება ენდო”

985
(განახლებულია 19:16 04.08.2020)
ხატვა ბავშვობიდან იყო მისი სტიქია. თავიდან ტუშით ხატავდა და, შესაბამისად, მისი ნახატები შავ-თეთრი იყო, ფერები მოგვიანებით გაჩნდა.

დათო გელბახიანმა სკოლის მერე არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩააბარა და 15 წელი აღარ დაუხატავს. ხატვას ბოლო ათი წელია დაუბრუნდა. მისი ნახატების პირველი გამოფენა საკმაოდ წარმატებით 2018 წელს „აბრეშუმის გალერეაში“ გაიმართა, მასზე საკმაოდ ბევრი ადამიანი მოვიდა. ერთი წლის მერე კი ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისმა ნახატებმა მეორედ შეკრიბა ხელოვნების მოყვარულები. მის ნამუშევრებზე პანდემიის დროსაც დიდი მოთხოვნილება იყო და არა მარტო საქართველოში...

დათო გელბახიანი
დათო გელბახიანი

- ბატონო დათო, თქვენს ნამუშევრებში გადაჯაჭვულია მისტიკა და რეალობა, რამდენად გჯერათ სასწაულის?

- სასწაულების მჯერა, როგორ არ უნდა მჯეროდეს... მარტივ მაგალითს გეტყვით, განა ცხრა თვის ლოდინის მერე ადამიანის დაბადება სასწაული არ არის? არა მგონია, უცნაური ადამიანი ვიყო, ჩვეულებრივი ვარ. თუმცა მისტიკა მიტაცებს და ვცდილობ, რომ ყველაფერ უცნაურს ლოგიკური ახსნა მოვუძებნო ხოლმე. თავიდან შავ-თეთრი ნახატები მქონდა და ტუშით ვხატავდი. შემდეგ ფერები და საღებავები შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში.

დათო გელბახიანი
დათო გელბახიანი

- ხატვის დროს შთაგონებას მიჰყვებით თუ რაციოს კარნახით ხატავთ?

- ჩემს ნახატებში ალბათ შთაგონებას უფრო მივყვები, სიუჟეტს არასდროს ვგეგმავ წინასწარ. როცა ხატვას ვიწყებ, არც კი ვიცი ბოლოს რა გამოვა, დაახლოებით წარმომიდგენია, მაგრამ ზუსტად არ ვიცი. და, რაც მთავარია, წინასწარ ვერასდროს დავგეგმავ. მოდი, ხვალ ავდგები და დავხატავ – ასე არაა ჩემთან...

დათო გელბახიანის შემოქმედება
დათო გელბახიანის შემოქმედება

- ბოლო ათი წელია, რაც ხატვას დაუბრუნდით...

- დიახ, სკოლის მერე 15 წელი არ გავკარებივარ ფანქარს და საღებავებს. ბოლო ათი წელია რაც დავუბრუნდი. მიზეზი მარტივია: უბრალოდ მომინდა ხატვა...

- ნანობთ იმ წლებს?

- არა, ზოგადად არასოდეს არაფერს ვნანობ, რადგან, ჩემი აზრით, ყველაფერი, რაც ხდება, კანონზომიერია.

დათო გელბახიანი
დათო გელბახიანი

- ამხელა პაუზა იმიტომ ხომ არ დაგჭირდათ, რომ ახალი შეგრძნებებით და ემოციით შევსებულიყავით?

- მართლაც ასე იყო. ის წლები, როცა არაფერი მიხატავს, ფანტაზია და თემები დამიგროვდა და ეს ალბათ კარგად აისახა ჩემს ნახატებზე. უფრო ზუსტად კი ეს იყო მონატრება და სურვილი – რაღაც ახალი და განსხვავებული შემექმნა.

დათო გელბახიანის შემოქმედება
დათო გელბახიანის შემოქმედება

- თქვენმა პირველმა პერსონალურმა გამოფენამ ხმაურით ჩაიარა...

- ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა 2018 წელს „აბრეშუმის გალერეაში“ გაიმართა, მასზე საკმაოდ ბევრი ადამიანი მესტუმრა, ტელევიზიებმაც გააშუქეს. პირველი გამოფენის შემდეგ მომეცა სტიმული, რადგან დავინახე ადამიანები, რომლებსაც სახეზე ეტყობოდათ, რომ სიამოვნებდათ ჩემი ნახატების ყურება და მოვალეობის მოხდის მიზნით არ იყვნენ მოსული. მივხვდი, რომ არ უნდა გავჩერდე და უნდა გავაკეთო ის, რაც ყველაზე კარგად გამომდის და ყველას მოსწონს. ამას მოჰყვა 2019 წლის პერსონალური გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რომელმაც ასევე ფურორით ჩაიარა და კარგად მახსენდება. ამის შემდეგ უკვე „კორონა ჩაერია” და დაგეგმილი გამოფენა ჩაიშალა.

დათო გელბახიანის შემოქმედება
დათო გელბახიანის შემოქმედება

- ნახატების გაყიდვის პრობლემა არ გაქვთ?

- მიხარია, რომ ჩემი ნახატები დიდი რაოდენობით იყიდება – არა მარტო საქართველოში, ამერიკაში, რუსეთში, გერმანიაში, უკრაინასა და ჰოლანდიაში. ამაში პანდემიასაც არ შეუშლია ხელი.

დათო გელბახიანის შემოქმედება
დათო გელბახიანის შემოქმედება

- თუ გაქვთ ნახატი, რომელმაც „დაგამახსოვრათ“ თავი?

- ასეთი გამორჩეული ნახატი არ მაქვს, ყველა ერთნაირად მიყვარს. უბრალოდ იყო ასეთი შემთხვევა: ერთხელ შავი საფერავი ღვინის წვეთი დაეცა ფურცელზე და ასე შეიქმნა პირველი ნახატი „საფერავითა“ და ტუშით. ამ ნახატს „ბაბუა“ ჰქვია. ესაა მონატრებული ბაბუა, რომელიც შვილების და შვილიშვილების მოლოდინში ხის ძირას ღობესთან ზის ჩაფიქრებული. ერთი ნახატის წინაპირობა კი ჩემი მონატრება გახდა. ერთ დღეს ვიგრძენი, რომ ჩემი გოგო, მარიამი, რომელიც უცხოეთში სწავლობს, ძალიან მომენატრა და დავხატე...

დათო გელბახიანის შემოქმედება
დათო გელბახიანის შემოქმედება

- თქვენი შემოქმედების შეფასების დროს ყველაზე მეტად რა გსიამოვნებთ?

- ყველაზე მეტად რაც მსიამოვნებს, ისაა, რომ ყველა იძახის “გელბახას” ნამუშევრების ამოცნობა ათასი ნახატიდან შეიძლებაო, ანუ შენი ხელწერა გაქვსო. მახარებს ის, რომ არავის ვბაძავ და განსხვავებული ვარ.  

დათო გელბახიანის შემოქმედება
დათო გელბახიანის შემოქმედება

- თქვენი აზრით, ვინ არის „გელბახა“, როგორი ადამიანია?

- “გელბახა” – ეს მეტსახელი ბავშვობიდან შემრჩა და მივეჩვიე. გელბახა ვინ არის? ამაზე მე რა ნამუსით უნდა ვილაპარაკო? - არ ვიცი და ვერც გეტყვით. მხოლოდ ერთს ვიტყვი: გელბახა არის ადამიანი, ვისაც შეიძლება, რომ ენდო...

დათო გელბახიანის შემოქმედება
დათო გელბახიანის შემოქმედება

- რაზე ოცნებობთ და რას ელოდებით ცხოვრებისგან?

- ვოცნებობ იმაზე, რომ ქალაქგარეთ სიწყნარესა და სიმწვანეში ოჯახთან ერთად ვიცხოვრო. პირველ რიგში გარშემო ჩემი ახლობლები და მეგობრები კარგად უნდა იყვნენ, რომ ხალისი და განწყობა მქონდეს იმისთვის, რომ რაღაც კარგი შევქმნა. არაა აუცილებელი ფეშენებელური ვილა იყოს, უბრალო პატარა სახლიც დამაკმაყოფილებს. მთავარია, მქონდეს საკუთარი სივრცე, სადაც ვიმუშავებ და რაღაც კარგს შევქმნი, ესაა და ეს...

 

985
კოღო

ტკიპის, კოღოს, მოსკიტის ნაკბენი: ის, რაც უნდა ვიცოდეთ მწერების მიერ გადამტან დაავადებებზე

527
(განახლებულია 19:19 14.07.2020)
ზაფხული ის დროა, როცა განსაკუთრებით დიდ დროს ვატარებთ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე. ამ დროს ხშირია მწერების ნაკბენით გამოწვეული უსიამოვნებები, რაც, შესაძლოა, პარაზიტული დაავადებების გამომწვევი მიზეზიც გახდეს.

რომელი პარაზიტული დაავადებებია გავრცელებული ზაფხულის სეზონზე, რა სიმპტომები აქვს და როგორ ამოვიცნოთ ისინი, ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში პარაზიტოლოგმა, მედიცინის დოქტორმა ირმა კოკაიამ ისაუბრა.

- ზაფხულის სეზონთან ყველაზე ხშირად რომელი პარაზიტული დაავადებები ასოცირდება?

- ზაფხულის სეზონთან ასოცირებული პირველი ჯგუფის, ყველაზე ხშირი დაავადებებია მწერების დაკბენით გამოწვეული დაავადებები. ასევე ზაფხულის პერიოდში სტატისტიკურად ყველაზე ხშირად გვხვდება ნაწლავური პარაზიტული დაავადება. მწერების კბენასთან ასოცირებული პარაზიტული დაავადებების მატება დამოკიდებულია ორ ფაქტორზე. პირველი ის არის, რომ ზაფხულის ცხელ პერიოდთან ერთად მწერების აქტივობა არის მომატებული და ეს გამომდინარეობს მათი ბიოლოგიიდან. მეორე ფაქტორი, რის გამოც იმატებს ეს დაავადებები და ამ დაავადებებთან დაკავშირებული საფრთხე, არის ის, რომ უშუალოდ ადამიანების ურთიერთობა ბუნებასთან არის გაცილებით აქტიური. ეს არის სეზონი, როცა ადამიანები ყველაზე ხშირად გადიან ქალაქგარეთ პიკნიკებზე, აგარაკებზე, სოფლებში და ა.შ. შესაბამისად, ეს საფრთხე არის მომატებული.

- იქნებ ეს დაავადებები განვიხილოთ...

- მწერების კბენით გამოწვეული დაავადებებიც ორ ნაწილად შეიძლება გაიყოს. ეს არის უშუალოდ დაკბენასთან ასოცირებული ალერგიული რეაქციები და მეორე – უფრო დიდი საფრთხე, ის დაავადებები, რომელიც გადააქვთ მწერებს. ბოლო პერიოდში ინტენსიურად არის მომატებული ბორელიოზი, იგივე ლაიმის დაავადება, რომელიც ტკიპებს გადააქვთ. ეს დაავადება ძალიან აქტუალურია საქართველოში, განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში. თუმცა ამ მხრივ დიაგნოსტიკაც უფრო გაუმჯობესებულია. მეორე დაავადება, რომელიც ინტენსიური ხდება ამ პერიოდში, არის ლეიშმანიოზი, რომელიც ასევე მწერებს გადააქვთ. ეს არის პატარა ზომის მოსკიტები, ფლებუტომუსები. გარდა ამისა, კიდევ არის რამდენიმე დაავადება, მაგალითად, კოღოებთან ასოცირებული მალარია, რომელიც ასევე ზაფხულის დაავადებაა. თუმცა, საბედნიეროდ, მალარიის ენდემური შემთხვევები ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში არ გვაქვს დაფიქსირებული. შემთხვევები, რაც გვაქვს, ძირითადად არის სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული. კიდევ ერთი დაავადება გახლავთ ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება, რომელიც ცალსახად ტკიპას უკავშირდება.

- რა ჩივილებს უნდა მიაქციოს ადამიანმა ყურადღება, რა სიმპტომები აქვს ამ დაავადებებს?

- ვინაიდან ყველაზე გავრცელებულია, დავიწყოთ ლაიმის დაავადებით. თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ ტკიპის კბენა არ არის საკმარისი დაავადების გამოწვევისთვის. თვითონ ტკიპა უნდა იყოს ინფიცირებული, რომ გამოიწვიოს დაავადება. აქედან გამომდინარე, ყველა ტკიპის კბენის შემდეგ, რა თქმა უნდა, დაავადება არ ვითარდება. 100 კბენიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს დაავადება. კბენის დროს ამის მიხვედრა წარმოუდგენელია. ამას სჭირდება სპეციალური ანალიზი, რომელიც საკმაოდ რთულად კეთდება და არ არის მოწოდებული, რომ ყველა შემთხვევაში გაკეთდეს. იმ შემთხვევაში, თუ ეს ტკიპა აღმოჩნდა ინფიცირებული და დაავადების გადამტანი, კლინიკური სიმპტომები, რომელიც დამახასასიათებელია ლაიმის დაავადებისთვის, არის საკმაოდ მრავალფეროვანი და გამოვლინდება გარკვეული დროის განმავლობაში. ინკუბაციური პერიოდი, როგორც წესი, არის სამი დღიდან 28 დღემდე. ანუ ეს არის ის პერიოდი, როცა შეიძლება გამოვლინდეს კლინიკური ნიშნები. ამას იმიტომ ვამბობ ხაზგასმით, რომ ძალიან ხშირად ტკიპის კბენის შემდეგ მეორე და მესამე დღეს მოდიან ხოლმე პაციენტები და ითხოვენ ანალიზის ჩატარებას, რომელიც ამ შემთხვევაში არ არის ინფორმატიული. ამისთვის საჭიროა დრო, რადგან ანალიზით ხდება ანტისხეულების განსაზღვრა. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, 28 დღე, შესაძლოა იყოს ხუთი დღე. დაჟინებით ითხოვენ ხოლმე ანალიზს. ზოგჯერ მოდიან, ტკიპა ისევ აზით კანზე. ამ დროს პირველ რიგში ვაცილებთ ტკიპს. გულდასმით ვუხსნით, რომ ამ შემთხვევაში ტესტის პასუხი შესაძლოა იყოს ნეგატიური, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ეს დაავადება გაქვს, რადგან წინ გაქვს მთელი ინკუბაციური პერიოდი. უარყოფითი პასუხის შემთხვევაშიც ცოტა მოგვიანებით ვიბარეთ, რომ თავიდან გადავამოწმოთ ეს ადამიანი. რაც შეეხება სიმპტომებს, ყველაზე ხშირად ვლინდება გამონაყარი ნაკბენის ირგვლივ, რომელიც არის უხშირესად გამოხატული. თუმცა, შესაძლოა, გამონაყარი სხეულის სხვა ნაწილშიც გამოვლინდეს. ეს არის წითელი რკალისებრი შემოხაზვა, რომლის დიამეტრი საკმაოდ დიდია, შესაძლოა ხუთი სანტიმეტრი და მეტიც იყოს. გარდა ამისა, დაავადების სიმპტომებია ცხელება, სახსრების ტკივილი, კუნთის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, ოფლიანობა, ხშირად გამოვლინდება თავის ტკივილი. არის კიდევ ისეთი ნიშნები, რომელიც უკვე სერიოზულ საფრთხეზე მიუთითებს. ეს არის გართულებები გულის და ნერვული სისტემის მხრივ. ეს ორი დაზიანება, ნერვული და გულის მხრივ, ცოტა უფრო მოგვიანებით ფაზებში ვითარდება, სადღაც ერთი თვის მერე.

რაც შეეხება ლეიშმანიოზს, მისი საინკუბაციო პერიოდი არის 4-6 თვე. სწორედ ამ პერიოდის შემდეგ ხდება ხოლმე კლინიკური სურათის მანიფესტირება. ეს ძალიან მძიმე დაავადებაა და ყველა მკურნალობის გარეშე შემთხვევები და, მათ შორის, დაგვიანებული შემთხვევები ხშირ შემთხვევაში ცუდი გამოსავლით მთავრდება.

- წლევანდელ სეზონზე საქართველოს რომელ რეგიონში გამოვლინდა პარაზიტული დაავადებების ყველაზე მეტი შემთხვევა?

- წელევანდელ სეზონზე ინტენსიურია კახეთის შემთხვევები. საკმაოდ ბევრი შემთხვევა შემოვიდა კახეთიდან, შედარებით ნაკლებია თბილისის შემთხვევები.

- ძირითადად რა სიმპტომებით შემოდიან პაციენტები?

- შემოდიან ცხელებით, ღვიძლის და ელენთის გადიდებით, ანემიით, ჰემოგლობინის ნაკლებობით და წონის კარგვით. ეს არის ძირითადი სიმპტომები, თუმცა შესაძლოა დაფიქსირდეს დაბალი ლეიკოციტი, დაბალი თრომბოციტი. ეს ის დაავადებაა, რომელიც არ გამოგვეპარება, რადგან მკვეთრად არის სიმპტომები გამოხატული და ყველა ნიშნის არსებობის შემთხვევაში, რაც დროზე მიმართავთ ექიმს, გამოსავალი უფრო მარტივად მოიძებნება. დაავადების დროს თვითმკურნალობა დაუშვებელია, დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

 

527
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
პრემიერი გიორგი გახარია

სტიქიით დაზარალებულ რაჭაში ინფრასტრუქტურა 2021 წლის გაზაფხულამდე სრულად აღდგება

0
(განახლებულია 11:31 13.08.2020)
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის 12 სოფელი 29 ივლისს მოსულმა უხვმა ნალექმა გარესამყაროს მოწყვიტა

თბილისი, 13 აგვისტო - Sputnik. სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურის კაპიტალურ, სრულფასოვან აღდგენას დასჭირდება დრო, დაახლოებით 2021 წლის გაზაფხულამდე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

28–29 ივლისს უამინდობისა და კოკისპირული წვიმების გამო რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის 12 სოფელი – 2 ათასზე მეტი ადამიანი გარე სამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდა. სტიქიის შედეგად დაზიანდა 10 ხიდი, 8 ადგილზე ჩაინგრა  ცენტრალური გზის სავალი ნაწილი, ასევე რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით და შიდა სასოფლო გზები.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, სტიქიის შედეგების აღმოფხვრა  და  სარეაბილიტაციო სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს.

„დღეის მონაცემებით, ყველა სოფელს მიეწოდება როგორც წყალი, ისე - ელექტროენერგია. თუმცა, კაპიტალური სამშენებლო სამუშაოები გრძელდება და დღეს ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ამ სამუშაოებისთვის, საგზაო მიმართულებით, დამატებითი თანხების გამოსაყოფად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა მოქალაქეების დასახმარებლად 63 გაფრენა განახორციელეს. სტიქიის ზონიდან გამოყვანილია 706 მოქალაქე, ხოლო იქ დარჩენილებისთვის შეტანილია 608 სასურსათო კალათა, 12 500 კილოგრამი პურის ფქვილი, 6310 ლიტრი საწვავი, 9485 ლარის ღირებულების მედიკამენტები.

0