რთველი

რთველი 2019-ის მოლოდინში: იქნება ბევრი ყურძენი და ნაკლები ღვინო

262
(განახლებულია 14:54 16.08.2019)
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ღვინის მწარმოებლებს პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემებისა ეშინიათ.

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. „რთველი 2019-ის“ ორგანიზებულად ჩატარების მიზნით თელავში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა, სადაც უკვე მუშაობენ ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები. ისინი მზად არიან, კონსულტაცია გაუწიონ ფერმერებს, განუცხადა Sputnik საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ. 

შტაბის ძირითადი ფუნქცია — ეს ყურძნის ორგანიზებულად ჩაბარების უზრუნველყოფა და მისი აღრიცხვაა. ღვინის ნებისმიერ მწარმოებელს შეუძლია დარეგისტრირდეს შტაბში, მიუთითოს ყურძნის რაოდენობა და აგრეთვე სასურველი ფასი, რომელსაც პროდუქტში გადაიხდის. ამის შემდეგ უკვე ფერმერი მიმართავს შტაბს და მოძებნის კომპანიას, რომელიც მისთვის მისაღებ ფასად შეიძენს ყურძენს.

„რთველი უკვე მალე დაიწყება. საკოორდინაციო შტაბი სრულ მზადყოფნაშია და 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. წელს კახეთში 250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ველოდებით“, — განაცხადა მეხუზლამ.

თუმცა, რამდენად გაახარებს ფერმერებს მდიდარი მოსავალი — ეს კიდევ საკითხავია, რადგან, როგორც სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, წლეულს ყურძენზე დაბალი მოთხოვნაა მოსალოდნელი.

„ქვეყანაში პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, როცა ღვინის ექსპორტი შემცირდა ყველაზე დიდ ბაზარზე — რუსეთში, და ქართული ღვინის ექსპორტზე მოსალოდნელი სანქციების ფონზე, გაჩნდა მოლოდინი, რომ ღვინის მწარმოებლები ნაკლები რაოდენობის ყურძენს შეიძენენ“, — განმარტა მეხუზლამ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ღვინის მწარმოებლებს პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემებისა ეშინიათ. 

„დადებითი მომენტი ისაა, რომ ემბარგო მოლოდინად დარჩა. მაგრამ მოლოდინი დიდ როლს თამაშობს ბიზნესში. იმის გამო, რომ დარგი ესოდენ დიდი გამოწვევის წინაშე დადგა, კერძო კომპანიები სიფრთხილეს იჩენენ და ცდილობენ გათვალონ შესაძლო რისკები, სანამ ვითარება არ დასტაბილურდება“, — განაცხადა ლევან მეხუზლამ.

მოსალოდნელი სანქციების მოლოდინში

სააგენტოს მონაცემებით, მიუხედავად ყველა მოსალოდნელი სირთულისა, წელს სახელმწიფო ყურძნის მოსავლის სუბსიდირებას არ მოახდენს.

„ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ პირდაპირი სუბსიდირებისგან. ვფიქრობ, დარგის მდგრადი განვითარებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილებაა. იმიტომ რომ დარ გი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დადგეს რელსებზე, მას აქვს პოტენციალი, თავად იზრუნოს საკუთარ თავზე, სახელმწიფოს მცირე ჩარევით“, — აღნიშნა მეხუზლამ. 

2018 წელს რეკორდული რაოდენობის, 230 ათასი ტონა  ყურძენი გადამუშავდა, ხოლო ფერმერთა შემოსავლებმა 300 მლნ ლარს გადააჭარბა.

ამასთან, როგორც მეხუზლა აცხადებს, სააგენტო მზადაა, დაეხმაროს გლეხებს ყურძნის ჩაბარებისას წარმოქმნილი პრობლემების შემთხვევაში.

„ჩვენს გვაქვს გარკვეული გეგმები და მნიშვნელოვანი პრობლემების შემთხვევაში დამატებით რესურსებს გამოვიყენებთ, რათა მოსავალი სრულად ჩაბარდეს. თუმცა არა სუბსიდირების ხარჯზე“, — ამბობს სააგენტოს ხელმძღვანელი.

სუბსიდიები წელს არ იქნება

წელს ყურძნის შესასყიდ ფასს, ისევე როგორც შარშან, ბაზარი განსაზღვრავს. ანუ თავად ფერმერებსა და ღვინის კომპანიებს ფასზე შეთანხმება მოუხდებათ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის შვიდი თვის განმავლობაში საქართველოდან დაახლოებით 47,2 მლნ ბოთლი ღვინო გავიდა მსოფლიოს 47 ქვეყანაში. ეს 4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

იგივე სტატისტიკის თანახმად, მაისში საქართველოდან რუსეთში 4,5 მლნ ბოთლზე მეტი ღვინო გავიდა ექსპორტზე, ივნისში — 4,2 მლნ, ხოლო ივლისში ექსპორტი თითქმის 3,6 მლნ ბოთლამდე შემცირდა, რაც 27%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 114,2 მლნ დოლარს აჭარბებს, რაც 6%-ით მეტია გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით.

ყველაზე მეტი ღვინო საქართველოდან რუსეთში გადის. ლიდერ ქვეყანათა ხუთეულში ასევე შედიან: უკრაინა, ჩინეთი, პოლონეთი და ყაზახეთი.

ექსპორტირებული ღვინოებიდან ყველაზე პოპულარულია ქინძმარაული, მუკუზანი, წინანდალი, ახაშენი და ხვანჭკარა.

შვიდი თვის მონაცემებით, ღვინის ექსპორტი, სხვადასხვა მოცულობით, 243-მა კომპანიამ განახორციელა.

262
თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა (69)
ლაშა ბოსტაშვილი

ის, რაც უნდა იცოდეს ბიზნესმა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების შესახებ

147
(განახლებულია 17:26 03.07.2020)
ახალი კორონავირუსის პანდემიამ გამოწვევების წინაშე არა მხოლოდ ქართული ბიზნესი, არამედ ის სახელმწიფო უწყებაც დააყენა, რომლის ერთ-ერთი მიზანიც ქვეყანაში სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებაა.

იმაზე, რა ცვლილებები შევიდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბიზნესის მხარდასაჭერად შემუშავებულ პროგრამებში და რამდენად პასუხობენ ისინი არსებულ გამოწვევებს, „Sputnik-საქართველოსთან“ უწყების მეწარმეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლაშა ბოსტაშვილი საუბრობს.

- რა მნიშვნელოვანი კომპონენტები დაემატა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებს?

- ზოგადად, ყველა ჩვენი პროგრამა მიმართულია იქითკენ, რომ მეწარმეებისთვის გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, შესაბამისად, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამომდინარე, სააგენტომ ძალიან ბევრი პროგრამა განაახლა და დანერგა მნიშვნელოვანი კომპონენტები, რომლებმაც ფინანსებზე ხელმისაწვდომობა უნდა გაზარდონ. მაგალითად, ცვლილებები შევიდა იმ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმში, რომელიც ჯერ კიდევ გასულ წელს შეიქმნა და რომლის ბიუჯეტიც მაშინ 20 მილიონი ლარი იყო. ამ თანხით სახელმწიფოს მეწარმის მიერ აღებული ახალი სესხის 70%-ის უზრუნველყოფა უნდა მოეხდინა. თუმცა, 2019 წელს როგორც ბიზნესის მხრიდან, ასევე ბანკებიდან ინტერესი ფაქტობრივად ნულოვანი იყო. ახლა კი, როდესაც ქვეყანა კორონავირუსის პანდემიის შედეგად ახალი გამოწვევების წინაშე დგას, ამ პროდუქტით სარგებლობას საჭიროებენ ბიზნესიც და საფინანსო ინსტიტუტებიც. წელს ამ კომპონენტის ბიუჯეტი უკვე 300 მლნ ლარია, ხოლო ბანკებმა, თავის მხრივ, დაახლოებით 2,1 მლრდ ლარის მოცულობის საკრედიტო პორტფელი უნდა შეკრან. 13 კომერციულ ბანკთან უკვე გვაქვს ხელშეკრულება და პროგრამის იმპლემენტაციის პროცესიც უკვე დაწყებულია. აღსანიშნავია ისიც, რომ ამჯერად სახელმწიფო ახალი სესხის შემთხვევაში 90%-ის უზრუნველყოფას მოახდენს. გარდა ამისა, პროგრამას წელს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი დაემატა, რომელიც ძველი სესხის რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან 30%-იან გარანტიაში შესვლას გულისხმობს. უფრო გასაგები რომ იყოს, ნებისმიერი ბიზნესის წარმომადგენელს, რომელსაც აქვს სესხი, შეუძლია მიმართოს ბანკს მისი რესტრუქტურიზაციის მოთხოვნით, რის შემდეგაც „აწარმოე საქართველოში“ 50 ათასი ლარიდან 5 მლნ ლარამდე სესხის 30%-იან უზრუნველყოფას მოახდენს.

კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი სიახლე ის არის, რომ საგენტოს პროგრამებით სარგებლობა უკვე ვაჭრობის დარგის წარმომადგენლებსაც შეუძლიათ, კერძოდ, მათ შეუძლიათ 50 ათასი ლარიდან 5 მლნ ლარამდე მოცულობის სესხის აღება და მისი გამოყენება საოპერაციო ხარჯებისთვის. მაგალითად, კომუნალურების, ხელფასების, იჯარის გადასახდელად.  

- რამდენად დააინტერესებს ბიზნესს სააგენტოს განახლებული პროგრამები?

- 2014 წლიდან მოყოლებული 359 საწარმო არის დაფინანსებული და 153 სასტუმრო არის სუბსიდირებული სახელმწიფოს მიერ. 2019 წლის დეკემბერში სააგენტომ რიგი პროგრამების ოპტიმიზაცია მოახდინა, მაგალითად, თუ ადრე 24 თვით სესხის 10%-ის სუბსიდირება ხდებოდა, 2019 წლის დეკემბრიდან სახელმწიფოს კონტრიბუციამ 7 პროცენტამდე დაიწია. გარდა ამისა, შევწყვიტეთ ისეთი დარგების მხარდაჭერა, როგორიცაა სამშენებლო მასალების, ავეჯის და მინერალური წყლების წარმოება, რადგან ეს სექტორები უკვე ინერციით ვითარდებოდნენ და აღარ საჭიროებდნენ სახელმწიფოს მხრიდან იმხელა მხარდაჭერას, რომელსაც ახორციელებდა სააგენტო.

თუმცა, ახლა სხვა გამოწვევევების წინაშე დგას საქართველოს ეკონომიკა და ორმაგად არის გაზრდილი ბიზნესის მხრიდან ინტერესიც. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ დავაბრუნეთ ყველა დარგი, გარდა სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოებისა, რათა არ მომხდარიყო კვეთა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, რადგან მათაც აქვთ საკმაოდ მნიშვნელოვანი პროგრამები. გარდა ამისა, გავზარდეთ სესხის ლიმიტი 50 ათასიდან 10 მლნ ლარამდე. თანადაფინანსებების ვადა კი 24 თვიდან 36 თვემდე. ასევე გაიზარდა ჩვენი კონტრიბუციაც, რომელიც ადრე 7% იყო, ამჟამად კი 11.25%-ს შეადგენს (რეფინანსირების განაკვეთს პლუს 3 პროცენტი). კონკრეტული ქეისები მუშავდება ბანკებშიც და, როგორც კი შესაბამისი ინსტიტუტი მოახდენს ჩვენი პროგრამებით გათვალისწინებული სესხების დამტკიცებას, სააგენტოს არაფერი უშლის ხელს – ყოველთვიური კონტრიბუციის გადარიცხვა დაიწყოს. 

ნატა პატარაია

 

147
ვალენტინა მატვიენკო

მატვიენკო: პარლამენტის დიპლომატიის წარმატებას ადამიანური ურთიერთობები განსაზღვრავს

110
(განახლებულია 16:51 30.06.2020)
რატომ არ შეიძლება დემოკრატიის ერთიანი სტანდარტის თავს მოხვევა; ვისთან და როგორ თანამშრომლობენ რუსი კანონმდებლები; რთულია თუ არა მუშაობა COVID-19-ის შეზღუდვების პირობებში - ამის შესახებ რუსეთის ფედერალური საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკო საუბრობს

- რატომ გამოვიდა პარლამენტარიზმის საერთაშორისო დღის დაწესების ინიციატივით მაინცდამაინც რუსეთი? შეიძლება თუ არა ორი წლის შემდეგ იმის თქმა, რომ საერთაშორისო საპარლამენტო საზოგადოებრიობაში აღნიშნული ინიციატივა წარმატებით სარგებლობს?

- გაეროს კალენდარში ამ დღის შეტანის ინიციატივით რუსეთმა მოახდინა დემონსტრირება იმისა, რომ დარწმუნებულია საპარლამენტო დიპლომატიის შემოქმედებით პოტენციალსა და მაკონსოლიდირებელ ძალაში. პირადად მე სწორედ ასე ვფიქრობ. განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, ის, რაც ჩვენ, პარლამენტარებს გვაერთიანებს, გადაწონის იმას, რაც გვაშორებს. პარლამენტარები - არიან არა პროფესიონალი ჩინოვნიკები, არამედ ამომრჩევლების, ჩვეულებრივი ადამიანების წარმომადგენლები. ადამიანებს კი მსოფლიოში, როგორც წესი, ერთი რამ უნდათ - უსაფრთხო და ბედნიერი ცხოვრება თავისთვის და თავიანთი შვილებისთვის. სიმართლე გითხრათ, მაკვირვებს, რომ დღესასწაულის იდეა ადრე არავის მოსვლია აზრად. ეს ხომ თავისი არსით ყველაზე დემოკრატიული დღესასწაულია, ვინაიდან პარლამენტარიზმი - ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის ქვაკუთხედია.

რასაკვირველია, ორი წელი დიდი დრო არ არის. მაგრამ ამ დროის განმავლობაში საკმარისი რაოდენობის საერთაშორისო ღონისძიება თუ შეხვედრა გაიმართა საიმისოდ, რომ დავრწმუნებულიყავით: ინიციატივას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა პარლამენტებისა და პარლამენტარების, ასევე მთელი საერთაშორისო საზოგადოებრიობის მხრიდან.

- მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, ექსპერტთა წრეებში შეიძლება გაიგონოთ, რომ ტექნოლოგიების უსწრაფესი განვითარებისა და ცვლილებების ეპოქაში ყველა სფეროში შეინიშნება პარლამენტების, საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის როლის შემცირების ტენდენცია. ამდენად პარლამენტარიზმის საერთაშორისო დღეც - გუშინდელი დღის ზეიმია?

- ჩემი აზრით, ცხოვრება საპირისპიროს გვიჩვენებს. დიახ, სამყარო იცვლება, იცვლება მოთხოვნებიც მიღებული კანონების ხარისხისა და პარლამენტართა მუშაობის მიმართ, მაგრამ მათი როლის დაკნინება ნამდვილად არ ხდება. დარწმუნებული ვარ, არც მოხდება. პარლამენტის გარეშე შეუძლებელია მოქალაქეთა მონაწილეობა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღებაში, სახელმწიფოს საქმეთა მართვაში. თქვენ საუბრობთ ტექნოლოგიების განვითარებაზე, მაგრამ ამ განვითარებას ხომ მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როდესაც ის საზოგადოების, ადამიანების ინტერესებს ემსახურება. ამის მიღწევა კი ხელისუფლების გარეშე, რომელიც ადამიანების ინტერესებს წარმოადგენს, შეუძლებელია. ტექნოლოგიებმა კი არ უნდა ჩაანაცვლონ ან საერთოდ გააუქმონ ადამიანების უფლებები და შესაძლებლობები, არამედ მათთვის უნდა იმუშაონ. სწორედ ეს არის ფორმულა, რომელიც, ჩემი აზრით, პარლამენტარიზმის ინსტიტუტების მნიშვნელობის შენარჩუნების გარანტს წარმოადგენს. ასე რომ, პარლამენტარიზმის დღე - ნამდვილად არ არის გუშინდელი დღის დღესასწაული, პირიქით.

ჩემი ღრმა რწმენით, პარლამენტების როლი ნებისმიერი საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად მთელ მსოფლიოში მხოლოდ გაიზრდება. როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო საქმეებში. დღესაც ნათელია ტენდენცია პარლამენტების მაგალითზე, რომლებიც დსთ-ის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში, საპარლამენტთაშორისო კავშირში შედიან. ჩვენს მრავალპოლარულ მსოფლიოში ყველა საკითხი მხოლოდ მოლაპარაკების გზით უნდა მოგვარდეს, არ შეიძლება ვინმეს „ერთადერთი ჭეშმარიტი“ თვალთახედვით დომინირების დაშვება. და მხოლოდ საპარლამენტთაშორისო დიპლომატია, ტრადიციულ დიპლომატიასთან ერთად, შეძლებს ამ ბალანსის დაცვას.

ამასთან, პარლამენტის საქმიანობა არის არა ერთ ადგილზე გაყინული, ერთხელ და სამუდამოდ განსაზღვრული მოცემულობა. ის უნდა იყოს დროის გამოწვევების ადეკვატური. ჩვენ, რუსეთში, ამ წესს მივსდევთ. ამჟამად ტარდება კენჭისყრა საკონსტიტუციო ცვლილებებზე. ცვლილებები შეინარჩუნებს რუსეთს, როგორც სახელმწიფოს ძლიერი საპრეზიდენტო ხელისუფლებით, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ და თანამედროვე რეალიებს პასუხობს. ამასთან, განმტკიცდება ფედერაციის საბჭოს და სახელმწიფო დუმის უფლებამოსილებები. ასეთია დროის მოთხოვნა. ძლიერი პარლამენტი - ძლიერი დემოკრატია - ძლიერი ქვეყანა.

- კორონავირუსის ეპიდემია არ შეიძლებოდა, არ ასახულიყო სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტარების კავშირებზე, მათ ინტენსიურობაზე. მაგრამ რამდენად კრიტიკულია ეს, თქვენი აზრით, საერთაშორისო ურთერთობებისთვის? როგორ მიმდინარეობს დღეს ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმიანობა?

- ეპიდემიამ, რასაკვირველია, გავლენა იქონია, მაგრამ არა კრიტიკული. მუშაობა არცერთი მიმართულებით არ შეწყვეტილა, ზოგიერთი მიმართულებით განვითარდა კიდეც თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით. რა თქმა უნდა, რამდენიმეთვიანი იძულებითი თვითიზოლაციის შემდეგ ადამიანებთან პირადი ურთიერთობის მოთხოვნილება გიჩნდება. ცოცხალი კონტაქტი ურთიერთობის, მოლაპარაკების სრულიად სხვა ეფექტს იძლევა. ერთი შეხედვით, რა განსხვავებაა? ვიდეოკავშირითაც ისევე უყურებთ ერთმანეთს, ისევე ხედავთ ემოციებს, მაგრამ მაინც რაღაც არასაკმარისია, რაღაც წვრილმანები, რომლების გადაცემაც არანაირ ვიდეოკავშირს არ შეუძლია.

ცხოვრება აჩვენებს - ნებისმიერი სირთულის გადალახვა შეიძლება, მთავარია სურვილი. მით უფრო, რომ ბოლო წლებში ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობაში გადავდგით ნაბიჯები, რომლებმაც, ვფიქრობ, მის განვითარებას ახალი იმპულსი შესძინა.

შეგახსენებთ რუსეთის დელეგაციის მიერ ინიცირებულ ორ რეზოლუციას, რომლებიც ბოლო წლებში საპარლამენტთაშორისო საბჭომ მიიღო. ისინი ეხებოდა სუვერენული სახელმწიფოების საქმეებში ჩარევის და მათთვის ერთადერთი მისაღები, დემოკრატიის „კლასიკური“ მოდელის თავს მოხვევის დაუშვებლობას. ასეთი მოდელი არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს. ყველა ქვეყანას უფლება აქვს, თავისუფლად აირჩიოს დემოკრატიული წყობის ისეთი ფორმა, რომელიც მის ეროვნულ და ისტორიულ თავისებურებებს, თანამედროვე პოლიტიკურ რეალიებს შეესაბამება. სწორე ჩვენი ქვეყანა გახდა ორივე დოკუმენტის ავტორი, რომლებიც საერთაშორისო ურთიერთობებში ზეწოლისა და დიქტატის ნებისმიერ მცდელობას ეღობება წინ. პრინციპული პოზიცია დაიკავა კავშირის თავმჯდომარე გაბრიელა კუევას ბარონმა სანქციებთან დაკავშირებით, რომლებიც ცალკეულმა ქვეყნებმა პარლამენტარების მიმართ დააწესეს. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ სახალხო რჩეულების წინააღმდეგ სანქციები - არის სანქციები ხალხისა და დემოკრატიის წინააღმდეგ. მოხარული ვართ, რომ ეს ჩვენი შეხედულება გაიზიარა და მხარი დაუჭირა მსოფლიოს ყველაზე დიდი საპარლამენტო ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ.

თანამედროვე საერთაშორისო პარლამენტარიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა - კულტურული მრავალფეროვნების დიალოგის გზით განვითარებაა. ესაა კონფლიქტების, სანქციებისა და ომების ალტერნატივა. რუსეთმა წამოაყენა რელიგიათაშორისი და ეთნოსებს შორის დიალოგის მიზნით საყოველთაო კონფერენციის ჩატარების ინიციატივა მსოფლიოს რელიგიების ლიდერების, სახელმწიფოთა ხელმძღვანელების და პარლამენტარების მონაწილეობით. ამ წინადადებას დასკვნით დეკლარაციაში მხარი დაუჭირა საპარლამენტთაშორისო საბჭოს 137-ე ასამბლეამ, რომელიც 2017 წელს სანქტ-პეტერბურგში გაიმართა, შემდეგ კი გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაში მოხვდა. საყოველთაო კონფერენცია რუსეთში 2022 წლის 21 მაისს უნდა გაიმართოს. მისთვის მზადება უკვე დაწყებულია. ყველა ღონეს ვიხმართ, რათა ეს მნიშვნელოვანი მსოფლიო ფორუმი გახდეს არა მხოლოდ 2022 წლის პოლიტიკური დღის წესრიგის მოვლენა, არამედ დამადასტურებელი ღონისძიება რუსეთის სტატუსისა, როგორც უნიკალური მოედნისა, სადაც ხვდებიან, საუბრობენ, და თუ საჭიროა, თანხმდებიან კულტურები, ერები, რელიგიები და პოლიტიკური ძალები. 

ჩვენ მივაღწიეთ ყველა შეზღუდვის მოხსნას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ჩვენი დელეგაციის მიმართ. ეს იოლი არ იყო, მაგრამ ჩვენი მტკიცე პოზიციის წყალობით, რუსეთის დელეგაციის დისკრიმინაცია წარსულს ჩაბარდა. რთულია, ეს მოვლენა ზედმეტად გადააფასო. ამით ხომ ნათლად ვაჩვენეთ, რომ საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის სფეროში დისკრიმინაცია დაუშვებელია. მაგრამ საქმე არა მხოლოდ სამართლიანობის აღდგენას, პოლიტიკურ თამაშებზე სამართალისა და ჭეშმარიტი დემოკრატიის გამარჯვების აღნიშვნას ეხება. ჩვენ ეუთოს ფარგლებში კონსტრუქციული თანამშრომლობის იმედი გვაქვს და აქ არა საომრად ან ანგარიშსწორებისთვის, არამედ ევროპელების, დედამიწის ყველა ერის საკეთილდღეოდ მუშაობის მიზნით მოვედით.

განვაგრძობთ თანამშრომლობას ორმხრივი ფორმატით. ამას წინათ ვიდეოკონფერენციის მეშვეობით გავმართე მოლაპარაკება ჩემს კოლეგასთან, საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე ჟერარ ლარშესთან. ჩვენ ერთობლივი რუსულ-ფრანგული მოხსენება განვიხილეთ - „რუსეთი-საფრანგეთი: ნდობაზე დაფუძნებული დღის წესრიგისთვის“.

შეგახსენებთ, რომ ეს უკვე მეორე მოხსენებაა და ის ჩვენი თვალთახედვით არის პარლამენტების სერიოზული წვლილი რუსეთსა და საფრანგეთს შორის პოლიტიკური დიალოგის გაფართოებაში, ორმხრივი სამომავლო დღის წესრიგის ფორმირებაში, რადგან მოხსენება - არის შემდგომი მოქმედების ერთგვარი „საგზაო რუკა“, რომელიც თანამშრომლობის სრულიად განსხვავებულ სფეროებს მოიცავს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც პარლამენტები წინ უსწრებენ სხვა პოლიტიკურ კონტაქტებს და სამომავლოდ ტონს იძლევიან.

ვფიქრობ, დღეს უკვე შეიძლება ჩვენი ქვეყნების პარლამენტარების მხრიდან საერთაშორისო ურთიერთობების ახლებური სტილის ფორმირებისკენ საერთო სწრაფვაზე საუბარი. სწორედ ამ ჭრილში უნდა განიხილებოდეს რუსი სენატორების წინადადება, შეიქმნას საპარლამენტო დონეზე საერთაშორისო მოლაპარაკების მოედანი, რათა შევინარჩუნოთ საერთაშორისო მოლაპარაკებების ბაზა შეიარაღების შესამცირებლად.

მსგავსი ერთობლივი მოხსენებების მომზადება, ჩემი აზრით, პარლამენტართა თანამშრომლობის ძალიან ეფექტური ფორმაა. ჩვენ მას ვიყენებთ სხვა ქვეყნების პარლამენტებთან თანამშრომლობის დროსაც. მაგალითად, ფედერაციის საბჭოსა და იტალიის რესპუბლიკის სენატის პროფილური კომიტეტები მუშაობენ მოხსენებაზე, რომელიც რუსეთის ფედერაციისა და იტალიის მომავალ ურთიერთობებს ეხება. მისი პრეზენტაცია უკვე მიმდინარე წელს შეიძლება შედგეს.

რუსეთში დსთ-ს ქვეყნებს სტრატეგიულ პარტნიორებად მივიჩნევთ. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი მარტის დასაწყისში ბელარუსში ვიზიტისას. ბელარუსისა და რუსეთის რეგიონების VII ფორუმისთვის მზადება, რომელიც ნაციზმზე დიდი გამარჯვების ისტორიულ მემკვიდრეობას ეძღვნება, გრძელდება. 16 ივნისს საორგანიზაციო კომიტეტის სხდომაზე ფორუმის ჩატარების თარიღი განისაზღვრა.

ბევრ სენატორს პირდაპირი კონტაქტი აქვს დამყარებული უცხოელ კოლეგებთან. ისინი ხშირად უკავშირდებიან ერთმანეთს და მსჯელობენ. მიმაჩნია, რომ სწორედ ეს ადამიანური ურთიერთობები უდევს საფუძვლად საპარლამენტო დიპლომატიას და განსაზღვრავს მათ წარმატებას.

110
თემები:
რუსეთი დღეს
მოძრაობა გვირაბში

გორისა და ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში მოძრაობა შეიზღუდება

0
(განახლებულია 18:57 05.07.2020)
საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. გორისა და ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მიმდინარე წლის 7 ივლისის 08:00 საათიდან 8 ივლისის 14:00 საათამდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 8 ივლისის 14:00 საათიდან 9 ივლისის 20:00 საათამდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

უწყების ცნობით, საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

„საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე მდებარე ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2020 წლის 7 ივლისის 08:00 სთ-დან 9 ივლისის 20:00 სთ-მდე გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე, ხოლო 14 ივლისის 08:00 სთ-დან 16 ივლისის 20:00 სთ-მდე გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ქობულეთი-ბათუმის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე. ხოლო ბათუმი-ქობულეთის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში - გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე.

აღნიშნული რეჟიმებით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

0
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში