- ბატონო ზურაბ, როდის ჩამოხვედით საქართველოში და იქ მყოფი ქართველებიდან ბოლოს ვის ესაუბრეთ?
- საქართველოში 4 იანვარს ჩამოვედი, ანუ მანამდე, სანამ ეს ამბები დაიწყებოდა. იქ მცხოვრებ ქართველებთან ყოველდღე მაქვს კონტაქტი. ბოლოს პეკინში მცხოვრებ ნატალია მაისურაძეს და ჰაინანის კუნძულზე ზაქარია გაგოშიძეს ვესაუბრე. ჩინეთში უამრავი მეგობარი მყავს და მათთან ყოველდღე ხაზზე ვარ, ყველანი კარგად არიან. თავად იმ ქალაქში, უჰანში (ჰუნეის პროვინციის ცენტრალური ქალაქია), სადაც კარანტინია გამოცხადებული, არიან ქართველები, მაგრამ მათ არ ვიცნობ. საერთოდ ქართველები, ვინც ჩინეთში მუდმივად ცხოვრობს, ბევრი არ არის. რამდენადაც ვიცი, მათთან ჩვენს საელჩოს ყოველდღიური კავშირი აქვს. საჭიროების შემთხვევაში ისინი დაეხმარებიან, ამის შესახებ ჩინეთში ჩვენმა ელჩმა, ბატონმა არჩილ კალანდიამაც არაერთხელ განაცხადა.
- ამ ეტაპზე ევაკუაცია არ არის გამოცხადებული?
- როგორც გითხარით, საელჩო მათთან ყოველ წუთში კონტაქტზეა, ამიტომ თუ ევაკუაციას გამოაცხადებენ, ყველას ეცოდინებოდა, მაგრამ ამ ეტაპზე როგორც ვიცი, არ გამოუცხადებიათ. ჩინეთში პანიკა არ არის, რადგან იმ დიდ ქალაქებში, რომლებიც ჰუნეის პროვინციის გარეთაა, ამ ავადმყოფობის აფეთქება არ მომხდარა. პეკინი 20-მილიონიანი ქალაქია (ეს მარტო მუდმივად მცხოვრებლების რიცხვია) და იქ დღემდე 90 შემთხვევაა დაფიქსირებული, გუშინწინ 80 იყო. ისინი ძირითადად ის პირები არიან, ვინც ბოლო დროის განმავლობაში უჰანში იმყოფებოდა და იქიდან ჩამოვიდა.
- ამჟამად, როგორც ვიცით, უჰანში კარანტინია...
- დიახ, ქალაქი უჰანი, საიდანაც დაიწყო ვირუსის გავრცელება, უკვე ჩაკეტილია – ის კარანტინის ზონაშია. ჩემი ინფორმაციით, იქიდან ვერც გამოხვალ და ვერც შიგნით შეხვალ. შესაძლოა, ჩინეთის სხვადასხვა რეგიონებიდან დასახმარებლად ექიმთა ბრიგადები ჩავიდეს, მაგრამ თუ რომელიმე მათგანი დასნეულდა, მას იქიდან ნამდვილად არ გამოუშვებენ.
მისი ერთ-ერთი განსაკუთრებული პროექტია „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე შესრულებული მინანქრის სამკაული, რომელსაც საზოგადოებაში რეზონანსული გამოხმაურება მოჰყვა. გარდა ამისა, ქალბატონი ნათია მუშაობს ტანსაცმლის დიზაინზე. მისი ყველა ნამუშევარი არის ექსკლუზიური და არასოდეს მეორდება.
- გაეცანით ჩვენს მკითხველს...
- ჩემი ინტერესი ხელოვნების მიმართ ადრეულ პერიოდში გამოვლინდა. ხატვა, აქსესუარები, ტანსაცმელი - ყოველთვის მიტაცებდა. ამიტომაც ჩავაბარე თბილისის სახელწიფო სამხატვრო აკადემიაში, შემდეგ კი უნივერსიტეტში, ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტზე. თავისი თვითმყოფადობით ქართული კულტურა ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევდა ჩემში. მსურდა თვითონ შემექმნა რაღაც, რითიც გამოვხატავდი ჩემს დამოკიდებულებას და სიყვარულს. ასე გაჩნდა ქართულ ბაზარზე ბრენდი „მართა“, რომელიც უკვე 12 წელია არსებობს.
- სამკაულების შექმნით როდის დაინტერესდით? როგორ შეისწავლეთ და რამდენად საინტერესო იყო ეს პროცესი თქვენთვის?
- სამკაული ყოველთვის მაინტერესებდა, თუმცა იმისთვის, რომ კოლექცია შექმნა, საკმაო ცოდნა, თანხები და რისკია საჭირო. 2016 წელს მონაწილეობა მივიღე თბილისის მოდის კვირეულში და ასე შეიქმნა პირველი და ჩემთვის უსაყვარლესი კოლექცია ტანსაცმლისა და სამკაულის, რომლის ინსპირაცია იყო ქართველ მეფეთა შესამოსელი და უძველესი ოქრომჭედლობა. სამკაული შევასრულეთ ურთულესი ტექნიკით, რომელიც თვითონ მოვიფიქრე. ამ ყველაფერს დიდი შრომა და ნებისყოფა სჭირდებოდა, რაშიც გვერდით მედგა ჩემი ატელიეს არაჩვეულებრივი პროფესიონალთა გუნდი. ეს იყო რაღაც დიდი და საინტერესო გზის დასაწყისი.
- რა ტექნიკით ქმნით სამკაულს და რა ეტაპებს გადიხართ, სანამ ნივთი დასრულებულ სახეს მიიღებს?
- დროთა განმავლობაში გადავედი მინანქრის ტექნიკაზე, რომელსაც გამოხატვის მეტი შესაძლებლობები აქვს.
ჩემთვის მთავარია იდეა, რომელიც შთამაგონებს, აღმაფრთოვანებს, მიკარგავს მოსვენებას და ტვინში იწყება სრული ქაოსი და ამ ქაოსიდან ნელ-ნელა ჩნდება, იკვეთება ფორმები, რასაც შინაგანად ვგრძნობ. ესკიზებს ვქმნი მანამდე, სანამ არ გამოიძერწება სასურველი ფორმა. შემდეგ მოდის უკვე შესრულების ტექნიკური მხარე, რაც ასევე რთული და საინტერესოა.
- თქვენთვის, როგორც ქალისთვის, რასთან ასოცირდება ლამაზი სამკაული?
- ლამაზი სამკაული ისაა, რომელსაც იხდენს ადამიანი, რომელიც ორგანულადაა შერწყმული ხასიათთან, ინდივიდუალურობასთან.
ზოგადად, სამკაული, ჩემი აზრით, ესაა თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალება. სამკაულით შეიძლება გახდე რომანტიკულიც, მეოცნებეც, ვინტაჟურიც და რევოლუციონერიც.
- ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო ნამუშევარი გაიხსენეთ...
- ერთ-ერთ რთულ ნამუშევრად ჩემს შემოქმედებაში მივიჩნევ კოლექციას „ვეფხისტყაოსანი", რომელზეც ვიმუშავე საკმაოდ მოკლე დროში და შევქმენი სცენები ნაწარმოებიდან. ეს იყო ძალიან საპასუხისმგებლო, რადგან ფაქტიურად პირველად ხდებოდა „ვეფხისტყაოსნის" დასურათება სამკაულში. საკმაოდ დიდი მოწონება ხვდა წილად და, ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ისევ მივუბრუნდები ამ თემას.
- სამკაულის გარდა ქმნით ტანსაცმლის დიზაინს. რით არის თქვენი სამოსი გამორჩეული და იგრძნობა თუ არა ნამუშევრებში თქვენი ხელწერა?
- თავიდან, როდესაც ტანსაცმლის შექმნა დავიწყე, ესეც ქართულ კულტურასთან იყო დაკავშირებული. მსურდა ტაძრის კედლებზე გამოსახული მეფეთა და დიდებულთა შესამოსელი თანამედროვე სახით და დიზაინით გადმომეცა. ძალიან შთამბეჭდავი გამოვიდა. მაგრამ ასეთი ნამუშევრები სპეციფიკურ მიდგომას მოითხოვს, ვიწრო წრეზეა გათვლილი და შესრულებაც ძვირადღირებულია. ამიტომ, სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვქმნი.
ჩემს ატელიეში ამჟამად ფუნქციონირებს მუდმივი „შოურუმი“, სადაც ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ სხვადასხვა თანამედროვე სტილის სამოსს. შესრულებულია უმაღლესი ხარისხით, რაც დღეს საკმაოდ იშვიათია.
- რთული იყო ქართულ ბაზარზე სახელის მოხვეჭა და თავის დამკვიდრება? რა სირთულეების დაძლევა მოგიხდათ?
- ქართულ და ნებისმიერ ბაზარზე თავის დამკვიდრება – ესაა ურთულესი გზა. მთავარია მიზნისკენ სწრაფვა, დაუღალავი შრომა, უწყვეტი ძალისხმევა, მიზანსწრაფულობა. არაერთგზის მოგვიწევს გავიაროთ სირთულეების ქარცეცხლში და სწორედ მაშინ არ უნდა დანებდე. ესაა წარმატების გასაღები. დღეს, როცა წარსულს გადავხედავ, ვფიქრობ, რა ძალით ვუმკლავდებოდი ამ გამოწვევებს. მაგრამ მგონია, ესაა ყველაზე ძლიერი განცდა - სურვილი თვითგამოხატვისა. მერე რაღაცნაირად თავისთავად მოდის ინტერესიც და წარმატებაც.
- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- ამჟამად ვმუშაობ სამკაულის ახალ კოლექციაზე, წესით, საკმაოდ საინტერესო უნდა გამოვიდეს, რადგან შესრულების მხრივაც გარკვეული სიახლეები იქნება.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ისრაელის ქალაქ თელ-ავივში გამართული გრანდ სლემიდან გუნდური პირველი ადგილითა და რვა მედლით დაბრუნდა.
ჩვენი ქვეყნის სახელით ისრაელში ბრინჯაოს სინჯის პირველი მედალი გოგონათა შორის მოჭიდავე ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა, რომლითაც ქართული ძიუდოს ისტორიაში შევიდა. ლიპარტელიანამდე გრანდ სლემის ტურნირზე არც ერთ ქართველ გოგონას მედალი არ აუღია.
ლიპარტელიანის გამარჯვებას პირველივე საჭიდაო დღეს თემურ ნოზაძის ვერცხლის მედალი მოჰყვა, რომელიც ფინალში აზერბაიჯანელ მეტოქესთან დამარცხდა.
მეორე საჭიდაო დღეს ფინალურ ბლოკში ორი ქართველი ძიუდოისტი გავიდა. ნუგზარ ტატალაშვილმა ტომი მაციასს მოუგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, ხოლო ლაშა შავდათუაშვილი, სამწუხაროდ, უმედლოდ დარჩა.
ქართველებისთვის საინტერესო და ყველაზე შედეგიანი გამოდგა მესამე, ბოლო საჭიდაო დღე. ქართველების ანგარიშზე ამ დღეს ხუთი მედალი იყო. ქართველი გულშემატკივრის ყველაზე დიდი ყურადღება კი მძიმე წონითმა კატეგორიამ მიიპყრო, სადაც ქართველებმა ორი მედალი მოიპოვეს. გელა ზაალიშვილი ნახევარფინალურ ეტაპზე გულშემატკივრის ერთ-ერთ რჩეულს გურამ თუშიშვილს დაუპირისპირდა და საკმაოდ პასიურ ბრძოლაში გაფრთხილებების ხარჯზე მოუგო, რის შემდეგაც ფინალში გამარჯვებით ოქროს მედალსაც დაეუფლა.
დიახ, ეს ის თუშიშვილია, რომელმაც ფრანგი გოლიათი ტედი რინერი 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ტატამზე დაანარცხა, თუმცა... ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გურამი და ტედი ერთმანეთს ნახევარფინალში შეხვდნენ. მას შემდეგ, რაც ფრანგმა 22 წლის ქართველი ძიუდოისტის წინააღმდეგ ვერაფერი გაახერხა, დამატებით დროში თუშიშვილმა რინერი დააგდო, თუმცა მსაჯებმა მას გამარჯვების ქულა არ ჩაუთვალეს. პირიქით, მალევე ქართველი ძიუდოისტი ფრანგ ოსტატთან დამარცხდა.
ამ შეხვედრის შემდეგ ალბათ ყველა დროის საუკეთესო ძიუდოისტმა ტედი რინერმა გურამის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
„ნახევარფინალური დაპირისპირებისგან დიდი სიამოვნება მივიღე. როდესაც ტატამი დავტოვე, გურამ თუშიშვილს მივულოცე. ასეთ კარგ დაპირისპირებაში მონაწილეობა დიდი ხანია არ მიმიღია. ძალიან მომეწონა. ვფიქრობ, საქართველოს სავარჯიშოდ ვეწვევი“, – ასე გამოეხმაურა რინერი გურამთან მოგებულ მატჩს ჟურნალისტებთან საუბრისას.
თუშიშვილსა და მის კარიერაზე ამდენს იმიტომ გიყვებით, რომ სწორედ მან ისაუბრა „Sputnik-საქართველოსთან“ ისრაელში გამართულ გრანდ სლემზე, ზაალიშვილთან მარცხის მიზეზებსა და ოლიმპიადაზე ტედი რინერთან შესაძლო შეხვედრის შესახებ.
- თელ-ავივის გრანდ სლემზე გამოსვლა და გელა ზაალიშვილთან მარცხი...
- პირველ რიგში თქვენც და გულშემატკივარსაც გილოცავთ ამ წარმატებას, რადგან მართლაც ძალიან კარგი შედეგი დაიდო ამ სლემზე. ზაალიშვილთან მარცხის მიზეზი ისაა, რომ გელა ძალიან კარგი ძიუდოისტი და სპორტსმენია, რაც მან მიღწეული გამარჯვებითაც დაამტკიცა და დამსახურებული ოქროს მედალი მოიპოვა. პასიური ჭიდაობა ალბათ უფრო ქართველების დაპირისპირებამ გამოიწვია. ნაკლებად გავრისკეთ, რათა უფრო მეტი სიფრთხილე გამოგვეჩინა ერთმანეთის მიმართ.
- მიღებული ტრავმის შემდეგ თავს როგორ გრძნობთ და დაგეხმარათ თუ არა პანდემია რეაბილიტაციის პროცესში?
- ჯერჯერობით მიჭირს ძველი ფორმის აღდგენა, რადგან ტრავმა პერიოდულად თავს იჩენს. მიუხედავად ამისა, სამწვრთნელო შტაბთან ერთად სრული დატვირთვით ვმუშაობთ და, იმედი მაქვს, ტრავმასთან დაკავშირებული პრობლემა მალევე მოგვარდება. პანდემიის გამოჩენამდე ოლიმპიადისთვის უკვე დაწყებული გვქონდა მზადება და ნაკრები ძალიან კარგ ფორმაში იყო, თუმცა ვირუსის მოულოდნელად გამოჩენამ საქართველოსა და მსოფლიოში დროებით ყველაფერი გააჩერა. ზოგმა სპორტსმენმა ეს პაუზა კარგად გამოიყენა, ზოგმაც, შეიძლება, ცუდად. ჩვენ კი ამ დროის განმავლობაში, როგორც შეგვეძლო, ვვარჯიშობდით. ოლიმპიადის გადადებასთან ერთად გადავწყვიტე მენისკის ოპერაციის გაკეთება. ჩემ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რეაბილიტაციის პროცესში პანდემიამ დადებითადაც კი იმოქმედა.
- როგორი თაობა მოდის ქართულ ძიუდოში, გვქონდეს მათი იმედი?
- ძალიან ძლიერი ახალი თაობა მოდის და ეს მხოლოდ მძიმე წონას არ ეხება. თითოეულ წონით კატეგორიაში უკვე არიან ახალგაზრდა სპორტსმენები, რომლებიც პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ. ყველა ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი მათ შედეგებზეც აისახა. მინდა წარმატება ვუსურვო თითოეულ მათგანს და იმედი მაქვს, რომ წინა თაობის ღირსეული შემცვლელები იქნებიან.
- მთავარი კონკურენტები ოლიმპიადაზე და შეხვედრა უძლიერეს ტედი რინერთან...
- ჩემთვის კონკრეტული გეგმა არა მარტო რინერის, არამედ ყველას დამარცხებაა. რა თქმა უნდა, ინდივიდუალურად ტედიზეც ვმუშაობთ, ასევე ვმუშაობთ თითოეულ შესაძლო მოწინააღმდეგეზე. დღეს მძიმე წონაში მარტო ტედი არ არის, რადგან მსოფლიო მასშტაბით უკვე გამოჩდნენ ისეთი ახალგაზრდები, რომლებსაც შეუძლიათ ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა. საუბარი მაქვს მძიმე წონაში მოჭიდავე 10-მდე სპორტსმენზე, ყოველ მათგანს ოლიმპიური ოქროსთვის ბრძოლა შეუძლია. სწორედ ამიტომ ყველა მხრივ ვმუშაობთ, რათა ტოკიოში სასურველ შედეგს მივაღწიოთ.
- მიიღებთ თუ არა მომავალ შეჯიბრებებში მონაწილეობას?
- მომავალ შეჯიბრებებზე მონაწილეობის მიღება ჯერ არ მაქვს ბოლომდე გადაწყვეტილი. რა თქმა უნდა, ყველა მათგანში მონაწილეობის მიღება მსურს, რადგან ეს შეჯიბრებები დამეხმარება ტრავმის შემდეგ საბოლოოდ გამოვიდე მდგომარეობიდან და სასურველ ფორმაში ჩავდგე.
თბილისი, 1 მარტი - Sputnik. უკრაინის დედაქალაქ კიევში 26-28 თებერვალს გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა მოჭიდავეებმა 15 მედალი მოიპოვეს. ინფორმაციას საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
საქართველომ კიევში გამართულ პრესტიჟულ შეჯიბრებაზე ბერძნულ-რომაული სტილით სახეობაში 11 მედალი მოიპოვა და გუნდურ პირველ ადგილსაც დაეუფლა. ვლადიმერ გეგეშიძის გუნდის წევრებმა 5-5 ოქროსა და ვერცხლის, ხოლო ერთი ბრინჯაოს მედალი აიღეს.
საქართველოს სახელით ბერძნულ-რომაულ სტილი მოჭიდავეთა შორის წარმატებას შემდეგმა სპორტსმენებმა მიაღწიეს:
რაც შეეხება თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს, მათ უკრაინაში ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მოგება შეძლეს. გიორგი იანტბელიძის გუნდიდან კვარცხლბკზე ასვლა ნიკა კენჭაძემ (79კგ), ირაკლი მწითურმა(92კგ), გიორგი სულავამ (74 კგ) და გივი მაჭარაშვილმა (125კგ) მოახერხეს. საქართველომ თავისაფული სტილით ჭიდაობაში გუნდურ ჩათვლაში გამოსვლა მეორე ადგილზე დაასრულა.