მარინა კოდუა

მარინა კოდუა-ფაჩულია: როგორ გავზარდე ჩემპიონი ექსკლუზივი ზაზას დედასთან

132
(განახლებულია 16:20 06.12.2019)
აქტიური, მიზანდასახული და შრომისმოყვარე — იგი ყველაფერს თავისი შრომით აღწევს. არც ერთი დაკარგული წუთი, უმიზნოდ დახარჯული დრო. მარინა კოდუას შემხედვარე ხვდები, რომ ყველა ჩემპიონის უკან არანაკლებ წარმატებული დედა დგას.

საუბარია სწორედ იმ ზაზა ფაჩულიას დედაზე, რომლის წყალობითაც აშშ-ის კალათბურთის ნაციონალურ ლიგაში საქართველოს შესახებ შეიტყვეს. ასეთი წარმატებული შვილის დედას თავისუფლად შეეძლო შვილის ხარჯზე ეცხოვრა, მაგრამ ამის ნაცვლად ყოველდღე უთენია დგება, რათა აუარებელი საქმის გაკეთება მოასწროს. ჩემპიონის აღზრდის მეთოდებზე, გაღებულ მსხვერპლსა და პრინციპებისადმი ერთგულებაზე მარინა კოდუა-ფაჩულია „Sputnik-საქართველოს“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ესაუბრა.

მარინა კოდუა-ფაჩულია საკმაოდ სისხლსავსე ცხოვრებით ცხოვრობს. მაშინ დაქვრივდა, როცა ზაზა სულ რაღაც 12 წლის იყო. საყვარელი ადამიანის დაკარგვა უმძიმეს პერიოდს დაემთხვა — 90-იანი წლების მიწურულს, როდესაც ქვეყანაში არც გაზი იყო, არც დენი და წყალიც ხშირად წყდებოდა. ხალხი მაშინ შეშის ღუმელებით თბებოდა. დღეს ცდილობს ყველაფერი იუმორით გაიხსენოს და ამბობს, რომ ადამიანმა იუმორის გრძნობა ყველაზე რთულ ვითარებაშიც არ უნდა დაკარგოს.

Марина Кодуа бизнесвумен - мама баскетболиста Зазы Пачулия
© Sputnik / Alex Shlamov
ჩემპიონის დედა და წარმატებული საქმიანი ქალბატონი - მარინა კოდუა-ფაჩულია

— ქალბატონო მარინა, რამდენად გაგიჭირდათ სირთულეებთან გამკლავება და რაზე მოგიხდათ უარის თქმა შვილის გამო?

— ეს უბრალოდ რთული კი არა, ძალიან რთული დრო იყო. არ იყო შუქი, გაზი, წყალი. მაშინ დიღომში ვცხოვრობდით და ჩვენი სახლის ეზოში ტანკი იდგა. ერთხელ სახლში დაბრუნებულს ზაზა ტანკზე შემომჯდარი დამხვდა, თავზე წაკრული შავი ნაჭრით. შიშისგან კინაღამ გული გამისკდა, ძლივს ჩამოვსვი. მაშინ ყველასთვის რთული პერიოდი იყო. ასეთ პირობებში ბავშვის გაზრდა ძალიან გამიჭირდა. მით უმეტეს, რომ მეუღლე უკვე ავადმყოფობდა. გამიმართლა, რომ ზაზა კარგი გასაზრდელი ბავშვი იყო, ოღონდ, ცოტა მოუქნელი. ასაკით პატარა იყო, მაგრამ ძალიან მაღალი, ამიტომ სხეულის მართვა უჭირდა.

— წარსულში თავად თამაშობდით კალათბურთს, ამიტომ გადაწყვიტეთ შვილის მიყვანა ამ სპორტზე?

— მშობლისთვის არჩევანის გაკეთება იოლი საქმე არ არის. კალათბურთის შიდა სამზარეულოში კარგად ვიყავი გარკვეული. როცა ზაზა ამბობდა, რომ დაღლილი იყო, ბიბლიოთეკაში ვგზავნიდი. ვეუბნებოდი, კითხვისგან არ დაიღლები–მეთქი. შვილის კალათბურთელობა არ მინდოდა. საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რამდენად დიდ შრომას მოითხოვს ეს თამაში. თანაც ზაზა კარგად სწავლობდა.

ქალბატონი მარინა არ მალავს, რომ საკმაოდ მკაცრი დედა იყო. დარწმუნებულია, რომ ბავშვის აღზრდისას ოქროს შუალედის პოვნაა საჭირო: ბავშვს ყველაფერს ვერ აუკრძალავ, მაგრამ არც ყველაფრის ნება არ უნდა დართო. თავისუფალ და უზრდელ ბავშვს შორის უზარმაზარი უფსკრულია.

— როგორ ახერხებდით შვილის გაკონტროლებას 90-იან წლებში, როცა არც ინტერნეტი იყო და არც მობილური ტელეფონები?

Марина Кодуа бизнесвумен - мама баскетболиста Зазы Пачулия
© Sputnik / Alex Shlamov
მარინა კოდუა-ფაჩულია

— ბევრმა შეიძლება გამამტყუნოს, მაგრამ ჩემი უპირველესი პრინციპია, რომ ბავშვი დედამ უნდა გაზარდოს. რასაკვირველია, თუ საშუალება აქვს, შეიძლება დამხმარე ჰყავდეს, მაგრამ ძირითადად ბავშვი დედამ უნდა გაზარდოს! დედამ სხვაზე უკეთ იცის, რისი ნიჭი აქვს მის შვილს, რა არის მისთვის უკეთესი.

მე ვიცოდი, რომ ჩემს შვილს კალათბურთის ნიჭი ჰქონდა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან მეც და ჩემი მეუღლეც სპორტსმენები ვიყავით. მაგრამ ზაზა ძალიან კარგად სწავლობდა და ამიტომაც მინდოდა, რომ მომავალი განათლებაზე გაეთვალა. ამისთვის ყველაფერი გავაკეთე. მაშინ „ჟიგულის“ მარკის მანქანა გვყავდა და ის გავყიდე, რომ ზაზას „დემირელის კოლეჯში“ ესწავლა. იმ დროს 700-800 დოლარი დიდი ფული იყო და შოვნა ძალიან ჭირდა. მოკლედ, „ჟიგული“ გავყიდე და სწავლის საფასური გადავიხადე.

ფაჩულიების ოჯახში მთავარი პრიორიტეტები ბავშვის ჯანმრთელობა და მისი განათლება იყო. ქალბატონმა მარინამ მთელი თავისი ძალა და სახსრები ერთადერთი შვილის განათლებაში ჩადო. ერჩივნა, ფული წიგნში გადაეხადა, ვიდრე რაიმე ნივთში, რომელიც ერთ თვეში სრულიად გამოუსადეგარი გახდებოდა. მით უმეტეს, რომ კარგად იცოდა, ინტელექტი კალათბურთშიც საჭირო იყო, ისევე, როგორც სპორტის ყველა სახეობაში, თუ წარმატების მიღწევა გინდა.

Капитан сборной Грузии по баскетболу и центровой Даллас Маверикс Заза Пачулия
facebook.com/NBA.Georgia
ზაზა ფაჩულია - კიდევ ერთი ბურთი მეტოქის კალათში

— როგორ შეუთავსა ზაზამ კარგად სწავლა სპორტს?

— ზაზა კალათბურთზე რომ შემყავდა, ეს იმას არ ნიშნავდა, რომ სწავლისთვის ნაკლები ყურადღება უნდა დაეთმო. ეს იყო ჩემი მოთხოვნა. სასჯელის ასეთი ფორმა მოვიგონე: თუ ოთხიანს მიიღებდა (მაშინ შეფასების ხუთქულიანი სისტემა მოქმედებდა), სახლიდან კალათბურთის ფორმა „ქრებოდა“ (მეზობლებთან ვმალავდი) და ზაზა ვარჯიშზე ვერ მიდიოდა. კარგად უნდა ესწავლა და სპორტი სწავლასთან შეეთავსებინა, სხვა ვარიანტი არ არსებობდა. ვფიქრობ, კალათბურთი სპორტის ინტელექტუალური სახეობაა. ზაზას თამაშის დაგეგმვაში ძალიან დაეხმარა მათემატიკის ცოდნა. სპორტი ცხოვრებაა. ნებისმიერი შესაძლებლობა უნდა გამოიყენო.

როდესაც შვილი აშშ-ში გაგზავნა, ქალბატონმა მარინამ თავისი დიდი ხნის ოცნების ასრულება გადაწყვიტა. ის ყოველთვის სტუმართმოყვარე იყო, სიამოვნებდა კერძების მომზადება. ამიტომ გადაწყვიტა ძალების მოსინჯვა ამ სფეროში და საკუთარი სასტუმრო გახსნა. თავდაპირველად თბილისის ძველ უბანში პატარა შენობა შეიძინა. ჯერ გაქირავება დაიწყო, მაგრამ მალე მიხვდა, რომ თუ საქმის მაღალ დონეზე გაკეთება გინდა, ყველაფერს თავად უნდა გაუძღვე. დღეს მარინა ფაჩულია თბილისში ორი სასტუმროს მფლობელია. ორივეს შვილობილს ეძახის. ქალბატონმა მარინამ „Sputnik-საქართველოს“ ექსკლუზიურად გაანდო საკუთარი გეგმები: ბიზნესის გაფართოებას აპირებს და ახალი პროექტისთვის მშობლიური კუთხე — ისტორიული წარსულით მდიდარი და ლამაზი სამეგრელო აქვს შერჩეული.

— ქალბატონო მარინა, რადგან გეგმები გაგვანდეთ, იქნებ უფრო დეტალურად გვიამბოთ ჩანაფიქრის შესახებ. როგორი იქნება და სად აშენდება თქვენი ახალი სასტუმრო?

Марина Кодуа бизнесвумен - мама баскетболиста Зазы Пачулия
© Sputnik / Alex Shlamov
„მარტივი არაფერია!“ - ჩემპიონის დედის შეგონება

— მინდა შევქმნა ისეთი გარემო, სადაც შენარჩუნებული იქნება სოფლის ხიბლი. ჩემი სასტუმროს ბინადრებმა თავად რომ შეძლონ მანდარინის მოწყვეტა ხიდან, საქათმეში შეხედვა და თბილი კვერცხის თავისი ხელით აღება, ბოსტანში გასეირნება. ჩემი პროექტი გათვლილია არა მხოლოდ უცხოელებზე, არამედ ქართველებზეც. თბილისში ბევრმა ბავშვმა არ იცის, რა არის სოფელი, არასდროს უნახავს ცოცხალი ქათამი და ძროხა. ჩემი ეს იდეა ჯერ არავისთვის გამიზიარებია, შვილისთვისაც კი არ მითქვამს. თქვენ პირველები ხართ.

ახალი სასტუმრო ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის ფონზე. მარინა ფაჩულიას ორ სასტუმროში 40 ადამიანია დასაქმებული. ერთადერთი, რასაც მარინა თავისი ხელქვეითებისგან ითხოვს, შრომისმოყვარეობაა. განსაკუთრებით უნათდება სახე, როცა სიტყვა შვილიშვილებზე ჩამოვარდება. მარინა აღიარებს, რომ მთელი მისი სიმკაცრე წარსულს ჩაბარდა და ოთხ შვილიშვილთან ცდილობს იყოს რბილი და თბილი. მათზე უბრალოდ ვერც კი ბრაზდება. ყოველ ზაფხულს ბავშვები საქართველოში ატარებენ, რათა ენა არ დაივიწყონ და ქართული კულტურის ნაწილი იყვნენ. სახლში, როგორც მარინა ამბობს, ზაზა შვილებს სთხოვს მხოლოდ ქართულად ილაპარაკონ. ბავშვებს სამშობლო მისგან ათასობით კილომეტრის მოშორებითაც კი უნდა ახსოვდეთ. აშშ-ში ცხოვრებაზე მარინა ფაჩულია არ ფიქრობს, რადგან მიაჩნია, რომ სამშობლოში თვითრეალიზებულია. საუბრის ბოლოს ცნობილი ქართველი კალათბურთელის დედა რამდენიმე რჩევას აძლევს მშობლებს იმის თაობაზე, თუ როგორც აღზარდონ არა იმდენად ჩემპიონი, რამდენადაც კარგი ადამიანი, მეუღლე და მამა.

Марина Кодуа бизнесвумен - мама баскетболиста Зазы Пачулия
© Sputnik / Alex Shlamov
საყვარელი შვილის ფოტოსთან ერთად

— ქალბატონო მარინა, რა არის წარმატებული და, რაც მთავარია, ღირსეული ადამიანის აღზრდის საიდუმლო?

— ბავშვის აღზრდისას აუცილებელია ზომიერების დაცვა. არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ბავშვს სრული თავისუფლება უნდა მისცე. ასე გავზარდე ზაზა და ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგით. ზაზასთვის არასდროს მითქვამს – შვილო, სახლში ამოდი, კანფეტი გიყიდე-მეთქი. არა! ვეუბნებოდი: „ზაზა, სახლში ამოდი“, და ეს ნიშნავდა, რომ ის სახლში უნდა ამოსულიყო. ყველაფერი დოზირებული უნდა ყოფილიყო. ვცდილობდი კარგად აღზრდილი ბავშვი ყოფილიყო. უფროსებთან „თქვენობით“ ელაპარაკა, მათთვის ტრანსპორტში ადგილი დაეთმო. მე სიყვარულით გამზარდეს და შვილი მეც ასე, სიყვარულით გავზარდე.

მარინა ფაჩულია მოუთმენლად ელის ზაფხულს, როცა ამერიკიდან ეწვევიან შვილიშვილები: დათა, საბა, მარიამი და ნუცა. მანამდე კი ახალგაზრდა და ენერგიული ბებია ახალ გეგმებს აწყობს და ცდილობს, ყოველი წუთი გარე სამყაროს გაუმჯობესებას მოახმაროს. გასაკვირი არ არის, რომ ამას წინათ მარინა კოდუას სასტუმრო ZP Palace, რომელსაც სახელი შვილის პატივსაცემად შეურჩია (იგულისხმება ზაზას ინიციალები - Zaza Pachulia), საქართველოში ნომინაცია „წლის საუკეთესო სერვისის“ გამარჯვებული გახდა.

132